პარასკევი, 29.03.2024, 03:16
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:08 | შეტყობინება # 316
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კვანძოვანი პერიარტერიიტი წარმოადგენს სისტემურ მანეკროზებელ ვასკულიტს, რომელსაც ახასიათებს საშუალო და წვრილი კალიბრის არტერიათა დაზიანება და ორგანოებსა და სისტემებში მეორეული ცვლილების განვითარება. კვანძოვანი პერიარტერიიტით უპირატესად 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადდებიან. დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა უდავოა მის განვითარებაში ვირუსების (კერძოდ, B ჰეპატიტის ვირუსის) როლი (დაავადებულთა სისხლში პოულობენ HBSAg-ს და მის ანტისხეულებს).
კვანძოვანი პერიარტერიიტის რისკფაქტორებია გადატანილი ინფარქტი, ინტოქსიკაცია, ორგანიზმში ვაქცინის ან შრატის შეყვანა, წამლის მიღება, გაციება, ინსოლაცია.
კვანძოვანი პერიარტერიიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სისხლძარღვის კედელზე ფიქსირებული HBSAg-სა და სხვა ანტიგენების შემცველი იმუნური კომპლექსი. სისხლძარღვის კედლების იმუნურკომპლექსური დაზიანება იწვევს ფორმიანი ელემენტების აგრეგაციას, სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუარესებას და სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის განვითარებას, ყოველივე ამის შედეგად კი ორგანოებსა და ქსოვილებში მიკროცირკულაცია ირღვევა და შესაბამისი კლინიკური სიმპტომები აღმოცენდება.

დაავადების სიმპტომებია:
1. სხვადასხვა ტიპის ხანგრძლივი ცხელება, რომელიც ანტიბიოტიკოთერაპიას არ ექვემდებარება;
2. გახდომა, სისუსტე, ადინამია;
3. სიფითრე, კიდურებსა და ტანზე - მარმარილოსებრი ელფერი, გამონაყარი (ერითემული, ლაქოვან-პაპულური, ჰემორაგიული, ურტიკარიული, იშვითად - ნეკროზული წყლულები); დაავადებულთა 20%-ს წვივის, წინამხრისა და თეძოს არეში კანში ან კანქვეშ, სისხლძარღვების გასწვრივ, ესინჯება მცირე ზომის კვანძები (სისხლძარღვთა ანევრიზმა ან გრანულები);
4. კუნთოვან-სახსროვანი სინდრომი: კუნთების ინტენსიური ტკივილი, სისუსტე და ატროფია; პოლიართრალგია, იშვიათად - მიგრირებადი არამადეფორმირებელი პოლიართრიტი, რომლის დროსაც უპირატესად ერთი ან რამდენიმე მსხვილი (მუხლის, ტერფ-წვივის, მხრის, იდაყვის) სახსარი ზიანდება;
5. კარდიული სინდრომი: კორონარიტები, რომელთაც მიოკარდიუმის ინფარქტამდე ან სტენოკარდიამდე მივყავართ; მოსალოდნელია მიოკარდიტი, კარდიოსკლეროზი, გულის რიტმის დარღვევა, ბლოკადა; დაავადებულთა 10%-ს უვითარდება მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება; დამახასიათებელია არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები;
6. თირკმელების დაზიანება სისხლძარღვოვანი ნეფროპათიის სახით (დაავადებულთა 70-97%), პროტეინურია, მიკროჰემატურია (იშვიათად - მაკროჰემატურია), ცილინდრურია, თირკმლის უკმარისობის სწრაფი განვითარება; თირკმლის არტერიის თრომბოზის გამო მოსალოდნელია თირკმლის ინფარქტი, რომელსაც ახასიათებს წელის არეში ძლიერი ტკივილი, ჰემატურია, ტემპერატურის მატება; იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვების ანევრიზმაც;
7. ფილტვების დაზიანება ფილტვების ვასკულიტის ან ინტერსტიციური პნევმონიის სახით: ხველა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, სისხლიანი ხველა, ფილტვების ინფარქტი;
8. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება: მკვეთრი ტკივილი მუცლის სხვადასხვა ნაწილში, მუცლის ფარის დაჭიმულობა, გულისრევა, ღებინება, თხიერი, სისხლიანი და ლორწოიანი განავალი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, ნაწლავებისა და კუჭის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის დაზიანება;
9. ნერვული სისტემის დაზიანება: ასიმეტრიული მონო- და პოლინევრიტი (კიდურების ძლიერი ტკივილი, მგრძნობელობის დაქვეითება და დამბლა), ინსულტი, მენინგოენცეფალიტი, ეპილეფსიური გულყრები;
10. თვალის დაზიანება: ავთვისებიანი რეტინოპათია, თვალის ფსკერის სისხლძარღვთა ანევრიზმული გაგანიერება ან გასქელება;
11. კიდურთა პერიფერიული არტერიების დაზიანება, რაც თითების იშემიას და განგრენასაც კი იწვევს; შესაძლოა, განვითარდეს ფეხის არტერიების ანევრიზმა, საფეთქლის არტერიების ზედაპირული ტოტების ანთება;
12. ენდოკრინული სისტემის დაზიანება: დაავადებულთა 80%-ს აღენიშნება სათესლე ჯირკვლების დაზიანება (ორქიტი, ეპიდიდიმიტი), რომელიც ხშირია B ჰეპატიტით დაავადების ფონზე; ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანება;
13. B ჰეპატიტით ინფიცირების ფონზე კვანძოვან პერიარტერიტს ახასიათებს სათესლე ჯირკვლებისა და თირკმელების დაზიანება და არტერიული ჰიპერტენზია, C ჰეპატიტით ინფიცირებისას კი მეტწილად კანი და ღვიძლი ზიანდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:08 | შეტყობინება # 317
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კლინიკური გამოვლინების კვალობაზე, კვანძოვანი პერიარტერიიტი შეიძლება იყოს:
კლასიკური. მისი პირველი სიმპტომებია ცხელება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კანზე გამონაყარი და წონის კლება. ამ ფორმის ძირითად კლინიკურ სინდრომებს წარმოადგენს: თირკმელების დაზიანება (იზოლირებული შარდის სინდრომი, მერყევ არტერიულ ჰიპერტენზიასთან შერწყმული შარდის სინდრომი, მყარი არტერიული ჰიპერტენზია, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ვენის თრომბოზის შემთხვევაში - ნეფროზული სინდრომი); აბდომინალური სინდრომი (სისხლძარღვოვანი წყლული, იშემია, არტერიების თრომბოზი); პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება (ნევრიტი, მიალგია, ჰიპერტენზია, მოძრაობის დარღვევა, კუნთების ატროფია); გულის დაზიანება (კორონარიტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის პროგრესული უკმარისობა, არითმია); ფილტვების დაზიანება (ვასკულიტი, პროგრესული ფიბროზი, ფილტვების ინფარქტი, პლევრიტი); ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ფსიქიკური აშლილობანი, გულყრები, ჰემიპარეზი).
კან-თრომბანგიური. ვლინდება კვანძებით, ლივედო რეტიცულარის-ით, ჰემორაგიული პურპურებით. კვანძები ლოკალიზებულია კანზე ან კანქვეშ, კიდურთა სისხლძარღვების გასწვრივ. დამახასიათებელია ცხელება, მიალგია, სისუსტე, ოფლიანობა, წონის კლება.
მონოორგანული, ახასიათებს ორგანოთა სისხლძარღვების კვანძოვანი პერიარტერიიტისთვის ტიპობრივი ცვლილებები.
მიმდინარეობის მიხედვით კვანძოვანი პერიარტერიიტი შეიძლება იყოს:
კეთილთვისებიანი. ასეთია კვანძოვანი პერიარტერიიტის კანის ფორმა. შესაძლოა 3-5-წლიანი რემისია.
ნელა პროგრესირებადი. აღენიშნება კვანძოვანი პერიარტერიიტის თრომბანგიური ფორმით დაავადებულთა ნახევარს. მათ მრავალი წლის განმავლობაში აქვთ გამოხატული პერიფერიული ნევრიტის ნარჩენი მოვლენები და კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. დაავადება გაურთულებელ შემთხვევაში 10 წელსა და მეტხანს გრძელდება.
რეციდიული. მწვავდება გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ციტოსტატიკების მოხსნის ან მათი დოზის შემცირების, ინფექციის, წამლისმიერი ალერგიის, გაციების შემთხვევაში. ახალ-ახალი ორგანული დაზიანებები დაავადებას ამძიმებს.
სწრაფად პროგრესირებადი. აღინიშნება თირკმელების მძიმე დაზიანებისა და ავთვისებიანი ჰიპერტენზიის შემთხვევაში. პროგნოზი სისხლძარღვოვან გართულებებზეა დამოკიდებული.
მწვავე ანუ ელვისებური. იშვიათია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 5-12 თვეს შეადგენს. სიკვდილის მიზეზია თირკმელების უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ცერებრული დარღვევები, გულის უკმარისობა, წყლულის პერფორაცია და მეზენტერიული არტერიის თრომბოზი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:08 | შეტყობინება # 318
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გართულებები:
ამა თუ იმ ორგანოს ინფარქტი და სკლეროზი;
ჰემორაგია (ანევრიზმის გაგლეჯა);
წყლულის პერფორაცია;
ნაწლავების განგრენა;
ურემია;
ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
ენცეფალოპათია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კვანძოვანი პერიარტერიტის სადიაგნოზო კრიტერიუმებია:
1. თირკმელების დაზიანება, რომელიც არტერიულ ჰიპერტენზიასთან არის შერწყმული;
2. აბდომინალური სინდრომის შერწყმა დისპეფსიურ დარღვევებთან;
3. პნევმონიტი ან ბრონქული ასთმა მაღალი ეოზინოფილიით;
4. კარდიული სინდრომი კორონიტის სახით;
5. პოლინევრიტი.
დაავადების სადიაგნოზოდ აუცილებელია, ხუთი კრიტერიუმიდან სამი მაინც არსებობდეს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ კანქვეშა კვანძების ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.
კვანძოვანი პერიარტერიიტის სამკურნალო ძირითად საშუალებას წარმოადგენს იმუნოდეპრესანტები, კერძოდ, პრედნიზოლონი, აზატიოპრინი, ციკლოფოსფანი. სხვა მეთოდებიდან გამოიყენება პლაზმოფერეზი და ჰემადსორბცია.
სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის საკორექციოდ და სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად გამოიყენება ჰეპარინი, ტრენტალი, კურანტილი.
კვანძოვანი პერიარტერიიტით დაავადებულები უნდა ერიდონ ვაქცინისა და შრატის გაკეთებას, ინსოლაციას, გაციებას, B ჯგუფის ვიტამინების მიღებას. ანტიბიოტიკების, სულფანილამიდებისა და სხვა წამლების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
იმუნოდეპრესანტებით მკურნალობამ შესაძლოა შეაფერხოს დაავადების პროგრესი და პროცესის სტაბილიზება გამოიწვიოს. ათიდან ხუთ შემთხვევაში შესაძლებელია რემისიის მიღწევა და გამოჯანმრთელებაც კი, თუმცა შრომის უნარი დაქვეითებული რჩება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:08 | შეტყობინება # 319
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე ზრდასრულ ადამიანებში შედარებით იშვიათია. მის წილად კარცინომების 2-3% მოდის. დაავადება უპირატესად 5-6 წლის ასაკში გვხვდება. თირკმლის კიბო მამაკაცებს ქალებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ.
განასხვავებენ თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის სამ ფორმას:
თირკმლის სარკომას, რომელიც გვხვდება ადრეულ ასაკში (ათიდან 9 შემთხვევაში - 5 წლამდე) და ბავშვთა ავთვისებიანი სიმსივნეების ნახევარს შეადგენს;
ჰიპერნეფრომას ანუ თირკმელუჯრედოვან კიბოს (წარმოიშობა თირკმლის პარენქიმისგან);
თირკმლის კიბოს, იმავე თირკმლის მენჯის კიბოს (ადენოკარცინომას). წარმოიშობა თირკმლის მენჯის ეპითელიუმისგან. მის წილად მოდის თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნეების 7%.

ზრდასრულ ადამიანებში თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკფაქტორები ბოლომდე შეუსწავლელი და დაუდგენელია. სავარაუდოდ, ატიპური უჯრედების წარმოქმნას ხელს უწყობს გარემოს ქიმიური დაბინძურება, თამბაქოს წევა, ჰორმონული პრეპარატებისა და ციტოსტატიკების გამოყენება, დასხივება, ვირუსმატარებლობა, ნიტროზამინები და არომატული ამინები. კიბოთი დაავადების რისკი მაღალია თირკმლის პოლიკისტოზის დროს. გამოვლენილია თირკმელუჯრედოვანი ადენოკარცინომის მემკვიდრეობითი ბუნება.
ჰიპერნეფრომისა და თირკმლის კიბოს კლინიკური სურათი ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მაგრამ პირველ შემთხვევაში დაავადების ნიშნები ხშირად გვხვდება, მეორე შემთხვევაში კი იშვიათად.
თირკმლის კიბოს ახასიათებს:
ჰემატურია;
მუცელში ხელით გასინჯვადი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა;
ტკივილი.

სამივე სიმპტომი მხოლოდ შორს წასული პროცესის შემთხვევაში შეიმჩნევა. კიბოს ადრეულ სტადიებზე, ჩვეულებრივ, გვხვდება მხოლოდ ერთი ან ორი მათგანი.
ჰემატურია - შარდში სისხლის მინარევის არსებობა - თირკმლის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. ის, წესისამებრ, მოულოდნელად, რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე იჩენს თავს და შესაძლოა ცოტა ხნის შემდეგ ისევე მოულოდნელად შეწყდეს, როგორც დაიწყო. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ სისხლდენა მეორდება. არცთუ იშვიათად შარდი შეიცავს სისხლის კოლტებს. შემდგომ ჰემატურია (არაოპერირებადი თირკმლის კიბოს შემთხვევაში) ძლიერდება, ის დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე მეტყველებს და ძლიერ ანემიას იწვევს.
ტკივილი, ჩვეულებრივ, ყრუა და დაზიანებული თირკმლის მხარეს ლოკალიზდება. ჰემატურიის პერიოდში ტკივილის შეგრძნება ძლიერდება და აღმოცენდება თირკმლის ჭვალი. შარდის ბუშტში დიდი ოდენობით სისხლის კოლტების დაგროვების გამო მოსალოდნელია შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის შეკავება).
ჰემატურიის შემთხვევაში ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოკვლეული უროლოგიურ განყოფილებაში.
გამოკვლევისას სიმსივნური წარმონაქმნის ან თირკმლის გადიდების აღმოჩენა კიბოს დიაგნოზზე მიუთითებს, თუმცა კარცინომის არსებობას არც პალპაციის უარყოფითი მონაცემები გამორიცხავს.
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე ხშირად ტემპერატურის მყარი მატებით მიმდინარეობს. 40 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა ტემპერატურის გაურკვეველი მატების შემთხვევაში (განსაკუთრებით - საღამოობით) უნდა მიმართონ ექიმს თირკმლის კიბოს გამორიცხვის მიზნით.
თირკმლის კარცინომის დამატებითი სიმპტომია სათესლე არხის ვენების გაფართოება სიმსივნის მხარეს. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესივება არ ცხრება. ეს სიმპტომი სიმსივნის ვენებში ჩაზრდაზე მიუთითებს. შორს წასულ შემთხვევაში, როცა სიმსივნე ქვედა ღრუ ვენაში ჩაიზრდება, მუცელზე შეიმჩნევა ზედაპირული ვენების გაფართოება (მედუზას თავი).
ბავშვებში თირკმლის კიბო ზემოთ აღწერილი სიმპტომთა ტრიადით არ ვლინდება. მას უმეტესად შემთხვევით აღმოაჩენენ ბანაობის დროს ან სხვა დაავადების გამო ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევისას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:09 | შეტყობინება # 320
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ზემოაღნიშნული სიმპტომების აღმოჩენისას უნდა ჩატარდეს ყოველმხრივი უროლოგიური გამოკვლევა ვენისშიდა ექსკრეტორული უროგრაფიის ჩათვლით. ყველაზე ინფორმაციული (და ამიტომ აუცილებელი) მეთოდებია ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. ზოგჯერ საჭიროა სიმსივნის ბიოფსია და მიღებული მასალის ციტოლოგიური კვლევა.
თირკმლის ანგიოგრაფია კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდია თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს, მაგრამ ნაკლებად ინფორმაციულია თირკმლის მენჯის კიბოს შემთხვევაში.
დაავადების გავრცელების ხარისხს ფილტვების რენტგენოგრაფიისა და ჩონჩხის ძვლების სცინტიგრაფიის საფუძველზე ადგენენ.
დამატებით შეიძლება გამოკვლეულ იქნეს შარდი ატიპური უჯრედების არსებობაზე, მაგრამ მათი გამოვლენა ძალიან იშვიათად ხდება. სისხლის მაჩვენებლებიდან საგულისხმოა ანემია, ედსის მომატება.
მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდია თირკმლის ამოკვეთა - ნეფრექტომია. ნეფრექტომია ტარდება ფილტვებში (ზოგჯერ ძვლებშიც) მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის მიზანია დიდი სიმსივნის მოშორება და მძიმე სიმპტომებისგან (ჰემატურიისგან, ტკივილისგან) ავადმყოფის გათავისუფლება.
ფილტვში ერთეული მეტასტაზების არსებობისას თირკმლის სიმსივნის ამოკვეთასთან ერთად ოპერაციული ჩარევა ფილტვზეც ხორციელდება, თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევებში ხდება, ვინაიდან მეტასტაზირების პროცესი იშვიათად არის იზოლირებული.
გავრცობილი ფორმის დროს, როდესაც სიმსივნე ჩაზრდილია ირგვლივ მდებარე ქსოვილებში და განვითარებულია შორეული მეტასტაზები, შესაძლებელია მხოლოდ პალიატიური ან სიმპტომური მკურნალობა ქიმიოთერაპიის მცდელობით.
მედიკამენტური მკურნალობა ზოგჯერ ეფექტურია. სიმსივნის რეგრესია ან დაავადების დიდი ხნით სტაბილიზება ფილტვებში მცირე ზომის მეტასტაზების არსებობისას ათიდან 4 შემთხვევაშია მოსალოდნელი, ამიტომ ნეფრექტომიის შემდეგ ავადმყოფზე უნდა ხორციელდებოდეს დინამიკური დაკვირვება, კერძოდ, ორი წლის განმავლობაში სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს ფილტვების რენტგენოგრაფია. მეტასტაზების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ბოლო დროს ბავშვებში თირკმლის კიბოს წარმატებით მკურნალობენ დასხივების, ქირურგიისა და ქიმიოთერაპიის კომპლექსური გამოყენებით.

პროფილაქტიკა. ვინაიდან თირკმლის კიბოს განვითარების მიზეზები და რისკფაქტორები სათანადოდ არ არის შესწავლილი, მისი პროფილაქტიკა ზოგადია და გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მავნე ჩვევებისთვის თავის დანებებას, ყოველგვარი დაავადების, უწინარეს ყოვლისა - თირკმლის სნეულებათა, დროულ მკურნალობას.
თირკმლის კარცინომის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად ადამიანი სისტემატურად უნდა იტარებდეს ულტრაბგერით გამოკვლევას, რადგან სიმპტომები ხშირად დაავადების შორს წასულ სტადიაზე ჩნდება. წელის არეში ტკივილის ან შარდის ფერის შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:09 | შეტყობინება # 321
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კანის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გავრცელებული ნაირსახეობაა. მის წილად მოდის ავთვისებიანი სიმსივნეების 5%. დაავადება თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესში, უპირატესად 50 წლის შემდეგ გვხვდება და, ჩვეულებრივ, სხეულის ღია უბნებზე ვითარდება. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე (ცხვირის ზურგი და გვერდები, თვალის კუთხეები, შუბლი) და იღლიის მიდამოში, შედარებით იშვიათად აზიანებს ტერფს, მუხლს ან მტევანს.
განასხვავებენ კანის ბაზალურუჯრედოვან და ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. იშვიათია კანის დანამატებიდან (ცხიმოვანი, საოფლე ჯირკვლებისგან, თმის ფოლიკულისგან) განვითარებული კიბო.
კანის კარცინომის წარმოშობის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი ინსოლაცია და შინაგანი კანცეროგენული ფაქტორების (რენტგენის სხივების, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების) ზემოქმედება. კიბოსწინარე დაავადებებად შეიძლება ჩაითვალოს ალბინიზმი, კანზე წყლულის დიდხანს არსებობა, გავრცობილი ჭრილობები და ქრონიკული კიბოსწინარე პროცესები - დისკერატოზი, პიგმენტური ქსეროდერმა, მგლურა, რადიაციული დერმატიტი და სხვა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა შესაძლოა მიმდინარეობდეს კვანძოვანი, წყლულოვანი, ინფილტრაციული და სხვა ფორმით.
კანის კიბო კლინიკურად ვლინდება ერთი ან რამდენიმე ერთმანეთში გარდამავალი უმტკივნეულო, მკვრივი კვანძით, რომლებსაც ზოგჯერ მოვარდისფრო-მოყვითალო ცვილისებური ნაპირები აქვს, ზოგჯერ კი მარგალიტივით მბრწყინავი კიდეები, ასევე - ერითრემატოზებით ან პიგმენტაციებით. სიმსივნე პროგრესულად დიდდება და სწრაფად წყლულდება. არსებობს კანის კიბოს ისეთი ფორმებიც, რომლებსაც ნელი ზრდა ახასიათებს. არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება წლების განმავლობაში რაიმე ხილული ცვლილების გარეშე არსებობს. კიბოს წყლულს აქვს დამახასიათებელი წამოწეული, ლილვაკისებური, მკვეთრად გამკვრივებული კიდეები და მორუხო-ჭუჭყიანი ფსკერი. განვითარების დონის კვალობაზე, სიმსივნე იწყებს მიმდებარე ქსოვილებში ჩაზრდას და მკვრივი, უმოძრაო ინფილტრატის წამოქმნას.
არის შემთხვევები, როდესაც კიბოსწინარე წარმონაქმნი არავითარ ცვლილებას არ განიცდის, მაგრამ ჩნდება მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში.
კანის კიბო იშვიათად მიმდინარეობს აგრესიულად (ხშირი და სწრაფი რეციდივები, ადრეული მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებსა და სხვა ქსოვილებში). ბრტყელუჯრედოვანი კიბო ნელა ვითარდება, მაგრამ გვიან სტადიაში თავს იჩენს რეგიონული და შორეული მეტასტაზები.
კანის კიბოს მეტასტაზირება უმთავრესად ლიმფოგენური გზით ხდება, ამიტომ ავადმყოფის გამოკვლევისას აუცილებელია გაისინჯოს ახლომდებარე და შედარებით შორეული ლიმფური კვანძები, ხოლო მათ მეტასტაზურ დაზიანებაზე ეჭვის შემთხვევაში დიაგნოზი დადასტურდეს პუნქციის გზით.
ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა მეტასტაზირებას არ განიცდის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:09 | შეტყობინება # 322
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. საეჭვო სიმსივნური წარმონაქმნის დათვალიერება ხდება გამადიდებელი შუშით. დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ რადიოიზოტოპურ კვლევას. კანის კანცერომის ამოსაცნობ მთავარ მეთოდს წარმოადგენს სიმსივნური წარმონაქმნისგან აღებული ნაცხის ან ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური გამოკვლევა. შინაგან ორგანოებში მეტასტაზის არსებობის გამოსარიცხავად იყენებენ ულტრაბგერით კვლევას, რენტგენოგრაფიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
კანის კიბოს ყველაზე ხშირად სხივური თერაპიით (ახლოფოკუსური რენტგენოთერაპიით) მკურნალობენ. უფრო გავრცობილი ფორმების დროს პარალელურად ტარდება დისტანციური გამა-თერაპია. იყენებენ დასხივების სხვა კომბინაციასაც.
დასხივების შედეგად, რომელიც საშუალოდ 3-4 კვირას გრძელდება, კიბოს ქსოვილი კვდება, ხოლო სხივური რეაქციის გაქრობის შემდეგ კანზე რჩება ნაწიბური.
ქირურგიულ ჩარევას ძალიან გავრცობილი დაზიანების ან სხივური თერაპიის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ფორმის შემთხვევაში მიმართავენ. კერძოდ, ოპერაციისწინა დასხივების შემდეგ ხდება სიმსივნის ფართო (პერიფერიასა და სიღრმეში) ამოკვეთა. ასეთი ოპერაციის შედეგად წარმოქმნილი ფართო ჭრილობის დახურვა ხორციელდება კანის პლასტიკით. შესაძლოა ჩატარდეს სიმსივნის კრიოდესტრუქციაც.

პაციენტი ოპერაციისთვის სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. მთავარია, ირგვლივ მდებარე კანზე არ დარჩეს სხივური რეაქციის კვალი. ჩვეულებრივ, მასზე უსვამენ ინდიფერენტულ (ატმის ან ქაცვის) ზეთს. კანის უკეთ აერაციის მიზნით რეკომენდებული არ არის ნახვევის დადება.
კანის კიბოს დროს ქიმიოთერაპიას იშვიათად მიმართავენ, თუმცა ცნობილია კანის კიბოს ადრეული სტადიის ციტოსტატიკური პრეპარატებით (მალამოებით) წარმატებული მკურნალობის შემთხვევები.
მეტისმეტად გავრცობილი, არაოპერირებადი ფორმების დროს პლასტიკის მიზნით ტარდება ზედაპირული დასხივება, რომელსაც ზოგჯერ შინაგან ქიმიოთერაპიასაც უთავსებენ.
კანის კიბო კეთილსაიმედოდ ითვლება, თუმცა შორს წასულ სტადიებში რადიკალური შედეგი ყოველთვის არ მიიღწევა. ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომელიც დიდი დეფექტების წარმოქმნას იწვევს.
ისევე, როგორც ნებისმიერ ავთვისებიან სიმსივნეს, რეციდივებისკენ მიდრეკილება კანის კიბოსაც ახასიათებს, განსაკუთრებით - არასწორად ჩატარებული დასხივების ან დაზიანებული უბნის არასაკმარისად ფართოდ ამოკვეთის შემთხვევაში.
კანის დანამატების კიბოს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, სხვა მეთოდები უეფექტოა.

პროგნოზი. გარდა კიდურების კანის კიბოსი, რომელიც მაღალი ავთვისებიანობით გამოირჩევა და სწრაფად იძლევა მეტასტაზებს შორეულ არაოპერირებად ლიმფურ კვანძებში, კანის ნებისმიერი ლოკალიზაციის კარცინომა შესაძლოა სრულიად განიკურნოს. დაავადება მიმდინარეობს ნელა, მეტასტაზები იშვიათად ვითარდება. განკურნება ათიდან ცხრა შემთხვევაშია მოსალოდნელია. ზედაპირული ფორმების დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა. კანის კიბოს პროფილაქტიკა ითვალისწინებს ქრონიკული კიბოსწინარე დისკერატოზის, მგლურას, დიდხანს შეუხორცებელი წყლულის დროულ მკურნალობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:09 | შეტყობინება # 323
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კუჭის სიმსივნეების 90-95% ავთვისებიანია. მათი 95% კარცინომაა. ავადობისა და სიკვდილიანობის მხრივ კუჭის კიბოს მეორე ადგილი უკავია ფილტვების კიბოს შემდეგ. ავთვისებიანი სიმსივნის ეს ფორმა მამაკაცებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ყველაზე ხშირად 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა არცთუ იშვიათია 30-35 წლის და უფრო ადრეულ ასაკშიც. მამაკაცებს კუჭის კარცინომა უმთავრესად 50-57 წლის ასაკში უვლინდებათ.
კიბო კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან წარმოიქმნება და ადენოკარცინომის მსგავსი სტრუქტურისაა, მაგრამ არცთუ იშვიათად აქვს უფრო ანაპლაზიური ხასიათიც.
განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას:
I სტადია - სიმსივნის დიამეტრი არ აღემატება 2 სმ-ს, მოიცავს მხოლოდ ლორწოვან გარსს, არ შეიმჩნევა მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში;
II სტადია - სიმსივნური წარმონაქმნის დიამეტრი უტოლდება 4-5 სმ-ს, ჩაზრდილია ლორწოვანქვეშა და კუნთოვან გარსში, შესაძლოა, განვითარდეს რეგიონული მეტასტაზები;
III სტადია - სიმსივნე დიდი ზომისაა, ჩაზრდილია სეროზულ გარსსა და მეზობელ ორგანოებში, განვითარებულია შორეული მეტასტაზები.
ოპერაციული ჩარევის შემდეგ სიმსივნე TNM სისტემის მიხედვით კლასიფიცირდება.
ზრდის მიხედვით განასხვავებენ კუჭის კიბოს ოთხ ფორმას.
პოლიპისებრი, ეგზოფიტურად მზარდი კიბო მკვეთრად გამოყოფილ და კუჭის სანათურში სოკოსებურად მზარდ სიმსივნეს წარმოადგენს. ეს ფორმა ნელა იზრდება, გვიან ვლინდება და მეტასტაზირდება, რაც მის კეთილსაიმედოობაზე მეტყველებს.
ლანგრისებრი ეგზოფიტურად მზარდი კიბო წარმოადგენს მკვეთრად შემოფარგლულ ბრტყელ წყლულს, რომელსაც გარს აკრავს მაღალი ლილვაკი. იგი მეტასტაზებს შედარებით გვიან იძლევა.
ინფილტრაციულ-წყლულოვანი კიბო წყლულს ჰგავს, მაგრამ არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები. კუჭის კედელი დიფუზურად ინფილტრირებულია.
მეოთხე ფორმაა ინფილტრირებული კიბო ხილული საზღვრების გარეშე.

ორი უკანასკნელი ფორმა ძლიერ ავთვისებიანია, ადრევე ჩაიზრდება კუჭის სეროზულ გარსში, იწვევს მეტასტაზებს და დისემინაციას მუცლის ღრუში.
კუჭში კიბოს ლოკალიზაცია ტიპურია. უმეტესად აზიანებს მცირე სიმრუდეს, კუჭის გამოსასვლელს, სუბკარდიულ და კარდიულ ნაწილებს. შედარებით იშვიათად ჩნდება დიდ სიმრუდესა და კუჭის ფსკერზე.
კუჭის კიბოს წარმოშობის მიზეზი უცნობია. შეინიშნება კარცინომის სიხშირის მატება (20%-ით) ოჯახის წევრებს შორის. სავარაუდოა გენეტიკური კომპონენტის არსებობაც. განსაზღვრული ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს C ვიტამინის დეფიციტს, კონსერვანტებს, ნიტროზამინებს.
კუჭის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოსწინარე მდგომარეობები: ქრონიკული ატროფიული გასტრიტი, ქრონიკული წყლული, პერნიციოზული ანემია, კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა (განსაკუთრებით - რეზექციიდან 10-20 წლის შემდეგ), კუჭის ადენომური პოლიპი (მალიგნიზაციის სიხშირე უტოლდება 40%-ს 2 სმ-ზე მეტი დიამეტრის პოლიპებში), იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, Helicobacter pylori-თ ინფიცირება, ამიტომ კუჭის კიბოს პროფილაქტიკის უმთავრესი გზა ამ დაავადებების დროული მკურნალობაა. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება შინაგანი კანცეროგენული ფაქტორების (უხეში, დაშაშხული, ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე საკვები, კვების არასწორი რეჟიმი, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება) აღმოფხვრას. ეს ფაქტორები ხელს უწყობს გასტრიტის განვითარებას, რომელიც შემდგომ კიბოს საფუძვლად იქცევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:10 | შეტყობინება # 324
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმპტომები და მიმდინარეობა. კუჭის კიბოს კლინიკური ნიშნები დაავადების საწყის სტადიაში მწირი და გაურკვეველია. ჩივილებს ზოგჯერ ექიმიც კი გასტრიტის გამოვლინებად მიიჩნევს და სრული გასტროლოგიური გამოკვლევის გარეშე ნიშნავს ამა თუ იმ მედიკამენტს. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებმაც ავადმყოფის ჩივილების ყურადღებით გაანალიზების შემთხვევაში ადვილად შეიძლება სპეციალისტს კიბო აეჭვებინოს. ეს სიმპტომებია:
განწყობის შეცვლა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება და გამოიხატება უმიზეზო სისუსტით, შრომის უნარის დაქვეითებით, სწრაფი დაღლით;
უმადობა, საკვების მიმართ ზიზღი;
მუცელში დისკომფორტის შეგრძნება, ჭამის შედეგად ფიზიოლოგიური კმაყოფილების განცდის დაკარგვა, მუცლის გადავსების შეგრძნება ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგაც კი, ჭრა მუცელში, ტკივილი მკერდის ძვლის ქვემოთ, იშვიათად - გულისრევა და ღებინება;
უმიზეზო პროგრესირებადი გახდომა, რომელსაც თან სდევს სიფითრე;
ცხოვრების ხალისის, ახლობლებისა და სამუშაოსადმი ინტერესის დაკარგვა, აპათია, გაუცხოება.

ეს სიმპტომები ზოგჯერ ფაქტობრივი ჯანმრთელობის ფონზე ვლინდება, ზოგჯერ კი წინ უძღვის კუჭის ხანგრძლივი დაავადება. ამ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ ავადმყოფისთვის კარგად ნაცნობი გასტრიტული ან წყლულოვანი სიმპტომების შეცვლას და ახალი არასასიამოვნო შეგრძნებების გაჩენას. მკვეთრი, აშკარა სიმპტომები კიბოს მხოლოდ გავრცობილი ფორმის დროს ვლინდება. ესენია: მუდმივი, ძლიერი ტკივილი, რომელიც ზურგში გადაეცემა, შეუპოვარი ღებინება, საერთო სისუსტე, პროგრესირებადი გახდომა და ანემიზაცია. თავდაპირველად თვალში საცემია ავადმყოფის სიფითრე, გვიან სტადიაში კი კანს მიწისფერი ედება (კიბოს ადრეულ სტადიებში მრავალი ავადმყოფი გარეგნულად არ იცვლება). კუჭის კიბო ხშირად ადრეულ სტადიაშივე იწვევს მეტასტაზებს ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ღვიძლსა და უფრო შორეულ უბნებშიც კი (მაგალითად, მუცლის აორტაში). მეტასტაზები უმეტესად აზიანებს ღვიძლს, პანკრეასს, ფილტვებს, საკვერცხეებს, მუცლის კედელს, იწვევს ასციტს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გასინჯვადი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას პალპაცია მრავლისმომცემია, მაგრამ უმეტესად, განსაკუთრებით - ადრეულ სტადიებში, სიმსივნე ხელით არ ისინჯება.
ლაბორატორიული გამოკვლევებიდან ინფორმაციულია კუჭის წვენის ანალიზი და განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე.
სისხლის ანალიზი საგულისხმო ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ ჰემოგლობინის დაცემა და ედს-ის დაქვეითება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
კიბოს დიაგნოსტიკა დამატებითი გამოკვლევის შედეგებსაც ეფუძნება. ენდოსკოპია ბიოფსიითა და ციტოლოგიური გამოკვლევითურთ ასიდან 95-99 შემთხვევაში უტყუარი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებელია მეტასტაზების გამოსავლენად.
ამჟამად, ენდოსკოპიური ტექნოლოგიის განვითარებისა და გამოკვლევის ამ მეთოდის ხელმისაწვდომობის პირობებში, კიბოს ამოსაცნობ მთავარ მეთოდს წარმოადგენს გასტროსკოპია (გასტროფიბროსკოპია). ეს გამოკვლევა იძლევა წარმონაქმნის დანახვის საშუალებას, ავლენს კუჭის კედლის ინფილტრაციის ზონას, აადვილებს ციტოლოგიური კვლევისთვის აუცილებელი ბიოფსიური მასალის აღებას. ატიპური უჯრედების აღმოსაჩენად მიმართავენ ციტოლოგიურ კვლევას.
დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ კვლევას, რომელიც წინათ კუჭის კიბოს დიაგნოსტირების მთავარ მეთოდს წარმოადგენდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:10 | შეტყობინება # 325
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საეჭვო შემთხვევებში, როდესაც კუჭის კარცინომის გამორიცხვა ვერც ერთი ზემოხსენებული გამოკვლევით ვერ ხერხდება, მიმართავენ დიაგნოსტირების უკანასკნელ ეტაპს - დიაგნოსტიკურ ლაპაროტომიას: ხსნიან კუჭის სანათურს და უშუალოდ ათვალიერებენ ლორწოვანს, ყველაზე საეჭვო უბნიდან იღებენ ნაცხს და ატარებენ ბიოფსიას. თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიებისა და გაუტკივარების პირობებში ეს ოპერაცია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თანაც შედეგი საწყის სტადიაშიც კი უტყუარია.
მკურნალობა. კუჭის კიბოს მკურნალობის ძირითად და რადიკალურ მეთოდს ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია კუჭში სიმსივნის მდებარეობაზე, რეგიონული ლიმფური კვანძების დაზიანების ხარისხსა და შორეული მეტასტაზების არსებობაზე. მკურნალობის ამ მეთოდის პარალელურად სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დანიშვნის საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაშია.
არსებობს კუჭის კიბოს რადიკალური ამოკვეთის სამი სახის ოპერაცია:
კუჭის სუბტოტალური რეზექცია - ტარდება კუჭის ქვედა ნახევარში სიმსივნის არსებობისას;
გასტროექტომია - ტარდება მაშინ, როდესაც პროცესი კუჭის ზედა მესამედზეა გავრცელებული;
პროქსიმული რეზექცია ანუ კუჭის ზედა მესამედის რეზექცია - ტარდება კუჭის კარდიული ნაწილის მცირე ორგანულ დაზიანებათა არსებობისას.

საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ გაფართოებულ, კომბინირებულ რეზექციას ან გასტროექტომიას. ამ დროს ქირურგიული ჩარევა ხდება არა მარტო კუჭსა და მის ლიმფურ აპარატზე, არამედ იმ მეზობელ ორგანოებზეც, რომლებშიც ჩაზრდილია კიბო (პანკრეასზე, ღვიძლზე, განივ კოლინჯზე).
კიბოთი დაავადებული დასუსტებული ავადმყოფისთვის ოპერაცია სერიოზულ ჩარევად ითვლება და მოითხოვს პაციენტის გულდასმით მომზადებას, ხოლო ოპერაციის შემდეგ - სათანადო მეთვალყურეობას.
ოპერაციის წინ ავადმყოფს უტარდება ზოგადგამაჯანსაღებელი მკურნალობა. კერძოდ, ხდება მისი ორგანიზმის შევსება ცილოვანი პრეპარატებით, სითხით, ვიტამინებით, ენიშნება მატონიზებელი საშუალებები, კუჭის გასავლის შევიწროებისა და მასში გადაუმუშავებელი საკვები მასების დაყოვნების შემთხვევაში - კუჭის ყოველდღიური გამორეცხვა მარილმჟავას სუსტი ხსნარით და სხვა.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, კუჭის რეზექციის შემდეგ - 2-3 დღის, ხოლო გასტროექტომიის შემდეგ 4-6 დღის განმავლობაში, იკრძალება საკვებისა და სითხის პირიდან მიღება. აუცილებელი სითხე და საკვები ნივთიერებები ორგანიზმს უნდა მიეწოდოს ვენაში ინსულინისა და ვიტამინების შემცველი ხსნარების, სისხლისა და ცილოვანი პრეპარატების გადასხმის გზით. სხვადასხვა ნივთიერებაზე ორგანიზმის მოთხოვნილება სისხლის გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება. გარდა ამისა, ისევე, როგორც ყველა დიდი ოპერაციის შემდეგ, ამ შემთხვევაშიც ინიშნება ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები, ნარკოტიკი და ჟანგბადი. ოპერაციის მეორე დღეს სუნთქვისას გულმკერდის ყაფაზის მოძრაობის გასაადვილებლად და ფილტვებში შეგუბებითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფს მაღალ სასთუმალზე აწვენენ. მეტად მნიშვნელოვანია სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება, პირის ღრუს, ენისა და კბილების გაწმენდა. ტუჩებსა და ენაზე გამოშრობის შემთხვევაში უსვამენ გლიცერინის წყალხსნარს (1:1), რომელსაც რამდენიმე წვეთი სპირტი აქვს დამატებული.
ექიმის ნებართვით ავადმყოფი თავდაპირველად იწყებს თხიერი საკვების მიღებას, შემდეგ კი თანდათანობით აფართოებს დიეტას გახეხილი ყველი, თხიერი ფაფით, არაჟნით, მაწვნით, ხოლო 7-10 დღის შემდეგ გადადის მაგიდა #1-ზე.
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს გართულებებმა. პირველ დღეებში მოსალოდნელია სისხლდენა კუჭის დარჩენილი ნაწილის სანათურში (რაც სისხლიანი ღებინებით ვლინდება) ან თავისუფალ მუცლის ღრუში, რაც ქმნის კოლაფსის განვითარების რისკს. ოპერაციიდან მეორე-მესამე დღეს არსებობს პნევმონიის განვითარების ალბათობა, მეოთხე-მეხუთე დღეს კი - პერიტონიტისა, რომელიც დაუყოვნებლივ დიაგნოსტირებას და აქტიურ ჩარევას საჭიროებს.
თუ კუჭის რეზექცია შეზღუდულად და ეკონომიურად განხორციელდა, არ არის გამორიცხული კიბოს რეციდივი, რომელსაც ხშირად თან სდევს შორეული მეტასტაზების გაჩენა. ამ დროს ავადმყოფის დახმარება შეუძლებელია, თუმცა ცნობილია განმეორებითი ოპერაციით რეციდივისგან რადიკალური განკურნების შემთხვევებიც.
კუჭის კიბოს გავრცობილი, არაოპერირებადი ფორმების დროს მიმართავენ ქიმიოთერაპიას ერთი ან რამდენიმე პრეპარატის გამოყენებით. კლინიკური სიმპტომების შესუსტება მიიღწევა ისეთი პალიატიური ოპერაციებით, როგორიც არის გასტროენტეროანასთომოზი, ეზოფაგოგასტროანასთომოზი, გასტროსტომია, რეკანალიზაცია ლაზერის მეშვეობით.

პროფილაქტიკა. კუჭის კიბოს პროფილაქტიკა გულისხმობს კიბოსწინარე მდგომარეობების (კუჭის პოლიპის, ქრონიკული წყლულის, ანაციდური გასტრიტის) მკურნალობას და კვების ნორმალური რეჟიმის დაცვას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:10 | შეტყობინება # 326
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. ამ დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.
განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.
საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას. სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.
საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა (გიგანტურიც კი გვხვდება) და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით (სეროზული კისტომა), ან ლორწოთი (ფსევდომუცინოზური კისტომა), ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით (ტერატოიდული კისტომა). ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები - პაპილომური წანაზარდები, რომლებიც გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.
საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს. სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით (კრუკენბერგის სიმსივნე). საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.

ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა, რომელიც გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე, ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო, ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე (საკვერცხის გრანულები ჩნდება ახალგაზრდა ასაკში და ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა), დისჰერმინომა (ახასიათებს სწრაფი ზრდა, მეტასტაზირდება მუცლის გარეთა ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში, მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის მოშლით), ტერატოკარცინომა და სხვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:10 | შეტყობინება # 327
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მიმდინარეობა და სიმპტომები. საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის. მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ. როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.
საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ - კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა, რომლებიც მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.
ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას (გოგონებში - ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში - სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა, რომელიც, პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას, წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვ ლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.
მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ - მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში. შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც კია შესაძლებელი.

დიაგნოსტიკა. საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი. გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.
დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის (A-ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი), ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.
ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა (პირველ რიგში - კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).
მკურნალობა. საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ვინაიდან ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება, ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:10 | შეტყობინება # 328
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საკვერცხის კიბოს დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.
შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა, ხოლო სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
საკვერცხეების კიბოს ზოგიერთი ფორმის (პაპილარული ცისტადენომის) დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.

პროფილაქტიკა. საკვერცხეების კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია რეგულარული გინეკოლოგიური პროფილაქტიკური გასინჯვით. გასინჯვის შედეგები ულტრაბგერითმა ტომოგრაფიამ უნდა დაადასტუროს. საკვერცხის სიმსივნე, თუნდაც კეთილთვისებიანს ჰგავდეს, უნდა ამოიკვეთოს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:10 | შეტყობინება # 329
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კისერმრუდობა კისრის დეფორმაციაა. ამ დროს თავი დახრილია ცალ მხარეს და ოდნავ უკან არის მიბრუნებული. კისერმრუდობა უმეტესად ცალმხრივია. ორმხრივი ფორმა იშვიათია.
დაავადების განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს ძვლების, რბილი ქსოვილების, სისხლძარღვებისა და ნერვების ნორმალური მდგომარეობის დარღვევა. კისერმრუდობა შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილ კუნთოვან კისერმრუდობას სიხშირით მესამე ადგილი უკავია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილ დაავადებებს შორის. ის უმეტესად გოგონებს აღენიშნებათ და, წესისამებრ, მარჯვენამხრივია.
თანდაყოლილი კისერმრუდობის მიზეზი ყველაზე ხშირად მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის პათოლოგიაა. ეს კუნთი კისრის ორივე მხარეს მდებარეობს. ზემოდან იგი ემაგრება დვრილისებრ წანაზარდს, რომელიც მდებარეობს ყურის უკან და ქვემოთ, ქვემოდან კი - ლავიწს. მისი ფუნქცია თავის დახრა და ბრუნებაა. თანდაყოლილი კისერმრუდობის დროს, სავარაუდოდ, ერთმანეთს ერწყმის მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების განვითარების მანკი და მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა. ტრავმას თან სდევს კუნთში სისხლჩაქცევა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწიბური და კუნთი მოკლდება.
დაბადებისთანავე კისერმრუდობა ბავშვების დაახლოებით 1%-ს უვლინდება. ზოგიერთ ახალშობილს ეტყობა მხოლოდ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის გასქელება ცალ მხარეს ან სახის ასიმეტრია. მოგვიანებით დაავადებულ მხარეს კუნთი ზრდაში ჩამორჩენას იწყებს, ხოლო სიცოცხლის მესამე კვირას უკვე შესამჩნევია თავის დახრა დაავადებულ მხარეს და სახის ჯანმრთელ მხარეს მიბრუნება.
თუ კისერმრუდობას დროულად არ ვუმკურნალეთ, სახის ასიმეტრია გაძლიერდება, ხერხემალი კისრის მიდამოში გამრუდდება და შესაძლოა, შესამჩნევი გახდეს განსხვავება ყურების ნიჟარების ზომასა და ფორმას შორის. ნებაზე მიშვებული კისერმრუდობა 6-7 წლის ასაკში უკვე მკვეთრად არის გამოხატული: ბავშვს თავი მობრუნებული აქვს, მხრები - აწეული, სახე, ყბები და ხერხემლის კისრის ნაწილი - ასიმეტიული, თვალი და წარბი დავადებულ მხარეს უფრო დაბლა მდებარეობს, ირღვევა ხახის განვითარება, იზრდება დვრილისებრი მორჩი, რომელზეც მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთია მიმაგრებული. შესაძლოა, შეიცვალოს სასმენი მილის მიმართულება.
ორმხრივი კისერმრუდობის დროს დაავადებულს თავი უკან აქვს გადაწეული (თუმცა არის წინ დახრის შემთხვევებიც) და მიბრუნება-მობრუნება უჭირს.

იშვიათად გვხვდება კისერმრუდობის შემდეგი ფორმები:
ნეიროგენული. ვითარდება კისრის კუნთების დამბლის შედეგად. ეს შესაძლოა იყოს სპასტიკური დამბლა ენცეფალიტის გადატანის შემდეგ. ამ დროს აღმოცენდება კუნთების ტიკისმაგვარი ჰიპერკინეზია - იძულებითი არაკონტროლირებდი შეკუმშვა - და თავის ქნევისმაგვარი მოძრაობები. ასევე შეიძლება გამოიწვიოს გადატანილი პოლიომიელიტის შედეგად განვითარებულმა დამბლამ.
დერმატოგენური (კანისა). იწვევს დამწვრობის ან ტრავმის შედეგად გაჩენილი ნაწიბურები.
ძვლოვანი. განაპირობებს ხერხემლის კისრის ნაწილის სოლისმაგვარობა ან გაძვალება.
დესმოგენური. იწვევს ანთებითი დაავადება (ლიმფური კვანძების ანთება, ფლეგმონა) კისრის არეში.
რეფლექტორული. ამ დროს კისერმრუდობას თან სდევს შუა ყურის, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების ანთება.
ტრავმული. ვითარდება ხერხემლის ტრავმის (კისრის ნაწილის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის) შედეგად.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:11 | შეტყობინება # 330
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მკურნალობა. კისერმრუდობის ადრეული გამოვლენისას პროგნოზი საიმედოა, ხოლო ნებაზე მიშვებული ფორმის შემთხვევაში, როცა ქალას ასიმეტრიულობა უკვე ფორმირებულია, სასურველი შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. თუ კისერმრუდობა სამშობიაროშივე გამოვლინდა, ახალშობილს საწოლში თავისებურად - ჯანმრთელი მხარით კედლისკენ - აწვენენ. გარდა ამისა, ბავშვი ისე უნდა ვკვებოთ, რომ თავის დაავადებულ მხარეს მობრუნებას ცდილობდეს. სამშობიაროშივე ინიშნება მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მასაჟი ორივე მხარეს, სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ კი - სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი და ფიზიოთერაპია. ზოგჯერ საჭიროა სპეციალური საყელოს ტარება.
კისერმრუდობის გასწორება ხშირად პირველივე წლის მიწურულისთვის ხერხდება. თუ ორი წლისთვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ტარდება დაავადებული კუნთის პლასტიკური ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პაციენტს თვე-ნახევრით ადებენ თაბაშირს, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კი ბავშვმა სპეციალური თავის დამჭერი უნდა ატაროს, ჩაუტარდეს ფიზიოთერაპიული პროცედურები და სამკურნალო ფიზკულტურა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz