სამშაბათი, 23.04.2024, 11:43
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:20 | შეტყობინება # 361
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა
ისევე, როგორც კანის კიბოს შემთხვევაში, მელანომის დიაგნოზის დასადასტურებლად, უპირველეს ყოვლისა, ტარდება დერმატოსკოპია, რომელიც ხორციელდება როგორც უბრალო გამადიდებელი შუშით (ლუპა), ისე დერმატოსკოპით (ეპილუმინესცენციური მიკროსკოპი). ამ გამოკვლევის საშუალებით მაღალი სიზუსტით განისაზღვრება, საშიშია თუ არა ნევუსი, არსებობს თუ არა ABCDE სისტემაზე ეჭვის გაჩენის საფუძველი.
ABCDE ასე იშიფრება:
A - asymmetry - ასიმეტრიული ხალი;
B - border irregularity - უსწორმასწორო კიდეები;
C - color - ხალის სხვადასხვა ნაწილის არაერთფეროვნება;
D - diameter - 6 მმ-ზე მეტი დიამეტრი;
E - evolving - ცვალებადობა.

უკვე არსებობს მიკროდერმოსკოპიის კომპიუტერული სისტემა, რომელიც ათიდან 6-9 შემთხვევაში მელანომის ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტულ პირობებშია შესაძლებელი.
მელანომის დიაგნოზის საბოლოო დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ ნევუსის ტოტალური მოშორების შემდეგ ჩატარებული ჰისტოლოგიური კვლევით.
მელანომის დროს, კანის კიბოსგან განსხვავებით, არ არის რეკომენდებული პუნქციის ან ბიოფსიის ჩატარება, რადგან მცირე ტრავმასაც კი შეუძლია, აგრესიული პროცესის პროვოცირება მოახდინოს. დიაგნოზის დადასტურების ერთადერთ გზად რჩება დაწყლულების შემთხვევაში სიმსივნის ზედაპირის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა.
ლიმფურ კვანძებსა და შინაგან ორგანოებში მეტასტაზების არსებობის გამოსარიცხად ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა და სცინტიგრაფია (რადიოიზოტოპური კვლევა) ფოსფორის იზოტოპით.
სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზის შემცველობას იკვლევენ ღვიძლში მეტასტაზის არსებობის დასადგენად.

სიმპტომები და მიმდინარეობა
კანის მელანომა ასიდან 50-70 შემთხვევაში თანდაყოლილი პიგმენტური ლაქებისგან - ნევუსებისგან წარმოიშობა. ჩნდება უმეტესად თავზე, კისერსა და კიდურებზე. გარდა ამ ადგილებისა, მამაკაცებში მეტწილად ზურგზე, გულმკერდის ყაფაზსა და ზედა კიდურებზე ლოკალიზდება, ქალებში კი მკერდსა და ქვედა კიდურებზე. ყველაზე საშიშია საზღვრისმიერი (ეპიდერმული) ნევუსი, რომელიც ხშირად გვხვდება სათესლე პარკზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.

მელანომის პათანატომიური ვარიანტები
კანის მელანომები:
ზედაპირულად გავრცელებული მელანომა. გვხვდება ასიდან 70 შემთხვევაში, წესისამებრ, ქალებში, ახასიათებს ჰორიზონტალური ზრდა და აქვს კეთილსაიმედო პროგნოზი;
კვანძოვანი (ნოდულარული) მელანომა. გვხვდება ასიდან 15 შემთხვევაში, უმეტესად - მამაკაცებში. ახასიათებს კანის სიღრმეში ზრდა, პროგნოზის თვალსაზრისით ყველაზე არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევა;
აკროლენტიგინოზური მელანომა (Acral Lentigo Maligna). გვხვდება ათიდან 1 შემთხვევაში. ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ფრჩხილქვეშა მელანომასაც უწოდებენ, თუმცა შესაძლოა, თითის წვერებსა და ხელისგულებზეც გაჩნდეს. მელანომის ეს ტიპი უმეტესად შავკანიანებს ემართებათ;
ლენტიგინოზური მელანომა (Lentigo Maligna, ჰატჩინსონის ავთვისებიანი ჭორფლი, დიუბრეილის მელანოიზი). გვხვდება ასიდან 5 შემთხვევაში. ვითარდება ხალების ფონზე, წესისამებრ, სახეზე ლოკალიზდება და უმეტესად ქალებს ემართებათ. ახასიათებს ჰორიზონტალური, ნელი ზრდა და აქვს შედარებით კეთილსაიმედო პროგნოზი.
აქრომატული მელანომა (ძალიან იშვიათია).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:20 | შეტყობინება # 362
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სხვა მელანომები:
თვალის ბადურა გარსის მელანომა;
ლორწოვანი გარსის ლენტიგინოზური მელანომა. გვხვდება ასიდან 1 შემთხვევაში. ჩნდება ცხვირის, პირის, პერიანალურ (ანუსის) და ვულვოვაგინალურ (გარეთა სასქესო ორგანოებისა და საშოს) ლორწოვან გარსებზე. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული და არათანაბარი პიგმენტაცია.
რბილი ქსოვილების მალიგნიზებული მელანომა (alignant melanoma of soft parts - clear cell sarcoma). ჩნდება მყესებსა და აპონევროზებზე. გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, მათ შორის - ბავშვებსა და მოზარდებს შორის.
ხალის გაავთვისებიანების ნიშნებია:
ნევუსის არეში ქავილის შეგრძნება;
ნევუსის ზედაპირიდან თმის ცვენა;
ხალის ფერის შეცვლა - შეფერილობის გამკვეთრება ან გაფერმკრთალება;
დაწყლულება;
ზრდა;
მოხაზულობის შეცვლა;
ნევუსის არეში კანის ხაზების გაქრობა;
ხალის ზედაპირიდან სისხლდენა;
კვანძების გაჩენა;
ინფილტრაცია ნევუსის ირგვლივ ან მის ფსკერზე.

ავთვისებიანი მელანომა კლინიკურად წარმოადგენს მკვრივ შავ სიმსივნურ კვანძს, რომელსაც ზოგჯერ მოცისფრო ელფერიც დაჰკრავს. იშვიათია უპიგმენტო, ვარდისფერი მელანომა. სიმსივნური წარმონაქმნი სხვადასხვა ზომისაა - დიამეტრი 0,5-დან 2-3 სმ-მდე მერყეობს. არცთუ იშვიათად აქვს ეროზირებული სისხლმდინარი ზედაპირი და სქელი ძირი. ასეთი წყლულების არსებობისას დიაგნოზის დასმა უბრალო დათვალიერებითაც კი (ლუპით) შესაძლებელია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ავთვისებიანი მელანომა ადრეულ სტადიებში ვიზუალურად შიშს არ ბადებს. საჭიროა დიდი გამოცდილება, რომ კეთილთვისებიანი წარმონაქმნისგან (პიგმენტური ნევუსებისგან) მისი გარჩევა მოხერხდეს.

მეტასტაზირება
ავთვისებიანი მელანომის მეტასტაზირება ხდება სწრაფად, ლიმფოგენური და ჰემატოგენური გზით. ლიმფური ძარღვების გასწვრივ არსებული სიმსივნური უჯრედები პირველ მეტასტაზს ლიმფურ კვანძებში იძლევა. ჰემატოგენური გზით (სისხლძარღვებით) ხდება ღვიძლში, ფილტვებში, ძვლებსა და თავის ტვინში მეტასტაზირება.

მკურნალობა
ხალის ყოველგვარი ცვლილება (ზრდა, ფერის შეცვლა, დაწყლულება, სისხლდენა და სხვა) მიანიშნებს, რომ საჭიროა დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევა. უმჯობესია, კეთილთვისებიანი ნევუსის შემთხვევაში ჩატარდეს რადიკალური მკურნალობა, ვიდრე კლინიკური სურათი სათანადოდ არ შეფასდეს და ავთვისებიანი მელანომა არასწორად იქნეს ნამკურნალევი. ასეთივეა რეკომენდაციები ნორმალურ კანზე ახალი პიგმენტური წარმონაქმნების გაჩენის შემთხვევაში.
არსებობს მელანომის ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდი: წმინდა ქირურგიული და კომბინირებული. მეორე უფრო საფუძვლიანია, რადგან დასხივების შემდეგ შესაძლებელი ხდება სიმსივნის უფრო აბლასტურ პირობებში ამოკვეთა.
ქირურგიული ჩარევისთვის ავადმყოფის მომზადება არ არის საჭირო, რადგან ოპერაცია სხეულის ზედაპირულ შრეებზე ხორციელდება. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება წოლითი რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია ნაოპერაციევი არის ადგილმდებარეობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა (სულფანილამიდებითა და ანტიბიოტიკებით).
პროცესის გენერალიზაციის შემთხვევაში ტარდება რეგიონული და სისტემური ქიმიოთერაპია.
გარდა ზემოხსენებული მეთოდებისა, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კრიოდესტრუქცია, ლაზერული დესტრუქცია, ფოტოდინამიკური დესტრუქცია.
მიმდინარეობს კვლევები მელანომის გენური თერაპიით მკურნალობის მეთოდის შესამუშავებლად.

პროფილაქტიკა
ავთვისებიანი მელანომის პროფილაქტიკა გულისხმობს ტრავმირებული ან სახეცვლილი შეძენილი და თანდაყოლილი ნევუსების დროულ მოშორებას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:21 | შეტყობინება # 363
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მენიერის დაავადება

მენიერის დაავადება, იგივე ენდოლიმფური ჰიდროფსი, ლაბირინთის ჰიდროფსი, შიგნითა ყურის წყალმანკი შიგნითა ყურის სმენითი აღქმის, სხეულის მდებარეობისა და მოძრაობის აღქმისა და წონასწორობის მარეგულირებელი ვესტიბულური ნაწილის არაანთებითი დაავადებაა. იგი გამოწვეულია ლაბირინთში არსებული სითხის (ენდოლიმფა) მოცულობის მატებით და მის შემადგენელ ელექტროლიტებს შორის ნორმალური თანაფარდობის შეცვლით. დაავადება საკმაოდ იშვიათია და უმეტესად შუახნის ადამიანებს ემართებათ.
მენიერის დაავადების განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს შიგნითა ყურის სისხლძარღვოვანი სისტემის ცვლილებები, რომელთა შედეგად აღმოცენებული მოულოდნელი სისხლძარღვოვანი კრიზი სისხლძარღვთა სპაზმითა და მათი კედლების გამავლობის ზრდით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ არტერიების შევიწროებას თან სდევს კაპილარებისა და წვრილი ვენების გაფართოება, შედეგად კი შიგნითა ყურში შეგუბება და შეშუპება ვითარდება. ამ პროცესში მონაწილეობს ვეგეტაციური ნერვული სისტემაც, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვთა სანათურის განივკვეთს და სისხლძარღვთა კედლების გამავლობაზე მოქმედებს. უნდა ითქვას, რომ წვრილი სისხლძარღვების დისრეგულაცია ფსიქიკურმა სტრესმაც შეიძლება გამოიწვიოს.
მენიერის დაავადების პათოგენეზში განსაზღვრული ადგილი უკავია ალერგიულ რეაქციებსაც. დაავადება უმეტესად კლიმაქსურ პერიოდში ვლინდება, რადგან ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული დარღვევები.
შეტევას, როგორც ჩანს, ლაბირინთიდან (შიგნითა ყურიდან) ცენტრალური ნერვული სისტემისკენ მიმავალი არანორმალური იმპულსები იწვევს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მენიერის დაავადებას ახასიათებს კლასიკური ტრიადა:
თავბრუხვევის შეტევები, რომლებსაც ხშირად სდევს თან გულისრევა და ღებინება;
ცალ ყურში სმენის დაქვეითება;
ამავე ყურის შუილი.

განასხვავებენ დაავადების სამ ხარისხს:
მძიმეს - შეტევები ყოველდღე ან ყოველკვირა ვითარდება, გრძელდება 5 საათზე მეტხანს, ახასიათებს ყველა სიმპტომი, ავადმყოფი შრომისუუნაროა;
საშუალო სიმძიმისას - შეტევები ხშირია, 5 საათამდე გრძელდება, ავადმყოფი შეტევის შემდეგ რამდენიმე დღე შრომისუუნაროა, სმენის დაქვეითება მუდმივია;
მსუბუქი - შეტევები შესაძლოა იყოს ხშირი, მაგრამ არა ხანგრძლივი, თუმცა არის შემთხვევები, როცა შესვენებებით რამდენიმე თევეც კი გრძელდება; შეტევებს შორის ავადმყოფი შრომისუნარიანია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:21 | შეტყობინება # 364
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შეტევა. თავბრუხვევის შეტევა იწყება მოულოდნელად, სრული ჯანმრთელობის ფონზე, გრძელდება საათობით, თან სდევს გულისრევა და ღებინება ან მსუბუქი შექანება, რყევა სიარულის დროს. ავადმყოფი ცდილობს, დაწვეს და თვალები დახუჭოს. პოზის შეცვლის ყოველგვარი მცდელობა მდგომარეობის გაუარესებას და ღებინებას იწვევს. შეტევისას დაავადებული ყურის შუილი, წესისამებრ, ძლიერდება, ჩნდება ყურის დაგუბების შეგრძნება, აღინიშნება ნისტაგმი, რომელიც შეტევის დასრულებისთანავე ქრება.
შეტევა შესაძლოა დღის ნებისმიერ დროს განვითარდეს, თუმცა უმეტესად ღამღამობით ან დილაობით იჩენს თავს. მისი პროვოცირება შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა ან ფსიქიკურმა გადაძაბვამ. ზოგჯერ ავადმყოფი შეტევის მოახლოებას რამდენიმე საათით, რამდენიმე დღით ადრეც კი გრძნობს. მოსალოდნელი შეტევის მაუწყებელია შუილის გაძლიერება და წონასწორობის ოდნავი დარღვევა.
შეტევები ხშირია, დაავადების გამწვავების ფაზაში რამდენიმე კვირის მანძილზე შესაძლოა არაერთხელ გამეორდეს. შუალედებში ვესტიბულური დარღვევები ბოლომდე არ ქრება.
რემისიის პერიოდში, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვე და წელიც კი გაგრძელდეს, ავადმყოფი უკეთესობას გრძნობს და შრომის უნარიც უბრუნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში შეტევები უფრო და უფრო მძიმდება და ავადმყოფს რემისიის პერიოდშიც კი აწუხებს საერთო სისუსტე, წონასწორობის მსუბუქი დარღვევა, თავში სიმძიმის შეგრძნება.
დიაგნოზი. ავადმყოფმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოს ექიმ-ოტონევროლოგს, რომელიც ჩივილების (სმენის მოულოდნელი დაქვეითება, ყურების შუილი, თაბრუხვევა, ღებინება) მოსმენისა და ტესტირების შემდეგ მენიერის დაავადებას ივარაუდებს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიზანშეწონილია ნევროლოგისა და აუდიოლოგის კონსულტაცია. აუცილებლად უნდა მოხდეს დიფერენცირება სეროზული ან ჩირქოვანი ლაბირინთიტისგან, სმენის ნერვის ნევრიტისგან, არაქნოიდიტისგან, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისგან.

მკურნალობა. მკურნალობის მიზანია ენდოლიმფის მოცულობისა და შემადგენლობის მუდმივობის უზრუნველყოფა. მკურნალობა კომბინირებულია და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
სპეციალურ დიეტას;
დიურეტიკების (შარდმდენების) მიღებას;
იმ პრეპარატების მიღებას, რომლებიც ხელს უწყობს ენდოლიმფის ოდენობისა და შემადგენლობის მუდმივობის შენარჩუნებას (მაგალითად, ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი (ბეტასერკი, ვაზოსერკი)).

თუ თავბრუხვევა ხშირია, შესაძლოა დაინიშნოს სედაციური პრეპარატები.
მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის დროს დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი.
მენიერის დაავადება, სიმძიმის მიუხედავად, სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:21 | შეტყობინება # 365
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მენინგიომა

მენინგიომა (არაქნოიდენდოთელიომა, მენინგობლასტომა, ენდოთელიომა) ტვინის მაგარი გარსის ქსოვილისგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შესაძლოა ქალას ნებისმიერ ნაწილში განვითარდეს. მენინგიომა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და უმეტესად 30 წელს გადაცილებულებს შორის გვხვდება.
მენინგიომის მიზეზი/მიზეზები უცნობია. სიმსივნური ზრდის მაპროვოცირებელ ფაქტორებად შეიძლება იქცეს ტრავმა და ქრონიკული ინფექცია. მენინგიომა ვითარდება არაქნოენდოთელიუმისა და ტვინის მაგარი გარსის ურთიერთშემხები ფურცლებისგან. ბუნებით კეთილთვისებიანია, მაგრამ შესაძლოა დაიწყოს ინფილტრაციული ზრდა და ჩაიზარდოს ტვინის მაგარ გარსში, რაც უმეტესად დაავადების ხანგრძლივი (10 წელიწადს და მეტხანს) მიმდინარეობის დროს ხდება. იშვიათად შესაძლოა სიმსივნის ჩაზრდა ლაბირინთის უჯრედებში.

სიმპტომები და მიმდინარეობა
მენინგიომა შესაძლოა განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილში და, ლოკალიზაციის კვალობაზე, გამოიწვიოს სხვადასხვანაირი კლინიკური სურათი: კიდურების სისუსტე (პარეზი), მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის შევიწროება, თვალებში გაორება და ქუთუთოების დაწევა (ეგზოფთალმი); სხეულის სხვადასხვა უბანში მგრძნობელობის დაქვეითება; ეპილეფსიური შეტევები; ფსიქოემოციური დარღვევები; თავის ტკივილი. დაავადების შორსწასული სტადია (მენინგიომა აღწევს დიდ ზომას) იწვევს თავის ტვინის შეშუპებას და ტვინზე ზეწოლას. ამის შედეგად ქალასშიგა წნევა იზრდება, რაც ვლინდება თავის ძლიერი ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, გონების დაბინდვით. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მკურნალობა
მენინგიომების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. მკურნალობის ძირითადი მეთოდია სიმსივნური წარმონაქმნის მოშორება ქირურგიული გზით.
ოპერაციის სიმძიმე და შედეგი, წესისამებრ, დამოკიდებულია სიმსივნური წარმონაქმნის მდებარეობაზე, კერძოდ, ტვინის ფუნქციურად მნიშვნელოვან ნაწილებსა და ანატომიურ სტრუქტურებთან (სისხლძარღვებსა და ნერვებთან) სიახლოვეზე.
მენინგიომის რადიკალურ ამოკვეთას უმეტესად განკურნება მოსდევს. ოპერაცია სიმსივნის ხელმეორედ განვითარების (რეციდივის) ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. მენინგიომების მხოლოდ მცირე ნაწილს ახასიათებს სწრაფი რეციდივისკენ მიდრეკილება. რეციდივი განმეორებით ოპერაციას საჭიროებს.
მენინგიომის სამკურნალოდ სხვა მეთოდები იშვიათად გამოიყენება. სხივური თერაპია ნაკლებეფექტურია, ქიმიოთერაპიას კი საერთოდ არ მიმართავენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:21 | შეტყობინება # 366
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მენინგიტი

მენინგიტი არის თავის ტვინის გარსების ანთება, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ვრცელდება ტვინის რბილ, არაქნოიდულ და მათთან დაკავშირებულ პარკუჭთა სისხლძარღვოვან წნულებზე; ირღვევა თავზურგტვინის სითხის შეწოვა და ცირკულაცია, რაც იწვევს ქალასშიდა ჰიპერტენზიის განვითარებას. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს თავისა და ზურგის ტვინის ნივთიერება, ფესვები, ქალას ნერვები, ტვინის სისხლძარღვები.
მენინგიტს იწვევს სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი, რიკეტსია, სოკო. იგი შეიძლება იყოს პირველადიც, რომელიც მიმდინარეობს როგორც დამოუკიდებელი დაავადება და მეორეულიც, რომელიც სომატური დაავადების გართულებას წარმოადგენს. თავზურგტვინის სითხის შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ მენინგიტის სეროზულ და ჩირქოვან ფორმებს. ჩირქოვანი მენინგიტის გამომწვევია მენინგოკოკი, პნევმოკოკი, ჰემოფილური ჩხირი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი და სხვა.
მენინგოკოკის წყაროა ადამიანი. მენინგოკოკებით ინფიცირებულთა უმრავლესობას კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ აღენიშნება. დაავადებულთა დაახლოებით მეათედს ან მერვედს შესაძლოა განუვითარდეს მწვავე ნაზოფარინგიტი და მხოლოდ ზოგიერთს უვლინდება დაავადების გენერალიზებული ფორმა. ორგანიზმში გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება. დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაქტერიემია და მისი თანმხლები ტოქსემია. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ვირუსული ინფექცია, კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება, ტრავმა და სხვა.

მენინგოკოკური მენინგიტი უეცრად იწყება. აღსანიშნავია, რომ თუ ავადმყოფი გონზეა, იგი დაავადების დაწყების საათსაც კი მიუთითებს. ავადმყოფს ძლიერ ამცივნებს და ტემპერატურა სწრაფად აღწევს 39-400C-ს. პირველივე წუთებიდან არის გამოხატული თავის ტკივილი, რომელიც მალე აუტანელი ხდება, ძლიერდება ღამით, ხმაურისა და მოძრაობის დროს. ავადმყოფს ეწყება ღებინება, რომელსაც შვება არ მოაქვს.
მენინგიტისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი, რომელთაც მენინგიტურ ტრიადას უწოდებენ. ესენია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება. მენინგიტისთვის ასევე დამახასიათებელია კუნთების ტკივილი და მკვეთრი ჰიპერესთეზიები. ავადმყოფს აღიზიანებს ხმაური, შეხება, სინათლე, აწუხებს უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდავს, სახეწამოწითლებული და აგზნებულია, ცნობიერება დასაწყისში შენარჩუნებული აქვს. სწრაფად ვითარდება და თან პროგრესირებს მენინგეალური სინდრომი: კეფის კუნთების რიგიდულობა (დაჭიმულობა), ღებინება, კერნიგის (მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარში ფეხის მოხრის შემდეგ ავადმყოფი ვერ ახერხებს მუხლის სახსარში ფეხის ბოლომდე გამართვას) და ბრუძინსკის (ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს თავის პასიური დახრის შემთხვევაში რეფლექსურად ეხრება ფეხი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში) სინდრომები, პატარა ბავშვებში კი აღინიშნება ლესაჟის სინდრომი (ბავშვს ხელში აყვანის შემდეგ ფეხები მუხლებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილი რჩება). უნდა აღინიშნოს, რომ მენინგეალური სინდრომის გამოხატულება დაავადების სიმძიმის პირდაპირპროპორციული არ არის.
მენინგიტის დროს რეფლექსები ასიმეტრიული და გაძლიერებულია. პროცესის დამძიმებისას ვითარდება პათოლოგიური რეფლექსები. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში დაავადების პირველი დღის ბოლოს ან მეორე დღის დასაწყისში ყალიბდება მენინგეალური პოზა: ავადმყოფი წევს გვერდზე, თავი უკან აქვს გადაგდებული, ქვედა კიდურები კი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილი (ე. წ. მეძებარი ძაღლის პოზა).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:21 | შეტყობინება # 367
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მძიმე შემთხვევაში დაავადების პირველსავე საათებში, უფრო ხშირად კი მეორე დღის ბოლოს ტვინის შეშუპების გამო ავადმყოფს ეწყება მოტორული აგზნება, ბოდვა, ჰალუცინაციები, თანდათანობით კარგავს გონებას, ზოგჯერ აღენიშნება კრუნჩხვაც. არ არის გამორიცხული თვალის მამოძრავებელი, სმენისა და სახის ნერვების ტოქსიკურ-ინფექციური ხასიათის დაზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფთოზი (ქუთუთოს დაშვება), დიპლოპია, ანიზოკორია (მარჯვენა და მარცხენა თვალის გუგების არათანაბარი გაფართოება), სტრაბიზმი (სიელმე), სმენის დაქვეითება ან გაქრობა. თუ მენინგიტის დროს ზემოხსენებული ნერვების დაზიანება სისხლის მიმოქცევის მოშლითა და ტვინის მწვავე შეშუპებით არის განპირობებული, უკუგანვითარდება, მაგრამ თუ მას საფუძვლად უდევს ანთებითი ცვლილებები (ენცეფალიტი), ამ შემთხვევაში ნერვული სისტემის კეროვანი დაზიანება ღრმავდება, ხანგრძლივდება და ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდე რჩება.
მენინგიტის დროს ცხელება არ არის კანონზომიერი და არ განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს. ის სხვადასხვა ტიპისაა: ცვილებადი, რემისიული, მუდმივი. ცხელების ხანგრძლივობა იმით განისაზღვრება, დროულად დაიწყება თუ არა ანტიბიოტიკებით მკურნალობა. იშვიათად დაავადება უსიცხოდაც მიმდინარეობს. მენინგიტის დროს ჰერპესული ინფექციის გააქტიურების შემთხვევაში ვლინდება ცხელების მეორე ტალღა. ეს ხდება დაავადების მე-3-5 დღეს, როდესაც ტუჩებზე, ნესტოებთან, ყურებზე და ზოგჯერ მტევნებზეც ჩნდება ჰერპესული გამონაყარი. თუ ჰერპესი გავრცობილია, ცხელებასთან ერთად ტოქსიკოზი მძიმდება და დაავადება ხანგრძლივდება. პულსი დასაწყისში სწრაფია, შემდეგ, ტვინის შეშუპების კვალდაკვალ, ვითარდება შედარებითი ბრადიკარდია და წნევა იმატებს. მწვავე პერიოდში გამოხატულია სუნთქვის მოშლა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ საყურადღებოა უმადობა, მორუხო-მოთეთრო ნადებით დაფარული ენა. აღინიშნება ყაბზობა, ბავშვებში კი ზოგჯერ ფაღარათი. ცვლილებებია ზურგის ტვინის სითხეში, სისხლსა და შარდში. სისხლში ვლინდება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით. ზურგის ტვინის პუნქციისას მაღალი წნევით გამოდის მუქი ჩირქოვანი სითხე, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ნეიტროფილურ ლეიკოციტებს. თუ ზურგის ტვინის სითხე აღებულ იქნა ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე, მაშინ გრამის წესით შეღებვის შემდეგ ჩანს მენინგოკოკები.
იშვიათად მენინგიტი იღებს გახანგრძლივებულ სახეს.

წლამდე ასაკის ბავშვებში მენინგიტი ატიპურად მიმდინარეობს. ამ დროს დაავადების ძირითადი ნიშნებია ცხელება, ღებინება და უეცარი უმიზეზო ტირილი. ბავშვს ხელები უკანკალებს და თავი უკან აქვს გადაგდებული. მენინგეალური სინდრომი ძირითადად ყიფლიბანდის ამობურცვითა და დაჭიმულობით ვლინდება. დამახასიათებელი კრუნჩხვები, პათოლოგიური რეფლექსები მუდმივი არ არის. კერნიგისა და ბრუძინსკის სინდრომი არ ვლინდება. წამყვანია ზოგადი ტოქსიკოზი. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ლესაჟის სინდრომს.
განასხვავებენ მენინგიტის მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. მსუბუქი და საშუალო ფორმისას სწორი მკურნალობის ფონზე ავადმყოფი ორ კვირაში გამოჯანმრთელდება, მძიმე შემთხვევაში ვითარდება შემდეგი სინდრომები: ტვინის მწვავე შეშუპება და შესივება, ეპენდიმატიტი და ცერებრული ჰიპოტონია.

ტვინის მწვავე შეშუპებისა და შესივების სინდრომი გართულების სახით გამოვლინდება ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყებიდან მე-2-3 დღეს, ხანშიშესულებში - უფრო გვიან. თუ ეს სინდრომი დაავადების დასაწყისშივე განვითარდა, სავარაუდოა მენინგიტის ელვისებური ფორმის არსებობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:21 | შეტყობინება # 368
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ელვისებური მენინგიტი იწყება უმწვავესად, ავადმყოფი პირველივე საათებიდან გაბრუებულია და მალე კარგავს ცნობიერებას, ჰიპერემიულ, ოფლიან სახეზე გადაჰკრავს ციანოზური ელფერი. აქვს მაღალი სიცხე, უვითარდება ფსიქომოტორული აგზნება, კრუნჩხვა. გუგები შევიწროებულია და სინათლეზე რეაქცია თითქმის არ აქვს. ბრადიკარდია იცვლება ტაქიკარდიით, მომატებულია არტერიული წნევა. თუ ტვინის შეშუპების სინდრომი მძიმე შოკით მიმდინარე მენინგოკოქცემიის ფონზე ვითარდება, არტერიული წნევა შესაძლოა დაქვეითებული იყოს, პულსი - აჩქარებული. თავდაპირველად გამოხატულია ქოშინი, შემდეგ კი ჩეინ-სტოქსის ტიპის არითმია. კრუნჩხვა, ბრადიკარდია და სუნთქვის მოშლა წინამორბედი ნიშნებია კეფის დიდ ხვრელში თავის ტვინის ჩაჭედვისა, რაც სიკვდილის უშუალო მიზეზად იქცევა. თავის ტვინის მწვავე შეშუპებისა და შესივების სინდრომის დროს ავადმყოფი დაავადების პირველ ან მე-2-6 დღეს სუნთქვის გაჩერებით კვდება.
ეპენდიმატიტი ანუ თავის ტვინის პარკუჭების ამომფენი ეპენდიმის (ერთშრიანი ეპითელიუმის) ანთება ვითარდება მენინგიტით დაავადებულის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციისა და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, მენინგოენცეფალიტის დროს კი პირველსავე დღეებში ანთება ვრცელდება ეპენდიმაზე და პროცესში ერთვება ტვინის ნივთიერებაც, რის გამოც ამ სინდრომს სუბეპენდიმურ ენცეფალიტს ან ვენტრიკულიტს უწოდებენ. პარკუჭებში არსებული ექსუდატი შესაძლოა იყოს როგორც ჩირქოვანი, ასევე სეროზული. ჩირქოვანი ექსუდატი შეიცავს მენინგოკოკებს.
კლინიკურად დამახასიათებელია ქალასშიდა წნევის მომატების ნიშნები: ძლიერი თავის ტკივილი, ჰიპერესთეზია, ხშირი ღებინება, მხედველობის ნერვის შეშუპება, ყიფლიბანდის დაჭიმულობა და ამობურცვა. ძირითადი ნიშნებია ძილიანობა, კუნთების ტოტალური რიგიდულობა, კრუნჩხვა და ცნობიერების მოშლა სოპორისა და კომის სახით. თანდათან ვლინდება კახექსია, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია. ავადმყოფი წევს მუხლს ქვემოთ გადაჯვარედინებული, გაშეშებული ქვედა კიდურებით, ხელის მტევნები და თითები მოხრილი აქვს. სპეციფიკური ცვლილებები აღინიშნება სისხლსა და ზურგის ტვინის სითხეში. გარდა ზოგადტვინოვანი სინდრომისა, დამახასიათებელია სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობის მოშლა.

ცერებრული ჰიპოტენზიის სინდრომი უმეტესად ადრეული ასაკის ბავშვებს უვითარდებათ. ძალიან სწრაფად, რამდენიმე საათში, მკვეთრი ტოქსიკოზის პარალელურად იწყება დისპეფსიის მოვლენები, რასაც მოსდევს ორგანიზმის გაუწყლოება: სახის ნაკვთები წაწვეტებულია, თვალები - ჩაცვენილი, კანი მშრალია და გადაჰკრავს მოყვითალო ელფერი. მენინგეალური სინდრომი თანდათან სუსტდება, ვითარდება ღრმა სტუპორი (გაშეშება), მოსალოდნელია კრუნჩხვა და ღებინება. მყეს-ძვალთა რეფლექსები ქრება, გამოხატულია კუნთთა ჰიპოტონია. მკვეთრად ეცემა ქალასშიდა წნევა. დიდი ყიფლიბანდი ჩავარდნილია, ზურგის ტვინის სითხეში არის ცვლილებები.
ცერებრული ჰიპოტენზიის სინდრომი რამდენიმე დღე გრძელდება და შესაძლოა, მენინგიტის უმძიმესი გართულების, სუბდურალური ჰემატომის, განვითარების მიზეზად იქცეს.

პნევმოკოკური მენინგიტით უმთავრესად ადრეული ასაკის ბავშვები ან 40 წელს გადაცილებული ზრდასრულები ავადდებიან. ინფექციის წყაროსა და დაავადების განვითარების რისკფაქტორებს წარმოადგენს ქრონიკული ოტიტი და სინუსიტი, მასტოიდიტი, ქალას ტრავმა, ალკოჰოლიზმი, იმუნური დარღვევები. დაავადების სხვა ნიშნების გამოვლენამდე შესაძლოა აღინიშნებოდეს საერთო სისუსტე და სუბფებრილური ტემპერატურა. გარდა ჰერპესული გამონაყარისა, კანისმხრივი ცვლილებები (გამონაყარი) არ ვითარდება. კლინიკური სურათი ბაქტერიული მენინგოენცეფალიტის მსგავსია. დამახასიათებელია ცნობიერების ხანმოკლე მოშლა, კრუნჩხვები და ქალას ნერვების დამბლა. ტიპურია თავზურგტვინის სითხის მომწვანო ელფერი.
მკურნალობის გარეშე დაავადება 4-5 დღეში ლეტალურად სრულდება, თუმცა ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაშიც კი ლეტალობა საკმაოდ მაღალია (50%).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:22 | შეტყობინება # 369
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტუბერკულოზური მენინგიტი შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმში ტუბერკულოზური კერის არსებობისას. დაავადება ერთნაირი სიხშირით აღინიშნება როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს შორის. ინფექცია თავის ტვინის გარსში ჰემატოგენური გზით აღწევს. დაავადება უმეტესად ნელა ვითარდება, შესაძლოა, 2-3 კვირაც გაგრძელდეს. გამოხატულია საერთო სისუსტე, უმადობა. შემდეგ ვლინდება და თანდათანობით ძლიერდება თავის ტკივილი, იმატებს ტემპერატურა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ერთვის ღებინება. დაავადების მეორე კვირის დასაწყისში ვლინდება ქალას (წესისამებრ, თვალის მამოძრავებელი და/ან განმზიდავი) ნერვების დაზიანება. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში გონება იბინდება, ვითარდება კრუნჩხვა. თავზურგტვინის სითხე გამჭვირვალე ან ოდნავ შემღვრეულია, მიკროსკოპიული გამოკვლევისას აღმოაჩენენ ლიმფოციტურ პიელოციტოზს. დამახასიათებელია თავზურგტვინის სითხეში გლუკოზისა და ქლორიდების რაოდენობის დაქვეითება. სისხლში არ შეინიშნება ტუბერკულოზური მენინგიტისთვის სპეციფიკური ცვლილებები. მომატებულია ედსი და დაქვეითებულია ლეიკოციტების რაოდენობა.
დროულად დაწყებული მკურნალობის დროს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება, პროგნოზი კეთილსაიმედოა - როგორც წესი, ხდება სრული გამოჯანმრთელება. დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, განსაკუთრებით - გონების დაბინდვის, ტვინის კეროვანი დაზიანებისა და ჰიდროცეფალიის ფონზე, შედეგი არაკეთილსაიმედოა. გადარჩენილ ავადმყოფთა უმრავლესობას რჩება რეზიდუალური სიმპტომატიკა.

ვირუსული (ასეპტიკური) მენინგიტის გამომწვევი უმთავრესად კოქსაკის ვირუსია. სეროზული მენინგიტი შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა სხვა ნეიროტროპულმა ვირუსმაც, როდესაც ვირემიის პიკზე პროცესში ერთვება ტვინის გარსები. ეპიდემიური აფეთქების გარეშე ასეპტიკური მენინგიტის კლინიკურ სურათს, წესისამებრ, რაიმე სპეციფიკა არ გააჩნია. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებითა და საერთო ინტოქსიკაციის ნიშნებით. დაავადების პირველ-მეორე დღეს ვლინდება მკვეთრად გამოხატული მენინგეალური სინდრომი - ძლიერი და შეუპოვარი თავის ტკივილი, განმეორებითი ღებინება. არცთუ იშვიათად აღინიშნება მოთენთილობა და ძილიანობა, ზოგჯერ - აგზნებადობა და მოუსვენრობა. შესაძლოა ხველა, სურდო, ყელისა და მუცლის ტკივილიც. ხშირად ვლინდება ჰიპერესთეზია. კისრის კუნთების დაჭიმულობა, კერნიგისა და ბრუძინსკის სიმპტომები.
სისხლში სპეციფიკური ცვლილებები არ შეიმჩნევა. თავზურგტვინის სითხეში აღინიშნება ციტოზი, ჭარბობს ლიმფოციტები, ხოლო ცილების, გლუკოზისა და ქლორიდების შემადგენლობა ნორმულია.
ავადმყოფი უმეტესად გამოჯანმრთელდება რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

პროტოზოული მენინგიტის ერთ-ერთი გამომწვევია თოხოპლასმა გონდიი, რომელიც უჯრედშიდა პარაზიტებს მიეკუთვნება. ეს მიკროორგანიზმი ბინადრობს ხორცსა და ხორცის პროდუქტებში და 2-5°C-დე ტემპერატურაზე ერთი თვე ძლებს. კვდება -20°C ტემპერატურაზე.
პროტოზოული მენინგიტი მიმდინარეობს კუნთებისა და სახსრების ტკივილით, ლაქოვან-პაპულური გამონაყარით, ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, არამუდმივი ცხელებით. ვითარდება თავის ტკივილი, ღებინება, მენინგეალური სინდრომი. თავზურგტვინის სითხეში აღინიშნება ზომიერი ლიმფოციტური პიელოციტოზი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:22 | შეტყობინება # 370
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტკიპისმიერი ენცეფალიტის მენინგეალური ფორმა ვლინდება მწვავე სეროზული მენინგიტის სახით. ამ დროს გამოხატულია ტვინისმიერი და მენინგეალური სიმპტომები. თავზურგტვინის სითხეში აღინიშნება წნევის მატება, შერეული ლიმფოციტურ-ნეიტროფილური პლეოციტოზი. ავადმყოფი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, რომელიც თავის ოდნავი მოძრაობის დროსაც კი ძლიერდება, ასევე - თავბრუხვევას, გულისრევას, ერთჯერად ან მრავალჯერად ღებინებას, თვალების ტკივილს და სინათლის შიშს. ავადმყოფი მოთენთილია, რეაქციები შენელებული აქვს. აღინიშნება კისრის დაჭიმულობა, კერნიგისა და ბრუძინსკის სიმპტომები. მენინგეალური სიმპტომები ვლინდება მთელი ცხელების პერიოდში (7-14 დღის მანძილზე). მკურნალობის შემთხვევაში დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა.

მენინგიტის დიფერენციული დიაგნოსტიკა ჰოსპიტალიზაციამდე:
კლინიკური ფორმა:
დამახასიათებელი ჩივილები;
დამახასიათებელი დასაწყისი;
მენინგეალური სიმპტომების გამოხატულება;
ზოგადინფექციური სიმპტომები;
ცნობიერების ცვლილება;

ჩირქოვანი (მენინგოკოკური, პნევმოკოკური, სტაფილოკოკური და სხვა) მენინგიტი:
მზარდი ხასიათის თავის ტკივილი, გულისრევა, ცხელება, ღებინება;
მწვავე დასაწყისი. შესაძლებელია ხანმოკლე (რამდენიმესაათიანი) პროდრომული პერიოდი;
მკვეთრი, იმატებს პირველ საათებსა და დღეს;
ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება (39-40OC), ცხელება, კანის ჰიპერემია;
გაბრუება, სოპორი, კომა. ზოგჯერ ბოდვა, ჰალუცინაცია.

სეროზულ-ვირუსული მენინგიტი (პაროტიტული, ენტეროვირუსული და სხვა):
თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, იშვიათად - ღებინება;
მწვავე, ზოგჯერ სასუნთქი გზების კატარის და კუჭ-ნაწლავთა სისტემის მოშლილობის ფონზე;
ზომიერია, ჭარბობს ქალაშიდა ჰიპერტენზია;
ზომიერი ცხელება, ზოგჯერ ორფაზიანი, ხანმოკლე (3-7 დღე);
ჩვეულებრივ, ძილიანობა, იშვიათად გაბრუება, სოპორი, ბოდვა.

ტუბერკულოზური მენინგიტი:
სისუსტე, ანორექსია, ოფლიანობა, გულისრევა, თავის ტკივილი, მაგრამ ძლიერი - არა;
თანდათანობით ასთენიის სიმპტომებთან ერთად, დიდებში ზოგჯერ მწვავე ხასიათისა;
დასაწყისში უმნიშვნელოა და შემდეგ თანდათანობით იმატებს;
სუბფებრილური ტემპერატურა და ინტოქსიკაციის ნიშნები;
ცნობიერება შენახულია. დარღვეულია მხოლოდ არაკეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს;

მენინგიზმი ზოგადი ინფექციებისა და სომატური დაავადებების დროს:
არც თუ ისე ძლიერი თავის ტკივილი;
სხვადასხვაგვარი;
ზომიერი;
დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე;
არ აღინიშნება. გამონაკლისია განსაკუთრებულად მძიმე ფორმა.

მენინგიზმია მდგომარეობა, როდესაც მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კისრის კუნთების რიგიდულობა - თავისა და ზურგის ტვინის ანთებითი დაზიანების გარეშე ვლინდება. გვხვდება ქალასშიდა წნევის მომატების, ქალას უკანა ფოსოს არაქნოიდიტის ან სიმსივნის, პარკუჭთა სისხლძარღვოვანი წნულების ანთებითი პროცესების, თავის ტვინის შეშუპების, პუნქციის შემდგომ და სხვა მდგომარეობათა დროს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:22 | შეტყობინება # 371
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მენინგოენცეფალიტი
მენინგოენცეფალიტი მძიმე დაავადებაა. ამ დროს ანთება ტვინის გარსთან ერთად ტვინის ქსოვილსაც მოიცავს. კლინიკურ სურათში ჭარბობს ენცეფალიტის მოვლენები. დაავადების დასაწყისშივე, როცა მენინგეალური ნიშნები სუსტად არის გამოხატული, იჩენს თავს ტვინის დიფუზური და კეროვანი დაზიანების სიმპტომები: ცნობიერების მოშლა, კრუნჩხვა, პარეზი და დამბლა, უფრო იშვიათად - ჰიპერკინეზიები და ნათხემის დაზიანების ნიშნები. ხშირად თავზურგტვინის ნერვების დაზიანება ტვინის ფუძის არეში ღეროვან-ვესტიბულურ დარღვევასთან (თავბრუხვევა, ატაქსია, ნისტაგმის სხვადასხვა ფორმა) და მყეს-ძვალთა რეფლექსურ ასიმეტრიასთან ერთად ვლინდება. ხშირად ზიანდება III და IV წყვილი ნერვები და ვლინდება დიპლოპია, ფთოზი, ანიზოკორია. ვითარდება VII და XII წყვილი ნერვების ცენტრალური პარეზი, ვენტრიკულიტის დროს - ზოგადტვინოვანი სინდრომი ღრმა კომის სახით, IV პარკუჭის დაზიანების დროს - სუნთქვისა და გულის მუშაობის მოშლა. გვხვდება ჰემორაგიული ენცეფალიტიც, რომელსაც მაღალი ლეტალურობა ახასიათებს. დაგვიანებული მკურნალობის ნარჩენ მოვლენათაგანია პარეზი და ეპილეფსია.

მენინგოკოკური ინფექციის შერეული ფორმა
შერეული ფორმის (მენინგოკოქცემია + მენინგიტი) დროს ერთდროულად არის გამოხატული როგორც მენინგიტის, ისე მენინგოკოქცემიის ნიშნები. პათოგენეზური მკურნალობის სწორად წარმართვის მიზნით ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, უპირატესად რით არის განპირობებული ავადმყოფის მძიმე მდგომარეობა - მენინგიტითა და ზოგადტვინოვანი მოვლენებით თუ მენინგოკოქცემიითა და ინფექციურ-ტოქსიკური შოკით.

მენინგოკოკური ინფექციის გართულებები
მენინგოკოკური ინფექციის სპეციფიკური გართულებებია: ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, სუბდურული ჰემატომა, სისხლდენა ნაწლავიდან, საშვილოსნოდან და სხვა, მიოენდოპერიკარდიტი, პნევმონია, ირიდოციკლიტი, ტვინის მწვავე შეშუპება და შესივება, ჩაჭედვის სინდრომი, ცერებრული ჰიპოტენზია, ეპენდიმატიტი, ფილტვის შეშუპება, პარეზი და დამბლა.
არასპეციფიკურია: პნევმონია (უმთავრესად - სტაფილოკოკური), ოტიტი, მასტოიდიტი, ცისტოპიელონეფრიტი და გრამუარყოფითი ფლორით გამოწვეული სხვა გართულებები.
მენინგიტის ნარჩენი მოვლენები ძირითადად ასთენიური სინდრომის სახით ვლინდება. ესენია: ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, შრომის უნარის დაქვეითება და სხვა.
დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს სიყრუე (2-3%-ში), ყრუ-მუნჯობა (პატარებში).
ენცეფალიტით მიმდინარე შემთხვევებში იშვიათად გვხვდება პარეზი, დამბლა და ჰიდროცეფალია.

დიაგნოსტიკა. მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზი ემყარება ეპიდემიოლოგიურ, კლინიკურ, ლიქვოროლოგიურ, ბაქტერიოსკოპიულ, ბაქტერიოლოგიურ და სეროლოგიურ მონაცემებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:22 | შეტყობინება # 372
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მკურნალობა. მენინგოკოკური ინფექციის გენერალიზებული ფორმით დაავადებული ყველა ავადმყოფი კლინიკური დიაგნოზის განსაზღვრისთანავე საჭიროებს ინტენსიურ კომპლექსურ თერაპიას, რომელიც ჰოსპიტალიზაციამდე უნდა დაიწყოს. ადრეული და ადეკვატური მკურნალობა ავადმყოფის გადარჩენის საშუალებას იძლევა. მწვავე პერიოდში ტარდება კომპლექსური თერაპია, რომელიც გულისხმობს ეტიოტროპული და პათოგენეტიკური საშუალებების დანიშვნას.

1. მენინგიტის მკურნალობა
ა. დეჰიდრატაციული თერაპია. გამოიყენება დაბალმოლეკულური საშუალებები: რეოპოლიგლუკინი, სორბიტოლი, სორბიტი, მანიტოლი. ძალიან კარგია შინაგანი მიღებისთვის გლიცერინი. ინიშნება ცილოვანი პრეპარატები (ალბუმინი) და შარდმდენები (ლაზიქსი). ტარდება ლუმბალური პუნქცია.
ბ. ეტიოტროპული თერაპია. საუკეთესო საშუალებაა პენიცილინი, რადგან იოლად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს (ჰებ) და ნაკლებად ტოქსიკურია. მძიმე ფორმების დროს ნაჩვენებია გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა, მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა ანტიბიოტიკების დოზის გაზრდაც, რადგან გლუკოკორტიკოიდები ამკვრივებენ ჰებ-ს.

2. მენინგოკოქცემიის მკურნალობა
უპირველეს ყოვლისა, ინფექციურ-ტოქსიკური შოკის მკურნალობას გულისხმობს. ინიშნება დეზინტოქსიკაციური თერაპია. ასევე აუცილებელია გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა და ფორსირებული დიურეზი. ანტიბიოტიკები, რომელთაც აქვთ ბაქტერიოციდული მოქმედება (პენიცილინი), ამ დროს არ გამოიყენება, რადგან მათი შეყვანისას გამომწვევი მასიურად იღუპება და შოკი ღრმავდება. ინიშნება ლევომიცეტინი კუნთებში.

3. მენინგოკოკური ნაზოფარინგიტის მკურნალობა
ტარდება სტაციონარში. გამოიყენება ადგილობრივი თერაპია, ფიზიოთერაპია, შინაგანად მისაღებად ინიშნება ანტიბიოტიკები, ცეფალოსპორინები.

მენინგოკოკური ნფექციის პროფილაქტიკა
მენინგიტით დაავადებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კვირის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეს ცხვირ-ხახის ნაცხის ორჯერადი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მატარებლის გამოსავლენად. 10 დღის განმავლობაში იკრძალება კოლექტივში ახალი პირების მიღება.
ნაზოფარინგიტით დაავადებულს და ჯანმრთელ მატარებელს მკურნალობენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ათავისუფლებენ ბავშვთა დაწესებულებიდან (სკოლა, ბაღი) ან სამუშაოდან და დაუშვებენ მკურნალობის (სანაციის) დამთავრებიდან 3 დღის შემდეგ, 1-2-დღიანი ინტერვალით ჩატარებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზის უარყოფითი პასუხით.
მენინგოკოკის გავრცელების აღსაკვეთად საჭიროა ინფექციის კერაში მყოფთა განცალკევება, შენობის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით, ჭურჭლისა და სათამაშოების გამოხარშვა, ჰაერის ულტრაიისფერი დასხივება, ზოგადი ჰიგიენური რეჟიმის დაცვა.
აფეთქების დროს მიზანშეწონილია, მოსახლეობაში ჩატარდეს სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რათა სიცხიანებმა და ნაზოფარინგიტით დაავადებულებმა დროულად მიმართონ ექიმს.
მენინგოკოკური ინფექციის აქტიური პროფილაქტიკისთვის შექმნილია A, B და C ჯგუფის პოლისაქარიდული ვაქცინები. თავად მენინგიტით დაავადებულის კოლექტივში დაშვება შეიძლება საავადმყოფოდან გაწერიდან 10 დღისა და ლიქვორის ერთი უარყოფითი ბაქტერიოლოგიური პასუხის შემდეგ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:22 | შეტყობინება # 373
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მენინგოკოკური ინფექცია

მენინგოკოკური ინფექცია არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ბაქტერია Neisseria meningitidis. ის აზიანებს თავის ტვინის გარსს და იწვევს მენინგიტს, მენინგოენცეფალიტს, ენცეფალომიელიტს. ინფექციის გენერალიზების შემთხვევაში მოსალოდნელია კაპილართა ენდოთელიუმის დაზიანება და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება. აქედან გამომდინარე, მენინგოკოკური ინფექციის პათოგენეზში შეიძლება გამოიყოს ორი მომენტი: 1. თავის ტვინის გარსის დაზიანება; 2. კაპილართა ენდოთელიუმის დაზიანება და ამის კვალობაზე - სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომისა და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება.
მენინგოკოკური ინფექცია ყველა კონტინენტზე გვხვდება. ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია, რომელიც შეიძლება იყოს:
1. მენინგოკოკითა და მენინგოკოქცემიით დაავადებული;
2. ნაზოფარინგიტით დაავადებული;
3. მენინგოკოკის მატარებელი.
ავადმყოფობა გადამდებია პროდრომულ (ფარულ) პერიოდსა და დაავადების პირველ დღეებში. დაავადებული ექვსჯერ მეტ ადამიანს ასნებოვნებს, ვიდრე მატარებელი, მაგრამ მატარებლობის ფართო გავრცელების გამო ინფექციის ძირითად წყაროს სწორედ მატარებლები წარმოადგენენ.
ტერმინი "მატარებლობა" პირობითია, რადგან ინფექციური პროცესი ორგანიზმში ამ დროსაც მიმდინარეობს, თუმცაღა კლინიკური გამოვლინების გარეშე. მატარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს ეპიდემიის დროს, ეპიდემიებს შორის კი იკლებს.
მენინგოკოკური ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მაგრამ მისი გადაცემის მექანიზმი ამ გზით გადამდებ სხვა ინფექციებთან შედარებით დუნეა, რადგან მენინგოკოკი გარემოში მალე იღუპება. ამიტომ ადამიანი ავადდება ინფექციასთან მხოლოდ ხანგრძლივი და ახლო (0,5 მეტრზე) კონტაქტის შემთხვევაში.
მენინგოკოკურ ინფექციას პერიოდულობა ახასიათებს. დაავადება ხშირდება ზამთარში და გაზაფხულზე. ამას ხელს უწყობს კლიმატური ფაქტორები - ტენიანობის მომატება და ტემპერატურის ცვალებადობა, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისთვის. ამიტომაც არის, რომ მენინგოკოკური ინფექცია ხშირად იფეთქებს ხოლმე დახურულ კოლექტივებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საავადმყოფოებში და სხვა).
მენინგოკოკური ინფექცია ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობა 14 წლამდე ასაკის ბავშვების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიებს შორის არსებულ პერიოდში უმთავრესად ადრეული ასაკის ბავშვები ავადმყოფობენ, მატარებლობა კი უმთავრესად მოზრდილებს შორის იმატებს.
მენინგოკოკური ინფექციის დროს სიკვდილიანობა ძირითადად ელვისებური განვითარებისა და მკურნალობის დაგვიანების ბრალია. ლეტალობა განსაკუთრებით მაღალია წლამდე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი შემთხვევები იშვიათია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:22 | შეტყობინება # 374
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ინფიცირების მექანიზმი
ადამიანის ორგანიზმში მენინგოკოკი ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან იჭრება. შემთხვევათა უმრავლესობაში ყალიბდება ე. წ. ჯანმრთელი მატარებლობა, 10-30%-ში ვითარდება ცხვირ-ხახის ანთება (ნაზოფარინგიტი), უფრო იშვიათად (1-3%) კი მენინგოკოკი გადალახავს ადგილობრივ ბარიერს და სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება - ხდება ინფექციის გენერალიზება, ყალიბდება ბაქტერიემია. ამ პროცესს თან სდევს მენინგოკოკების მასობრივი დაღუპვა. ამ დროს უხვად გამოიყოფა ტოქსინები (ტოქსიცემია) და სისხლძარღვების ენდოთელიუმს აზიანებს.
ინფექციის გენერალიზების მიზეზი ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითებაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა
დაავადების საინკუბაციო პერიოდი ორიდან ათ დღემდე მერყეობს.
განასხვავებენ მენინგოკოკური ინფექციის სამ ფორმას:
I. ლოკალურს:
ა) მენინგოკოკის მატარებლობა;
ბ) მწვავე ნაზოფარინგიტი;
II. გენერალიზებულს:
ა) მენინგოკოქცემია: ტიპური ელვისებური (უმწვავესი მენინგოკოკური სეფსისი), ქრონიკული;
ბ) მენინგიტი;
გ) მენინგოენცეფალიტი;
დ) შერეული ფორმა (მენინგიტ-მენინგოკოქცემია);
III. იშვიათს:
ა) ენდოკარდიტი;
ბ) პოლიართრიტი;
გ) პნევმონია;
დ) ირიდოციკლიტი.

ნაზოფარინგიტი
დაავადება იწყება თავის ტკივილით (უმეტესად - შუბლისა და საფეთქლების არეში) და ტემპერატურის 37-380C-მდე მომატებით, რაც 1-3 დღე გასტანს. დაავადებული უჩივის ტკივილს ყლაპვისას, ყელში ფხაჭნის შეგრძნებას, მშრალ ხველას, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო ცხვირით სუნთქვა უჭირს, აქვს მშრალი სურდო, იშვიათად შესაძლოა გაუჩნდეს ლორწოვანი ან სისხლიანი გამონადენი. ხახის უკანა კედელი შეშუპებული, შეწითლებული და მარცვლოვანი აქვს, სკლერები - ინიეცირებული. ასიდან 10-15 შემთხვევაში დაავადების მე-3-5 დღეს ტუჩებსა და ცხვირზე ჩნდება ჰერპესული გამონაყარი. სისხლის ანალიზი ავლენს ზომიერ ნეიტროფილურ ლეიკოზს და ედსის მომატებას.
დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს. ასიდან მხოლოდ 15-25 შემთხვევაში გვხვდება საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმები. მძიმე მიმდინარეობისას გამოხატულია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და ინტოქსიკაციური მოვლენები, მაგალითად, მაღალი სიცხე, თავბრუხვევა, სიფითრე, ტაქიკარდია, აპათია და ღებინება. თუ ამ დროს კანზე გაჩნდა სისხლჩაქცევები და ჩამოყალიბდა მენინგეალური სინდრომი, ეს პროცესის გენერალიზებაზე მიუთითებს (20-30%).
ნაზოფარინგიტი ძალიან ჰგავს მწვავე ვირუსულ რესპირაციულ ინფექციას, რის გამოც სწორი დიაგნოზი ხშირად მხოლოდ გენერალიზებული ფორმის გამოვლენის შემდეგ ისმება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:23 | შეტყობინება # 375
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მენინგოკოქცემია
მენინგოკოქცემია იწყება მწვავედ, ძლიერი შემცივნებითა და ტემპერატურის 39-400C-მდე აწევით. პირველსავე საათებში გამოხატულია მძიმე ინტოქსიკაცია: ავადმყოფი ფერმკრთალია, დაჰკრავს ციანოზური ელფერი, ტუჩები და კანი მშრალი აქვს, სტკივა თავი, აღებინებს, უჩივის ტაქიკარდიას, ქოშინს, უძილობას, უმადობას და გაძლიერებულ წყურვილს.
მენინგოკოქცემიის ძირითადი სადიაგნოზო ნიშანია ჰემორაგიული გამონაყარი (სისხლჩაქცევები). დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 5-20 საათის განმავლობაში კანსა და ლორწოვან გარსებზე სხვადასხვა ზომის სისხლჩაქცევები ჩნდება. გამონაყარი უხვია, კანიდან ამოწეული, აქვს ზოგან წერტილოვანი პეტექიების, ზოგან კი ფართო (2-15 სმ დიამეტრის) სისხლჩაქცევების სახე. ასეთ კანს ექიმები ვარსკვლავიან ღამეს ადარებენ - გაფითრებულ, ციანოზურ კანზე მოჩანს უსწორმასწორო სისხლჩაქცევები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს თვალწინ ჩნდება და მართლაც ჰგავს სხვადასხვა ზომის მოციმციმე ვარსკვლავებს.
სისხლჩაქცევები უმთავრესად ზედა და ქვედა კიდურებზე, დუნდულებსა და ბარძაყებზე წარმოიქმნება. სახესა და სხეულის ზედა ნაწილებზე ჰემორაგიული გამონაყარის გაჩენა დაავადების დამძიმებაზე მიუთითებს. არცთუ იშვიათია სისხლჩაქცევები სკლერაში, რაც ასევე დაავადების სიმძიმის მანიშნებელია.
ჰემორაგიული ელემენტები ერთდროულად არ წარმოიქმნება. ამის გამო ისინი სხვადასხვა ფერისაა (ღია წითლიდან ალუბლისფრამდე).
მძიმე შემთხვევაში ფართო და ღრმა სისხლჩაქცევები ნეკროზდება, უმთავრესად - თითებზე, ტერფებზე, ყურის ბიბილოებზე, და ტოვებს ღრმა დეფექტს, ზერელე და მცირე ზომის სისხლჩაქცევები კი უკვალოდ ქრება. მენინგოკოქცემიური ღრმა ნეკროზის შედეგად, თუ სისხლჩაქცევა სახსრის არეში იყო ლოკალიზებული, ავადმყოფმა შესაძლოა კიდურიც კი დაკარგოს.
მძიმე მენინგოკოქცემიის დროს იწყება სისხლდენა ცხვირიდან, კუჭიდან, საშვილოსნოდან და სხვა ორგანოებიდან, ჩნდება სისხლჩაქცევები ლორწოვან გარსებსა და შინაგან ორგანოებში (თირკმელზედა ჯირკვლებში, მიოკარდიუმში, ენდოკარდიუმში, თირკმელებში, ტვინში და მის გარშემო).
მენინგოკოქცემიის დამძიმების პარალელურად ირღვევა ჰემოდინამიკა - პულსი სუსტდება, წნევა ეცემა. თითქმის ყოველთვის გამოხატულია ქოშინი, ფილტვებში ისმის ხიხინი, ენა მშრალი და შელესილია, ღვიძლი და ელენთა - გადიდებული, მოზარდებს აწუხებთ ყაბზობა, ჩვილებს - ხშირი დეფეკაცია. თირკმელებში ვითარდება კეროვანი გლომერულონეფრიტის მოვლენები, შარდვა მცირდება.
მენინგოკოქცემიის დროს შესაძლოა განვითარდეს პნევმონია, პლევრიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ენდოკარდიტი, იშვიათად - თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება. გაცილებით ხშირია სახსრების დაზიანება ართრიტისა და პოლიართრიტის სახით. დაავადების მეექვსე-მეშვიდე დღეს სახსრები შუპდება, წითლდება და მტკივნეული ხდება. პერიფერიულ სისხლში მკვეთრად არის მომატებული ლეიკოციტების რაოდენობა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz