პარასკევი, 29.03.2024, 08:43
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 16:59 | შეტყობინება # 271
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება სქესობრივი პარტნიორისგან მამაკაცსაც შეიძლება გადაედოს. ამ დაავადების მამაკაცისეულ ვარიანტს ბალანოპოსტიტი ეწოდება.
სასქესო ორგანოების კანდიდოზის დროს ქალს აქვს დიდი რაოდენობით ხაჭოსმაგვარი გამონადენი, აწუხებს სასქესო ორგანოს ქავილი, სქესობრივი აქტისა და შარდის გამოყოფის დროს - ტკივილი.
დაავადება რომ გამოიწვიოს, საფუარა სოკოს განსაკუთრებული პირობები სჭირდება: გარემო, სადაც იგი ბინადრობს, არ უნდა იყოს მჟავე, ხოლო ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია დაქვეითებული უნდა იყოს. სოკოს გაძლიერებულ გამრავლებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკოთერაპია, იმუნიტეტის დაქვეითება (შიდსი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები), ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი), არასწორი კვება (ნახშირწყლების ჭარბი მიღება და ვიტამინების ნაკლებობა), ჰორმონული ცვლილებები (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება, ორსულობა), ვიწრო სინთეტიკური საცვლების ტარება (ისინი არ ატარებენ ჰაერს, რითაც სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიან) და სხვა.
სასქესო ორგანოების კანდიდოზი ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს, მაგრამ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს და ხელს უშლის ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას. იშვიათად კანდიდოზი შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს და პათოლოგიურ პროცესში ჩართოს ახლომდებარე ორგანოები - შარდის ბუშტი და ნაწლავები.
სასქესო ორგანოების კანდიდოზის დიაგნოსტირება ადვილია კლინიკური ნიშნებისა და საშოს ნაცხის ანალიზის საფუძველზე.
საშოს კანდიდოზის დროს აუცილებელია როგორც დაავადებულის, ისე მისი სქესობრივი პარტნიორის ხანგრძლივი და ეტაპობრივი მკურნალობა. ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, ისახება ღონისძიებები სოკოს გამრავლების ხელშემწყობი ფაქტორების აღმოსაფხვრელად. კერძოდ, საჭიროა:
შეიცვალოს ანტიბიოტიკი;
შეწყდეს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
მოწესრიგდეს ნივთიერებათა ცვლა;
ამაღლდეს იმუნიტეტი;
დაინიშნოს ვიტამინები;
აღდგეს საშოს ნორმალური მჟავიანობა;
ჩატარდეს ნაწლავების დისბაქტერიოზის მკურნალობა.

ზოგჯერ ინიშნება პრობიოტიკებიც - სასარგებლო ბაქტერიების ცოცხალი კულტურის შემცველი პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან პათოგენური მიკლოფლორისა და სოკოების გამრავლებას.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია გამოკვლევის ხელახალი ჩატარება, რადგან სიმპტომების გაქრობა ყოველთვის დაავადების დამარცხებაზე არ მიუთითებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:00 | შეტყობინება # 272
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კარბუნკული არის რამდენიმე თმის ბოლქვისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთება, რომელსაც ახასიათებს ინფილტრატის გაჩენა და კანისა და კანქვეშა უჯრედების გავრცობილი ნეკროზი.
კარბუნკული ყველაზე ხშირად ჩნდება უსუფთაობის პირობებში, კანის ტანსაცმელთან ხახუნის ადგილას ჩირქმბადი მიკრობების - სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების - შეჭრის შედეგად. კარბუნკულის გაჩენას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლა, ავიტამინოზი.
კარბუნკული იწყება ისე, როგორც ფურუნკული, მაგრამ სტაფილოკოკი თმის ბოლქვიდან სწრაფად იჭრება ლიმფურ ძარღვებში და აღწევს კანის ღრმა შრეებსა და კანქვეშა უჯრედებში. შედეგად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი განივრცობა და ინფილტრატი მკვეთრად იზრდება.
კლინიკურად კარბუნკული წარმოადგენს რამდენიმე შერწყმულ ფურუნკულს, რომლებსაც აქვთ საერთო, მკვეთრად შეშუპებული საფუძველი.
კარბუნკული ხშირად ჩნდება კისრის უკანა ნაწილზე, ბეჭებზე დაბეჭებს შუა არსებულ არეში, წელზე, დუნდულებზე, იშვიათად - კიდურებზე. თავდაპირველად წარმოიქმნება პატარა ანთებადი ინფილტრატი თავზე პუსტულით, რომელიც სწრაფად იზრდება. შეხებისას მტკივნეულია, თუმცა ტკივილი შეხების გარეშეც შეიგრძნობა. ინფილტრატის არეში კანი იღებს მოვარდისფრო ელფერს, დაჭიმული და შეშუპებულია. ნეკროზული კერის ზემოთ ეპიდერმისი რამდენიმე ადგილას იგლიჯება და ჩნდება რამდენიმე ხვრელი, საიდანაც გამოდის მომწვანო-მორუხო ფერის სქელი ჩირქი. ხვრელებში ჩანს ნეკროზული ქსოვილი. ზოგი ხვრელი ერთდება და წარმოიქმნება კანის დიდი დეფექტი, საიდანაც მოედინება ჩირქი და ძვრება ნეკროზული ქსოვილი. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. აღინიშნება ძლიერი ინტოქსიკაცია (გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, უძილობა, იშვიათად - ბოდვა და უგონო მდგომარეობა). სახეზე ლოკალიზებული და დიდი ზომის კარბუნკულების დროს ზოგადი სიმპტომები კიდევ უფრო მკვეთრია, მაგრამ როგორც კი დაიწყება ჩირქის დენა და ნეკროზული ქსოვილების მოძრაობა, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. ჩირქის ამოსვლის შემდეგ ჭრილობა ივსება გრანულებით და ხორცდება.
გართულებათაგან მოსალოდნელია ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი, სეფსისი, ჩირქოვანი მენინგიტი. სეფსისი, მენინგიტი და თრომბოფლებიტი შედარებით ხშირია სახის კარბუნკულის დროს.
გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ჩირქოვან განყოფილებაში. კარბუნკულის განვითარების საწყის (ანთებადი ინფილტრატის) ეტაპზე მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას - პათოლოგიურ კერაში შეჰყავთ ანტიბიოტიკი, კეთდება კუნთშიგა ინექცია, ინიშნება სულფანილამიდები. რეკომენდებულია სისხლის გადასხმა და ადგილობრივი დასხივება ულტრამაღალი სიხშირის სხივებით. კარბუნკულს ადებენ მშრალ ასეპტიკურ ნახვევს ან სინტომიცინის ან სტრეპტომიცინის ემულსიის ნახვევს. თუ ავადმყოფს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია ინსულინოთერაპიის ჩატარება, რათა ინფილტრატისა და ნეკროზის განვითარების პროცესი შეფერხდეს. ავადმყოფს სჭირდება დასვენება (წოლითი რეჟიმი, იმობილიზაცია). სახის კარბუნკულის დროს იკრძალება ლაპარაკი და ინიშნება თხიერი საკვები. საჭიროებისამებრ, დასაშვებია ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების მიღება, აუცილებელია კარგი კვება, რძის ნაწარმისა და მცენარეული პროდუქტების დიეტა.
თუ ერთ-ორდღიანი კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა და ინტოქსიკაციის ნიშნები პროგრესირებს, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მოვლას.
დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:00 | შეტყობინება # 273
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტერმინი კარდიომიოპათია აერთიანებს დაავადებათა ჯგუფს, რომლებსაც ახასიათებს გულის კუნთის პირველადი, არაანთებითი დაზიანება და მისი ფუნქციის მოშლა.
ცნობილია კარდიომიოპათიის სამი ნაირსახეობა:
დილატაციური კარდიომიოპათია;
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;
რესტრიქციული კარდიომიოპათია.

კარდიომიოპათიის სამივე ნაირსახეობას აქვს სხვადასხვაგვარი კლინიკური გამოვლინება და პროგნოზი, მაგრამ აქვთ საერთო ნიშნებიც, კერძოდ:
მიზეზი უმეტესად უცნობია;
ორგანიზმში ანთებითი რეაქციის ნიშნები არ არსებობს;
გულის ზომები იმატებს;
არსებობს მიდრეკილება თრომბების წარმოქმნისკენ;
კარდიომიოპათიებით განპირობებული გულის უკმარისობის მკურნალობა ძალიან ძნელია.

დილატაციური კარდიომიოპათია
დილატაციური კარიომიოპათიის დროს ირღვევა გულის ძირითადი ფუნქცია - კუმშვადობა. იგი სუსტდება. ამასთანავე, დიფუზიურად დიდდება გულის პარკუჭები. მხოლოდ ერთი პარკუჭის დაზიანება იშვიათია. გულის უკმარისობის ასიდან 9 შემთხვევაში მიზეზი დილატაციური კარდიომიოპათიაა.
დილატაციური კარიომიოპათიის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. სავარაუდოდ, მას მემკვიდრეობითი ბუნება აქვს, ვინაიდან ხშირად გვხვდება ნათესავებს შორის. დილატაციური კარიომიოპათიის განვითარებას შეიძლება ხელს უწყობდეს იმუნური დარღვევები, მაგრამ ამის დამადასტურებელი ნიშნები ყველა დაავადებულს არ აღენიშნება. მრავალი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ დილატაციური კარდიომიოპათია ვირუსული ბუნებისაა, თუმცა გამომწვევ ვირუსს ჯერჯერობით ვერავინ მიაგნო.
დილატაციური კარდიომიოპათიის სავარაუდო მიზეზებიდან აღსანიშნავია რევმატული დაავადებები (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა), ტოქსიკური ნივთიერებები (ეთილის სპირტი), საკვები პროდუქტების ზოგიერთი დანამატი (კობალტი, რომელსაც გერმანიაში ლუდს ამატებდნენ ქაფის შესანარჩუნებლად), კატექოლამინების ჭარბი ცირკულაცია სისხლში, რასაც იწვევს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, ასევე - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის და კალიუმის დეფიციტი


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:00 | შეტყობინება # 274
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმპტომები და მიმდინარეობა. დილატაციური კარდიომიოპათია, ჩვეულებრივ, თანდათანობით ვითარდება. ზოგჯერ ადამიანი წლობით ვერ ამჩნევს, რომ დაავადებულია და გულის მარცხენა პარკუჭის საზღვრების გადიდება ვლინდება შემთხვევით, რენტგენოლოგიური კვლევის დროს.
დაავადების პირველი ნიშნები არ არის სპეციფიკური - მათ მიხედვით კარდიომიოპათიაზე ეჭვის მიტანა ძნელია. ეს ნიშნებია სწრაფად დაღლა ფიზიკური დატვირთვის დროს და სისუსტე. თავდაპირველად თავს იჩენს ქოშინი, რომელიც თანდათან ძლიერდება და საბოლოოდ კარდიულ ასთმაში გადაიზრდება. ხშირად აღმოცენდება გულის არეში სხვადასხვა ხასიათის (ყრუ, მჩხვლეტავი, მოჭერითი) ტკივილი, მაგრამ სტენოკარდია იშვიათია. გულის შიდა ღრუების გადიდებისა და სხვა, ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო გულის ღრუსა და დიდ ვენებში ხშირად ჩნდება თრომბები, რომლებიც შეიძლება მოწყდეს და სისხლის ნაკადთან ერთად ფილტვებში მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში ვითარდება მეტად საშიში გართულება - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. დილატაციური კარდიომიოპათიის შემთხვევათა მესამედში სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს გართულებაა.
ავადმყოფის გასინჯვისას ექიმი ამჩნევს კანის სიცივეს და გულის საზღვრების გადიდებას. მოსმენისას ვლინდება სისტოლური შუილი და სხვადასხვა სახის არითმია. გულის მარცხენა პარკუჭის მნიშვნელოვანი გადიდებისა და დასუსტებული გულის კუნთის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობის შემცირების გამო პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

დიაგნოსტირება. დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზს ადასტურებს რენტგენული, ექოკარდიოგრაფიული და ანგიოგრაფიული კვლევების მონაცემები, თუმცა ამ დაავადების დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდი ექოკარდიოგრაფიაა. მისი მეშვეობით ვლინდება გულის მარცხენა პარკუჭის გადიდება, გულის სხვა ღრუების გაფართოება, განისაზღვრება მარცხენა პარკუჭის კედლის სისქე (ნორმალურია თუ შემცირებული).
დილატაციური კარდიომიოპათიის ეჭვის შემთხვევაში ექოკარდიოგრაფია აუცილებელია. დიაგნოზი პირველივე გამოკვლევისას დაისმის. მომდევნო გამოკვლევები საჭიროა მკურნალობის ეფექტიანობისა და გულის კუნთის მდგომარეობის საკონტროლოდ. აუცილებელია, შემოწმდეს გულის კუნთში მკვდარი უჯრედების არსებობა-არარსებობა, გულის კუნთოვანი ქსოვილის შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლება (გულის კუნთის სკლეროზი).

მკურნალობა. კარდიომიოპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. სამკურნალო ღონისძიებები მიზნად ისახავს გართულებათა პროფილაქტიკას. პირველ რიგში - გულის უკმარისობის თავიდან აცილებას, რომელიც დროთა განმავლობაში ყველა პაციენტს უყალიბდება.
ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, შეიცვალოს ცხოვრების წესი: შეამციროს ფიზიკური აქტიურობა, შეზღუდოს მარილისა და ცხიმის მოხმარება, თავი დაანებოს სმასა და მოწევას. ეს აუცილებელია, რათა შემცირდეს გულის დატვირთვა და ხელი შეეშალოს გულის უკმარისობის განვითარებას.
მედიკამენტური მკურნალობის მიზანი არტერიული წნევის დაქვეითებაა. საამისოდ გამოიყენება ენალაპრილი, ბერლი პრილი, ლიზინოპრილი და სხ¬ვა. ეს პრეპარატები ამცირებენ სისტოლურ წნევას, აქვეითებენ წნევას მარცხენა პარკუჭში და ამცირებენ გულის დატვირთვას. დადასტურებულია, რომ მათი მიღება ზრდის დილატაციური კარდიომიოპათიით დაავადებულების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ზოგჯერ ინიშნება საგულე გლიკ¬ოზიდები და ბეტა-ადრენობლოკატორები. თითქმის ყველა პაციენტს სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შესამცირებლად ენიშნება შარდმდენი საშუალებები.
გულის რიტმის მოშლის შემთხვევაში ინიშნება რიტმის მომწესრიგებელი საშუალებები.
ვინაიდან ასეთ ავადმყოფებს ხშირად უვითარდებათ თრომბი, პროფილაქტიკისთვის ინიშნება თრომბის წარმოქმნის შემფერხებელი საშუალებებიც (ასპირინი, ვარფარინი).
არის შემთხვევები, როდესაც გულის უკმარისობა მკურნალობას არ ემორჩილება. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი გულის ტრანსპლანტაციაა.
დილატაციური კარდიომიოპათიის პროგნოზი მძიმეა, ვინაიდან, მკურნალობის მიუხედავად, გულის ფუნქცია თანდათანობით მაინც უარესდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:00 | შეტყობინება # 275
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათაია
ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიას ახასიათებს გულის მარცხენა პარკუჭის კედლის მნიშვნელოვანი ჰიპერტროფია - გასქელება და ზომაში მატება. უმეტესად სქელდება პარკუჭთაშორისი ძგიდეც.
დილატაციურისგან განსხვავებით, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს პარკუჭის ღრუ არ ფართოვდება.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის სიხშირე 0,2%-ს შეადგენს. დაავადება უფრო მეტად ახალგაზრდებს შორის არის გავრცელებული და ნელი პროგრესი ახასიათებს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს არსებობს უეცარი სიკვდილის საშიშროება. სიკვდილიანობა 2-4%-ს უტოლდება.
დადასტურებულია კარდიომიოპათიის ამ ნაირსახეობის მემკვიდრეობითი ბუნება, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დაავადების მემკვიდრეობითობა არ დასტურდება. თუ პაციენტის ახლო ნათესავებიდან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით არავინ არის დაავადებული, მაშინ დაავადების მიზეზად მიიჩნევენ გულის კუნთის ცილების მაკოორდინირებელი გენების მუტაციას.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთი ზოგჯერ თანაბრად სქელდება, ზოგჯერ კი აღინიშნება მისი რომელიმე ნაწილის უპირატესი გასქელება. ამაზეა დამოკიდებული დაავადების გამოვლინებაც:
თუ გულის კუნთი ჰიპერტროფირებულია უპირატესად პარკუჭთაშორისი ძგიდის მიდამოში, შესაძლოა შევიწროვდეს მარცხენა პარკუჭიდან გამოსასვლელი. ამას თან სდევს გულის შიდა გარსის (რომლისგანაც შედგება სარქვლები) გასქელება და მიტრალური და აორტული სარქვლების ფუნქციის მოშლა. ასეთი რამ ხშირად ხდება პარკუჭთაშორისი ძგიდის არათანაბარი გასქელების დროს.
შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პარკუჭთაშორისი ძგიდის არასიმეტრიულ გასქელებას, მაგრამ შეცვლილი არ იყოს გულის სარქვლოვანი აპარატი და არც მარცხენა პარკუჭის გამოსასვლელი იყოს შევიწროებული.
თუ გულის კუნთი გადიდებულია მწვერვალის არეში, მაშინ აღმოცენდება მწვერვალოვანი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
სიმეტრიული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ადგილი აქვს მიოკარდის ჰიპერტროფიას მარცხენა პარკუჭის ირგვლივ.

დაავადება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. ზოგი დიდხანს არაფერს უჩივის, ზოგს თავიდანვე უმძიმდება მდგომარეობა. ასეთ შემთხვევებში დიდია უეცარი სიკვდილის ალბათობა.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა გულის არეში აღმოცენებული სხვადასხვა ხასიათის (მჩხვლეტი ან ყრუ შეგრძნებიდან სტენოკარდიულ შეტევამდე) ტკივილი. დაავადებულებს ხშირად ემართებათ სტენოკარდია. საქმე ის არის, რომ ჰიპერტროფიის დროს კორონარული სისხლძარღვები იჭყლიტება, გადიდებული გულის კუნთი კი მეტ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებას ითხოვს. ამის გამო აღმოცენდება შეუსაბამობა ჟანგბადზე მიოკარდის მოთხოვნილებასა და მის მიწოდებას შორის.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ხშირად ვლინდება გულის რიტმის დარღვევით. გულის გამტარი სისტემა იჭყლიტება, ელექტრული იმპულსების გავრცელების პროცესი ირღვევა და თავს იჩენს გულის რიტმის სხვადასხვაგვარი დარღვევა. ავადმყოფი უჩივის გულისცემის შეგრძნებას, ამოვარდნებს. გულის რიტმის დარღვევის გამო მცირდება ტვინის სისხლით მომარაგება, რაც გულის წასვლას იწვევს. ზოგს სიცოცხლეში ერთხელ მისდის გული, ზოგს - დღეში რამდენიმეჯერაც კი. ზოგჯერ დაავადების პირველი სიმპტომია ქოშინი, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს ძლიერდება. ავადმყოფის გასინჯვისას ვლინდება გულის საზღვრების გაფართოება და სისტოლური შუილი, რენტგენოგრამა გულის მარცხენა საზღვრის გადიდებას ავლენს, ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს სპეციფიკური ცვლილებები, რომლებიც ექიმს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დიაგნოზის დასმაში ეხმარება, მაგრამ დიაგნოსტირების ძირითად მეთოდს წარმოადგენს ექოკარდიოგრაფია. მისი მეშვეობით ვლინდება გულის მარცხენა პარკუჭის გასქელება, პარკუჭთაშორისი ძგიდის გასქელება, მიოკარდიუმის მოძრაობითი აქტიურობის დაქვეითება. ზოგჯერ საჭირო ხდება გულის კუნთის ბიოფსიის ჩატარება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:00 | შეტყობინება # 276
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მკურნალობა მიმართული უნდა იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღმოცენებული სიმპტომების აღკვეთისკენ. ინიშნება ბეტა-ბლოკერები და ვერაპამილი, რომლებსაც იყენებენ როგორც მანიფესტირებული, ისე უსიმპტომო (ჯერ გამოუვლენელი) ფორმების შემთხვევაში. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობისას ტარდება ქირურგიული ოპერაცია ჰიპერტროფირებული გულის კუნთის ნაწილის ამოსაკვეთად.
ჰიპერტოფიული კარდიომიოპათიის პროგნოზი უფრო საიმედოა, ვიდრე კარდიომიოპათიის სხვა სახეებისა. დაავადება შეიძლება ათეულობით წელს გაგრძელდეს და ავადმყოფმა დიდხანს შეინარჩუნოს შრომის უნარი. დილატაციური კარდიომიოპათიისგან განსხვავებით, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულისთვის ორსულობა და მშობიარობა დასაშვებია.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ძლიერი ფიზიკური დატვირთვა საშიშია.

რესტრიქციული კარდიომიოპათია
ტერმინი რესტრიქციული კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებათა ჯგუფს აერთიანებს. ამ დროს პარკუჭთა კედლები უხეშდება (მაგრამ არ სქელდება). ეს გულის შეკუმშვებს შორის, მოდუნების ფაზაში, პარკუჭების სისხლით ავსებას უშლის ხელს, რის შედეგადაც ვითარდება სისხლძარღვოვანი უკმარისობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გულის კუნთის ელასტიკურობის დაქვეითების გამო დარღვეულია გულის დიასტოლური ფუნქცია. ამ დროს პარკუჭთა კედლები არ სქელდება, არც ღრუები ფართოვდება, ამიტომ რესტრიქციულ კარდიომიოპათიას დილატაციისა და პიპერტროფიის გარეშე მიმდინარე კარდიომიოპათიად განიხილავენ.
რესტრიქციული კარდიომიოპათია კარდიომიოპათიის მეტად იშვიათი ნაირსახეობაა. გულის დიასტოლური ფუნქციის დარღვევის მიზეზის მიხედვით განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:
იდიოპათიური ხასიათის რესტრიქციული კარდიომიოპათია. მას მიოკარდიუმის რომელიმე ცნობილი დაავადება უდევს საფუძვლად. ამ დროს პარკუჭის ღრუს ზომა, კედლები, პარკუჭთაშორისი ძგიდე ნორმის ფარგლებშია. არც მიოკარდიუმის შესწავლისას ვლინდება სპეციფიკური ცვლილებები. იდიოპათიური რესტრიქციული კარდიომიოპათია ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა.
მიოკარდიუმში სხვადასხვა ნივთიერების დაგროვებით გამოწვეული რესტრიქციული ანუ ინფილტრაციული კარდიომიოპათია. ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის ამილოიდოზი, სარკოიდოზი, გოშეს დაავადება, ჰელერის დაავადება, ჰემოქრომატოზი, ფარბის დაავადება, გლიკოგენის დაგროვების დაავადება, მიოკარდიუმში ჩნდება ინფილტრატი და ვითარდება პარკუჭების დიასტოლური დისფუნქცია.
ენდომიოკარდიული დაავადებების (ენდომიოკარდიული ფიბროზი, ჰიპერეოზინოფილური სინდრომი, კარციდოზი, მეტასტაზირებადი სიმსივნე, რადიაციის შედეგად განვითარებული ინტოქსიკაცია) თანამდევი რესტრიქციული კარდიომიოპათია.

დაავადების საწყის ეტაპზე ავადმყოფი შეიძლება უჩიოდეს სისუსტეს, ადვილად დაღლას, ქოშინს. გულის ან გულმკერდის არეში ტკივილი იშვიათია. მოგვიანებით, იმის კვალობაზე, მარცხენა პარკუჭშია დაზიანებული მიოკარდიუმი თუ მარჯვენაში, შეიძლება განვითარდეს გულის უკმარისობა. ხშირად დაავადებას მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ, როცა უკვე აშკარაა გულის უკმარისობის ნიშნები: ქვედა კიდურების შეშუპება, ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება), სახის ციანოზი, კისრის ვენების დაბერვა. მოსალოდნელია, თუმცაღა იშვიათად, მოციმციმე არითმია და გულის ბლოკადაც. აუსკულტაციის დროს ისმის გულის ტონების მოყრუება, ზოგჯერ - სისტოლური შუილი. ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს გულის რიტმის სხვადასხვაგვარი დარღვევა. რენტგენოგრამაზე ხშირად გადიდებულია მარჯვენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი, ჩანს ცვლილებები ფილტვებში. ექოკარდიოგრაფია ავლენს გულის შიგნითა შრის გასქელებას, პარკუჭების ღრუს მოცულობის შემცირებას, პარკუჭთაშორისი ძგიდის არასწორ მოძრაობას. ხშირად დარღვევები შეინიშნება გულის სარქვლოვან აპარატშიც. ანგიოკარდიოგრაფიით შესაძლოა დადგენილ იქნეს პარკუჭთა ზომების შემცირება, მათი უსწორმასწორო საზღვარი და გულის მიერ სისხლის გადასროლის შემცირება. ზოგჯერ საჭირო ხდება ენდოკარდიუმის ბიოფსიის ჩატარება - გულის შიდა შრის უმცირესი ნაწილის მიკროსკოპით შესწავლა.
რესტრიქციული კარდიომიოპათიის მკურნალობის ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. გულის უკმარისობის აღმოცენების შემთხვევაში ინიშნება შარდმდენები და საგულე გლიკოზიდები. ყოველგვარი პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. გულის გადანერგვა მეტწილად უეფექტოა, ვინაიდან გადანერგილ გულში დროთა განმავლობაში ისეთივე პროცესი ვითარდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:01 | შეტყობინება # 277
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კბილების კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც კბილის მკვრივი ქსოვილი მინერალებით ღარიბდება, რბილდება, ირღვევა და უჩნდება ღრუ. უხეშად რომ ვთქვათ, კარიესი არის კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გაწოვით და სრულდება ხვრელის წარმოქმნით.
ამჟამად კბილების კარიესის განვითარებას უკავშირებენ PH-ის ლოკალურ ცვლილებას კბილის ზედაპირზე არსებული ნადების ქვეშ. ნადები წარმოადგენს ბაქტერიების კოლონიას, რომელთაგან ზოგიერთი გადაამუშავებს ნახშირწყლებს და გამოყოფს ორგანულ მჟავებს. ეს მჟავები გროვდება ნადების ზედაპირზე, პერიოდულად ჩამოირეცხება ნერწყვით, ნეიტრალიზდება და საშიში აღარ არის, მაგრამ თუ ნადების სისქეში შეაღწია და კბილის ზედაპირზე მოხვდა, დაიწყება მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გამოდევნის პროცესი, რაც კარიესის პირველი საფეხურია.
კბილის დემინერალიზაციის პროცესს მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს: პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები, კვების თავისებურება (მიღებული ნახშირწყლების ოდენობა), კვების რეჟიმი, ნერწყვის ხარისხი და რაოდენობა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, ორგანიზმის მიერ მიღებული ფტორის ოდენობა და სხვა, მაგრამ უმთავრესია კარიესისადმი კბილის მგრძნობელობა, კარიესოგენული ბაქტერიები, ნახშირწყლები და დრო.

კბილის ზედაპირის მგრძნობელობა
კბილის მინანქარი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილია. იგი სიმტკიცით მხოლოდ ალმასს თუ ჩამოუვარდება. მინანქრის 96%-ს წარმოადგენს მინერალები, ძირითადად - ჰიდროქსიაპატიტები, რომლებიც მეტად მგრძნობიარეა მჟავის მიმართ.
კარიესისადმი კბილის მგრძნობელობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე:
კბილის ზედაპირის ანატომიურ თავისებურებაზე - ბუნებრივ ფისურებსა და კბილებს შორის არსებულ შუალედებში კარგი პირობებია კბილის ნადების ხანგრძლივი ფიქსაციისთვის;
კბილის მინანქარის ფტორით გაჟღენთაზე - ამის შედეგად წარმოიქმნება ფტორაპატიტები, რომლებიც მჟავების მიმართ უფრო გამძლეა;
პირის ღრუს ჰიგიენა - კბილის ნადების მოშორების თანამედროვე მეთოდები აფერხებს კარიესის განვითარებას;
კვების თავისებურებაზე - რბილი, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს კბილებზე ნადების გაჩენას; ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიუხვე დადებითად მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობასა და ნერწყვის თვისებებზე;
ნერწყვის ხარისხსა და ოდენობაზე - წებოვანი ნერწყვის მცირე ოდენობაც კი უწყობს ხელს ბაქტერიების მიწებებას და ნადების გაჩენას. მინანქრის კარიესისადმი გამძლეობაზე დიდ გავლენას ახდენს ნერწყვის ბუფერული (მჟავიანობის გამანეიტრალებელი) თვისებები და მასში იმუნოგლობულინებისა და სხვა დამცავი ფაქტორების არსებობა;
გენეტიკურ ფაქტორზე;
ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:01 | შეტყობინება # 278
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კარიესოგენული ბაქტერიები
პირის ღრუში მრავალი ბაქტერიაა, მაგრამ კბილის ნადების გაჩენასა და მინანქრის დემინერალიზაციაში უმთავრესად მჟავაწარმომქმნელი სტრეპტოკოკები და ლაქტობაქტერიები მონაწილეობენ. ნახშირწყლოვანი საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში პH 6-დან 4-მდე ეცემა. რძის მჟავასთან ერთად, რომელიც უშუალოდ ნახშირწყლების დაშლის პროდუქტია, კბილის ნადები შეიცავს ჭიანჭველამჟავას, ცხიმოვან, პროპიონულ და სხვა ორგანულ მჟავებს.

ნახშირწყლების ფორმირება
სწორედ ნახშირწყლების ცხოველქმედების პროდუქტები აზიანებს კბილის მინანქარს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია საქაროზას, შედარებით მოკრძალებული - გლუკოზასა და ფრუქტოზას. ნადებს მანიტი, სორბიტი და ქსილიტიც აჩენს, მაგრამ ნადების აქტიური ფერმენტი მათ უსაფრთხო ფრუქტოზად აქცევს. არც სახამებელი წარმოადგენს კარიესოგენულ ნივთიერებას, ვინაიდან მისი მოლეკულები ნადების სიღრმეში ვერ აღწევენ.

დრო
კარიესის განვითარებაზე გავლენას ახდენს კბილზე კარიესოგენული მჟავების ზემოქმედების სიხშირე და ხანგრძლივობა. შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ მიკროორგანიზმები წარმოქმნიან მჟავას, რომელიც მინანქარს აზიანებს. დროთა განმავლობაში ეს მჟავები ანეიტრალებენ ნერწყვის ბუფერულ თვისებებს და ახდენენ მინანქრის ნაწილობრივ დემინერალიზაციას. თუ ნახშირწყლებს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში იღებს, PH დიდხანს რჩება დაბალი, ნერწყვი ვერ ასწრებს მისი ბალანსის აღდგენას და ჩნდება მინანქრის ზედაპირის შეუქცევადი დაზიანების ალბათობა.
კარიესული პროცესის განვითარების სისწრაფე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფტორის მიღების შემთხვევაში დაწყებული პროცესი შეიძლება შენელდეს. მუდმივი კბილების კარიესი ნელა პროგრესირებს და ღრუს ჩამოყალიბების პროცესი შესაძლოა 4 წელიც კი გაგრძელდეს, კბილის ფესვი კი მინანქართან შედარებით რბილი ქსოვილით - ცემენტით არის დაფარული, ამიტომ აქ კარიესი 2,5-ჯერ უფრო სწრაფად პროგრესირებს. როდესაც კბილის ჰიგიენა არადამაკმაყოფილებელია და საკვები რაციონი მდიდარია შაქრით, კარიესი კბილის ამოჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს.
განასხვავებენ კარიესის შემდეგ სტადიებსა და ფორმებს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით მიხედვით:
მინანქრის კარიესი;
დენტინის კარიესი;
ცემენტის კარიესი;
შეჩერებული კარიესი;
ოდონტოკლაზია;
დაუდგენელი კარიესი;

პროცესის სიღრმის მიხედვით:
ა) გაურთულებელი (მარტივი) კარიესი:
ლაქის სტადია;
ზედაპირული კარიესი;
საშუალო კარიესი;
ღრმა კარიესი;

ბ) გართულებული კარიესი (პულპიტი, პერიოდონტიტი);
(ამ კლასიფიკაციის მიხედვით არჩევენ მკურნალობის მეთოდს)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:01 | შეტყობინება # 279
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლოკალიზაციის მიხედვით:
I კლასი - ღრუ ჩნდება ფისურისა და კბილების ბუნებრივ ჩაღრმავებებში;
II კლასი - ღრუ მდებარეობს ფესვიანი კბილების ურთიერთშემხებ ზედაპირებზე;
III კლასი - ღრუ მდებარეობს საჭრელი კბილებისა და ეშვების ურთიერთშემხებ ზედაპირზე, პროცესი არ მოიცავს საჭრელ ზედაპირებს;
IV კლასი - ღრუ მდებარეობს საჭრელი კბილებისა და ეშვების ურთიერთშემხებ ზედაპირებზე, პროცესი გავრცელებულია საჭრელ კიდეებსა და კუთხეებში;
V კლასი - ღრუ შეიძლება იყოს ყველა ტიპის კბილის ყელის არეში;
VI კლასი - ატიპური ლოკალიზაციის ღრუები ფრონტალური და საღეჭი კბილების საღეჭ ზედაპირებზე.
წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორეულ (რეციდიულ) ანუ ადრე დაბჟენილი კბილის კარიესს.
ლაქის სტადია: დემინერალიზაციის პროცესის დასაწყისში მინანქარი კარგავს ბუნებრივ ბრწყინვალებას და მასზე ჩნდება მქრქალი, თეთრი, ღია ყავისფერი და მუქი ყავისფერი ლაქები. პროცესის სიმწვავის მიხედვით, კბილის ზედაპირის მთლიანობის დაზიანების გამო თეთრი კარიესული ლაქა შეიძლება გარდაიქმნას ზედაპირულ კარიესად (პროგრესირებადი დემინერალიზაცია) ან პროცესი შენელდეს, დასტაბილურდეს და ორგანული მღებავი ნივთიერებების შეჭრის შედეგად ფერი იცვალოს (მოხდეს პიგმენტაცია). სტაბილიზაცია დროებითია, ადრე თუ გვიან პიგმენტაციის ადგილას ჩამოყალიბდება ქსოვილის დეფექტი.
ლაქის სტადიაში კარიესი, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძალიან იშვიათად, მწვავე პროცესის (თეთრი ლაქის არსებობის) შემთხვევაში, შესაძლოა მოიმატოს მგრძნობელობამ ქიმიური და ცხელი გამღიზიანებლების მიმართ.

ზედაპირული და საშუალო კარიესი ვითარდება თეთრი ან პიგმენტირებული ლაქების ადგილას კბილის მინანქრის დესტრუქციული ცვლილებების გამო. მისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე ტკივილი ცივი და ქიმიური (ტკბილი, მარილიანი, მჟავე) გამღიზიანებლის ზემოქმედებისას. კბილების დათვალიერებისას ღრუს აღმოჩენა შესაძლებელია. ზედაპირული კარიესის დროს დეფექტი მინანქარზე მდებარეობს, საშუალო კარიესის შემთხვევაში კი პროცესში დენტინიც ერთვება.
ღრმა კარიესის დროს დენტინი საგრძნობლად ზიანდება, რის გამოც მექანიკური, ქიმიური და ტემპერატურული გამღიზიანებლის ზემოქმედებისას აღმოცენდება ტკივილი, რომელიც გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ გაივლის. კბილის დათვალიერებისას ვლინდება დარბილებული დენტინით სავსე ღრმა ხვრელი. ვინაიდან კარიესული პროცესი მინანქარზე იოლად დენტინს აზიანებს, დენტინში არსებული ღრუ ხვრელის შესასვლელზე ფართოა. არ არის გამორიცხული პულპიტის ნიშნები, მაგალითად, ყრუ ტკივილი გამღიზიანებლის მოშორების შემდეგაც.

გართულებები. თუ კარიესი ნებაზე მივუშვით, შესაძლოა, პროცესი უფრო მძიმე დაავადებაში - პულპიტში, პერიოდონტიტში გადაიზარდოს და კბილის დაკარგვით დასრულდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:01 | შეტყობინება # 280
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შორს წასული კარიესის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. სტომატოლოგიური სარკისა და ზონდის მეშვეობით კარიესულ ღრუს ადვილად პოულობენ. შედარებით ძნელია ისეთი ღრუების აღმოჩენა, რომლებიც კბილების ურთიერთშემხებ ზედაპირებზეა ლოკალიზებული. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ კბილების თერმოდიაგნოსტიკას და რენტგენოგრამას. რენტგენოგრამის საშუალებით შესაძლებელია კარიესის დიაგნოსტირება ლაქის სტადიაში, როცა მინანქრის მთლიანობა არ არის დარღვეული და ზონდის შეყვანა ვერ ხერხდება. ამ სტადიაში კარიესის დიაგნოსტირება შესაძლებელია აგრეთვე კბილის ზედაპირის მეთილენის ლილით შეღებვის გზითაც - ამ დროს მხოლოდ დაზიანებული უბანი იღებება.
ფარული და საწყისი სტადიის კარიესის სადიაგნოზოდ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ტრანსლუმინესცენცია - კბილის განათება საპირისპირო მხრიდან ძლიერი შუქით, მაგალითად, სტომატოლოგიური ფოტოპოლიმერიზატორით.
სწორი რემინერალიცაზიური თერაპიის შემთხვევაში ლაქის სტადიიდან დემინერალიზაციის პროცესი შექცევადია. ასეთი მკურნალობა 10 დღის განმავლობაში გრძელდება. იყენებენ 10%-იანი კალციუმის გლუკონატის, 1-3%-იანი რემოდენტას ხსნარის აპლიკაციებს, ფტორის შემცველ პრეპარატებს (2-4%-იან ნატრიუმის ფტორიდს). თეთრი არაპიგმენტირებული ლაქების პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ზედაპირული, საშუალო და ღრმა კარიესის მკურნალობა ხორციელდება დაზიანებული ქსოვილის მოშორებით, კარიესული ღრუს დაბჟენით, რაც შემდეგი თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს:
1. კბილის ანესთეზია;
2. ბორმანქანით კარიესული ღრუს დამუშავება, ნეკრექტომია (დარბილებული და ინფიცირებული დენტინის მთლიანად მოშორება), ღრუს ფორმირება ბჟენის უკეთ ფიქსაციის მიზნით;
3. კარიესული ღრუს მედიკამენტური და ანტისეპტიკური დამუშავება;
4. ღრმა კარიესული ღრუს არსებობის შემთხვევაში - მის ფსკერზე სამკურნალო ან მინაიონომერული ცემენტის სარჩულის მოთავსება;
5. კარიესული ღრუს დაბჟენა;
6. ბჟენის საბოლოო დამუშავება და გაპრიალება.
არის შემთხვევები, როცა საჭირო ხდება დეპულპაცია - ნერვის ამოღება.
კარიესის ადრეულ სტადიაში მკურნალობა დაბჟენით კბილის დიდხანს შენარჩუნების საწინდარია - ამ დროს ხდება მისი მხოლოდ მცირე ნაწილის მოშორება, ძლიერი დაზიანების შემთხვევაში კი გვირგვინის მთლიანად მოცილება ხდება საჭირო. ასე რომ, რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო შედეგიანია ის.

პროფილაქტიკა. კბილების კარიესის აღმოცენების თანამედროვე თეორიებიდან გამომდინარე, მისი პროფილაქტიკა შეიძლება ორი მიმართულებით განხორციელდეს:
1. პირის ღრუში კარიესული სიტუაციის აღმოფხვრით;
2. კბილის ქსოვილის კარიესული რეზისტენტობის ამაღლებით.
კარიესის საპროფილაქტიკო ძირითადი ღონისძიებები ითვალისწინებს:
პირის ღრუს რეგულარულ მოვლას;
შაქრის გამოყენების შემცირებას;
ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას;
კბილების სწორად ხეხვას;
0,1-0,2%-იანი ქლორჰექსიდინის ხსნარის ყოველდღიურად გამოვლებას ან ქლორჰექსიდინის კბილის პასტების გამოყენებას;
წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგთან ვიზიტს პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:01 | შეტყობინება # 281
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კარიესოგენული სიტუაციების თავიდან აცილებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის გაკაჟება, პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, კბილ-ყბათა დეფექტების გასწორება და სხვა.
ფისურებისა და ბრმა ორმოების ჰერმეტიზაცია სპეციალური დენადი პოლიმერებით კარიესის განვითარების ალბათობას 90%-ით ამცირებს.
კარიესის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს რაციონში შაქრის სიჭარბე წარმოადგენს. პროფილაქტიკის პერსპექტიული მიმართულებაა ნახშირწყლების შეზღუდვა რაციონში და შაქრის ჩანაცვლება არაკარიესოგენული პროდუქტებით (სორბიტით, ქსილიტით) ბავშვთა საკვებ ნარევებსა და საკონდიტრო ნაწარმში. მინანქრის რემინერალიზაციას იწვევს რძე და ყველის ზოგიერთი სახეობა. ერთგვარი დადებითი ეფექტი აქვს ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინების ზომიერ გამოყენებას: ჯერ ერთი, საღეჭი რეზინი კბილის ზედაპირს აშორებს საკვების ნარჩენებს და ნაწილობრივ - ნადებს, მეორე - ღეჭვის აქტი ნერწყვის გამოყოფას უწყობს ხელს.
პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარიესის, გინგივიტისა და პაროდონტიტის პროფილაქტიკაში.

ფტორს მკვეთრად გამოხატული კარიესსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს - ის ჩაენაცვლება მინანქრის ჰიდროქსიაპატიტის ჰიდროქსილურ ჯგუფს. ზოგი მეცნიერის აზრით, ფტორი თრგუნავს მჟავაწარმომქმნელ ბაქტერიებს. ეფექტი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, თუ კბილებს განვითარების, მინერალიზაციისა და მომწიფების პერიოდში ოპტიმალური ოდენობით მივაწვდით ფტორს. ყველაზე რადიკალურ და ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია წყლის ფტორირება (1 მგ/ლ-მდე კონცენტრაციით) - ეს კარიესის ალბათობას 30-35%-ით ამცირებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ფტორის ჭარბ (1მგ/ლ-ზე მეტ) შემცველობას შეუძლია ფლუოროზი გამოიწვიოს.
ფტორის შინაგან მიღებასთან ერთად მიმართავენ ფტორის ადგილობრივ აპლიკაციას 1-2%-იანი ნატრიუმის ფტორიდით ან კბილზე ადებენ ფტორის შემცველ ლაქებს.
უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს მუშაობა კარიესის პროფილაქტიკისთვის ჰელიონეონური ლაზერის გამოსაყენებლად. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჰელიონეონური ლაზერის დაბალინტენსიური მონოქრომატული წითელი სინათლე ზრდის მინანქრის სიმტკიცესა და გამძლეობას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, ააქტიურებს ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა კარიესული პროცესის მთავარი გამომწვევის - Streptpcoccus mutans-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:02 | შეტყობინება # 282
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კარცინომა ანუ კიბო ავთვისებიანი სიმსივნის ნაირსახეობაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოს (კანის, ლორწოვანი გარსის, შინაგანი ორგანოების) ეპითელური ქსოვილის უჯრედებისგან ვითარდება. დანარჩენი (კუნთოვანი, ნერვული და სხვა) ქსოვილებისგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეების კიბოდ მოხსენიება არ არის სწორი.
დაზიანებული უჯრედები, ჩვეულებრივ, განიცდიან აპოპტოზს (პროგრამირებულ სიკვდილს), კიბოს უჯრედები კი აპოპტოზს არ განიცდიან და დაყოფას განაგრძობენ.
საზოგადოდ, ავთვისებიან სიმსივნეს ახასიათებს:
აშკარა ქსოვილოვანი ატიპიზმი - უჯრედების მიერ დიფერენცირების უნარის დაკარგვა და იმ ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა, რომლისგანაც წარმოიშობა სიმსივნე;
აგრესიული ზრდა - ავთვისებიანი სიმსივნე უკონტროლოდ იზრდება. მისი უჯრედები უსასრულოდ იყოფიან და თავიანთივე მსგავსებს შობენ. ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები არ სჯერდებიან იმ ქსოვილს, რომლისგანაც წარმოიშვნენ - ჩაიზრდებიან ირგვლივ არსებულ ორგანოებსა და ქსოვილებში და აზიანებენ მათ.
მეტასტაზირების უნარი - სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ, ლიმფის ან სისხლის ნაკადის მეშვეობით მთელ ორგანიზმში გადაადგილდნენ და პირველადი კერისგან მოშორებულ ორგანოებში ახალ, დედისეულის მსგავს სიმსივნურ კერას დაუდონ სათავე.

სადღეისოდ ცნობილია მრავალი ისეთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია კანცეროგენეზის მექანიზმის ჩართვა. ასეთი თვისებების მქონე ნივთიერებასა და ფაქტორს კანცეროგენულს უწოდებენ.
ქიმიური კანცეროგენებია პოლიციკლური და ჰეტეროციკლური არომატული ნახშირწყლების სხვადასხვა ჯგუფი, არომატული ამინები და სხვა (მეტალები, პლასტმასი და სხვა). მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ უჯრედის დნმ-ზე და მისი ავთვისებიანი გადაგვარება გამოიწვიონ. ფიზიკური კანცეროგენებია სხვადასხვა სახის მაიონიზირებელი გამოსხივება (ალფა, ბეტა და გამა გამოსხივება, რენტგენის სხივი).
კანცეროგენეზის ბიოლოგიური ფაქტორებია ზოგიერთი ვირუსი (ჰერპესის მსგავსი ვირუსი (ეპშტეინ-ბარის დაავადება, ბერკიტის ლიმფომა), ადამიანის პაპილომავირუსი (საშვილოსნოს ყელის კიბო), B და C ჰეპატიტის ვირუსები (ღვიძლის კიბო)). ეს ვირუსები არიან მატარებლები სპეციფიკური ონკოგენებისა, რომელთაც შეუძლიათ უჯრედის გენეტიკური მასალის მოდიფიცირება და მისი მალიგნიზაცია (გაავთვისებიანება).
ცნობილია კანცეროგენეზის ჰორმონული ფაქტორებიც. ადამიანის რამდენიმე ჰორმონს (კერძოდ, სასქესო ჰორმონებს) შეუძლია გამოიწვიოს მათ მიმართ მგრძნობიარე ქსოვილის გაავთვისებიანება (სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, წინამდებარე ჯირკვლის კიბო).

დაბოლოს, გენეტიკური ფაქტორი. კანცეროგენები არღვევენ უჯრედთა სტრუქტურასა და ფუნქციას (ცვლიან დნმ-ს), რის შედეგადაც დაზიანებული უჯრედი მალიგნიზაციისკენ მიდრეკილებას იძენს. იმავე კანცეროგენის განმეორებითი ზემოქმედება იწვევს უჯრედის დაყოფის, ზრდისა და დიფერენცირების უნარის მაკონტროლებელი მექანიზმების შეუქცევად დარღვევას, რის შედეგადაც უჯრედი იძენს თვისებებს, რომლებიც ორგანიზმის ნორმალური უჯრედებისთვის არ არის დამახასიათებელი. კერძოდ, სიმსივნური უჯრედები იძენენ უკონტროლო დაყოფის უნარს, ქსოვილები კარგავენ სპეციფიკურ სტრუქტურასა და ფუნქციონალურ აქტივობას და სხვა. სიმსივნეს ახასიათებს დიფერენცირების უნარის მუდმივი დაქვეითება, უკონტროლო დაყოფის უნარის მატება და მეტასტაზირება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:02 | შეტყობინება # 283
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სტრუქტურა
კარცინომის შენება ბევრად არის დამოკიდებული იმ ორგანოს უჯრედთა სტრუქტურულ-ფუნქციონალურ თავისებურებებზე, რომლისგანაც იგი განვითარდა. გარესამყაროსთან კონტაქტში მყოფი უჯრედებისგან (კანის ეპითელიუმი, პირის, საყლაპავის, ხორხის, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი) ვითარდება მრავალშრიანი კარცინომა, ბრტყელი (როგორც გარქოვანებული, ისე გაურქოვანებელი) ეპითელიუმისგან - ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (ბრტყელუჯრედოვანი კიბო), ჯირკვლოვანი ქსოვილის (ბრონქების ჯირკვლები, სარძევე ჯირკვლები, პროსტატა) უჯრედებისგან კი - ჯირკვლოვანი სტრუქტურის მქონე სიმსივნე ადენოკარცინომა.
დიფერენცირების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ:
მაღალდიფერენცირებულ სიმსივნეს;
საშუალოდ დიფერენცირებულ სიმსივნეს;
დაბალდიფერენცირებულ სიმსივნეს;
არადიფერენცირებულ სიმსივნეს.

მაღალდიფერენცირებული სიმსივნისთვის დამახასიათებელია იმ ქსოვილის მსგავსი შენება, რომლისგანაც არის წარმოქმნილი, საშუალო და დაბალდიფერენცირებული სიმსივნეები კი ნაკლებად ჰგავს საწყის ქსოვილებს. ზოგჯერ სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედული და ქსოვილოვანი ატიპიზმი ისე მკვეთრად არის გამოხატული, რომ სიმსივნის ქსოვილოვანი ბუნების დადგენა შეუძლებელია (არადიფერენცირებული სიმსივნე). ასეთ სიმსივნეებს, წესისამებრ, ახასიათებს ავთვისებიანობის მაღალი ხარისხი (მეტასტაზების განვითარების უნარი).
სიმსივნის სტრუქტურაში სტრომისა (შემაერთებელი ქსოვილი) და პარენქიმის (სისმსივნური უჯრედები) თანაფარდობის მიხედვით განასხვავებენ მარტივ კიბოს, რომელშიც სტრომა და პარენქიმა ერნაირად არის განვითარებული, მედულარულ კიბოს, რომლის სტრუქტურაშიც ჭარბობს პარენქიმა და ფიბროზულ კიბოს, რომელშიც სტრომა ჭარბობს.
ზოგიერთი (განსაკუთრებით - მაღალდიფერენცირებული) კიბოს უჯრედებს შენარჩუნებული აქვს საწყისი ქსოვილის ფუნქცია. მაგალითად, ადენოკანცერომას - ჯირკვლოვანი ქსოვილის კიბოს - შეუძლია ლორწოს პროდუცირება.
სიმსივნე ლიმფოგენურად მეტასტაზირდება პარაკავალურ, პარააორტულ ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლის კარის ლიმფურ კვანძში. თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელია მკვეთრი ვასკულარიზაცია და სხვა ორგანოებში სწრაფი მეტასტაზირება. მეტასტაზები პირველად ჩნდება ფილტვებში, შემდეგ - ღვიძლში, ძვლებსა და თავის ტვინში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:02 | შეტყობინება # 284
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კლასიფიკაცია
კარცინომის კლასიფიკაცია TNM სისტემით ხდება. ამ სისტემაში სიმსივნის გავრცელება, ლოკალური და შორეული მეტასტაზების არსებობა რიცხვებით არის გამოხატული.
T -tumor (ლათ. სიმსივნე) - აღწერს სიმსივნის კერას და ახდენს მის კლასიფიცირებას:
Tis (in situ) an T0 - კარცინომა, რომელიც არ არის ჩაჭრილი ეპითელიუმის ბაზალურ შრეში;
T1-4 - მიუთითებს სიმსივნური კერის განვითარების სხვადასხვა ხარისხზე;
Tx - გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა გამოვლენილია მეტასტაზები, მაგრამ ძირითადი კერა აღმოჩენილი არ არის. დღესდღეობით მას პრაქტიკულად არ იყენებენ.

N - nodulus (კვანძი) - მიუთითებს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობაზე.
Nx - რეგიონული მეტასტაზები ჯერ არ გამოვლენილა, მათი არსებობა უცნობია;
N0 - მეტასტაზების აღმოსაჩენად ჩატარებულ კვლევას რეგიონული მეტასტაზები არ გამოუვლენია.
N1 - გამოვლენილია რეგიონალური მეტასტაზები.

M - metastasis - მიუთითებს შორეული (კერიდან დაშორებულ ლიმფურ კვანძებში, სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში) მეტასტაზების არსებობაზე:
Mx - შორეული მეტასტაზები არ გამოვლენილა, მათი არსებობა უცნობია;
M0 - მეტასტაზების აღმოსაჩენად ჩატარებულ კვლევას შორეული მეტასტაზები არ გამოუვლენია.
M1 - გამოვლენილია შორეული მეტასტაზები.

P, G - ზოგიერთი ორგანოსა და სისტემისთვის გამოიყენება დამატებითი პარამეტრები, რომლებიც ახასიათებს სიმსივნური უჯრედების დიფერენცირების ხარისხს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კიბოს სიმპტომატიკა დამოკიდებულია სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობაზე, მისი ზრდის ხარისხსა და მეტასტაზების არსებობაზე. კარცინომის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
განსაზღვრულ უბანში კანის ცვლილება მზარდი, ირგვლივ ჰიპერემიული შესივების სახით. შესივება შესაძლოა დაწყლულდეს და არ დაექვემდებაროს მკურნალობას;
ხმის ტემბრის შეცვლა, ყლაპვის გაძნელება, შეტევითი ხასიათის ხველა, ტკივილი გულმკერდის ან მუცლის არეში;
წონის კლება, მადის დაქვეითება, არამოტივირებული სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მყარი მატება, ანემია, სარძევე ჯირკვლის გამკვრივება და დვრილებიდან სისხლიანი გამონადენი, სისხლიანი გამონადენი შარდის ბუშტიდან, შარდვის გაძნელება და სხვა.

გამოყოფენ კარცინომის შვიდ გამაფრთხილებელ ნიშანს. მათი არსებობა სასიკვდილო დიაგნოზს არ ნიშნავს, მაგრამ გამოკვლევა აუცილებელია, ამიტომ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ნიშანი მაინც:
1. უჩვეულო მოვლენები ნაწლავისა და შარდის ბუშტის დაცლის დროს;
2. დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობა (წყლული);
3. უჩვეულო სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი (შარდში სისხლის არსებობისას აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება);
4. გამკვრივება ან სიმსივნური წარმონაქმნი მკერდზე ან სხვაგან;
5. საჭმლის მონელების დარღვევა ან ყლაპვის გაძნელება;
6. ხალის ან მეჭეჭის შესამჩნევი ცვლილება;
7. შემაწუხებელი ხველა.

ტკივილი იშვიათად არის კარცინომის ადრეული სიმპტომი, ამიტომ თუ დიდი ხანია შეამჩნიეთ თუნდაც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი, ნუ დაელოდებით ტკივილის აღმოცენებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სადღეისოდ მედიცინაში ცნობილია 500-მდე ონკოლოგიური დაავადება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:02 | შეტყობინება # 285
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მსხვილი ნაწლავის კარცინომა (კოლინჯის კიბო)
მსხვილი ნაწლავის კიბოს წილად ონკოლოგიური დაავადებების 5-6% მოდის. ის უმეტესად 50-60 წლის მამაკაცებს ემართებათ. კარცინომის განვითარების რისკს ზრდის კიბოსწინარე დაავადებები: ადენომა, დიფუზიური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. მაგალითად, დიფუზიური პოლიპოზის მალიგნიზაცია ასიდან თითქმის ასივე შემთხვევაში ხდება.
სხვადასხვა ქვეყანაში მსხვილი ნაწლავის კარცინომის გახშირებას ზოგი მეცნიერი რაციონში ხორცისა და ცხოველური ცხიმის შემცველობის მომატებას და უჯრედისის კლებას უკავშირებს. ვეგეტარიანელებს შორის ეს დაავადება ნაკლებად არის გავრცელებული. ხშირია აზბესტის წარმოებასა და ხის სახერხებში მომუშავე პირებს შორის.
ქრონიკული შეკრულობა კოლინჯის კიბოს რისკფაქტორია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ კიბო ხშირად ვითარდება მსხვილი ნაწლავის მოხრის ანუ განავლოვანი მასების შეფერხების ადგილას.
კიბო ყველაზე ხშირად სიგმოიდურ კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - აღმავალ კოლინჯში, მარჯვენა ნაკეცში, განივ კოლინჯში, მარცხენა ნაკეცსა და დაღმავალ კოლინჯში. თუ კიბო პოლიპოზის ფონზე აღმოცენდა, ხშირად ჩნდება სიმსივნის ერთზე მეტი კერა (ორმაგი და სამმაგი ლოკალიზაცია).
კოლინჯის ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობას (90%-ს) ადენოკარცინომული სტრუქტურა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან არის წარმოშობილი. იშვიათად გვხვდება ბეჭდისებრუჯრედოვანი, ბრტყელუჯრედოვანი და არადიფერენცირებული კიბო.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომატიკა სიმსივნის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ადრეულ სტადიაში დაავადებას მკვეთრი, დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა ავადმყოფის გულდასმით გამოკითხვის შედეგად შესაძლებელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, შრომის უნარისა და მადის დაქვეითების დაფიქსირება. გახდომა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომია, მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს იშვიათია, პირიქით, შესაძლოა, ავადმყოფმა მოიმატოს კიდეც წონა.
დროთა განმავლობაში თავს იჩენს ნაწლავური აშლილობის ნიშნები: ნაწლავების ყურყური, ფაღარათი და შეკრულობა, მუცლის პერიოდული სპაზმური (ჭვალისებური) ან მუდმივი ყრუ ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება საკვების მიღებას. თუ სიმსივნურმა წარმონაქმნმა ნაწლავის სანათური შეავიწროვა, ვითარდება მუცლის ცალმხრივი შებერვა. მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნაწილის კიბო ქრონიკული, მაგრამ ნელა მიმდინარე სისხლდენის გამო ანემიას იწვევს.
მოგვიანებით დაავადების სიმპტომები ძლიერდება. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ნაწლავის გაუვალობა, სისხლდენა, ანთებითი გართულებები (აბსცესი, ფლეგმონა, პერიტონიტი).


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz