ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:41
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მესამე წიგნი
    18:21
    ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მესამე წიგნი
    წიგნი III


    საეკლესიო ისტორიის მესამე წიგნი შეიცავს შემდეგს:



    I. დედამიწის რომელ მხარეებში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა.

    II. ვინ იყო რომაელთა ეკლესიის პირველი წინამდგომელი.

    III. მოციქულთა ეპისტოლეების შესახებ.

    IV. მოციქულთა პირველი მონაცვლეების შესახებ.

    V. ქრისტეს შემდეგ იუდეველთა უკანასკნელი ალყის შესახებ.

    VI. მათი შემავიწროებელი შიმშილობის შესახებ.

    VII. ქრისტეს წინასწარმეტყველებების შესახებ.

    VIII. ომის წინა ნიშნების შესახებ.

    IX. იოსების შესახებ და მის მიერ დატოვებული თხზულებების შესახებ.

    X. როგორ მოიხსენიებს [იგი] წმინდა წიგნებს.

    XI. როგორ წინამძღვრობდა იერუსალიმში ეკლესიას იაკობის შემდეგ სვიმონი.

    XII. როგორ ბრძანა ვესპასიანემ დავითის შთამომავლების მოძებნა.

    XIII. როგორ წინამძღვრობდა ალექსანდრიელებს რიგით მეორე აბილიუსი.

    XIV. როგორ გახდა რომაელთა მეორე ეპისკოპოსი ანენკლეტუსი.

    XV. როგორ გახდა მის შემდეგ რიგით მესამე კლიმენტი.

    XVI. კლიმენტის ეპისტოლის შესახებ.

    XVII. დომიციანეს დროინდელი დევნულების შესახებ.

    XVIII. იოანეს ეპისტოლისა და "გამოცხადების" შესახებ.

    XIX. როგორ ბრძანა დომიციანემ დავითის მოდგმის განადგურება.

    XX. ჩვენი მაცხოვრის გვარის ჩამომავალთა შესახებ.

    XXI. როგორ წინამძღვრობდა ალექსანდრიის ეკლესიას რიგით მესამე კერდონი.

    XXII. როგორ წინამძღვრობდა ანტიოქელებს რიგით მეორე ეგნატე.

    XXIII. ამბავი იოანე მოციქულის შესახებ.

    XXIV. სახარებათა რიგობითობის შესახებ.

    XXV. საღვთო წერილებად აღიარებულთა შესახებ და მათ შესახებ, რომლებიც არ არიან ასეთები.

    XXVI. მენანდრე მოგვის შესახებ.

    XXVII. ებიონელთა მწვალებლობის შესახებ.

    XXVIII. მწვალებლობის მოთავის კერინთეს შესახებ.

    XXIX. ნიკოლოზის შესახებ და მათ შესახებ, რომლებმაც მისგან მიიღეს სახელწოდება.

    XXX. ქორწინებაში გამოცდილ მოციქულთა შესახებ.

    XXXI. იოანეს და ფილიპეს აღსასრულის შესახებ.

    XXXII. როგორ ეწამა იერუსალიმის ეპისკოპოსი სვიმონი.

    XXXIII. როგორ აკრძალა ტრაიანემ ქრისტიანთა ძებნა.

    XXXIV. როგორ წინამძღვრობდა რომაელთა ეკლესიას რიგით მეოთხე ევარესტუსი.

    XXXV. როგორ წინამძღვრობდა იერუსალიმში ეკლესიას რიგით მესამე იუსტუსი.

    XXXVI. ეგნატესა და მისი ეპისტოლეების შესახებ.

    XXXVII. იმ დროს სახელგანთქმული მოციქულების შესახებ.

    XXXVIII. კლიმენტის ეპისტოლესა და მასზე მცდარად მიკუთვნებულთა შესახებ.

    XXXIX. პაპიასის თხზულებათა შესახებ.


    I

    ასეთი იყო იუდეველთა მდგომარეობა; მაგრამ როდესაც ჩვენი მაცხოვრის წმინდა მოციქულები და მოწაფეები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, როგორც გადმოცემა გვამცნობს თომას წილად ხვდა პართია, ანდრიას კი - სკვითია, იოანეს - ასია, სადაც გაატარა მთელი ცხოვრება და აღესრულა ეფესოში, პეტრემ კი, სავარაუდოდ, უქადაგა გაფანტულებაში მყოფ იუდეველებს პონტოსა და გალატიაში, კაბადოკიის ბითვინიასა და ასიაში; ბოლოს კი ჩავიდა რომში, სადაც თავდაყირა ჯვარს აცვეს, რადგან ითხოვა ამ სახით ვნების ღირსი გამხდარიყო. რა უნდა ითქვას პავლეს შესახებ, რომელმაც აღასრულა ქრისტეს სახარება იერუსალიმიდან ილირიკიამდე და ბოლოს, ნერონის დროს რომში ეწამა? ამას სიტყვასიტყვით გადმოსცემს ორიგენე[1] "შესაქმის" განმარტების მესამე ტომში.


    II

    პავლესა და პეტრეს მოწამეობის შემდეგ, რომაელთა ეკლესიის ეპისკოპოსობა წილად ერგო პირველად ლინუსს[2]. მის სახელს ახსენებს პავლე რომიდან ტიმოთესადმი მოწერილი ეპისტოლის დასასრულს.


    III

    აღიარებული არის პეტრეს ერთი ეპისტოლე, რომელსაც ეწოდება მისი პირველი ეპისტოლე. მას როგორც უეჭველს ძველი პრესვიტერებიც იყენებენ თავიანთ ნაწერებში; ეგრეთ წოდებული მეორე ეპისტოლე კი არ არის კანონიკურად მიღებული, თუმცა მრავალი სასარგებლოდ მიიჩნევს და სხვა წერილებთან ერთად ისწავლება. რაც შეეხება იმას, რომ მას მიეწერება "საქმეები", მის სახელს უკავშირდება სახარება, ქადაგებები და ე. წ. "გამოცხადება", მათ საერთოდ არ ვიცნობთ კათოლიკე გადმოცემაში, რადგან მათგან არც ძველთაგან ვინმე, არც ჩვენი დროის რომელიმე საეკლესიო მწერალი მოიხმობს მოწმობებს. თხრობის მსვლელობისას მიზანშეწონილად ჩავთვალეთ სხვადასხვა დროის საეკლესიო მწერალთა მონაცვლეობასთან ერთად მოგვეხსენებია ისიც, თუ რომელ საეჭვო წიგნს იყენებდნენ, რას წერდნენ კანონიკური და აღიარებული წერილების შესახებ, და რას ამბობდნენ ისინი მათ შესახებ, რომლებიც ასეთი არ იყო. ზემოთ ვახსენეთ პეტრეს სახელის მქონე წიგნები, რომელთაგან ვიცი მხოლოდ ერთი ნამდვილი ეპისტოლე ძველ ხუცესთაგან აღიარებული; თოთხმეტი ეპისტოლის პავლესეული ავტორობა კი ცხადი და აშკარაა; უსამართლობაა იმის უცოდინრობა, რომ ზოგიერთები ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს საეჭვოდ მიიჩნევენ, ამბობენ, რომ რომაელთა ეკლესიამ იგი უარყო როგორც არა პავლეს მიერ დაწერილი; მის შესახებ ჩვენამდე ნათქვამს თავის დროზე გადმოვცემთ. არც მის ე. წ. "საქმეები" შემირაცხავს უეჭველთა შორის. მაგრამ რადგან იგივე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლის დასასრულს სახელებს შორის ახსენებს სხვებთან ერთად ჰერმესსაც, ვისაც, როგორც ამბობენ, ეკუთვნის წიგნი "მწყემსი",[3] უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთებისთვის ისიც საეჭვოა, და მათ გამო არ უნდა შეირაცხოს აღიარებულთა შორის. სხვებმა კი ასე განსაჯეს, რომ ის არის ყველაზე აუცილებელი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სჭირდება საფუძვლებში განსწავლა. ამიტომ, როგორც ვიცით, ეკლესიებში უკვე იკითხება საჯაროდ, და ვნახე, რომ უძველეს მწერალთაგან ზოგიერთი იყენებდა მას. ეს ითქვა იმისათვის, რომ დაგვედგინა საღვთო წერილები როგორც უეჭველი, ასევე ყველასაგან არაღიარებული.


    IV

    ის, რომ წარმართებისათვის მქადაგებელმა პავლემ იერუსალიმიდან ილირიკიამდე მრგვლივმოვლით ეკლესიებს ჩაუყარა საძირკველი, ცხადი უნდა იყოს, როგორც მისი სიტყვებიდან, ასევე იმ სიტყვებიდან, რაც ლუკამ მოგვითხრო "საქმეებში"; ასევე პეტრეს ეპისტოლიდანაც, რომელზეც ვთქვით, რომ მისი აღიარებული ნაწერია და რომელსაც პონტოსა და გალატიაში, კაბადოკიაში, ასიასა და ბითვინიაში გაფანტულ ებრაელებს სწერს, ცხადი არის ის, რომ მან ესოდენ მრავალრიცხოვან პროვინციებში წინადაცვეთილებს ახარა ქრისტე და მათ გადასცა ახალი აღთქმის სიტყვები. ადვილი არ არის იმის თქმა, თუ მათგან რამდენი და ვინ გახდა ნამდვილი მოშურნე და დაამტკიცა, რომ შეეძლო დაემწყსა მათ მიერ დაარსებული ეკლესიები, გარდა იმ ჩამონათვალისა, რომელსაც პავლე აკეთებს. რადგან მათგან ათასობით პირი გახდა მისი თანაშემწე და, როგორც თვითონ უწოდებს, თანამებრძოლი. მათი უმრავლესობა მისი წარუშლელი ხსოვნის ღირსი შეიქნა, როდესაც იგი მათ შესახებ მოწმობებს საკუთარი ეპისტოლეებით შეუჩერებლად ჩამოთვლის. არა მხოლოდ იგი, არამედ ლუკაც ჩამოთვლის "საქმეებში" მისთვის ცნობილთ და მათ საბელებით მოიხსენიებს. ამბობენ, რომ ტიმოთე[4] პირველი იყო, ვისაც წილად ხვდა დიოცეზის ეპისკოპოსობა ეფესოში ისევე, როგორც ტიტეს - კრეტის ეკლესიების ეპისკოპოსობა.[5] ლუკა, რომელიც წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, ხელობით კი - ექიმი, დიდი ხნის განმავლობაში თან ახლდა პავლეს, დანარჩენ მოციქულებთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, და მათგან მოიპოვა სულთა მკურნალობის მაგალითები, რომლებიც ჩვენ დაგვიტოვა ორ ღვთივშთაგონებულ წიგნში: სახარება, რომელიც, როგორც მოწმობს, დაწერა იმის მიხედვით, რაც მას გადასცეს სათავეში მყოფმა თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, რომლებთანაც, ყველასთან თანხმობაში ყოფნას თავიდანვე აღნიშნავს; და "მოციქულთა საქმეები", არა მოსმენით, არამედ საკუთარი თვალებით მხილველმა შეადგინა. ამბობენ, რომ პავლეს სჩვევოდა მისი სახარების ხსენება, როდესაც როგორც საკუთარი სახარების შესახებ ამბობს: "ჩემი სახარების მიხედვით" (რომ. 2,16). პავლეს დანარჩენ მიმდევართაგან მოიპოვება მოწმობა მის მიერ გალიაში გაგზავნილ კრესკეზე[6] და ლინუსზე, რომელიც ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში მოხსენიებულია როგორც რომში მასთან ერთად მყოფი. უკვე აღვნიშნეთ, რომ იგი იყო პეტრეს შემდეგ რომაელთა ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი. [ნავლე] აგრეთვე მოწმობს კლიმენტიზე (ისიც რომაელთა ეკლესიის მესამე ეპისკოპოსად იქნა დანიშნული),[7] რომ გახდა პავლეს თანაშემწე და თანამებრძოლი. ამასთან იმ არეოპაგელზეც, სახელად დიონისეზე, დაამოწმებს ლუკა "საქმეებში", რომ არეოპაგში ათენელებისადმი პავლეს საჯარო სიტყვა პირველმა მან ირწმუნა, ხოლო ძველთაგან ვინმე სხვა დიონისე, კორონთოს დიოცეზის მწყემსი[8], მოგვითხრობს მის გახდომას ათენში მყოფი ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად[9]. მაგრამ რადგან ჩვენ ჩვენს გზას მივუყვებით, მოციქულთა მონაცვლეობის ჟამზე თავის დროზე ვიტყვით, ახლა კი გადავალთ მომდევნო ამბავზე.


    V

    ნერონის ცამეტწლიანი მმართველობის შემდეგ, როდესაც გალბა და ოთხ წელიწადნახევრის განმავლობაში მართავდნენ [იმპერიას], გამოჩნდა იუდეველთა წინააღმდეგ ბრძოლებში სახელგანთქმული ვესპასიანე, იქ იგი ჯარისკაცებმა იმპერატორად[10] გამოაცხადეს და იმპერატორი გახდა თვით იუდეაში. ასე რომ, მყისვე გაემგზავრა რომში და იუდეველთა წინააღმდეგ ომის წარმართვა ჩააბარა მის შვილს ტიტუსს. ჩვენი მაცხოვრის ამაღლების შემდეგ იუდეველებმა მის წინააღმდეგ უკვე ჩადენილი დანაშაულის გარდა მისი მოციქულების წინააღმდეგ მრავალი ასეთი შეთქმულება მოაწყვეს. პირველად სტეფანე იქნა მათ მიერ ქვებით მოკლული, მის შემდეგ კი იაკობს, ზებედეს ძეს, იოანეს ძმას თავი მოჰკვეთეს, ყველაფერთან ერთად იაკობი, ჩვენი მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ამ ადგილას* პირველ ეპისკოპოსად არჩეული, ზემოხსენებული სახით აღესრულა, დანარჩენი მოციქულები ათასობით სასიკვდილო შეთქმულებამ განდევნა იუდეის მიწიდან. ისინი წარიგზავნენ ყველა წარმართთან მათი უწყების სასწავლებლად ქრისტეს ძალის შეწევნით, რომელიც ეუბნებოდა მათ: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი ჩემი სახელით" (მათ. 28,19). მაგრამ ასევე იერუსალიმში ეკლესიის ერს ქალაქში ომის დაწყებამდე სახელგანთქმული კაცების მიმართ გამოცხადების გზით გადაეცათ წინასწარმეტყველება, რომ გასულიყვნენ ქალაქიდან და დასახლებულიყვნენ პერეას ერთ-ერთ ქალაქში, პელაში. როდესაც ქრისტეს მორწმუნეები იქ გადასახლდნენ, ისე რომ წმინდანებმა სრულიად დატოვეს იუდეის დედაქალაქი და მთელი იუდეის მიწა, ღვთისგან მათ საბოლოოდ მოევლინა სამართალი, რადგანაც ისინი ქრისტესა და მისი მოციქულების მიმართ ესოდენ ურჯულოდ მოიქცნენ, და უწმინდურთა თვით ეს თაობა კაცთა მოდგმისაგან სრულად აღგავა. ვისაც სურს, შეუძლია, ზედმიწევნით ამოიკითხოს იოსების დაწერილი ისტორიიდან, თუ ამ დროს ყველგან რამდენი ბოროტებით აივსო მთელი ერი, როგორ ერეკებოდნენ განსაკუთრებით იუდეის მოსახლეობას უბედურებათა უკიდურესი წერტილისაკენ, რამდენი ათასი მოწიფული ქალი და ბავშვი დასცა სიკვდილმა მახვილითა და შიმშილობით, და ათასი სხვა სახით, იუდეველთა რამდენ ქალაქს შემოარტყეს ალყა, ხოლო თვით იერუსალიმში, როგორც უძლეველ დედაქალაქში გაქცეულებმა როგორი საშინელებები და საშინელებათა უკიდურესი გამოვლინებები იხილეს; ომის ყველა სახე და მასში მომხდარ მოვლენათა თითოეული წვრილმანი, და დასასრულ, თუ როგორ დადგა წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი "გატიალების სიბილწე" (დან. 9,27; 12,11; მათ. 24,15; მარკ. 13,14) თვით ღვთის უძველეს სახელგანთქმულ ტაძარში, რომელიც დარჩა ცეცხლისგან სრულიად განადგურებული და უკიდურესად დანგრეული. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე მწერალი მოგვითხრობს თუ როგორ ჩაამწყვდიეს საპყრობილეში (მისივე სიტყვებით) პასექის დღესასწაულის დღეებში მთელი იუდეიდან იერუსალიმში თავმოყრილი დაახლოებით სამი მილიონი კაცი. მართებდა, სწორედ იმ დღეებში, როდესაც ევნო ყოველთა მაცხოვარი და კეთილისმყოფელი ღვთის ქრისტე, ჩაემწყვდიათ საპყრობილეში და დაღუპულიყვნენ, რაც მათ თავს დაატყდათ ღვთის სამართლიანობისაგან.

    გამოვტოვებ მათზე შემთხვეულ მოვლენათა დაწვრილებით აღწერას, რამდენი რამ შეემთხვათ მათ მახვილითა და სხვა სახითაც, მაგრამ აუცილებლად ვთვლი მხოლოდ შიმშილობის განსაცდელზე საუბარს, რათა ამ თხზულების წამკითხველებმა ნაწილობრივ მაინც იცოდნენ, თუ როგორ მოევლინათ მათ არც თუ დიდი ხნის შემდეგ ღვთისგან სასჯელი ღვთის ქრისტეს წინააღმდეგ ჩადენილი ურჯულოების გამო.



    -------------------------------------------------

    * იერუსალიმში - მთარგ.


    VI

    ამრიგად, მოდით, ახლა ხელში აიღეთ იოსების ისტორიის მეხუთე წიგნი, და თვალი გაადევნეთ იმ დროს მომხდარი ამბების ტრაგედიას. იგი ამბობს: "მდიდრებისათვის დარჩენა დაღუპვის ტოლფასი იყო; რადგან ღალატის ბრალდებით კლავდნენ ქონების გამო. შიმშილობით ამბოხებულთა სიშლეგე კი თავის მწვერვალს აღწევდა, და ორივე საშინელება დღითიდღე უფრო მეტი ძალით აღეგზნებოდა. ცხადია, საკვები არსად იყო მაგრამ უვარდებოდნენ სახლებში და ეძებდნენ, თუ იპოვიდნენ, სცემდნენ [სახლის პატრონს], როგორც უარის მთქმელს, ხოლო თუ ვერ იპოვიდნენ, აწამებდნენ როგორც უფრო გულმოდგინედ გადამმალველს. და იმის მტკიცებულება, ჰქონდათ თუ არა [საკვები], იყო უმწეოთა სხეულები; მათგან, ვინც ფეხზე მყარად იდგა, მიაჩნდათ, რომ საკვებით იყო უზრუნველყოფილი, დაუძლურებულებს კი გვერდით ჩაუვლიდნენ და უგუნურებად მიაჩნდათ მათი მოკვლა, ვინც გაჭირვებისაგან მალე ისედაც მოკვდებოდა. ბევრმა ვინც მდიდარი იყო ქონება მალულად გადაცვალა ხორბლის ერთ საწყაულზე, უფრო ღარიბებმა კი - ქერისაზე. შემდეგ, ჩაიკეტებოდნენ სახლში და ზოგი მათგანი გაჭირვების მწვერვალზე ყოფნის გამო დაუმუშავებელ ხორბალს ჭამდა, ზოგი კი აცხობდა ისე როგორც აუცილებლობა და შიში უკარნახებდა; არსად არ იშლებოდა სუფრა, ცეცხლიდან იტაცებდნენ ჯერ კიდევ უმ საჭმელს და ნაწილებად გლეჯდნენ. სიბრალულს იწვევდა მათი საკვები და სატირალი იყო ეს სანახაობა, როდესაც უფრო ძლიერები იხვეჭდნენ, უძლურები კი ჩიოდნენ. ყველა ვნებაზე მაღლა შიმშილობა იდგა, მაგრამ ისე არაფერმა დაღუპა ისინი როგორც სირცხვილმა; რადგან სხვა დროს პატივისცემის ღირსი შიმშილობის დროს უგულებელყოფილი იყო. ცოლები ქმრებს, შვილები მამებს, და რაც ყველაზე უფრო დიდი საცოდაობაა, დედები ჩვილებს თვით მათივე პირიდან სტაცებდნენ საკვებს; და როდესაც მათი უსაყვარლესი არსება მათსავე ხელებში ჭკნებოდა, არ არსებობდა თავშეკავება სიცოცხლის ბოლო წვეთის წართმევისასაც. ამ სახით საკვების მიღების დროსაც ვერ იმალებოდნენ, ყველგან ამბოხებულები ამასაც სტაცებდნენ. როდესაც ნახავდნენ დაკეტილ სახლს, ეს იმის ნიშანი იყო, რომ შიგ საკვები მოიპოვებოდა, მყისვე ამტვრევდნენ კარებს და უვარდებოდნენ, თითქმის ყანყრატოდან აცლიდნენ და ისე მიჰქონდათ პურის ნატეხები. მოხუცებს სცემდნენ, საკვები რომ წაერთმიათ, ქალებს თმებს აგლეჯდნენ, ვინც რაიმეს დამალავდა ხელებში, არავის იბრალებდნენ, არც მოხუცს და არც ჩვილს; აიყვანდნენ ბავშვს, რომელიც ებღაუჭებოდა პურის ნატეხებს, გააქანებდნენ და ძირს დაანარცხებდნენ. მათ, რომლებიც დაასწრებდნენ მათ თავდასხმას და მოსატაცებელს შეჭამდნენ, თითქოს უსამართლოდ მოექცნენო, უფრო სასტიკად ეპყრობოდნენ. საკვების მოსაპოვებლად წამების საშინელ გზებს იგონებდნენ, საცოდავებს ბარდის მარცვლებით უკეტავდნენ სასქესო ორგანოების სადინრებს და წვეტიან ჯოხებს უყრიდნენ უკანალში; მოსასმენადაც შემზარავია, თუ როგორ ტანჯავდნენ ადამიანს, რათა ეღიარებია, რომ ჰქონდა ერთი პური, და ეჩვენებია დამალული ქერის ერთი საწყაული. მაგრამ მტანჯველები არ განიცდიდნენ შიმშილს (რადგან ალბათ უფრო ნაკლებად სასტიკი იქნებოდნენ, აუცილებლობა რომ ყოფილიყო მიზეზი), არამედ გაწვრთნილი იყვნენ სიშლეგეში და საკუთარი თავისთვის შეამზადებდნენ მარაგს მომდევნო დღეებისათვის. ღამე რომაელთა საგუშაგოსკენ გახოხდებოდნენ ველური ბოსტნეულისა და ბალახის მოსაკრებად და როდესაც უკვე ეგონათ, რომ მტერს თავი დააღწიეს, მაშინ წააწყდებოდნენ მას. ისინი მათ ართმევდნენ, რაც კი რამ მოჰქონდათ, ხშირად ევედრებოდნენ და მოუხმობდნენ ღვთის საშინელ სახელს, რათა მიეცათ მათთვის რაიმე ნაწილი იმისა რაც საფრთხეში თავის ჩაგდებით მოპქონდათ. ისინი არაფერარ აძლევდნენ. და სასიხარულო იყო, თუ გაძარცვულს შემდეგ არ მოკლავდნენ".[11]

    სხვა ამბების შემდეგ ამბობს: "იუდეველებმა გამოსვლასთან ერთად ყველანაირი ხსნის იმედი დაკარგეს, შიმშილობაც გაძლიერდა სახლიდან სახლში, გვარიდან გვარში და მთელ ერს ჭამდა, ოთახები სავსე იყო დაღუპული ქალებითა და ბავშვებით, ვიწრო ქუჩები კი მოხუცებულთა გვამებით. მოჩვენებებივით გაბერილი ყმაწვილები მოედნებზე იხოცებოდნენ, იქ ეცემოდნენ, სადაც ვნება შეეყრებოდათ. დამაშვრალთ არ ძალ-ედვათ ნათესავების დამარხვა და დიდ საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი მიცვალებულთა სიმრავლისა და თავიანთი შეუცნობელი ხვედრის გამო. მრავალი მათი ხელით დასამარხ მიცვალებულზე ეცემოდა უსულოდ, მრავალი კი მანამდე მიდიოდა საფლავთან, სანამ ამის საჭიროება დადგებოდა. ამ უბედურებებზე არ იყო არც ტირილი, არც გოდება, არამედ შიმშილმა დაძლია გრძნობები, ტანჯვით მომაკვდავნი გამომშრალი თვალებით უყურებდნენ მათ, რომლებმაც დაასწრეს განსვენება. ქალაქი მოიცვა ღრმა დუმილმა და სიკვდილით დამძიმებულმა ღამემ. ამ უბედურებებზე უფრო აუტანელი იყვნენ ავაზაკები. საფლავის მძარცველებივით უვარდებოდნენ სახლებში და მიცვალებულებს ძარცვავდნენ, სნეულს შემოახევდნენ გადასაფარებელს და სიცილით გადიოდნენ. მახვილის წვერს დაცემულთა სხეულებზე სცდიდნენ და დაცემულთაგან ჯერ კიდევ ცოცხლებს უყრიდნენ რკინის გამოსაცდელად, ხოლო მათ, რომლებიც ევედრებოდნენ მათი მარჯვენისა და მახვილისაგან შეწევნას* ყურადღებას არ აქცევდნენ და შიმშილობის ხელში ტოვებდნენ. თითოეული მომაკვდავი თვალმოუშორებლად უმზერდა ტაძარს და მეამბოხეებს კი ცოცხალს ტოვებდა. პირველ ხანებში ბრძანებებს იძლეოდნენ, რომ მოცვალებულები სახალხო ხაზინიდან დაემარხათ, რადგან ვერ იტანდნენ სიმყრალეს. შემდეგ, რადგან ამან არ გაამართლა, კედლიდან თხრილში ყრიდნენ. როდესაც ტიტუსი უვლიდა ამ თხრილებს და ნახა გვამებით გავსებული და ხრწნადი სნეულებიდან სქლად მომდინარე სისხლი, დაიგმინა, ხელები აღმართა და მოწმედ ღმერთს მოუხმო, რომ ეს მისი ხელის საქმე არ ყოფილა"[12].

    მცირე ხნის შემდეგ აგრძელებს: "უკან არ დავიხევ იმის სათქმელად, რასაც ჩემი გრძნობები მიბრძანებს; ვფიქრობ, რომაელებს რომ ამ ცოდვილებზე შეტევა დაეყოვნებიათ, ან მიწა გაირღვეოდა და შთანთქავდა, ანდა ქალაქს წარღვნა, ან სოდომის მეხთატეხვა მოევლინებოდა; რადგან ამგვარად ვნებულებზე ბევრად უღმერთო თაობა იყო მოსული. მათი სიშლეგით მთელი ერი დაიღუპა".[13]

    მეექვსე წიგნში ასე წერს: "შიმშილისაგან დაღუპულთა უსაზღვრო სიმრავლე ეცემოდა ქალაქში, ნოლო ვნებები ენითაუწერელი სიმრავლისა ატყდებოდა თავს. თითოეულ სახლში, თუკი სადმე გამოჩნდებოდა საკვების რაიმე აჩრდილი, იმართებოდა ბრძოლა, და ყველაზე ახლო მოყვასები ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ სიცოცხლის მწირ სარჩოს. მომაკვდავებისაც აღარ სჯეროდათ, რომ არაფერი გააჩნდათ, არამედ მძარცველები სულმობრძავებსაც ჩხრეკდნენ, - პურის რაიმე ნატეხი ხომ არ ჰქონდა და თავს იმკვდარუნებდა. სხვები კი შიმშილისაგან პირდაღებულები, როგორც ცოფიანი ძაღლები, მთვრალი კაცის მსგავსად მობარბაცენი კარებთან ეცემოდნენ და უბადრუკი მდგომარეობის გამო ერთი საათის განმავლობაში ორჯერ და სამჯერ შეიჭრებოდნენ ერთსა და იმავე სახლში. აუცილებლობა კი ყველაფერს ადამიანის კბილებისაკენ მიაქანებდა, უბინძურეს პირუტყვთა საკვებს აგროვებდნენ და თავს ძალას ატანდნენ, რომ შეეჭამათ. ბოლოს კი, აღარ შემორჩათ სარტყელი და ფეხსაცმელი, ფარს ტყავს აძრობდნენ და ჭამდნენ. საკვებად იყენებდნენ რაიმე ძველი თივის ნაგლეჯებსაც; ზოგი აგროვებდა ნამჯას და მის უმცირეს წონას ყიდიდა ოთხ ატიკურად.

    მაგრამ რა საჭიროა უსულო საგანთა მიმართ შიმშილისგან გამოწვეულ უსირცხვილო საქციელების ხსენება? მოგითხრობთ ამბავს, რაც არც ელინებთან, არც ბარბაროსებთან სმენილა, სათქმელადაც შემზარავია, მოსასმენად კი დაუჯერებელი. მოხარული ვიქნებოდი გამომეტოვებია უბედურებების აღწერა, რათა მომავალში ადამიანებისთვის საშიში ამბების მთხრობელად არ გამოვჩენილიყავი, რომ არ მქონოდა ჩემს თაობაში მათ შესახებ უამრავი მოწმობა; სხვაგვარად კი ჩემი სამშობლოსათვის ცივი მადლობის გადახდა გამომივიდოდა, თუ დავთმობდი სიტყვის თქმას იმ საქმეებზე, რისგანაც ევნო მას. იორდანეს გაღმა ცხოვრობდა ქალი, სახელად მარიამი, ელეაზარის ქალიშვილი, სოფელ ბათემორიდან (ეს ნიშნავს "ისოპის სახლს"),[14] წარმომავლობითაც და სიმდიდრითაც წარჩინებული. იგი დანარჩენ ხალხთან ერთად იერუსალიმში გაქცეული ალყაში მოექცა. მისი სხვა ქონება, რაც პერეადან გამზადებული გადაიტანა ქალაქში, ტირანებმა დაიტაცეს, დანარჩენს კი სათუთად შენახულს, თუ რამ საკვებად ჩაითვლებოდა, ყოველდღე ჯარისკაცები უვარდებოდნენ და ართმევდნენ. ქალი საშინლად იყო აღშფოთებული, ხშირად ლანძღავდა და წყევლიდა მძარცველებს, ცდილობდა გაეღიზიანებია ისინი. როდესაც არავინ არ მოკლა იგი არც მრისხანების, და არც სიბრალულის გამო, და სხვებისთვის საკვების ძებნისგანაც დაიღალა, რადგან უკვე შეუძლებელი იყო სადმე რაიმეს მოძებნა, შიმშილი კი შიგნეულობასა და ტვინში აღწევდა, და შიმშილზე მეტად კი გულისწყრომა წვავდა, მრჩევლებად მიიღო აუცილებლობა და მრისხანება, ზურგი აქცია ბუნებას, აიტაცა შვილი (მას ჰყავდა ძუძუთა ჩვილი), და უთხრა: "უმწეო ჩვილო, რისთვის შეგინახო ომში, შიმშილობასა და ამბოხებაში? რომაელებთან მონობა გველის, თუ სიცოცხლეს შეგვინარჩუნებენ, მონობას ასწრებს შიმშილობა, ამბოხებულები კი ორმაგად უფრო მძიმე ასატანი არიან. მოდი, გახდი ჩემთვის საკვები და ამბოხებულთათვის შურისგება, ამ ცხოვრებისათვის კი ამბავი, ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ აკლია იუდეველთა უბედურებებს". და ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მოკლა ვაჟიშვილი, შემდეგ შეწვა, ნახევარი შეჭამა, დანარჩენი კი დამალა და შეინახა. მაშინვე გაჩნდნენ იქ ამბოხებულები და ურჯულო მსხვერპლის სუნი იყნოსეს. დაემუქრნენ, მყისვე მოკლავდნენ, თუ არ აჩვენებდა მომზადებულ კერძს. მან კი უთხრა, რომ კარგი ნაწილი შეუნახა მათ და ბავშვის ნარჩენებს გადახადა საფარველი. ისინი მყისვე ძრწოლამ და განცვიფრებამ აიტანა, და ნანახმა გააქვავა. ის კი ეუბნებოდა: "ეს ჩემი ნამდვილი შვილია და ეს საქმე ჩემი ხელების ნაქმნარია. ჭამეთ, მეც ხომ ვჭამე; ნუ იქნებით ქალზე უფრო ნაზი, ნურც დედაზე უფრო ლმობიერი. თუ თქვენ ღვთისმოსავები ხართ და ჩემს მსხვერპლს ზურგს აქცევთ, მე თქვენი წილი ვჭამე, და დანარჩენიც მე დამრჩება". ამის მოსმენისას თავზარდაცემულები გავიდნენ მხოლოდ ამ ერთი საქციელისგან დაჯაბნილნი და ეს საჭმელიც ძლივს დაუთმეს დედას. მყისვე შეიძრა მთელი ქალაქი ამ სამარცხვინო ამბისაგან. თითოეულს თვალწინ ედგა ეს უბედურება და შეძრწუნებული იყო ისე, თითქოს მასთან ხდებოდა ეს დანაშაული. მოშიმშილეები სიკვდილს ესწრაფოდნენ და ნეტარად იყო შერაცხული, ვინც მოასწრო სიკვდილი, ვიდრე ესოდენ დიდ ბოროტებას მოისმენდა და იხილავდა"[15].
    კატეგორია: ეკლესიის ისტორია | ნანახია: 1124 | დაამატა: SEAMAN | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2024
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz