ხუთშაბათი, 18.04.2024, 23:41
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:39 | შეტყობინება # 181
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ენაბორძიკობა არის მეტყველების დარღვევა, რომელიც ვლინდება ცალკეული ბგერების, მარცვლების ან მთელი სიტყვის უნებლიე გამეორებით, ბგერების არაბუნებრივი გაწელვით და/ან მეტყველებისას დაუგეგმავი პაუზებით - ე.წ. სიჩუმის ბლოკებით, რომელთა დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს ბგერის წარმოთქმას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენაბორძიკობა მეტყველების რიტმისა და თანმიმდევრობის დარღვევაა, რომელიც ართულებს მეტყველებით ურთიერთობას. ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ.
ჯანმრთელი ადამიანი საუბრის 7-10%-ს შესვენებებით ახორციელებს - იმეორებს ცალკეულ სიტყვებს ან ფრაზებს, ურთავს ბგერებს "ე-ე", "მ-მ", შორისდებულებს, - მაგრამ თუ საუბრისას შესვენებამ 10%-ზე მეტი შეადგინა, საქმე ენაბორძიკობასთან გვაქვს.
ენაბორძიკობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების 2,5%-ს ახასიათებს. მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს ბავშვობაში მცირე ხანს მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს ენა ებმის, აქედან 80% მამაკაცია, 20% - ქალი.

მეცნიერები ენაბორძიკობის ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ. პირველი უვითარდებათ ნერვული სისტემის დეფექტის მქონე ბავშვებს. ასეთი ენაბორძიკობის მიზეზია მემკვიდრეობითი განწყობა, სამშობიარო ტრავმა, მძიმე ორსულობა, ახალშობილის ხშირი ავადმყოფობა. ბავშვები, რომლებსაც ენა ებმით, გარეგნულად სავსებით ჯანმრთელები და გონებრივად განვითარებულნი არიან. ნევროლოგიური გამოკვლევა ავლენს ქალასშიგა წნევის მატების ნიშნებს, რეფლექსების ცვლილებებს და კრუნჩხვებისადმი მიდრეკილებას.
მეორე ტიპის ენაბორძიკობა ჯანმრთელი ნერვული სისტემის მქონე ბავშვებს უვითარდებათ. მათ ენა ებმით ძლიერი გადაღლით ან სტრესით განპირობებული ნევროზის გამო. ნევროზულ ენაბორძიკობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - უეცარი შიში, გონებრივი გადაღლა, ძლიერი განცდა, თუმცა ეს ფაქტორები ყველა ბავშვში როდი იწვევს ენაბორძიკობას. ამ ტიპის ენაბორძიკობისას მეტყველების დეფექტს აძლიერებს ემოციური და ნერვულ-ფიზიკური გადაძაბვა.
ცნობილია ენაბორძიკობის სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ზოგი ბავშვი ენას ვისიმე მიბაძვით უკიდებს; ცაციებს, რომლებსაც მარჯვენა ხელით მუშაობას აიძულებენ, ზოგჯერ ენაბორძიკობა უვითარდებათ.
ენაბორძიკობას ჰგავს მეტყველების ისეთი დარღვევა, როგორიც არის სკანდირებული მეტყველება - ავადმყოფი ხან სწრაფად ლაპარაკობს, ხან ნელა, ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა. ასეთი რამ ნათხემის პათოლოგიას ახასიათებს და სხვაგვარად მეტყველების ატაქსიას უწოდებენ.
ჭეშმარიტი ენაბორძიკობა ძლიერდება მღელვარებისას, სუსტდება მშვიდ გარემოში, ქრება სიმღერისას.
ენის ბორძიკი სამეტყველო აპარატის (ენა, ტუჩები, რბილი სასა, ქვედა ყბა) კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობის შედეგია. კუნთების რამდენიმე ხანმოკლე შეკუმშვა ცალკეული ბგერებისა და მარცვლების უნებლიე გამეორებას (კლონური ენაბორძიკი) იწვევს, ძლიერი ხანგრძლივი შეკუმშვა კი - მეტყველების შეფერხებას (ტონური ენაბორძიკი). ხშირია ენაბორძიკის შერეული ფორმა - ორივეს შერწყმა. ზოგჯერ მეტყველების აპარატის კუნთების კრუნჩხვით მოძრაობებს სახისა და კიდურების კუნთების შეკუმშვაც ერთვის.
ენაბორძიკის მიზეზი თავის ტვინში მდებარეობს. სწორედ იქ არის მეტყველებაზე პასუხისმგებელი ნერვული ცენტრები:
ბროკის ცენტრი - ხმის ცენტრი. პასუხისმგებელია მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და იოგების მუშაობაზე, აწესრიგებს ენის მოძრაობასა და ხმის იოგების ფუნქციებს;
ვერნიკის ცენტრი - სმენის ცენტრი. მისი მეშვეობით ვცნობთ სხვებისა და საკუთარ მეტყველებას;
ასოციაციური ცენტრი - აანალიზებს ნათქვამს და გადაწყვეტილებას იღებს შემდგომი საუბრის თაობაზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:39 | შეტყობინება # 182
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის შედეგია მეტყველების ცენტრის ფორმირება: ხმის ცენტრი ფრაზების წარმოთქმის საშუალებას გვაძლევს და თან სმენის ცენტრს ააქტიურებს; სმენის ცენტრი აღიქვამს ლაპარაკს და ასოციაციურ ცენტრს უბრძანებს, იფიქროს, ეს უკანასკნელი კი დაფიქრების შემდეგ ააქტიურებს ხმის ცენტრს და ა.შ.
ენაბორძიკობას საფუძვლად ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის დარღვევა (სხვადასხვა სიჩქარით მუშაობა) უდევს. 2-5 წლის ბავშვებს მეტყველების ცენტრები და მათი სინქრონული კავშირი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, რაც არცთუ იშვიათად ენებორძიკობის პროვოცირებას ახდენს.
ენაბორძიკობის მექანიზმი თანამედროვე მედიცინას დაახლოებით ასე წარმოუდგენია: ნერვული სისტემის ზემოხსენებული ცვლილებები ბროკის ცენტრის გადაძაბვას იწვევს, მისი მუშაობის სიჩქარე იმატებს და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული კავშირი დროებით წყდება. გადაძაბვა გადაეცემა ბროკის ცენტრის გვერდით მდებარე თავის ტვინის ქერქის იმ უბნებს, რომლებიც მოძრაობის აქტივაციაზე აგებს პასუხს. შედეგად აღმოცენდება კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობები და ადამიანს ენა ებმის, ხოლო ბროკის ცენტრი ნორმამდე დუნდება და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული წრე კვლავ იკვრება.
ნერვული სისტემის გადაძაბვისას ნერვული იმპულსები და თანხმოვანი (განსაკუთრები - ყრუ) ბგერების სიხშირეები თვისობრივად ახლოს დგას ერთმანეთთან, ამიტომ ადამიანს ენა ებმის უმეტესად - თანხმოვნების, ძალიან იშვიათად - ხმოვნების წარმოთქმისას.
ენაბორძიკობისას მეტყველების დარღვევა სხვადასხვა სახისაა: შესაძლებელია ბგერების ან მარცვლების გამეორება, სიჩუმის ბლოკები, ბგერების არაბუნებრივი გაწელვა (გახანგრძლივება). ენაბორძიკობას თან სდევს დაძაბულობა და შფოთვა, სახის მიმიკის ცვლილებები და ტიკები.
არარიტმული და არათანმიმდევრული მეტყველება 2-7 წლის ასაკში ნორმად ითვლება, მაგრამ ბავშვს თუ ენა მეტისმეტად ხშირად ებმის და ამ დროს შესამჩნევად შფოთავს, შესაძლოა, ენაბორძიკობასთან გვქონდეს საქმე.
ენაბორძიკობის დასაწყისზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები:
მარცვლების ხშირი გამეორება;
ბგერების გაჭიანურება;
ხშირად საუბრისთვის თავის არიდება;
სახისა და ყელის კუნთების დაძაბულობა;
საუბრისას მოულოდნელად ხმის ტემბრის აწევა.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება, ბავშვებში ენაბორძიკობის განვითარების ალბათობა შევამციროთ:
ბავშვს ესაუბრეთ ნელა და რიტმულად;
საუბრისას გააკეთეთ პაუზა, განსაკუთრებით - იმ მომენტში, როდესაც ბავშვმა უკვე დაასრულა ფრაზა, თქვენ კი ჯერ არ დაგიწყიათ. ეს ბავშვს კიდევ რამის თქმის საშუალებას მისცემს, თქვენ კი ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ იმაზე იფიქროთ, რისი თქმა სურს თქვენს პატარას.
ბავშვს ნაკლები შეკითხვა დაუსვით და იშვიათად მიმართეთ ბრძანების კილოთი. უმჯობესი იქნება, თუ თხოვნასა და შეკითხვას დაიწყებთ სიტყვებით: ,,მოდი...", ,,როგორ ფიქრობ....", ,,შენი აზრით..."

ენაბორძიკობის მკურნალობა ლოგოპედის პრეროგატივაა. თუ მიზეზი ფსიქიკური ტრავმაა, შესაძლოა, ლოგოპედმა ბავშვი ფსიქოთერაპევტთან გაგზავნოს.
მიუხედავად იმისა, რომ ენაბორძიკობის მიზეზები და მექანიზმი ცნობილია, მისგან მყისიერი განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ენაბორძიკობის მკურნალობა ბროკის ცენტრის ნორმალიზებას ითვალისწინებს. ამისთვის პაციენტს უნიშნავენ:
დამამშვიდებელ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს;
ჰიპნოზს;
ნემსებით თერაპიას;
სარელაქსაციო აბაზანებს;
ზოგადგამაჯანსაღებელ პროცედურებს;
მეტყველებით ვარჯიშებს, რომლებიც საუბრის ტემპის შენელებას, რიტმული საუბრის ჩვევის ჩამოყალიბებას, საუბრისას ხანგრძლივ პაუზებს გულისხმობს.

ბროკის ცენტრის დასამუხრუჭებლად ასევე გამოიყენება სხვა მამოძრავებელი ცენტრების აქტივაციის მეთოდები. ეს მიიღწევა მეტყველების დირიჟორობით, ხელის თითების რიტმული მოძრაობით, სუნთქვის რეგულირებით, ლაპარაკისას წერით.
არსებობს ენაბორძიკობის სამკურნალო სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. ზოგიერთი მათგანი პაციენტს საშუალებას აძლევს, მოისმინოს თავისი დამახინჯებული მეტყველების გასწორებული ვარიანტი, ზოგიერთი კი პაციენტს თავის საუბრის ოდნავ დაგვიანებით მოსმენის საშუალებას აძლევს. არსებობს ისეთი პროგრამებიც, რომლებიც ხმას ფონური ხმაურით ახშობს ან ეკრანზე ნათქვამის დანახვის საშუალებას იძლევა, ადაბლებს ან ამაღლებს ბგერებს და სხვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:39 | შეტყობინება # 183
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გული კუნთოვანი ორგანოა. მისი კედელი შედგება სამი შრისგან. ესენია:
გარეთა შრე პერიკარდიუმი - შემაერთებელქსოვილოვანი თხელი ფურცელი;
შუალა შრე მიოკარდიუმი - კუნთოვანი შრე;
შიგნითა შრე ენდოკარდიუმი - შემაერთებელქსოვილოვანი ფურცელი, რომლითაც გული და მისი სარქვლებია ამოფენილი.

ინფექციური ენდოკარდიტი არის ინფექციურ-ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს ენდოკარდიუმს, გულის სარქვლებს და მიმდებარე სისხლძარღვების შიგნითა გარსს. ენდოკარდიტთან ერთად ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების, ღვიძლისა და ელენთის დაავადებაც.
ანტიბიოტიკების გამოგონებამდე ინფექციური ენდოკარდიტოთ დაავადებულთა უმრავლესობა იღუპებოდა, დღეს კი კონსერვატიული თერაპიით ათიდან რვა პაციენტი იკურნება. 20%-ში მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა და დიდია გულის უკმარისობის ჩამოყალიბების ალბათობა. ასეთ შემთხვევაში პაციენტს ქირურგიული გზით მკურნალობენ.
მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა ინფექციური ენდოკარდიტით ავადობის მატება. ეს, ერთი მხრივ, იმის ბრალია, რომ ინფექცია ადვილად იკიდებს ფეხს პათოლოგიურად შეცვლილ სარქვლებსა და ენდოკარდიუმზე, მეორე მხრივ კი იმისა, რომ ბოლო ხანს საგრძნობლად იმატა ისეთი ადამიანების რიცხვმა, რომელთაც აქვთ სარქვლების მექანიკური ან ბიოლოგიური პროთეზი და რითმის ხელოვნური მატარებელი. ენდოკარდიტის რისკჯგუფს ქმნიან პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სარქვლების ათეროსკლეროზული, რევმატული და ტრავმული დაზიანებანი. ინფექციური ენდოკარდიტით ავადობის მატებას იწვევს ხანგრძლივი გადასხმები ვენაში. ამის კვალობაზე, დაავადება ხშირია ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებს შორის.
წინათ ინფექციური ენდოკარდიტის მთავარ მიზეზად მიიჩნეოდა სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელიც მკურნალობას ადვილად ემორჩილება. ამჟამად ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების გამო გამომწვევი მიკრობების სპექტრი შეიცვალა: ინფექციურ ენდოკარდიტს იწვევს სტაფილოკოკები, ლურჯ-მწვანე ჩხირები, სოკოვანი მიკროორგანიზმები. განსაკუთრებით მძიმედ სოკოვანი ინფექციით გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს. ხშირად ინფექცია პროთეზირებული სარქვლის ადგილას აღმოცენდება. ამგვარ ინფექციურ ენდოკარდიტს პროთეზულს უწოდებენ. ის გულის სარქვლის პროთეზირებიდან ორი თვის განმავლობაში ვითარდება და უმეტესად სტრეპტოკოკით არის გამოწვეული. ენდოკარდიტით დაავადების დიდი ალბათობა აქვთ გულისმანკიან პაციენტებს, განსაკუთრებით - მათ, ვისაც აორტული სარქვლის მანკი, პარკუჭთაშორისი ძგიდის დეფექტი ან აორტის კოარქტაცია აღენიშნება.
ინფექციური ენდოკარდიტით ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება დაავადდეს. ამას ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვა, იმუნიტეტის დაქვეითება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:39 | შეტყობინება # 184
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადამიანი მუდამ მიკრობებით არის გარემოცული. დამტკიცებულია, რომ კბილების წმენდის დროსაც კი მიკრობების ნაწილი სისხლში ხვდება, თუმცა ეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც კბილებს იხეხავს, დაავადდება. სისხლის ნაკადს მიკროორგანიზმი გულისკენ მიაქვს. თუ სარქველი დაზიანებულია, მიკრობი ადვილად ეკვრის მას, იწყებს გამრავლებას და წარმოქმნის კოლონიას - ე.წ. მიკრობულ ვეგეტაციას, რომელიც გულის სარქველს სწრაფად აზიანებს. მიკრობული ვეგეტაციის ნაწილი შესაძლოა მოსწყდეს სარქველს, სისხლის ნაკადის მეშვეობით თავის ტვინში მოხვდეს და გამოიწვიოს ამ ორგანოს ინფარქტი, რასაც დამბლა, პარეზი და სხვა ნევროლოგიური დაზიანებანი მოჰყვება. რაც შეეხება დაზიანებულ სარქველს, ის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და მალე გულის უკმარისობა ყალიბდება, რომელიც სწრაფად პროგრესირებს, ვინაიდან გული ვერ ასწრებს თავისი საკომპენსაციო შესაძლებლობების გამოყენებას.
ენდოკარდიტი შეიძლება იყოს აქტიური და არააქტიური. დაზიანება ზოგჯერ მხოლოდ სარქველს მოიცავს, ზოგჯერ კი სცდება მას.

მიმდინარეობა და სიმპტომები. კლასიკური ინფექციური ენდოკარდიტის დროს ავადმყოფს აქვს მაღალი ტემპერატურა, აციებს, აწუხებს სისუსტე, ქოშინი, ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა და ღებინება, იკლებს წონას, კანზე უჩდება გამონაყარი, თითები დოლის ჯოხისებრი უხდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნორმალური ტემპერატურა ან სუფთა კანი აქვს. დიდდება ელენთა, ზიანდება თვალის ბადურა გარსი, ანთებითი პროცესი აზიანებს თირკმელებს.

დიაგნოსტიკა. აუცილებელია სისხლის ანალიზი, რომელიც ანთებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს გამოავლენს. ანალიზისთვის სისხლს არტერიიდან იღებენ. ინფექციური ენდოკარდიტის დროს სისხლში აუცილებლად აღმოჩნდება ინფექცია. ექოკარდიოგრამაზე ჩანს სარქვლებზე არსებული 3 მმ-ზე დიდი ზომის მიკრობული ვეგეტაციები. დიაგნოზი ათიდან რვა შემთხვევაში სწორედ ექოკარდიოგრაფიას ეფუძნება.

მკურნალობა. ინფექციურ ენდოკარდიტს მკურნალობენ მედიკამენტებით, გულის მდგომარეობის მუდმივი კონტროლის თანხლებით. დაავადება მეტწილად იკურნება. თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიული მკურნალობა მოწოდებულია, როდესაც:
ვითარდება გულის უკმარისობა;
ანტიბიოტიკოთერაპიის მიუხედავად, სისხლში მაინც არის მიკროორგანიზმები;
ენდოკარდიტი სოკოვანია.

გულის მძიმე უკმარისობით გართულებული ინფექციური ენდოკარდიტი ქირურგიული მკურნალობის გარეშე ათიდან 6 შემთხვევაში სიკვდილით სრულდება, ხოლო აორტის სარქვლის დაზიანებისას ავადმყოფი ათიდან 8 შემთხვევაში იღუპება. ოპერაცია გულის უკმარისობის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა გაკეთდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:39 | შეტყობინება # 185
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ეს არის არა ჭეშმარიტი სიმსივნე, არამედ ენდომეტრიუმის ჰორმონდამოკიდებული ჰიპერპლაზია (ენდომეტრიუმის უჯრედების არანორმალური გამრავლება). ენდომეტრიოიდულ წარმონაქმნებს უმეტესად უკონტურო ინფილტრატის ფორმა აქვს, ზოგჯერ კი კვანძს ან სქელი, ყავისფერი სითხით სავსე კისტურ წარმონაქმნს წააგავს. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა (სასქესო ორგანოების ჩათვლით), რის გამოც მას პოლისისტემური დაავადებების რიცხვს მიაკუთვნებენ.

ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. არსებობს მისი განვითარების რამდენიმე თეორია, მაგრამ დაავადების პათოგენეზს სრულყოფილად ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის.
ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, რომლის დროსაც სასქესო სისტემის ტრავმირებულ უბნებში ენდომეტრიუმის იმპლანტაციის პირობები იქმნება. მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.
ზოგიერთი ავტორის აზრით, ენდომეტრიუმის ლოკალიზაცია მუცლის ღრუს გარეთ (ჭიპის არეში, შარდის ბუშტში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში) ენდომეტრიუმის ნაწილაკების ლიმფოგენური და ჰემატოგენური (სისხლის) გზით გამოთესვით არის განპირობებული.
ენდომეტრიოზის პათოგენეზის მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სასტემაში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებიც.
განასხვავებენ გენიტალიურ (95%) და ექსტრაგენიტალიურ (5%) ენდომეტრიოზს. გენიტალიური ენდომეტრიოზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს შინაგანიც და გარეგანიც. შინაგანია ენდომეტრიოზის საშვილოსნოსა და მილის ფორმები, გარეგანი - საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის, საშვილოსნოს მრგვალი იოგების, გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის უკან განვითარებული რეტროცერვიკალური ენდომეტრიოზი. ხშირად შინაგანი ენდომეტრიოზი გარეგანის რომელიმე ფორმასთან არის შერწყმული.
ექსტრაგენიტალიური ენდომეტრიოზი ყველაზე ხშირად ლოკალიზდება მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში, ჭიპში და სხვა. შესაძლოა, ორგანიზმში ერთდროულად არსებობდეს დაავადების რამდენიმე კერა, რომლებიც მენსტრუაციული ციკლის შესაბამის ციკლურ ცვლილებებს განიცდის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:39 | შეტყობინება # 186
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმპტომები და მიმდინარეობა. ენდომეტრიოზი უპირატესად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. დაავადება ხშირად იწვევს ქალის მენსტრუაციული და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
დაავადების მთავარი ნიშანია პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციის წინა პერიოდში იჩენს თავს და განსაკუთრებით მწვავედ მენსტრუაციის დროს ვლინდება. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში, მუდმივი ინტენსიური ხასიათისაა, ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათს იძლევა. ენდომეტრიოზული წარმონაქმნების შიგთავსის (სისხლი, ჯირკვლების სეკრეტი) გარემომცველ ქსოვილებში მოხვედრა ტკივილს, ანთებით რეაქციას, ნაწიბურების, შეხორცებების განვითარებას იწვევს.
ენდომეტრიოზის დროს ირღვევა მენსტრუაციული ციკლი. კერძოდ, აღინიშნება გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც ხშირად წინ უსწრებს მცირეოდენი მუქსისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან.
ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფებში უნაყოფობის სიხშირე შედარებით მაღალია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ანოვულაცია, ყვითელი სხეულის ფუნქციური უკმარისობა, საშვილოსნოს მილის დაზიანება, ენდომეტრიუმის ფუნქციური უკმარისობა.
ენდომეტრიოზის კლინიკურ სურათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პათოლოგიური პროცესის უპირატესი ლოკალიზაცია და მისი გავრცელების ხარისხი.
შინაგანი ენდომეტრიოზი (ადენომიოზი) საშვილოსნოს დაზიანებისას ვითარდება. ენდომეტრიოზის ასეთი ლოკალიზაცია ყველაზე ხშირია. გამოყოფენ საშვილოსნოს სხეულისა და ყელის ენდომეტრიოზს. საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის დროს გახანგრძლივებული, ჭარბი და ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია ვითარდება. საშვილოსნოდან გამოხატული სისხლდენა იწვევს ანემიას, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ადვილად დაღლა, ზოგჯერ თავბრუხვევა, შრომის უნარის დაქვეითება. საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი ხშირია იმ ქალებში, რომელთაც ფსევდოეროზიის გამო დიათერმოკოაგულაცია აქვთ ჩატარებული.

საკვერცხეების ენდომეტრიოზი გენიტალიური ენდომეტრიოზის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მისთვის დამახასიათებელია ჰორმონული დარღვევები, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ნაწილები (მენსტრუაციის დროს ჩამოფცქვნილი ქსოვილი) საშვილოსნოს მილის პერისტალტიკის დარღვევის გამო ხვდება მუცლის ღრუში, მათ შორის საკვერცხეზე. ეს პროცესი ჯანმრთელ ორგანიზმშიც მიმდინარეობს, მაგრამ ჰორმონული ფონის დარღვევის (ჰიპერესტროგენემია), სპეციალური უჯრედების (მუცლის ღრუს მაკროფაგების, რომლებმაც უნდა გაანადგურონ ენდომეტრიუმის ნაწილები) არასათანადო აქტიურობის, ასევე მემკვიდრული წინასწარგანწყობის და სტრესის გამო საკვერცხის ენდომეტრიოზი ვითარდება. თავდაპირველად საკვერცხის ზედაპირზე ენდომეტრიოზული კერები, შემდეგ კი კისტა ჩნდება.
ენდომეტრიოზული კისტები სხვადასხვაგვარია:
არსებობს არცთუ დიდი (5 სმ დიამეტრის) ენდომეტრიოზული წარმონაქმნები, რომელთაც მკვეთრად გამოხატული კლინიკა აქვთ. ავადმყოფები მენსტრუაციამდე, მის შემდგომ ან სქესობრივი კავშირის დროს მუცლის ქვედა არეში მუდმივ ან პერიოდულ ტკივილს, უშვილობას უჩივიან. ასეთი კისტა ხშირად ორმხრივია, თან ახლავს საკვერცხეებში - სხვა ენდომეტრიოზული კერების, ხოლო მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესების არსებობა. მისი მკურნალობა ქირურგიულია. რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ენდომეტრიოზული უბნის მაქსიმალურად მოშორება. ოპერაციის შემდეგ ენდომეტრიოზის ზრდის შესაჩერებლად და დარღვეული ჰორმონული ფონის აღსადგენად ჰორმონული თერაპიის ჩატარებაა საჭირო.
არსებობს საკვერცხის ენდომეტრიოზის მეორე - კისტოზური ვარიანტიც. ენდომეტრიოზული კისტა, როგორც წესი, დიდი იზრდება, მაგრამ, რაც უნდა საკვირველი იყოს, დაავადება უსიმპტომოდ ან მინიმალური გამოვლინებებით მიმდინარეობს. მესტრუაციისა და სქესობრივი აქტის დროს პაციენტი ან სრულიად არ უჩივის მუცლის ტკივილს, ან ის უმნიშვნელოა, არ აღინიშნება უნაყოფობა, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები არ მიმდინარეობს. ასეთი კისტას, ჩვეულებრივ, შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევის ან ექოსკოპიის დროს. თუ კისტა დიდი ზომისაა, კაფსულა სკდება და პაციენტი მწვავე მუცლის შეტევით ქირურგიულ განყოფილებაში ხვდება. კისტის მოშორების შემდეგ ნაოპერაციევი საკვერცხის ფუნქციის აღსადგენად ჰორმონული პრეპარატები ინიშნება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:40 | შეტყობინება # 187
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტირება. უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს გამოავლენს. დიაგნოსტიკის მაღალინფორმაციული მეთოდი, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიაში, ლაპაროსკოპია გახლავთ. თუ დიაგნოზის დასმა ჭირს, აიროვან პელვიოგრაფიას (მენჯის ღრუს დათვალიერება) მიმართავენ.
საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია კოლპოსკოპია (საშოს დათვალიერება), რომელსაც მენსტრუაციული ციკლის დროს რამდენიმეჯერ ატარებენ. საბოლოო დიაგნოზს საშვილოსნოს ყელის ბიოპტატის მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ.
მკურნალობა. ენდომეტრიოზის დროს ჰორმონულ, სიმპტომურ და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას აწარმოებენ.

საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის საწყისი სტადიისას ესტროგენ-გესტაგენურ პრეპარატებს ნიშნავენ. მკურნალობის შედეგად ტკივილები მცირდება და საბოლოოდ სრულებით წყდება. კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატების შემდგომი დანიშვნით.
მრავალი მეცნიერის აზრით, ენდომეტრიოზის სამკურნალოდ იდეალური პრეპარატებია ანტიგონადოტროპები, მაგალითად, დანაზოლი.
საკვერცხეების ენდომეტრიოზული კისტის მკურნალობა ოპერაციულია.
ენდომეტრიოზის მკურნალობას ავადმყოფის ასაკის, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით აწარმოებენ. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. ავთვისებიანი ენდომეტრიოზის შემთხვევები შედარებით იშვიათია.

პროფილაქტიკა. ენდომეტრიოზის თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, ენდომეტრიუმის ნაწილების საშვილოსნოს ღრუდან სასქესო ორგანოების სხვა ნაწილებში მოხვედრა უნდა შეფერხდეს. ამიტომ ენდომეტრიოზის პროფოლაქტიკის ქმედით ღონისძიებებს წარმოადგენს:
ბრძოლა აბორტთან;
საშვილოსნოს ანომალიების დროული მკურნალობა;
საშვილოსნოსშიდა ჩარევის მკაცრი ჩვენებებით ჩატარება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:40 | შეტყობინება # 188
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ენდომეტრიტი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გართულებული აბორტი, გართულებული მშობიარობა, საშვილოსნოს სადიაგნოსტიკო გამოფხეკა, ჰისტეროსალპინგოგრაფია (საშვილოსნოს ღრუსა და მილების რენტგენოგრაფიული გამოკვლევა საკონტრანსტო ნივთიერების შეყვანით) და საშვილოსნოსშიდა ჩარევები. ენდომეტრიტის განვითარების გარკვეულ წინაპირობას წარმოადგენს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები. ენდომეტრიტის დროს ზიანდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსისა და ბაზალური შრეები. ანთებითი პროცესი შესაძლოა მთელ ლორწოვანზე გავრცელდეს ან კეროვანი ხასიათი ჰქონდეს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფს აღენიშნება:
ტემპერატურის მომატება;
ტკივილი მუცლის ქვედა ნახევარსა და საზარდულის არეში;
თხიერი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ - უსიამოვნო სუნით.

დიაგნოსტირება. დაავადების ამოცნობა არ არის რთული, როცა ავადმყოფი აღნიშნავს, რომ ჩაუტარდა საშვილოსნოსშიდა ჩარევები, მომატებული აქვს ტემპერატურა, საშვილოსნო გასინჯვით მტკივნეულია და შეიმჩნევა ჩირქოვანი გამონადენი. ამ დროს სისხლის სურათი შეცვლილია და ანთებითი პროცესის არსებობაზე მიუთითებს. ავადმყოფს უნდა გაუკეთდეს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევები, რათა განისაზღვროს მიკროფლორა, რასაც მკურნალობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

მკურნალობა. ავადმყოფს მწვავე ენდომეტრიტის დროს ენიშნება ადეკვატური მკურნალობა ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების მონაცემების მიხედვით. უტარდება ანტიბიოტიკოთერაპია. ინიშნება სულფანილამიდები, მადესენსიბილიზებელი პრეპარატები და ვიტამინები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:40 | შეტყობინება # 189
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ენტერიტი წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ანთებითი პროცესი შესაძლოა ერთდროულად გავრცელდეს წვრილ და მსხვილ ნაწლავზე (ენტეროკოლიტი), ან კუჭსა და წვრილ ნაწლავზე (გასტროენტერიტი), ან მთელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (გასტროენტეროკოლიტი). ენტერიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ენტერიტი. მწვავე ენტერიტი შეიმჩნევა ინფექციური დაავადებების (მუცლის ტიფი, პარატიფი, ქოლერა და სხვა), საკვებისმიერი მოწამვლის, კვებისმიერი ალერგიისა და სხვათა დროს. ის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი შეშუპებითა და ჰიპერემიით, მისი სეკრეტის მატებით მიმდინარეობს, მძიმე შემთხვევაში აღმოცენდება სისხლდენა და დაწყლულება.

სიმპტომები. დაავადება იწყება მოულოდნელი ტკივილით მუცელში, ხშირია ღებინება, ფაღარათი, ტემპერატურის მატება, მძიმე შემთხვევაში გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაცია, გულ-სისხლძარღვთა მხრივ მოშლილობანი, ორგანიზმის მოდუნება, შესაძლებელია კრუნჩხვებიც.

მკურნალობა. მწვავე ენტერიტის მსუბუქი ფორმა რამდენიმე დღეში ან კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება. მკურნალობა ტარდება სტაციონარულად ან ამბულატორიულად; ეს დამოკიდებულია ენტერიტის გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმის ხარისხზე. ავადმყოფს ენიშნება გამწმენდი ოყნა, სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, სპაზმოლიტიკები, შემკვრელი პრეპარატები და სხვა საშუალებები. პირველ ორ დღეს აუცილებელია მკაცრი დიეტა, ცხელი უშაქრო ჩაი, ორცხობილა, შემდეგ კი თხევადი საჭმელი: ლორწოვანი წვნიანი, ხორცის ბულიონი, კისელი და სხვა.

ქრონიკული ენტერიტი. ქრონიკული ენტერიტი არარაციონალური კვების (კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევა, მწარე, ცხარე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება და სხვა), ჰელმინთოზის, ლამბლიოზის, საწარმოო შხამებით (მაგალითად, ტყვიით) ქრონიკული ინტოქსიკაციის, ზოგიერთი მედიკამენტის (საფაღარათო საშუალებების, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების) ხანგრძლივი უკონტროლო მიღების, ნაწლავის ფერმენტების სინთეზის დარღვევით მიმდინარე ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების შედეგად ვითარდება. მწვავე ენტერიტი არასწორი ან დაუმთავრებელი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს.

სიმპტომები. ავადმყოფს აწუხებს ნაწლავების ყურყური, ტკივილი ჭიპთან, გულისრევა, სისუსტე, ფაღარათი (განსაკუთრებით - ენტეროკოლიტის დროს). შეწოვის ფუნქციის დარღვევის გამო შესაძლოა ნაწლავებში სხვადასხვა დარღვევა აღმოცენდეს.

მკურნალობა. ინიშნება პოლივიტამინური დიეტა, ფაღარათის შემთხვევაში - შემკვრელი საშუალებები, ფერმენტები, ტკივილის მომხსნელი სპაზმოლიზური პრეპარატები, ფიზიოთერაპიული პროცედურები და სხვა. გამწვავებისას მკურნალობა სტაციონარში უნდა ჩატარდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:40 | შეტყობინება # 190
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ენტერობიოზი ნაწლავთა დაავადებაა, რომელსაც ნემატოდების კლასის კუდმახვილა ჭია ენტერობიუსი იწვევს. ენტერობიოზი მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით - ბავშვებში, თუმცა არცთუ იშვიათად მოზრდილებშიც გვხვდება. ინვაზიის წყაროა ადამიანი. ლოკალიზდება თეძოსა და ბრმა ნაწლავის სეგმენტებში. გადაეცემა უშუალო კონტაქტით, დაბინძურებული ხელებით, ყოველგვარი ნივთით და რასაკვირველია, დაბინძურებული საკვებით. მიმღებლობა ძალზე მაღალია.

სიმპტომები. კლინიკური სურათი განპირობებულია ნაწლავსა და შორისში პარაზიტის მექანიკური და ტოქსიკურ-ალერგიული მოქმედებით. უმნიშვნელო ინვაზიის დროს ძირითადი ნიშანია პერიოდულად გამოხატული ქავილი შორისის მიდამოში, განსაკუთრებით - ღამით. ინტენსიური ინვაზიის დროს ქავილი მუდმივია და ძლიერ შემაწუხებელი. ავადმყოფი უჩივის უძილობას, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითებას, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ადვილად გაღიზიანებადობას, მადის დაკარგვას, ზოგჯერ კი გაძლიერებას, მოვლითი ხასიათის ტკივილს მუცელში და ფაღარათს. სისხლის მხრივ აღინიშნება ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია და ედს-ის მომატება.
გართულებებიდან აღსანიშნავია აპენდიციტი, ქალებში - ვულვოვაგინიტი, ბავშვებში - შარდის შეუკავებლობა.

დიაგნოსტირების მიზნით საჭიროა განავლის გამოკვლევა, მაგრამ რადგან ენტერობიუსი კვერცხს არა ნაწლავის სანათურში, არამედ ანუსის გარშემო დებს, ანალიზისთვის მასალა სწორედ აქედან უნდა ავიღოთ ბამბის ტამპონის მეშვეობით. აუცილებელია ანამნეზის (ქავილი შორისში) გათვალისწინებაც და შორისის დათვალიერება, როცა ბავშვს სძინავს (ამ დროს ადვილად შესამჩნევია მოშვებული ანუსიდან პატარა, თეთრი ფერის ჭიების გამოსვლა).

მკურნალობა. მკურნალობა მედიკამენტურია. ერთდროულად უნდა იმკურნალოს ყველა იმ პირმა, რომელთაც დაავადებულთან ჰქონდათ კონტაქტი. მკურნალობის პარალელურად აუცილებელია ყოველდღიურად თეთრეულისა და საცვალის გამოხარშვა, საღამოობით გამწმენდი ოყნის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით, ხელების ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, ძილის წინ შორისში მშრალი ბამბის ჩადება და დილით მისი დაწვა, სანიტარიულ-ჰიგიენური ჩვევების დანერგვა ბავშვებში და მისი პროპაგანდა მოსახლეობაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:41 | შეტყობინება # 191
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებაა. ის შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორეული (რომელიმე დაავადების ფონზე განვითარებული). პირველადს მიეკუთვნება ეპიდემიური, ტკიპისმიერი, კოღოსმიერი, ენტეროვირუსული, ჰერპესული და სხვა ენცეფალიტი. მეორეული ენცეფალიტი კი აღმოცენდება გრიპის, წითელას, თავის ტვინის აბსცესის, ოსტეომიელიტის, ტოქსოპლაზმოზისა და სხვა დაავადებების ფონზე. გამომწვევი მიზეზებისა და განვითარების მექანიზმის მიხედვით განარჩევენ ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ, ალერგიულ და ტოქსიკურ ენცეფალიტებს.
არსებობს შემოფარგლული (ღეროვანი, ქერქქვეშა) და დიფუზური ენცეფალიტი. შესაძლოა დაზიანდეს თავის ტვინის რუხი ნივთიერება (პოლიოენცეფალიტი), თეთრი ნივთიერება (ლეიკოენცეფალიტი) ან ორივე ერთად (პანენცეფალიტი). მიმდინარეობის კვალობაზე განარჩევენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ენცეფალიტს.

ეპიდემიური ენცეფალიტი. დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით ვრცელდება. ვირუსი ორგანიზმში ცხვირ-ხახიდან აღწევს. მისი ინკუბაციის პერიოდი 1-14 დღეა. ეპიდემიურ ენცეფალიტს ახასიათებს ვირუსის ჰემატოგენური დისსემინაცია (სისხლით გავრცელება) და პათოლოგიურ პროცესში შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით - ღვიძლის, ჩართვა. ვირუსი ლიმფური გზით ან პრენევრალურად ვრცელდება. აზიანებს ტვინის რუხ ნივთიერებას. შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაავადდეს. მწვავე სტადიისთვის, რომელიც რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, დამახასიათებელია ტემპერატურის სწრაფი მატება 39-40 გრადუსამდე, კატარული მოვლენები, თავის ტკივილი, მოთენთილობა, სახსრებში ტკივილი, გონების დაბინდვა.
ნევროლოგიური სტატუსის მხრივ გამოყოფენ შემდეგ სიმპტომოკომპლექსებს:
დისსომნიურს (ძილის დარღვევა) - ჰიპერსომნია, უძილობა და ძილის გაუკუღმართება (ინვერსია), რომელიც 1-2 თვეს გრძელდება;
თვალის მამოძრავებელს - დიპლოპია (მხედველობის გაორება), ფტოზი, სიელმე, მხედველობის დამბლა ან პარეზი;
ვესტიბულოვეგეტაციურს - ჰიპერჰიდროზი (ოფლიანობა), ვაზომოტორების (სისხლძარღვების მამოძრავებელი ნერვების) ლაბილობა, ტაქიკარდია, სუნთქვის რიტმის შეცვლა. ახასიათებს "ცხიმიანი სახე", ჰიპერსალივაცია (მომატებული ნერწყვდენა). შესაძლოა განვითარდეს ფსიქიკური დარღვევებიც (ეიფორია, გონების დაბინდვა ან ბოდვა). ზოგ ავადმყოფს უვითარდება სლოკინი.

ზურგის ტვინის სითხე ამ დროს გამჭვირვალეა, უფერო, ზოგჯერ ზომიერი ლიმფოციტური პლეოციტოზი, ცილებისა და გლუკოზის ზომიერი ზრდა შეინიშნება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:41 | შეტყობინება # 192
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტკიპისმიერი ენცეფალიტი სეზონური (გაზაფხულ-ზაფხული) პირველადი ვირუსული ენცეფალიტია. ძირითად გადამტანს წარმოადგენს ტაიგასა და ტყეებში გავრცელებული ტკიპა. ადამიანის ორგანიზმში ვირუსი დაინფიცირებული ტკიპის ნაკბენით, ზოგჯერ კი ალიმენტალური გზით (დაავადებული თხის ან ძროხის რძის მოხმარების შედეგად) აღწევს. ვირუსი ჰემატოგენურად ან პერინევრულად ვრცელდება. ზურგის ან მოგრძო ტვინის უჯრედებში, იშვიათად - თავის ტვინის ქერქში, ქერქქვეშა თეთრ ნივთიერებაში, მხედველობის ბორცვზე, ქერქქვეშა კვანძებში ლოკალიზდება. ინკუბაციური პერიოდი 8-20 დღეს შეადგენს. დაავადება მწვავედ იწყება. აღმოცენდება თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, საერთო ჰიპერესთეზია (გაძლიერებული მგრძნობელობა), სინათლის შიში, სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს აღწევს. ზოგჯერ შეიმჩნევა დაავადების ორტალღოვანი მიმდინარეობა. განმეორებით ჰიპერთერმიას მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება ახლავს თან. აღინიშნება სასის, სკლერების, კანის საფარველის სიწითლე და დისპეფსიური მოვლენები. სისხლში აღმოჩნდება ლეიკოციტები, ედს იმატებს, აღინიშნება ლიმფოპენია.
გამოყოფენ ტკიპისმიერი ენცეფალიტის რამდენიმე კლინიკურ ფორმას:
მენინგიალურს - იგი მენინგიალური სიმპტომებით მიმდინარე რუხი მემინგიტის ნაირსახეობაა. ამ დროს შეიძლება განვითარდეს გონების დაბინდვა, ბოდვა, ეპილეფსიური შეტევები, პარეზი, დამბლა და გამოხატული გარსისმიერი სიმპტომები.
პოლიოენცეფალომიელიტურს - ახასიათებს კისრის კუნთებისა და მხრის სარტყლის დამბლა, შეიმჩნევა ბულბალური (სასის, ენის, ხორხის საყლაპავის კუნთების მოდუნება) და მენინგიალური სიმპტომები.
პოლიომიელიტურს - ვითარდება კისრისა და ზემო კიდურების კუნთების პარეზი, თავი მკერდზეა დაკიდებული. აუცილებლად აღინიშნება მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა (მგრძნობელობა შენარჩუნებულია).
წაშლილს - ახასიათებს ხანმოკლე (2-4 დღე) ცხელება, ნევროლოგიური სიმპტომები არ არის გამოხატული, აღინიშნება ტაქიკარდია, ზოგჯერ იმატებს არტერიული წნევა.
პროგრესირებადს - ახლავს ეპილეფსიური შეტევები, მუდმივი კუნთების თამაში, განსაკუთრებით - კისრისა და ზემო კიდურებისა.

იაპონურ ენცეფალიტს იწვევს ვირუსი, რომლის რეზერვუარსა და გადამტანს კოღო წარმოადგენს. ახასიათებს ვირუსმატარებლობა (ადამიანი, ფრინველი). ინკუბაციის პერიოდი 3-27 დღეს გასტანს. დაავადება მწვავედ იწყება, სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მატულობს და 10 დღე ნარჩუნდება. აღინიშნება ციება, საერთო სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთების ტკივილი. სახის კანი ჰიპერემიულია, ენა - მშრალი, მუცელი - ჩაბრუნებული. ირღვევა გულის ფუნქცია. მკვეთრადაა გამოხატული მენინგიალური ნიშნები, გონებისმხრივი დარღვევები. გამოხატულია მინი და მაკროჰემიპარეზი, მომატებულია ზემო კიდურების მომხრელი და ქვედა კიდურების გამშლელი კუნთების ტონუსი. შესაძლოა, ცალკეული კუნთების კლონური კრუნჩხვები განვითარდეს. მძიმე შემთხვევაში აღმოცენდება ბულბალური (სასის, ენის, ხახის, ხორხის, საყლაპავის კუნთების) დამბლა. დაავადება 100-დან 50 შემთხვევაში სიკვდილით სრულდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:41 | შეტყობინება # 193
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გრიპოზული ენცეფალიტი (ტოქსიკურ-ჰემორაგიული) გრიპის ფონზე აღმოცენებული თავის ტვინისა და მისი გარსის მწვავე დაავადებაა.
ნევროლოგიური სიმპტომები გრიპის კლინიკური სურათის ფონზე აღმოცენდება. აღინიშნება თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუხვევა, მოძრაობისას თვალის კაკლის მტკივნეულობა, ზოგადი ჰიპერესთეზია, ზურგისა და კუნთების ტკივილი, ფტოზი, სამწვერა ნერვის საინერვაციო უბნების ტკივილი, ანორექცია, ჰიპოდინამია, ძილის დარღვევა.

მენინგოენცეფალიტი შესაძლოა პარეზებით, დამბლით, კომითა და ეპილეფსიური გულყრებით გამოვლინდეს. თავზურგტვინის სითხეში შეინიშნება სისხლი, ცილების შემცველობა მატულობს. ვლინდება ლიმფოციტური პლეოციტოზი.

წითელასმიერი ენცეფალიტი (ენცეფალომენინგიტი) წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარის გაჩენიდან 3-5 დღეში ან რეკონვალესცენციის პერიოდში ვითარდება. უპირატესად ზიანდება თავისა და ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება. ახასიათებს ტემპერატურის ხელმეორედ მატება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ავადმყოფთა ნაწილს სისუსტე და ძილიანობა სოპოროზულ მდგომარეობასა და კომაში გადასდის, ნაწილს კი ბოდვა, აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა აღენიშნება. არცთუ იშვიათია ეპილეფსიური შეტევებიც. ნევროლოგიური სიმპტომების მხრივ შეიმჩნევა დამბლა, ჰემიპარეზი (სხეულის ნახევარში მოტორული ფუნქციის მოშლა), ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა), ატაქსია (მოძრაობითი კოორდინაციის დარღვევა), ხშირად ზიანდება მხედველობისა და სახის ნერვები.
ენცეფალიტი ჩუტყვავილასა და წითელას დროს - დაავადების სიმპტომები ძირითადად მე-2-8 დღეს აღმოცენდება. ზიანდება ნერვული სისტემა. დაავადება უმეტესად მწვავედ იწყება: ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, ძილიანობას, აქვს ეპილეფსიური შეტევები, კიდურების პარეზი ან დამბლა, ჰიპერკინეზია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ზოგჯერ ზიანდება მხედველობის ნერვი, ვითარდება ენცეფალომიელიტური სინდრომი.

ჰერპესულ მენინგიტს ჰერპესის ვირუსი იწვევს. ამ დროს ზიანდება ტვინის თეთრი ნივთიერება, ვითარდება ნეკროზული პროცესი (კეროვანი ან დიფუზური ხასიათისა). დაავადება "ნელ" ინფექციებს მიეკუთვნება, რადგან ვირუსი ადამიანის ორგანიზმში დიდხანს ძლებს. გამომწვევი ნერვულ სისტემაში ჰემატოგენური გზით ან პერინერვული სივცეებით აღწევს.
პროდრომული პერიოდი, რომელიც სხეულის ტემპერატურის ზრდითა და სახესა და სხეულზე ჰერპესული გამონაყარით მიმდინარეობს, რამდენიმე დღე გრძელდება. დაავადების მწვავე ფორმისას აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, ეპილეფსიური შეტევები, მენინგიალური, პარეზისა და დამბლის კეროვანი ნიშნები, ცნობიერების დარღვევა. ნეკროზულ ენცეფალიტს ახასიათებს კატარული მოვლენები. მე-7 დღეს ტემპერატურა მკვეთრად მატულობს და ჩნდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები: ცნობიერების დარღვევა, დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია, დაბნეულობა, აფაზია (მეტყველების უნარის მოშლა), აკალკულაცია, აპრაქსია (მიზანდასახული მოქმედებების შესრულების უნარის მოშლა). ზოგ ავადმყოფს აღენიშნება ეპილეფსიური გულყრები. თავზურგტვინის სითხეში აღმოჩნდება ლიმფოციტური ან ნეიტროფილური პლეოციტოზი, ცილების რაოდენობა იმატებს, გლუკოზისა კი იკლებს.
ბავშვებში ჰერპესული ენცეფალიტი ძალზე მძიმედ მიმდინარეობს. მწვავე ფორმას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის სწრაფი მატება, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინები, ეპილეფსიური გულყრები, ცნობიერების დარღვევა და კეროვანი ნევროლოგიული სიმპტომები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:41 | შეტყობინება # 194
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პოლისეზონური ენცეფალიტი. იგი წარმოადგენს გაურკვეველი ეტიოლოგიის ენცეფალიტის შერეულ ჯგუფს. დაავადებას არ ახასიათებს სეზონურობა და სხვადასხვაგვარი სიმპტომით (თვალის მამოძრავებელი ან სახის ნერვის ფუნქციის დარღვევით) ვლინდება. არ არის გამორიცხული ვესტიბულური და ბულბალური დარღვევები. ავადმყოფთა ნაწილს უვლინდება სიარულისა და კოორდინაციის უნარის მოშლა, ჰიპოტონია, ატაქსია. დაავადება ზოგჯერ ეპილეფსიური შეტევებით, პარეზისა და დამბლის სწრაფი განვითარებით, ჰიპერკინეზიებით ვლინდება. აღინიშნება ცნობიერების დარღვევა, გულის წასვლა და კომაც კი.

ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი. დაავადების გამომწვევია თოხოპლასმა გონდიი. მწვავე ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი იშვიათად გვხვდება. ის მეტწილად თანდათანობით ვითარდება. მწვავე ფორმის დროს აღინიშნება ტემპერატურის მატება, გენერალიზებული ლიმფოდენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), პნევმონია, მიოკარდიტი, კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, კანის ეგზანთემები, მონიციტოზი. ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი არცთუ იშვიათად ეშლებათ ინფექციურ მონონუკლეოზში. თავზურგტვინის სითხეში ცილების რაოდენობა არ კლებულობს, აღინიშნება ლიმფოციტური პლეოციტოზი. დაავადების მწვავე სტადიაში სისხლში, შარდში, თავზურგტვინის სითხესა და ლიმფურ კვანძებში ზოგჯერ ტოქსოპლაზმები გამოიყოფა.

გადაუდებელი დახმარება. ენცეფალიტის დიაგნოზის დადგენისთანავე ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნეს ინფექციურ საავადმყოფოში ან ნევროლოგიურ განყოფილებაში. ინიშნება მკაცრი წოლითი რეჟიმი. ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.
ჰოსპიტალიზაციამდელ პერიოდში მას დეჰიდრატაციული საშუალებები (ლაზიქსი, დიაკარბი) უნდა მიეცეს.
თუ მენინგიალური და ენცეფალური სიმპტომები (თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტოქსიკოზი, ღებინება და სხვა) აღინიშნება, ავადმყოფს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარს, რინგერს უსხამენ, იმავდროულად კანქვეშ ან ვენაში უკეთებენ B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას.
ეპიდერმული ენცეფალიტის მწვავე პერიოდში ავადმყოფს ენიშნება ინტერფერონი და ინტერფერონის გამოყოფის მასტიმულირებელი პრეპარატები (პროდიგიზანი), ასევე - რიბონუკლეაზა და დეზოქსირიბონუკლეაზა, მათთან ერთად - მადესენსიბილიზებელი საშუალებები (დიმედროლი, სუპრასტინი).
ტკიპისმიერი ენცეფალიტის დროს რეკომენდებულია პრედნიზოლონი, ტკიპისმიერი ენცეფალიტის საწინააღმდეგო ვაქცინით ინაქტივირებული ადამიანის გამა-გლობულინი.
პოლისეზონური ენცეფალიტისას ავადმყოფი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. ამ ინფექციის დროს ინიშნება რიბონუკლეაზა, ტვინის შეშუპების შემთხვევაში კი ოსმო- და სალურეტიკები.

ენცეფალიტის მძიმე შემთხვევაში ტარდება ინტენსიური თერაპია. ეპილეფსიური შეტევებისას ვენაში ან კუნთებში კეთდება სედუქსენი (რელანიუმი). მიკროცირკულაციის გაუმჯობესებისა და დეჰიდრატაციის მიზნით ინიშნება დექსტრანი (პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი).
გრიპის, პარაგრიპისა და ადენოვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული ენცეფალიტის შემთხვევაში ნაჩვენებია გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი).
თუ ავადმყოფი მეტისმეტად დასუსტდა, გლუკოზის 5%-იან ხსნარს უსხამენ. სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში კი ინიშნება დიცინონი, ამინოკაპრონის მჟავა და სხვა.
ჰერპესული ენცეფალიტის ადრეულ სტადიაში კურანტილის ინექციას ნიშნავენ. რეკომენდებულია ასევე ვიროლექსი, ლევამიზოლი და გამა-გლობულინი. პარალელურად ტარდება დეჰიდრატაციული თერაპია. მძიმე შემთხვევაში ნაჩვენებია დეზინტოქსიკაციური მკურნალობა (რეოპოლიგლუკინი).
ტვინის პარაინფექციური დაზიანებისა და ენცეფალიტის ნიშნების გაჩენისას ინიშნება ანტიჰისტამინური პრაპარატები და გლუკოკორტიკოიდები. წითელასმიერი ენცეფალიტის დროს კი კარგ ეფექტს იძლევა ლევოდოფა. მწვავე სტადიაში ნაჩვენებია დეჰიდრატაციული და შარდმდენი პრეპარატები (ლაზიქსი), კრუნჩხვების შემთხვევაში კი სიბაზონი კუნთებში ან ვენაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:41 | შეტყობინება # 195
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეპიდერმოფიტია კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელსაც ეპიდერმოფიტების გვარის სოკო იწვევს. არსებობს ნაოჭების (საზარდულის) და ტერფების ეპიდერმოფიტია.
საზარდულის ეპიდერმოფიტია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც უმეტესად მამაკაცებში აღინიშნება. მისი გამომწვევი სოკო Epidermophyton floccosum აღწევს კანის ეპიდერმული ნაწილის რქოვანა შრეში და კანის ანთებით რეაქციას იწვევს. სოკო გადაედება დაავადებულის კანთან შეხებისას, მისი პირადი ნივთებით (თეთრეულით, დასაბანი ღრუბლით...) სარგებლობისას, თუმცა კონტაქტის შემდეგ ყველა არ ავადდება. დაავადების განვითარებისთვის საჭიროა ხელშემწყობი ფაქტორები - მაღალი ტემპერატურა, გარემოს მომატებული ტენიანობა და ჰიპერჰიდროზი (ოფლიანობა). საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს უმთავრესად ზიანდება საზარდულის ნაოჭები, ბარძაყების შიგნითა ზედაპირები და სასქესო ორგანოების მიდამო, ზოგჯერ - დუნდულებს შორის არსებული ნაოჭები და სარძევე ჯირკვლების ქვედა არეც (ქალებში). თმა საღი რჩება.

სიმპტომები. გამომწვევის კანში შეჭრის ადგილას ჩნდება მოვარდისფრო-მოწითალო, საღი კანიდან ოდნავ შემაღლებული, მკვეთრად შემოსაზღვრული და სიმეტრიულად განლაგებული ლაქები. ისინი თანდათანობით იზრდება, ერთმანეთს უერთდება და წარმოქმნის არასწორი მოხაზულობის კერებს. ლაქების ცენტრალურ ნაწილში ანთებითი მოვლენები სუსტდება და კანი მოყავისფრო შეფერილობას იძენს. ჩნდება მონაცრისფრო, ქატოსებრი ქერცლი. ამ ნიშნებს შესაძლოა თან სდევდეს სხვადასხვა ინტენსივობის ქავილი, წვა და ტკივილი სიარულის დროს.
ტერფების ეპიდერმოფიტიას იწვევს თრ. მენტაგროპჰყტეს ვარ. ინტერდიგიტალე. დაავადება გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (ანუ ძლიერ გადამდებია). გამომწვევი გადაეცემა როგორც უშუალო კონტაქტით, ისე ინფიცირებული საგნების, მაგალითად, წინდების, ფეხსაცმლის მეშვეობით. საზოგადოებრივ აბანოში, საშხაპეში, აუზზე, სადაც სანიტარული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, დასნებოვნების ალბათობა დიდია. დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს - ტერფების ჭარბ ოფლიანობას, ოფლის ქიმიურ შემადგენლობას, ბრტყელტერფიანობას, ორგანიზმის საერთო და ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას.
ასაკთან ერთად დაავადება ხშირდება. ის მოწიფული ასაკის პირთა 60-80%-სა და 15 წლამდე ასაკის ბავშვების 4%-ში გვხვდება.
განასხვავებენ ტერფის ეპიდერმოფიტიის 4 კლასიკურ ფორმას:
წაშლილს;
სკვამოზურს (აქერცვლით მიმდინარეს);
ინტერტრიგინოზულს (ნაოჭებშორისს);
დისჰიდროზულს (სითხის შემცველი ბუშტუკებით მიმდინარეს).


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz