პარასკევი, 29.03.2024, 05:28
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » მოციქულთა საქმენი(21,22,23,24 თავი)
    17:20
    მოციქულთა საქმენი(21,22,23,24 თავი)
    თავი ოცდამეერთე

    1. მათ რომ დავშორდით, პირდაპირ გავცურეთ და კოსს მივადექით, მეორე დღეს კი - როდოსს, ხოლო იქიდან - პატარას. 2. ფინიკიისაკენ მიმავალი ხომალდი ვნახეთ, ზედ ავედით და გავცურეთ. 3. გამოჩნდა კიპროსი, რომელიც მხარმარცხნივ მოვიტოვეთ, სირიისაკენ გავემართეთ და მივადექით ტიროსს, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი. 4. მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს. 5. იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ. 6. ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ. 7. გავლიეთ გზა და ტიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით, მოვიკითხეთ მოწაფეები და ერთი დღე დავყავით მათთან. 8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით. 9. ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო. 10. კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. 11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში. 12. ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს. 13. მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს. 14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება! 15. და იმ დღეების შემდეგ იერუსალიმს ასასვლელად გავემზადეთ. 16. თან მოგვყვებოდნენ კესარიელი მოწაფეები, რომლებსაც უნდა დავებინავებინეთ ერთი ძველი მოწაფის - მნასონ კიპროსელის სახლში. 17. იერუსალემში რომ ავედით, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. 18. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს და იქვე მოვიდა ყველა უხუცესიც. 19. პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით აღასრულა წარმართებს შორის. 20. ხოლო მათ, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს. 21. შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ. 22. მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს. 23. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს. 24. წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს. 25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. 26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი. 27. შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას 28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი. 29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი). 30. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი. 31. როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. 32. დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას. 33. მაშინ ათასისთავი მიუახლოვდა და წამოაყენა იგი, ბრძანა ორმაგი ჯაჭვით შეეკრათ და თან ხალხს ეკითხებოდა, ვინ არის, ან რა ჩაიდინაო? 34. ხალხში ერთნი ერთს გაჰყვირთდნენ, მეორენი კი - მეორეს. და რაკი ამ ღრიანცელში დანამდვილებით ვერაფერი გაიგო, ათასისთავმა მისი ციხეში წაყვანა ბრძანა. 35. კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე. 36. ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას! 37. ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი? 38. განა შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ რომ აამბოხა და უდაბნოში გაიყვანა ოთხი ათასი სიკარიელი? 39. პავლემ მიუგო: მე ვარ იუდეველი კაცი, ტარსოსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე. გევედრები, ნება მიბოძე ხალხს დაველაპარაკო. 40. ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ:


    თავი ოცდამეორე

    1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე. 2. როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო: 3. მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი. 4. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც. 5. რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი. 6. მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით. 7. მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? 8. მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი. 9. ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ. 10. მე ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? უფალმა კი მითხრა: ადექი და შედი დამასკოში, სადაც გეუწყება ყველაფერი, რისი ქმნაც ნაბრძანები გაქვს. 11. რაკი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემმა მხლებლებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში. 12. ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან პატივდებული, 13. მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: საულ, ძმაო, აგეხილოს თვალი; და იმწამსვე დავინახე იგი. 14. ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა. 15. რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე. 16. მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს. 17. ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი. 18. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ. 19. მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეთ, 20. ხოლო როდესაც იღვრებოდა შენი მოწამის - სტეფანეს სისხლი, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი მის მოკვლას და მისი მკვლელების სამოსს ვდარაჯობდი. 21. მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ. 22. ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, მერე კი ხმა აიმაღლეს და თქვეს: აღიგავოს მიწის პირისაგან ასეთი კაცი, ვინაიდან სიცოცხლის ღირსი არ არის! 23. და ვიდრე ასე ყვიროდნენ, მოსასხამებს იქნევდნენ და მტვრის ბუქს აყენებდნენ ჰაერში, 24. ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით. 25. როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე? 26. ეს რომ გაიგონა, ასისთავი მივიდა ათასისთავთან და უთხრა მას: რას აპირებ? ეს კაცი რომაელი ყოფილაო. 27. ათასისთავი მივიდა და ჰკითხა: მითხარი, მართლა რომაელი ხარ? მიუგო: დიახ. 28. ათასისთავმა თქვა: მე იმდენი ფული დავხარჯე, რომ რომის მოქალაქეობა მიმეღო. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი რომაელად დავიბადე. 29. მყისვე დაეხსნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა, და თვით ათასისთავსაც შეეშინდა, როცა გაიგო, რომ თურმე რომის მოქალაქე შეაბორკინა. 30. მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი, ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა.


    თავი ოცდამესამე

    1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე. 2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის. 3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას. 4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ? 5. უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი. 6. როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს. 7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და ორად გაიყო კრებული. 8. ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას. 9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოუღთბთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი? 10. მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი. 11. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა პავლეს და უთხრა: მხნედ იყავ, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, რომშიც ასევე უნდა მიმოწმო. 12. როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს. 13. ხოლო შეთქმულნი ორმოცზე მეტნი იყვნენ. 14. მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს. 15. მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად. 16. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, ციხეში შეაღწია და აუწყა პავლეს. 17. ხოლო მან უხმო ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, ვინაიდან რაღაცა აქვს მისთვის სათქმელი. 18. მანაც წაიყვანა იგი, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: პატიმარმა პავლემ მიხმო და მთხოვა შენთან მომეყვანა ეს ჭაბუკი, ვინაიდან სიტყვა აქვს შენთვის სათქმელი. 19. ათასისთავმა ხელი მოჰკიდა, განზე გაიხმო და ჰკითხა: რაო, მაინც რა უნდა მითხრა? 20. ხოლო მან უთხრა: იუდეველებმა განიზრახეს გთხოვონ, რომ ხვალ სინედრიონში მიიყვანო პავლე, ვითომ უფრო გულდასმით სურთ მისი საქმის გამოძიება. 21. მაგრამ ნუ ერწმუნები მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომლებმაც დაიფიცეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე არ მოკლავენ პავლეს. ახლა უკვე გამზადებულნი არიან შენი ბრძანების მოლოდინში. 22. მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო. 23. მოიხმო ორი ასისთავი და უთხრა მათ: ღამის სამი საათისათვის მზად გყავდეთ ორასი ქვეითი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარიაში გასამგზავრებლად. 24. მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართვეღ ფელიქსს მიჰგვარონ. 25. და დაწერა ასეთი შინაარსის წერილი: 26. „კლავდიუს ლისია მძლეთამძლე მმართვეღს ფელიქსს, გიხაროდეს: 27. ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და მოკვლას უპირებდნენ; მე ჯარისკაცებით მივედი და როცა გავიგე, რომ რომაელია, გამოვიტაცე. 28. მინდოდა გამეგო, რას სდებდნენ ბრალად და მათ სინედრიონში მივიყვანე. 29. მივხვდი, რომ თავიანთი რჯულის გამო დაედანაშაულებინათ, მაგრამ ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილი ან ბორკილები რომ დაემსახურებინოს. 30. როდესაც გავიგე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულიყვნენ, მაშინვე შენთან გამოვგზავნე და ბრალმდებლებსაც ვუბრძანე შენს წინაშე ელაპარაკათ მასზე. იცოცხლე!" 31. ჯარისკაცებმა, ბრძანებისამებრ, წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიდას. 32. მეორე დღეს კი მხედრებს გააყოლეს და უკან დაბრუნდნენ. 33. ხოლო მათ კესარიაში ჩასვლისას წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს მმართველს. 34. წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა: 35. მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე.


    თავი ოცდამეოთხე

    1. ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს. 2. როდესაც უხმეს, ტერტულუსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა: 3. შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს. 4. მაგრამ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, გთხოვ მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოწყალებით. 5. რაკი ეს კაცი მავნებლად, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის აღმძვრელად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღვრად ვცანით, 6. თვით ტაძრის შებილწვაც რომ სცადა, ამიტომ ჩვენც შევიპყარით და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა იგი. 7. მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია, ძალით გამოგვტაცა ხელიდან და შენთან გამოგზავნა. 8. მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა; შეგიძლია დაჰკითხო და მისგანვე გაიგებ, რასაც ვდებთ ბრალად. 9. იუდეველებმაც დაუმოწმეს, სწორედ ასეაო. 10. ხოლო პავლემ, როცა მმართველმა ანიშნა, ილაპარაკეო, თქვა: რაკიღა ვიცი, რომ ამდენი წლის მანძილზე მართლად განიკითხავ ამ ხალხს, მით უფრო თამამად შევძლებ თავის მართლებას. 11. თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტი დღე თუ იქნება, რაც იერუსალიმს ავედი თაყვანისცემად. 12. არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ დავა დამეწყოს ან ამებორგებინოს ხალხი, არც სინაგოგაში და არც ქალაქში. 13. ვერც იმას დაამტკიცებენ შენს წინაშე, რაშიაც ახლა მდებენ ბრალს. 14. იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ. 15. და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან. 16. ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე. 17. მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა მეძღვნა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და შესაწირავი. 18. სწორედ შეწირვისას მნახეს ტაძარში, გაწმენდილი, ხალხისა და შფოთის გარეშე, 19. ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენს წინაშე და ეჩივლათ ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. 20. არადა, თვით ამათ თქვან, რა ბრალი ჰპოვეს ჩემში, როცა წარვდექი სინედრიონის წინაშე, 21. გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს? 22. ეს რომ მოისმინა, ფელიქსმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ გზას, გადადო საქმის განხილვა და თქვა: როცა ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გავარჩევ თქვენს საქმესო. 23. ხოლო ასისთავს პავლეს დარაჯობა უბრძანა, მაგრამ ისე კი, რომ არ შეეწუხებინათ და არც ახლობლებისთვის დაეშალათ მისი მსახურება ან ნახვა. 24. რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა. 25. მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო. 26. თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას. 27. მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე.
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1032 | დაამატა: SEAMAN | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2024
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz