ხუთშაბათი, 28.03.2024, 11:53
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:44 | შეტყობინება # 211
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეშერიხიოზი ნაწლავთა მწვავე ინფექციაა, რომელსაც ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli) იწვევს. დაავადება მიმდინარეობს გასტროენტერიტით ან გასტროენტეროკოლიტით. ყველაზე ხშირია ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში. გამოვლინება ზოგჯერ ერთეულია, ზოგჯერ კი ეპიდემიური აფეთქების სახეს იძენს. ეშერიხიოზით ავადდებიან მოზრდილებიც და ბავშვებიც, განსაკუთრებით - 5 წლამდე ასაკში.
ადამიანისთვის პათოგენური ეშერიხიები სამი ტიპისაა: ენტეროტოქსიგენური, ენტეროპათოგენური და ენტეროინვაზიური.
ენტეროტოქსიგენური E. coli გამოიმუშავებს თერმოლაბილურ ან თერმოსტაბილურ ენტეროტოქსინებს, ზოგჯერ - ორივეს ერთად. იწვევს ბავშვებისა და მოზრდილთა დიარეას. ამ ტიპის ეშერიხიებით გამოწვეულ დაავადებას ზოგჯერ ქოლერის მსგავს ეშერიხიოზს უწოდებენ. დაავადება გვხვდება განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში, ასევე - იმ პირებში, ვინც ასეთ ქვეყნებში მოგზაურობს (მოგზაურთა დიარეა).
ენტეროპათოგენური E. coli უმთავრესად ჩვილებს აავადებს და წვრილი ნაწლავის დაზიანებას იწვევს.
ენტეროინვაზიური E. coli, ენტეროტოქსიგენურისგან განსხვავებით, ენტეროტოქსინებს არ გამოიმუშავებს, მაგრამ შესწევს ნაწლავის ლორწოვანის ეპითელიუმში ინვაზირებისა და დაღუპვის შემდეგ ენდოტოქსინის გამომუშავების უნარი. ენტეროინვაზიური E. coli-თ გამოწვეული დაავადება დიზენტერიას ჰგავს.
ინფექციის წყაროს ავადმყოფი წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია წაშლილი (უსიმპტომო) ფორმით დაავადებული ადამიანი, შედარებით ნაკლებად საშიში - ბაქტერიამატარებელი. ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს შინაური ცხოველი და ფრინველიც.
ეშერიხიოზით დასნებოვნება ფეკალურ-ორალური გზით ხდება. დაავადების განვითარებისთვის აუცილებელია, ორგანიზმში საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით მოხვდეს პათოგენური ნაწლავის ჩხირი. ინფექცია ინფიცირებული რძისა და მისი ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით ვრცელდება, შედარებით იშვიათად - დაბინძურებული წყლით. არც ინფექციის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით გავრცელებაა გამორიცხული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:44 | შეტყობინება # 212
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი, ჩვეულებრივ, 18-24 საათს გრძელდება, შედარებით იშვიათად - 3 დღემდე.
ენტეროტოქსიკური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადება ქოლერას წააგავს. მიმდინარეობს ტოქსიკოზით და მწვავე გასტროენტერიტის ან ენტერიტის სინდრომით. ახასიათებს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ხშირი ღებინება, ასევე - ხშირი დეფეკაცია წყლისებრი, ულორწოო და უსისხლო მასით. ავადმყოფი უჩივის მჭრელ ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში. ხშირი ღებინებისა და ფაღარათის შედეგად ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოება. სხეულის ტემპერატურა უმეტესად ნორმალური რჩება. დაავადება 3-4 დღეს გრძელდება. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ენტეროპათოგენური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადების კლინიკური სურათი სალმონელოზის მსგავსია. ფარული პერიოდის შემდეგ (იგი 2-4, იშვიათად 14-24 საათს შეადგენს) თავს იჩენს საერთო სისუსტე, შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. განავალი უხვია, წყლისებრი კონსისტენციის, ლორწოსა და სისხლის მინარევების გარეშე. დიარეა გრძელდება 1-6 დღეს. ზოგჯერ ვითარდება ზედა და ქვედა კიდურების კრუნჩხვა. ღებინებისა და დიარეის შედეგად ორგანიზმი უწყლოვდება. ვითარდება კოლაფსი. დაავადება გრძელდება 2-5 დღეს. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ენტეროინვაზიური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადება დიზენტერიის მსგავსად მიმდინარეობს. ავადდებიან ყველა ასაკის ადამიანები. დაავადება მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციით, გასტროენტეროკოლიტის ან ენტეროკოლიტის ნიშნებით.
ფარული პერიოდის შემდეგ ვითარდება დაავადების მწვავე სურათი, ავადმყოფს ამცივნებს, ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს. ცხელება 1-2 დღეს გრძელდება. ინტოქსიკაცია ზომიერია, ვლინდება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით. ავადმყოფი უჩივის მუცლის მჭრელ ტკივილს. ვითარდება დიარეა, რომელიც დაავადების წამყვანი კლინიკური ნიშანია. დეფეკაცია დღე-ღამეში 5-10-ჯერ ხდება. განავალი თხიერია, შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ სისხლსაც. აღინიშნება ცრუ ტენეზმები. ღებინება იშვიათია, მუცელი შებერილი და შეხებისას მტკივნეულია. მსუბუქად მიმდინარე დაავადება 2-7 დღეში, ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა არსებობს მძიმე ფორმებიც.

ბავშვები ეშერიხიოზით მოზრდილებზე 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადება უმთავრესად 6 თვემდე ასაკის პატარებში იჩენს თავს და გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. აღინიშნება ცხელება, ღებინება, ხანგრძლივი ტოქსიკოზი, მეტეორიზმი, უხვი წყლისებრი განავალი ლორწოვანი მინარევით. დაავადება ტალღისებურად მიმდინარეობს და ხშირი გამწვავება ახასიათებს. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 5-6 კვირას. ხშირად რთულდება მეორეული ბაქტერიული ფლორით (მეტწილად - პნევმონიით).

დიაგნოსტიკა. ეშერიხიოზის დიაგნოზი დაისმის კლინიკური, ეპიდემიოლოგიური სურათის, განავლის ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური კვლევის საფუძველზე. აუცილებლად უნდა გამოირიცხოს დიზენტერია, სალმონელოზი, ქოლერა.

მკურნალობა. ეშერიხიოზის მსუბუქი ფორმა მკურნალობას არ მოითხოვს. საშუალო და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ავადმყოფს უნდა ამოურეცხონ კუჭი, გაუწყლოების კორექციისა და დეზინტოქსიკაციის მიზნით ვენაში შეუყვანონ ელექტროლიტები და კოლოიდური ხსნარება (ჰემოდეზი, რეოპოლიგლუკინი). ასევე, უნდა ჩატარდეს ეტიოტროპული მკურნალობა და დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა.
ეშერიხიოზის პროფილაქტიკა გულისხმობს სანიტარულ-პიგიენური პირობების ზედმიწევნით დაცვას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:45 | შეტყობინება # 213
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვაგინიზმი არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მთელი მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას (სპაზმს) და საშოს შესასვლელის გადაკეტვას, რამაც შესაძლოა გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს სქესობრივი აქტის ჩატარება.
ექიმები ვაგინიზმისგან განასხვავებენ კოიტოფობიასა (სქესობრივი აქტის შიშს) და ვაგინიზმის მსგავს დარღვევებს (ისინი აბორტის ან ტრავმის შემდეგ ვითარდება). ვაგინიზმიც, კოიტოფობიაც და ვაგინიზმის მსგავსი დარღვევებიც კარგად ექვემდებარება მკურნალობას.
ვაგინიზმი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ქალს და სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდეს. განასხვავებენ მის სამ ხარისხს.
I ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანისას;
II ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება სასქესო ორგანოს (ინსტრუმენტის) შეხებისთანავე;
III ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება სქესობრივ აქტზე ან გინეკოლოგიურ გამოკვლევაზე გაფიქრებისთანავე.
ვაგინიზმით დაავადებულთა უმრავლესობას არ ახასიათებს ფრიგიდულობა (სქესობრივი გულგრილობა).

მკურნალობა. ვაგინიზმის მკურნალობა გულისხმობს ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ფსიქოთერაპიას, რომლის მეშვეობითაც მოხდება დეფლორაციის მტკივნეულობაზე მცდარი წარმოდგენის კორექცია და სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების მკურნალობა, მაგრამ ასეთი თერაპია ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევა მკვეთრად ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული ცნობიერებაში ან მის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს სირცხვილი და არასაკმარისი სექსუალური ლტოლვა. ჭეშმარიტი ვაგინიზმის დროს მკურნალობის ძირითად მეთოდს ფსიქოთერაპია წარმოადგენს. ამასთან ერთად ექიმი პაციენტს ასწავლის სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც მიმართულია სქესობრივი აქტის შიშის დამარცხებისა და მასთან დაკავშირებული სპაზმის მოხსნისკენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:45 | შეტყობინება # 214
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვენების ვარიკოზული დაავადება ვენების პათოლოგიური გაგანიერებაა, რომლის დროსაც ვენის კედელი გადაგვარებულია. კერძოდ, შემაერთებელი ქსოვილი სუსტად არის გამოხატული, ვენის კედელი განიერდება, ეშვება და დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის. ზიანდება სარქვლოვანი სისტემაც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის ნაკადის უკუდინებისთვის. თუ უკუქცევა შეფერხებულია, სისხლი პერიფერიულ ვენურ სისტემაში გუბდება. კიდურებიდან გულისკენ სისხლის უკუდინებაში წვივის კუნთებიც მონაწილეობს. მათი შეკუმშვა-მოდუნება ვენებს სისხლის გულისკენ გადატუმბვაში ეხმარება.
პერიფერიული ვენური სისტემიდან სისხლის უკუდინებაში გულიც მონაწილეობს - ის ხომ სისხლს არა მარტო გადაისვრის, არამედ უკანაც ქაჩავს. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, მუცელშიგა წნევა, სისხლძარღვის შიდა ტონუსი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვენის სარქვლებია, რომლებსაც ქოლგისებური ეფექტი აქვს - როცა სისხლი პერიფერიული ვენებიდან უკუმიედინება, სარქველი იხსნება და აკავებს მას, ქვემოთ ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს. როცა ვენის კედელი გაგანიერებულია და სარქვლები დაზიანებულია, ხდება რეფლუქსი - სისხლი არა გულისკენ, არამედ უკან მიედინება.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება შესაძლოა გენეტიკურად იყოს განპირობებული. ამ დროს ვენის კედელი პირველადად არის დაზიანებული. მართალია, ბავშვთა ასაკში ვენების დისპლაზია გამოხატული არ არის (ან ძალიან იშვიათია), მაგრამ დროთა განმავლობაში გენეტიკური ფაქტორი თავს იჩენს და კლინიკურად გამოვლინდება.
შესაძლოა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება მეორეულად, რომელიმე დაავადებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთების ან სიმსივნის დროს შეიძლება მოხდეს ზეწოლა თეძოს ვენებზე, რაც პერიფერიულ ვენურ სისტემაში შეგუბებას განაპირობებს. ოპერაციის ან მშობიარობის დროს შესაძლებელია თეძოს ვენების თრომბოზის განვითარება, რომელიც, განსაკუთრებით - ღრმა ვენებში, შეგუბებით მოვლენებს განაპირობებს.
ვენების ვარიკოზის რისკფაქტორს წარმოადგენს პროფესია, რომელიც დიდხანს დგომას მოითხოვს (ქირურგის, მასწავლებლის და სხვა).

სიმპტომები და მიმდინარეობა. ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას აქვს პრემორბიდული კლინიკა: ადამიანი შეიგრძნობს სიმძიმესა და წვას კიდურებში, ფეხები ადვილად ეღლება და დიდხანს სიარულის დროს ოდნავ უშუპდება, ზოგჯერ წვივის კუნთების კრუნჩხვაც კი ვითარდება, მაგრამ ეს ნიშნები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ავადმყოფი მათ ყურდღებას არც კი აქცევს. დროთა განმავლობაში ქვემო კიდურებზე ჩნდება სხვადასხვა ხარისხით გაგანიერებული ვენები.
იმისდა მიხედვით, რომელი ვენაა დაზიანებული, განასხვავებენ ღერძულ, ქსელურ და შერეულ ვარიკოზს. დაავადების დასაწყისშივე (ვიზუალურ გამოვლინებამდე) დიაგნოსტირება უმთავრესად ფუნქციონალური სინჯებით ან ინსტრუმენტული გამოკვლევებით არის შესაძლებელი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:45 | შეტყობინება # 215
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გართულებები. ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება გართულდეს:
ქრონიკული ვენური უკმარისობით;
კანის ფერის ცვლილებით და ტროფიკული წყლულით;
ვარიკოზული ვენის გახეთქვითა და სისხლდენით;
თრომბოზითა და თრომბოფლებიტით.

დიაგნოსტიკა. ზედაპირული ვენების ვარიკოზი კიდურებზე იმდენად შესამჩნევია, რომ მისი დიაგნოსტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ დაავადების ხარისხის დადგენის, მკურნალობის მართებული მეთოდის შერჩევისა და ოპერაციის ჩვენების განსაზღვრისთვის გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო.
კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და ამავე დროს არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. საჭიროებისამებრ, ტარდება ფუნქციონალური სინჯები ღრმა ვენების გამტარობასა და სარქვლების უკმარისობაზე.

მკურნალობა. არსებობს ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები.
კონსერვატიული მკურნალობისას, სასურველია, ავადმყოფმა ატაროს ქუსლიანი ფეხსაცმელები - როცა წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი ელასტიკური ბანდის მსგავსად უჭერს ზედაპირულ ვენებს. იყენებენ ასევე ელასტიკურ ბანდს და ელასტიკურ ტრიკოტაჟს (გეტრებს, წინდებს, კოლჰოტებს).
არ შეიძლება დიდხანს დგომა ან ჯდომა, ავადმყოფი ან უნდა იწვეს, ან დადიოდეს, საწოლი ფეხებისკენ ოდნავ ამაღლებული ჰქონდეს, შეასრულოს სპეციალური ვარჯიშები. კარგია კონტრასტული შხაპი, ცურვა.
ვენების გაგანიერების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია სკლეროთერაპია - დაზიანებული ვენების სკლეროზირება. ამ დროს წამლების საშუალებით იწვევენ ვენის კედლის ანთებას, შემდეგ კი ახდენენ ვენის კომპრესიას კედლების ერთმანეთთან მიხორცებისა და სანათურის ობლიტერაციის (დახშობის) მიზნით.
ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღება დაუშვებელია, თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც დაავადების პროგრესს აფერხებს.
გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს, რომლებიც ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს გამოგადგებათ. ისინი გააქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, მოახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, მოხსნის ვენურ შეგუბებას. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდხანს უწევს ჯდომა ან ფეხზე დგომა.
1. დაჯექით სკამზე. ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ. 15-20-ჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე.
2. ორივე ხელით დაეყრდენით სკამს ან კომოდს და 15-20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერებზე.
3. ორივე ხელით მხრების სიმაღლეზე მიეყრდენით კედელს და 20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერებზე.
4. ჩასუნთქვისას ფეხის წვერებზე აიწიეთ და ხელები ასწიეთ, ამოსუნთქვისას დაეშვით (20-ჯერ).
5. დაჯექით ან დაწექით და ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მხარეს: ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ).
6. ერთდროულად აიწიეთ ორივე ფეხის წვერზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:45 | შეტყობინება # 216
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკისა და სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაფართოებაა. ის ყველა ასაკში გვხვდება, მაგრამ უპირატესად 14-15 წლის მოზარდებს შორის არის გავრცელებული.
ვარიკოცელე აღმოცენდება სათესლის ვენებში წნევის მატების გამო, რაც მათი განლაგების ანატომიურ თავისებურებებს უკავშირდება. დაავადება, მარცხენა სათესლე ჯირკვალში ვენის თავისებური შესვლის გამო, უმეტესად მარცხნივ ვითარდება.
ვარიკოცელეს კიდევ ერთი მიზეზია ვენის მიჭყლეტა მეზობელი ორგანოების სიმსივნური წარმონაქმნით (უმეტესად - მისი თირკმლის ვენაში შესვლის ადგილას) ან თირკმლის ვენის თრომბოზის გამო.
ვარიკოცელეს განვითარების რისკფაქტორებია ხანგრძლივი, ინტენსიური ფიზიკური გადაღლა და დაავადებები, რომელთა დროსაც იმატებს მუცელშიგა წნევა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფი უჩივის ქაჩვის შეგრძნებას და ტკივილს ცალ ან ორივე სათესლე ჯირკვალში, სათესლე პარკში ან შორისის მიდამოში, დაზიანების მხარეს, ასევე - სათესლე პარკის გადიდებას ან დაშვებას (უმეტესად - მარცხნივ). ტკივილი ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის, სიარულის, სქესობრივი აქტის დროს.
განასხვავებენ ვარიკოცელეს განვითარების რამდენიმე სტადიას.
I სტადია: ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიმჩნევა მხოლოდ შეხებისას, სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჭინთვის დროს.
II სტადია: სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება თვალით შესამჩნევია. ჯირკვლის ზომა და კონსისტენცია უცვლელია.
III სტადია: სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერება მკვეთრად არის გამოხატული, ჯირკვლის ზომა და კონსისტენცია შეცვლილია.

ვარიკოცელე და უშვილობა. ვარიკოცელე აქვს მთელი მსოფლიოს მამრობითი სქესის მოსახლეობის 10-15%-ს და უშვილო მამაკაცთა 40%-ს. მეტიც: თუ ცალკე გამოვყოფთ მეორეული უშვილობის მქონე მამაკაცებს (ანუ იმ მამაკაცებს, რომელთაც ადრე ჰქონდათ ბავშვის ჩასახვის უნარი, ახლა კი - არ აქვთ), აღმოჩნდება, რომ მათ 80%-ს ვარიკოცელე აწუხებს.
ვარიკოცელეს დროს უშვილობა შემდეგი მიზეზების გამო ვითარდება: სათესლე პარკის ვენებში სისხლი სათესლე ჯირკვლიდან და მიმდებარე ქსოვილებიდან გულისკენ მიედინება. ამ დროს ის ქვემოდან ზემოთ, სიმძიმის ძალის საპირისპიროდ მოძრაობს. ვენაში სისხლის უკუდინებას ეწინააღმდეგება ვენის კედლების სპეციალური სარქვლოვანი სისტემა. ვენების გაგანიერების დროს ეს სარქვლები მუშაობას წყვეტს. შედეგად სისხლი ვენაში ქანქარასებურად იწყებს მოძრაობას. სათესლე ჯირკვლის სისხლით მომარაგება ირღვევა. მის ირგვლივ ვენური ქსელი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სათესლე ჯირკვალი ვენების ღრუბლით არის გარშემორტყმული. სათესლე ჯირკვლის გარშემო არსებული ვენური ბალიში ხელს უშლის ჯირკვლის გაგრილებას. სპერმატოზოიდის გამომუშავებისთვის აუცილებელი ტემპერატურა 32,5-34,5 გრადუსია, ეს კი ნიშნავს, რომ ვარიკოცელე სპერმატოგენეზს თრგუნავს. გარდა ამისა, ვარიკოცელეს დროს სათესლე ჯირკვლის ქსოვილში შეიძლება განვითარდეს ასეპტიკური აუტოიმუნური ანთება, რაც ასევე ხელს უშლის სპერმატოზოიდების წარმოქმნას.

დიაგნოსტიკა. ვარიკოცელეს დიაგნოზი უმეტესად შემთხვევით, რიგითი სამედიცინო შემოწმების დროს დაისმის. დიაგნოზის დაზუსტება ძნელი არ არის. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება როგორც ტრადიციული (დათვალიერება, პალპაცია, ფუნქციონალური სინჯები), ისე ინსტრუმენტული მეთოდები (ექოსკოპია, დოპლერული სკანირება, ფლებოგრაფია). უნაყოფობის გამოსავლენად ხდება ეაკულატის გამოკვლევა. პაციენტების 65-75%-ს საგრძნობლად აქვს შემცირებული სპერმატოზოიდების რიცხვი და დაქვეითებული - მათი მოძრაობა.

მკურნალობა. არსებობს ვარიკოცელეს მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები, მაგრამ უფრო ეფექტურად ქირურგიული მკურნალობა მიიჩნევა. ოპერაციის შემდეგ ნაყოფიერების უნარი მეტწილად აღდგება.
დღეისთვის ოპერაციული ჩარევის 120-ზე მეტი სახეობაა დანერგილი. ბოლო ხანს იყენებენ ქირურგიული ჩარევის ნაკლებინვაზიურ მეთოდებს: სათესლე ჯირკვლის ვენის ემბოლიზაციას და სკლეროთერაპიას. სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის მიზნით სათესლე ჯირკვალში ჩადგმული კათეტერიდან სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური საცობი (ემბოლი) ან მასკლეროზებელი ნივთიერება.
ვარიკოცელე სქესობრივ აქტიურობაზე არ მოქმედებს, ამიტომ ოპერაციული ჩარევა აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როცა მამაკაცს შვილის გაჩენა სურს.
მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებია:
ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა;
სპორტის აქტიური სახეობებისგან (მათ შორის - ჯირითისგან) თავშეკავება;
სუსპენზორის ტარება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:46 | შეტყობინება # 217
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სისტემური ვასკულიტი წარმოადგენს კლინიკურ-ანატომიურ სინდრომს, რომელსაც სისხლძარღვთა კედლების ანთება და ნეკროზი, დაზიანებული სისხლძარღვის აუზში შემავალი ქსოვილების იშემიური ცვლილებები ახასიათებს. ანთებითი პროცესი შეიძლება ნებისმიერი ლოკალიზაციის სისხლძარღვში განვითარდეს, ამიტომ ვასკულიტები ჰეტეროგენულია.
განასხვავებენ პირველად და მეორეულ (სხვა დაავადებასთან ასოცირებულ) ვასკულიტებს.
პირველადი ვასკულიტები დამოუკიდებელ დაავადებებს წარმოადგენს. მათი საერთო მახასიათებელია სხვადასხვა ორგანოს მკვებავ სისხლძარღვთა კედლის ანთებითი და ნეკროზული დაზიანებით განპირობებული ცვლილებები და მათთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნები.
სისტემური ვასკულიტებისთვის დამახასიათებელია წონის კლება, ანემია, ცხელება, ცვლილებები კანის მხრივ, ართრიტი, მუცლის ტკივილი, ნევრიტები, გულის კუნთის ინფარქტის ნიშნები, პულმონური ინფილტრატები, ბრონქოსპასტიკური სინდრომი, სისხლიანი ხველა, ელენთის ინფარქტის ნიშნები, მიოპია, პანკრეატიტი, სათესლე ჯირკვლების ტკივილი, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები.
პირველადი სისტემური ვასკულიტების რიცხვს მიეკუთვნება ჰიპერსენსიტიური ანგიიტი, რევმატული არტერიიტი, კვანძოვანი პოლიარტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ვეგენერის გრანულომატოზი, ლიმფომატოიდური გრენულომატოზი, მაობლიტირებელი თრომბანგიტი.
კვანძოვანი პოლიარტერიიტი. მისი სინონიმებია ნოდოზური პოლიარტერიიტი, კლასიკური პოლიარტერიიტი, მაკროსკოპული პოლიარტერიიტი, კუსმაულის დაავადება. დამახასიათებელია პოლიართრალგია, წონის კლება, მუცლის ტკივილი, კანის იშემიური დაზიანება (წყლულები, ნეკროზი), ცხელება, პერიფერიული ნეიროპათია. მამაკაცები ქალებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან და არცთუ იშვიათად აწუხებთ სათესლე ჯირკვლის ტკივილი. ასევე ხშირია სხვადასხვა ორგანოს (გულის კუნთის, წვრილი ნაწლავის, თირკმლის) ინფარქტი. შედარებით იშვიათია ისეთი კანისმხრივი ცვლილებები, როგორიც არის ურტიკარია, კანქვეშა კვანძები, წყლულები.
დაავადებულთა 80-90%-ს თირკმელების დაზიანება აღენიშნება. თავდაპირველად ნეფროპათია ვლინდება ჰემატურიით (სისხლიანი შარდით). ნეფროზული სინდრომი (არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება და ცილები შარდში) იშვიათია. მოგვიანებით შესაძლოა თირკმელების უკმარისობაც განვითარდეს (იხ. კვანძოვანი პერიარტერიიტი).
ალერგიული გრანულომატოზური ანგიიტი. წინათ ის ცნობილი იყო როგორც კვანძოვანი პოლიარტერიიტების ასთმური ვარიანტი, მაგრამ ახლა დამოუკიდებელ დაავადებად განიხილავენ.
დაავადების მიზეზი უცნობია. კვანძოვანი პოლიარტერიიტის მსგავსად, მის პათოგენეზში წამყვანი ადგილი უკავია იმუნურ ფაქტორებს. ალერგიული გრანულომატოზური ანგიიტის დროს ზიანდება წვრილი და საშუალო კალიბრის არტერიები, კაპილარები, ვენები და ვენულები. დამახასიათებელია ინტრა და ექსტრავასკულარული (სისხლძარღვშიგა და სისხლძარღვგარეთა) გრანულომები, ასევე - ქსოვილების ინფილტრაცია ეოზინოფილებით. პათოლოგიურმა პროცესმა შეიძლება მოიცვას ყველა ორგანო. განსაკუთრებით ხშირია ფილტვების დაზიანება.
ალერგიული გრანულომატოზური ანგიიტი კლინიკურად სისტემური ვასკულიტის ნიშნებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ახასიათებს ტიპური ბრონქული ასთმის მძიმე შეტევები, ინფილტრატები ფილტვებში. პაციენტთა 70%-ს აღენიშნება კანის დაზიანება არათრომბოციტოპენიური პურპურის (წერტილოვანი სისხლჩაქცევების), კანშიგა და კანქვეშა კვანძების სახით.
კვანძოვანი პოლიარტერიიტისგან ალერგიული გრანულომატოზური ანგიიტის განმასხვავებელი ძირითადი ნიშნებია ინტრა და ექსტრავასკულარული გრანულომები, ქსოვილების ინფილტრაცია ეოზინოფილებით, მძიმე ბრონქული ასთმა, ეოზინოფილია.
დაავადება მეტად მძიმეა და სათანადო მკურნალობას მოითხოვს. სწრაფად პროგრესირებადი ფორმების შემთხვევაში ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ციკლოფოსფამიდის კომბინაცია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:46 | შეტყობინება # 218
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰემორაგიული ვასკულიტი (ჰენოხ-შენლაინის დაავადება) წარმოადგენს წვრილი სისხლძარღვების სისტემურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს კანის, სახსრების, კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების წვრილ სისხლძარღვთა ერთდროული დაზიანება. მიმდინარეობს კანსა და ლორწოვან გარსში მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევით. ჰემორაგიული ვასკულიტი უმეტესად 14 წლამდე ასაკში გვხვდება (იხ. ჰემორაგიული დიათეზი).
ვეგენერის გრანულომატოზი. ამ დაავადების მიზეზები უცნობია. სავარაუდოა გენეტიკური განწყობა. დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. ზიანდება წვრილი არტერიები და ვენები. აღმოცენდება ექსტრა- და ინტრავასკულარული გრანულომები. ეს ცვლილებები ნებისმიერ ორგანოში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ყველაზე მკვეთრია სასუნთქ გზებსა და თირკმელებში.
ვეგენერის დაავადება, ჩვეულებრივ, ზედა სასუნთქი გზების, უფრო იშვიათად - ფილტვების დაზიანების ნიშნებით იწყება. ტიპური სიმპტომია ტკივილი პარანაზალური სინუსების არეში, სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან. ზოგჯერ ცხვირის ღრუში წყლულები წარმოიქმნება, რასაც შეიძლება ცხვირის ძგიდის პერფორაცია მოჰყვეს. ცხვირი ამ დროს უნაგირის ფორმას იღებს. არ არის გამორიცხული შუა ყურის ანთება და სმენის გაუარესება. ავადმყოფთა 95%-ს აღენიშნება ხველა, ზოგჯერ - სისხლიანი, სუნთქვის გაძნელება, ინფილტრატები ფილტვებში.
დაავადებულთა 85-90%-ს თირკმლის დაზიანების სიმპტომები აქვს. ნეფროპათია დომინირებს დაავადების კლინიკურ სურათში და განსაზღვრავს მის შედეგს. თავდაპირველად შარდში ჩნდება ცილა და სისხლი, შემდეგ კი თირკმელების უკმარისობა ყალიბდება.
დაავადებულთა 60%-ს აღენიშნება თვალების დაზიანება: კონიუნქტივიტი, ეპისკლერიტი, სკლერიტი, გრანულომატიზური სკლეროუვეიტი. ხშირია თვალის კაკლის გამოდრეკა.
დაავადებულთა 45%-ს უჩნდება პაპულები, ვეზიკულები, პურპურა, წყლულები, კანქვეშა კვანძები.
შემთხვევათა 12%-ში აღინიშნება პერიკარდიტისა და კორონარიტის სიმპტომები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს კარდიომიოპათია.
დაავადებულთა 22%-ს ნევრიტი უვითარდება. იშვითია ცერებრული ვასკულიტის ან გრანულომისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
დიაგნოზი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური მონაცემებისა, ეფუძნება დაზიანებული ორგანოს ბიოფსიის შედეგს.
ვეგენერის გრანულომატოზის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ციკლოფოსფამიდი. მკურნალობის შედეგად ვითარდება ხანგრძლივი რემისია, თუმცა დაავადების პროგნოზს ამძიმებს თირკმელების უკმარისობა. ზოგჯერ საჭიროა თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ლიმფომატოიდური გრანულომატოზი იშვიათი დაავადებაა. ახასიათებს უპირატესად ფილტვების დაზიანების ნიშნები. ხშირია კანისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ზოგიერთ პაციენტს გლომერულოპათია უვითარდება, დაავადებულთა ნახევარს კი - ავთვისებიანი ლიმფომა.
სამკურნალოდ გამოიყენება გლუკოკორტიკოსტეროიდები და ციკლოფოსფამიდი. სიკვდილიანობა მაღალია.
მეორეული ვასკულიტი. მეორეული ვასკულიტი ვითარდება როგორც სხვა დაავადების ელემენტი და შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ძირითადი დაავადების ფაკულტატიური, არააუცილებელი გამოვლინება ან გართულება. მაგალითად გამოგვადგება მრავალი ინფექციური დაავადება: ქუნთრუშა, პარტახტიანი ტიფი, მენინგიტი, სეფსისი, ასევე - კანის დაავადება ფსორიაზი და სხვა. ზოგჯერ ვასკულიტი ამა თუ იმ ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლინებას წარმოადგენს. სიმსივნის წარმატებული ქირურგიული, სხივური თუ ქიმიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ მისი თანმხლები ვასკულიტი, წესისამებრ, ყოველგვარი სპეციფიკური მკურნალობის გარეშე გაივლის.

ვასკულიტის პირველივე ნიშნების შემჩნევისას აუცილებელია რევმატოლოგთან ვიზიტი. ტარდება სისხლის, შარდის ანალიზი, ანგიოგრაფია, გულმკერდის ღრუს რენტგენოგრაფია.
მკურნალობა დამოკიდებულია ვასკულიტის სახეობაზე. უმთავრესად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნოდეპრესანტები და სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალებები. აუცილებელია თერაპევტის, ნეფროლოგის, ოტოლარინგოლოგის, ნევროლოგის, ქირურგის, ოკულისტის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:46 | შეტყობინება # 219
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ღრმა ვენების პათოლოგია ხშირად თრომბოზის გამო ვითარდება. იგი შეიძლება ნებაზე მიშვებული ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების გართულებაც იყოს. საქმე ის არის, რომ ზედაპირული ვენების გაგანიერებას მოჰყვება პერფორანტული ვენების ნაკლოვანება, რომელთა მეშვეობითაც სისხლი ზედაპირულიდან ღრმა ვენებში გადაედინება. მათი სარქვლები სისხლს საშუალებას არ აძლევს, ღრმა ვენებიდან უკან, ზედაპირულში დაბრუნდეს. როცა პერფორანტული ვენები დაზიანებულია, ხდება სისხლის რეფლუქსი (უკუდინება) ზედაპირულ ვენებში. ეს ღრმა ვენების უკმარისობას იწვევს, საბოლოოდ კი ქრონიკული ვენური უკმარისობა ვითარდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ღრმა ვენების გაგანიერების დროს ავადმყოფი უჩივის ქვედა კიდურების ტკივილს, რომელიც დიდხანს დგომისას ძლიერდება, ხოლო სიარულის დროს მცირდება, აგრეთვე - ფეხებში სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნებას, შეშუპებას, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ საღამოობით აღინიშნება, შემდგომში კი იმდენად მკვეთრია, რომ კიდურები ზოგჯერ ორჯერაც კი დიდდება. შორსწასულ შემთხვევაში კანი იცვლის ფერს და ვითარდება ლურჯი ფლეგმაზია. ღრმა ვენების გაგანიერებისთვის დამახასიათებელია დერმატიტი, ეგზემა და ტროფიკული წყლულები ქვემო კიდურებზე.
დიაგნოსტიკა. ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. საჭიროებისას ტარდება ფუნქციონალური სინჯები ღრმა ვენების გამტარობაზე, სარქვლების უკმარისობაზე, პერფორანტების უკმარისობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდია ფლებოგრაფია.

მკურნალობა. ღრმა ვენების გაგანიერება ძირითადად კონსერვატიულ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა არსებობს რამდენიმე ოპერაციული მეთოდი. ღრმა ვენებზე დიდი ოპერაციები არ ტარდება. კეთდება ჯვარედინი პლასტიკა, გადართვა ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში.
ღრმა ვენების უკმარისობის დროს ინიშნება ვენატონიკები: დეტრალექსი, ტროქსევაზინი, ვენორიცი და სხვა. გარდა ამისა, პაციენტს ურჩევენ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას, უდგენენ მოძრაობის რეჟიმს, დიეტას (იკრძალება ალკოჰოლი და ცხარე საკვები). საჭიროების შემთხვევაში ინიშნება როგორც პირდაპირი (ჰეპარინი, ფრაქსიპარინი), ისე არაპირდაპირი მოქმედების (ვარფარინი, ჰემოპარინი) ანტიკოაგულანტები. არსებობს კანზე წასასმელი სპეციალური ჟელეები და მალამოებიც (ტროქსევაზინის, ჰეპარინის და სხვა).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:46 | შეტყობინება # 220
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში თრომბები ქვედა კიდურების ღრმა ვენებში წარმოიქმნება, ვინაიდან აქ სისხლის შეგუბება უფრო ხშირია. ქვედა კიდურებისკენ სისხლი სიმძიმის ძალით მიედინება, გულისკენ მის უკუდინებას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - გულის შემწოვი ფუნქცია. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, რაც გულმკერდის ღრუში უარყოფით წნევას წარმოქმნის, მუცლის ღრუს წნევა, სისხლძარღვების ტონუსი, წვივის კუნთების შეკუმშვა-მოდუნება.
პერიფერიიდან სისხლის უკუდინებისთვის აუცილებელია ვენის სარქვლების გამართული მუშაობა: როცა სისხლი პერიფერიული ვენებიდან გულისკენ მიედინება, სარქველი ქოლგისებურად იშლება და მას უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს, ქვემო კიდურებში სისხლი გუბდება, რასაც შესაძლოა თრომბოზი მოჰყვეს.
ვენებში თრომბების წარმოქმნას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის:
სისხლის შედედების სისტემის დარღვევა. როდესაც ირღვევა ბალანსი სისხლის შედედებისა და შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციურ) სისტემებს შორის, პროთრომბინისგან წარმოიქმნება თრომბინი, რომელიც ფიბრინოგენის გააქტიურებას უწყობს ხელს, ამ უკანასკნელისგან კი - ფიბრინი. თრომბოციტები და ერითროციტები სისხლძარღვების კედელზე ილექება, ეხვევა ფიბრინის ბადეში და თრომბად ყალიბდება.
ინტოქსიკაცია და ნივთიერებათა ცვლის მოშლა - მიკრობული ან სიმსივნური ინტოქსიკაცია, სეფსისი, ქრონიკული დაავადებები, კერძოდ, ათეროსკეროზი, დიაბეტი, სიმსუქნე და სხვა.
სისხლის ნაკადის შეგუბება - ვენების ვარიკოზი, გულის უკმარისობა, შეგუბების ინტრავაზალური (ათერომული ფოლაქების წარმოქმნა, ვენის შიგნითა კედლის გასქელება, ძველი თრომბები) და ექსტრავაზალური (სიმსივნური წარმონაქმნების, ინფილტრატების ზეწოლა) ფაქტორები.
ტრავმები - მოტეხილობები (განსაკუთრებით - მსხვილი - მენჯისა და ბარძაყის - ძვლების მოტეხილობა), ოპერაციისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი. ტრავმას თან სდევს სისხლდენა. მის შესაჩერებლად ირთვება თავდაცვითი მექანიზმი - გამოიყოფა ქსოვილოვანი თრომბოპლასტინი, რაც ააქტიურებს სისხლის შედედების ფაქტორებს და ქმნის თრომბოზის განვითარების შესაძლებლობას.

ვენური თრომბოზი ხშირად უვითარდებათ ხანგრძლივად მწოლიარე ავადმყოფებს (გულის დაავადებები, ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, დამბლა). მიზეზი ვენებში სისხლის ხანგრძლივი შეგუბებაა. ასეთ ავადმყოფებს ურჩევენ, ხშირად ამოძრაონ ტერფები, ფეხისა და ხელის თითები, აკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები, შეძლებისდაგვარად იაქტიურონ. ღრმა ვენებში სისხლის ნაკადის სიჩქარის მოსამატებლად ქვემო კიდურებზე ახვევენ ელასტიკურ ბანდს.
ასაკთან ერთად იკლებს ადამიანის აქტიურობა, მეტ-ნაკლებად ირღვევა სისხლის მიმოქცევა, იცვლება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურა - ქვეითდება მათი ელასტიკურობა, ტონუსი, დეფორმირდება სარქვლები. შესაბამისად, იმატებს თრომბოზის განვითარების რისკი. გარდა ამისა, აქტიურდება სისხლის შედედების ფაქტორები და მცირდება ფიბრინოლიზი, რაც ასევე თრომბოზის განვითარებას უწყობს ხელს.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მიმდინარეობის კვალობაზე, განასხვავებენ:
მწვავე ფლებოთრომბოზს - აღინიშნება კიდურის შეშუპება, ტკივილი, ტემპერატურის მატება და ა.შ.;
ქვემწვავე ფლებოთრომბოზს;
პოსტთრომბოფლებიტური სინდრომისა (ყალიბდება ქრონიკული ვენური უკმარისობა) და
პოსტთრომბოფლებიტური სინდრომის ფონზე განვითარებულ მწვავე ფლებოთრომბოზს (ქრონიკული ვენური უკმარისობა თავისთავად იწვევს ვენების თრომბოზს).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:46 | შეტყობინება # 221
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რას უჩივის ავადმყოფი და რა სახის ცვლილებები აღენიშნება მას ვენების თრომბოზის დროს, დამოკიდებულია თრომბის ლოკალიზაციაზე.

წვივის ვენების თრომბოზი. ამ დროს შუპდება ტერფი, კოჭ-წვივის სახსარი და წვივი. წვივის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც ტერფის მოძრაობისას ძლიერდება.
თეძო-ბარძაყის ვენის თრომბოზი. კომპენსაციის სტადიაში ჰემოდინამიკა დარღვეული არ არის და ავადმყოფი ტკივილს მხოლოდ წელისა და გავის არეში, მუცლის ქვედა ნაწილსა და ქვედა კიდურებში შეიგრძნობს, დეკომპენსაციის სტადიისთვის კი დამახასიათებელია ტკივილის მკვეთრი მატება, ძლიერი შეშუპება, რომელიც კიდურიდან ზოგჯერ სათესლე პარკზე, დუნდულა კუნთსა და მუცლის წინა კედელზეც ვრცელდება. კიდურის კანი ფერს იცვლის - მოლურჯო-მოიისფრო ხდება. თეძოსა და მუცლის წინა კედელზე მოჩანს გაგანიერებული ზედაპირული ვენები.
ქვედა ღრუ ვენების თრომბოზი. დამახასიათებელია ქვედა კიდურების, სასქესო ორგანოებისა და მუცლის წინა კედლის შეშუპება. მუცლის წინა კედელზე მოჩანს მკვეთრად გაგანიერებული ზედაპირული ვენები. შესაძლოა, თრომბოზი ქვედა ღრუ ვენის სხვადასხვა სეგმენტში განვითარდეს. ამის კვალობაზე, სიმპტომებიც სხვადასხვაგვარია.
ქვედა ღრუ ვენების თირკმელზედა და თირკმლის სეგმენტის თრომბოზისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი წელის არეში, ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება), ანურია (შარდის გამოყოფის შეწყვეტა), ურემიის (თირკმლის მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო ორგანიზმის მოწამვლის) ნიშნები.
ქვედა ღრუ ვენის ღვიძლზედა სეგმენტის თრომბოზის დროს ვითარდება ღვიძლის უკმარისობის მძიმე სურათი: პორტული ჰიპერტენზია (კარის ვენაში წნევის მომატება), ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება), ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სიყვითლე, დისპეფსიური მოშლილობანი (საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება და სხვა), ქვედა კიდურების შეშუპება და კანქვეშა ვენების გაგანიერება.
თეთრი მტკივნეული ფლეგმაზია. ეს არის ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენების მწვავე დიფუზური თრომბოზი. იწყება ქვედა კიდურების მკვეთრი ტკივილით. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. ვითარდება ტაქიკარდია, ოფლიანობა, შემცივნება, არტერიაზე პულსი არ აღინიშნება, ცნობიერება დაბინდულია. მოსალოდნელია კოლაფსი.
ლურჯი მტკივნეული ფლეგმაზია. იგი წარმოადგენს ქვედა კიდურების, მენჯის ღრმა, კუნთებშიგა და კანქვეშა ვენების მწვავე გავრცობილ თრომბოზს. ავადმყოფი უჩივის კიდურის ტკივილს. კიდური შეშუპებულია, ცივი და ლურჯი. არტერიებზე პულსაცია ქრება. თავს იჩენს ინტოქსიკაციის ნიშნები. ვითარდება ანემია, ტაქიკარდია. ავადმყოფი კიდურს ვერ ამოძრავებს, მასზე მგრძნობელობა დაქვეითებული აქვს. კანზე ჩნდება სისხლჩაქცევები, ჰემორაგიული ბუშტუკები. მოსალოდნელია განგრენა.
ზედა ღრუ ვენების თრომბოზი. მას ახასიათებს ზედა კიდურის პროგრესირებადი შეშუპება, ძლიერი ტკივილი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ციანოზი (მოლურჯო ელფერი), კანქვეშა ვენების გაგანიერება. ვენური წნევა დაზიანებულ კიდურში მკვეთრად იმატებს - 200-400 მმ.ვწყ.სვ-ს უტოლდება (ნორმაა 150 მმ.ვწყ.სვ.).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:47 | შეტყობინება # 222
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გართულებები. მაგისტრალური (ბარძაყის, თეძოს, ქვედა ღრუ ვენის) ვენების თრომბოზის დროს დიდია თრომბოემბოლიის განვითარების ალბათობა. თრომბი კიდით ვენის კედელზეა მიმაგრებული, დანარჩენი კი თავისუფლად კიდია სისხლძარღვის სანათურში. როცა თრომბი კარგად არ არის მიმაგრებული ვენის კედელს (განსაკუთრებით - მწვავე პერიოდში), შესაძლოა, მისი ნაწილი ან მთელი თრომბი სისხლის ნაკადმა მოწყვიტოს და თან წაიღოს. მოწყვეტილი თრომბი ქვედა ღრუ ვენის საშუალებით ხვდება მარჯვენა წინაგულში, საიდანაც გადადის მარჯვენა პარკუჭში, შემდეგ - ფილტვის არტერიაში და მას ან მის რომელიმე ტოტს ახშობს.
ფილტვის არტერიის ემბოლია ყოველთვის არ არის სასიკვდილო. თუ თრომბი მცირე ზომისაა, ის გაივლის ფილტვის არტერიას და მის რომელიმე ტოტში გაიჭედება, რაც გამოიწვევს ფილტვის იმ ნაწილის ინფარქტს, რომელსაც ეს სისხლძარღვი ამარაგებდა, მაგრამ თუ ემბოლი უშუალოდ ფილტვის არტერიაში ჩაიჭედა, ავადმყოფი უმალვე კვდება.
დიდმა ფიზიკურმა დატვირთვამ და სისხლის ნაკადის გაძლიერებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თრომბის მოწყვეტას, თუმცა ამ ფაქტორებთან ერთად მნიშვნელობა აქვს თრომბის მიმაგრების ხარისხს. არსებობს ფლოტირებადი თრომბი, რომელიც ოდნავ არის მიმაგრებული ვენის კედელზე და ადვილად წყდება. არის თრომბი, რომელიც უფრო მჭიდროდ არის მიმაგრებული. მისი მოწყვეტა ნაკლებმოსალოდნელია.
დიაგნოსტიკა. კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. მეტად ინფორმაციულია ფლებოგრაფიაც - ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანა და შემდგომი რენტგენოგრაფია (კონტრასტის გარეშე რენტგენოგრამაზე სისხლძარღვები არ აისახება), მაგრამ ეს გამოკვლევა ძვირად ღირებულია, თანაც ინვაზიური, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა მკურნალობის მეთოდის შესარჩევად დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო.
გარდა ინსტრუმენტული გამოკვლევისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი - კოაგულოგრამა, რომელიც ექიმს საშუალებას მისცემს, შეაფასოს სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობა და ამის საფუძველზე შეარჩიოს ანტიკოაგულაციური მკურნალობა.

მკურნალობა. თუ დაავადების მიმდინარეობა ავთვისებიანი არ არის და მკურნალობა დროულად დაიწყო, შედეგი კარგია, თუმცა ხშირად რჩება ქრონიკული ვენური უკმარისობა.
ვენების თრომბოზის მკურნალობის მიზანია თრომბოზის გავრცელების შეჩერება, თრომბის მოწყვეტის და მაგისტრალურ სისხლძარღვებში მისი მოხვედრის პროფილაქტიკა, ვენის გამავლობის აღდგენა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოსტთრომბოფლებიტური დაავადება ანუ ქრონიკული ვენური უკმარისობა. ამ მიზნით ავადმყოფს მწვავე პერიოდში ენიშნება წოლითი რეჟიმი და მედიკამენტები, რომლებიც ათხიერებს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებას და ცირკულაციას, ხელს უწყობს ვენის კედელზე თრომბის მიმაგრებას და ა.შ. მედიკამენტები ინიშნება როგორც ინექციების, ისე ტაბლეტებისა და მალამოების სახით.
ზედაპირული ვენების მაღალი და აღმავალი (გადადის ბარძაყზე) თრომბოზის შემთხვევაში ოპერაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ დროს დათრომბილ ვენას კვანძავენ და ამით ემბოლიის განვითარების საშიშროებას თავიდან იცილებენ. ღრმა ვენების თრომბოზის დროს ასეთი ოპერაცია არ ხორციელდება. ღრმა ვენის გადაკვანძვა დაუშვებელია, რადგან ამას მოჰყვება კიდურში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი მოშლა ან კიდურის განგრენა. ასეთ შემთხვევებში იყენებენ კავა-ფილტრების მეთოდს - ქვედა ღრუ ვენაში დგამენ სპეციალურ ფილტრს. ეს კეთდება ენდოვასკულური მეთოდით, რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით. ლავიწქვეშა ვენიდან ზონდით შეჰყავთ დახურული ფილტრი, რომელსაც ქვედა ღრუ ვენაში თრომბოზის ზევით ქოლგასავით შლიან. ფილტრი ვენის კედელში მაგრდება. სისხლი მასში თავისუფლად გადის, მსხვილ ემბოლს კი ფილტრი არ ატარებს და ფილტვის ემბოლიის განვითარების საშიშროებაც აღარ იქმნება.

პროფილაქტიკა. უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ცხოვრების მართებული წესის დაცვა: დიეტოთერაპია (უარი უნდა ითქვას ალკოჰოლზე, თამბაქოზე, შემცირდეს ცხოველური საკვები), მოძრაობის რეჟიმი (ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. საუკეთესო ვარიანტია ცურვა და იოგას სტილის ვარჯიშები). კარგია კონტრასტული შხაპიც. სასურველია კომპრესიული ტრიკოტაჟის (კოლგოტების, წინდების, გეტრების) ტარება. პერიოდულად უნდა შემოწმდეს სისხლის შედედების ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი მედიკამენტური კორექცია ექიმის მეთვალყურეობით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:47 | შეტყობინება # 223
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქრონიკული ვენური უკმარისობა ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიების მთელ წყებას, მათ შორის - ვარიკოზულ დაავადებას და პოსტთრომბოზულ სინდრომს (ვითარდება ვენური სისტემის თრომბოზის შემდეგ). არსებობს გაურკვეველი გენეზის ვენური უკმარისობაც.
დაავადების მექანიზმი ასეთია: ქვედა კიდურებში სისხლის უკუქცევა ფერხდება და ის სათანადო ოდენობით არ ბრუნდება გულისკენ. ეს იწვევს ჰემოდინამიკურ ცვლილებებსა და ცირკულატორულ მოშლილობებს, რაც ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით (თავდაპირველად ფეხები მხოლოდ საღამოობით შუპდება, ღამით კი შეშუპება ცხრება), ტკივილით, სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნებით, ოფლიანობით, ქავილით. ის შეიძლება გართულდეს ტროფიკული წყლულით და ღრმა ვენების თრომბოზითაც კი.
ვენურ სისტემას აქვს მრავალრიცხოვანი სარქვლოვანი აპარატი. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ვარიკოზული დაავადების შედეგად, რომელიც არა მარტო ზედაპირულ, არამედ ღრმა ვენურ სისტემასაც აზიანებს (თუმცა ეს ფარულად ხდება), ვითარდება სარქვლოვანი აპარატის დეფიციტი, რომელიც ფეხზე დგომისა და სიარულის დროს იწვევს რეფლუქსს - სისხლის არა გულისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებით დენას, უკუდენას, რასაც ცირკულატორული და ჰემოდინამიკური დარღვევები მოჰყვება. ამ დარღვევათა მაპროვოცირებელი ფაქტორებია ჭარბი წონა, ადინამია, ორსულობა.
ორსულობისას ორგანიზმში ხდება ძლიერი ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ვენის კედელზე მოქმედებს. ამავე დროს, ქვედა ღრუ ვენა, რომელიც ვენური სისხლის მთავარი კოლექტორია, ნაყოფის ზეწოლის შედეგად შესაძლოა 80%-ით ან მთლიანად დაიხშოს. თუ ორსულს დაეწყო ქვედა კიდურების შესივება, გამოაჩნდა ვენური ქსელი და სხვა, მისთვის აუცილებელია სპეციალიზებული დაკვირვება და ხელშემწყობი პირობების შექმნას. პირველ ყოვლისა, კომპრესიული წინდების ტარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში (ორსულობის მეორე ნახევარში) - ფლებოტონიკების ხმარება, რაც საგრძნობლად გააძლიერებს ვენურ დრენაჟს.

მკურნალობა. მკურნალობის მეთოდი დაავადების სტადიასა და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის ხარისხზეა დამოკიდებული. მხოლოდ ანგიოლოგს შეუძლია, პაციენტის გამოკვლევის შემდეგ დასვას დიაგნოზი და დანიშნოს მართებული მკურნალობა (ვარიკოზული ვენის ქირურგიული გზით ამოკვეთა, სპეციალური ბანდის ან კოლგოტების ტარება, ფლებოტროპული პრეპარატების გამოყენება).
არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვა ავადმყოფს საგრძნობლად შეუმსუბუქებს მდგომარეობას და თავიდან ააცილებს ქრონიკული ვენური უკმარისობის გართულებებს:
დასვენებისა და ძილის დროს ფეხები ჰორიზონტალური სიბრტყიდან ოდნავ აწეული გქონდეთ.
თუ დღის განმავლობაში დიდხანს გიწევთ ჯდომა ან ფეხზე ერთ ადგილას დგომა, რაც შეიძლება ხშირად შეუცვალეთ ფეხებს მდებარეობა ან სწრაფად გაიარ-გამოიარეთ.
ატარეთ საშუალო სიმაღლის (4-5 სმ) ქუსლიანი ფეხსაცმელი.
თბილი შხაპისა და აბაზანის შემდეგ ფეხებზე ცივი წყალი გადაივლეთ.
რეგულარულად ივარჯიშეთ, იცურეთ, ბევრი იარეთ ფეხით.
მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ვენოტონური პრეპარატები.
თავი არიდეთ სპორტის ისეთ სახეობებს, რომლებიც ფეხების ძლიერ დატვირთვას მოითხოვს (ძალოსნობა, სიმაღლეზე ხტომა).
არ მიიღოთ ცხელი აბაზანა. ერიდეთ საუნას. დიდხანს ნუ გაჩერდებით მზეზე.
არ ატაროთ მეტისმეტად მოჭერილი ტანსაცმელი, ვიწრო ბანდაჟი, წინდა და გეტრი.
მოიცილეთ ჭარბი წონა - ის ვენების დატვირთვას ზრდის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:47 | შეტყობინება # 224
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვიტამინების დეფიციტი, მიზეზების კვალობაზე, შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ხარისხის მიხედვით კი - ნაწილობრივი და სრული. პირველს ჰიპოვიტამინოზს უწოდებენ, მეორეს - ავიტამინოზს.
ვიტამინების დეფიციტის განვითარებას ხელს უწყობს გარეგანი და შინაგანი ფაქტორების მთელი წყება.
გარეგანი ფაქტორებია: საკვების ნაკლებობა, საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობა, დიეტები, ნარშირწყლებით მდიდარი არაბალანსირებული რაციონი, მავნე ჩვევები, საკვების არასწორი შენახვა და არასწორი კულინარიული დამუშავება.
შინაგანი ფაქტორებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მოზარდი და ხანდაზმული ასაკი, ჰიპერთერმია, სტრესი, ორსულობა, ჭიებით ინვაზია, საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ხანგრძლივი მიღება.

A ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
თვალების დაზიანება (ქათმის სიბრმავე, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატომალაცია, რქოვანას პერფორაცია, სიბრმავე);
კანისა და მისი დანამატების დაზიანება (წვრილი ქატოსებრი ქერცლი, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი მხრებზე, დუნდულა კუნთებზე, კიდურის სახსრების გამშლელ ზედაპირზე, თმის სიმშრალე და მტვრევადობა, ფრჩხილების განივი დახაზულობა);
საოფლე და საცრემლე ჯირკვლების ატროფია;
ლორწოვანი გარსის დაზიანება (სტომატიტი, ეროზიები, ბრონქების, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების ეპითელიუმის მეტაპლაზია);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ჰიპოაციდური გასტრიტი, დიარეა);
ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:48 | შეტყობინება # 225
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ავიტამინოზის დროს:
დარიეს დაავადება (ფოლიკულური ჰიპერკერატოზი).

D ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის პროცესების დარღვევა (ოსტეომალაცია);
კრუნჩხვები;
ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა.

ავიტამინოზის დროს:
რაქიტი.

E ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კუნთოვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებები (კუნთების სისუსტე, სიარულის მანერის შეცვლა, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზი, მიოკარდიუმის დაზიანება);
ნევროლოგიური დარღვევები (არეფლექსია, ზურგის ტვინის დისფუნქცია);
კაპილარების განვლადობისა და სიმყიფის გაძლიერება;
რეპროდუქციული ფუნქციის (სპერმატოგენეზის, ოვოგენეზის, პლაცენტის განვითარების) დარღვევა.

K ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
ჰემორაგიული სინდრომი (K-ვიტამინდამოკიდებული შედედების ფაქტორების - II,VII, IX და XI ფაქტორების - აქტივობის დაქვეითების შედეგად).

H ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, სებორეა, ალოპეცია, ფრჩხილების მტვრევადობა);
ნევროლოგიური სიმპტომები (ძილიანობა, ჰიპერესთეზია, ჰალუცინაციები, ატაქსია);
განვითარების შეფერხება.

C ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
დაღლილობა, მადის დაქვეითება;
ხშირი და ხანგრძლივი რესპირატორული ინფექცია.

ავიტამინოზის დროს:
სურავანდი;
მელერ-ბარლოუს დააავადება (ძვლისაზრდელასქვეშა მოტეხილობები).

B1 ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები);
პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა);
კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კონფაბულაციები (ცრუ მოგონებები));
ვერნიკის ენცეფალოპათია (ფსიქიკის ცვლილება, კოორდინაციისა და თვალის მოძრაობის დარღვევები);
ნაწლავების ტონუსის დაქვეითებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).

ავიტამინოზის დროს:
ბერი-ბერის სველი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით მიმდინარე) ფორმა;
ბერი-ბერის მშრალი (ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე) ფორმა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz