პარასკევი, 29.03.2024, 10:38
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:11 | შეტყობინება # 331
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საკვერცხის კისტა სიმსივნისებრი წარმონაქმნია, რომელიც კისტურად გადაგვარებულ საკვერცხის ღრუში სითხის დაგროვების შედეგად ვითარდება. დაგროვილი სითხის ოდენობა თანდათან იმატებს, რის გამოც კისტა ნელ-ნელა იზრდება.
საკვერცხის კისტა სხვადასხვა სახისაა. ყველაზე გავრცელებული სახესხვაობებია:
ფოლიკულური კისტა;
ყვითელი სხეულის კისტა;
თეკალუთეინური კისტა;
ენდომეტრიოიდული კისტა;
დერმოიდული კისტა;
პარაოვარიული კისტა.

ფოლიკულური კისტა
საკვერცხის კისტებს შორის ყველაზე ხშირია ფოლიკულური კისტა. ის უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი წარმოშობა საკვერცხის ესტროგენული ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, თუმცა განსაზღვრულ როლს ანთებითი პროცესებც ასრულებს.
მცირე ზომის, გაურთულებელი კისტა უმთავრესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ. ჩივილებს მხოლოდ კისტის ფეხზე შემოგრეხა ან მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა იწვევს. ამ დროს აღინიშნება ტკივილი წელის არეში და სიძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში.
დაიაგნოზის დასმა რთული არ არის. ის გინეკოლოგიური კვლევის მონაცემებს ეფუძნება. დიაგნოზის დასაზუსტებლად და საშვილოსნოს სუბსეროზული მიომისგან დიფერენცირების მიზნით ექოგრაფიას მიმართავენ. ასევე საჭიროა ფოლიკულური კისტის დიფერენცირება საკვერცხის კისტომისგან. კისტის დიაგნოზის სასარგებლოდ უმთავრესად მისი მცირე ზომა, ელასტიკური კონსისტენცია და პაციენტის ახალგაზრდა ასაკი მეტყველებს.

მკურნალობა ქირურგიულია. კისტას საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში ამოკვეთენ, რასაც რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ყვითელი სხეულის კისტა
ყვითელი სხეულის კისტები ფოლიკულურთან შედარებით იშვიათია. მათი წარმოშობის მექანიზმი ასეთია: ოვულაციის შემდეგ ფოლიკული არ იხურება და არ ივსება ლუთეინური უჯრედებით, ღრუ რჩება და სეროზული სითხით ივსება.
ყვითელი სხეულის კისტა ჰორმონულად არააქტიურია. მისი დიამეტრი იშვიათად აღემატება 3-4 სმ-ს. მას გლუვი ზედაპირი და ელასტიკური კონსისტენცია აქვს. ავადმყოფი, ჩვეულებრივ, არაფერს უჩივის, ამიტომ კისტას გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.
დიაგნოზის დასასმელად უმეტესად საკმარისია გინეკოლოგიური გამოკვლევა და ექოსკოპია. საჭიროა ყვითელი სხეულის კისტის დიფერენცირება საკვერცხეების ნამდვილი სიმსივნისგან - კისტომისგან. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს კისტის სასარგებლოდ მეტყველებს შედარებით მცირე ზომა, წარმონაქმნის გაჩენა ან გადიდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში.
თუ ყვითელის სხეულის კისტა იეჭვეს, ოპერაციული ჩარევას არ ჩქარობენ. ავადმყოფს უწესდება დისპანსერული მეთვალყურეობა, უტარდება დათვალიერება ყოველ 2 თვეში ერთხელ. თუ კისტა არ უკუგანვითარდა ან ზრდა დაიწყო, ოპერაციული მკურნალობა გარდაუვალია, ვინაიდან კლინიკური ნიშნების საფუძველზე საკვერცხის ნამდვილი სიმსივნის გამორიცხვა ძალიან ძნელია. ოპერაციის დროს საკვერცხეს კისტითურთ ამოკვეთენ.
ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულურის მსგავსად, რეციდივს იძლევა. პროგნოზი ორივე შემთხვევაში კეთილსაიმედოა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:11 | შეტყობინება # 332
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თეკალუთეინური კისტა
თეკალუთეინური კისტა ტროფობლასტური დაავადებების - ბუშტნამქერისა და ქორიონეპითელიომის დროს ვითარდება. კისტოზური წარმონაქმნები ჩნდება ორივე საკვერცხეში, ფოლიკულების გარსზე მალუთეინიზებელი ჰორმონის დიდი ოდენობით შემცველი ქორიონული გონადოტროპინის მასტიმულირებელი ზემოქმედების შედეგად (მალუთეინიზებელი ჰორმონი გონადოტროპული ჰორმონია, გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილში და მონაწილეობს რეპროდუქციიული ფუნქციის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში). ბუშტნამქერის ამოკვეთისა და ქორიონეპითელიომის ქიმიოთერაპიის შედეგად თეკალუთეინური კისტები გაიწოვება, ამიტომ ქირურგიული მკურნალობა საჭირო არ არის.

ენდომეტრიოიდული კისტა
საკვერცხეების ენდომეტრიოზი გენიტალური ენდომეტრიოზის გავრცელებული ფორმაა. ავადმყოფები უმთავრესად უჩივიან ტკივილს, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა იმატებს, თავს იჩენს პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები, რაც ენდომეტრიოიდული კისტების მიკროპერფორაციით და მათი შიგთავსის (სისხლის) მუცლის ღრუში მოხვედრით აიხსნება. მუცლის ღრუში სისხლისა და ქსოვილთა ნაწილაკების მოხვედრა მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესების განვითარებას იწვევს.
დაავადების დასაწყისში საშვილოსნოს დანამატების არეში ისინჯება ცალმხრივი, მცირე ზომის, გასინჯვისას მტკივნეული, მრგვალი ელასტიკური წარმონაქმნი. თანდათან კისტა იზრდება, პროცესი მეორე საკვერცხეზეც ვრცელდება, იწყება შეხორცება და წარმოიქმნება ერთიანი კონგლომერატი, რომელიც საშვილოსნოსა და მის დანამატებს მოიცავს. კონგლომერატს აქვს სქელი კაფსულა და უძრავია. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს სიგმოიდურ ნაწლავზეც და მისი სტენოზი გამოიწვიოს.
საკვერცხის ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფთა უმრავლესობა დიდხანს და უშედეგოდ მკურნალობს ქალთა კონსულტაციებში "ანთებით პროცესს".
აუცილებელია ენდომეტრიოიდული კისტის დიფერენცირება საკვერცხეების კიბოსგან, ასევე - საშვილოსნოს დანამატების არასპეციფიკური და სპეციფიკური ეტიოლოგიის პარკისებრი ანთებითი წარმონაქმნებისგან. სადიაგნოსტიკოდ უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს ავლენს. დიაგნოსტიკის ძალზე ინფორმაციული მეთოდი, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიაში, არის ლაპაროსკოპია, რომელიც საკვერცხის ენდომეტრიოიდული წარმონაქმნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაპაროსკოპიას და ლაპაროტომიის დროს აღებული ქსოვილის მიკროსკოპიულ გამოკვლევას.
ენდომეტრიოიდული კისტის დროს ტარდება ჰორმონული, ქირურგიული, სიმპტომური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:11 | შეტყობინება # 333
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დერმოიდული კისტა
დერმოიდული კისტა უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ჩნდება. ასიდან 85 შემთხვევაში ცალმხრივია, 15-ში - ორმხრივი. სიმსივნის ზომა 5-დან 20 სმ-მდე მერყეობს. ფორმით მრგვალი ან ოვალურია, აქვს გლუვი ან უსწორმასწორო ზედაპირი, თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, არათანაბარი კონსისტენციის, ზოგან რბილი, ზოგან კი ქვასავით მკვრივი შიგთავსი. სიმსივნის გაკვეთისას იღვრება სქელი ცხიმოვანი სითხე. კისტაში ცხიმთან ერთად პოულობენ თმის ბღუჯას.
კისტის შიგნითა ზედაპირის უდიდესი ნაწილი გლუვია. მხოლოდ ერთი ადგილია ამობურცული. მას პარენქიმული ბორცვი ეწოდება. ბორცვში ხშირად არის კბილები, ძვლები, ორგანოთა ნაწილები, თვალების, ყურებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჩანასახები.
დიაგნოზის დასმას აადვილებს გასინჯვისას სიმსივნის არათანაბარი კონსისტენციის შეგრძნება და ექოსკოპიური გამოკვლევა. ავთვისებიანი გადაგვარება ასიდან 1-2 შემთხვევაშია მოსალოდნელი. მკუნალობა მხოლოდ ქირურგიულია.

პარაოვარიული კისტა
პარაოვარიული, ანუ საკვერცხის ზედა დანამატის კისტები საკვერცხის ახლოს წარმოიქმნება კოლფის სხეულისგან, რომელიც საშვილოსნოს მილსა და საკვერცხეს შორის, მეზოსალპინქსის ფურცლებში მოთავსებულ ბრმა დაბოლოების მქონე მილაკებს წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ეს მილაკები ობლიტერაციას განიცდის და რუდიმენტული წარმონაქმნის სახე აქვს, მაგრამ სეკრეტის პროდუქციის გამო შესაძლოა კისტოზურად გაფართოვდეს.
პარაოვარიული კისტის კედელი შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება. შიგნითა ზედაპირი გლუვია. კისტა უმეტესად ერთკამერიანია, აქვს ძალიან თხელი კედელი და იოგებს შორის გამჭვირვალეა. ფორმით მრგვალი ან ოვალურია, ზომა 5-დან 25 სმ-მდე მერყეობს.
საკვერცხე პათოლოგიურ პროცესში, ჩვეულებრივ, არ ერთვება. ის კისტის ქვევით და გვერდზეა მოქცეული. საშვილოსნოს მილი ხშირად კისტის ზედაპირზეა გადაჭიმული.
მცირე ზომის პარაოვარიული კისტა პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ავადმყოფი არაფერს უჩივის, მენსტრუალური ფუნქცია არ იცვლება. როდესაც კისტა დიდია, თავს იჩენს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლით განპირობებული სიმპტომები. განსაკუთრებით ხშირია დიზურიული მოვლენები. გინეკოლოგიური გამოკვლევისას აღმოაჩენენ კისტოზურ წარმონაქმნს, რომლის მოძრაობა შეზღუდულია.
პარაოვარიული კისტის მკურნალობა ქირურგიულია - კისტას ამოკვეთენ. ქირურგიული ჩარევისას შეძლებისდაგვარად ცდილობენ საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების შენარჩუნებას. პარაოვარიული კისტის ამოკვეთის შემდეგ რეციდივი ძალზე იშვიათია. პროგნოზი კეთილსაიმედოა. უკიდურესად იშვიათია კისტის მალიგნიზაციის შეთხვევებიც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:11 | შეტყობინება # 334
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კბილის კისტა ღრუ წარმონაქმნია, რომელიც უმეტესად კბილის ფესვის მწვერვალზე ჩნდება და, წესისამებრ, სითხით არის ამოვსებული. მას ახასიათებს ზრდა, რის შედეგადაც კბილის ფესვის გარშემო ჯანმრთელი ძვლოვანი ქსოვილი მცირდება. ყოველივე ეს საფრთხეს უქადის იმ კბილს, რომლის ფესვთანაც მდებარეობს კისტა. კბილის კისტა ინფექციაზე ორგანიზმის თავისებური პასუხია. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს კბილის არასწორი მკურნალობის დროს. ზოგჯერ კბილის კისტა ვითარდება ჰაიმორიტის ან ისეთი ინფექციური დაავადების შედეგად, რომლის დროსაც პათოგენური მიკრობები სისხლთან ერთად ხვდება ღრძილებში.
კბილის კისტის ფორმირება, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის მუდმივად იზრდება და ჯანსაღი ძვლოვანი ქსოვილი ზიანდება, ამიტომ პერიოდულად ვიაროთ სტომატოლოგთან. კისტის გამოვლენისა და მკურნალობის სისწრაფეზეა დამოკიდებული კბილის შენარჩუნების ალბათობა. ტკივილი, ტემპერატურა და ფლუსი მხოლოდ გვიან სტადიაში ვითარდება.
ადრეულ სტადიაში შესაძლებელია კბილის კისტის განკურნება თერაპიული მეთოდებით - ექიმი ხსნის ფესვის არხებს და ინფიცირებულ შიგთავსს გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევს, მერე კი სამკურნალო პრეპარატების მეშვეობით ახდენს ანთებითი კერის ბლოკირებას. თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ მეთოდებს: ცისტექტომიას, ჰემისექციას, კბილის ფესვის მწვერვალის რეზექციას - ექიმი ამოკვეთს დაზიანებული ფესვისა და ძვლოვანი ქსოვილის ფრაგმენტებს და ყბის ძვლის რეგენერაციისთვის სათანადო პირობებს ქმნის. ქირურგიული ჩარევის უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა კბილის ამოღება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:11 | შეტყობინება # 335
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კიფოსკოლიოზი არის ხერხემლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს გამრუდების შერწყმა ბუნებრივ კიფოზთან - გულმკერდის ნაწილის მოხრილობის გაძლიერებასთან. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თუ კიფოსკოლიოზი თანდაყოლილია, პარალელურად შესაძლოა დარღვეული იყოს შინაგანი ორგანოების ფიქსაცია და განვითარება.
კიფოსკოლიოზის მიზეზად შესაძლოა იქცეს დისპლაზია ანუ ძვალსახსროვანი სტრუქტურის განუვითარებლობა, ტრავმა, ბავშვობაში გადატანილი პოლიომიელიტი ან ანთებითი პროცესები.
კიფოსკოლიოზის დროს მცირდება ფილტვების ტევადობა, ძნელდება გულმკერდის ყაფაზის მოძრაობა, იზრდება სასუნთქი კუნთების დატვირთვა, მცირდება ფილტვის პარენქიმის წევადობა, ფილტვის ნარჩენი ფუნქციური ტევადობა. გამოხატული კიფოსკოლიოზის დროს ირღვევა აიროვანი ცვლა, შეიმჩნევა ალვეოლური ჰიპოვენტილაცია და CO2-ის ზრდა. კიფოსკოლიოზი გულმკერდის კედლის ზომიერი (გულის ფუნქციის დარღვევის კლინიკური ნიშნების გარეშე) დეფორმაციის შემთხვევაშიც კი იწვევს ფილტვის ჰიპერტენზიას ფიზიკური დატვირთვის დროს (ზოგჯერ - მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი).
გარდა ამისა, დამახასიათებელია ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს და ტკივილი ხერხემლის დაზიანებულ ნაწილში ნერვის მიჭყლეტის გამო.
დაავადების გვიანდელ სტადიაში მოსალოდნელია განვითარდეს ხანგრძლივი ჰიპოქსემიის გართულება - ფილტვის ჰიპერტენზია, გულის მარჯვენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა, ფილტვისმიერი გული.
გულმკერდის არეში ხდება შემდეგი ცვლილებები: ხერხემლის გამრუდებულ მხარეს ნეკნები ფართოვდება და ზურგისკენ ბრუნდება, შედრეკილ მხარეს კი ერთად არის თავმოყრილი და წინ არის წამოწეული.
დაავადების ხასიათის განსაზღვრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მის მიზეზს, ასევე მიმდინარეობის თავისებურებებს (პროგრესულია თუ არა) და შინაგან ორგანოთა ფუნქციებზე გავლენას.
დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ხერხემლის რენტგენოგრაფია, ზოგჯერ - ტომოგრაფიაც. მდგომარეობა უმეტესად მკურნალობას ექვემდებარება.

კიფოსკოლიოზის მკურნალობა ითვალისწინებს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მიმართულია დაავადების გამოვლინებათა შემცირებისკენ, ხერხემლის დაზიანებული ნაწილის, ასევე - მისი გავლენით ფუნქციაშეზღუდული შინაგანი ორგანოების ფუნქციათა აღდგენისკენ. ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა, სამკურნალო მასაჟი და მანუალური თერაპია, რომელთა მიზანია:
კუნთების ჰიპერტონუსის მოხსნა;
ხერხემლის პრობლემურ ნაწილში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
გამრუდებული ხერხემლის გასწორება და ტკივილის მოხსნა მიჭყლეტილი ნერვის გათავისუფლების გზით.

კიფოსკოლიოზის შორს წასულ სტადიებში (II და IV ხარისხის სკოლიოზი) შედეგიანია ოპერაციული ჩარევა, თუმცა ოპერაცია საკმაოდ რთულია და პირდაპირი ჩვენების არსებობის გარეშე არ ტარდება. ქირურგიული ჩარევისას ხერხემლის ლოკალური ფიქსაციის მიზნით გამოიყენება ლითონის ღერძი. ოპერაციის შემდეგ პაციენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებს თაბაშირის კორსეტს. ოპერაცია სრული გამოჯანმრთელების გარანტიას არ იძლევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:12 | შეტყობინება # 336
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კლიმაქსი - Klimax - климакс

მიზეზები და განვითარების მექანიზმი. მოზარდობიდან მენოპაუზამდე პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში ფუნქციონირებს ქალის სასქესო ჯირკვალი - საკვერცხე. განსაზღვრულ პერიოდში (საშუალოდ - 4 კვირაში) ერთხელ საკვერცხეში ფოლიკული მწიფდება, შემდეგ სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს. ამავე დროს ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს, რომელიც ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას. გამსკდარი ფოლიკულისგან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს. მისი ზემოქმედებით საშვილოსნოს ლორწოვანში მიმდინარეობს გარდაქმნები, კერძოდ, მომზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება. ამის შედეგად მკვეთრად ქვეითდება სისხლში პროგესტერონის დონე, რასაც საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა და მენსტრუაცია მოჰყვება. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი.
საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს 35-დან 50 წლამდე პერიოდში უახლოვდება (ეს ყველასთვის ინდივიდუალურია). თანდათანობით მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი უფრო და უფრო იშვიათად მწიფდება, რის გამოც მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული ხდება. საკვერცხეების ფუნქციას თავის ტვინში მდებარე ცენტრი არეგულირებს. მათი ფუნქციის დაქვეითებას ცენტრი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. განსაზღვრული ხნის განმავლობაში საკვერცხეები ახერხებენ უკანასკნელი რეზერვების მობილიზაციას, მაგრამ დგება დღე, როდესაც მათი ფუნქციონირება წყდება. ზოგ ქალს მენსტრუაცია შესაძლოა წინასწარი დარღვევების გარეშეც შეუწყდეს.
მენოპაუზის ასაკი ინდივიდუალურია, საშუალოდ 51 წელს უდრის, უმეტესად კი 45-დან 55 წლამდე მერყეობს. თუ მენოპაუზიდან 1 წლის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ ქალს სისხლდენები დაეწყო, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. მართალია, ეს უმეტესად ჰორმონული ბალანსის მერყეობის შედეგია, მაგრამ არ არის გამორიცხული, საშვილოსნოს კიბოს გამოვლინებაც იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებული კიბოსგან განკურნება შესაძლებელია, დაგვიანების შემთხვევაში კი პროგნოზი არასაიმედოა.
საკვერცხეების ფუნქციის მარეგულირებელი ცენტრი, ჰიპოთალამუსი, უკავშირდება თავის ტვინის სხვა უბნებს, მათ შორის - ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევას და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს, ასევე - ლიმბურ სისტემას, რომელიც "გრძნობათა ცენტრს" წარმოადგენს. ამიტომ არის, რომ მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს. საბედნიეროდ, ეს დარღვევები ყოველთვის არ ვითარდება. მენოპაუზის პერიოდში შემაწუხებელ მოვლენებს ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის. მესამედს მსუბუქი ფორმები აღენიშნება, ხოლო მესამედი კლიმაქსურ პერიოდში საერთოდ ვერ გრძნობს ცვლილებას. იმის წინასწარ განსაზღვრა, რომელ მესამედში მოხვდება ქალი, შეუძლებელია. ეს პიროვნულ თავისებურებებზე არ არის დამოკიდებული.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კლიმაქსის დროს ორი ტიპის დარღვევებია მოსალოდნელი:
ფსიქოვეგეტატიური დარღვევები - ალები, ოფლიანობა, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის ამა თუ იმ ადგილას (პარესთეზიები), შფოთვა - ჰორმონული ფონის ცვლილების შედეგია. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი. რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის და გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად გაივლის.
გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის ბუშტის პრობლემები (შარდის შეუკავებლობა და სხვა). ეს პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალს აწუხებს.
მეცნიერებმა ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს: იაპონელ, ჩინელ და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ქალებს კლიმაქსურ პერიოდში ნაკლებად აწუხებთ ალები. იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. თურმე ამის მიზეზი მათი რაციონია: ისინი უხვად მიირთმევენ ცხიმით ღარიბ და მცენარეული ესტროგენების შემცველ სოიის პროდუქტებს. შეიძლება ითქვას, იაპონელი ქალებისთვის სოიის ხაჭო ესტროგენული პლასტირის როლს ასრულებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:12 | შეტყობინება # 337
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰორმონების დეფიციტი და ძვლები
ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ სისხლში ესტროგენების კონცენტრაცია ეცემა, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ოსტეოპოროზი ვითარდება. ოსტეოპოროზს ჩუმ მძარცველს უწოდებენ - მისთვის დამახასიათებელია ძვლების ნელ-ნელა განლევა, რაც თავდაპირველად არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. ოსტეოპოროზი პირველად ხერხემლის არეში სიმკვრივედაკარგული მალების ტკივილებით ვლინდება. შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმაციას განიცდის. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა - ბარძაყის ყელის მოტეხილობა.
ოსტეოპოროზის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა. ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად ზრუნვა კლიმაქსამდე 20-25 წლით ადრე უნდა დაიწყოს.

ჰორმონების დეფიციტი და სისხლძარღვები
სისხლძარღვთა პროგრესირებადი გამკვრივება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და შრომის უნარზე, ხოლო მათ დახშობას მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი მოჰყვება. ამ დაავადებებს სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მთელ მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ათეროსკლეროზი (სისხლძარღვების გამკვრივება), ოსტეოპოროზის მსგავსად, თავდაპირველად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მამაკაცებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შესაძლოა უფრო მცირე ასაკშიც გამოაჩნდეთ, ქალებში კი პრაქტიკულად მხოლოდ 50 წლის შემდეგ გვხვდება. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია: ეს ჰორმონები ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს და ამგვარად ათეროსკლეროზისგან იცავს. გარდა ამისა, ესტროგენები, ვიტამინებისა და ზოგიერთი მიკროელემენტის მსგავსად, სისხლძარღვთა კედლებს იცავს თავისუფალი აგრესიული რადიკალებისაგან, აფართოებს სისხლძარღვთა სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის მოქმედების დაქვეითებას, შემდეგ კი შეწყვეტას იწვევს, რასაც ჯანმრთელობის გაურესება მოჰყვება.
უნდა ითქვას, რომ ყველა ის ღონისძიება, რომლებიც ძვლების კალციუმით გაღარიბებას უშლის ხელს, სისხლძარღვთა ჩაკირვასაც ეწინააღმდეგება.

ჰორმონების დეფიციტი და შარდის ბუშტი
მენოპაუზის შემდეგ თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა. იგი ესტროგენების დეფიციტის ფონზე აღმოცენებული შარდის ბუშტისა და შარსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიითა და სისხლძარღვთა ცვლილებებით არის განპირობებულ.

სხვა გამოვლინებები
ესტროგენების დეფიციტის გამოვლინებაა კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე. კანის სიმშრალე კანის დანაოჭებას იწვევს, საშოს ლორწოვანისა - მტკივნეულობას სქესობრივი კავშირის დროს, ხოლო თვალის ლორწოვანისა - ქრონიკულ კონიუნქტივიტს.
ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის ანუ სახსრების საცხის წარმოშობას, ამიტომ კლიმაქსურ პერიოდში ესტროგენების ნაკლებობა სახსრების ტკივილის მიზეზიც არის.
ესტროგენების დეფიციტსა და ზემოთ აღწერილ კლიმაქსურ დარღვევებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას ადასტურებს მათი გაქრობა ესტროგენებით ჩატარებული ჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად.

კლიმაქსური დარღვევები მამაკაცებში
ქალისგან განსხვავებით, მამაკაცმა შვილოსნობის ფუნქცია შესაძლოა მთელი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნოს. მაგრამ ჰორმონთა დეფიციტი, კერძოდ, ძირითადი ანდროგენული ჰორმონის ტესტოტერონის დონის დაქვეითება, ასაკის მატებასთან ერთად მაინც აღინიშნება. ტესტოტერონის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახისა და სიძლიერის ფსიქოემოციური დარღვევები და ორგანული დაზიანებები, პირველ ყოვლისა, სქესობრივი პოტენციის დაქვეითება, რაც ზოგჯერ მძიმე დეპრესიის მიზეზად იქცევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:12 | შეტყობინება # 338
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კლიმაქსთან ბრძოლა
სადღეისოდ დადგენილია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმით:
I. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
II. ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
III. სათანადო ფიზიკური აქტივობით.
ჰორმონების დეფიციტის შევსებით იზრდება ძვლების სიმკვრივე, თითქმის ნახევრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული და საშოს სიმშრალის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაც (ესტროგენშემცველი კრემები და საშოს სანთლები) არის შესაძლებელი.
ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების დაუხმარებლად კალციუმი ძვლებში ვერ შეკავდება), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას. რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებასაც უნდა ითვალისწინებდეს, ვინაიდან ყოველი ზედმეტი კილოგრამი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და აძლიერებს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშიც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:12 | შეტყობინება # 339
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კოლპიტი - Colpitis - кольпит, воспаление влагалища

კოლპიტი საშოს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ქლამიდია, მიკოპლაზმა, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა მიკროორგანიზმები. კოლპიტი ქალის სასქესო ორგანოთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და უმთავრესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს ემართებათ. ჯანმრთელი ქალის საშოს მიკროფლორა ძირითადად იმ ჩხირებისგან შედგება, რომლებიც მიკრობებზე დამღუპველად მოქმედ რძემჟავას გამოიმუშავებენ. საშოში პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების შეჭრას სწორედ მისი მჟავა გარემო უშლის ხელს. ამის კვალობაზე, კოლპიტის განვითარებისთვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორები:
სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;
სხვა ინფექციური დაავადებები;
საშოს ლორწოვანი გარსის მექანიკური გაღიზიანება;
ლორწოვანი გარსის კვების დარღვევა;
საშოს ანატომიური თავისებურებების დარღვევა;
ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება;
ალერგიული რეაქცია (პრეზერვატივზე, სანთლებზე, მალამოზე და სხვა);
პირადი ჰიგიენის დაუცველობა.

თუ მკურნალობამ დაიგვიანა, შესაძლოა, ანთებითმა პროცესმა მოიცვას საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნო, დანამატები და გამოიწვიოს ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია და უშვილობა.

მიმდინარეობა და სიმპტომები. კოლპიტი შეიძლება იყოს პირველადი (უშუალოდ საშოს ლორწოვანი გარსის ანთება), მეორეული აღმავალი (ინფექცია ვულვიდან საშოში ხვდება) და მეორეული დაღმავალი (ინფექცია საშოში ხვდება საშვილოსნოდან). განასხვავებენ ასევე სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ფორმებს.
საშოს ლორწოვანი გარსის სპეციფიკურ ანთებას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს. ამ დროს საშოს კედლები შეშუპებული, ჰიპერემიული და ხავერდოვანია, შეხებისას დის სისხლი.
საშოს ლორწოვანი გარსის არასპეციფიკურ ანთებას ახასიათებს სეზონურობა და ჩირქოვანი გამონადენი.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე, სუსტად მიმდინარე, ქრონიკულ, ლატენტურ და უსიმპტომო კოლპიტს.
ორსულებში კოლპიტს, წესისამებრ, იწვევს მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა. დაავადება შესაძლოა მუცლის მოწყვეტის ან ნაყოფის ინფიცირების მიზეზად იქცეს.
მწვავე კოლპიტის ნიშნებია:
ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი;
გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სიწითლე;
მუცლის ქვედა არის ტკივილი;
ტკივილი სქესობრივი აქტისა და შარდვის დროს;
ზოგადი მდგომარეობის გაუარესება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:12 | შეტყობინება # 340
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დათვალიერებისას შეიმჩნევა საშოს ლორწოვანი გარსის შეშუპება და სიწითლე. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ჩნდება ეროზიები.
სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადების მწვავე ფორმა გადაიზრდება ქრონიკულში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხშირი რეციდივი. რემისიის პერიოდში სიმპტომები ნაკლებად არის გამოხატული. პაციენტი უჩივის:
უმნიშვნელო ლორწოვან ან ჩირქოვან გამონადენს;
გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს (არა ყოველთვის).

დათვალიერებისას საშოს ლორწოვანი გარსის შეშუპება და სიწითლე ან სუსტად არის გამოხატული, ან საერთოდ არ შეიმჩნევა. შესაძლოა, ჩანდეს გაფართოებული სისხლძარღვები, კოლპოსკოპიის მეშვეობით შესაძლოა გამოვლენილ იქნეს საშოს კედლის ცვლილება - სიმკვრივე და ხორკლიანობა.
მოხუცებულ ასაკში კოლპიტი საშოს ლორწოვანი გარსის ცვლილებას იწვევს. ლორწოვანი ბაცი ყვითელი ფერისა ხდება, უჩნდება ჰემორაგიული ლაქები და დეფექტები, რომლებიც შესაძლოა საშოს შესასვლელის დანაწიბურების მიზეზად იქცეს.

იაგნოსტიკა. ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ, რომლის მეშვეობითაც გინეკოლოგი ავლენს საშოს ლორწოვანი გარსის ანთებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, აუცილებელია ჩატარდეს კვლევები გამომწვევის გამოსავლენად და ანტიბიოტიკებისადმი მისი მგრძნობელობის დასადგენად. კერძოდ:
ნაცხის ანალიზი;
საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა;
საშოს მიკროფლორის ბაქტერიოლოგიური კვლევა;
ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენა;
ანალიზები მიკოპლაზმის, ურეაპლაზმის, ქლამიდიის, ტრიქომონადის, ადამიანის პაპილომა ვირუსის, ჰერპესვირუსის გამოსავლენად;
შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
ჰორმონული ფონის გამოკვლევა (ჩვენებით).

მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების გამომწვევი ფაქტორის მოშორებას და თანმხლები დაავადების კლინიკური სიმპტომების აღმოფხვრას.
კოლპიტის სამკურნალოდ ინიშნება:
ანტიბაქტერიული თერაპია;
ფიზიოთერაპია;
ზოგადგამაჯანსაღებელი პრეპარატები;
დიეტოთერაპია.
გამორეცხვა;
მიკრობების საწინააღმდეგო სანთლები და მალამოები;
მალამოს აპლიკაციები;
ადგილობრივი ჰორმონული თერაპია (დანიშნულებისამებრ).

მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას რძიან-მცენარეული დიეტა და მიიღოს ნაკლები სითხე. ასეთი დიეტა არ აღიზიანებს საშოსა და საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსს.
ანტიბაქტერიული თერაპია ინიშნება მხოლოდ გამომწვევის ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ, დაავადების ფორმისა და სტადიის გათვალისწინებით.
ადგილობრივი ჰორმონული თერაპია საჭიროა საკვერცხეების ჰიპოფუნქციის შემთხვევაში.
პროფილაქტიკა გულისხმობს დაავადების პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე ექიმთან ვიზიტს, პირადი ჰიგიენის დაცვას, სქესობრივი კონტაქტის დროს ბარიერული დამცავი საშუალების (პრეზერვატივის) გამოყენებას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:12 | შეტყობინება # 341
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კონიუნქტივიტი - Conjunctivitis - коньюнктивит

კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, ალერგიამ, თვალის ტრავმამ, დამწვრობამ, უცხო სხეულმა და სხვა. მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ კონიუნქტივიტის ბაქტერიულ, ვირუსულ და ალერგიულ ფორმებს. ბაქტერიული ფორმის დროს, წესისამებრ, ინფიცირდება ორივე თვალი. ანთებას თან სდევს უხვი ლორწოვანი გამონადენი. ვირუსული ფორმის დროს უმეტესად ცალი თვალი ავადდება. თან სდევს ცრემლდენა და გამონადენი. დაავადების ორივე ფორმა გადამდებია- გადაეცემა როგორც მეორე თვალს, ასევე სხვა ადამიანსაც ავადმყოფთან კონტაქტის დროს.
ხშირად კონიუნქტივიტი ალერგიული რეაქციის შედეგია. ალერგენის როლი შესაძლოა შეასრულოს ყვავილის მტვერმა, სუნმა. ალერგიული კონიუნქტივიტი ვლინდება ქუთუთოების შეწითლებით, ძლიერი ქავილით და გამონადენით.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ზოგადად, კონიუნქტივიტის მთავარი ნიშანი თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაა (თითქოს თვალებში ქვიშა შეგაყარესო). ავადმყოფი უჩივის ქავილს, შესაძლოა, განუვითარდეს სინათლის შიშიც. ამასთან ერთად, ჩნდება სხვადასხვა სიხშირისა და ხასიათის გამონადენი. კონიუნქტივიტი მხედველობაზე უშუალო გავლენას არ ახდენს, მაგრამ თუ თვალების ლორწოვანი გარსი ძლიერ არის შეშუპებული, შეწითლებული და ცრემლმდინარი, ეს მხედველობაზეც იმოქმედებს.
კონიუნქტივიტის საკმაოდ რთული ფორმაა ქრონიკული კონიუნქტივიტი. ის უმეტესად ზრდასრულ ადამიანებს შორის გვხვდება და გამოწვეულია ხანგრძლივად მოქმედი გამაღიზიანებლით, როგორიც არის, მაგალითად, კვამლი, მტვერი, ჰაერში არსებული ქიმიური მინარევები. ქრონიკული კონიუნქტივიტის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხვირ-ხახის ქრონიკული დაზიანება. დაავადებას ახასიათებს მტკივნეული ქავილი, წვისა და თვალებში ქვიშის ჩაცვენის შეგრძნება, სინათლის შიში, თვალების ადვილად დაღლა. გრძელდება დიდხანს.
კონიუნქტივიტს, წესისამებრ, თან სდევს ბლეფარიტი - ქუთუთოების ანთება. მიზეზი და კლინიკა იგივეა, თუმცა უფრო ძლიერია თვალების წვა, ქავილი, წამწამების ცვენა, შესაძლოა, ქუთუთოს კიდე დაწყლულდეს კიდეც.

გართულებები. კონიუნქტივიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს. თუ პროცესი რქოვანა გარსზე გადავიდა, მოსალოდნელია მისი დაწყლულება და პერფორაცია, რაც, ბუნებრივია, მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს. თუ ანთებითი პროცესი კიდევ უფრო ღრმად გავრცელდა, მხედველობის სრული დაკარგვაც კია შესაძლებელი.
დიაგნოსტიკა. სიმპტომებისა და ავადმყოფის ჩივილების საფუძველზე დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, მაგრამ მიზეზის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა და თვალის ყოველმხრივი შემოწმება.

მკურნალობა. მკურნალობა გამომწვევის ხასიათის მიხედვით ტარდება. ალერგიული კონიუნქტივიტის დროს სპეციფიკური ანტიჰისტამინური მკურნალობაა საჭირო, ვირუსულის დროს - ანტივირუსული, ხოლო მიკრობულის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მგრძნობელობის ანტიბიოტიკოთერაპია. ეფექტიანია კორტიკოსტეროიდები. ბლეფარიტის შემთხვევაში ზემოხსენებულ საშუალებებს ემატება იმავე ტიპის ადგილობრივი პრეპარატები მალამოების სახით (გახანგრძლივებული ზემოქმედებისთვის). კარგი შედეგი აქვს ფიზიოპროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება პროლონგირებული კორტიკოსტეროიდების საინექციო ფორმა. გარდა ამისა, საჭიროა დიეტისა და ჰიგიენის დაცვა, სინათლეზე ნაკლები გაღიზიანება, წყალთან ნაკლები კონტაქტი.
კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი ადვილად და სწრაფად იკურნება. ამ დროს პრობლემას წარმოადგენს არა თვით დაავადება, არამედ მისი გავრცელება. თავის დაზღვევის ყველაზე საიმედო გზა ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვაა: ავადმყოფმა უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური პირსახოცი და ბალიში. ხშირად იბანოს ხელები (ისევე როგორც მასთან კონტაქტში მყოფმა პირებმა). თუ შესაძლებელია, ერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ასევე - აუზს, რადგან ქლორიანი წყალი ისედაც გაღიზიანებულ ლორწოვანს უფრო მეტად გააღიზიანებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:14 | შეტყობინება # 342
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლარინგიტი - laryngitis - ларингит

არინგიტი არის ხორხის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება. ხშირდება გრიპის ეპიდემიის პერიოდში - გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე.

მწვავე ლარინგიტის დროს ავადმყოფს აქვს ყელში ჩახეხვის, სიმშრალის, ფხაჭნის შეგრძნება, ახველებს, თავდაპირველად - მშრალად, შემდეგ კი შესაძლოა, ნახველიც გაუჩნდეს, ხმა ეხლიჩება, შესაძლოა, დაკარგოს კიდეც.
განასხვავებენ მწვავე ლარინგიტის ორ ფორმას: კატარულს და ფლეგმონურს.
მწვავე კატარული ლარინგიტი არის ხორხის ლორწოვანი გარსის, ლორწქვეშა შრისა და კუნთების კატარული ანთება. დამოუკიდებელი დაავადების სახით იშვიათად გვხვდება - ჩვეულებრივ, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სიმპტომს წარმოადგენს.
მწვავე ფლეგმონური ლარინგიტი ხორხის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ჩირქოვანი პროცესი ვრცელდება ხორხის არა მარტო ლორწქვეშა შრეში, არამედ კუნთებში, იოგებში, ზოგჯერ ხრტილზედა შრესა და ხრტილშიც კი.
სამკურნალოდ აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა და მასთან ბრძოლა. ხორხის დასასვენებლად ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, 5-7 დღის განმავლობაში არ ილაპარაკოს, ეკრძალება მოწევა, სპირტიანი სასმელების მიღება. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე სანელებლები. სასარგებლოა თბილი სასმელების (რძე, ბორჯომი) სმა, გვირილისა და სალბის ნახარშის გამოვლება, თბილი ტუტე ინჰალაცია, ანტიბიოტიკების აეროზოლით ინჰალაცია, ყელის თბილად შეხვევა, ფეხის თბილი აბაზანები (42-45ოჩ 20-30 წუთის განმავლობაში). ხველების შემთხვევაში ინიშნება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატი (ლიბექსინი, კოდეინი). მიმართავენ მკურნალობის ფიზიოთერაპიულ მეთოდებსაც.

ქრონიკული ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც იწვევს შემდეგი ფაქტორები: ხშირი მწვავე ლარინგიტი; ხმის ხანგრძლივი და მეტისმეტი დაძაბვა; ნიკოტინი; ალკოჰოლი; მტვრისა და აირების ჩასუნთქვა; ქრონიკული ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი. მისდამი მიდრეკილნი არიან გულითა და ფილტვებით დაავადებულნიც. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ზემოქმედებით ზიანდება ხორხის ქსოვილი და ვითარდება დისტროფიული პროცესი.

განასხვავებენ ქრონიკული ლარინგიტის კატარულ, ჰიპერტროფიულ და ატროფიულ ფორმებს.
ქრონიკული კატარული ლარინგიტის დროს საქმე გვაქვს ხორხის ლორწოვანი გარსის დიფუზურ ანთებასთან. ახასიათებს:
ხმის ჩახლეჩა;
პერიოდული ხველა ნახველით.

მკურნალობა გულისხმობს დაავადების გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრას, ხმის დამზოგველ რეჟიმს, რაციონიდან ცხელი საკვების, ნიკოტინისა და ალკოჰოლის გამორიცხვას, ზეთოვანი და ტუტე ხსნარებით ინჰალაციას, ადგილობრივ ანტიბიოტიკოთერაპიას. ეფექტურია ფიზიოთერაპიაც.

ქრონიკული ჰიპერტროფიული ლარინგიტის დროს ზიანდება ლორწქვეშა შრე. დამახასიათებელია:
ხმის ჩახლეჩა სრულ დაკარგვამდე;
ყელში წვისა და დისკომფორტის შეგრძნება.

მკურნალობა ისეთივეა, როგორიც კატარული ფორმის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობასაც.

ქრონიკული ატროფიული ლარინგიტის დროს ხდება ხორხის ლორწოვანი გარსის ატროფია. ახასიათებს:
ყელში სიმშრალის, ფხაჭნისა და უცხო სხეულის შეგრძნება;
მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა.

მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. გამოიყენება ტუტოვანი და ზეთოვანი ინჰალაცია, წასასმელად - იოდგლიცერინის ხსნარი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:14 | შეტყობინება # 343
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლეიკემია - leucaemia - лейкемия

ტერმინი ლეიკემია (ლეიკოზი, ლეუცოსის) აერთიანებს სისხლმბადი სისტემის ავთვისებიანი დაავადებების ჯგუფს. ზოგჯერ ლეიკემიას სისხლის კიბოსაც უწოდებენ, მაგრამ ეს არცთუ მართებული ტერმინია - კიბო ეწოდება მხოლოდ ეპითელიუმისგან წარმოშობილ ახალწარმონაქმნებს, მაგრამ ვინაიდან კიბოსმაგვარი ბუნების ახალწარმონაქმნები სიმსივნეების უმრავლესობას შეადგენს, ამიტომ საერთაშორისო პრაქტიკაში ყოველგვარ ავთვისებიან სიმსივნეს კიბოდ იხსენიებენ ხოლმე.
ამრიგად, ლეიკემია ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეა. სისხლის ეს დაავადება აღმოცენდება სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი ძვლის ტვინის უჯრედების მუტაციისა და ტრანსფორმაციის შედეგად. პირველი ავთვისებიანი კლონი ძვლის ტვინისავე უმწიფარი ჰემოპოეზური (სისხლმბადი) უჯრედებისგან წარმოიშობა, ხდება სიმსივნური ქსოვილის ჩაზრდა ძვლის ტვინში და სისხლმბადი უჯრედების თანდათანობითი ჩანაცვლება. ამ პროცესის შედეგად ვითარდება ციტოპენიის (ორგანიზმში სისხლის რომელიმე უჯრედის უკმარისობა) სხვადასხვა ვარიანტი: ანემია (ჰემოგლობინის ნაკლებობა), თრომბოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, რაც ქმნის სისხლდენის, სისხლჩაქცევების საფრთხეს, საერთო სისუსტეს, იმუნიტეტის დაქვეითებას და სხვადასხვა ინფექციურ გართულებას.

ლეიკემიის კლასიფიკაცია
ტრადიციული კლასიფიკაციის მიხედვით, ლეიკემია ორგვარია - მწვავე და ქრონიკული. ასეთი დაყოფა პროლიფერაციული უჯრედების ზრდისა და განვითარების თავისებურებებს უკავშირდება. მწვავე ლეიკემიის დროს სისხლში დიდი რაოდენობით გროვდება არადიფერენცირებული ანუ ბლასტური (უმწიფარი, განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი) უჯრედი, ქრონიკული ლეიკემია კი იძლევა დიფერენცირებულ (წესისამებრ, გრანულოციტურ) უჯრედთა პოპულაციას, რომლებიც თანდათანობით ენაცვლება პერიფერიული სისხლის ნორმალურ უჯრედებს.
უნდა ითქვას, რომ ჰემატოლოგიაში ტერმინებს "მწვავესა" და "ქრონიკულს" მედიცინის სხვა დარგებთან შედარებით განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მწვავე ლეიკემია ზოგჯერ ქრონიკულში არ გადადის, ქრონიკული კი არ მწვავდება. ეს ტერმინები პირობითია, გამოხატავს დაავადების ბუნებას და არა მისი მიმდინარეობის ინტენსივობას.

მწვავე ლეიკემიის მიმდინარეობა
საწყისი სტადია - მისი შეფასება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია მხოლოდ რეტროსპექტიულად ანუ დასრულების შემდეგ. სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლები შეიძლება იყოს როგორც ნორმალური, ისე რამდენადმე მომატებული ან შემცირებული. ასევე შესაძლოა თავი იჩინოს მცირე სისუსტემ, გამწვავდეს ადრე არსებული ქრონიკული დაავადებები, გააქტიურდეს ჰერპესვირუსი, სხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.
განვითარებული პერიოდი - ამ დროს მკვეთრად არის გამოხატული კლინიკური და ჰემატოლოგიური ნიშნები. სტადიას ახასიათებს გამწვავება და რემისია, რომელიც ან სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, ან ტერმინალურ სტადიაში გადადის. რემისიის დამადასტურებელი მთავარი კრიტერიუმია პერიფერიულ სისხლში ბლასტური უჯრედების არარსებობა. თუ კლინიკურ-ჰემატოლოგიური რემისია 5 წელიწადს და მეტხანს გაგრძელდა, ვამბობთ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ტერმინალური სტადია - ციტოსტატიკები (სიმსივნის ზრდის შემაფერხებელი პრეპარატები), რომლებიც მწვავე ლეიკემიის სამკურნალოდ ინიშნება, ამ სტადიაში უეფექტოა, სისხლმბადი სისტემა სრულიად დათრგუნულია. ზოგჯერ ამ სტადიაშიც ტარდება ძვლის ტვინის გადანერგვა, მაგრამ ლეტალური გამოსავალი მაინც ხშირია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:17 | შეტყობინება # 344
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქრონიკული ლეიკემიის მიმდინარეობა
მწვავესგან განსხვავებით, ქრონიკული ლეიკემიის დროს სისხლის უჯრედები ასწრებენ მომწიფებას, მაგრამ მიღებულ უჯრედთა უმეტესობას არ შესწევს თავისი ფუნქციის შესრულების უნარი. ლაბორატორიული ანალიზები ავლენს დიდი ოდენობით ლეიკოციტებს, მაგრამ ინფექციისგან ორგანიზმის დაცვა უზრუნველყოფილი მაინც არ არის. როცა გრანულაციური უჯრედი იმდენად ბევრია, რომ ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას, ავადმყოფს უტარებენ ლეიკოფორეზს - აცილებენ ზედმეტ ლეიკოციტებს, მათ შორის - სიმსივნურ უჯრედებსაც. ამ პროცედურის ეფექტი სწრაფია, მაგრამ დროებითი.
ქრონიკულ ლეიკემიას შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს საწყისი ფაზა. დაავადებულთა 50% არაფერს უჩივის, ლეიკემიას შემთხვევით, სხვა მიზნით გაკეთებული სისხლის ანალიზის საფუძველზე ადგენენ. ქრონიკული ლეიკემია შესაძლოა დიაგნოზის დასმის შემდეგაც წლობით შედარებით კეთილთვისებიანად მიმდინარეობდეს. ამ ფაზას მონოკლონურს უწოდებენ. მას ახასიათებს სიმსივნური უჯრედის ერთი კლონის არსებობა. მომდევნო სტადია განპირობებულია მეორეული სიმსივნური კლონის გაჩენით, ახასიათებს სწრაფი მიმდინარეობა, მრავლობითი ბლასტის წარმოქმნა. ამ სტადიას უწოდებენ პოლიკლონურს ან ბლასტური კრიზის სტადიას.
ქრონიკული ლეიკემიით დაავადებულებს უვითარდებათ სპლენოჰეპატომეგალია (ელენთისა და ღვიძლის გადიდება), ქრონიკული ანემია და ლიმფური კვანძების გენერალიზებული დაზიანება.

მწვავე მიელობლასტური ლეიკემია
ლეიკემიის ამ ნაირსახეობას ასევე უწოდებენ არალიმფობლასტურ ლეიკოზს, მწვავე მიელოიდურ ლეიკოზს, მიელობლასტოზს. ეს დაავადება ყველაზე ხშირად მოწიფულ ასაკში გვხვდება, ამასთანავე, ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობაც იმატებს.
FAB (ფრანგულ-ამერიკულ-ბრიტანული) კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს მწვავე მიელობლასტური ლეიკემიის მიმდინარეობის 7 ვარიანტი:
M1. მიელობლასტური ლეიკემია უჯრედების მომწიფების გარეშე;
M2. მიელობლასტური ლეიკემია უჯრედების არასრული მომწიფებით;
M3. პრომიელობლასტური ლეიკემია;
M4. მიელომონობლასტური ლეიკემია;
M5. მონობლასტური ლეიკემია;
M6. ერითროლეიკემია;
M7. მეგაკარიობლასტური ლეიკემია.
M4-M7-ის ადრეული ვარიანტები მწვავე ლეიკემიის ცალკე სახეობად განიხილება. ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ სიმსივნური უჯრედების იმუნოფენოტიპირებით და ციტოქრომული შეღებვით. ჩვეულებრივ, დიაგნოსტირების მიზნით ტარდება ძვლის ტვინის პუნქცია, მიღებულ მასალას ღებავენ სპეციალური საღებავით და ათვალიერებენ მიკროსკოპით.
დაავადების საწყის ეტაპზე ღვიძლი და ელენთა ნორმაშია, ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის, მაგრამ სისხლში შეიმჩნევა ფორმიანი ელემენტების შემცირება, ნორმალური სისხლმბადი უჯრედების გამოდევნა ნეოპლაზიური უჯრედებით. შედეგად ვითარდება ანემია, თავს იჩენს სიფითრე, ჰიპოქსიის სიმპტომები. თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირება) იწვევს პეტექიური (წერტილოვანი) სისხლჩაქცევების გაჩენას - ჰემორაგიულ დიათეზს. ჰემორაგიული დიათეზის მიზეზია სისხლძარღვთა გამავლობის მომატება სისხლნაკლებობისა და ინტოქსიკაციის გამო.
ნეიტროპენიას (ნეიტროფილური ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას) ავლენს ინფექციური სნეულებებით ხშირი ავადობა და ლორწოვანი გარსის დაწყლულება (ნეკროზი). ნეკროზი უმეტესად პირის ღრუში, ნუშურა ჯირკვლებზე (ნეკროზული ანგინა) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვითარდება. შესაძლოა, განვითარდეს ელენთის ინფარქტიც. ნეკროზის მიზეზი შესაძლოა იყოს ლეიკემიური ინფილტრატები, რომლებიც სისხლძარღვთა სანათურში იზრდება. მკვეთრად სუსტდება იმუნური ძალები და ორგანიზმის საერთო რექტიულობა, რასაც მოჰყვება ხშირი ინფექცია და ანთებითი დაავადებების განვითარება. არცთუ იშვიათია ინტოქსიკაცია და სხეულის ტემპერატურის მატება.
ძვლის ტვინი მიელობლასტური ლეიკემიის დროს იღებს მარცვლოვან ელფერს, ამიტომ მას პიოიდურ (ჩირქოვან) ძვლის ტვინსაც უწოდებენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:18 | შეტყობინება # 345
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია უპირატესად (შემთხვევათა 80%) ბავშვებში გვხვდება. განასხვავებენ მის ორ ტიპს - გრანულოციტურსა და აგრანულოციტურს (მარცვლოვანსა და არამარცვლოვანს). გრანულოციტური ლეიკემია შესაძლოა მიმდინარეობდეს ეოზინოფილების ან ნეიტროფილების მომატებით, ხოლო აგრანულოციტური - ლიმფოციტების (B და თ-ტიპის) და მონოციტების მომატებით. მომწიფებისა და განვითარების (დიფერენცირების) პროცესში ყველა უჯრედი გადის რამდენიმე ეტაპს, რომელთაგან პირველია ბლასტური ეტაპი (ლიმფობლასტები). სიმსივნით ძვლის ტვინის დაზიანების გამო ლიმფოციტები ვერ ასწრებენ საკმარისად მომწიფებას, რათა სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი დამცავი ფუნქცია. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დროს უმეტესად (შემთხვევათა 85%) ზიანდება ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი B ლიმფოციტები.
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის სტადიებია:
ინტოქსიკაციური სინდრომი - სისუსტე, ცხელება, წონის კლება. ცხელება შესაძლოა განპირობებული იყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პროტოზოული (იშვიათად) ინფექციის დაწყებით, განსაკუთრებით ბავშვებში ნეიტროპენიის არსებობისას (1 მკლ-ში 1500-ზე ნაკლები ნეიტროფილები);
ჰიპერპლაზიური სინდრომი - პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება, რასაც ღვიძლისა და ელენთის ინფილტრაცია იწვევს და შესაძლოა, მუცლის ტკივილით გამოვლინდეს. ძვლისაზრდელასა და სასახსრე ჩანთის ლეიკემიური ინფილტრაციისა და ძვლის ტვინის მოცულობის სიმსივნური ზრდის გამო შესაძლოა თავი იჩინოს ძვლების ტკივილმა და ტეხის შეგრძნებამ, ხოლო რენტგენოგრამამ გამოავლინოს ლეიკემიური ინფილტრაციისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, განსაკუთრებით - მსხვილი სახსრების მახლობლად მდებარე ლულოვან ძვლებში.
ასთენიური სინდრომი - სიფითრე, სისუსტე, ტაქიკარდია, სისხლდენა პირის ღუს ლორწოვანი გარსიდან, ჰემორაგიული სინდრომი. სისუსტის მიზეზია ანემია და ინტოქსიკაცია.

ჰემორაგიული სინდრომი უკავშირდება როგორც თრომბოციტოპენიას, ისე სისხლძარღვშიდა თრომბოზს (განსაკუთრებით - ჰიპერლეიკოზის დროს) და იწვევს კანსა და ლორწოვანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების გაჩენას, მელენას (სისხლიანი განავალი) და სისხლიან ღებინებას. ვაჟებს შესაძლოა განუვითარდეთ ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის გადიდება (შემთხვევათა 30%). ჯირკვალი მკვრივია და არ ახასიათებს ტკივილი. განსაკუთრებით ხშირია ეს სიმპტომი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის ჰიპერლეიკოციტოზური და თ-უჯრედული ვარიანტის დროს.
სუნთქვის მხრივ დარღვევები დაკავშირებულია შუასაყრის ლიმფური კვანძების გადიდებასთან, რამაც შესაძლოა სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს.
თვალის ბადურა გარსზე შესაძლოა გაჩნდეს სისხლჩაქცევები, შეშუპდეს მხედველობის ნერვი. ოფთალმოსკოპიამ შესაძლოა გამოავლინოს ლეიკემიური ფოლაქები თვალის ფსკერზე.
იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითების გამო კანის ნებისმიერი დაზიანება შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს.
მეტად იშვიათი გართულებაა ინფილტრაციის შედეგად თირკმელების დაზიანება (კლინიკურად შესაძლოა არ გამოვლინდეს) და პერიკარდიტი ენდოკარდიუმსა და პერიკარდიუმს შორის ლიმფის დინების მოშლის გამო.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz