ოთხშაბათი, 24.04.2024, 14:03
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:28 | შეტყობინება # 136
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გულის იშემიური დაავადება (გიდ) გულის კუნთის სისხლით არასაკმარისი მომარაგების შედეგია. გულის სისხლძარღვების შევიწროების ან დახშობის გამო ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გადამტანი სისხლი მათში სათანადო ოდენობით ვერ გაედინება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. იმის მიხედვით, რამდენად არის გამოხატული, რამდენად ხანგრძლივია და რამდენად სწრაფად პროგრესირებს გულის შიმშილი, განასხვავებენ გიდ-ის რამდენიმე ფორმას. ესენია:
გიდ-ის უსიმპტომო ანუ ჩუმი ფორმა. ამ დროს გულის შიმშილი კლინიკური სიმპტომებით არ გამოვლინდება.
სტენოკარდია. ამ დროს გულის კვების უკმარისობა ვლინდება გულმკერდის არის ძლიერი ტკივილით, რასაც პროვოცირებას უწევს ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, სიცივე ან უზომო დანაყრება (იხ. სტენოკარდია).
გიდ-ის ასთმური ფორმა. ამ დროს გულის სისხლით არასათანადო მომარაგება ვლინდება გულის რიტმის მოშლით, უმეტესად - მოციმციმე არითმიით (იხ. კარდიული ასთმა).
მიოკარდიუმის ინფარქტი. ეს არის გულის კუნთის ნაწილის სიკვ¬დილი, რომელსაც მისი შიმშილი იწვევს (იხ. მიოკარდიუმის ინფარქტი).
უეცარი გულისმიერი სიკვდილი - გულის გაჩერება, რომელიც უმეტესად სისხლის მიწოდების მკვეთრი შემცირებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სასწრაფო სარეანიმაციო ღონისძიებებს შეუძლია (იხ. უეცარი სიკვდილი).

თუ გიდ-ს არ ვუმკურნალეთ, ჟანგბადის დეფიციტის გამო გული ნორმალურად ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას, ამას კი ყველა დანარჩენ ორგანოში სისხლის მიწოდების შეზღუდვა მოჰყვება. ეს უკვე გულის ქრონიკული უკმარისობაა.

მიზეზები. გიდ გულის სისხლძარღვების (კორონარების) ათეროსკლეროზის გამო ვითარდება. ამ დროს არტერიის კედლებზე ჩნდება ე.წ. ფოლაქები, რომლებიც ან ავიწროებს სისხლძარღვების სანათურს, ან სავსებით ახშობს მათ. თავდაპირველად კორონარული სისხლძარღვების შევიწროება უმნიშვნელოა და გულმკერდის არის ტკივილით (სტენოკარდიით) ვლინდება. ათეროსკლეროზული ფოლაქის დაშლისას შევიწროებულ სისხლძარღვში ჩნდება თრომბები, რომლებიც მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს.
გულში სისხლის მიდინება ასევე შეიძლება შეაფერხოს კორონარული სისხლძარღვების სპაზმმა ან ანთებამ, რასაც მოწევა, სიმსუქნე, არტერიული წნევის მატება, წამლების უკონტროლო მიღება, ჰორმონული ცვლილებები, არასწორი კვება და ზოგიერთი სხვა მიზეზი იწვევს.

გართულებები. გიდ შესაძლოა გართულდეს გულის რიტმის დარღვევით ან ბლოკადით. მძიმე ფორმისას ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა. განვითარებულ ქვეყნებში გიდ სიკვდილისა და დაინვალიდების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მის წილად მოდის სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. ეს დაავადება ემუქრება ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეორე მამაკაცს. განსხვავება იმით არის განპირობებული, რომ ქალის სასქესო ჰორმონები სისხლძარღვებს რამდენადმე იცავს ათეროსკლეროზული დაზიანებისგან. მენოპაუზის შემდეგ ჰორმონული ფონის შეცვლის გამო ქალებში ინფარქტის განვითარების ალბათობა იზრდება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გიდ-ის ეჭვს ბადებს ავადმყოფის ჩივილები: ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რიტმის დარღვევა, ქოშინი. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ელექტროკარდიოგრაფიას მიმართავენ. აუცილებელია ექოკარდიოგრაფიის ჩატარებაც. საჭიროებისას ინიშნება კარდიოანგიოგრაფია. ასევე უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, ჩატარდეს ბიოქიმიური კვლევა და კოაგულოგრაფია.
გიდ-ის მედიკამენტური მკურნალობისას გამოიყენება სხვადასხვაგვარი მოქმედების კომბინირებული პრეპარატები. ზოგიერთი პრეპარატი გულის სისხლძარღვებს აფართოებს, ზოგიერთი ამცირებს ამ ორგანოს დატვირთვას, აქვეითებს არტერიულ წნევას და ათანაბრებს გულის რიტმს. არსებობს საშუალებებიც, რომლებიც გიდ-ის ძირითად მიზეზს ებრძვის - სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.
შევიწროებული არტერიის გაფართოება შესაძლებელია არცთუ ისე რთული ოპერაციით - კორონარული ანგიოპლასტიკით: სისხლძარღვის დაზიანებულ უბანში იდგმება სტენტი. რთულ შემთხვევებში კარდიოქირურგები მიმართავენ შუნტირებას, რომლის დროსაც დახშული სისხლძარღვი კარგად გამავალი ახალი სისხლძარღვით იცვლება (ის, როგორც წესი, კიდურის ვენისგან მზადდება).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:29 | შეტყობინება # 137
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გულის უკმარისობა არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გულს უნარი არ შესწევს, ორგანოები და ქსოვილები მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო ოდენობის სისხლით მოამარაგოს.
თავდაპირველად გული ნებისმიერ ვითარებაში აწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო ოდენობის სისხლს, თუმცა ამისთვის საჭირო ხდება ყველა საკომპენსაციო მექანიზმის მობილიზება. თანდათან ეს მექანიზმები დატვირთვას ვეღარ უძლებს და სუსტდება. ვითარდება გულის უკმარისობა. თავდაპირველად ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას ვლინდება, მოგვიანებით კი - მოსვენების დროსაც.
გულის უკმარისობის ნაცვლად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინებს: გულის ნაკლოვანება ან გულის დეკომპენსაცია. ეს მდგომარეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1-2%-ს აღენიშნება. მისი გავრცელების მაჩვენებელი ასაკთან ერთად იზრდება. 75 წელს გადაცილებულ პირებს შორის გულის უკმარისობა 10%-ზე მეტს აქვს.

მიზეზები. გულის უკმარისობა შეიძლება იყოს როგორც პირველადი (თვით გულის დაავადებით გამოწვეული), ისე მეორეული - განპირობებული სხვა ორგანოთა დაავადებით. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
მიოკარდიუმის ინფარქტი - როგორც მწვავე პროცესი, ისე პოსტინფარქტული მდგომარეობა;
ჰიპერტონიული დაავადება;
გულის მანკი;
ანემია;
მიოკარდიტი;
ტოქსიკური ჩიყვი;
ჰიპერთირეოზი;
ფილტვების პათოლოგია;
ორსულობა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, მწვავედ მიმდინარეობს იგი თუ ქრონიკულად და უპირატესად რომელი პარკუჭის ნაკლოვანებაა გამოხატული. ამის კვალობაზე, განასხვავებენ მარცხენაპარკუჭოვან, მარჯვენაპარკუჭოვან და ტოტალურ უკმარისობას. ასევე, ხდება კლასიფიცირება სისტოლურ და დიასტოლურ ფორმებად. სისტოლური უკმარისობისას დაქვეითებულია გულის კუნთის შეკუმშვის უნარი, ხოლო დიასტოლური უკმარისობისას შეზღუდულია პარკუჭების გაფართოების უნარი და შემცირებულია მათი სისხლით ავსების ინტენსივობა.
მარცხენა პარკუჭის მწვავე ნაკლოვანება ანუ კარდიული ასთმა შეიძლება განვითარდეს ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის, კრიზის, ჭარბი საკვების ან სასმლის მიღების, მოწამვლის დროს. კარდიული ასთმა და ფილტვების შეშუპება მარცხენა წინაგულში მოძრავი თრომბის არსებობამაც შეიძლება გამოიწვიოს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:29 | შეტყობინება # 138
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობისას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების დიფერენცირება ბრონქული ასთმისგან, რათა სწორად ჩატარდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სავალალო შედეგი მივიღოთ.
მოსახლეობის უმრავლესობისათვის ტერმინი კარდიული ასთმა უცხოა, ამიტომ ბევრს ის ბრონქულ ასთმაში ერევა. კარდიული ასთმა, ბრონქულისგან განსხვავებით, ვითარდება მოწიფულ ან ხანშიშესულ ასაკში და ახასიათებს:
ჩასუნთქვის გაძნელება;
სიფერმკრთალე;
პულსის გახშირება;
უხვი ქაფიანი, ვარდისფერი ნახველი.
ბრონქულ ასთმას კი ახასიათებს:
ამოსუნთქვის გაძნელება;
გაფანტული ციანოზი (სილურჯე);
ნორმალური ან შენელებული პულსი;
მცირე ოდენობის ლორწოვან-წებოვანი ნახველი.
მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა მისი უეცარი და მკვეთრი გადაძაბვის შედეგად ვითარდება. მიზეზი შეიძლება იყოს ტოტალური კრუპოზული პნევმონია, ბრონქული ასთმა, პლევრიტი, გულმკერდის დეფორმაცია, ფილტვის ინფარქტი, გულის თანდაყოლილი მანკი. ამ დროს სისხლი სწრაფად გუბდება ვენურ სისტემასა და ღვიძლში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დიდდება. აღმოცენდება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და შეშუპება. ამასთან ერთად, აღინიშნება:
ძლიერი ქოშინი;
გულმკერდში ზეწოლის შეგრძნება და ტკივილი;
ძლიერი სისუსტე;
კისრის ვენების შებერვა;
არტერიული წნევის დაქვეითება.
გულის ნებისმიერი სახის მწვავე ნაკლოვანების შემთხვევაში ავადმყოფს პირველსავე წუთებში უნდა ჩაუტარდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. თვითმკურნალობამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს გულის ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება ორგანოებისა და ქსოვილების ჰიპოქსია, რაც შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების) ფუნქციის მოშლას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, უფრო მეტად აუარესებს გულის მუშაობას. გულის ქრონიკული დაავადებების დროს მარცხენა ან მარჯვენა პარკუჭის იზოლირებული უკმარისობა შედარებით იშვიათია. უმეტესად ორივე პარკუჭის შეკუმშვის ფუნქციაა დაქვეითებული, რის გამოც ხდება შეგუბება სისხლის მიმოქცევის როგორც დიდ, ისე მცირე წრეში. ეს უმთავრესად ისეთი პათოლოგიური პროცესით არის განპირობებული, რომელიც დიფუზურად აზიანებს გულის კუნთს, უმეტესად - გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით, სიმპტომური ჰიპერტენზიით, კარდიოსკლეროზით.
გულის ქრონიკული უკმარისობის საწყის სტადიაში ავადმყოფებს ერთხანს არაფერი აწუხებთ


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:29 | შეტყობინება # 139
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ თავს იჩენს:
ადვილად დაღლა;
შრომის უნარის დაქვეითება;
ჰაერის უკმარისობა;
ქოშინი;
გულისცემის გახშირება.
მერე და მერე გულის აჩქარება და ქოშინი მოსვენების დროსაც ვითარდება და ერთვის:
ფეხების შეშუპება;
შარდის დღეღამური ოდენობის შემცირება;
ღამის შარდვა;
ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდის ქვეშ.
ნიუიორკული კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის ხარისხს ეფუძნება, გულის ქრონიკული უკმარისობა ოთხ კლასად იყოფა.
I კლასი - ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა სისუსტეს, დაღლას, ქოშინსა და ტაქიკარდიას არ იწვევს.
II კლასი - აღინიშნება ფიზიკური აქტივობის ზომიერი შეზღუდვა. მოსვენებისას პათოლოგია არ ვლინდება.
III კლასი - აღინიშნება ფიზიკური აქტივობის გამოხატული შეზღუდვა. ავადმყოფი კომფორტულად თავს მხოლოდ მოსვენებისას გრძნობს.
IV კლასი - გულის უკმარისობისთვის ჩვეული მოვლენები მოსვენების დროსაც კი ვლინდება.
ამ კლასიფიკაციის გათვალისწინებით, მკითხველისთვის იოლი მისახვედრი უნდა იყოს, როდის მიმართოს ექიმს, რათა დროულად აღკვეთოს პათოლოგია. ძირითადი დაავადების მართებული მკურნალობა ხშირად ამცირებს გულის ქრონიკული უკმარისობის გამოვლინებას. ამ პოტენციურად უკუგანვითარებადი მიზეზების რიცხვს მიეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ალკოჰოლიზმი, ტოქსიკური ჩიყვი, მიქსედემა, პერიკარდიტი, ანემია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
გულის ქრონიკული უკმარისობის პროვოცირებას ხშირად იწვევს ესა თუ ის ინფექცია, ფიზიკური აქტივობის ინდივიდუალური რეჟიმის დარღვევა, ჭარბი მარილისა და სითხის მოხმარება და უძილობა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გულის უკმარისობის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. ის ანამნეზურ მონაცემებსა და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ემყარება. ამასთანავე, მკურნალობა სწორად რომ წარიმართოს, აუცილებელია ძირითადი (გულის უკმარისობის გამომწვევი) დაავადების ამოცნობაც. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ რენტგენოლოგიურ და ექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევებს. შედარებით ნაკლებინფორმაციულია ელექტროკარდიოგრაფია. სისხლის ანალიზი ძირითადი დაავადების (ანემიის, თირეოტოქსიკოზის და სხვა) გამოვლენაში გვეხმარება.
გულის მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს (კარდიული ასთმა, ფილტვების შეშუპება) აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებები. ავადმყოფი უნდა იწვეს მაღალ სასთუმალზე ან იჯდეს და ფეხები ჩამოშვებული ჰქონდეს. შემდგომი ღონისძიებები უკვე ექიმმა უნდა განახორციელოს.
გულის ქრონიკული უკმარისობისას მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის სქემის მართებული შერჩევა და თანამიმდევრული მკურნალობა ამ სქემის მიხედვით. სამკურნალო საშუალებებიდან უმთავრესად იყენებენ აგფ-ინჰიბიტორებს, შარდმდენებს, ბეტა-ბლოკატორებს, საგულე გლიკოზიდებს, სტატინებს, ანტიკოაგულანტებსა და ანტიაგრეგატორებს. ეს პრეპარატები ინდივიდუალურად შეირჩევა, რაც ექიმის პრეროგატივაა.
თუ ავადმყოფი მედიკამენტურ მკურნალობას არ ექვემდებარება და პროგნოზი ცუდია, მიმართავენ გულის ტრანსპლანტაციას. გადანერგილი გულით ერთ წელს ცოცხლობს პაციენტთა 80%, ხოლო ხუთ წელს - 75%. ზოგიერთი ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელსაც კი აღწევს. გულის გადანერგვის შემდეგ პაციენტები კარგად იტანენ ფიზიკურ დატვირთვას.

პროფილაქტიკა. ერთი მხრივ, აუცილებელია ძირითადი დაავადების (მაგალითად, გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის) პროფილაქტიკა, მეორე მხრივ - უშუალოდ გულის უკმარისობის პროგრესირებისა და მისი რისკფაქტორების საწინააღმდეგო ღონისძიებები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:29 | შეტყობინება # 140
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დალტონიზმი არის მხედველობის ნაკლი, კერძოდ, ნაწილობრივი ფერითი სიბრმავე, რომლის დროსაც ადამიანი ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს ზოგიერთ ფერს, მეტწილად - წითელსა და მწვანეს. ეს დაავადება პირველად XVIII საუკუნეში აღწერა ინგლისელმა მეცნიერმა დალტონმა, რომელსაც თავად ჰქონდა ეს ნაკლი. სწორედ მისი სახელი დაერქვა დაავადებას. დალტონიზმი მამაკაცთა 8%-სა და ქალების 0,5%-ში გვხვდება.
თვალის ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია ფერთა მიმართ მგრძნობიარე ნერვული უჯრედები, რომლებიც ცილოვანი წარმოშობის სამი ტიპის ფერმგრძნობიარე პიგმენტებს შეიცავს. ერთი ტიპის პიგმენტები მგრძნობიარენი არიან წითელი ფერის მიმართ, მეორენი - მწვანე, მესამე ტიპისანი კი - ლურჯის მიმართ. უფრო სწორად, ისინი მგრძნობიარენი არიან წითლის, მწვანისა და ლურჯი ფერის შესატყვისი სიგრძის ტალღებისადმი. ტვინი ნებისმიერ ფერს ამ სამი ფერის ურთიერთშეხამებით აღიქვამს. ამას ტრიქრომატულ (სამფეროვან) მხედველობას უწოდებენ. სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ამოვარდნის შემთხვევაში ვითარდება ნაწილობრივი ფერითი სიბრმავე ანუ დიქრომაზია. დიქრომაზიის შემთხვევაში ადამიანები ფერებს ძირითადად მათი სიმკვეთრის მიხედვით არჩევენ. ასეთ პირებს ხარისხიანად მხოლოდ თბილი ტონების (წითლის, ნარინჯისფერის, ყვითლის) ცივი ტონებისგან (მწვანისგან, ლურჯისგან, იისფერისგან) გარჩევა შეუძლიათ.
ფერითი სიბრმავისა და დაქვეითებული ფერითი მხედველობის მქონე ადამიანები გარესამყაროს ჩვენგან განსხვებულად აღიქვამენ, მაგრამ ხშირად ვერ ხვდებიან ამას. ეს იმიტომ, რომ დალტონიზის მქონენი ბავშვობიდანვე სწავლობენ მათ გარშემო არსებული საგნების ფერებისთვის საზოგადოდ მიღებული სახელწოდების დარქმევას. მათ გამუდმებით ესმით და იმახსოვრებენ, რომ ბალახი მწვანეა, ცა - ლურჯი, სისხლი - წითელი. გარდა ამისა, შენარჩუნებული აქვთ ფერების სიმკვეთრის მიხედვით გარჩევის უნარიც.
დიქრომატებს შორის განასხვავებენ წითელი ფერისადმი (პროტანოპია) და მწვანე ფერისადმი (დეიტერანოპია) ბრმებს. პროტანოპიის დროს წითელი ფერი უფრო მუქად აღიქმება. ის ერევა მუქ მწვანესა და მუქ ყავისფერს, ხოლო მწვანე - ღია ნაცრისფერს, ღია ყვითელს, ღია ყავისფერს. დეიტერანოპიის დროს მწვანე ფერი ერევა ღია ნარინჯისფერს, ღია ვარდისფერს, წითელი კი - ღია მწვანეს, ღია ყავისფერს. იისფერის მიმართ სიბრმავეს ტრიტანოპია ჰქვია, ძალიან იშვიათია და პრაქტიკულად უმნიშვნელო. ტრიტანოპიის დროს ფერთა სპექტრს მოწითალო ან მომწვანო ელფერი გადაჰკრავს.
არის შემთხვევები, როდესაც შეიმჩნევა მხოლოდ ფერთა შესუსტებული აღქმა - პროტანომალია (წითელი ფერის შესუსტებული აღქმა) და დეიტერანომალია (მწვანე ფერის შესუსტებული აღქმა).
ფერითი სიბრმავე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი ფერითი სიბრმავის ყველა ფორმა მემკვიდრეობითი ბუნებისაა. ამ პათოლოგიური მემკვიდრეობის მატარებლები ქალები არიან.
შეძენილი ფერითი სიბრმავე შეიძლება აღმოცენდეს მხედველობის ორგანოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ფერითი მხედველობის დარღვევებს ავლენენ სპეციალური ცხრილების ან სპექტრული ხელსაწყოების მეშვეობით. დალტონიზმი მკურნალობას არ ექვემდებარება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:29 | შეტყობინება # 141
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დამწვრობას იწვევს ცხელ საგანთან კონტაქტი. საგნის ტემპერატურა და მასთან კონტაქტის ხანგრძლივობა განაპირობებს დამწვრობის ხარისხს.
ყოფა-ცხოვრებაში ყველაზე ხშირად გვხვდება:
ცხელი წყლით დამწვრობა;
ელექტროკონტაქტური დამწვრობა;
ალით დამწვრობა;
ქიმიური დამწვრობა.

ყველაზე რთულია ელექტროკონტაქტური დამწვრობა. იგი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და იწვევს ძლიერ სიმახინჯეებს.
დამწვრობის სიღრმის მიხედვით განასხვავებენ I, II, IIIა, IIIბ და IV ხარისხის დამწვრობით დაზიანებას.
I, II და IIIა ხარისხის დამწვრობაAარსებითად ზედაპირული და¬ზიანებაა, როდესაც ქსოვილები პლასტიკური ოპერაციის გარეშე აღდგება. I, II და IIIა ხარისხის დამწვრობის დროს შენარჩუნებულია ბაზალური შრის უჯრედები (იგი წარმოქმნის საკუთრივ კანს), რომელთა წყალობითაც ხდება დაზიანებული უბნის რეგენერაცია, აღდგენა და კანის საფარველის ხელახალი წარმოქმნა.
IIIბ ხარისხის დამწვრობის დროს დაზიანებულ უბანში კანის ბაზალური შრე ნადგურდება. აქედან გამომდინარე, ვეღარც კანის წარმოქმნა ხორციელდება და მცირეფართობიანი დამწვრობის შემთხვევაშიც კი ჭრილობის დახურვა (ოპერაციის გარეშე) მხოლოდ კიდითი ეპითელიზაციის გზით არის შესაძლებელი, დიდი ფართობის დაზიანებისას კი ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. კიდითი ეპითელიზაციის დროს კანი დაზიანებული უბნის კიდეებიდან ანუ საღი ნაწილიდან იწყებს წამოსვლას და ჭრილობას თანდათან ხურავს, მაგრამ ხდება დანაწიბურება, რასაც არცთუ იშვიათად მოჰყვება დანაწიბურებული უბნის ფუნქციის მოშლა, ქავილი, ტკივილი, ესთეტიკური პრობლემები.
IV ხარისხის დაზიანებას ექიმები დანახშირებას უწოდებენ. ამ დროს ზიანდება კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები, ხშირად ძვლებიც კი. ამგვარ დამწვრობას უმეტესად ელექტროკონტაქტური ტრავმა და ალი იწვევს.
ელექტროკონტაქტური დამწვრობა სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან პირველ საათებში ხშირად ჭირს დემარკაცია - საღ და მკვდარ ქსოვილებს შორის ზღვრის დადგენა. როგორც წესი, ის განსაზღვრული ხნის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.
ელექტროკონტაქტური ტრავმისას სისხლძარღვები, მყესები და ძვლები გამტარის როლს ასრულებს და წრედის შეკვრის შედეგად გამოყოფილი ტემპერატურა დამწვრობას იწვევს. თავდაპირველად ჩანს დანახშირებული ნაწილი, კერძოდ, ელექტროდენის შესვლის (სადენთან კონტაქტის) და გამოსვლის ადგილი. მოგვიანებით დაზიანება დენის გავლის გზაზეც აისახება. ასე რომ, შესაძლოა, ვიზუალურად საღი კანის ქვეშ დანახშირებული კანქვეშა და კუნთოვანი ქსოვილი იყოს. გარდა ამისა, იქმნება პრობლემა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. გულის მუშაობა პარკუჭებისა და წინაგულების მონაცვლეობითი შეკუმშვა-მოდუნებაა. მათ რიტმს ელექტრული იმპულსები არეგულირებს. მაღალი ძაბვის დენის გავლის შემთხვევაში გულის რიტმი ირღვევა. პირველი 72 საათის მანძილზე დიდია ფიბრილაციის განვითარების - პარკუჭებისა და წინაგულების უსისტემო შეკუმშვა-მოდუნების - საფრთხე. ამ პროცესის დაფიქსირება და დეფიბრილატორის საშუალებით რეგულირება მხოლოდ სტაციონარშია შესაძლებელი. დენის დარტყმის დროს სიკვდილის მიზეზიც სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სუნთქვის ცენტრის დამბლაა.
დამწვრობითი დაავადების მიმდინარეობა უპირატესად ასაკზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პირებთან შედარებით ბავშვებსა და მოხუცებში დამწვრობა ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს და სიკვდილიანობაც მაღალია. ჩვილ ბავშვებში ხშირია წყლითა და ცხელი საკვებით დამწვრობა. გასათვალისწინებელია, რომ ჩვილებს თერმორეგულაცია მოუწესრიგებელი აქვთ, ამიტომ იმან, რაც მოზრდილ ადამიანს ცხლად არ ეჩვენება, პაწიებში შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ამ ასაკში კანის რეგენერაციის უნარი ძალიან მაღალია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:29 | შეტყობინება # 142
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დამწვრობის სირთულეს დაზიანებული უბნის ფართობი და დაზიანების სიღრმე განსაზღვრავს. არსებობს ე.წ ფრანკის ინდექსი, რომელიც, დამწვრობითი დაავადების ხარისხისა და ფართობის გათვალისწინებით, მოზრდილებში ერთგვარი პროგნოზირების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელში ასაკი გათვალისწინებული არ არის, ის მეტ-ნაკლებად მაინც გვიქმნის წარმოდგენას დამწვრობითი დაავადების სავარაუდო შედეგზე. ფრანკის ინდექსი გამოითვლება სპეციალური ფორმულით, რომელიც ღრმა დამწვრობის ფართობისა და ზედაპირული დამწვრობის ფართობის ჯამს წარმოადგენს. არც ღრმა, არც ზედაპირული დამწვრობა დამოუკიდებლად არ ვითარდება, ისინი მეტწილად კომბინირებულად გვხვდება.
დამწვრობითი შოკი. დამწვრობითი შოკი საკმაოდ განსხვავდება სხვა სახის შოკური მდგომარეობებისგან. ადამიანი ასიდან 99 შემთხვევაში გონზეა, ადეკვატურია, შემაწუხებელ, ძლიერ ტკივილს იშვიათად განიცდის, წნევაც ნორმალური აქვს, მაგრამ უმძიმეს შოკშია.
დამწვრობითი შოკის დროს ტკივილის არარსებობის მიზეზი ცნობილია: როდესაც ტკივილი მეტისმეტად ძლიერია, ირთვება თავდაცვითი მექანიზმი და ქერქქვეშა უბნები ითიშება, ამასთანავე, ღრმა დამწვრობისას ტკივილის აღმქმელი რეცეპტორებიც იღუპება, ამიტომ ადამიანი ტკივილს ვერ შეიგრძნობს. ამის კვალობაზე, მძიმე დამწვრობისას ტკივილის არარსებობა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. პირიქით, იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა გადაუდებელი, კვალიფიციური დახმარება.
შოკი დამწვრობითი დაავადების პირველი ფაზაა. ინტენსიური თერაპიის საშუალებით ადამიანი შოკიდან გამოდის. ამის შემდეგ ვითარდება მეორე, ტოქსემიის ფაზა. ამ დროს ხდება დაზიანებული ქსოვილების გახრწნა, შეწოვა და ამით განპირობებული მძიმე ინტოქსიკაცია. მომდევნოა სეპტიკოტოქსემიის ფაზა. იგი სეფსისის მსგავს სურათს იძლევა. განსხვავებას ავლენს მხოლოდ ანალიზი - სისხლში ბაქტერიების ტიტრი სეფსისის დროს უფრო მაღალია.
შოკის დროს მიმართავენ ინტენსიურ თერაპიას, უმთავრესად - ტრანსფუზიას (სითხეების გადასხმას). შოკის დროს ადგილი აქვს მძიმე ჰიპოვოლემიას - ორგანიზმი კარგავს დიდი ოდენობის სითხეს, რასაც ბიოქიმიური ძვრების მთელი წყება მოჰყვება, ამიტომ დაკარგული სითხის მარაგის შევსება აუცილებელია.
პირველი ნიშანი იმისა, რომ ავადმყოფი შოკიდან გამოდის, არის თირკმელთა ფუნქციის იმ დონეზე აღდგენა, როდესაც საათობრივი დიურეზი აღწევს 70-80 მლ/სთ-ს (საათში გამოიყოფა 70-80 მლ შარდი) და სხეულის ტემპერატურა 37,5-38 გრადუსამდე იმატებს (შოკის დროს მიკროცირკულაციის დარღვევის გამო ტემპერატურა შესაძლოა 34 გრადუსამდეც კი დაეცეს).
შოკში მყოფის საფუძვლიანი ქირურგიული დამუშავება არ არის რეკომენდებული - ეს მას კიდევ უფრო ძლიერ ტრავმას მიაყენებს.
შოკიდან გამოსვლისთანავე იწყება ადგილობრივი მკურნალობა.
ტოქსემიის ფაზაში ძირითადად ბაქტერიებთან ბრძოლა მიმდინარეობს. ავადმყოფს ენიშნება ანტიბიოტიკები, მიკროცირკულაციის აღმდგენი საშუალებები, ვიტამინები და სხვა.
დამწვრობისას დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. ავადმყოფმა ჩვეულებრივზე მეტი კალორია უნდა მიიღოს. ამისთვის მიმართავენ მაღალკალორიული სითხეების გადასხმას, ზონდურ კვებას, უნიშნავენ მაღალკალორიულ დიეტას.
დამწვრობიდან 15-16 დღის შემდეგ ხერხდება დაზიანებული უბნების პლასტიკური ოპერაციისთვის მომზადება - მკვდარი ქსოვილის მოშორება და სპეციალური დამუშავება.

პირველი დახმარება ქიმიური დამწვრობის დროს. ქიმიური დამწვრობა არცთუ ისე ხშირი, მაგრამ საკმაოდ მძიმეა. უცნობი ქიმიური საშუალებით დამწვრობისას დაშავებულს უნდა გავხადოთ ტანსაცმელი, რომელზეც დაესხა ქიმიური ნივთიერება, შემდეგ დამწვარი უბანი კარგად ჩამოვიბანოთ ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით და გადავუხვიოთ სტერილური ქსოვილით. თუ ტკივილი აუტანელია, შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიცემაც. შემდეგ კი დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
პირველი დახმარება თერმული დამწვრობის დროს. თუ დაზიანებული უბანი არც ისე დიდია, საუკეთესო გზაა მისი ცივი წყლით გაგრილება. როდესაც დაზიანება დიდ ფართობს მოიცავს, სჯობს, პაციენტი გავახვიოთ სუფთა ტილოში (მაგალითად, უთოთი დამუშავებულ ზეწარში) და სასწრაფოდ გადავიყვანოთ სტაციონარში.
დამწვრობისას ზეთის წასმა დაუშვებელია - იგი ჰაერგაუმტარ შრეს ქმნის, ხელს უშლის ტემპერატურის გაცემას და დამწვრობას კიდევ უფრო აღრმავებს. სპირტი, პირიქით, ხელს უწყობს აორთქლებას და კარგია, მაგრამ მისი წასმა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, თორემ საშინელ ტკივილს გამოიწვევს.
თუ ზედაპირული დამწვრობა 0,5%-ს არ აღემატება (კანის საერთო ფართობის 1% დაახლოებით ხელისგულისოდენაა), ის შეიძლება დამოუკიდებლად დავამუშაოთ რივანოლით და სტერილური დოლბანდით გადავახვიოთ - ორგანიზმი დაზიანებას თვითონვე მოერევა, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც სასურველია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:30 | შეტყობინება # 143
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დატილიანება ანუ პედიკულოზი არის კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ტილი იწვევს.
ტილი სისხლისმწოველი მწერია, რომელიც ადვილად გადადის ერთი ადამიანისგან მეორეზე. ბუნებაში ტილის 150-მდე სახეობა არსებობს, მაგრამ ისინი მკაცრად სპეციფიკური პარაზიტები არიან და ცხოველთა განსაზღვრულ სახეობებში პარაზიტობენ. ადამიანს ტილი მხოლოდ სხვა ადამიანისგან შეიძლება გადაედოს და არა კატისა თუ ზღვის გოჭისგან.
ცნობილია ადამიანის სამგვარი ტილი: თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის.
თავის ტილი არის 2-4 მმ სიგრძის მორუხო-მოთეთრო ფერის პარაზიტი. იგი ბინადრობს ადამიანის თავის თმიან ნაწილში, უპირატესად - კეფასა და საფეთქლებზე, სადაც აღინიშნება ქავილი და კანის შეწითლება. შესაძლოა, წარბებსა და წამწამებზეც გადავიდეს. ტილი დებს მორუხო-მოთეთრო ფერის კვერცხებს (წილებს), რომლებიც მჭიდროდ არის მიმაგრებული თმის ღერებზე.
ტანსაცმლის ტილი თავის ტილს წააგავს. ის ტანსაცმლის ნაოჭებში ბუდობს და ადამიანის კანზე საკვებისთვის გადადის, ამიტომ კანის დაზიანება უმეტესად ტანსაცმლის ტანზე შეხების ადგილას - კისერზე, წელის მიდამოში შეიმჩნევა. ხანგრძლივი დატილიანების შემთხვევაში კანი უხეშდება, სქელდება, ნაცრისფერდება და ადამიანს ქავილი ისე აღარ აწუხებს.
ბოქვენის ტილი პაწაწინა (1-1,5 მმ სიგრძის) მოყვითალო-მორუხო პარაზიტია. იგი პარაზიტობს სასქესო ორგანოების თმიან ნაწილზე, ზოგჯერ იბუდებს იღლიის ფოსოში, თეძოზე, მუცელზე, ანუსის არეში - სწორედ აქ მდებარეობს სასქესო ჯიკვლების უმრავლესობა, რომლებზეც არის ორიენტირებული ბოქვენის ტილის სპეციფიკური ყნოსვა. იგი არასდროს პარაზიტობს თავზე.

გავრცელების გზები. ტილი არც ხტუნავს და არ დაფრინავს, ის დაღოღავს, თუმცა საკმაოდ მკვირცხლად, ამიტომ დატილიანება უმეტესად უშუალო კონტაქტის შედეგად ხდება. ბავშვები, როგორც წესი, თავშეყრის ადგილებში (სკოლებში, ბაღებში) ტილიანდებიან - გარდა უშუალო კონტაქტისა, ისინი ხშირად იყენებენ ერთმანეთის სავარცხლებს, ცვლიან ქუდებს, იძინებენ სხვის ბალიშზე. გარდა ამისა, პედიკულოზი ადამიანს შეიძლება დაემართოს საპარიკმახეროში, სასტუმროში, მატარებელში, საავადმყოფოში, აბანოში, აუზზე.
ჯანმრთელ ადამიანს ტანსაცმლის ტილი მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტის შედეგად გადაედება. ტილი ბინძური ტანსაცმლისა და თეთრეულის საშუალებით ვრცელდება.
ბოქვენის ტილი ზრდასრულ ადამიანს უმეტესად სქესობრივი აქტის დროს, იშვიათად - თეთრეულის მეშვეობით გადაედება. ბავშვებში ბოქვენის ტილი იშვიათია (გადაედება თეთრეულიდან). ამ დროს პარაზიტი წარბებზე, წამწამებზე და თავის თმიან ნაწილში იბუდებს.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ადამიანის სხეულზე ტილის მოხვედრის წუთიდან პედიკულოზის პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლოა რამდენიმე კვირა გავიდეს. კანის თმიან ნაწილზე მოხვედრის შემდეგ ტილი ებღაუჭება თმას, ხორთუმს კანში ასობს და სისხლის წოვას იწყებს. ტილის ნერწყვი კანს აღიზიანებს. ჩნდება მქავანა ლაქა ან კვანძი. მუცლის კანზე შესაძლოა გაჩნდეს მოლურჯო ლაქები, ბოქვენის ტილის ნაკბენ ადგილას ჩნდება ლურჯი ლაქები. ზოგჯერ ქვედა საცვალზე მოწითალო წერტილები შეიმჩნევა - ეს პარაზიტის მიერ დატოვებული გამონადენია. როდესაც ქავილი ძლიერია, ჩნდება ნაკაწრები, ანთებითი კერა ფართოვდება, წარმოიქმნება წყლულები, ქერქი და ქერცლი. ნაკაწრიდან შეიძლება შეიჭრას ინფექცია და პატარა ჩირქგროვა გაჩნდეს.
ტილის კვერცხები, წილები, ისე მჭიდროდ ეკვრის თმას, რომ წყლით მათი ჩამორეცხვა შეუძლებელია. რამდენიმე კვირის შემდეგ წილებიდან ახალი ტილები იჩეკებიან.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პედიკულოზზე უნდა შემოწმდეს ყველა პირი, ვინც კი სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართავს, ასევე - სკოლისა და ბაგა-ბაღის მოსწავლეები. დათვალიერებისას ტილების დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. სისხლის ამოწოვის შემდეგ მწერი უკეთ შესამჩნევი ხდება.

მკურნალობა. ტილები ერთდროულად უნდა განადგურდეს თმაში, ტანზე, ბოქვენსა და ტანსაცმელზე. ბოქვენის პედიკულოზის დროს სქესობრივმა პარტნიორმაც უნდა იმკურნალოს. პარაზიტების განადგურების მიზნით დატილიანებულ უბანს სპეციალური საშუალებებით (ნიტიფორით, პედილინით) ამუშავებენ. მას უსვამენ და 10-15 წუთს ტოვებენ, შემდეგ კი ამ ადგილს ცხელი წყლითა და საპნით ბანენ.
ტანსაცმლის პედიკულოზის დროს საკმარისია ხშირი ბანა საპნით, თეთრეულის ხშირი ცვლა და მისი დეზინფექცია.
ბოქვენის პედიკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება ვერცხლისწყლის მალამო ან ბენზილბენზოლის 20%-იანი ემულსია. ეფექტურია ბოქვენიდან თმის მოშორება.

შინაური საშუალებები
ტილების მოსაშორებლად ბავშვს თავზე კულმუხოს ან თამბაქოს ნახარში უნდა გადავავლოთ.
ვიღებთ 1 წილ ოხრახუშის დაფქულ თესლს და 4 წილ ვაზელინს, ვურევთ ერთმანეთში, ვიზელთ თმის ძირებში და წმინდა სავარცხლით ვივარცხნით.
ვიღებთ 45 გრამ სუფრის მარილს, ვხსნით 1 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარში და ვამატებთ ცოტაოდენ სპირტს. ბავშვს ბამბის ტამპონით ვუსვამთ თმის ძირებში, 1 საათით შევუფუთავთ თავს და შემდეგ ჩამოვბანთ.
წმინდა სავარცხელზე ჩამოვაცვამთ ბინტს, ძმრისა და არყის ნარევში ვასველებთ და ბავშვს თმას ვვარცხნით. სავარცხელს ადვილად მოჰყვება ტილები და წილები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:30 | შეტყობინება # 144
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაუნის სინდრომი განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა, რომელიც გონებრივი ჩამორჩენილობით, ძვლების ზრდის დარღვევითა და სხვა ფიზიკური ანომალიებით ვლინდება. ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა, თუმცა სრული იდიოტიზმი არასდროს ვითარდება.
დაუნის სინდრომით დაავადებულები ინარჩუნებენ ნაყოფის განვითარების ადრეული სტადიისთვის ნიშანდობლივ ფიზიკურ თვისებებს, მათ შორის - თვალის ვიწრო ნაპრალს, რაც ადამიანს მონგოლოიდური რასისთვის დამახასიათებელ გარეგნობას სძენს. 1866 წელს ლ. დაუნმა სწორედ ამ ნიშნის საფუძველზე უწოდა დაავადებას მონგოლიზმი და განავრცო რასული რეგრესიის მცდარი თეორია. სინამდვილეში დაუნის სინდრომი რასობრივ თავისებურებებთან არ არის დაკავშირებული და ყველა ერის წარმომადგენლებს შორის გვხვდება.
დაუნის სინდრომით დაავადებულს აქვს დამახასიათებელი გარეგნობა: ბრტყელი კეფა, ფართო ცხვირის ძვალი, პატარა ყურები, თვალის ირიბი ჭრილი, ნახევრად ღია პირი, კბილების ანომალია. თითები - მოკლე და მსუქანი, ნეკი - შედარებით პატარა და შიგნით მოხრილი, მტევანსა და ტერფზე პირველ და მეორე თითებს შორის მანძილი გაზრდილია, კიდურები მოკლეა, სხეულის სიმაღლე - ნორმაზე ნაკლები. ამასთან ერთად, აღინიშნება კუნთების გამოხატული ჰიპოტონია, ხშირია გულის მანკი და ადრეული სიმელოტე, მომატებულია ინფექციური და სიმსივნური დაავადების (ლეიკოზები) განვითარების რისკი. დაუნის დაავადების დროს ავადმყოფებს სასქესო ნიშნები სუსტად აქვთ განვითარებული და მათ უმრავლესობას შთამომავლობა არ ჰყავს. დაუნის დაავადების დროს ინტელექტი ზომიერ გონებრივ ჩამორჩენილობამდეა დაქვეითებული. ზრდასრული ავადმყოფების გონებრივი განვითარების დონე შვიდი წლის ბავშვისას არ აღემატება.

დაუნის სინდრომის შესაძლო მიზეზებს შორის უამრავ ფაქტორს განიხილავდნენ. ამჟამად დადგენილია, რომ დაავადების საფუძველს ქრომოსომის ანომალია წარმოადგენს: ამ დარღვევის მქონე პირებს 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვთ. ზედმეტი ქრომოსომა უჯრედების მომწიფების დარღვევის გამო წარმოიქმნება.
ნორმაში უმწიფარი სასქესო უჯრედების დაყოფისას ქრომოსომული წყვილები ერთმანეთს სცილდება და თითოეული მწიფე სასქესო უჯრედი 23 ქრომოსომას იღებს. განაყოფიერებისას ანუ დედისეული და მამისეული უჯრედების შერწყმისას ქრომოსომების ნორმალური ნაკრები აღდგება. დაუნის სინდრომის საფუძველია ერთ-ერთი (21-ე) ქრომოსომული წყვილის დაუშლელობა. შედეგად ბავშვს უჩნდება ზედმეტი (მესამე) 21-ე ქრომოსომა. ამ მდგომარეობას ქრომოსომების 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომს უმეტესად სწორედ ამ ტიპის ტრისომია ახასიათებს. ძალზე იშვიათია სხვა ქრომოსომების ანომალია.
ქრომოსომული წყვილის დაუშლელობის მიზეზი უმეტესად დედის ასაკია. დიდი ხანია ცნობილია, რომ დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვის დაბადების ალბათობა დედის ასაკთან ერთად იმატებს. ამასთანავე, დადგენილია, რომ თუ დაუნის სინდრომი აქვს ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ერთ-ერთ ტყუპისცალს, მეორეც დაავადებული იქნება. სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპისა და და-ძმის შემთხვევაში ასეთი თანხვედრის ალბათობა ნაკლებია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დაავადების ქრომოსომულ წარმომავლობას, თუმცა დაუნის სინდრომი მემკვიდრეობით დაავადებად მაინც ვერ ჩაითვლება, ვინაიდან დეფექტური გენი თაობისგან თაობას კი არ გადაეცემა, არამედ რეპროდუქციის პროცესში ვითარდება.

ცდილობენ დაუნის სინდრომის მკურნალობას ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჰორმონებით, მაგრამ ეს მეთოდი ჯერ დამუშავების სტადიაშია. დაუნის სინდრომით დაავადებულებს, ისევე როგორც გონებრივად ჩამორჩენილ სხვა ბავშვებს, სჭირდებათ ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ჩვევების, მოძრაობის, მეტყველებისა და სხვა მარტივი ფუნქციების სწავლება და კორექცია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:30 | შეტყობინება # 145
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ყელში გაჭედილმა ან სასუნთქ გზებში მოხვედრილმა უცხო სხეულმა, რომელიც ხელს უშლის ჰაერის ფილტვებში გადასვლას და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას, შესაძლოა, დახრჩობა გამოიწვიოს. ეს უცხო სხეული შეიძლება იყოს საკვები, სითხე, პირნაღები მასა, ენა და სასუნთქ გზებში გაჭედილი ნებისმიერი მცირე ზომის საგანი.
სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას პირველი სიმპტომია მწვავე, შეტევითი ხასიათის ხველა. ადამიანი შფოთავს, ხელები ყელთან მიაქვს, სუნთქვა და მეტყველება თანდათან უსუსტდება და შესაძლოა, შეუწყდეს კიდეც, ხრიალებს, ლურჯდება. მოსალოდნელია კრუნჩხვა და გულის წასვლა.

პირველი დახმარება უცხო სხეულით დახრჩობის დროს. თუ ადამიანი ახველებს, ხელი არ შეუშალოთ, რადგან ხველა უცხო სხეულის სასუნთქი გზებიდან ამოგდების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუ არ ახველებს, აუცილებლად გაუწიეთ დახმარება: უკან დაუდექით, ხელები წელზე შემოხვიეთ, ცალი ხელი მომუჭეთ და ისე მიადეთ კუჭის ზემოთ, რომ ცერი შიგნით მოხვდეს, მეორე კი მუშტს მჭიდროდ შემოაჭდეთ და მკვეთრი მოძრაობით მიაწექით დაზარალებულს შიგნით და ზევით. ეს მოძრაობა გაიმეორეთ 5-ჯერ, მკვეთრად და რიტმულად. შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ, ვიდრე უცხო სხეული არ ამოვარდება. ბავშვებზე ასეთი ბიძგები შედარებით მსუბუქად უნდა განხორციელდეს. თუ დაზარალებულმა გონება დაკარგა, ზეწოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ ადამიანი უცხო სხეულით იხრჩობა, ახლომახლო კი არავინ არის, ზემოთ აღწერილი მანევრი თვითონ უნდა ჩაიტაროს: ზემოთ მითითებულ წერტილს საკუთარი მუშტით რამდენიმეჯერ მიაწვეს ან მუცლით გადააწვეს მყარ საგანს (სკამის საზურგეს) და რამდენიმე მკვეთრი, ბიძგისებური მოძრაობა გააკეთოს.
წყალში დახრჩობა. წყალში დახრჩობისას სიკვდილის მიზეზი ყოველთვის სასუნთქი გზების დახშობა არ არის - შესაძლოა, სიკვდილი გულის გაჩერებამ ან წყალში დიდხანს ყოფნით გამოწვეულმა ჰიპოთერმიამ განაპირობოს. არის შემთხვევები, როდესაც დახრჩობა შიშისგან სუნთქვის რეფლექსური გაჩერებით არის გამოწვეული.
სწრაფი დახრჩობისას ხდება ზედა სასუნთქი გზების სპაზმი და ფილტვები ვერ ასწრებს წყლით ავსებას, კანი ფერმკრთალია, ზედა სასუნთქი გზებიდან ქაფიანი გამონადენი არ აღინიშნება.
შედარებით ნელი დახრჩობისას ხდება ფილტვებით წყლის ასპირაცია. ასეთ შემთხვევაში კანი ციანოზურია, ვენები - დაბერილი, პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა ქაფიანი მასა.
დახრჩობისას კლინიკური სიკვდილი 3 წუთში დგება, ამიტომ ხელოვნური სუნთქვა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, გულის გაჩერების შემთხვევაში კი სასწრაფოდ გაკეთდეს გულის მასაჟი.
როგორც კი დაზარალებულს ნაპირზე გამოიყვანენ, მყისვე უნდა ჩატარდეს მანიპულაცია კუჭის წყლისგან დასაცლელად: დაზარალებულს აბრუნებენ გვერდზე (ან გადაიწვენენ მუხლებზე), სწრაფად და საგულდაგულოდ უთავისუფლებენ პირის ღრუსა და ცხვირს ლორწოს, ქვიშის, სილისა და პინაღები მასებისგან, შემდეგ ბიძგისებურად აწვებიან მკერდის ძვლის ქვემოთ.
თუ გული გაჩერებული არ არის, ატარებენ მხოლოდ ხელოვნურ სუნთქვას, გულის გაჩერების შემთხვევაში კი ერთდროულად უნდა ჩატარდეს გულ-ფილტვის მასაჟი - გულის არეში ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელებით 4 ზეწოლა და შემდეგ ერთი ჩაბერვა პირში. ეს პროცედურა პულსის გაჩენამდე და სუნთქვის აღდგენამდე გრძელდება.
მტკნარ (მდინარის, ტბის) წყალში დახჩობისას წყალი ქვედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად შეიწოვება სისხლში, ამიტომ ტრაქეისა და ბრონქების წყლისგან დაცლაზე დრო არ დაკარგოთ, პირდაპირ სუნთქვისა და გულის მუშაობის აღსადგენ ღონისძიებებს შეუდექით.
მარილიან (ზღვის) წყალში დახრჩობისას სასუნთქი გზები შეიძლება წყლით იყოს გადავსებული, რაც ხელოვნურ სუნთქვას ხელს შეუშლის, ამიტომ ნაყლაპი სითხის ამოსაღებად დაზარალებულს სწრაფად კიდებენ თავქვე.
ცივ წყალში დახრჩობისას ვლინდება ჰიპოთერმიის ეფექტი: მცირდება ნივთიერებათა და ჟანგბადის ცვლა, რის გამოც კლინიკური სიკვდილის დრო იმდენად ხანგრძლივდება, რომ სარეანიმაციო ღონისძიებები წყალში დიდხანს ყოფნის შემდეგაც კი ეფექტურია.
გახსოვდეთ: პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიც რომ იყოს, მაინც უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან სასუნთქ გზებსა და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო შესაძლოა მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუარესდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:30 | შეტყობინება # 146
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება. ხშირად დაავადება პროგრესირებს, თან სდევს სოციალური დეზადაპტაცია და შესაძლოა, დაინვალიდებაც გამოიწვიოს. დემენცია უპირატესად ასაკოვან პირებს შორის არის გავრცელებული.
არსებობს დემენციის რამდენიმე კლასიფიკაცია. უნდა ითქვას, რომ ეს პათოლოგიური მდგომარეობა თავისი არსით წარმოადგენს არა დამოუ¬კიდებელ დაავადებას, არამედ სხვა დაავადების სიმპტომს. ამის კვალობაზე, გამოყოფენ:
ნევროლოგიურ და სისხლძარღვოვან დაავადებასთან (მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადებასთან ან თავის ტვინის ათეროსკლეროზთან) დაკავშირებულ დემენციას;
შინაგანი ორგანოების დაავადების (მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის) შედეგად აღმოცენებულ დემენციას;
ინტოქსიკაციით (მაგალითად, ალკოჰოლით, დარიშხნით, აზოტის ნარევებით მოწამვლით) განპირობებულ დემენციას.

მოხუცებულებში დემენციის მიზეზი ხშირად წამლების ხანგრძლივი გამოყენებაა. ჩვეულებრივ, ასეთი რამ შეიმჩნევა რამდენიმე პრეპარატის ერთდროულად, თანაც არაადეკვატურად დიდი დოზით მოხმარებისას. ასეთი დემენცია შექცევადია - წამლების მოხსნის შემდეგ გაივლის. ინტელექტისა და მახსოვრობის დროებითი შესუსტება ყველაზე ხშირად საძილე საშუალებებით, ანტიდეპრესანტებით, ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული პრეპარატებით არის განპირობებული.

დემენციის სიმპტომები სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია იმ დაავადებაზე, რომლის ფონზეც განვითარდა. წესისამებრ, თავდაპირველად ვლინდება აქტიურობის, ინტელექტის დაქვეითება, აპათია, ავადმყოფი დამოკიდებული ხდება ახლობლებზე. ინტელექტის დაქვეითებისა და ინტერესთა სფეროს შეზღუდვის (ან უქონლობის) ფონზე იმატებს დაუდევრობა და საკუთარი თავის მოვლის უუნარობა. ძლიერდება გულმავიწყობა, ზოგჯერ ავადმყოფს ახლობლების სახელებიც კი აღარ ახსოვს, ავიწყდება მათი გარეგნობა, ვეღარ იხსენებს, ისაუზმა თუ არა, კვირის რომელი დღეა და ა.შ. მოსალოდნელია მეტყველების, ანგარიშისა და წერის უნარის მოშლა. ავადმყოფს ეშლება სიტყვები, მარცვლებს ადგილს უცვლის, ზოგჯერ დამოუკიდებლად მეტყველება უჭირს და მხოლოდ სხვის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს იმეორებს. შესაძლოა, ემოციური სფეროც დაირღვეს. მაგალითად, ზოგიერთ ავადმყოფს არ შეუძლია სიხარულისა და დარდის განცდა, ჰგავს რეალობიდან მოწყვეტილს, ზოგიერთი კი ზედმეტ და უადგილო ემოციას გამოხატავს. აზროვნებისა და ემოციის დარღვევების ფონზე შესაძლოა თავი იჩინოს ბოდვამ და ჰალუცინაციამ.

მკურნალობა. დემენციის მკურნალობა მჭიდროდ უკავშირდება მისი წარმომავლობის დიაგნოსტირებას, შემდეგ კი ძირითადი დაავადების მკურნალობას. უნდა გვახსოვდეს, რომ შემეცნებითი ფუნქციის ზოგიერთი დარღვევა (მაგალითად, ათეროსკლეროზის, ალკოჰოლური დემენციის, ღვიძლის დაავადებების დროს) შესაძლოა აღმოიფხვრას სწორად შერჩეული დიეტისა და ცხოვრების წესის შედეგად.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:30 | შეტყობინება # 147
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დემოდეკოზი დაავადებაა, რომელსაც პირობითპათოგენური ტკიპა დემოდექსი იწვევს. პარაზიტი ხშირად ლოკალიზდება ქუთუთოებსა და სახის კანზე და იწვევს თვალის სპეციფიკურ დაავადებას - დემოდეკოზურ ბლეფარიტსა და ბლეფაროკონიუნქტივიტს. დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი გენეზის კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის დროს. განსაკუთრებით დამახასიათებელია ნადების გაჩენა ქუთუთოების კიდეზე, წამწამების ცვენა. დიაგნოზი ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დაისმის. ავადმყოფს ორივე თვალის როგორც ზემო, ისე ქვემო ქუთუთოებიდან რამდენიმე წამწამს აცლიან და მიკროსკოპით ათვალიერებენ.

მკურნალობა. დემოდეკოზის მკურნალობა ხანგრძლივია. ქუთუთოებს ამუშავებენ და პარაზიტის საწინააღმდეგო სპეციალურ მალამოებს უსვამენ. პარალელურად მიმდინარეობს კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის საწინააღმდეგო მკურნალობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:31 | შეტყობინება # 148
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დეპრესია (ლათ. დეპრესსიო - დათრგუნვა) შესაძლოა განვითარდეს როგორც ტრავმული მოვლენის საპასუხო რეაქცია ან მუდმივი სტრესის შედეგი; შესაძლოა, რაიმე აშკარა მიზეზი არც კი ჰქონდეს. არსებობს პათოლოგიური დეპრესიაც, რომელიც ერთ-ერთ ფსიქიატრიულ სინდრომს წარმოადგენს.
დეპრესიის ტიპური გამოვლინებაა:
უგუნებობა. ადამიანს იპყრობს მძიმე და მტანჯველი განცდები, შფოთვა, ნაღველი;
საქმის მეორე დღისთვის გადატანა, უხალისობა და გულგრილობა. ადამიანს აღარ ახარებს ის, რაც ადრე ახალისებდა (სამუშაო, გართობა, საზოგადოება, საყვარელი საჭმელი და ა.შ.). ის აპათიურია, მოთენთილი, არ სურს არაფრის კეთება, ვერც საამისო ენერგიას გრძნობს;
ადვილად დაღლა და გამოფიტვა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. დაავადებულს ერთი სული აქვს, თავი დააღწიოს ყოველგვარ ვალდებულებას და დაისვენოს, მაგრამ დასვენება მდგომარეობას არ აუმჯობესებს.
ამ სიმპტომებთან ერთად დეპრესიას ახასიათებს:
კონცენტრირების უნარის დაქვეითება, გონებაგაფანტულობა. ადამიანს უჭირს საუბრის არსის წვდომა, წაკითხულიდან ვერ გამოაქვს შინაარსი და ა.შ.;
არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდა, თვითშეფასების უნარის მკვეთრი დაქვეითება;
წარსულსა და მომავალზე აზრის შეცვლა. ასეთ ადამიანებს წარსული უაზრო ეჩვენებათ, მომავალი კი უპერსპექტივო და უიმედო;
თვითმკვლელობაზე ფიქრი;
საზოგადოებისგან თვითიზოლაცია:
ძილის დარღვევა: ძნელად დაძინება, მეტისმეტად ადრე გაღვიძება ან, პირიქით, ძილიანობა. ავადმყოფი ახალგაღვიძებულიც კი გამოუძინებლობას, დაღლილობის შეგრძნებას უჩივის;
უმადობა, საჭმლის ზიზღი;
მღელვარება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსალოდნელია ზურგის, გულის, თავის ტკივილი ორგანული მიზეზების გარეშე.

მკურნალობა. დეპრესიის დროს ადამიანს სჭირდება პროფესიონალური დახმარება. დროული ჩარევის გარეშე დეპრესია პროგრესირებს და შესაძლოა, ადამიანს დიდი ხნით დააკარგვინოს ემოციური წონასწორობა, საგრძნობლად გააუარესოს მისი ცხოვრების ხარისხი. დეპრესიის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფსიქოთერაპიას. მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია მედიკამენტური ჩარევაც. მედიკამენტების შერჩევა ფსიქიატრის პრეროგატივაა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:31 | შეტყობინება # 149
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დერმატიტი არის კანის ანთებითი რეაქცია მასზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის მიმართ. განასხვავებენ კონტაქტურ დერმატიტსა და ტოქსიდერმიას. ამავე ჯგუფს მიაკუთვნებენ კანის ისეთ დაავადებებსაც, როგორიც არის სებორეული დერმატიტი (ქერტლი, ფერიმჭამელები, აკნე, მუწუკი და ა.შ.), ატოპიური დერმატიტი (ნეიროდერმატიტი), ჰერპესული დერმატიტი, ეგზემა.
დერმატიტი უმეტესად ხანმოკლეა და გამოწვეულია ამა თუ იმ ცნობილი მიზეზით ან მიზეზებით. ეს მიზეზი ან მიზეზები შეიძლება იყოს ენდოგენური (კონსტიტუციური) ან ეგზოგენური (კონტაქტური) და გამოიწვიოს დაავადება როგორც კანზე უშუალო ზემოქმედებით, ისე სისხლსა და ორგანიზმში შეღწევის გზით. პირველ შემთხვევაში კონტაქტურ დერმატიტზე ლაპარაკობენ, მეორეში - ტოქსიდერმიაზე.
დერმატიტი შეიძლება გართულდეს ბაქტერიული (მაგალითად, სტაფილოკოკური) ინფექციით.

უბრალო კონტაქტური დერმატიტი. უბრალო კონტაქტური დერმატიტი შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. მწვავე დერმატიტი აღმოცენდება გამღიზიანებელთან კონტაქტისთანავე და მისი მოქმედების შეწყვეტის უმალ ცხრება. ქრონიკული ფორმა ვითარდება გამომწვევთან განმეორებითი კონტაქტის შემდეგ, გრძელდება ხანგრძლივად და მიმდინარეობს გამწვავებებით. უბრალო კონტაქტურ დერმატიტს იწვევს ქიმიური და ფიზიკური გამღიზიანებლების მთელი წყება: გამხსნელები, მჟავები და ტუტეები, ზოგიერთი მცენარე (მათ შორის - ჭინჭარი), ასევე - ძლიერი ზეწოლა, სხივური და თერმული ზემოქმედება.
უბრალო კონტაქტური დერმატიტის მაგალითია შხამიან სუროსთან კონტაქტის შემდეგ განვითარებული დერმატიტი, როდესაც კანზე ჩნდება ძლიერ მქავანა წითელი ბებერა. გამღიზიანებელთან კონტაქტი კონტაქტური დერმატიტის გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციის შედეგია - როცა კანზე მოხვედრილ ალერგენს ეპიდერმისის განსაკუთრებული უჯრედები `იჭერენ~, სადაც ის ნაწილობრივ გარდაიქმნება, აღწევს ლიმფურ კვანძებამდე და ხვდება იმუნური სისტემის უჯრედებს (თ ლიმფოციტებს), რის შემდეგაც ამოქმედდება ორგანიზმის თავდაცვითი სისტემა, კანი კი ამ ალერგენის მიმართ ზემგრძნობიარე ხდება.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სიმპტომები ვლინდება გამღიზიანებელთან კავშირიდან ერთი ან რამდენიმე კვირის შემდეგ და ლოკალიზდება ალერგენთან კანის უშუალო კონტაქტის ადგილას. ალერგენი შეიძლება იყოს ფორმალდეჰიდი, ქიმიკატი, მცენარის მტვერი და სხვა. დაავადების სიმპტომებია კანის მკვეთრი შეწითლება, ერითემა მკვეთრი შეშუპებით, ბუშტუკები და ბუშტები, რომლებიც იხსნება და ტოვებს სველ ეროზიას.
ალერგიული დერმატიტის აღმოცენება და განვითარება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის მომატებული ორგანიზმის მგრძნობელობა და როგორია პაციენტის მემკვიდრეობითი განწყობა ალერგიული რეაქციების მიმართ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:31 | შეტყობინება # 150
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მკურნალობა. მკურნალობა ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს გამოკვლევის საფუძველზე. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი მოქმედების პრეპარატები.
ტოქსიდერმია კანის დაზიანებაა, რომელიც აღმოცენდება ალერგენებისა და ტოქსიკური ნივთიერებების (ქიმიური აგენტების, ზოგიერთი წამლის, საკვები პროდუქტის) ერთდროული ზემოქმედებისას ამ უკანასკნელთა შინაგანი მიღების ან ჩასუნთქვის შემთხვევაში.
ტოქსიდერმიის ნიშანია გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ ეგზემური ხასიათისაა, ზოგჯერ კი წითელასთვის, წითურასთვის, ქუნთრუშასთვის დამახასიათებელ გამონაყარს წააგავს.
ტოქსიდერმიას ხშირად თან სდევს ცხელება, ქავილი, წვა, დისპეპსია. გამომწვევ ფაქტორთან ხელმეორე კონტაქტის შემთხვევაში გამონაყარი ჩნდება როგორც ძველ, ისე ახალ ადგილებზე.
ტოქსიდერმიის მკურნალობისას აუცილებელია პათოლოგიური რეაქციის მიზეზთან კონტაქტის შეწყვეტა. რეაქციის ჩასაცხრობად იყენებენ დეზინტოქსიკაციურ, ჰიპომასენსიბილიზებელ, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. მძიმე შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდები. ადგილობრივ მკურნალობას მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა ენიჭება.

თუ მკურნალობა დროულად დაიწყო. დაავადება სავსებით იკურნება.
ატოპიური დერმატიტი კანის დაავადებაა, რომელსაც ქავილი, პაპილომების წარმოქმნა, გალიქენება და ქრონიკული რეციდიული მიმდინარეობა ახასიათებს. დამახასიათებელია სეზონურობა - ზამთარში დერმატიტი მწვავდება, ზაფხულში კი ნაწილობრივი ან სრული რემისია დგება. დამახასიათებელია ასევე თეთრი დერმოგრაფიზმი (კანის სისხლძარღვთა სპაზმური ხასიათის რეაქცია, რომლის შედეგადაც კანზე ჩნდება თეთრი ზოლები).
ატოპიური დერმატიტის მიზეზი უცნობია, მაპროვოცირებელ ფაქტორებს კი წარმოადგენს სურსათი, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ალერგენები, შინაური ცხოველები და სხვა. მისი განვითარების მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლა, რომელიც განპირობებულია იმუნიტეტით, გენეტიკით, ნეიროგენური ფაქტორებით. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დიფუზური ნეიროდერმატიტის მიზეზი უმეტესად ძროხის რძეა. მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა - დისბაქტერიოზი. ალერგიული დერმატიტი ზოგჯერ ერწყმის ალერგიულ რინიტს, ბრონქულ ასთმას, პოლინოზს.
ალერგიული დერმატიტი ვლინდება ჩვილ ასაკში პაპულისა და ლიქენური კერების გაჩენით. პროცესი მწვავეა, მიმდინარეობს მტანჯველი ქავილის შეგრძნებით. დერმატიტი მეტწილად ლოკალიზდება კისერზე, შუბლზე, იდაყვებზე, მუხლების სახრელში.

ატოპიური დერმატიტის მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას. მეტად მნიშვნელოვანია ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა, კუჭის მოქმედების მოწესრიგება. ატოპიური დერმატიტით დაავადებულებს ენიშნებათ კომპლექსური მკურნალობა (ანტიჰისტამინური, ჰიპომასენსიბილიზებელი, სედაციური საშუალებები). მეტად ეფექტიანია ფიზიოთერაპია, კურორტოთერაპია. კარგია ფსიქოთერაპიაც.
დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსულობისა და მშობიარობის ნორმალურ წარმართვას. მეძუძურმა ქალმა აუცილებლად უნდა დაიცვას სათანადო დიეტა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz