ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:46
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » მოციქულთა საქმენი(25,26,27,28 თავი)
    17:21
    მოციქულთა საქმენი(25,26,27,28 თავი)
    თავი ოცდამეხუთე

    1. ფესტუსი მოვიდა სამთავროში და სამი დღის შემდეგ კესარიიდან ავიდა იერუსალიმს. 2. მაშინ მღვდელმთავრები და იუდეველი დიდებულები პავლესადმი წარდგენილი სარჩელის გამო ეახლნენ. 3. შეევედრნენ და სთხოვეს, იერუსალიმში გამოეძახებინა პავლე, რათა გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. 4. მაგრამ ფესტუსმა პასუხად თქვა, რომ პავლეს კესარიაში დარაჯობდნენ და მალე თვითონაც იქ აპირებდა ჩასვლას. 5. ვისაც შეუძლია, დასძინა მან, წამომყვეს და თუ ამ კაცს რაიმე დანაშაული მიუძღვის, ბრალი დასდოსო. 6. რვა თუ ათი დღე დაჰყო მათთან და კესარიაში დაბრუნდა. მეორე დღეს კი სამსჯავრო ტახტზე დაჯდა და პავლეს მოყვანა ბრძანა. 7. როცა მოვიდა, გარს შემოერტყნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, რომელთაც მრავალი მძიმე ბრალდება წაუყენეს პავლეს, თუმცა მათი დამტკიცება კი არ შეეძლოთ. 8. ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს. 9. ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო? 10. პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. 11. თუ უსამართლოდ მოვიქეცი და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ისინი ტყუილად მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ მიმცეს ხელში. კეისრის მსჯავრს მოვითხოვ. 12. მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხთვ და კეისართანვე წახვალ. 13. რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხავად. 14. და რაკი კარგა ხანს დარჩნენ იქ, ფესტუსმა პავლეს საქმე გააცნო მეფეს და უთხრა: არის ერთი კაცი, ფელიქსის მიერ პატიმრად დატოვებული, 15. რომელსაც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იუდეველთა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უჩივლეს და მისი დასჯა მთხოვეს. 16. მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. 17. ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე, 18. ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი. 19. სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. 20. რაკი ამ საქმის გარჩევა გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განისაჯო-მეთქი? 21. მაგრამ პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის მსჯავრამდე გვეცლია; ამიტომ, ვიდრე კეისართან გავგზავნიდი, ვბრძანე საპყრობილეში გვყოლოდა იგი. 22. მაშინ აგრიპამ უთხრა ფესტუსს: მეც მინდა ამ კაცს მოვუსმინო. მან კი მიუგო: ხვალვე მოუსმენ მას. 23. მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მობრძანდნენ და ათასისთავებსა და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ სამსჯავროში, ფესტუსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. 24. და თქვა ფესტუსმა: მეფეო აგრიპა და აქ დამსწრენო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც იერუსალიმში და აქაც მრავალი იუდეველი მომადგა ყვირილით: სიცოცხლის ღირსი არ არისო. 25. მაგრამ მე მივხვდი, რომ სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონვე მოითხოვა ავგუსტუსის მსჯავრი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა. 26. თუმცა მის გამო დაბეჯითებით ვერაფერს მივწერ იმპერატორს: ამიტომაც მოვიყვანე თქვენთან, უწინარეს ყოვლისა კი შენს წინაშე, მეფეო აგრიპავ, რათა განკითხვის შემდეგ ის მაინც ვიცოდე, რა მივწერო. 27. რადგანაც უაზრობად მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და ის კი არ ვაუწყო, რას სდებენ ბრალად.


    თავი ოცდამეექვსე

    1. აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: 2. მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი. 3. მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო. 4. სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა. 5. იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი. 6. ახლა კი სამსჯავროს წინაშე ვდგავარ იმის გამო, რომ იმედი მქონდა აღთქმისა, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს, 7. და რომლის აღსრულების იმედიცა აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ მსახურებენ ღმერთს. სწორედ ამ იმედის გამო მდებენ ბრალს, მეფეო აგრიპა, იუდეველნი. 8. ნუთუ დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ ღმერთი აღადგენს მკვდრებს? 9. თუმცა მე თვითონაც მეგონა, რომ ყოველნაირად წინ უნდა აღვდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს. 10. ასედაც ვიქცეოდი იერუსალიმში: მღვდელმთავართაგან უფლებამოსილმა მრავალი წმიდა ჩავყარე საპყრობილეში, და, როცა მათ ხოცავდნენ, ვეთანხმებოდი ამას. 11. მრავალგზის ვაწამებდი სინაგოგებში, ვაიძულებდი ეგმოთ და, გამძვინვარებული, სხვა ქალაქებშიაც ვდევნიდი მათ. 12. სწორედ ამ მიზნით დამასკოს მიმავალმა მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და ბრძანებით, 13. შუადღისას, მეფეო, გზაზე ნათელი ვიხილე ზეცით, რომელიც აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას და მეც მომიცვა და ჩემი მხლებლებიც. 14. ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 15. მე მივუგე: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. 16. მაგრამ წამოდექ და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, 17. რათა გაგარიდო ხალხსა და წარმართთ, რომლებთანაც ახლა მიგავლენ, 18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის. 19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას, 20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით. 21. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს. 22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო; 23. რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის. 24. ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ! 25. ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ. 26. ვინაიდან იცის ეს მეფემ, ვის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის აქედან დაფარული იყოს რაიმე, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში როდი მომხდარა. 27. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს. 28. ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ. 29. პავლემ კი თქვა: ღმერთმა ინებოს, რომ, ცოტადაც და ბევრადაც, მარტო შენ კი არა, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ცხადია, ამ ბორკილების გარეშე. 30. ეს რომ თქვა, მეფე და მმართველი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოიშალნენ, 31. განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს კაცი, თავისი ქცევით, არც სიკვდილს იმსახურებს და არც ბორკილებსო. 32. ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: შეიძლებოდა გაგვეთავისუფლებინა ეს კაცი, კეისრის მსჯავრი რომ არ მოეთხოვა.


    თავი ოცდამეშვიდე

    1. როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს. 2. ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი. 3. მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო. 4. როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო. 5. კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით, 6. სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა. 7. რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივთბით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს. 8. რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად" წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა. 9. მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: 10. როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც. 11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. 12. და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ. 13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს. 14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი; 15. ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით. 16. გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი; 17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა. 18. რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს. 19. მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში. 20. მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა. 21. დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს. 22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა. 23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ. 24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებღად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე. 25. მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა. 26. უთუოდ, რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ. 27. მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით. 28. გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი. 29. შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს დაელოდნენ. 30. ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიღან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, - 31. პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო. 32. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა. 33. განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში. 34. ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება. 35. ეს რომ თქვა, პური აიღთ, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო. 36. მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას. 37. ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით. 38. როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს ხორბალი. 39. მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ. 40. ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი. 41. მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ. 42. მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო. 43. მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე, 44. დანარჩენებს კი ფიცრები ან ხომალდის ნამსხვრევები ჩაებღუჯათ და ასე გადაერჩინათ თავი. ამრიგად, როგორც იქნა, ყველამ მიაღწია ნაპირს.


    თავი ოცდამერვე

    1. თავდაღწეულებმა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტე ერქვა. 2. იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს. 3. მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია. 4. მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო. 5. მაგრამ მან ხელი გაიქნია და ცეცხლში შეაგდო გველი, ისე, რომ არა ვნებია რა. 6. მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო. 7. იმ არემარეში მამული ჰქონდა კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, რომელმაც მიგვიღო და სამი დღე სტუმართმოყვრულად გვიმასპინძლა. 8. პუბლიუსის მამა ლოგინად ჩაეგდო ხურვებას და მუცლის გვრემას; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელი დაადო და ისიც განიკურნა. 9. ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა. 10. სანაცვლოდ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს. 11. სამი თვის შემდეგ ჩავსხედით დიოსკურების ნიშნიან ალექსანდრიულ ხომალდში, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა. 12. ჩავედით სირაკუზაში, სადაც სამი დღე დავრჩით. 13. იქიდან წამოსულები მივადექით რეგიუმს, და რაკი ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა, მეორე დღეს პუტეოლისში ჩავედით, 14. სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი. 15. ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა. 16. როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად. 17. სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს, 18. რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე. 19. მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის. 20. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები. 21. იუდეველებმა უთხრეს ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი. 22. მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ. 23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი. 24. ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა. 25. რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით: 26. „მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ, 27. რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. 28. მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც". 29. ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში. 30. ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. 31. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს.

    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1053 | დაამატა: SEAMAN | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2024
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz