პარასკევი, 29.03.2024, 14:48
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 29
  • 30
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:59 | შეტყობინება # 16
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ნაწლავების ლორწოვანი გარსის და ლიმფური კვანძების დაზიანებაც ახასიათებს. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. დაავადების გადატანის შემდეგ ასიდან 95 შემთხვევაში ორგანიზმში რჩება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ მოზრდილებს, რომლებმაც ბავშვობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადაება.

რა იწვევს დაავადებას
დაავადების გამომწვევია ადენოვირუსი, რომელსაც ახასიათებს:
სასუნთქი გზების, თვალისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანება;
მაღალი ტოქსიკურობა;
გარემო პირობებისადმი გამძლეობა (რამდენიმე დღეს ძლებს წყალში, მედიკამენტურ ხსნარებში, საყოფაცხოვრებო საგნებზე);
დაბალი ტემპერატურის ამტანობა.

56 გრადუსზე ადენოვირუსი 30 წუთს ძლებს. იღუპება ულტრაიისფერი სხივებისა და ქლორის შემცველი პრეპარატის ზემოქმედებით. ადენოვირუსი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას ახდენს. ზოგ შემთხვევაში ის ზემო სასუნთქი გზების კატარს იწვევს, ზოგში - კონიუნქტივიტს, პნევმონიას, ფარინგიტს ან სხვა დაავადებას. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც ცხვირ-ხახიდან ან განავლის მეშვეობით გამოყოფს ვირუსს. ინფექცია უმთავრესად გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, შედარებით იშვიათად - საკვების, წყლისა და ვირუსით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით.

დაავადების ნიშნები
გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრის წუთიდან მის გამოვლენამდე 2-12 დღე გაივლის. დაავადება მეტწილად მწვავედ იწყება, მაგრამ სიმპტომები თანმდევრულად ჩნდება. ჩვეულებრივ, ადენოვირუსული ინფექციის პირველი ნიშნებია:
სხეულის ტემპერატურის მატება. ხშირად ტემპერატურა თანდათანობით იმატებს და მეორე-მესამე დღეს 38-40 გრადუსს აღწევს;
ზემო სასუნთქი გზების კატარული მოვლენები (გამონადენი ცხვირიდან, ხველა);
კონიუნქტივიტი;
ინტოქსიკაცია (მოთენთილობა, უმადობა, თავის ტკივილი, ზოგჯერ - ღებინება);
ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი).

ორგანიზმში ინფექცია უმეტესად ზემო სასუნთქი გზებიდან ხვდება, იშვიათად - თვალიდან ან ნაწლავებიდან. თავდაპირველად ზიანდება ცხვირისა და ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსი და ნუშურა ჯირკვლები. პირველივე დღეებში ჩნდება ჭარბი გამონადენი ცხვირიდან, რომელიც მალე ჩირქოვანი ხდება. ბავშვი ღია პირით სუნთქავს. ყელი გაწითლებული და შეშუპებულია. ადენოვირუსული ინფექციის ხშირი სიმპტომია ხველა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე ნახველიანია. ადენოვირუსული ინფექციის დამახასიათებელი ნიშანია თვალის ლორწოვანი გარსის ანთება - კონიუნქტივიტი. მას ამ დაავადების ერთგვარ სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ. ის დაავადების პირველსავე დღეებში იჩენს თავს. ჯერ ერთი თვალი ზიანდება, შემდეგ პროცესი მეორეზეც ვრცელდება. ავადმყოფი უჩივის თვალის წვას, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას. ქუთუთო ზომიერად გაწითლებული და შეშუპებულია. თანდათან პროცესში ერთვება ლიმფური კვანძები. ადენოვირუსს აქვს ფილტვებში შეღწევის უნარი. ის ბრონქების ლორწოვან გარსსადა ალვეოლებში მრავლდება და პნევმონიას იწვევს. ფეკალურ-ორალური გზით ინფიცირებისას ადენოვირუსი ნაწლავებში ხვდება. ასეთ დროს ინფექცია ფაღარათით მიმდინარეობს. ადენოვირუსული ინფექციის დროს ხშირია მუცელის ლიმფური კვანძების გადიდება (მეზადენიტი), რასაც თან სდევს მუცლის ძლიერი შეტევითი ტკივილი და მწვავე აპენდიციტის გამორიცხვას მოითხოვს. ტემპერატურა ნორმას უმეტესად 5-7 დღეში უბრუნდება, თუმცა 2-3 კვირასაც შეიძლება გაგრძელდეს. ზოგჯერ ტემპერატურა ტალღისებრია - იმატებს და იკლებს. სურდო 1-4 კვირას გრძელდება, კონიუნქტივიტი - 7 დღეს.

ახალშობილებსა და ჩვილებს შესაძლოა თანდაყოლილი ადენოვირუსული ინფექცია გამოაჩნდეთ. ნაყოფი ვირუსით მუცლადყოფნის პერიოდში ინფიცირდება. დაავადების პირველი ნიშნები დაბადებისთანავე იჩენს თავს. ის პნევმონიის ან ზემო სასუნთქი გზების კატარის მსგავსად მიმდინარეობს. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია. დამახასიათებელია ხველა და სუნთქვის გაძნელება. ადენოვირუსული ინფექცია შეიძლება გართულდეს შუა ყურის ოტიტით, სინუსიტით ან პნევმონიით. ამიტომ აუცილებელი დროული და ადეკვატური მკურნალობა.

მკურნალობა
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დროს - წოლითი რეჟიმი სახლში;
მცირე ასაკისა და რთული მიმდინარეობის შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაცია;
ვიტამინებით მდიდარი დიეტა, ინტოქსიკაციის პერიოდში - ხორცის შეზღუდვა;
ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები;
ცხელებასთან ბრძოლა (სპირტით დაზელა, სიცხის დამწევი პრეპარატების მიცემა);
კონიუნქტივიტის დროს - ოქსოლინის თვალის მალამო, 0,2%-იანი დეზოქსირიბონუკლეაზას ხსნარი (ჩასაწვეთებლად).
ექიმის მიერ შერჩეული წვეთების ცხვირში ჩაწვეთება;
ამოსახველებელი პრეპარატები;
ანტიბიოტიკოთერაპია;
პოლივიტამინები;
ფიზიოთერაპია (მაგალითად, უმს (უვჩ - რუს.) სხივები ცხვირის მიდამოში)

პროფილაქტიკა:
ავადმყოფის იზოლაცია;
ოთახის ხშირად განიავება და სველი წესით დალაგება;
ავადმყოფის ჭურჭლისა და თეთრეულის დამდუღვრა;
ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისთვის - ინტერფერონი ან ლაფერონი (ცხვირში ჩასაწვეთებლად), ელეუტეროკოკი ან იმუნოლი;
ორგანიზმის გაკაჟება და ვიტამინები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:59 | შეტყობინება # 17
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადენოიდი ეწოდება ცხვირ-ხახის ნუშურა ჯირკვლის პათოლოგიურ გადიდებას. ის ბავშვების დაავადებად ითვლება, მაგრამ იშვიათად ზრდასრულებსა და მოხუცებშიც გვხვდება. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები. პატარები საბავშვო ბაღსა თუ სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებში (სპორ¬ტულ სექციებში) მეტწილად 3 წლიდან მიჰყავთ, ამიტომ ამ ასაკიდან იმატებს გადამდები ინფექციებით დასნებოვნების ალბათობა. იმუნიტეტიც აქტიურ მოქმედებას იწყებს და თუ მშობლებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და სრულფასოვნად არ უმკურნალეს გრიპითა თუ სხვა ინფექციით დაავადებულ ბავშვს, იქმნება ადენოიდების გადიდების წინაპირობა. დაახლოებით 12 წლიდან ნუშურა ჯირკვლები პატარავდება, ხოლო 16-20 წლისათვის ადენოიდური ქსოვილი ორგანიზმში პრაქტიკულად აღარ არის.

დაავადების ნიშნები
ადენოიდი ბავშვის ორგანიზმში დარღვევათა მთელ წყებას იწვევს.
ძნელდება ცხვირით სუნთქვი, რაც შესაძლოა ჰიპოქსიის მიზეზად იქცეს. შედეგად ფერხდება გონებრივი განვითარება.
ზედა ყბა ზრდაში ჩამორჩება, რაც თანკბილვის პრობლემებს იწვევს. ბავშვს უყალიბდება სპეციფიკური სახე: ქვედა ყბა წინ არის წამოწეული, პირი ხშირად არის ღია. ვითარდება მეტყვე¬ლების დარღვევა.
სმენა ქვეითდება. შესაძლოა, ადენოიდი ცხვირით სუნთქვას ხელს არ უშლიდეს, მაგრამ ევსტაქის მილი დაახშოს. ეს შეაფერხებს შუა ყურამდე ჰაერის თავისუფალ დინებას და ბავშვს ცუდად ესმის. გარდა ამისა, შუა ყურის მიდამოში ხელსაყრელი პირობები იქმნება კატარული და ჩირქოვანი ინფექციების განვითარებისთვის.
ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის ფუნქციის დარღვევის გამო ორგანიზმში ჩნდება ინფექციის მუდმივი წყარო, რომელიც ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას როგორც უშუალოდ ნუშურა ჯირ¬კვალში (ადენოიდიტი), ასევე ცხვირ-ხახასა და ქვედა სასუნთქი გზების სხვა უბნებში. ადენოიდებიან ბავშვს ხშირად ემართება სხვა ინფექციურ-ანთებითი ან ალერგიული პათოლოგიებიც.

განასხვავებენ ადენოიდების გადიდების სამ ხარისხს.
I ხარისხი - ბავშვი დღისით თავისუფლად სუნთქავს, ღამით კი ცხვირით სუნთქვა უჭირს (წოლისას ადენოიდები უფრო მეტად ახშობს სასუნთქ გზებს.).
II ხარისხი - ადენოიდები, პრაქტიკულად, სანახევროდ ფარავს ცხვირს (?), ამიტომ ბავშვები ხშირად ხვრინავენ ძილში, დღისით კი იძულებულნი არიან, პირით ისუნთქონ.
III ხარისხი - ადენოიდები მთლიანად კეტავს ცხვირს (?) და ხელს უშლის ჰაერის ცხვირიდან სასულეში გადასვლას. ბავშვი იძულებული ხდება, მხოლოდ პირით ისუნთქოს.

მკურნალობა
კონსერვატიული მკურნალობა შესაძლებელია დაავადების საწყის ეტა¬პზე, პირველ სტადიაში. შედეგიანია ლაზეროთერაპია მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად. რაც შეეხება ხალხურ მეთოდებს, ისინი ხსნის დაავადების გამოვლინებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს მიზეზს.
ადენოიდების ოპერაციული ჩვე¬ნებაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სმენის დაქვეითება ან ორივე ერთად. ოპერაციას ადენოტომია ეწოდება. სპეციალური ხელსაწყოთი პირის ღრუს გავლით შედიან ცხვირ-ხახაში და ადენოიდებს კვეთენ.
არის შემთხვევები, როცა ადენოიდები ხელახლა ჩნდება. რეციდივის მრავალი მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზი არაკვალიფიციურად ჩატარებული ოპერაციაა. სხვა მიზეზებს შორის შეიძლება გამოვყოთ ოპერაციის გაკეთება ადერეულ (3 წლამდე) ასაკში, ალერგიისკენ მიდრეკილება, ადენოიდური ქსოვილის ზრდისკენ მდრეკილება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:59 | შეტყობინება # 18
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პროსტატის ადენომა ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია წინამდებარე ჯირკვლის არაავთვისებიანი გადიდებაა. ის 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ასაკშიც იჩინოს თავი.
პროსტატის ადენომის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ეს დაავადება მამაკაცთა კლიმაქსის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევა. ამრიგად, მისი განვითარების ალბათობა ყველა ხანშიშესულ მამაკაცს აქვს.
პროსტატის ადენომის განვითარებასა და სექსუალურ აქტივობასა თუ ორიენტაციას, წამლებისა თუ ალკოჰოლის მოხმარებას, გადატანილ ანთებით თუ ვენერულ დაავადებებს შორის კავშირი დადასტურებული არ არის.

სიმპტომები და მიმდინარეობა.ადენომის დროს პროსტატის ჯირკვალში წარმოიშობა პატარა კვანძი (ან კვანძები), რომელიც იზრდება და მუდმივად აწვება შარდსადენ მილს. ეს მილი პროსტატის ჯირკვალში რომ არ გადიოდეს, დაავადება სრულებით არ გამოვლინდებოდა, ასე კი ადენომა შარდის გამოყოფის მხრივ დარღვევებს იწვევს. მიიჩნევა, რომ დაავადება იწყება მაშინ, როცა შარდის გამოყოფა მამაკაცს შვებას აღარ ჰგვრის. იდეალურ შემთხვევაში ავადმყოფმა ექიმს სწორედ ამ დროს უნდა მიმართოს. რამდენიმე ხნის შემდეგ შარდის გამოყოფა ნაკლებად თავისუფალი, ნაკლებად ინტენსიური ხდება. შარდის ნაკადი სუსტდება, ულუფა (ერთ ჯერზე გამოყოფილი შარდის ოდენობა) მცირდება. შარდის ბუშტი მთლიანად ვერ იცლება, რასაც შარდის შეუკავებლობამდე მივყავართ. ამ სტადიაში ადენომის კიდევ ერთი გამოვლინება ის არის, რომ მამაკაცს მცირე ხნითაც კი არ შეუძლია შარდის შეკავება.
პროსტატის ადენომას ავლენს:
შარდის გამოყოფის გაძნელება ან შეწყვეტა;
შარდის ნაკადის შესუსტება;
წვეთობით შარდვა;
მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება;
შარდვის გახშირება;
მტკივნეული შარდვა;
ღამით შარდვის გახშირება;
მცირე ულუფებით შარდვა;
შარდის შეუკავებლობა.

თუ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი მაინც გამოაჩნდა, სავარაუდოა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.
პროსტატის ადენომას ტკივილი არ ახასიათებს. ტკივილის შეგრძნება მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ ჯირკვალი დაჩირქდა ჩამოყალიბდა პროსტატის აბსცესი. ამ დროს, გარდა ტკივილისა, აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ოფლიანობა.
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა შეიძლება გართულდეს:

 შარდის მწვავე შეკავებით, რომელიც ხშირად მოულოდნელად იწყება და ავადმყოფი გაციებას ან ალკოჰოლის ჭარბად მიღებას უკავშირებს. ახასიათებს ძლიერი ტკივილი შარდის ბუშტისა და შორისის არეში, მტკივნეული ჭინთვები, რომლებიც კათეტერიზაციის შემდეგ გაივლის. ზოგჯერ შარდის შეკავება გრძელდება, მუდმივ ხასიათს იღებს, ძლიერ შემაწუხებელია და სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს;

 ცისტიტით, რომელიც თავდაპირველად მწვავეა, შემდეგ კი ქრონიკული ხდება;

 ანთებითი პროცესით პროსტატის ადენომაში (ადენომიტი) ან პროსტატის ქსოვილში (პროსტატიტი);

 შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნით;

 ორქოეპიდიდიმიტით სათესლე ჯირკვლისა და დანამატის ანთებით. ის უმთავრესად კათეტერიზაციის შემდეგ ვითარდება, განსაკუთრებით ურეთრაში ჩადგმული მუდმივი კათეტერის პირობებში;

 პიელონეფრიტით;

 ჰემატურიით (სისხლის შერევით შარდში);

 პროსტატის კიბოთი.

დიაგნოსტირება. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება კვლევის შემდეგი მეთოდები:

 წინამდებარე ჯირკვლის რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევა თითით. ის აუცილებელია, რათა ექიმს წარმოდგენა შეექმნას სიმსივნურ წარმონაქმნზე, განსაზღვროს პროსტატის ჯირკვლის ზომა, კონსისტენცია, მტკივნეულობა.

 მენჯის ღრუს ორგანოებისა და წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა. ის ინფორმაციას იძლევა პროსტატის ჯირკვლის ზომასა და სტრუქტურაზე, ავლენს ნარჩენი შარდისა და კენჭების არსებობას. ზოგჯერ საჭირო ხდება ტრანსრექტალური ექოსკოპიური გამოკვლევა. ეს მეთოდი უფრო ინფორმაციულია.

 თანმხლები დაავადებების გამოსავლენად ინიშნება სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი.

 პროსტატის კიბოს გამოსარიცხად კეთდება ანალიზი პროსტატასპეციფიკურ ანტისხეულებზე.

 საჭიროებისას განსაზღვრავენ ნარჩენი შარდის ოდენობას, რაც ინფორმაციას იძლევა შარდის ბუშტის ფუნქციის შესახებ. ციტოსკოპით ათვალიერებენ შარდის ბუშტსა და პროსტატის ჯირკვალს.

მკურნალობა. საწყის სტადიაზე მკურნალობა კონსერვატიულია. არსებობს ეფექტური მედიკამენტები, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. სხვაგვარად შესაძლოა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს.
თერაპიული მკურნალობა ხანგრძლივია. ის შარდის გამოყოფას აუმჯობესებს, მაგრამ ეს განკურნებას არ ნიშნავს. ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დაავადება შესაძლოა კიდევ უფრო შორს წავიდეს.
უმრავლესობა ექიმთან მხოლოდ შარდის შეკავების შემდეგ მიდის (შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება, ვითარდება შარდის შეუკავებლობა, შარდი სუნიანი ხდება). ასეთ დროს თითქმის ყოველთვის ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ქირურგიული ოპერაცია პროსტატის ადენომის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია.

პროფილაქტიკა. ამ დაავადების თავიდან აცილების გზა არ არსებობს. არ შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც მის სამკურნალოდ ინიშნება. სასურველია, 50 წელს გადაცილებულმა ყოველმა მამაკაცმა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს უროლოგიური კვლევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:00 | შეტყობინება # 19
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის (თზჯ) პირველადი ქრონიკული უკმარისობაა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის) წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება. ასიდან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თზჯ-ის ტუბერკულოზური დაზიანებაც. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოდიოზი, ამილოიდოზი, ჰემაქრომატოზი, სოკოვანი ინფექცია. დაავადებას (თუმცა იშვიათად) საფუძვლად შეიძლება დაედოს თზჯ-ში სისხლის ჩაქცევა ორსულობის, ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების დროს.
დაავადება თანდათან ვითარდება. თანდათან ვითარდება ძლიერი სისუსტე, სწრაფი დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამენორეა (მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა).

სიმპტომები და მიმდინარეობა
მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი პიგმენტაცია კანისა და ლორწოვანი გარსის იმ ადგილებში, მლებიც სინათლის ზემოქმედებას განიცდის: სახეზე, კისერზე, ხელის მტევნებზე. პიგმენტაცია ძლიერდება იდაყვების, იღლიების, საზარდულის, ნაწიბურების მიდამოშიც. ყავისფერი ლაქები ჩნდება ღრძილებზე, ენაზე, ტუჩებზე, ლოყის შიგნითა, ლორწოვან ზედაპირზე;
არტერიული ჰიპერტენზია;
გულის ზომების შემცირება;
ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები პარესთეზია, კრუნჩხვა, მეხსიერების დაქვეითება, აგზნებადობა, დეპრესია;
ჰიპოგლიკემია;
იღლიებსა და ბოქვენზე თმიანობის შემცირება, განსაკუთრებით ქალებში.

დაავადება უფრო ძლიერად ვლინდება ინფექციის, ტრავმის, ორსულობის, სტრესული ზემოქმედების დროს. მოსალოდნელია, განვითარდეს თზჯ-ის მწვავე უკმარისობა ე.წ. ადისონის კრიზი. მისთვის დამახასიათებელია მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, სისუსტე.

დიაგნოსტირება. ჩივილებსა და ობიექტურ გამოვლინებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გამოკვლევას. აუცილებელია სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, რათა დადგინდეს სისხლის პლაზმაში თზჯ-ის ჰორმონების დონე. საჭიროა თზჯ-ის რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა. მკურნალობა ეფუძნება ჩანაცვლებით თერაპიას გლუკოკორტიკოიდებისა და მინერალკორტიკოიდების კომბინაციით. აქტიური და ადეკვატური თერაპიის შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა. მკურნალობის შემდეგ უმრავლესობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:00 | შეტყობინება # 20
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადნექსიტი (იგივე სალპინგოოფორიტი) საშვილოსნოს დანამატების (საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების) ანთებაა. მას უმეტესად არასპეციფიკური ფაქტორები: გადაღლა, გაციება, სტრესი, უარყოფითი ემოცია, ზოგიერთი ექსტრაგენიტალური დაავადება იწვევს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ადნექსიტის ყველაზე ხშირი და დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა არეში ლოკალიზდება და ზოგჯერ წელში ან გავის მიდამოში გადაეცემა. ტკივილი მეტწილად პერიოდულია, იშვიათად მუდმივი. არის შემთხვევები, როცა ტკივილი ანთებითი რეაქციის ნიშნების გაქრობის შემდეგაც გრძელდება და გაციების, ზოგიერთი დაავადების, ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის დროს ძლიერდება.
ნებაზე მიშვებული ადნექსიტი ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება, რომელსაც პერიოდული გამწვავება ახასიათებს.
საშვილოსნოს დანამატების ქრონიკული ანთების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ამ დროს მენსტრუაციას თან სდევს ტკივილი, გამონადენი ჩვეულებრივზე ჭარბი ან მწირია და ზოგჯერ მენსტრუაციამდე ან მის შემდეგაც იჩენს თავს, ავადმყოფი უჩივის ძილის დარღვევას, გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას, სწრაფად დაღლას. ადნექსიტით დაავადებულთა 60-70%-ს უშვილობა ემუქრება.

მკურნალობა. ადნექსიტის მკურნალობა კომპლექსურია და დაავადების გამომწვევის გამოვლენასა და დათრგუნვას ისახავს მიზნად. ნაცხის აღება, ანტიბიოტიკებისადმი გამომწვევის მგრძნობელობის განსაზღვრა და შესაბამისი პრეპარატის შერჩევა ექიმის პრეროგატივაა.
ადნექსიტის მწვავე ფორმის მკურნალობა ტარდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი პრეპარატებით, ტკივილგამაყუჩებლებით.
საშვილოსნოს დანამატების ჩირქოვანი ანთებისას მიმართავენ ლაპაროსკოპიას იღებენ ჩირქს და ანტიბაქტერიული პრეპარატები უშუალოდ ანთების კერაში შეჰყავთ. ინიშნება წოლითი რეჟიმი, ხოლო მწვავე სტადიის ჩაცხრობის შემდეგ ფიზიოთერაპია და ბიოსტიმულატორები.
გამწვავებისას ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მუცლის ქვედა არეში, მტკივნეულ და ხანგრძლივ მენსტრუაციას.
ქრონიკული ადნექსიტის დროს ტარდება ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი თერაპია, ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ვიტამინები და იმუნოსტიმულატორები. შედეგიანია ფიზიოთერაპია, ბალნეოთერაპია, ვაგინალური აბაზანებისა და გინეკოლოგიური მასაჟების კურსი.
თუ მკურნალობა ქრონიკულ სტადიაზეც არ ჩატარდა, ჩნდება ნაწიბურები, ირღვევა საშვილოსნოს მილის გამტარობა, იმატებს საშვილოსნოსგარე ორსულობისა და უშვილობის ალბათობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:00 | შეტყობინება # 21
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადრენოგენიტალურ სინდრომს ახასიათებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის მატება და ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) გაძლიერებული წარმოქმნა, რაც ორგანიზმის ვირილიზაციას (გამამაკაცურებას) იწვევს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ადრენოგენიტალური სინდრომის თანდაყოლილი ფორმის დროს ანდროგენები მუცლადყოფნის პერიოდშივე მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. შედეგად გოგონა გადიდებული კლიტორით იბადება. სქესობრივი მომწიფება იწყება ადრე (6-7 წლის ასაკში) და მიმდინარეობს ჰეტეროსექსუალური ტიპით: თავს იჩენს მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები, არ იზრდება სარძევე ჯირკვლები, არ ყალიბდება მენსტრუაციული ფუნქცია.
ადრენოგენიტალური სინდრომის შეძენილი ფორმის მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის მომატება ან ამავე ორგანოს სიმსივნე. გამოვლინდება ოლიგომენორეით (მენსტრუაციის გაიშვიათებით) ან ამენორეით (მენსტრუაციის უქონლობით), იშვიათად უნაყოფობით, სარძევე ჯირკვლების ატროფიით. მცირდება საშვილოსნოსა და საკვერცხეების ზომა, აღინიშნება კლიტორის ზომიერი ჰიპერტროფია.

მკურნალობა. მკურნალობა ჰორმონულია (კორტიზოლი, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი). დოზა ავადმყოფის ასაკსა და სინდრომის გამოვლენის ხარისხზეა დამოკიდებული. თანდაყოლილი ადრენოგენიტალური სინდრომის დროს მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას კვეთენ კლიტორს და აკეთებენ საშოს ხელოვნურ შესასვლელს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:00 | შეტყობინება # 22
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ათერომა ხაჭოსმაგვარი სეკრეტით სავსე კისტაა, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების გამომყოფი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიქმნება. მომრგვალო ფორმის მაგარი წარმონაქმნი უმეტესად თავის თმიან ნაწილზე, სახეზე, ზურგზე ჩნდება. ანთების შემთხვევაში ათერომის ზემოთ კანი წითლდება, კისტა იზრდება და მტკივნეული ხდება.
მკურნალობა. მკურნალობა ქირურგიულია და ათერომის კაფსულიანად ამოკვეთას ითვალისწინებს. ანთების შემთხვევაში ათერომას ჭრიან, ხოლო ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ კვეთენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:01 | შეტყობინება # 23
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აკრომეგალია დაავადებაა, რომელსაც ძვლების, რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების არაპროპორციული ზრდა ახასიათებს. ის ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის სომატოტროპინის ჭარბ წარმოქმნას უკავშირდება. აკრომეგალია ზრდასრულ პირთა დაავადებაა. უმეტესად 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება გამოვლინდეს. მიზეზად შეიძლება იქცეს თავის ტვინის ტრავმა, პათოლოგიური მშობიარობა, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (გრიპის, წითელას) გართულება, ფსიქიკური ტრავმა, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნე (ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის სიმსივნეები).
სიმპტომები და მიმდინარეობა დაავადების ნიშნები ნელა, წლების განმავლობაში ვითარდება. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, ტკივილს ყვრიმალებსა და შუბლის ძვლის მიდამოში (განპირობებულია სახის ნერვის გაღიზიანებით), სინათლის შიშსა და დიპლოპიას (უკავშირდება თვალის მამოძრავებელი ნერვის დაზიანებას), ქოშინს, ყნოსვისა და სმენის დაქვეითებას, ხმაურს ყურებში (განპირობებულია სმენის ნერვის დაზიანებით). იცვლება გარეგნობა: იზრდება თავის გარშემოწერილობა; შუბლის ძვლის ორბიტული ნაწილი წინ წამოიწევს; ყვრიმალის ძვლები ფართოვდება; რბილი ქსოვილების ჰიპერტროფიის გამო იზრდება ცხვირი, ყურები და ენა; სქელდება კანი; ფართოვდება მტევნები და ტერფები, სქელდება თითები; წინ წამოიწევს და იზრდება ქვედა ყბა (პროგნატიზმი); იზრდება შუალედი კბილებს შორის; ხორხისა და ხმოვანი იოგების ჰიპერტროფიის გამო ხმა დაბლდება; ფართოვდება გულმკერდის ყაფაზი; ფართოვდება ნეკნთაშუა სივრცეები. თავს იჩენს სახსრების ტკივილი. საოფლე ჯირკვლები ჰიპერტროფიას განიცდის, რის გამოც ძლიერდება ოფლის გამოყოფა. იზრდება შინაგანი ორგანოები, რასაც მოჰყვება გულის, ფილტვის, კუჭის დაავადებები (მიოკარდიუმის დისტროფია, ბრონქიტი, კუჭის წყლული). ხშირად იმატებს სისხლში შაქრის შემცველობა.

დიაგნოსტირება
დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ჩონჩხის ძვლებისა და ქალას რენტგენოგრაფია, თავის ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლში ზრდის ჰორმონის დონის განსაზღვრა.

მკურნალობა
აკრომეგალიის მკურნალობისთვის იყენებენ როგორც ქირურგიულ მეთოდს, ისე მედიკამენტურ და სხივურ თერაპიას.
ქირურგიული ჩარევა ჰიპოფიზიდან სიმსივნის მოცილებას ითვალისწინებს. ოპერაცია სპეციალურ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ტარდება. სიმსივნის მთლიანად ამოკვეთის შემთხვევაში სისხლში ზრდის ჰორმონის დონე სწრაფად ნორმალიზდება, რასაც ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება და დაავადების კლინიკური სურათის უკუგანვითარება მოსდევს.
მედიკამენტური თერაპია გულისხმობს ისეთი პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც ზრდის ჰორმონის გამომუშავებას ამუხრუჭებს.
სხივური თერაპიის არსია ჰიპოფიზის დასხივება გამა-სხივებით ან მაღალი ენერგიის პროტონების კონით. სხივური თერაპია გამოიყენება როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი, როდესაც ავადმყოფი ოპერაციაზე ან მედიკამენტურ თერაპიაზე უარს ამბობს ანდა როგორც დამატებითი მკურნალობა, როდესაც ქირურგიული გზით ჰიპოფიზის სიმსივნის მთლიანად ამოკვეთა ვერ ხერხდება, ასევე - სიმსივნის განსაზღვრული თავისებურებისას.
დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:01 | შეტყობინება # 24
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალბინიზმი კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტების თანდაყოლილი უქონლობაა. მიიჩნევა, რომ ალბინიზმით დაავადებულთა კანში მელანოციტები (მელანინის წარმომქმნელი უჯრედები) ნორმალური ოდენობით არის (მელანინი განსაკუთრებული ნივთიერებაა, რომელზეც არის დამოკიდებული ქსოვილის შეფერილობა); დაავადებას მისი სინთეზისთვის საჭირო ფერმენტის თიროზინაზის უქონლობა ან ბლოკადა იწვევს.
თიროზინაზაზე პასუხისმგებელ გენებში შეიძლება სრულიად სხვადასხვა დარღვევა მოხდეს. ალბინიზმის შემთხვევაში ამ დარღვევის ხასიათზეა დამოკიდებული მელანინის უკმარისობის ხარისხი. არის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს აღენიშნება ასეთი დარღვევები, მაგრამ ალბინიზმი არ უვითარდება.
ალბინიზმი ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება. ზოგჯერ უპირატესად თვალის ფერადი გარსის შეფერილობის ინტენსივობა იკლებს, ზოგჯერ კი კანისაც, თმისაც და თვალის ფერადი გარსისაც. შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს ბადურა გარსში, ჩამოყალიბდეს მხედველობის სხვადასხვაგვარი დარღვევა, მათ შორის - ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი, ასევე - სინათლის მიმართ მგრძნობიარობის მატება და სხვა ანომალიები.
ალბინიზმით დაავადებულებს აქვთ თეთრი კანი (ეს განსაკუთრებით თვალში საცემია არაევროპეიდული რასის წარმომადგენლებში), თეთრი (ან ქერა) თმა და წითელი თვალები.
ალბინიზმი სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. განასხვავებენ ნაწილობრივი ალბინიზმის რამდენიმე სახეს:
კანის ალბინიზმი - კანის ზოგიერთ უბანში პიგმენტის თანდაყოლილი უქონლობა, რასაც ამ ადგილებში თმების სითეთრე სდევს თან;
თვალის ალბინიზმი - კანისა და თმის ფერი ჩვეულებრივია, თვალის ფერად გარსში კი პიგმენტები არ არის.

ალბინიზმის მკურნალობა უშედეგოა. მელანინის ნაკლებობის აღდგენა და მხედველობის დარღვევების ნორმალიზება შეუძლებელია. ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, ერიდოს მზეს, ხოლო მზეზე გასვლისას გამოიყენოს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ფილტრი, მუქი სათვალე ან ლინზები (ჩვეულებრივ, ამ ფუნქციას მელანინი ასრულებს). სიელმის შემთხვევაში თვალის მამოძრავებელი კუნთის კორექციის მიზნით ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ბადურა გარსსა და თვალის ნერვში არსებული პათოლოგიის აღმოფხვრა არ ხერხდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:01 | შეტყობინება # 25
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალგოდისმენორეა სიმპტომთა კომპლექსია, რომელიც მენსტრუაციის პერიოდში აღმოცენებული ნეიროვეგეტაციური დარღვევებით და ტკივილით ვლინდება. თუ მხოლოდ ტკივილი აღინიშნება, საქმე გვაქვს ალგომენორეასთან ან მენალგიასთან.
ალგოდისმენორეა საკმაოდ გავრცელებულია. ის 14-დან 44 წლამდე ასაკის ქალების 31-52%-ს აწუხებს. ამასთანავე, ასიდან 10 შემთხვევაში ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ქალი შრომისუუნარო ხდება.
განასხვავებენ ორი სახის ალგოდისმენორეას: პირველადს, რომელიც არ უკავშირდება სასქესო აპარატის ანატომიურ თავისებურებებს და მეორეულს ანუ გენიტალიების პათოლოგიით განპირობებულს. პირველადი ალგოდისმენორეა უფრო მეტად გოგონებსა და არანამშობიარევ ქალებს აღენიშნებათ და მუცლის მწვავე (სამშობიარო ჭინთვების მსგავსი) ტკივილი ახასიათებს. ტკივილის სინდრომი უმეტესად პირველივე მესტრუაციისას აღმოცენდება. ამ დროს, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს ასთენონევროზულ სინდრომს გენიტალიების ჰიპერპლაზიასთან ერთად, მაგრამ არცთუ იშვიათად ძლიერ ალგოდისმენორეას უჩივიან ფიზიკურად კარგად განვითარებული პაციენტები, რომელთაც არც გენიტალიების ჰიპერპლაზია ახასიათებთ და არც ცენტრალური ნერვული სისტემის სისუსტე.
კარგა ხანს მიაჩნდათ, რომ პირველადი ალგოდისმენორეის დროს ტკივილი ფსიქოგენური ბუნების იყო. ზოგი ამის მიზეზად მიიჩნევდა ნეიროენდოკრინულ ცვლილებებს, მინერალების, ნახშირწყლების, ჰორმონების ცვლის, თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის დარღვევას. ამჟამად პირველად ალგოდისმენორეას უკავშირებენ პროსტაგლანდინების გადაჭარბებულ სინთეზს. სწორედ ამით აიხსნება, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილს ამცირებს ან სრულიად აქრობს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს).
ისევე როგორც ჰიპერპროსტაგლანდინემიას (პროსტაგლანდინების სიჭარბეს), პირველად ალგოდისმენორეასაც ახასიათებს არა მარტო მუცლის ტკივილი, არამედ ვეგეტოსისხლძარღვოვანი სიმპტომებიც: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, პარესთეზია, დიარეა, ოფლიანობა, ტაქიკარდია. მტკივნეული მენსტრუაციის დროს ასაკი (16-25 წელი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი სიმპტომები და გინეკოლოგიური გასინჯვისას პათოლოგიური ცვლილებების არარსებობა პირველად ალგოდისმენორეაზე მიგვანიშნებს.
მეორეული ალგოდისმენორეა სხვა დაავადების სიმპტომია. ასეთია, მაგალითად, შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები, შეხორცებითი პროცესები მენჯის ღრუში, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა ან განუვითარებლობა, გამოფხეკის შემდეგ საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის შევიწროება.
მეორეული ალგოდისმენორეის დროს მტკივნეული მენსტრუაციის გარდა გამოხატულია ის სიმპტომებიც, რომლებიც ძირითად დაავადებას ახასიათებს.
მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის გამომწვევი მიზეზის მოხსნას, რაც ექიმის დაუხმარებლად შეუძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადგამაჯანსაღებელ თერაპიას სპაზმოლიზური საშუალებების (პაპავერინის, ნო-შპას, ატოპინის, ვალერიანის), გამაყუჩებლების, დამამშვიდებლების გამოყენებით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:02 | შეტყობინება # 26
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალერგია არის ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქცია ბუნებაში გავრცელებული ისეთი აგენტების მიმართ, რომლებზეც ადამიანი, ჩვეულებრივ, არ რეაგირებს. ასეთია, მაგალითად, ოთახისა და მცენარის მტვერი, სოკო, ძაღლისა და კატის ეპიდერმისი (კანის ზედა შრე), საკვებში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება.

დაავადების მექანიზმი
ადამიანს უცხო ნივთიერებათა მავნე ზემოქმედებისგან იმუნური სისტემა იცავს: ის გამოიმუშავებს სპეციალურ ანტისხეულებს, რომელთა დანიშნულება ორგანიზმში შემოჭრილი უცხო ნივთიერებების განეიტრალებაა. ზოგჯერ ანტიგენი (შემოჭრილი ნივთიერება) ორგანიზმისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ იმუნური სისტემა მაინც მძაფრად რეაგირებს. ასე ვითარდება ჯანმრთელობისთვის საზიანო რეაქცია, რომელსაც ალერგიას უწოდებენ, ხოლო აგენტს, რომელიც ამ რეაქციას იწვევს - ალერგენს.
თუ იმუნური სისტემა ერთხელ მაინც შეხვდა ანტიგენს, იმახსოვრებს მას და მის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ამას სენსიბილიზაციას უწოდებენ. შემდგომი კონტაქტების დროს სენსიბილიზებული ორგანიზმი აუცილებლად ამოიცნობს ანტიგენს და დაუყოვნებლივ დაიწყებს მასზე რეაგირებას. ალერგენის მიმართ სენსიბილიზებისთვის სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა დრო სჭირდება - რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე.
ალერგია ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ ალბათობა უფრო მაღალი აქვთ ბავშვებს, რომელთა ოჯახის წევრიც/წევრებიც ალერგიით არიან დაავადებული (თუმცა ალერგიული მშობლების შვილს ალერგია ყოველ¬თვის არ ემართება). ხელშემწყობი ფაქტორებია გარემოს ეკოლოგიური და¬ბინძურება, რადიაციული ფონის მომატება, საყოფაცხოვრებო და კოსმეტიკური საშუალებების ქიმიური ნივთიერებებით გაჯერება, დანამატების შემცველი სურსათის მომრავლება, ყავის, შოკოლადისა და, საზოგადოდ, ალერგიული ბუნების სურსათის ჭარბი მოხმარება, ხშირი ფსიქოემოციური სტრესი.
ალერგიული რეაქცია ორგვარია: სწრაფი (15-20 წთ) და დაყოვნებული (24-48-72 სთ). ის შეიძლება გამოვლინდეს ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ალერგოზის (ალერგიული რინიტის, ტრაქეიტის, ტრაქეობრონქიტის, ბრონქული ასთმის, ალვეოლიტის და სხვა), კანის ალერგოდერმატოზის (ატოპიური დერმატიტის, ჭინჭრის ციების, კვინკეს შეშუპების და სხვა), თვალის ალერგოზის (ალერგიული კონიუნქტივიტის და სხვა), ვასკულიტის და სხვათა სახით.
იმის მიხედვით, თუ რომელმა ალერგენმა გამოიწვია დაავადება, განასხვავებენ ალერგიას მცენარეული მტვრის, საყოფაცხოვრებო მტვრის, ნესტის სოკოს, შინაური ცხოველების, მწერის ნაკბენის მიმართ, ასევე - საკვებისმიერ და წამლისმიერ ალერგიას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:02 | შეტყობინება # 27
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პოლინოზი
პოლინოზი ანუ მცენარეული მტვრისადმი ალერგია (თივის ცხელება) შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რინიტის/რინოკონიუნქტივიტის, და/ან ასთმური სინდრომის, და/ან ალერგოდერმატოზის სახით. ადრიან გაზაფხულზე ყვავილობს ხემცენარეები: შავი მურყანი, თხილი, ალვა, თელა, ტირიფი; შედარებით გვიან გაზაფხულზე - არყი, წიფელი, მუხა, აღმოსავლური ჭადარი; მაისი, ივნისი, ივლისი ბალახებისა და მარცვლოვნების ყვავილობის პერიოდია, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი კი სარეველების, რომელთაგან განსაკუთრებით ძლიერი ალერგიული თვისებებით გამოირჩევა ამბროზია. ხშირად მის მიმართ ალერგია საკმაოდ რთულად ვლინდება, არცთუ იშვიათად - ბრონქული ასთმის სახით.
საქართველოში ამბროზიის გავრცელების ორი ენდემური კერაა: ლაგოდეხისა და გაგრის რაიონი, თუმცა ეს მცენარე საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება.
მცენარის მტვრის მიმართ ალერგია მეტწილად რინოკონიუნქტივიტის სახით ვლინდება. ახასიათებს სურდო, ცემინება, თვალების ქავილი, ცრემლდენა. ამას შეიძლება დაერთოს ყელისა და ხახის ქავილი, ხველა.
არის შემთხვევები, როდესაც პოლინოზი ასთმური სინდრომით გამოვლინდება და სულხუთვით მიმდინარეობს. ასეთი სიმპტომების არსებობისას ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. თავდაპირველად შესაძლოა იფიქროს, რომ ბანალური რესპირატორული ინფექცია აქვს, მაგრამ თუ დაუკვირდება, აღმოაჩენს, რომ ეს სიმპტომები მეორდება, აღმოცენდება არა დახურულ შენობაში, არამედ გარეთ, განსაკუთრებით - ბუნების წიაღში, და ქრება წვიმიან ამინდში (ამ დროს მცენარეული მტვრის ნაწილაკები დაბლა ილექება და ჰაერი შედარებით სუფთავდება). მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია ალერგიული გამონაყარის სახითაც შეიძლება გამოვლინდეს.
პოლინოზის დიაგნოსტირება ადვილია. იმის მიხედვით, თუ რას უჩივის პაციენტი და წელიწადის რომელ დროს აღმოცენდება ეს სიმპტომები, ექიმი-ალერგოლოგი ატარებს სპეციფიკურ ალერგოდიაგნოსტიკას კანისა და სისხლის ტესტირების გზით. ამ ტესტების მეშვეობით დიდი სიზუსტით დგინდება, რომელი მცენარის მტვერზე და როგორი ინტენსივობის ალერგია აქვს პაციენტს. ამის საფუძველზე ავადმყოფს შეუძლია, სეზონის დადგომამდე პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროს. ექიმი შეურჩევს მედიკამენტებსაც, რომლებიც მცენარეების ყვავილობის პერიოდში დაავადების გამოვლინებისას უნდა გამოიყენოს.
პოლინოზის შემთხვევაში ალერგიული რეაქციებისგან თავის დაზღვევის ყველაზე მარტივი გზაა დამნაშავე ალერგენებისთვის თავის არიდება. გარდა ამისა, ავადმყოფებს ურჩევენ:
ერიდონ ქარიან ამინდში გარეთ გასვლას;
მტვრის მაქსიმალური პროდუქციის პერიოდში თავი შეიკავონ პიკნიკებისა და ლაშქრობებისგან;
ოთახი გაანიავონ ადრიან დილით და გვიან საღამოს - ამ დროს მტვერი ნაკლებად აქტიურია, ქარიან ამინდში კი ფანჯრების გაღებას ერიდონ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:02 | შეტყობინება # 28
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თუ ალერგიული პირი სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ალერგოლოგთან, რათა გაითვალისწინოს უცხო გარემოში მცენარეული, საყოფაცხოვრებო, საკვები თუ სხვა სახის პოტენციური ალერგენის შესაძლო ზემოქმედება და სათანადოდ მოემზადოს.
არის პოლინოზისგან ბუნებრივი თვითგანკურნების შემთხვევებიც. სიმპტომების სიმძაფრე მცენარეთა დამტვერიანების ხარისხსა და მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. ამიტომ არის, რომ ზოგ სეზონზე პოლინოზის მქონე პირი თავს კარგად გრძნობს, ზოგზე კი არა. როდესაც სიმპტომები პროგრესირებს და პათოლოგიურ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ ცხვირისა და თვალის ლორწოვანი, არამედ ბრონქებიც, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს პოლინოზური ბრონქული ასთმა.
პოლინოზს ანტიალერგიული და ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობენ, რომელთაგან ზოგი მწვავე მიმდინარეობისას გამოიყენება, ზოგი კი - პროფილაქტიკის მიზნით.
მცენარეული ალერგიისგან რადიკალური განკურნების გზაა სპეციფიკური იმუნოთერაპია - ჰიპოსენსიბილიზაცია: ორგანიზმში (კანქვეშ ან პერორალურად) რეგულარულად შეჰყავთ დამნაშავე ალერგენის მზარდი დოზა, ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა მას და ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობა მცირდება.
ჰიპოსენსიბილიზაცია ტარდება ასევე საყოფაცხოვრებო მტვრის, ცხოველის ბეწვის, სოკოვანი, საკვები და სხვა ალერგენების მიმართ.

არასეზონური ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა
არსებობს ალერგიული რინიტისა და ბრონქული ასთმის ისეთი კლინიკური ვარიანტები, რომლებსაც წელიწადის დროსთან კავშირი არ აქვს. ზოგიერთი მათგანი მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს (როგორც, მაგალითად, ოთახის მტვრის მიმართ ალერგიის შემთხვევაში), ზოგი კი სამუშაოს უკავშირდება (მაგალითად, ალერგია ფქვილის, ცხოველის ბეწვის მიმართ).
ოთახის მტვერი ალერგენების კომპლექსს წარმოადგენს. მათ შორის მთავარია ოთახის მტვრის ტკიპა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ის ადამიანის აქერცლილი კანის ნაწილაკებით იკვებება და უმთავრესად ბალიშებში, ლეიბებში, საბნებში ცხოვრობს. ამიტომ საწოლი ადგომისთანავე კი არ უნდა გავასწოროთ, არამედ ჯერ კარგად უნდა გავანიავოთ, კვირაში ერთხელ გავბერტყოთ და მტვერსასრუტით გავწმინდოთ. ოთახის მტვრის ტკიპები სიცივეში იღუპებიან, ამიტომ ზამთრობით, ყინვაში ხალიჩები, საბნები, ლეიბები და მტვრის სხვა კოლექტორები პერიოდულად გარეთ უნდა გავიტანოთ.
ოთახის მტვრისადმი ალერგია უპირატესად ასთმითა და რინიტით ვლინდება. შედარებით იშვიათია კონიუნქტივიტი, ურტიკარია, ატოპიური დერმატიტი. ასთმური სულხუთვის შეტევები მეტწილად გამთენიის ხანს იწყება. ამ სახის ალერგიასთან ბრძოლის საუკეთესო გზა ალერგენისთვის თავის არიდებაა. სასურველია:
შინ არ გავაჩეროთ ხალიჩები და ბეწვის ტანსაცმელი, უკიდურეს შემთხვევაში, დახურულ კარადაში შევინახოთ;
ხშირად დავასუფთაოთ სახლი მტვერსასრუტით, საგულდაგულოდ გავწმინდოთ ქვეშაგები და რბილი ავეჯი;
რბილი სათამაშოები საძინებელი ოთახიდან გავიტანოთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:02 | შეტყობინება # 29
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნესტის სოკოთი გამოწვეული რესპირატორული ალერგიის შემთხვევაში დამნაშავენი არიან სპორები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ არა მარტო შენობაში, არამედ მის გარეთაც: ლპობად მცენარეებში, ჰაერში. პროფილაქტიკის მიზნით ხშირად უნდა გავანიავოთ ის ადგილები, სადაც ნესტის სოკომ იცის ამოსვლა. დახურულ სივრცეში (სააბაზანოში, სამზარეულოში, სარდაფში, სხვენზე) აუცილებელია სავენტილაციო სისტემის მოწყობა. დაობებული სურსათი უნდა გადაიყაროს. უნდა ვერიდოთ ოთახის მცენარეებს, რომელთა ნიადაგზე თეთრი ან ნარინჯისფერი ნადებია.
ცხოველის ბეწვი ერთსა და იმავე დროს ალერგენიც არის და სხვა ალერგენების გადამტანიც. მაგალითად, მას გადააქვს ცხოველის ნერწყვი (კატა, ძაღლი, ცხენი), შარდი (ძაღლი, კატა, მღრღნელები), ქერტლი, ექსკრემენტები (თუთიყუშის, მტრედის). ამ ცხოველურ ალერგენებთან ადამიანის კონტაქტი მათი შემცველი მტვრის ნაწილაკების ჩასუნთქვისას ხდება. ყველაზე გავრცელებული ალერგენია კატის, ყველაზე ძლიერები კი - ცხენის და წვრილი მღრღნელების.
ადამიანების უმეტესობა სენსიბილიზებულია საკუთარი შინაური ცხოველების მიმართ, მაგრამ ალერგიული რეაქცია შესაძლოა სხვა ცხოველებთან შემთხვევითმა კონტაქტმაც კი გამოიწვიოს. ალერგიისგან თავის დასაღწევად დამნაშავე ცხოველს უნდა შეელიოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, ალერგიის შეტევები ერთხანს კიდევ გაგრძელდეს - ცხოველის ალერგენი ავეჯზე, ხალიჩებსა და სხვა საოჯახო ნივთებზე იყოს შემორჩენილი. ასეთ დროს საჭიროა გარემოს საგულდაგულო დამუშავება.
მწერის ნაკბენს ზომიერი შესივება და ქავილი ახასიათებს, მაგრამ ერთიც და მეორეც მალევე გაივლის. ეს შხამით გამოწვეული ადგილობრივი რეაქციაა. თუ ადამიანი ზემგრძნობიარეა, რეაქცია უფრო მძიმე ფორმით ვლინდება: ჩნდება მტკივნეული წითელი შესივება, რომელიც მოზრდილ ფართობს მოიცავს და რამდენიმე დღეს გრძელდება. ეს რეაქცია ალერგიული ბუნებისაა და შესაძლოა, გართულდეს სისტემური რეაქციით: ჭინჭრის ციებით, კვინკეს შეშუპებით, ღებინებით, დიარეით, რინიტით, ასთმური შეტევით, ანაფილაქსიური შოკით.
საკვებისმიერი ალერგია შეიძლება გამოიწვიოს როგორც ქიმიური დანამატების შემცველმა, ისე ნატურალურმა სურსათმა. განსაკუთრებით ალერგიულია რძე, კვერცხი, თაფლი, თხილი, არაქისი, შოკოლადი. ბოლო დროს რამდენადმე გახშირდა ალერგია ისეთი პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ჩვენში დიეტის დროსაც კი უნიშნავენ (ძროხის ხორცი, ხორბლეული). ამრიგად, ის, რაც უმრავლესობას რგებს, ზოგიერთისთვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
კვებითი ალერგიის დროს სიმპტომები ვლინდება საჭმლის მომნელებელი სისტემის (მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი), სასუნთქი სისტემის (რინიტი, კონიუნქტივიტი, ბრონქული ობსტრუქცია), კანის (ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება) მხრივ. ადამიანი უნდა ერიდოს ისეთ საკვებს, რომლის მიმართაც ზემგრძნობელობა აქვს და მიმართოს ექიმს.
წამლისმიერ ალერგიას მედიკამენტის (საანესთეზიო საშუალებების, ანტიბიოტიკების) მიმართ განვითარებულ ალერგიულ რეაქციას უწოდებენ. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან შესაძლოა, ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიოს. თუ ადამიანს ოდესმე ალერგიული რეაქცია ჰქონია წამალზე/წამლებზე, ქაღალდზე უნდა დაწეროს მათი სახელწოდება და მუდამ თან ატაროს, რათა გაუთვალისწინებელ ვითარებაში ექიმებმა დახმარების ნაცვლად უნებლიეთ უფრო მეტად არ ავნონ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:02 | შეტყობინება # 30
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალვეოლიტი კბილის ბუდის ანთებაა, რომელიც კბილის ტრავმულ ამოძრობას მოჰყვება. ასეთ დროს ხშირად ზიანდება კბილის ბუდე და იჟეჟება ღრძილი მის ირგვლივ. ალვეოლიტი შეიძლება განვითარდეს ოპერაციის (კბილის ამოღების) შემდგომი რეჟიმის დარღვევის გამო, მაგალითად, მაშინ, როცა სავლები ამოღებული კბილის ბუდიდან თრომბს აგდებს და ჭრილობიდან მიკრობები იჭრება, ჭრილობაში საკვები ხვდება ანდა სათანადოდ არ იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ალვეოლიტი მეტწილად ოპერაციის მეორე-მესამე დღეს იწყება ამოღებული კბილის ბუდის არეში ძლიერი ტკივილით და ტემპერატურის 37,5-38,50C-მდე მომატებით. ტკივილი თანდათან ძლიერდება და მეზობელ უბნებში ვრცელდება. პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები დიდდება და მტკივნეული ხდება. დაავადება 2 კვირამდე გრძელდება.

მკურნალობა
აღწერილი სიმპტომების გაჩენისას ექიმთან მისვლა აუცილებელია, მანამდე კი კარგია 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ანდა საჭმელი სოდის (1/2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე) ხსნარის გამოვლება, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის მიღება. ალვეოლიტი შეიძლება გართულდეს კბილის ბუდის ოსტეომიელიტით, რაც დაავადებას ახანგრძლივებს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 29
  • 30
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz