კვირა, 17.12.2017, 03:19
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • Job for seaman from Turkish shipowners (0)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (6)
  • დასაქმების პრობლემა (8)
  • ვაკანსიები (23)
  • იცინოდა ბევრი :) (0)
  • ვეძებ სამუშაოს... (12)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (9)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (10)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (36)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » ალექსანდრე ალექსანდრიელი - სიტყვა სულის, სხეულისა და უფლის ვნების შესახებ
    17:54
    ალექსანდრე ალექსანდრიელი - სიტყვა სულის, სხეულისა და უფლის ვნების შესახებ
    სიტყვას, რომელიც ზეციდან ნებაყოფლობით მოივლინა, შეუძლია მორწყოს ჩვენი გულები, თუკი ჩვენც ჩვენი ძალით განვემზადებით არა მხოლოდ ლაპარაკისათვის, არამედ მოსმენისათვისაც, რადგან, როგორც წვიმა მიწის გარეშე ნაყოფს ვერ გამოიღებს და ვერც მიწა წვიმის გარეშე, ასევე ვერც სიტყვა მოიტანს ნაყოფს სმენის გარეშე და ვერც მარტოდენ სმენა - სიტყვის გარეშე. სიტყვა მაშინ ხდება ნაყოფის მომტანი, როცა მას გავცემთ. მსგავსადვე მოგვცემს შედეგს სმენა, როცა შევისმენთ.

    მაშასადამე, როცა სიტყვა თავის ძალას გასცემს, თქვენ კი ნებაყოფლობით ყურს მიაპყრობთ, და როცა სმენად მოხვალთ, განიწმინდებით ყოველგვარი შურისა და ყველგვარი ურწუნოებისაგან. უქვენაესი საქმენია შური და ურწმუნოება. თითოეული მათგანი ეწინააღმდეგება სამართლიანობას. შური ეწინააღმდეგება სიყვარულს, ურწმუნოება კი - რწმენას, ისე როგორც მწარე ეწინააღმდეგება ტკბილს, ნათელს - ბნელი, კეთილს - ბოროტი, სიცოცხლეს - სიკვდილი, ჭეშმარიტებას - სიცრუე. ამიტომ, რომლებიც კი სათნოებისადმი დაპირისპირებული უკეთურებით არიან აღსავსენი, როგორღაც მკვდარნი არიან. რაც შეეხება ცილისმწამებლებსა და ურწმუნოებს, მათ სიყვარული სძულთ, ხოლო ყოველივე ამის მოქმედი ღვთის მტერი ხდება.

    საყვარელნო ძმანო, აწ სცანით, რომ ცილისმწამებელი და ურწმუნო ადამიანები მტრები არიან სამართლიანობისა. უეჭველად თავი უნდა დავიცვათ მათგან. უერთგულეთ რწმენას და სიყვარულს, რადგან მათი ძალით აღწევდნენ ცხონებას ყველა ისინი, რომლებიც სამყაროს შექმნიდან დღემდე წმინდანნი გახდნენ, სიყვარულის ნაყოფი კი არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმითაც გამოაჩინეს, ე.ი. ღვთისადმი კეთილმსახური მორჩილებით, რადგანაც თავად უფალმა თავისი სიყვარული არა მარტო სიტყვებით გვიჩვენა, არამედ საქმითაც, რამეთუ საკუთარი თავი ჩვენი ცხონებისათვის გამოსასყიდად მისცა. სხვაგვარად, ჩვენ არამარტო სიტყვით შევიქმენით, რა სახითაც დანარჩენი ქვეყანა შეიქმნა, არამედ, ერთდროულად საქმითაც. ღმერთმა ერთი სიტყვის ძალით შექმნა სამყარო არსებობისათვის, ჩვენ კი, მსგავსადვე, საქმის მოქმედებითაც მოგვავლინა, რადგან საკმარისი არ იყო მისთვის ოდენ თქმა ”ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა” (შესაქ. 2,9), არამედ მყისვე საქმენიც მოედევნა სიტყვას, აიღო რა მიწისგან მტვერი და მისგან შექმნა ადამიანი თანამსგავსად მისი ხატისა და მსგავსებისა და შთაჰბერა მას სული სიცოცხლისა, რომ გამხდარიყო ადამი სულად[1] ცხოველად[2].

    მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანი თავისი ცდომილების გამო სიკვდილისაკენ მიიქცა, საჭირო იყო, რომ ის ხატება[3] ცხონებისათვის აღდგენილიყო მისივე შემოქმედების მიერ. ადამიანის ხატება ხრწნად მიწაში იყო მდებარე, თუმცა ის სუნთქვა, რაც სიცოცხლის სულის სახით არსებობდა, სხეულისაგან განშორებული შეპყრობილ იქნა წყვდიად ადგილას, რაც ჯოჯოხეთად იწოდება. რადგან მოხდა სულის გაყრა სხეულისაგან, სული ექსორია იქმნა ჯოჯოხეთში, სხეული კი მიწად მიიქცა და იყო დიდი უფსკრული ერთმანეთთან შეხვედრისათვის. შორდება რა სული ხორცს, სხეული იხრწნება, ხოლო შეიბორკება რა სული, მისი მოქმედება მინავლდება. როგორც ბორკილებდადებული მეფის ქალაქი ნადგურდება ან დატყვევებული წინამძღოლის ჯარი იფანტება, ან მოკლული მესაჭის გემი იძირება, ამგვარადვე ემართება ბორკილებისაგან[4] დატყვევებულ სულს. მისი სხეული ნადგურდება, როგორც ქალაქი მეფის გარეშე, მისი ნაწილები იშლება, როგორც ჯარში ხდება, როცა წინამძღოლი დაიჭრება და მოკვდება. ასე ემართება გემსაც, როცა მესაჭე მოაკლდება მას.

    სული ადამიანს მართავდა სანამ სხეული ცოცხლობდა, როგორც მეფე მართავს ქალაქს, წინამძღოლი ჯარს ან მესაჭე ხომალდს, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ემართა იგი მას შემდეგ, რაც თავადაც შეუძრავად შეკრულ იქნა და ცთომილებაში ჩაეფლო. იმის გამო, რომ სწორ გზას გადაუხვია, განსაცდელი ეწია მას; მიეცა იგი სიძვას, კერპთმსახურებას და სისხლიან მსხვერპლშეწირვას. ამგვარი ბოროტმსახურებით თავისი კაცება დაამხო, ხოლო, როცა ჯოჯოხეთში ჩავიდა, იქ საშინელი განსაცდელისაგან იქნა შეპყრობილი. სხვაგვარად, როგორც მეფე აღადგენს დაცემულ ქვეყანას, წინამძღოლი შემოკრებს გაბნეულ ლაშქარს, მეზღვაური შეაკეთებს დამსხვრეულ ხომალდს, სულიც კიდევ შეეწევა თავის სხეულს, ვიდრე სხეული მიწად მიიქცეოდეს, სანამ თვით იგი შეიბორკება, მაგრამ სული არა ნივთიერი რამ საკვრელით, არამედ ცოდვათაგან შეიბორკა და ამის გამო სამოქმედოდ დაუძლურდა. მაშინ მან თავისი სხეული მიწაში დატოვა და ჩავიდა რა ჯოჯოხეთში, ყველასაგან შეურაცხქმნილი, სიკვდილის სამფლობელოში შევიდა.

    გამოვიდა კაცი ამ ქვეყანაში, რომელიც იყო ჭურჭელი უსამართლობისა, სიძვისა, მრუშობისა და სისხლიან მსხვერპლთა, სადაც წარწყმედა სუფევს, რადგან ყველანი მის მოსაკლავად შეთანხმდებიან და ამრიგად, ძლივს შემოსულან უჩინოჰყოფენ. ამდენად, ადამიანი მოაკლდა ყოველგვარ ნუგეშს, შემწეობასა და სიმშვიდეს. სად შეიძლებოდა ადამიანს ეცხოვრა კარგად? ნუთუ დედის საშოში? მაგრამ იქ ჩაკეტილი მცირედით თუ სხვაობდა მკვდრისაგან. ნუთუ მაშინ, როცა დედის რძით იკვებებოდა? მაგრამ არც მაშინ უგრძვნია რაიმე სიხარული. ნუთუ უფრო მაშინ, როდესაც სიჭაბუკეში იყო? მაგრამ მაშინაც განსაცდელები მოიწეოდნენ მასზე ახალგაზრდული სურვილებისაგან. ნუთუ როდესაც მოხუცებულობაში იყო? მაგრამ მაშინ ხომ გლოვას იწყებს ადამიანი სიბერითა და სიკვდილის მოლოდინით გულშეკუმშული, რადგან სხვა რა არის სიბერე, თუ არა სიკვდილის მოლოდინი? ჭეშმარიტად, ყველანი, რომლებიც ამ ცხოვრებაში იშვნენ, სიკვდილს ექვემდებარებიან, ახალგაზრდებიც და მოხუცებულებიც, ბავშვობის და გაფურჩქვნის ხანაში მყოფნიც. სიკვდილის მიერ ხომ არანაირი სხეულებრივი ასაკი არ განირჩევა. ამდენად, რის გამო იტანჯება ადამიანი მწუხარების მიერ? სინამდვილეში სიკვდილის ჭვრეტას მწუხარება მოაქვს, რადგან მკვდარ ადამიანში შეცვლილ პირისახეს ვხედავთ, ჩამქრალ მშვენიერებას, გამხდარ სხეულს, მდუმარე პირს, ცივ კანს, დახუჭულ თვალებს, უმოძრაო ნაწილებს, მიწაზე მწოლარე გვამს, გახრწნილ ხორცს, გაყინულ სისხლძარღვებს, გათეთრებულ ძვლებს, დაშლილ სახსრებს, ყველაფერს ერთად მიწად მიქცეულს, რადგან ადამიანი უკვე აღარ არსებობს. მაშასადამე, ვინ არის ადამიანი? ყვავილი ხანმოკლე, ვამბობ, დედობრივ წიაღში გამოჩენილი, ახალგაზრდობაში აყვავებული, მოხუცებულობაში ჩამქრალი და სიკვდილისაკენ მიქცეული. ყოველივე იმის შემდეგ, რაც ადამიანი სიკვდილს დაემორჩილა და ხრწნილებას მიეცა, მოიხილა ღმერთმა თავისი ქმნილება, რომელიც თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ისე გააკეთა, რომ ყოველმხრივ სიკვდილის სათამაშო არ გამხდარიყო ის. ამისთვის ღმერთმა ზეციდან მოავლინა თავისი მხოლოდშობილი, უსხეულო ძე, რათა ქალწულის წიაღში ხორცი შეესხა და ამგვარად ის, ზუსტად ისევე, როგორც შენ, გახდა ადამიანი, რათა აცხოვნოს ყველა წარწყმედული და ყველა გაბნეული ნაწილი თავისთან შეკრიბოს. რადგან ქრისტემ შეუერთა ადამიანი თავის პირს და შეაკავშირა ის, რაც სიკვდილმა განაშორა სხეულისაგან განყოფით. ივნო ქრისტემ, რათა ვცხონდეთ ჩვენ საუკუნოდ. რადგან, სხვაგვარად რის გამო უნდა მომკვდარიყო ქრისტე, ნუთუ რაიმე სიკვდილის ღირსი ქმნა? რის გამო შეისხა ხორცი დიდებით შემოსილმა? მას შემდეგ, რაც ღმერთი იყო, რატომ გახდა ადამიანი? და როდესაც თვით ზეცაში მეუფებს, რისთვის ჩამოვიდა დედამიწაზე და ქალწულის საშოში ხორცი რისთვის შეისხა? რადგან, გევედრები, სხვა რა იძულება აწვევდა ღმერთს, რომ დედამიწაზე ჩამოსულიყო და ხორცი მიეღო, ბაგაში სახვევებით შეხვეულიყო, დედის რძით გამოკვებილიყო, მონის მიერ მონათლულიყო, ჯვარზე ამაღლებულიყო? რა აუცილებლობამ აიძულა იგი? საკმარისად ცხადია, რომ უფალი ადამიანის გამო ითმენდა ყვედრებას, რათა სიკვდილისაგან გაეთავისუფლებინა ის, როგორც წინასწარმეტყველის პირით ამოიძახა და თქვა: ”დავითმინე, როგორც მშობიარემ” (სიბრძნე ზირაქისა 48,19). ჭეშმარიტად ჯვარზე გაკრულმა ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, უპატიობა, თვით სიკვდილი და დაფლვა, რადგან ასე ამბობს თავად წინასწარმეტყველის პირით: ”განმაგდე მე სიღრმეებში” (იონა 2,4). ვინ განაგდო იგი, ან ვინ უარყო? აშკარაა, რომ არაკეთილმორწმუნე ხალხმა. იხილეთ ადამიანებო, იხილეთ როგორი საზღაური მიაგო მას ისრაელმა, მიაგო ის, რომ თავისი კეთილისმყოფელი მოაკვდინა. სიკეთის ნაცვლად - ბოროტება, სიხარულის ნაცვლად - მწუხარება, ცხოვრების ნაცვლად - სიკვდილი. ჯვარზე გააკრეს და მოკლეს ის, ვინც მათი მკვდრები აღადგინა, ვინც კოჭლები განკურნა, კეთროვანნი განწმინდა, ბრმებს მხედველობა მიანიჭა. უმზირეთ ადამიანებო, იხილეთ ყოველმა ერმა ახალი საკვირველება, ჯვარზე დაჰკიდეს ის, ვინც დედამიწა განავრცო, ლურსმნებით მიაკრეს ის, ვინც სამყაროს საფუძველი დაამყარა, ის იპყრეს, ვისაც უპყრია ცა, შეკრეს იგი, ვინც გამოიხსნა ცოდვილნი, ძმარი შეასვეს სამართლიანობის სასმელის მომნიჭებელს, ნაღველი მიპყრეს ცხოვრების საზრდოს მომრთმეველს, შემსჭვალეს მისი ხელები და ფეხები, ვინც მათი ხელები და ფეხები განკურნა. განიზრახეს, ძალით დაეხუჭათ მისი თვალები, ვინც მხედველობა მისცა მათ. საფლავს მისცეს იგი, ვინც მკვდარნი აღადგინა თავის ვნებამდეც და ვარზე გაკრულმაც, რადგანაც, როცა უფალი ჯვარზე ევნო, [დაეფლო და აღდგა], საფლავები გაირღვა, ჯოჯოხეთი განეღო, სულნი ზეამოვიდნენ, მკვდრები ცხოვრებაში შევიდნენ და მრავალი მათგანი იხილეს იერუსალიმში. ეს ყველაფერი ჯვრის საიდუმლომ აღასრულა. რომელ ჟამსაც ჩვენმა უფალმა სიკვდილი დათრგუნა, მტრობა დახსნა, ძლიერნი შეკრა და ჯვრისმიერი ძლევის ნიში [5] აღმართა. სხეულით ჯვარზე ეკიდა, რათა ამაღლებული გამოჩენილიყო, ხოლო სიკვდილი მისი ხორცის ფეხით[6] გათელილ იქნა. მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა. მთელი ქმნილება შეიძრა, როცა საკვირველი საიდუმლო და საშინელი სახილველი ქვეყნისათვის განცხადდა, მთელი ხალხი კი საიდუმლოს უმეცრებით ქრისტეს წინ მიმორბოდა და დასცინოდა, თუმცა მიწა ირყეოდა და მთები ზანზარებდნენ, ხეობები, ზღვა და ღვთის მიერ ქმნილნი ყოველნი - ამ მშფოთვარებით აღგზნებულიყო. ზეცის მნათობნი შეძრწუნდნენ, მზე განერიდა, მთვარე გაუჩინარდა, თავიანთ სინათლეს მოაკლდნენ ვარსკვლავნი, დღე დაცხრა, შეძრწუნებულმა ანგელოზმა დატოვა ტაძარი, რაჟამს კრეტსაბმელი გაიპო. სიბნელემ მოიცვა ქვეყანა, როცა უფალმა თვალები დახუჭა. ამავდროულად ჯოჯოხეთი სინათლით გაბრწყინდა, როცა იქ ვარსკვლავი[7] ჩავიდა. ჯოჯოხეთში უფალი არათუ სხეულით, არამედ სულით ჩავიდა. იგი მოქმედებს, ცხადია, ყველგან. რადგანაც, რაჟამს მკვდრები სხეულით აღადგინა,[8] სულით კი სულები გაათავისუფლა. ჯვარზე ეკიდა რა ჩვენი უფლის სხეული, ამიტომ საფლავები, როგორც ვთქვით, განიხსნა, ჯოჯოხეთი განეღო, მკვდრებმა ცხოვრება მიიღეს. სულები ქვეყნად გამოჩნდნენ, რადგანაც უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი, სიკვდილი დათრგუნა, მტრობა განაქარვა, ამის გამო სულები ჯოჯოხეთიდან გამოვიდნენ და მკვდრები ქვეყანაზე გამოჩნდნენ. შეხედეთ, თუ რამდენად დიდი რამ ქმნა ქრისტეს სიკვდილის ძალამ.

    ამის შემდეგ არც ქმნილება მიიღებს უჩინოქმნას მშვიდად, ვერც სტიქიებმა დაითმინეს მისი ვნება უდრტვინველად, ვერც მიწამ იუფლა მისი სხეული და ვერც ჯოჯოხეთმა მისი სული. ქრისტეს ვნებით ყოველივე შეძრწუნებულ და შერყეულ იქნა. უფალმა, როგორც უწინ ღაღადყო ლაზარესათვის, ასევე თქვენდამი ხმა-ყო: გამოდით თქვენი საფლავებისაგან, მკვდარნო, და თქვენი კუბოებისაგან, რადგან მე, ქრისტე, გაზიარებთ თქვენ აღდგომას. მიწამ მაშინ მეტად ვეღარ შეძლო ჩვენი უფლის დაფლული სხეულის პყრობა. მოწყალე იქმენ ჩემო უფალო, შემეწიე ჩემს უსამართლობაში, მიხსენ მე რისხვისაგან, გამათავისუფლე წყევისაგან, რადგან სისხლი მართალი მიღებულია, კვლავაც ადამიანური სხეული შეურაცხვყავ და თვით შენი სხეულიც. რა არის ეს საკვირველი საიდუმლო, სხვა რის გამო მოხვედი, უფალო, ქვეყანაზე, თუ არა მთელს ქვეყნიერებაზე განთესილი ადამიანისათვის, მას შემდეგ, რაც სრულიად განითესა შენი მშვენიერი ხატი, რამეთუ თუკი შენ მცირე რამ ხმით უბრძანებდი, მაშინვე ყველა სხეული შენს წინაშე წარმოდგებოდა. ან კი, როცა ქვეყანაზე მოხვედი და შენი ქმნილების ნაწილები აღადგინე, შენი ადამიანი შეიწყნარე, დაცემული უკუმიიღე, შენი ხატი და ადამი მიიღე. უფალი მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. მანვე შეაცნობინა ადამიანს წმინდა სამება. მაშინ ყოველი ერი და ადამიანთა მოდგმა გამოხსნილ იქნა ქრისტეს მიერ. ერთი განსჯილ იქნა და მის მიერ ურიცხვნი განთავისუფლდნენ. უფალი ადამიანის მსგავსი გახდა,[9] რომელიც აცხოვნა და თანა აღიყვანა ცის სიმაღლეზე, რათა მამას შესწიროს არა ოქრო, არც ვერცხლი, არც პატიოსანი ქვები, არამედ ადამიანი, რომელიც მან თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ხოლო მამამ ქრისტე თავის მარჯვენით აღამაღლა და დააბრძანა მაღალ ტახტზე. ჰყო ის მსაჯულად ხალხთა და ანგელოზთა ლაშქრის წინამძღოლად, ქერუბიმების მეეტლედ, ძედ ჭეშმარიტი იერუსალიმისა, სიძედ ქალწულისა და მეუფედ ყოველთა, საუკუნიდან და უკუნისამდე. ამინ!
    კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 350 | დაამატა: SEAMAN | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2017
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz