ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:39
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:48 | შეტყობინება # 226
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
B2 ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი. გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია);
თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა);
სებორეული ეგზემა;
ზრდის დარღვევები;
ნორმოქრომული ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია;
ნევროლოგიური დარღვევები (უძილობა, ატაქსია, კრუნჩხვები).

ავიტამინოზის დროს:
არიბოფლავინოზი.

PP ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, თავბრუხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ნერწყვდენა, სტომატიტი, დიარეისა და შეკრულობის მონაცვლეობა, კუჭის წვენში მარილმჟავასა და პეპსინის შემცველობის მკვეთრი დაქვეითება);
კანის დაზიანება (კანის გაუხეშება, აქერცვლა და ყავისფერი პიგმენტაცია).

ავიტამინოზის დროს:
პელაგრა (დერმატიტი, დიარეა, დემენცია).

B5 ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

B6 ვიტამინ
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია;
პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა;
დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები);
მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:48 | შეტყობინება # 227
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
Bc ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
ლორწოვანი გარსის დაზიანება (გინგივიტი, სტომატიტი, გლოსიტი, ნეკროზული ანგინა, სისხლდენა ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან);
ნევროლოგიური სიმპტომები (საერთო სისუსტე, დაღლილობა, გაღიაზიანებადობა, დათრგუნულობა, სპასტიკური დამბლები და კრუნჩხვები);
მეგალობლასტური ანემია;
კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა (დიარეა);
ზრდის შეფერხება;
ნაყოფის განვითარების დეფექტები;
გონებრივი განვითარების შეფერხება.

ავიტამინოზის დროს:
იაკშა-გაიემის ანემია (თხის რძით კვების დროს).

B12 ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია;
ალოპეცია;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი).

ვიტამინოთერაპია
არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად.
ვიტამინების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა მათი ბიოლოგიური თვისებები შეიცვალოს. მაგალითად, C ვიტამინის დოზის გაზრდისას მცირდება B2 ვიტამინის მოთხოვნილება, საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინების დონე; არსებობს ერთგვარი ანტაგონიზმი B1-სა და B12-ს შორის; C და P ვიტამინების ერთდროული მიღება მათ მოქმედებას აძლიერებს; C ვიტამინი ცუდად ეთავსება სპილენძს; E ვიტამინი ჭარბი ოდენობის რკინასთან ერთად მიღებისას აქტივობას კარგავს.
პოლივიტამინური პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, შეიცავს თუ არა ის ადამიანისთვის აუცილებელ ვიტამინებს და როგორია მათი დოზირება. დოზები უნდა შეესატყვისებოდეს (არ უნდა ჭარბობდეს) ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მინერალებისა და მოკროელემენტების გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან ისეთ ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები სხვადასხვა აბის სახით არის წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:48 | შეტყობინება # 228
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვიტილიგო კანის პიგმენტაციის უნარის დაკარგვაა, რაც თეთრი ლაქების წარმოქმნით გამოიხატება. ლაქები უმეტესად ხილულ ადგილებზე ჩნდება და ამის გამო ძლიერ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს, თუმცა სიცოცხლეს საფრთხეს არ უქადის. ასეთ დროს მზის სხივების უშუალო ზემოქმედება არასასურველია.
ვიტილიგოს მიზეზებად მიიჩნევა ნერვული სტრესი, არასრულფასოვანი კვება და კუჭ-ნაწლავის პარაზიტული დაავადებები. მკურნალობენ ზოგადი და ადგილობრივი ვიტამინოთერაპიით. არსებობს ადგილობრივი და ზოგადი მოხმარების სპეციალური ხსნარები და ტაბლეტები, რომლებიც ხელს უწყობს პიგმენტ მელანინის წარმოქმნას, თუმცა განკურნების 100%-იან შანსს არ გვაძლევს. მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის ადრევე დაწყება. დაავადების საწყის ეტაპზე ვიტამინოთერაპიას ხშირად ძალუძს პროცესის შეჩერება და ზოგ შემთხვევაში ლაქების ალაგებაც. თავდაპირველად თეთრი ლაქის ფონზე ჩნდება პიგმენტის შემცველი კუნძულაკები, რომლებიც თანდათან ივსება და ნორმალურ ელფერს იღებს. მკურნალობას კარგად ემორჩილებიან ბავშვები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:48 | შეტყობინება # 229
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვულვიტი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებაა.
ვულვიტი შეიძლება გამოიწვიოს სტაფილოკოკმა, სტრეპტოკოკმა, ნაწლავის ჩხირმა, ჩანდიდა-ს ტიპის სოკოებმა, ტრიქომონადებმა, გონოკოკმა, ქლამიდიამ, ვირუსმა და ძალიან იშვიათად - ტუბერკულოზის მიკობაქტერიამ. სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკითაY და ნაწლავის ჩხირით განპირობებული ვულვიტი უმეტესად გოგონებსა და ასაკოვან ქალებში გვხვდება, რაც სასქესო ორგანოების ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან არის დაკავშირებული.
ვულვიტის განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, დერმატოზი, ანემია, ჰიპოვიტამინოზი, ალერგიული და ინფექციური დაავადებები, ენტერობიოზი, ექსუდაციური დიათეზი, მექანიკური, ტრავმული და ქიმიური დაზიანებები, პირადი ჰიგიენის დაუცველობა. ვულვიტი მეტწილად მეორეულად აღმოცენდება კოლპიტის (საშოს ანთების) დროს, გარეთა სასქესო ორგანოების გამონადენით გაღიზიანების შედეგად. გოგონებში ვულვის ანთება ხშირად საშოს ანთებასთან ერთად მიმდინარეობს (ვულვოვაგინიტი).
ვულვიტის ნიშნებია წვა და ქავილის შეგრძნება გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოებში, ტკივილი სიარულისა და შარდის გამოყოფის დროს. დათვალიერებისას გარეთა სასქესო ორგანოების კანსა და ვულვის ლორწოვან გარსზე შეიმჩნევა დიფუზური სიწითლე, ასევე - კლიტორის ჰიპერემია და შეშუპება. სოკოვანი წარმოშობის ვულვიტს ვულვის არეში თეთრი ნადების გაჩენა ახასიათებს. გოგონებს, რომლებმაც სიცოცხლის პირველ წლებში ვულვიტი გადაიტანეს, შესაძლოა მცირე სასქესო ბაგეების შეხორცება განუვითარდეთ.
თუ ვულვიტი ალერგიული რეაქციის ფონზე განვითარდა, ინიშნება მადესენსიბილიზებელი საშუალებები. რაციონიდან გამოირიცხება ალერგიული პროდუქტები, ცხარე, მარილიანი კერძები, ცომეული. გონოკოკით, ჩანდიდა-ს ტიპის სოკოთი, ტრიქომონადით, ქლამიდიებით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით გამოწვეული ვულვიტის დროს ტარდება სპეციფიკური მკურნალობა. მკურნალობის პერიოდში ქალმა სქესობრივი ცხოვრებისგან თავი უნდა შეიკავოს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:50 | შეტყობინება # 230
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვულვოვაგინიტი საშოსა და ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებაა. ის უმეტესად ბავშვთა ასაკში გვხვდება. გამომწვევია ჩირქოვანი და ნაწლავის ჩხირი, ჰელმინთოზი. ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა ექსუდაციური დიათეზი, ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები, ჰიგიენის წესების დაუცველობა, მექანიკური ფაქტორები (საშოში უცხო სხეულის მოხვედრა).
ვულვოვაგინიტის დროს აღინიშნება ქავილი და თეთრად შლა, ვულვა შუპდება და წითლდება, საშოს ლორწოვანი გარსიც ჰიპერემიულია და ახასიათებს შეშუპებითი ჰემორაგიები. საშოდან მოსალოდნელია ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ (საშოში უცხო სხეულის შეყვანის შემთხვევაში) - სისხლიანი მინარევითაც კი. ვულვოვაგინიტის დროს ტარდება ისეთივე მკურნალობა, როგორიც საშოსა და საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების შემთხვევაში. ლიკვიდირებულ უნდა იქნეს ყოველგვარი გამაღიზიანებელი. მწვავე სტადიაში აუცილებელია წოლითი რეჟიმი, გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში 2-3-ჯერ ნატრიუმის პერმანგანატის თბილი ხსნარით (1:10 000), გვირილის ნაყენით, 2%-იანი ბორის მჟავათი. ასევე აუცილებელია ნატრიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარის მჯდომარე აბაზანები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:50 | შეტყობინება # 231
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება მეტად გავრცელებული დაავადებაა. სხვადასხვა დროს მას უწოდებდნენ ზედა სასუნთქი გზების კატარს, მწვავე რესპირატორულ დაავადებას, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებას.
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება შეიძლება გამოიწვიოს: ვირუსმა (გრიპის, პარაგრიპის ვირუსმა, ადენოვირუსმა, რინოვირუსმა, ენტეროვირუსმა); ბაქტერიამ (სტრეპტოკოკმა, მენინგოკოკმა); მიკოპლაზმამ. დაავადების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია ორგანიზმის გადაცივება.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება ვლინდება ვირუსით გამოწვეული ინტოქსიკაციის ზოგადი, არასპეციფიკური ნიშნებით. ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. მძიმე შემთხვევაში მოსალოდნელია მოქმედებათა შენელება ან აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა, კრუნჩხვა.
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებით დაავადებას ახასიათებს კატარული ნიშნებიც, რომლებიც ზედა სასუნთქი გზების ამა თუ იმ ორგანოს უპირატეს დაზიანებაზეა დამოკიდებული.
რინიტი - ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ვლინდება სურდოთი, ცხვირიდან გამონადენით, ცემინებით და ცხვირით სუნთქვის გაძნელებით.
ფარინგიტი - ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. ავადმყოფი უჩივის ყელში ღიტინის შეგრძნებას და ყლაპვის დროს ტკივილს.
ლარინგიტი - ხორხის ანთება. აღინიშნება ხრინწიანობა და მყეფავი ხველა.
ტონზილიტი ანუ კატარული ანგინა - ნუშურა ჯირკვლების ანთება. ავადმყოფი უჩივის ყლაპვის დროს ტკივილს. ნუშურა ჯირკვლები გადიდებულია, მათი ლორწოვანი - გაწითლებული.
ტრაქეიტი - ტრაქეის ანთება. აღინიშნება წიწკნის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, მშრალი შემაწუხებელი ხველა, რომელიც შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს.

გამომწვევის კვალობაზე, დაავადებას აქვს განსაზღვრული სიმპტომები. გრიპით ავადობა ეპიდემიური სახისაა. მისი დასაწყისი მწვავეა. ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იწევს. ყალიბდება ადგილობრივი კატარული სიმპტომები. მეტწილად ადგილობრივად გამოხატულია ტრაქეიტი და რინიტი. პარაგრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია კეროვანი ეპიდემიური ავადობა. იწყება თანდათანობით. ტემპერატურა 1-2 დღის განმავლობაში 38 გრადუსამდე იმატებს. ზოგადი ნიშნები ზომიერად არის გამოხატული. ძირითადი ნიშანი ლარინგიტია. ადენოვირუსული ინფექცია არ მიმდინარეობს ეპიდემიის სახით. იგი იწყება მწვავედ. ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს და 5-14 დღეს გრძელდება. უმთავრესად გამოხატულია ფარინგიტი, ტონზილიტი, თვალისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების ნიშნები.

მკურნალობა. ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთების მკურნალობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაავადების გამომწვევზე ზემოქმედება. გრიპის დროს ეფექტურია რემანტადინი, ადენოვირუსული ინფექციის შემთხვევაში - ინტერფერონი. თავად ანთების სამკურნალოდ აუცილებელია დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, პარაცეტამოლი ან ზედა სასუნთქი გზების ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი კომბინირებული საშუალება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:51 | შეტყობინება # 232
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თალასემია მემკვიდრეობით ჰემოლიზურ ანემიათა ჯგუფს ეკუთვნის. ჰემოლიზური ანემიები დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომლებიც ერთმანეთისგან მიზეზებით, კლინიკური სურათითა და მკურნალობის თავისებურებებით განსხვავდება. ამ დაავადებებს აერთიანებს ძირითადი პათოლოგიურ პროცესი - ერითროციტების გაძლიერებული ჰემოლიზი. ჰემოლიზი ერითროციტების დაშლას ნიშნავს. ნორმალური ერითროციტები 100-200 დღეს ცოცხლობენ. ჰემოლიზური ანემიის დროს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-14 დღემდე მცირდება. ნორმაში ერითროციტები მხოლოდ ელენთაში იშლება, დაავადების დროს კი გაძლიერებული დაშლა შესაძლოა სისხლძარღვებშიც მიმდინარეობდეს.
ერითროციტები სისხლის წითელი უჯრედებია, რომლებიც ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებს. ადამიანის 1 მკლ სისხლში საშუალოდ 3,9-5,5 მლნ ერითროციტია. მათი რაოდენობის მატებას ერითროციტოზი ეწოდება, ხოლო დაქვეითებას - ერითროპენია ან ანემია.
ჰემოგლობინი ერითროციტების მთავარი კომპონენტია. მას სუნთქვის ფერმენტსაც უწოდებენ, ვინაიდან სწორედ მას უკავშირდება და მისი მეშვეობით მიმოდის სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მოლეკულები. ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი 120-160 გ/ლ (72-96 ერთეულ) ჰემოგლობინს შეიცავს.
ერითროციტების ჰემოგლობინით გაჯერებას სისხლის ფერადობის მაჩვენებელი გამოხატავს. ნორმაში ის 0,8-1-ის ტოლია. ანემია ფერადობის მაჩვენებლის შემცირებითაც შეიძლება მიმდინარეობდეს, მატებითაც და უცვლელი ოდენობითაც. ამის მიხედვით, განასხვავებენ ჰიპოქრომულ, ჰიპერქრომულ და ნორმოქრომულ ანემიებს.
ჰემოგლობინის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია რკინა, რომელსაც შესწევს ჟანგბადის მიერთებისა და გაცემის უნარი. მოზრდილი ადამიანის ჰემოგლობინი, გარდა რკინისა, შეიცავს ცილა გლობინს, რომელიც 4 (ორი ალფა და ორი ბეტა) ჯაჭვისგან შედგება. თალასემიის დროს ირღვევა ერთ-ერთი ჯაჭვის სინთეზი. ჯანმრთელი ადამიანის გლობინის ჯაჭვების რაოდენობა თანაბარია. რომელიმე ჯაჭვში მომხდარი დარღვევა მათ დისბალანსს იწვევს. ის ჯაჭვი, რომელიც დიდი ოდენობით წარმოიქმნება, ერითროციტებში გროვდება. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თალასემიის კლინიკური სურათი. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ალფა, ბეტა და გამა თალასემიას. არსებობს შერწყმული ფორმებიც.
ბეტა თალასემია, რომელიც შედარებით ხშირია, გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აფრიკაში, საბერძნეთში, იტალიაში, საქართველოში, ხოლო ალფა თალასემია უფრო მეტად ნიგერიაში, იტალიაში, საბერძნეთში გვხვდება.
თალასემიის დროს სისხლში მცირდება ნორმალური ჰემოგლობინის რაოდენობა. მის ნაცვლად იმატებს ფეტალური და მოზრდილი ადამიანის ჰემოგლობინის შუალედური ფორმები. ანომალიური ჰემოგლობინი ადვილად იშლება წვრილ კაპილარებში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:51 | შეტყობინება # 233
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფები უჩივიან ადვილად დაღლას, სისუსტეს, თავის ტკივილს, გარდამავალ სიყვითლეს და მუცლის გადიდებას. ყურადღებას იქცევს ანამნეზში ანემიის არსებობა, სისხლში ბილირუბინის მატება, ელენთის გადიდება, განსაკუთრებით კი - რკინის პრეპარატებით მკურნალობის უეფექტობა. ასეთივე ჩივილები შეიძლება ჰქონდეთ ავადმყოფის ნათესავებს, რაც დაავადების მემკვიდრეობით ბუნებაზე მიუთითებს.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ბეტა თალასემიის ორ ვარიანტს: დიდ თალასემიას, რომელიც ბავშვებში ვლინდება და მცირე თალასემიას, რომელიც მოზრდილებს შორის გვხვდება.
დიდი თალასემია, იგივე კულის დაავადება, მძიმე ოჯახური დაავადებაა. ბავშვს, განურჩევლად სქესისა, პათოლოგიური გენი ერთდროულად ორივე მშობლისგან გადაეცემა. ავადმყოფები, ჩვეულებრივ, დამოკიდებულნი არიან ტრანსფუზიაზე (ერითროციტების გადასხმაზე).
დიდი თალასემია შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალო ფორმით და მძიმედ. მსუბუქი ფორმის დროს ავადმყოფი აღწევს მოწიფულ ასაკს, საშუალო ფორმის დროს - სასკოლოს, მძიმე ფორმის დროს კი ახალშობილობის პერიოდშივე კვდება.
დიდი თალასემიის მსუბუქი და საშუალო ფორმები 1-2 წლის ასაკში ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
კანი და ხილული ლორწოვანი გარსები ფერმკრთალია, დაჰკრავს იქტერული (მოყვითალო) ელფერი;
ძვლის ტვინის მკვეთრი ზრდა იწვევს ჩონჩხის ძვლების ცვლილებებს, რის გამოც ყალიბდება დამახასიათებელი მონგოლოიდური გარეგნობა - კვადრატული თავის ქალა, წამოწეული ყვირიმალები, თვალის ჭრილის შევიწროება.
ირღვევა ფიზიკური და ჰორმონული განვითარება.
რკინის დიდი ოდენობით მიღება შესაძლოა ღვიძლის პიგმენტური ციროზის (ჰემოქრომატოზი), შაქრიანი დიაბეტის, კარდიოსკლეროზის (გულის სკლეროზული გადაგვარება) და სქესობრივი განვითარების დარღვევის მიზეზად იქცეს.

მცირე თალასემია ბავშვს ერთ-ერთი მშობლისგან გადაეცემა. დაავადება იშვიათად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, უმეტესად კი კლინიკური სიმპტომები შესამჩნევია, თუმცა უფრო სუსტი, ვიდრე დიდი თალასემიის დროს.
მცირე თალასემიას ახასიათებს მსუბუქი ანემია, ავადმყოფი არ არის დამოკიდებული ტრანსფუზიაზე და შეუძლია, სრულფასოვნად იცხოვროს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:51 | შეტყობინება # 234
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. ჰემოლიზური ანემიების დიაგნოსტიკა ხდება სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის, რეტიკულოციტების რაოდენობის მომატების, შარდში ურობილინის გაჩენის საფუძველზე.
თალასემიის ნიშნებია:
ჰიპოქრომული ანემია - ერითროციტების, ჰემოგლობინისა და ფერადობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება;
სისხლში სხვადასხვა ზომის ერითროციტების (ანიზოციტოზი) და მათი განუვითარებელი ფორმების - სამიზნე ერითროციტებისა და რეტიკულოციტების გაჩენა;
ჰემოგლობინის დაშლისა და რკინის გამოთავისუფლების გამო სისხლში შრატისმიერი რკინის ოდენობის მომატება;
HBA2-ისა და HBf-ის რაოდენობის მომატება.

ბეტა თალასემიისგან განსხვავებით, ალფა თალასემიის დროს ფეტალური ჰემოგლობინისა და A2 ჰემოგლობინის რაოდენობა არ არის მომატებული.

მკურნალობა. დიდი თალასემიით დაავადებულ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უტარდებათ გარეცხილი და გალღობილი ერითროციტების ტრანსფუზია. მასიური ტრანსფუზია აუმჯობესებს ავადმყოფის არა მარტო საერთო მდგომარეობას, არამედ ამცირებს ჩონჩხის ძვლების ცვლილებებს, ელენთის ზომებს, აიშვიათებს ინფექციურ გართულებებს.
დესფერალის რეგულარული მიღება ანელებს ჰემოსიდეროზის განვითარებას და ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი რკინა. მასთან ერთად სასურველია C ვიტამინის დანიშვნა - ის აუმჯობესებს დესფერალის მოქმედებას.
ელენთის მეტისმეტად მკვეთრი გადიდების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების შემცირებისა და ჰიპოქრომული ანემიის გაღრმავებისას მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას - სპლენექტომიას (ელენთის ამოკვეთას). ზოგჯერ შედეგიანია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა).
რაც შეეხება მცირე თალასემიას, ბეტა ფორმა მკურნალობას არ მოითხოვს, ვინაიდან ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექციური გართულებებისა და ორსულობის დროს ინიშნება ფოლიუმის მჟავას დიდი დოზები. ალფა თალასემიის მკურნალობა კი ისეთივეა, როგორიც მცირე თალასემიისა.
თუ:
დაქვეითებული გაქვთ სისხლში ერითროციტების, ჰემოგლობინის, ფერადობის მაჩვენებელი;
მომატებული გაქვთ სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის დონე;
კანი და ლორწოვანი გარსები ყვითლად გაქვთ შეფერილი;
ასეთივე სიმპტომები აღენიშნება თქვენს სისხლით ნათესავს;
დიდხანს და უშედეგოდ მკურნალობთ რკინის პრეპარატებით, -
აუცილებლად მიმართეთ ჰემატოლოგს, რათა დაისვას (ან გამოირიცხოს) ანემიის დიაგნოზი, დადგინდეს მისი ფორმა და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:51 | შეტყობინება # 235
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
განასხვავებენ თვალის თერმულ და ქიმიურ დამწვრობას. დამწვრობისას ზიანდება ქუთუთოების კანი, კონიუნქტივა, ცრემლსადენი გზა და წამწამები.

თერმულ დამწვრობას იწვევს ალი, ცხელი ჰაერი და სითხე, გამდნარი ლითონი, გახურებული ნაწილაკები. ამჟამად უფრო ხშირია დაბალტემპერატურული (კრიოგენული სითხით, მშრალი ყინულით) დამწვრობა. ყინვაში თვალის დაზიანება იშვიათია.

სიმპტომები და მიმდინარეობა. აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა, ქუთუთოებისა და კონიუნქტივის შეშუპება, მხედველობის დაქვეითება.
განასხვავებენ დამწვრობის რამდენიმე ხარისხს.
მსუბუქი დამწვრობა: აღინიშნება სიწითლე, ქუთუთოების კანის შეშუპება, შესაძლოა, შეიტრუსოს წამწამები და წარბები, შეშუპდეს კონიუნქტივის რქოვანა ეპითელიუმი ან ჩამოყალიბდეს მისი დეფექტი.
საშუალო ხარისხის დამწვრობა: კანი გაწითლებულია, შეშუპებული, მასზე ჩნდება სითხოვანი ბუშტუკები, კონიუნქტივა შეშუპებულია, გაწითლებული, აღინიშნება რქოვანას ეპითელიუმისა და შუა ფენების დეფექტი.
მძიმე დამწვრობა: ქუთუთოების კანის ნაწილი დამწვარი და მკვდარია. კონიუნქტივა დაფარულია ფუფხით და ფერმკრთალია, რქოვანა გარსზე აღინიშნება ღრმა თეთრი (ფაიფურისმაგვარი) დეფექტი.

მკურნალობა. თავდაპირველად საჭიროა თვალის ჩამობანა ცივი წყლით, შემდეგ - სტერილური ქსოვილის დაფარება და სპეციალურ საავადმყოფოში წაყვანა, სადაც დაშავებულს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება.

ქიმიური დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს ტუტე და მჟავა ნივთიერებებმა.
მჟავათი გამოწვეული დამწვრობა ცილების შეწებებას იწვევს, ამიტომ პირველ საათებში ჩნდება ერთგვარი ფუფხი, რომელიც ქვემოთ მდებარე კანს შემდგომი დაზიანებისგან იცავს.
მჟავათი გამოწვეული დამწვრობის დროს დაშავებული უჩივის ტკივილს, სინათლის შიშს, ცრემლდენას, მხედველობის დაქვეითებას. ქუთუთოები შეწითლებული და შეშუპებულია, კონიუნქტივა - ჰიპერემიული და შეშუპებული. რქოვანა გარსი შუპდება და იღებს მორუხო ელფერს, მძიმე შემთხვევაში კი რძისფერს.
ტუტეებით გამოწვეული დამწვრობა უფრო რთულია. ტუტე ხსნარი შლის ცილას და იოლად აღწევს ქსოვილის შიგნით. დამაზიანებელი მოქმედება გრძელდება რამდენიმე საათს და დღესაც კი. ზიანდება არა მარტო კანი, არამედ კონიუნქტივა და რქოვანა გარსიც. შესაძლოა, დაზიანდეს ფერადი გარსი, ბროლი და თვალის სხვა ქსოვილები. ტუტე ხსნარით დამწვრობის დროს ზედაპირზე შესამჩნევი ფუფხი არ წარმოიქმნება, ამიტომ პირველ საათებში თვალი მძიმედ დაშავებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. გარდა ამისა, შეგრძნებები არც ისე მძაფრია, ვინაიდან ტუტე ნერვულ დაბოლოებებსაც აზიანებს. ტუტე ხსნარით გამოწვეული დამწვრობის შეფასება საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუ ავადმყოფი გონზეა, დამწვრობის დიაგნოზის დასმა ადვილია. ძნელია ქიმიური რეაქტივის რეაქციის (მჟავაა თუ ტუტე) ამოცნობა, ამიტომ პირველი დახმარება ყველა შემთხვევაში ერთნაირია.
დამწვარი თვალი კარგად უნდა ჩამოიბანოთ ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით, დაიფაროთ სტერილური ნაჭერი (დოლბანდი). თუ ტკივილი აუტანელია, შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის მიღებაც. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:52 | შეტყობინება # 236
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმსივნედ შეიძლება გადაგვარდეს თვით თვალის კაკლის ქსოვილი, ავთვისებიანი წარმონაქმნი მასზე მეზობელი სტრუქტურებიდან (თავიდან) გავრცელდეს ან სხვა ორგანოების სიმსივნემ მეტასტაზირება განიცადოს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ყველაზე აშკარა სიმპტომია პროგრესირებადი ეგზოფთალმი. ამ დროს თვალის კაკალი მხოლოდ წინ კი არ არის წამოწეული, არამედ რომელიმე მხარესაც არის გადახრილი. დაავადებული თვალის მხარეს ვითარდება ორგანული დაზიანებები. პროცესი თანდათანობითია. მოსალოდნელია ქუთუთოების ზომიერი შეშუპება, ირგვლივ მდებარე ქსოვილების მგრძნობელობის მოშლა. აღინიშნება სხვადასხვა ხარისხის ტკივილი. პროცესის მხედველობის ნერვთან ლოკალიზაციის შემთხვევაში ირღვევა მხედველობის სიმახვილე, ვიწროვდება მხედველობის ველი ან ხდება მხედველობის ველიდან სექტორული ამოვარდნები.

დიაგნოსტიკა. სიმპტომები სხვადასხვა კომბინაციას ქმნის, მაგრამ საწყის სტადიაში არც ერთი მათგანი არ იძლევა უტყუარი დიაგნოზის დასმის საშუალებას. შედარებით ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ორგანზომილებიანი ულტრაბგერითი სკანირება, თერმოგრაფია, მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, პუნქცია. დაავადების ადრეულ საფეხურზე სიმსივნის ხასიათის (კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი) დიფერენცირება ზოგჯერ ჭირს.

მკურნალობა. მკურნალობა უმეტესად ქირურგიულია. დამატებით მიმართავენ ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას. მხედველობის ორგანოს შენარჩუნება ყოველთვის ვერ ხერხდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:52 | შეტყობინება # 237
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თვალის სისხლძარღვთა კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია ნეიტროფიბრომა, ნევრინომა, ლეიომიომა, ნევუსები და კისტები. როცა სიმსივნე თვალის წინა ნაწილშია ლოკალიზებული, იცვლება ფერადი გარსის სტრუქტურა და ფერი.
ყველაზე მეტად შესამჩნევია ნევუსები და კისტები. ნევუსი წარმოადგენს ლაქის, რომელიც დიდხანს არ იცვლება, მაგრამ შესაძლოა გადაგვარდეს. ფერად გარსზე კისტები იოლი შესამჩნევია. ეს წარმონაქმნები თვალის მდგომარეობაზე დიდ გავლენას არ ახდენს. მათი აღმოცენების მიზეზია ემბრიონულ პერიოდში მომხდარი დარღვევები და თვალის ტრავმები. კისტა შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლაზერული კოაგულაცია ან ქირურგიული მკურნალობა.
ავთვისებიანი წარმონაქმნები ზრდისა და მეტასტაზირებისკენ არის მიდრეკილი. მათ შორის განსაკუთრებით საშიშია მელანომები. ისინი შეიძლება თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ნებისმიერ ნაწილში იყოს ლოკალიზებული. ფერად გარსზე ლოკალიზების შემთხვევაში ჩნდება მუქი ყავისფერი, უსწორმასწოროსაზღვრებიანი ლაქები. გუგები დეფორმირდება.

დიაგნოსტიკა. ავადმყოფს ექიმთან მისვლას მხედველობის დაქვეითება აიძულებს. სიმსივნე, ლოკალიზაციის კვალობაზე, ყოველთვის შეიძლება არ იყოს შესამჩნევი, ამიტომ მხოლოდ დათვალიერებით დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. აუცილებელია ულტრაბგერითი სკანირება, ფლუორესცენციური ანგიოგრაფია, რადიოიზოტოპული გამოკვლევა.
ოკულისტთან ყოველწლიური ვიზიტი დიაგნოზის დროულად დასმის საშუალებას იძლევა.

მკურნალობა. სიმსივნური წარმონაქმნის ლოკალიზაციის მიხედვით, მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას, ლაზერულ კოაგულაციას, ბეტა-აპლიკაციას ან კრიოთერაპიას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:52 | შეტყობინება # 238
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
წარმოშობის კვალობაზე, თვალის ტრავმა შეიძლება იყოს საწარმოო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო. ცალკე გამოყოფენ ბავშვთა ტრავმებს.
თვალის კაკლის ტრავმა. თვალის ორბიტის ცხვირსა და დანამატ წიაღებთან დამაკავშირებელი კედლის მთლიანობის დარღვევის დროს ვითარდება ქუთუთოებისა და თვალის კაკლის ემფიზემა (ჰაერის მოხვედრა კანქვეშ ან ქსოვილში). ქუთუთოები შუპდება, ყალიბდება ეგზოფთალმი. შეხებისას შეიგრძნობა ტკაცატკუცი, ჰაერის ბუშტუკები თავისუფლად გადაადგილდება ფაშარ ქსოვილებში. ორბიტის კედლების ერთმანეთისგან დაშორებას მოჰყვება თვალის ჩავარდნა - ენდოფთალმი. ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანება. ის შეიძლება გაიგლიჯოს, მიეჭყლიტოს მხედველობის არხს ან თვალის კაკალს. მხედველობის ნერვის ტრავმას ხშირად მოსდევს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.
თვალის მამოძრავებელი კუნთების ტრავმა იწვევს მხედველობის მყარ გაორებას. ზოგჯერ აღინიშნება თვალის კაკლის ქუთუთოების წინ გამოვარდნა. ამ დროს თვალის თავის ადგილას დასაბრუნებლად ადამიანი იძულებულია, ქუთუთოები ხელით ან სპეციალური ინსტრუმენტით გაიწიოს.
ქუთუთოების ტრავმა. თვალის ტრავმის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ქუთუთოები. ქუთუთოს შეშუპება და მასზე ჰემატომის გაჩენა წარმოადგენს ტრავმის თვალსაჩინო სიმპტომს, რომელსაც საგანგებო მკურნალობა არ სჭირდება. საშიშია ქუთუთოს ჭრილობა. მცირე ზომის ჭრილობაც კი მოითხოვს ქირურგიულ დამუშავებას, რომლის მიზანია ქუთუთოს ანატომიური მთლიანობის მაქსიმალური აღდგენა, განსაკუთრებით - თვალის შიდა კუთხის მიდამოში, ვინაიდან აქ მდებარეობს ცრემლწარმომქმნელი ორგანო. ქუთუთოების ტრავმა შეიძლება გართულდეს ქუთუთოს ჩაბრუნებით, წამწამების არასწორი მიმართულებით ზრდით, მუდმივი ცრემლდენით.
კონიუნქტივაზე არსებული მცირე ზომის ჭრილობა თავისთავად ხორცდება.
განასხვავებენ თვალის კაკლის არაშემავალ და შემავალ ტრავმებს.
არაშემავალი ტრავმებია რქოვანა გარსის ეროზია, თვალში სისხლის ჩაქცევა (ჰემოფთალმი), ბადურა გარსისა და სისხლძარღვოვანი გარსის გაგლეჯა, ბადურას ჩამოცლა, ირიდოციკლიტი, ტრავმული კატარაქტა.
თვალისთვის უფრო საშიშია შემავალი ტრავმები, განსაკუთრებით - თვალში უცხო სხეულის ჩარჩენა. დიდი ზომის ჭრილობის აღმოჩენა ძნელი არ არის, მცირე ზომის ტრავმების შემთხვევაში კი ჭრილობის შესასვლელი ყოველთვის არ ჩანს და შემავალი ტრავმის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევით, ულტრაბგერითი სკანირებით ან საოპერაციო მაგიდაზე სკლერის სპეციალური მიკროსკოპით დათვალიერებით.
თვალის ნებისმიერი ტრავმა სასწრაფოდ უნდა დაათვალიეროს ოკულისტმა, რომელიც მკურნალობის სქემას შეიმუშავებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:52 | შეტყობინება # 239
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მუცლის თიაქარი მუცლის ფარის დეფექტია, რომლის გამოც მუცლის ღრუს ორგანოები პარიესულ პერიტონეუმთან ერთად გამოდიან კანქვეშ. თიაქარი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილ დეფექტს მუცლის ფარის განუვითარებლობა იწვევს. შეძენილი თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითი განწყობა, ძლიერი ფიზიკური შრომა, ხშირი ყაბზობა და ყველა ის ფაქტორი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევის მომატებას იწვევს.
მდებარეობის კვალობაზე, განასხვავებენ საზარდულის, ჭიპის, თეთრი ხაზის და სხვა თიაქარს.
თიაქარი მოიცავს კარს, პარკს და შიგთავსს. თიაქრის კარი კუნთოვან-ბოჭკოვან ელასტიკურ რგოლს წამოადგენს. თიაქრის პარკი მუცლის ღრუს შიგნითა გარსის გაგრძელებაა, თიაქრის შიგთავსი კი პარკში გამოსული მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოა.
თიაქარი შეიძლება იყოს:
1) თავისუფალი ანუ ჩასწორებადი, როდესაც თიაქრის კარიდან თიაქრის პარკში გამოსული ორგანო თავისუფლად ბრუნდება მუცლის ღრუში;
2) ჩაუსწორებელი, როცა თიაქრის პარკის შიგთავსსა და პარკს შორის წარმოიქმნება ნაწიბუროვანი შეხორცებები, რასაც მოჰყვება შიგთავსის ნაწილობრივი ან მთლიანი შეუბრუნებლობა მუცლის ღრუში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ჩაუჭედავ თიაქარს ახასიათებს ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს. მოსვენებისას ტკივილი ქრება. გასინჯვისას მუცლის ზედაპირზე შეიმჩნევა მტკივნეული გამობერილობა.
თიაქრის მძიმე გართულებაა ჩაჭედვა. მას გამოსულ ორგანოზე თიაქრის კარის მოჭერა იწვევს. ჩაჭედვას ორგანოს სისხლმომარაგების შეწყვეტა და ნეკროზი მოჰყვება.
ჩაჭედვა ერთბაშად ხდება. მისი პირველი ნიშანი თიაქრის არეში აღმოცენებული უეცარი ტკივილია. ნაწლავის ჩაჭედვის შემთხვევაში ვითარდება გაუვალობა.

მკურნალობა. თიაქრის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ოპერაციაა. თუ თიაქარი ჩაჭედილი არ არის, ოპერაცია გეგმურად ტარდება. დეფექტის ლიკვიდაცია და პლასტიკა ადგილობრივი, საკუთარი ქსოვილებით ხდება. ამ კუთხით შედეგიანია პოლიპროპილენის ბადის იმპლანტირებაც. ასეთ ბადეს იყენებენ დიდი ზომის თიაქრის შემთხვევაში, როდესაც ორგანოების 2/3 კანქვეშ არის გამოსული. ამ ორგანოების უკან, მუცლის ღრუში შებრუნებისას ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს, რომ იმატებს მუცელშიგა წნევა, ორგანოები აწვება დიაფრაგმას და ავადმყოფს სუნთქვა უჭირს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის განკუთვნილი პოლიპროპილენის ბადე, რომლის მეშვეობითაც თიაქრის ლიკვიდაცია მუცლის ფარის ფართობის შეუმცირებლად ხერხდება.
არსებობს სპეციალური ქამრებიც, რომლებიც ავადმყოფს მუდმივად უნდა ეკეთოს, რათა თავიდან აიცილოს ორგანოს გამოვარდნა და ჩაჭედვა, მაგრამ ქამარი არ არის ქირურგიული მეთოდის ალტერნატივა და ვერც ავადმყოფს აზღვევს გართულებებისგან.
ჩაჭედილი თიაქარი სასწრაფო ოპერაციას მოითხოვს. უნდა მოხდეს თიაქრის კარის ლიკვიდაცია, დათვალიერდეს ჩაჭედილი ორგანო, შემოწმდეს მისი სიცოცხლისუნარიანობა და გადაწყდეს, თუ როგორ წარიმართოს ოპერაცია.
ცალ-ცალკე შევეხოთ თიაქრის თითოეულ ნაირსახეობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:52 | შეტყობინება # 240
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი არის დიაფრაგმის ხვრელიდან საყლაპავის მუცლის ნაწილის, კუჭის ან მისი ნაწილის ან ნაწლავის მარყუჟის გადანაცვლება გულმკერდის ღრუში. ამ დაავადების განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს ფაქტორთა სამი ჯგუფი: დიაფრაგმის ხვრელში საყლაპავის დამამაგრებელი სტრუქტურების სისუსტე; მუცლის ღრუში წნევის მომატება; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიების დროს საყლაპავის ტრაქცია ზემოთ.
ავადმყოფები ხშირად უჩივიან გულის რიტმის დარღვევას (ექსტრასისიტოლიას, პაროქსიზმულ ტაქიკარდიას) ან ტკივილს გულის არეში, რაც შეიძლება დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცეს. მახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ტკივილი აღმოცენდება ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით - დიდი ოდენობით საკვების მიღების შემთხვევაში, ფიზიკური დატვირთვისას, სიმძიმის აწევის, ხველისა და მეტეორიზმის დროს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში; ქრება ან მცირდება ამობოყინების, ღებინების შემდეგ, ღრმა ჩასუნთქვისას, ადგომის, ტუტე ხსნარის, წყლის მიღების შემდეგ.
დიაგნოზი დაისმის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური გამოკვლევების საფუძველზე.
მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას: ნორმალური წონის შენარჩუნებას, სიგარეტზე უარის თქმას, მწარე, ცხარე საკვების შეზღუდვას. ბოლო ტრაპეზი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა ჩატარდეს. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს რეგულარულად და მცირე ულუფებით. რეკომენდებულია თავის დადება შედარებით მაღალ სასთუმალზე. მედიკამენტებიდან ინიშნება პროკინეტიკები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ანტისეკრეტორული საშუალებები.
საზარდულის თიაქარი. ემბრიონული განვითარების პერიოდში სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუდან საზარდულის არხის გავლით განუწყვეტლივ ეშვება სათესლე პარკში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროცესი ირღვევა და ვითარდება თანდაყოლილი თიაქარი ან იქმნება მისი განვითარების საფრთხე. მსგავსი პროცესები შეიმჩნევა ქალებშიც - ისინი საშვილოსნოს მრგვალ იოგთან არის დაკავშირებული.
საზარდულის თიაქარი სწორიც შეიძლება იყოს და მოხრილიც. ეს იმაზეა დამოკიდებული, სად არის მოსუსტებული მუცლის ფარი.
საზარდულის თიაქრის დროს ავადმყოფი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. წესისამებრ, ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება. დაავადება იწყება სიმძიმის აწევის ან დაძაბულობის შემდეგ აღმოცენებული ტკივილით, რამდენიმე დღის შემდეგ კი მუცლის შებერილობა ვითარდება.
მკურნალობა ნებისმიერი სახის თიაქრის დროს ოპერაციულია, ვინაიდან ყოველთვის არსებობს მისი ჩაჭედვის საშიშროება.
თეძოს თიაქარი ყოველთვის შეძენილია. დაზიანების ხასიათით და სიმპტომებით ჰგავს საზარდულის თიაქარს.
მუცლის თიაქარი, ჩვეულებრივ, მუცლის კედლის ჭრილობის ინფიცირების შედეგს წარმოადგენს. ზოგჯერ ის მეტისმეტად დიდია და ძნელად იკურნება. მისი ნიშნებია ანთება და ტკივილი. ჩაჭედვის შემთხვევაში ტკივილი მწვავეა, შებერვა - მტკივნეული.
ჭიპის თიაქრის სიმპტომები მუცლის თიაქრის სიმპტომებს ჰგავს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz