ხუთშაბათი, 25.04.2024, 18:13
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:53 | შეტყობინება # 241
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ცალკე უნდა განვიხილოთ ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი, რომელიც ოსტეოქონდროზის გართულებას წარმოადგენს.
ხერხემლის მალის სხეულის წინა კედელზე მოდის იოგი, რომელიც დისკის დაზიანების (მაგალითად, ასაკობრივი დაზიანების) შემდეგ, რაც ხერხემლის არასტაბილურობას იწვევს, განიცდის კალციფიცირებას ანუ ძვალდება, რის შედეგადაც ხერხემლის სტაბილურობა აღდგება. ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. მალის წანაზარდი, რომელიც სინამდვილეში გაძვალებული იოგია (ხალხში მას მარილების დაგროვებას უწოდებენ), არც ნერვს აზიანებს და არც ზურგის ტვინს, უმტკივნეულოა და საერთოდ, არავითარ კლინიკურ სიმპტომს არ იწვევს. მაგრამ ზოგჯერ დისკის დაზიანებას ერთვის ხერხემლის კუნთის სისუსტე, რის გამოც ხერხემლის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში მცირედმა ფიზიკურმა დატვირთვამაც კი (დაცემინებამ, გაჭინთვამ, უხერხულმა მოძრაობამ) შეიძლება მალის მალაზე დარტყმა და დისკის მთლიანობის დარღვევა გამოიწვიოს.
დისკს გარს აკრავს ფიბროზული რგოლი, რომლის ცენტრში მოთავსებულია პულპოზა ანუ ბირთვი. ის არაჟნისებრი ნივთიერებაა, რომელიც ფიბროზული რგოლის დაზიანების შემდეგ დისკის საპროექციო არიდან გამოდის. სწორედ ეს არის ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი. ხშირად გამოსული ფრაგმენტი ზურგის ტვინს აწვება და წელის ტკივილს იწვევს. ზურგის ტვინიდან ტოტებივით გამოდის ნერვები, რომლებიც ქვედა კიდურებისკენ მიემართება. თუ გამოსული ფრაგმენტი რომელიმე ამ ნერვს მიაწვა, აღმოცენდება ტკივილი ფეხში. ტკივილს ნერვის ოდნავი შეხებაც კი იწვევს, რაც ავადმყოფებს აშფოთებთ, მაგრამ ექიმებს ამისი ნაკლებად ეშინიათ. თუ დისკის ფრაგმენტი ნერვს უფრო მეტად მიაწვა, ხდება მგრძნობელობის დაქვეითება (დაბუჟება) ან გაუკუღმართება. ეს სიმპტომები ავადმყოფებს არ აშინებთ, თუმცა ამ დროს პროცესი უფრო შორს არის წასული და უფრო რთული სამკურნალოა.
დისკის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს:
მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
გადატანილი ინფექციები;
გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
ნიკოტინი, ალკოჰოლი;
ორსულობა, მშობიარობა;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
სკოლიოზი.

თუმცა იმ უშუალო მიზეზის დასახელება, რომელმაც დისკის დაზიანება გამოიწვია, შეუძლებელია. ამ დროს ხდება დისბალანსი კუნთების შესაძლებლობასა და დატვირთვას შორის.
დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სპონდილოგრაფია.
დაავადების მკურნალობა უმთავრესად კუნთების გაძლიერებისკენ არის მიმართული. წამალი მას ვერ შველის, მხოლოდ ტკივილს აყუჩებს, რაც ამ შემთხვევაში, ცხადია, გამოსავალი არ არის. რასაკვირველია, ტკივილგამაყუჩებელი უნდა დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ავადმყოფს ვარჯიშის საშუალება მიეცეს.
განვითარებულ ქვეყნებში ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარს ვარჯიშებითა და ცურვით მკურნალობენ. შედეგიანია წყალქვეშ დაჭიმვა და მანუალური თერაპიაც, თუმცა ამ მეთოდებით მიღებული შედეგების შესანარჩუნებლად ვარჯიში მაინც აუცილებელია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:53 | შეტყობინება # 242
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთება და ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული აუტოიმუნური ანთება. ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთების მიზეზად მიჩნეულია ვირუსული ინფექცია (ყბაყურას ვირუსი, ადენოვირუსები და სხვა). ქვემწვავე თირეოიდიტის კლინიკური სურათი ინფექციური დაავადების გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ყალიბდება.
ქვემწვავე თირეოიდიტს ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება და ანთებითი რეაქცია. პროცესში ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კაფსულაც, რაც დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობას განაპირობებს.
დაავადება იწყება სწრაფად, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მატებით, ტკივილით კისრის წინა ნაწილში - იქ, სადაც ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. ტკივილი ხშირად გადაეცემა ყურების, ყბებისა და კეფისკენ. დამახასიათებელია ჩიყვის გაჩენა მტკივნეული წარმონაქმნის სახით. ყლაპვა ხშირად გაძნელებულია. ძლიერი საერთო სისუსტისა და შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითების გამო ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ედს-ის მომატებას, თუმცა, სხვა სახის ანთებითი პროცესებისგან განსხვავებით, ლეიკოციტების ოდენობა საგრძნობლად არ არის შეცვლილი.
განასხვავებენ ქვემწვავე თირეოიდიტის რამდენიმე ფორმას, რომელთა დროს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები სხვადასხვა სიმძიმით არის გამოხატული. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში დაავადება ტალღისებურ ხასიათს იძენს - პერიოდულ გამწვავებას მეტ-ნაკლები ხანგრძლივობის მშვიდი პერიოდები ცვლის.
მკურნალობის მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტურია თერაპია გლუკოკორტიკოიდული პრეპარატებით: პრედნიზოლონით, დექსამეტაზონით და სხვა. დოზებს ექიმი ინდივიდუალურად ადგენს. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ მდგომარეობა მკურნალობის პირველსავე დღეებში უმჯობესდება და თითქმის ყველა შემაწუხებელი მოვლენა ქრება, მაგრამ თერაპია უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ედს-ის მაჩვენებელი ნორმას არ დაუბრუნდება, ამისთვის კი, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირაა საჭირო. ედს-ის ნორმალიზების შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მედიკამენტთა დოზების შემცირების შესახებ, თან პერიოდულად აკონტროლებს სისხლს, რათა არ გამოეპაროს დაავადების გამწვავება, რომლის ერთ-ერთი მაჩვენებელიც ედს-ის მატებაა. გამწვავების შემთხვევაში მკურნალობა თავიდან უნდა დაიწყოს, ხოლო მედიკამენტთა დოზების შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:53 | შეტყობინება # 243
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაავადების დასაწყისში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები დიდი ოდენობით გადადის სისხლში, რაც დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მსგავს სიმპტომებს იწვევს, მოგვიანებით კი პირიქით ხდება - დაზიანებული ჯირკვალი ვერ ახერხებს საკმარისი ოდენობის ჰორმონის გამომუშავებას და ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები, რასაც ხშირად თან სდევს მისი გადიდებაც. ამის გამო თავდაპირველად ბეტა ადრენობლოკატორები ინიშნება (მერკაზოლილის გამოყენება დაუშვებელია), მოგვიანებით კი - თიროქსინის ან მისი მსგავსი პრეპარატები.
აუტოიმუნური თირეოიდიტი თირეოიდიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ქსოვილი აუტოანტისხეულების გავლენით დესტრუქციას განიცდის, მას შემაერთებელი ქსოვილი ენაცვლება და ვითარდება ჰიპოთირეოზის (თირეოიდული ჰორმონის გამომუშავების დათრგუნვის) კლინიკური ნიშნები. დაავადება უპირატესად 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალებშია გავრცელებული.
დაავადება აუტოიმუნური ბუნებისაა - იმუნური სისტემა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს (ნორმაში ანტისხეულები უცხო უჯრედების ან ნივთიერებების საწინააღმდეგოდ წარმოიქმნება, მაგრამ განსაზღვრული პათოლოგიური ცვლილებების დროს ზოგიერთი ორგანიზმი ანტისხეულებს თავისივე ქსოვილების წინააღმდეგ მიმართავს. ამის შედეგად განვითარებულ დაავადებას აუტოიმუნურს უწოდებენ).
აუტოიმუნური თირეოიდიტი ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ასაკთან ერთად მისი გავრცელების კოეფიციენტი იმატებს. დაავადების აღმოცენებას ხშირად წინ უძღვის ზოგიერთი პრეპარატის მიღება, მაგალითად, ისეთისა, როგორიც არის ამიოდარონი, ალფა ინტერფერონი, ინტერლეიკინი-2.
განასხვავებენ აუტოიმუნური თირეოიდიტის ორ ფორმას: ატროფიულსა და ჰიპერტროფიულს. ჰიპოთირეოზის მოვლენებით მიმდინარე ჰიპერტროფიული ფორმის დროს ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, ჰიპოთირეოზით მიმდინარე ატროფიული ფორმის დროს კი - არა.
ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ხშირად თან სდევს ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობის აშკარა ან ფარული ნიშნები. ჭირს ყლაპვა და სუნთქვა, აღინიშნება მცირედი მტკივნეულობა ფარისებრი ჯირკვლის არეში და მისი დაჭიმულობა, რაც ჯირკვლის სწრაფი ზრდით არის განპირობებული. გადიდება სიმეტრიულია. ჯირკვალი მკვრივი და კვანძოვანია.
ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს (უმთავრესად - ჰიპოთირეოზს) და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს.
როდესაც აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციისა და სტრუქტურის შეუცვლელად მიმდინარეობს, მედიკამენტური მკურნალობა ნაჩვენები არ არის, საჭიროების შემთხვევაში კი ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები. რაკი აუტოიმუნური თირეოიდიტი ქრონიკული დაავადებაა, მკურნალობა პრაქტიკულად მთელი სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ პრეპარატების შერჩევა და მათი დოზირება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:53 | შეტყობინება # 244
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირეოტოქსიკური ადენომა ჰიპერთირეოიდული მდგომარეობაა, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ჭარბად მოფუნქციონირე ადენომა განაპირობებს. დაავადება იშვიათია. უმთავრესად ასაკოვან ქალებში გვხვდება.
თირეოტოქსიკური ადენომის კლინიკური სურათი (ემოციური აგზნებადობის გაძლიერება, კიდურებისა და კუნთების ცახცახი, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, დეფეკაციის გახშირება, მადის მატების ფონზე სხეულის მასის შემცირება, საერთო სისუსტე, შრომის უნარის მნიშვნელოვანი დაქვეითება) დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის კლინიკურ სურათს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ადენომის დროს არ აღინიშნება ოფთალმოპათია და ლოკალური მიქსედემა და უფრო მკვეთრად არის გამოხატული გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა დარღვევა.
თირეოტოქსიკურ ადენომას ქირურგიულად მკურნალობენ. ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს მკურნალობა თირეოსტატიკური პრეპარატებით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:54 | შეტყობინება # 245
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირკმელში კენჭის გაჩენას მრავალი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება განაპირობებს. ასეთი ფაქტორებია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენზიმოპათიები, კლიმატური და გეოქიმიური პირობები, კვების თავისებურებები, სასმელი წყლის ქიმიური შედგენილობა, თირკმელებიდან შარდის გამოყოფის დარღვევა, თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ანთებითი პროცესები თირკმელებში და სხვა. თირკმელკენჭოვანი დაავადების რისკფაქტორებს მიაკუთვნებენ სითხის მცირე ოდენობით მიღებას, შარდის მარილებით გაჯერებას, საშარდე გზების ინფექციებს, კვებით დარღვევებს, შარდის პასაჟის (გამოყოფის) შეფერხებას, თირკმლის ტრავმას.

თირკმელკენჭოვანი დაავადების - ნეფროლითიაზის - განვითარებისთვის გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომლებიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითი ბუნებისაა.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გავლენით თირკმლის მენჯფიალებში დაგროვილი მარილის კრისტალები იკვრება და კენჭად იქცევა. კენჭის ზომა მერყევია - არსებობს როგორც მილიმეტრიანი დიამეტრის, ისე მარჯნისებრი კენჭები. ეს უკანასკნელი ერთგვარად ამოავსებს თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია, ხოლო დიდი, მით უმეტეს, თუ თირკმელი ინფიცირებული არ არის, მრავალი წლის განმავლობაში არანაირად არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას.

თირკმლის ჭვალი. კენჭმა შეიძლება მდებარეობა შეიცვალოს ან სულაც შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ორგანიზმიდან გამოსვლა მოისურვოს. ეს პროცესი, ანუ თირკმლის ჭვალი, მეტად უსიამოვნოა.
კენჭის დაძვრა შეიძლება გამოიწვიოს:
უხერხულმა მოძრაობამ;
რყევამ;
დიდი ოდენობით სითხის მიღებამ და სხვა.

თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა. მზის წნულის გაღიზიანების გამო ვითარდება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა. პაციენტი ვერ ისვენებს, ცდილობს, იპოვოს მოხერხებული პოზა. მძიმე ჭვალის დროს შესაძლოა იკლოს შარდის ოდენობამ. არ არის გამორიცხული არც შარდვის შეწყვეტა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, მაღალი სიცხე.
თირკმლის ჭვალის დროს იღებენ ბარალგინს, ბუსკოპანს და სხვა ტკივილგამაყუჩებელ და სპაზმოლიზურ საშუალებებს, მაგრამ თვითმკურნალობა არასასურველია. უმჯობესია, სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.
თუ კენჭის გამოყოფა მოხერხდა, საშარდე გზებში რჩება ნაკაწრები, ვითარდება პიელონეფრიტი და საჭირო ხდება ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მოსალოდნელ სისხლდენებსა და მათ დროულ ლიკვიდაციას. უნდა გაირკვეს, დატოვა თუ არა კენჭმა საშარდე სისტემა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:54 | შეტყობინება # 246
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქვიშა. ქვიშა, ისევე, როგორც კენჭი, აზიანებს თირკმლის ქსოვილს, ხელს უწყობს ორგანოს ინფიცირებას და ანთებას ანუ პიელონეფრიტის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ქვიშა შეიძლება დაიძრას და ისეთივე კლინიკური სურათი გამოიწვიოს, როგორიც ვითარდება თირკმლის ჭვალის დროს. აღსანიშნავია, რომ ქვიშა კენჭად ყოველთვის არ იქცევა.თირკმელში ქვიშა რომ არ დაგროვდეს, მიიღეთ დღე-ღამეში 1,5-2 ლ სითხე და მოერიდეთ უხეშ საკვებს.

გართულებები. თირკმელკენჭოვანი დაავადება უმეტესად რთულდება მწვავე ან ქრონიკული კალკულოზური პიელონეფრიტით ანუ თირკმლის ბაქტერიული ანთებით, ეს უკანასკნელი კი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როდესაც დარღვეულია შარდის გამოყოფა, ვითარდება თირკმლის ჰიდრონეფროზი. ხშირად ვითარდება თირკმელების მწვავე უკმარისობა.
თუ კენჭი არ გაწუხებთ, ეს არ ნიშნავს, რომ საშიშროება არ გემუქრებათ. კენჭზე მეტად საშიშია მის გამო დაზიანებული და ინფიცირებული თირკმლის ქსოვილის ბაქტერიული ანთება - პიელონეფრიტი, რომელიც შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობდეს და საბოლოოდ თირკმლის შეჭმუხვნა და ქრონიკული უკმარისობა გამოიწვიოს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტირების ყველაზე მარტივი, არაინვაზიური (უსისხლო) და ხელმისაწვდომი მეთოდია ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია, რომელიც ყოველგვარი შედგენილობის, ზომისა და ფორმის კენჭის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. რენტგენოგრამაზე ყველანაირი კენჭი არ ჩანს; კონტრასტული უროგრაფია პაციენტის სათანადო მომზადებას მოითხოვს; შარდის ანალიზი მხოლოდ საორიენტაციო, სკრინინგული მეთოდია და მისი ინფორმაციულობა მხოლოდ სხვა კვლევებთან კომპლექსში არის სანდო.
გაურთულებელი თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობა კონსერვატიული ღონისძიებებით იწყება. პირველ ყოვლისა, უნდა გაირკვეს:
კენჭის ჩამოყალიბების მიზეზი;
კენჭის შემადგენლობა;
ექვემდებარება თუ არა მკურნალობა იმ მედიკამენტებს, რომლებიც მოწოდებულია კენჭის დასაშლელად და გამოსაყოფად.

კენჭის შემადგენლობის, ზომისა და მდებარეობის შესწავლის შემდეგ ხშირად პირდაპირ დაისმის ქირურგიული თუ ლითოტრიპსიული ჩარევის საკითხი.
კენჭის დაბადება, მისი ქირურგიული ან ლითოტრიპსიული გზით მოშორება პრობლემის საბოლოო მოგვარებას არ ნიშნავს. კენჭის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესწავლილ იქნეს მისი ჩამოყალიბების ყოველი შესაძლო მიზეზი, Mმოწესრიგდეს დიეტა თუ მედიკამენტების მიღება, ლიკვიდირებულ იქნეს საშარდე გზების ინფექცია.
კვებითი რეკომენდაციები კენჭის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ურატული ნეფროლითიაზის დროს აკრძალულია ხორცის ნახარში, ხაში, კუჭმაჭი, ალკოჰოლი; კალციუმით განპირობებული ნეფროლითიაზის დროს იკრძალება რძის ნაწარმი, რეკომენდებულია ცომეული.
თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ავადმყოფს სითხის, მინერალური წყლის ოდენობასა და სახეობას კენჭის შემადგენლობის გათვალისწინებით ექიმი შეურჩევს.
კენჭებისგან საშარდე სისტემის გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია დღე-ღამეში ორ ლიტრამდე ნებისმიერი სითხის, თუნდაც სასმელი წყლის მიღება. ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. ცხადია, ყურადღება ექცევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:54 | შეტყობინება # 247
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირკმლის დაწევას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - წონის მკვეთრი კლება, მძიმე ფიზიკური შრომა. თირკმლის დაწევამ შეიძლება თირკმლის ჭვალი გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ როდესაც თირკმელი ჩვეული ადგილიდან გადაინაცვლებს, შარდსაწვეთი, რომელიც თირკმლის მენჯიდან შარდის ბუშტამდე სწორად უნდა მიდიოდეს, იგრიხება, იღუნება, რაც თირკმელში შარდის შეგუბებას განაპირობებს. ამას თავისთავად მოჰყვება მენჯისა და ფიალების გაგანიერება, კაფსულის დაჭიმვა და თირკმლის ჭვალი. ტკივილი უმთავრესად დიდხანს დგომისას იჩენს თავს. საკმარისია, ავადმყოფი დაწვეს, რომ ტკივილი თანდათან ქრება, ვინაიდან თირკმელი ჩვეულ ადგილს უბრუნდება, შარდსაწვეთი სწორდება და შარდი აღარ გუბდება.
თირკმლის დაწევის შემთხვევაში ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ, 4-5 კგ მოიმატონ, რათა თირკმლის გარშემო წარმოიქმნას ცხიმოვანი ბალიში, რომელიც მას ერთ ადგილას დაამაგრებს. გარდა ამისა, ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი მოძრაობებისგან, ერიდონ სიმძიმეების აწევას ან ფრთხილად, სხეულის დაზოგვით ასწიონ. არსებობს მუცლის პრესის გამამაგრებელი სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც პაციენტებს მდგომარეობას საგრძნობლად უმსუბუქებს.

თირკმლის დაწევის ოპერაციული მკურნალობა საკამათო საკითხია, თუმცა რუსეთში დღესაც აქტიურად მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციებს, რასაც იმით ამართლებენ, რომ ვინაიდან თირკმლის დაწევა საფიქსაციო აპარატის მოდუნებით არის განპირობებული, მისი აწევა და თავის ადგილას დაფიქსირება აუცილებელია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თირკმლის იზოლირებული დაწევა ძალიან იშვიათია, მას უმეტესად მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დაწევაც ერთვის, ყველა ორგანოს აწევა და თავის ადგილას დაფიქსირება კი შეუძლებელია, ამიტომ თუ არ არსებობს მკაფიო ჩვენება (დარღვეული არ არის თირკმლის ფუნქცია ან სპეციალური სისხლძარღვოვანი კვლევა არ ადასტურებს, რომ არტერიული წნევის მიზეზი თირკმლის დაწევაა), ოპერაციული მკურნალობა არ უნდა ჩატარდეს. ასეთი ოპერაციები უმეტესად წარუმატებელია, ვინაიდან სხვა ორგანოები დაწეული რჩება და ავადმყოფებს ტკივილი მაინც აწუხებთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:55 | შეტყობინება # 248
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირკმლის უკმარისობა არის სინდრომი, რომლის დროსაც ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია, რაც, თავის მხრივ, წყალმარილოვანი, აზოტოვანი და სხვა ნივთიერებათა ცვლის დაღვევას იწვევს.
განასხვავებენ თირკმელების მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას.
თირკმელების მწვავე უკმარისობა წარმოადგენს ერთი ან ორივე თირკმლის ფუნქციის მოულოდნელ შეწყვეტას ან მკვეთრ დაქვეითებას. ამ დროს ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია: ფილტრაციულიც, გამომყოფიც და სეკრეტორულიც.

თირკმელების მწვავე უკმარისობის მიზეზებს სამ ჯგუფად ყოფენ.
ორგანიზმისმიერი მიზეზების რიცხვს მიაკუთვნებენ დაავადებებსა და ტრავმებს, რომლებიც იწვევს ხანგრძლივ სისხლდენას, რომლის შედეგადაც თირკმლის არტერიებში მკვეთრად ეცემა წნევა და თირკმელები ნორმალურ ფუნქციონირებას წყვეტს.
თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ტრავმამ, სხეულის მოზრდილი უბნის დამწვრობამ, ელექტროტრავმამ, სეფსისმა, ალერგიულმა შოკმა.
სისხლით არასათანადო მომარაგება თავდაპირველად აქვეითებს თირკმლის ქსოვილის უჯრედთა ფუნქციას, შემდეგ კი მათ სიკვდილს იწვევს. ასეთივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხშირი ღებინებით, შარდმდენი პრეპარატების უკონტროლო მიღებით, ხანგრძლივი ფაღარათით განპირობებულ სითხის კარგვას. თუ სითხის დეფიციტი დროულად არ შეივსო, თირკმელებში შეუქცევადი ნეკროზული ცვლილებები მოხდება.
თირკმლისმიერი მიზეზები, თავის მხრივ, სამ ჯგუფად იყოფა:
თირკმლის ქსოვილის დაავადებები: მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმელების რევმატული დაზიანება, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის დაავადებები;
ამა თუ იმ ნივთიერების (ვერცხლისწყლის, კადმიუმის, სპილენძის, ძმარმჟავას, შხამა სოკოს ტოქსინების, სასუქის) ტოქსიკური ზემოქმედება თირკმელებზე;
თირკმელების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატების, ზოგიერთი ანტიბიოტიკის, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი მიღებით. ტოქსიკური ნივთიერებები აზიანებენ თირკმლის ქსოვილის უჯრედებს, რის შედეგადაც ისინი იხოცებიან და თირკმელი ფუნქციონირებას წყვეტს.
მესამე ჯგუფია თირკმლისქვეშა ანუ საშარდე გზებიდან მომდინარე მიზეზები. თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების კენჭით (ცალმხრივით ან ორმხრივით), სიმსივნური წარმონაქმნით, შედედებული სისხლით დახშობამ, ასევე - მუცლის ღრუში ჩატარებული ოპერაციის ან ტრავმის შედეგად შარდსადენის მიჭყლეტამ. თირკმლის მენჯფიალების სისტემაში შარდის დაგროვება მათში წნევის მატებას იწვევს, ხანგრძლივად არსებული მაღალი წნევა კი თირკმლის ქსოვილის შეშუპებასა და სიკვდილს განაპირობებს. ჩვეულებრივ, ამ მიზეზებით პირობადებული თირკმელების მწვავე უკმარისობა ნელ-ნელა ვითარდება და თუ შარდის გამოყოფის ნორმალიზება დროულად მოხერხდა, პათოლოგიური პროცესი შექცევადი ხდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:55 | შეტყობინება # 249
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მწვავე უკმარისობის დროს თირკმელები სისხლში ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნების უნარს კარგავენ, რის შედეგადაც იმატებს კალიუმის, კალციუმის, ქლორის იონების რაოდენობა, სისხლში გროვდება ცილოვანი ცვლის პროდუქტები - შარდოვანა და კრეატინინი. თირკმელების სეკრეტორული ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება ანემია (სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის შემცირება) ან ანურია (შარდის არარსებობა). პაციენტი უჩივის გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, უმადობას, შუპდება კიდურები, დიდდება ღვიძლი. ავადმყოფის ქმედებები შენელებული ან, პირიქით, აგზნებულია.
გამოყოფენ თირკმელების მწვავე უკმარისობის 4 სტადიას:
საწყისს. ამ სტადიაში პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია თირკმელების უკმარისობის გამომწვევ მიზეზებზე.
ოლიგოანურიულს. ამ სტადიაში შარდის გამოყოფა არ ხდება ან შარდის ოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 500 მილილიტრს. ეს ყველაზე საშიში სტადიაა და თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ავადმყოფი კომაში ჩავარდეს. ოლიგოანურიულ სტადიაში ხშირია ლეტალური დასასრული.
დიურეზიულს. ამ სტადიაში შარდის ოდენობა განუწყვეტლივ იმატებს და დღე-ღამეში 5 ლიტრს აღწევს. აღდგება სისხლის წყალმარილოვანი ბალანსი. დიურეზიული სტადია ორ კვირამდე გრძელდება.
გამოჯანმრთელებისას. ამ სტადიაში თირკმელების ფუნქცია თანდათან აღდგება, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებას ზოგჯერ ერთი წელიც კი სჭირდება.

თირკმელების მწვავე უკმარისობის საწყის სტადიაში აუცილებელია მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობა ან პათოლოგიური ზემოქმედებების აღმოფხვრა.
დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში ცდილობენ დანაკარგის შევსებას ვენაში სისხლის შემცველების გადასხმით. ორგანიზმიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გამოძევებული ტოქსიკური ნივთიერებები. ამისთვის მიმართავენ კუჭის ამორეცხვას, შხამსაწინააღმდეგო საშუალებებს, პლაზმოფერეზს - სპეციალური აპარატით სისხლის თხიერი ნაწილის გაწმენდას. საშარდე გზების დახშობის შემთხვევაში აღადგენენ მათ გამტარობას ან ახდენენ თირკმლის ფიალების პუნქციას შარდის გამოყოფის მიზნით.
უშუალოდ თირკმელების მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ საწყის სტადიაში იყენებენ ოსმოსურ დიურეტიკებს. აუცილებელია წყლის ბალანსის, სისხლში შარდოვანასა და ელექტროლიტების კონტროლი. ვენაში შეჰყავთ სითხე. ინიშნება ანაბოლური ჰორმონები და E ვიტამინი. პაციენტი გადაჰყავთ დიეტაზე. თუ კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ იძლევა, მიმართავენ ჰემოდიალიზს.
თირკმელების მწვავე უკმარისობის პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული ძირითად დაავადებაზე. მისი გადატანის შემდეგ თირკმელთა ფუნქციის სრული აღდგენისთვის 6 თვიდან 2 წლამდე დრო სჭირდება.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობა წარმოადგენს ამ ორგანოს ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებას სრულ შეწყვეტამდე. იგი გამოწვეულია თირკმლის ქსოვილის კვდომით თირკმელების ქრონიკული დაავადების გამო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:55 | შეტყობინება # 250
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ის დაავადება, რომელიც თირკმლის გორგლების დაზიანებას იწვევს. ასეთია:
ქრონიკული გლომერულონეფრიტი და ქრონიკული პიელონეფრიტი;
შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ამილოიდოზი;
თირკმელების თანდაყოლილი პოლიკისტოზი, თირკმელების თანდაყოლილი განუვითარებლობა, თირკმლის არტერიის თანდაყოლილი შევიწროება;
სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, ჰემორაგიული ვასკულიტი;
არტერიული ჰიპერტენზია და დაავადებები, რომლებიც თირკმელებში სისხლის მიმოქცევას არღვევს;
შარდკენჭოვანი დაავადება, ჰიდრონეფროზი, შარსადენზე ზემწოლი სიმსივნე.

ყველაზე ხშირად თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზია ქრონიკული გლომერულონეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარების საფუძველს ნეფრონების (თირკმლის შემადგენელი ფუნქციური სტრუქტურების) თანდათანობითი სიკვდილი წარმოადგენს. დარჩენილი ნეფრონები იძულებულნი არიან, სრული დატვირთვით იმუშაონ, რაც ზრდის მათი დაზიანებისა და სიკვდილის ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის კომპენსატორული შესაძლებლობები დიდია (ნეფრონების 10%-საც კი შეუძლია, შეინარჩუნოს ორგანიზმში წყალმარილოვანი ცვლა), ქრონიკული უკმარისობის საწყის სტადიაშივე ირღვევა სისხლის ელექტროლიტური შემადგენლობა, აღმოცენდება აციდოზი, იცვლება ცილოვანი ცვლა, ხდება ცვლის პროდუქტების (შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას) შეკავება. ამჟამად ცნობილია 200-ზე მეტი ნივთიერება, რომელთა ცვლაც ირღვევა თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს.

გამოყოფენ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის 4 სტადიას:
I - ლატენტურს. ამ სტადიაში ავადმყოფს შესაძლოა არაფერი აწუხებდეს ან უჩიოდეს სწრაფად დაღლას ფიზიკური დატვირთვის დროს, სისუსტეს საღამოობით და პირის სიმშრალეს. ბიოქიმიური გამოკვლევა ავლენს სისხლში ელექტროლიტების შემადგენლობის უმნიშვნელო დარღვევას, ზოგჯერ შარდში აღმოჩნდება ცილები.
II - კომპენსატორულს. ამ სტადიაში ავადმყოფის ჩივილები ანალოგიურია, მაგრამ უფრო ხშირი. გარდა ამისა, შარდის სადღეღამისო ოდენობა 2,5 ლიტრამდე იმატებს. შეიმჩნევა ცვლილებები სისხლის ბიოქიმიურ შემადგენლობასა და შარდში.
III - ინტერმისიულის (მონაცვლეობითს). თირკმელების ფუნქცია უფრო მეტად ქვეითდება. აღინიშნება სისხლში აზოტის ცვლის (ცილოვანი ცვლის) პროდუქტების მყარი ზრდა, კერძოდ, იმატებს შადოვანასა და კრეატინინის დონე. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, სწრაფად დაღლას, წყურვილს, პირის სიმშრალეს, უმადობას. კანიDშრება და მოყვითალო ელფერს იღებს. ასეთ ავადმყოფებში ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადება, მაგალითად, ანგინა და ფარინგიტიც კი მძიმედ მიმდინარეობს. ამ სტადიაში ერთმანეთს ენაცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაუარესების პერიოდები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:55 | შეტყობინება # 251
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
IV - ტერმინალური სტადია. თირკმელების ფილტრაციული უნარი მინიმუმამდე მცირდება. ამ სტადიაში ავადმყოფი შესაძლოა წლობით დამაკმაყოფილებლად გრძნობდეს თავს, მაგრამ სისხლში გამუდმებით იმატებს შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას დონე, დარღვეულია ელექტროლიტური ბალანსი. ყოველივე ეს იწვევს ურემიულ ინტოქსიკაციას ან ურემიას (სისხლში შარდის გადასვლას). შარდის სადღეღამისო ოდენობა იკლებს, საბოლოოდ კი მისი გამოყოფა სრულებით წყდება. ზიანდება სხვა ორგანოებიც. ვითარდება გულის კუნთის დისფაგია, პერიკარდიტი, სისხლძარღვთა უკმარისობა, ფილტვების შეშუპება. ნერვული სისტემის მხრივ დარღევები გამოვლინდება ენცეფალოპათიის სიმპტომებით (ძილის, მეხსიერების დარღვევით, ხასიათის შეცვლით, დეპრესიით). ირღვევა ჰორმონების გამომუშავება, ვითარდება ცვლილებები სისხლის შემდედებელ სისტემაში, ირღვევა იმუნიტეტი. ყველა ეს ცვლილება შეუქცევადი ხასიათისაა. აზოტური ცვლის პროდუქტები ოფლთან ერთადაც გამოიყოფა, ამიტომ ავადმყოფს გამუდმებით შარდის სუნი სდის.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზს სვამენ, თუ დაავადების ხანგრძლივობა 5 წელზე მეტია, ხოლო სისხლსა და შარდში აღინიშნება დამახასიათებელი ცვლილებები. აუცილებელია თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზის დადგენა.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის კონსერვატიული მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების სიმძიმის შემცირებას. ინიშნება შრომისა და დასვენების საგანგებო რეჟიმი, დიეტა, მედიკამენტური მკურნალობა. ავადმყოფი უნდა ერიდოს გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას. რაციონში იზღუდება ცილოვანი პროდუქტები. პრეპარატებიდან ინიშნება ანაბოლური სტეროიდები (რეტაბოლილი, ნერაბოლი, ლესპენეფრილი).
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ცვლის პროდუქტებისგან სისხლის გასაწმენდად მიმართავენ ჰემოდიალიზს: ზედა ან ქვედა კიდურის ზედაპირული სისხლძარღვიდან აღებულ სისხლს ატარებენ სპეციალურ სისტემაში, სადაც ის ხელოვნური მემბრანის გავლით კონტაქტში შედის მადიალიზებელ სითხესთან. ამ ხსნარსა და სისხლს შორის არსებული კონცენტრაციული განსხვავების წყალობით დაავადებულის სისხლიდან ცვლის პროდუქტები მადიალიზებელ სითხეში გადადის, გაწმენდილი სისხლი კი ავადმყოფს უკანვე უბრუნდება. კვირაში ტარდება დიალიზის 3 სეანსი. ერთი სეანსი 4-5 საათს გრძელდება.
დიალიზი საშუალებას იძლევა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულს სიცოცხლე 25 წლამდე გაუხანგრძლივდეს.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის რადიკალურ მეთოდს წარმოადგენს თირკმლის გადანერგვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:56 | შეტყობინება # 252
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თრომბოზი (ბერძ. thrombosis - შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივNან მთლიანად დაიხშოს.
თრომბოზის წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება (ათეროსკლეროზული, ანთებითი ან სხვა ხასიათისა), სისხლის ნაკადის შენელება, სისხლის შედედებისა და სიბლანტის მატება.
ყველაზე მეტად გავრცელებულია პერიფერიული ვენების თრომბოზი (თრომბოფლებიტი). შედარებით უფრო იშვიათია არტერიული სისტემის თრომბოზი, რომელიც იწვევს სისხლმომარაგების დარღვევას ქსოვილის შესაბამის უბანში და არცთუ იშვიათად - მის ნეკროზს.
როცა არტერიებში არსებული თრომბი მთლიანად გადაკეტავს სისხლის ნაკადს, ნაკადის ქვემოთ ქსოვილი კვდება. სწორედ ეს არის ქსოვილის ნეკროზი. თუ კვდომა კიდურის ქსოვილმა განიცადა, ვითარდება განგრენა, კორონარული სისხლის მიმოქცევის სისტემის თრომბოზი იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს, ტვინის სისხლძარღვებისა - ინსულტს, ხოლო ნაწლავთა არტერიებში არსებული თრომბი ნაწლავების განგრენის მიზეზად იქცევა.ამ პათოლოგიების განვითარების შემდეგ შესაძლოა მოხდეს თრომბის გაწოვა (ლიზისი), რასაც მოჰყვება სისხლძარღვთა გამტარობის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა ან მათი გამკვრივება (ორგანიზაცია).
კაპილარების მრავლობითი თრომბოზი (სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი), რომელსაც ხშირად თან სდევს სისხლდენა ქსოვილებში, შესაძლოა აღმოცენდეს შოკის, სისხლდენის, მძიმე ინფექციური დაავადების და სხვათა დროს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თრომბოზის დიაგნოზი შეიძლება დაისვას ავადმყოფის ჩივილებისა და გასინჯვის საფუძველზე. დიაგნოზის დასაზუსტებლად იყენებენ კვლევის ექოსკოპიურ, ბიოქიმიურ და რენტგენოლოგიურ მეთოდებს.
ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ნებისმიერი გართულების თრომბოზი თავისებურ მკურნალობას საჭიროებს. უშუალოდ თრომბის წარმოქმნასთან ბრძოლა გულისხმობს თრომბის წარმოქმნის პროცესის ლიკვიდაციას. ამისთვის ინიშნება ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები), ფიბრინოლიზური (თრომბის, უფრო ზუსტად, შედედების ძირითადი ფაქტორის - ფიბრინის დამშლელი) საშუალებები. ქსოვილის დეფექტის შემთხვევაში ამ პრეპარატების მიღებამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს, ამიტომ მათი შერჩევა და დოზირება ექიმის პრეროგატივაა.
გარდა ზემოხსენებული საშუალებებისა, ავადმყოფს ენიშნება სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ზოგჯერ თრომბის ოპერაციული წესით ამოღება ხდება საჭირო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:56 | შეტყობინება # 253
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თრომბოციტოპენია არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის კლება 150X109/ლ-ზე მეტად, მიმდინარეობს სისხლდენით და სისხლის შეჩერების გართულებით ან შეუძლებლობით. ეს მდგომარეობა შესაძლოა თან ახლდეს სისხლის პრაქტიკულად ნებისმიერ დაავადებას. დამოუკიდებლად დიაგნოსტირდება როგორც აუტოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა ან ვერლჰოფის დაავადება. მისი მთავარი მიზეზია თრომბოციტების პროდუქციის დარღვევა და/ან თრომბოციტების დაშლის ან მისდამი ორგანიზმის მოთხოვნილების მატება. ყველაზე ხშირად გვხვდება სწორედ აუტოიმუნური თრომბოციტოპენია.
თრომბოციტოპენიას, რომლის მიზეზიც დაუდგენელია, იდიოპათიურს უწოდებენ. შესაძლოთაგან გამოყოფენ ეპიდემიოლოგიურ და ინფექციურ მიზეზებს: შიდსს, ჰეპატიტს, ჰერპესული ინფექციის გართულებას, ინფექციურ მონონუკლეოზს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, გრიპს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კიდურებსა და ტანზე ჩნდება სისხლჩაქცევები (სილურჯეები), სისხლდენის შესაჩერებლად ადრინდელზე მეტი დროა საჭირო, ხშირდება სისხლდენა ცხვირიდან, ვითარდება სისხლდენა პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. სისხლის კლინიკური ანალიზი აჩვენებს თრობოციტების ოდენობის შემცირებას 0-50X109/ლ-მდე (ნორმაა 150-320X109/ლ). ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ერთი შეხედვით შემაშფოთებელი არ არის, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მოჩვენებითია - მოსალოდნელია სისხლდენა ნებისმიერ ორგანოში, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევაც კი. კატეგორიულად იკრძალება ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია ყოველდღიური აქტიურობის შეზღუდვა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზირებისთვის აუცილებელია ექიმის გასინჯვა, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, სისხლის შედედების ფაქტორის განსაზღვრა, თრომბოციტების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების გამოვლენა, ძვლის ტვინის ბიოფსია.
თრომბოციტოპენიის მკურნალობის ძირითადი მომენტებია:
გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა;
სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა);
იმუნოდეპრესანტების (ციკლოფოსფანი, ვინკრისტინი) დანიშვნა;
ვენაში იმუნოგლობულინის შეყვანა.

თრომბოციტოპენიის მკურნალობის პერსპექტიულ მეთოდს წარმოადგენს მონოკლონური ანტი- CD20 ანტისხეულების გამოყენება.
ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები, წესისამებრ, თანმიმდევრულად გამოიყენება. დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში, როდესაც ეს მეთოდები უშედეგოა, შესაძლოა ჩატარდეს ზედოზირებული იმუნოსუპრესორული თერაპია სისხლწარმომქმნელი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:56 | შეტყობინება # 254
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
იდიოტიზმი ანუ იდიოტია არის თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში განვითარებული ჭკუასუსტობის (ოლიგოფრენიის) ყველაზე მძიმე ფორმა - ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან ახლავს აზროვნებისა და მეტყველების უნარის სრული ან ფაქტობრივად სრული უქონლობა.
ჭკუასუსტობა შეიძლება გამოიწვიოს:
მემკვიდრეობითმა ფაქტორებმა;
ჰორმონული დარღვევების, წითელასა და სხვა ვირუსული დაავადებების, სიფილისის, ტოქსოპლაზმოზის გამო მუცლადყოფნის პერიოდში მიღებულმა დაზიანებამ;
მუცლადყოფნის ან ახალშობილობის პერიოდში გადატანილმა ასფიქსიამ, სამშობიარო ტრავმამ, დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიურმა შეუთავსებლობამ - რეზუსკონფლიქტმა, ადრეულ ასაკში მიღებულმა თავის ტრავმამ, საბავშვო ინფექციებმა, თანდაყოლილმა ჰიდროცეფალიამ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. იდიოტი გარეგან გამღიზიანებლებზე არ რეაგირებს ან რეაგირებს პრიმიტიულად, მეტყველების ნაცვლად გამოსცემს ხმებს და არ ესმის სხვისი ნათქვამი. თვითმომსახურების უმარტივესი ჩვევებიც კი არ გააჩნია - არ შეუძლია დამოუკიდებლად დაჯდომა, ზოგჯერ საჭმელს დაუღეჭავად ყლაპავს (ასეთ ავადმყოფებს მხოლოდ თხევადი საკვებით კვებავენ). ახლობლებს ყოველთვის ვერ არჩევს უცხოებისგან. ელემენტარული ემოცია მხოლოდ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების დროს უჩნდება. უკმაყოფილებას ხშირად გამოხატავს ყვირილით, ბრაზობს, აგრესია ეუფლება და არცთუ იშვიათად საკუთარ თავს აყენებს ზიანს. იდიოტი პასიურია, მოთენთილი, უმეტესად წევს, თუმცა ზოგჯერ აღეგზნება, ასრულებს სტერეოტიპულ მოძრაობებს (ქანაობს, უკრავს ტაშს და ა.შ.). ფსიქიკის ღრმა განუვითარებლობას თან ახლავს ფიზიკური განუვითარებლობა და დეფექტები. თუ ეს მანკები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ავადმყოფი დაბადების შემდეგ მალევე კვდება. იდიოტიზმით დაავადებულს სჭირდება მუდმივი ყურადღება და თვალყურის დევნება. ასეთ ადამიანებს სპეციალურ ინტერნატებში ათავსებენ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. იდიოტიის მკურნალობა ავადმყოფობის მიზეზზეა დამოკიდებული და სიმპტომურია. ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად ინიშნება ნოოტროპები, ცერებროლიზინი, გლუტამინის მჟავა, ლიპოცერებრინი, ტარდება ვიტამინოთერაპია. ქალასშიგა წნევის დასაქვეითებლად ვენაში კეთდება მაგნეზია, ინიშნება გლიცერინი და დიაკარბი. ძლიერი შეკავების შემთხვევაში იყენებენ სტიმულატორებს (სინდოკარბს, ჟენშენს, ალოეს), აგზნების შემთხვევაში - ნეიროლეპტიკებს, გულყრების არსებობისას - კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
იდიოტიის პირველადი პროფილაქტიკა გულისხმობს სამედიცინო-გინეკოლოგიურ კონსულტაციებს, ორსულზე მუდმივ მეთვალყურეობას, მავნე სამუშაოდან მის გათავისუფლებას, ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით - პირველ ტრიმესტრში) წამლების სიფრთხილით დანიშვნას, ალკოჰოლური სასმელებისა და ნიკოტინის აკრძალვას. მეორეული პროფილაქტიკა იდიოტიის ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობას, ადაპტაციასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:56 | შეტყობინება # 255
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მამაკაცის სქესობრივ პოტენციას უწოდებენ მის უნარს, სქესობრივად დააკმაყოფილოს ქალი, იმპოტენცია კი, შესაბამისად, ამ უნარის უქონლობაა. იმპოტენტად შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო ის, ვინც ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის ჩატარებას, არამედ ისიც, ვინც ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის საკმარისად გახანგრძლივებას პარტნიორის დასაკმაყოფილებლად.
სექსოპათოლოგიაში ტერმინ "იმპოტენციას" პრაქტიკულად აღარ იყენებენ. მის ნაცვლად დამკვიდრდა ტერმინი "ერექციული უკმარისობა". ეს ტერმინი ერექციის ხარისხის აღნიშვნის მხრივ მანევრირების უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ვინაიდან სქესობრივი ფუნქცია შედარებითი ხასიათისაა - ერთი და იგივე მამაკაცი ერთ ქალთან შეიძლება იმპოტენტური იყოს, მეორესთან კი - არა.
სქესობრივი ფუნქციის დარღვევის მიზეზებს 6 ჯგუფად ყოფენ. ესენია:
სისხლის მიმოქცევის დარღვევები. ფაქტორები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას არღვევს, ხშირად ერექციულ უკმარისობასაც განაპირობებს. ასეთია, მაგალითად, თამბაქოს წევა, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება.
ნევროგენული მიზეზები. ირღვევა ნერვული კავშირი ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და გენიტალიებს შორის. ასეთი რამ გვხვდება ნარკომანიის, გაფანტული სკლეროზის, ალკოჰოლიზმის, შაქრიანი დიაბეტის დროს.
უროლოგიური მიზეზები, მაგალითად, თესლსავალი გზების მიკრობული დაბინძურება, რაც ხშირად ამცირებს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობას, თუმცა ერექციის ხარისხზე არ მოქმედებს.
ენდოკრინული მიზეზები. დარღვეულია სათესლე ჯირკვლების ნორმალური მუშაობა. თუ ამ პრობლემამ უკვე მოწიფულ ასაკში იჩინა თავი, ერექციაზე არცთუ ძლიერ გავლენას მოახდენს, მაგრამ სქესობრივი მომწიფების პერიოდში სათესლე ჯირკვლების მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული სქესობრივი ცხოვრებისადმი მზადყოფნა.
ფსიქოგენური მიზეზები - წარუმატებლობის შიში, უსიამოვნო განცდები.
სომატური მიზეზები. საშუალო ხარისხის სქესობრივი აქტი მამაკაცისგან 80-90 ვატი სიმძლავრის ენერგიას მოითხოვს. შესაძლოა, მამაკაცს გენიტალიები წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ რომელიმე სხვა ორგანოს, მაგალითად, ფილტვების, გულის, თირკმელების ქრონიკული დაავადება უშლიდეს ხელს სქესობრივი ცხოვრების ნორმალურ წარმართვას.

პოტენციის დაქვეითების მიზეზად შეიძლება იქცეს ტრავმა და რომელიმე პრეპარატის ხანგრძლივი მიღებაც. ასეთი უკუეფექტი აქვს, მაგალითად, წნევის დამწევ საშუალებათა 64%-ს, ფსიქოტროპულ საშუალებათა 90%-ს, ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოტიკები თავდაპირველად ასტიმულირებს კიდეც ერექციას, მაგრამ დროთა განმავლობაში სასქესო ორგანოს დამბლისმაგვარ მდგომარეობას იწვევს. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ხდება იმ გზების პარალიზება, რომლებითაც გენიტალიები ცენტრალურ ნერვულ სისტემას უკავშირდება. იგივე ხდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაშიც.
მდარე ხარისხის პორნოგრაფია (კინო, ლიტერატურა) ვნებს სქესობრივად გაუთვითცნობიერებელ და დაბალი სქესობრივი კულტურის მქონე ადამიანებს. ისინი ხშირად იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს და სექსუალური წარუმატებლობის შიშს, რაც მამაკაცების ყველაზე დიდი მტერია.
სქესობრივი კავშირის დროს შიში, წარუმატებლობის მოლოდინი მართლაც უშლის ხელს აქტის ჩატარებას, მაგრამ როცა სასქესო ორგანოს სისხლძარღვები, ნერვები, კუნთები ნორმალურად მუშაობს, ფსიქოლოგიური სტრესი გარკვეული ხნის შემდეგ გადაივლის და ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება (სხვა საქმეა, როდესაც მამაკაცს სქესობრივი ცხოვრების შიში პირველი წარუმატებლობის შემდეგ ეუფლება - ამ შემთხვევაში კვალიფიციური სექსოლოგის დახმარება აუცილებელია). მაგრამ როცა არსებობს ორგანული დარღვევები, სტრესულ სიტუაციაში სექსუალური წარუმატებლობის შემდეგ მამაკაცს უჭირს, გადალახოს ეს პრობლემა. ამ შემთხვევაში პრობლემის ზედმეტმა ფსიქოლოგიზაციამ შესაძლოა ავნოს კიდეც საქმეს. ასეთ დროს აუცილებელია, დადგინდეს სექსუალური ჩავარდნის ორგანული მიზეზები. სხვაგვარად მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz