სამედიცინო ენციკლოპედია - Page 29 - მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი
ოთხშაბათი, 03.09.2014, 10:56
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 29 დან«1227282930»
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:32 | შეტყობინება # 421
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მუნი
მუნი (ბღერი) კანის ინფექციურ-პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა Acarus scabiei. ახასიათებს კანის საფარველის ინტენსიური ქავილი, განსაკუთრებით ღამით, კანზე ნაკაწრებისა და წყვილ-წყვილი ხვრელების არსებობა. მუნის გამომწვევი ისეთი მცირე ზომისაა (200-400 მკ), რომ შეუიარაღებელი თვალით პრაქტიკულად არ ჩანს. პარაზიტები დაახლოებით 1 თვეს ცოცხლობენ. მდედრი კანის რქოვან შრეში აკეთებს ხვრელს, სადაც დღეში 2-3 კვერცხს დებს. კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც 10-14 დღეში გაივლის რამდენიმე სტადიას და ზრდასრულ ტკიპად გადაიქცევა.
მუნი კონტაგიოზური (გადამდები) დაავადებაა. ბავშვებში უფრო იოლად ვრცელდება. გადაედება ავადმყოფთან უშუალო და ხანგრძლივი კონტაქტით, მის მიერ გამოყენებული საგნების (ჭუჭყიანი თეთრეული, ტანსაცმელი, პირადი ნივთები) საშუალებით, სქესობრივი კონტაქტით.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მუნის საინკუბაციო პერიოდი 7-10 დღეს შეადგენს, რის შემდეგაც იწყება კლინიკური გამოვლინება:
4კანის ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით და სითბოში, მაგალითად, ლოგინში ჩაწოლისას, თბილი აბაზანის მიღებისას. ქავილი ინტენსიურია ყველგან, გარდა სახისა.
4გამონაყარი - უმთავრესად კანის ნაზ უბნებში ჩნდება. ეს არის წვრილი, ქინძისთავისოდენა, ხაზოვნად დალაგებული ბუშტუკები და კვანძები, ეროზიები, რომლებიც თხელი სისხლიანი ქერქით არის დაფარული.
გამონაყარის ტიპური ლოკალიზაციაა ზემო და ქვემო კიდურების მომხრელი ზედაპირი, მაჯები, ხელის თითების ნაოჭები და გვერდითი ზედაპირები, წელი, მუცელი და დუნდულები, ქალებში - სარძევე ჯირკვლების კანი, მამაკაცებში - გენიტალიუმის არე, ბავშვებში - ხელისგულები და ფეხისგულები, შესაძლოა თავიც, განსხვავებით მოზრდილებისაგან.
გამონაყარის ელემენტები წყვილ-წყვილად არის განლაგებული. ხვრელები ერთმანეთისაგან 0,5-1 სმ-ით არის დაშორებული.
გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, მუნისთვის დამახასიათებელია ე. წ. სამკუთხედის ნიშანი - ხვრელების თავისებური, სამკუთხა განლაგება კუდუსუნის მიდამოში, მწვერვალით დუნდულებს შორის არსებული ნაოჭისკენ. ნაკაწრები (ექსკორიაციები) განსაკუთრებით ფეხებზეა გამოხატული.
გვხვდება მუნის ატიპური ფორმებიც, როდესაც დაავადებისთვის დამახასიათებელი სურათი წაშლილია. მაგალითად, მას, ვინც ყოველდღე ბანაობს, აქვს ნაკლებად შესამჩნევი გამონაყარი, რომელიც ნელა ვრცელდება.

გართულებები. მუნის ყველაზე ხშირი გართულებებია:
მეორეული პიოდერმია - ქავილის შედეგად ხდება მეორეული ჩირქოვანი ინფექციის თანდართვა. ახასიათებს პუსტულები და ეროზიები, სეროზულ-ჰემორაგიული და ჩირქოვანი ქერქები, თანმხლები ძლიერი ქავილი.
დერმატიტი - ვითარდება მუნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ და კანის ანთებითი მოვლენები ახასიათებს. კანზე წარმოიქმნება ერითემა (სიწითლე), წვრილი ნახეთქები, თხელფირფიტოვანი აქერცვლა, წვრილი კვანძები, ურტიკარიული პაპულები.
ლიმფოპლაზია - კვანძების გაჩენას იწვევს დაავადებულის იმუნურ-ალერგიული რეაქცია მუნის გამომწვევის ცხოველქმედების პროდუქტებზე. რეინვაზიის შემთხვევაში ძველ ადგილებში შეიმჩნევა ლიმფოპლაზია, მაგრამ არ ჩანს მუნის ხვრელები.
იშვიათია ეგზემა და ჭინჭრის ციება, რასაც აკარიციდული პრეპარატების ჭარბი გამოყენება იწვევს.

დიაგნოსტიკა. მუნის დიაგნოზს კლინიკური სურათის მიხედვით სვამენ. მთავარი სადიაგნოზო ნიშანი, რომელიც მას სხვა ქავანა დერმატოზებისგან განასხვავებს, არის მუნის ხვრელების არსებობა.

მკურნალობა. დღეს მუნის სამკურნალოდ გამოიყენება:
გოგირდის 33%-იანი მალამო: 5 დღე - წასმა, მე-7 დღეს - დაბანა;
ბენზილ-ბენზოატის 25%-იანი (ბავშვებში - 10%-იანი) ხსნარი: 3 დღე - წასმა 12-საათიანი შუალედებით, მე-6 დღეს - დაბანა;
სპრეგალი (აეროზოლი): ერთჯერადი მიფრქვევა საღამოს, 12 საათის შემდეგ - დაბანა. გამოიყენება გაურთულებელი მუნის შემთხვევაში.
მკურნალობის შემდეგ საჭიროა ავადმყოფის ორჯერადი გასინჯვა ერთკვირიანი შუალედით.

პროფილაქტიკა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია, მისი თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექცია, ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული პროფილაქტიკური დამუშავება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:32 | შეტყობინება # 422
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშიბიარობა პათოლოგიური – 3. მენჯის ძვლებისა და სამშობიარო გზების რბილი ქსოვილების ანომალია
მენჯის ძვლებისა და სამშობიარო გზების რბილი ქსოვილების ანომალიამ შესაძლოა სამშობიარო მოქმედების სისუსტე გამოიწვიოს. ასეთ ანომალიებს მიეკუთვნება:
1. მენჯის ძვლის ანომალიები – ვიწრო მენჯი;
2. საშვილოსნოს განვითარების ანომალია;
3. მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა სიმსივნური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა ან საკვერცხეების სიმსივნე);
4. საშვილოსნოს ყელის ცვლილებები (ნაწიბურები).

1. ვიწრო მენჯი
მცირე მენჯის ღრუს ცილინდრის ფორმა აქვს და იმის გამო, რომ უკანა კედელი წინაზე გრძელია, რამდენადმე უკან არის გაზნექილი. მენჯის ღრუ პირობითად შემდეგ ნაწილებად იყოფა: შესასვლელ სიბრტყედ, ფართო ნაწილის სიბრტყედ, ვიწრო ნაწილის სიბრტყედ და გამოსასვლელ სიბრტყედ. გარდა ამისა, განასხვავებენ მცირე მენჯის პირდაპირ, გარდიგარდმო და ირიბ ზომებს.
მეანობაში მენჯის გამოკვლევას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი აგებულება და ზომები გადამწყვეტ როლს ასრულებს მშობიარობის მიმდინარეობასა და შედეგში. ნორმალური მენჯი ნორმალური მშობიარობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
მენჯში ცვლილებების არსებობის შემთხვევაში მშობიარობისას შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა გართულებებმა, რომლებიც საფრთხეს უქადის როგორც დედის, ისე ნაყოფის სიცოცხლეს, ამიტომ ორსულს ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე აყვანისთანავე უზომავენ მენჯს. შესაძლოა, შემცირებული იყოს მენჯის როგორც რამდენიმე, ასევე ყველა ზომა, ვიწრო მენჯის შემთხვევაში მისი ძვლოვანი ჩონჩხი იმდენად იყოს შეცვლილი, რომ მომწიფებულ დროულ ნაყოფს მასში გავლისას დაბრკოლება შეხვდეს. მენჯის უმნიშვნელო შევიწროებისას მშობიარობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ხოლო მენჯისა და ნაყოფის თავის (მისი ყველაზე დიდი ნაწილის) შეუთავსებლობის შემთხვევაში მშობიარობის დროს გადაულახავი წინააღმდეგობა იქმნება.
განასხვავებენ ანატომიურად და კლინიკურად ვიწრო მენჯს.
მენჯს, რომლის ყველა ან ზოგიერთი პარამეტრი ნორმაზე 1,5-2 სანტიმეტრით და მეტით ნაკლებია, ანატომიურად ვიწრო მენჯი ეწოდება. ასეთი მენჯი მშობიარობას ყოველთვის არ უშლის ხელს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანატომიურად ვიწრო მენჯი კლინიკურად ყოველთვის არ არის ვიწრო. მენჯის ზომების ზომიერი შემცირებისას მშობიარობის დასასრული დამოკიდებულია არა მარტო მენჯზე, არამედ სამშობიარო მოქმედების ხასიათზე, ნაყოფის სიდიდესა და მისი თავის კონფიგურაციის უნარზეც. როდესაც სამშობიარო მოქმედება კარგია, ნაყოფი არ არის მსხვილი, თავი იოლად განიცდის კონფიგურაციას, – მშობიარობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ხოლო სუსტი სამშობიარო მოქმედების, თავის არასაკმარისი კონფიგურაციისა და მსხვილი ნაყოფის დროს ასეთივე ზომის მენჯი დაბრკოლებას ქმნის.
ანატომიურად ვიწრო მენჯის დიაგნოზს მენჯის გაზომვის შედეგად სვამენ, ხოლო იქნება თუ არა ეს მენჯი კლინიკურად ვიწრო, მშობიარობისას სხვადასხვა მაჩვენებელზე დაყრდნობით წყდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:33 | შეტყობინება # 423
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კლინიკურად ვიწროა მენჯი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ნაყოფს მკვეთრ დაბრკოლებას უქმნის.
ვიწრო მენჯი ორგანიზმის განუვითარებლობის (ინფანტილიზმის) ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. ყველა ის მიზეზი, რომელიც კი ხელს უწყობს ორგანიზმის განუვითარებლობას, ვიწრო მენჯის ჩამოყალიბებასაც იწვევს. მათ მიეკუთვნება:
ცხოვრების არასასურველი პირობები;
ბავშვობასა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში გადატანილი მძიმე და ხანგრძლივი დაავადებები;
რაქიტი – ამ დროს დეფორმაციას განიცდის თავის ქალა, ხერხემალი, გულმკერდი, ქვედა კიდურები და მენჯი. მენჯის რაქიტული გადაგვარება მისი ზომების შემცირებას იწვევს;
ძვლებისა და სახსრების, განსაკუთრებით – მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების, ასევე ხერხემლის ტუბერკულოზი;
მენჯის ძვლების მოტეხილობა, ამოვარდნილობა და მოტეხილი კიდურების არასწორი შეხორცება, რაც მოძრაობის სხვადასხვა დარღვევას იწვევს.
შედარებით იშვიათია მენჯის ძვლების სიმსივნური დაავადებები, წელის მალის წინ დაცურება და სხვა.
ვიწრო მენჯის კლასიფიკაცია ეყრდნობა მენჯის ფორმებს და მისი დავიწროების ხარისხს. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ვიწრო მენჯის შემდეგ ტიპებს:
1. თანაბრად დავიწროებული – ყველა ზომა შემცირებულია 2 სმ-ით და მეტად;
2. მარტივი ბრტყელი მენჯი – შემცირებულია პირდაპირი ზომები;
3. თანაბრად დავიწროებული ბრტყელი – მენჯის პირდაპირი ზომების მაქსიმალური შევიწროება.
ეს ტიპები, თავის მხრივ, ქვეტიპებად იყოფა.
სამეანო პრაქტიკაში ხშირია განივად შევიწროებული მენჯი. განასხვავებენ მენჯის სივიწროვის ოთხ ხარისხს, რაც საშუალებას იძლევა წინასწარ გამოითვალოს, იქნება თუ არა მოცემული მენჯი კლინიკურად ვიწრო.
I ხარისხი: ჭეშმარიტი კონიუგატა (მენჯის შესასვლელის წინა-უკანა დიამეტრი) – 11-9 სმ. მშობიარობა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კარგი სამშობიარო მოქმედების შემთხვევაში.
II ხარისხი: ჭეშმარიტი კონიუგატა – 9-7,5 სმ. მშობიარობა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კარგი სამშობიარო მოქმედების შემთხვევაში.
III ხარისხი: ჭეშმარიტი კონიუგატა – 7,5-6,5 სმ. ტარდება საკეისრო კვეთა ან მშობიარობა მთავრდება ოპერაციით (მკვდარი ნაყოფის შემთხვევაში).
IV ხარისხი: ჭეშმარიტი კონიუგატა – 6,5 სმ და ნაკლები. ტარდება საკეისრო კვეთა ან მშობიარობა მთავრდება ოპერაციით (მკვდარი ნაყოფის შემთხევვაში).
ვიწრო მენჯის დროული ამოცნობა ხელს უწყობს იმ გართულებათა თავიდან აცილებას, რომლებიც თავს იჩენს მშობიარობისას, ზოგჯერ კი ორსულობის ბოლოს.
ვიწრო მენჯის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის, სხეულის დათვალიერების, მენჯის გაზომვისა და ქალის ვაგინალური (საშოსმხრივი) გამოკვლევის საფუძველზე.
თუ ვიწრომენჯიან ქალს უკვე ჰქონია ნორმალური მშობიარობა, შესაძლოა, მენჯმა არც ამჯერად შეუქმნას დაბრკოლება ნაყოფს, ხოლო არასასურველი სამეანო ანამნეზი (მძიმე მშობიარობა, სამეანო ოპერაციები, მკვდრადშობადობა და სხვა) ადასტურებს, რომ მენჯი არა მარტო ანატომიურად, არამედ კლინიკურადაც ვიწროა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:33 | შეტყობინება # 424
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სხეულის დათვალიერება მენჯზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა: შესაძლებელია ამოცნობილ იქნეს განუვითარებლობა, ინფანტილიზმის ნიშნები, ჩონჩხის რაქიტული ცვლილებები, მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი და ამოვარდნილობა.
ვიწრო მენჯის დიაგნოსტირებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გავის რომბის ფორმებს.
ნორმალური მენჯის რომბს სწორი ფორმა აქვს.
ბრტყელრაქიტული მენჯის დროს რომბის ზედა ნახევარი უფრო პატარაა, ვიდრე ქვედა. მენჯის მნიშვნელოვანი რაქიტული დაზიანების დროს რომბს თითქმის სამკუთხა ფორმა აქვს.
თანაბრად დავიწროებული მენჯის რომბი სიგრძეშია გაწელილი. ზედა და ქვედა კუთხეები მახვილი აქვს, გვერდითი კი ბლაგვი.
მენჯის გამოხატული დავიწროებისას იცვლება ორსულის მუცლის ფორმაც. ორსულობის ბოლოს ნაყოფის თავი ვერ ჩადის მცირე მენჯში და ფერდქვეშა მიდამოდან წინ გადაიხრება. ამ დროს პირველმშობიარეების მუცელი წვეტიან ფორმას იღებს, განმეორებით მშობიარეებს კი ჩამოკიდებული აქვთ.
ძვლების სისქეზე, შესაბამისად – მენჯის ძვლების სისქეზეც, სხივ-მაჯის სახსრის გარშემოწერილობის მიხედვით მსჯელობენ. თუ მისი გარშემოწერილობა 14 სმ-ს აღემატება, ეს ჩონჩხის ძვლების, მათ შორის – მენჯის ძვლების მასიურობაზე მიუთითებს.
არსებობს სხვა სამეანო ზომებიც, რომელთა ცოდნა მეანს საშუალებას აძლევს, მენჯის ზომებზე იმსჯელოს.
მშობიარობის პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო მენჯის, არამედ ნაყოფის ზომების – მენჯისა და თავის გარშემოწერილობის – ცოდნაც. მათ დასადგენად იყენებენ სპეციალურ საზომს, აგრეთვე – ულტრასონოგრაფიულ მონაცემებს.

ორსულობის მიმდინარეობა
ვიწრო მენჯის დროს ორსულობის პირველ ნახევარს განსაკუთრებული თავისებურებები არ ახასიათებს. მეორე ნახევარში არცთუ ხშირია გვიანი ტოქსიკოზი. ორსულობის ბოლოს ნაყოფის თავი ვერ ჩადის მცირე მენჯში, საშვილოსნო მაღლა სწევს დიაფრაგმას, რის გამოც ორსულები ხშირად უჩივიან ქოშინს, გულის ფრიალს, ადვილად დაღლას. ამ დროს ნაყოფი ძლიერ მოძრავია, რის გამოც ირიბი და გარდიგარდმო მდებარეობა, მენჯით წინამდებარეობა და სხვა პათოლოგიები უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური მენჯის დროს. ხშირია სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა.
ვიწრომენჯიან ორსულებს კონსულტაციაში საგანგებო მეთვალყურეობას უწევენ და მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე გზავნიან სტაციონარში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:33 | შეტყობინება # 425
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშობიარობის მიმდინარეობა
მენჯის III-IV ხარისხის დავიწროებისას მშობიარობა ცოცხალი დროული ნაყოფით ოპერაციული ჩარევის გარეშე შეუძლებელია – შესაძლოა, დედაც და ნაყოფიც დაიღუპონ საშვილოსნოს გახეთქვის, სეფსისის ან სხვა გართულების გამო.
მენჯის I-II ხარისხის დავიწროებისას მშობიარობის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ნაყოფის ზომასა და მდებარეობაზე, წინამდებარე ნაწილზე, სამშობიარო მოქმედების ინტენსივობაზე. თუ თავის ზომები მენჯისას არ შეესაბამება, მშობიარობა მძიმე გართულებებით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს.
ვიწრო მენჯის დროს ხშირია სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა. წყლების დაღვრისას შესაძლოა გამოვარდეს ჭიპლარის მარყუჟი ან ნაყოფის კიდური. თუ კვალიფიციური სამეანო დახმარება დაგვიანდა, ჭიპლარი თავით მიიჭყლიტება მენჯის კედელზე და ნაყოფი ასფიქსიით დაიღუპება. გარდა ამისა, წყლების ნაადრევი დაღვრა აფერხებს ყელის გახსნას, სამშობიარო შეტევები ძლიერ მტკივნეული ხდება (მშრალი მშობიარობა), თუ უწყლო პერიოდი გახანგრძლივდა, შესაძლოა, მიკრობები საშოდან საშვილოსნოში შეიჭრას და საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება – ენდომეტრიტი გამოიწვიოს.
ვიწრო მენჯის დროს არცთუ იშვიათია სამშობიარო მოქმედების სისუსტე. ჭინთვები ან მშობიარობის დასაწყისშივე სუსტი და იშვიათია, ან მოგვიანებით სუსტდება და იშვიათდება. სირთულეები განსაკუთრებით ნაყოფის გამოძევების პერიოდში იჩენს თავს. გამოძევების პერიოდი გახანგრძლივებულია, რაც საშვილოსნოს გადაძაბვას იწვევს. თუ ნაყოფის თავისა და მენჯის ზომები შეუსაბამოა, შესაძლოა საშვილოსნო გაიხეს.
ზოგჯერ სამშობიარო მოქმედების სისუსტე მოგვიანებით ვითარდება, ნაყოფი იღუპება, ვითარდება ენდომეტრიტი და მძიმე სეპტიკური დაავადება.
შესაძლოა განვითარდეს სხვა გართულებაც – მენჯის ძვლებზე რბილი ქსოვილების მიჭყლეტა. საშვილოსნოს ყელსა და საშოსთან ერთად ზეწოლას განიცდის შარდის ბუშტი, ურეთრა, სწორი ნაწლავი. ზეწოლა აუარესებს მათში სისხლის მიმოქცევას, ვითარდება ციანოზი, ორგანოთა კედლები შუპდება. შარდის ბუშტისა და ურეთრის მიჭყლეტამ შესაძლოა შარდის გამოყოფის შეწყვეტა გამოიწვიოს. წარმოიქმნება ფისტულები საშარდე და სასქესო ორგანოებს ან სწორ ნაწლავსა და საშოს შორის. არ არის გამორიცხული ფეხის ნერვებზე ზეწოლა და შემდგომ – მათი პარეზი. მოსალოდნელია ასევე ბოქვენის სიმფიზის დაზიანება.
სამშობიარო მოქმედების ანომალიებმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნაყოფის ასფიქსია, რაც მის ორგანოებში სისხლჩაქცევებს გამოიწვევს. გარდა ამისა, შესაძლოა დაზიანდეს ნაყოფის თავისა და მხრის სარტყელის ძვლები.
ვიწრო მენჯის დროს მკვდრადშობადობა, ადრეულ ასაკში სიკვდილიანობა და მშობიარობის შემდგომი დაავადებები უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური მენჯის შემთხვევაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:33 | შეტყობინება # 426
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2. საშვილოსნოს განვითარების ანომალიები
არსებობს პათოლოგიები, რომელთაც საშვილოსნოს ან საშოს შიგნით ტიხრის განვითარება ახასიათებთ. განვითარების ასეთ ანომალიებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ტიხარი, უნაგირა საშვილოსნო, ერთ და ორრქიანი საშვილოსნო, გაორებული საშვილოსნო და გაორებული საშო. ზოგიერთი მათგანი ორსულობას ხელს არ უშლის, ზოგ შემთხვევაში კი ორსულობა და მშობიარობა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ხშირად განვითარების ასეთი ანომალიების დიაგნოსტირება ორსულობის დროს ხდება.
საშვილოსნოს განვითარების ზემოხსენებული ანომალიები იშვიათია (გვხვდება ქალების 0,1-0,5%-ში). უფრო მეტად ორრქიანი ანუ უნაგირა საშვილოსნოა გავრცელებული.
საშვილოსნოს განვითარების ანომალიები ხშირად იქცევა უნაყოფობის, სამშობიარო ძალების სისუსტის, ნაყოფის არასწორი მდებარეობის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, მუცლადყოფნის პერიოდში სიკვდილიანობის ზრდის (განსაკუთრებით – თუ ორსულობა არ მიმდინარეობს მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობით) მიზეზად.

საშვილოსნოს ტიხარი
საშვილოსნოს ტიხარი წარმოადგენს საშვილოსნოს ღრუში არსებულ ქსოვილოვან ნარჩენს, რომელიც საშვილოსნოს ფუძიდან გამოდის და სისხლით ცუდად მარაგდება. ტიხარზე ან ტიხრიან საშვილოსნოში ემბრიონის მიმაგრების შემთხვევაში დიდია მუცლის მოშლის, ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის (მენჯით წინამდებარეობის) ალბათობა.
ამ დეფექტის აღმოფხვრა ადვილია. საამისოდ იყენებენ ჰისტეროსკოპიულ მეთოდს – საშვილოსნოში შეჰყავთ სპეციალური ოპტიკური ხელსაწყო, რომელიც საშვილოსნოს ღრუს დანახვის საშუალებას იძლევა; პარალელურად შესაძლებელია საშვილოსნოში ქირურგიული ინსტრუმენტების შეტანა და ოპერაციული ჩარევის განხორციელება. ოპერირებულ პაციენტებს გართულებათა ალბათობა 80-90%-დან 10-15%-მდე უმცირდებათ.

ერთრქიანი საშვილოსნო
ერთრქიანი საშვილოსნოს მიზეზი მიულერის ერთ-ერთი სადინარის განუვითარებლობაა, რომლის შედეგადაც ქალს საშვილოსნოს მხოლოდ ერთი მილი აქვს. ამ დროს ორსულობის ბოლომდე მიყვანა საშვილოსნოს ზომაზეა დამოკიდებული. ერთრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში დიდია მუცლის მოშლის ალბათობა. მისი მკურნალობის ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს.
ერთრქიანი საშვილოსნო ხშირად შერწყმულია განვითარების სხვა ანომალიასთან (აგნეზია – თირკმლის არარსებობა – საშვილოსნოს არარსებული მილის მხარეს) და სამეანო გართულებებთან (ნაყოფის განუვითარებლობა, არასწორი მდებარეობა, ნაადრევი მშობიარობა, სამშობიარო ძალების სისუსტე).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:33 | შეტყობინება # 427
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ორრქიანი საშვილოსნო
ორრქიანი საშვილოსნოს მიზეზი მიულერის მილების შერწყმის დარღვევაა, რაც საშვილოსნოს ერთი ყელისა და ორი ღრუს განვითარებას იწვევს. ორრქიანი საშვილოსნო სხვადასხვა დონეზე ორად არის გაყოფილი და განაყოფები ერთმანეთს ქვედა ნაწილებით ერწყმის. ზოგჯერ, მკვეთრი განშრევების შემთხვევაში, იქმნება ორი ერთრქიანი საშვილოსნოს შთაბეჭდილება, ზოგჯერ კი გაყოფა ძალიან სუსტად არის გამოხატული და ორივე რქა თითქმის სრულად (ფუძის გამოკლებით) ერწყმის ერთმანეთს, ხოლო შერწყმის ადგილას წარმოიქმნება უნაგირისმაგვარი ჩაღრმავება. ამ შემთხვევაში საშვილოსნოს უნაგირას უწოდებენ.
განასხვავებენ ორრქიანი საშვილოსნოს სამ ფორმას: უნაგირას, არასრულსა და სრულს.
არასრული ფორმის დროს ორ რქად განცალკევება მხოლოდ ზედა მესამედში შეიმჩნევა. ამ დროს საშვლოსნოს რქების ზომა და ფორმა, წესისამებრ, ერთნაირია.
სრული ფორმის შემთხვევაში ორ რქად განცალკევება ხდება ასე: რქები ურთიერთსაპირისპირო მხარეს გადაიშლება დიდი ან მცირე კუთხით. სწორედ ამ კუთხის სიდიდით განისაზღვრება ანომალიის გამოხატულების სიმკვეთრე.
ერთი ყელის მქონე ორრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში ორსულობა უმეტესად ერთ-ერთ რქაში ვითარდება, ძალიან იშვიათად – ორივეში ერთად. ორსულობამ და მშობიარობამ შესაძლოა გაურთულებლად ჩაიაროს, თუმცა დიდია მუცლის მოშლის ალბათობაც, ამიტომ ქალს მთელი ორსულობის განმავლობაში გინეკოლოგის მეთვალყურეობა სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის რისკიც. მოსალოდნელია აგრეთვე პლაცენტის არასწორი მდებარეობა, რაც მისი აშრევების საფრთხეს ქმნის. საშვილოსნოს ასეთი შენების შემთხვევაში ნაყოფს შესაძლოა ისეთი მდებარეობა ჰქონდეს, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობა შეუძლებელი გახდეს. ასეთ დროს საკეისრო კვეთას მიმართავენ.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საშვილოსნოს ანომალიის ქირურგიული გზით გამოსწორება. ოპერაცია ეფექტურია, ოპერირებულ პაციენტებში მუცლის მოშლის საშიშროება 90-95%-იდან 25-30%-მდე იკლებს.
უნაგირა საშვილოსნო რამდენადმე გაგანიერებულია, ძირში აქვს პატარა ჩაღრმავება, ორ რქად განშრევება უმნიშვნელოდ არის გამოხატული, ანუ საშვილოსნოს რქები თითქმის მთლიანად არის შეხორცებული (გამონაკლისია ფუძე).
ასეთი ფორმის საშვილოსნოს დროს ჩასახვა შესაძლებელია. მაგრამ ვინაიდან საშვილოსნოს განვითარების მანკს, წესისამებრ, სხვა პათოლოგიებიც ახლავს თან (მაგალითად, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ), შესაძლოა, ორსულობა ნაადრევად შეწყდეს.
თუ უნაგირა საშვილონოს აქვს ტიხარი, ორსულობა ხშირად სპონტანური აბორტით სრულდება.
უნაგირა საშვილოსნოს ხშირად ერწყმის მენჯის შევიწროება. საშვილოსნოს პათოლოგია ნაყოფის არასწორ მდებარეობას იწვევს, რაც ბუნებრივი გზით მშობიარობას შეუძლებელს ხდის. ამ შემთხვევაშიც საკეისრო კვეთას მიმართავენ.
უნაგირა საშვილოსნოს დიაგნოსტირება ჰისტეროსალპინგოგრაფიით, ჰისტეროგრაფიით და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ხდება


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:33 | შეტყობინება # 428
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საშვილოსნოს გაორება
ასე უწოდებენ მიულერის სადინართა შერწყმის სრულ დარღვევას, რომელსაც თან ახლავს საშვილოსნოსა და მისი ყელის გაორება (ორივე საშვილოსნო ნორმალურზე მცირე ზომისაა). ამ ანომალიას, ჩვეულებრივ, ერწყმის საშვილოსნოს ტიხარი. ამასთანავე, ზოგჯერ შეიმჩნევა ერთ-ერთი საშვილოსნოს ობსტრუქცია (დახშობა), რასაც ჰემატომის განვითარებამდე მივყავართ: საშვილოსნოში, რომელსაც არ აქვს კავშირი საშოსთან, გროვდება მენსტრუალური სისხლი და ტკივილს იწვევს. ასეთი სიმპტომები აღენიშნებათ მოზარდებს მენსტრუალური ციკლის დაწყებასთან ერთად.
საშვილოსნოს გაორების დროს ჩასახვა ძნელდება, იმატებს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის, ასევე თვითნებური აბორტის ალბათობა. შესაძლებელია თუ არა ორსულობის ბოლომდე მიყვანა, გამოკვლევებით უნდა გაირკვეს. თუ შესაძლებელია, მაშინ ორსულობა ნებადართულია. იგი ერთ-ერთ საშვლოსნოში განვითარდება, მეორე საშვილოსნო კი უმნიშვნელოდ გადიდდება, მისი ლორწოვანი გარსი ორსულობისთვის დამახასითებელ ცვლილებებს განიცდის.
თუ ორსულობა შეწყდა, საშვილოსნოსშიგა სისხლდენის საფრთხის გამო არაორსული საშვილოსნოს ლორწოვან გარსსაც გამოფხეკენ.
საშვილოსნოს გაორებისას ხშირად აღინიშნება საკვერცხეების ჰიპოფუნქცია, ჰორმონული უკმარისობა და საშვილოსნოს განუვითარებლობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს შვილის ყოლის შესაძლებლობას. საჭიროა ორსულობისთვის გულდასმით მომზადება და მთელი ორსულობის განმავლობაში გინეკოლოგის უწყვეტი მეთვალყურეობა.

პროგნოზი
საშვილოსნოს ზემოთ აღნიშნული ანატომიური ცვლილებების შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტა შესაძლოა გამოწვეული იყოს სანაყოფე კვერცხის ცუდი იმპლანტაციით (ხშირად ის ტიხარს მიემაგრება), ენდომეტრიუმის სისხლძარღვოვანი ქსელისა და რეცეპტორების არასრულფასოვანი განვითარებით, ისთმოცერვიკალური უკმარისობით (საშვილოსნოს ყელის კუნთები არ ხურავენ საშვილოსნოს გასასვლელს), ჰორმონული დარღვევებით.
საშვილოსნოს განვითარების ანომალიის შემთხვევაში ორსულობის ადრეული პერიოდიდანვე აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სპაზმოლიზური საშუალებების მიღება, დიუფასტონით ან უტროჟესტანით თერაპია (ეს პრეპარატები უზრუნველყოფენ ორსულობის შენარჩუნებას 16-20 კვირამდე). ინიშნება სხვა პრეპარატებიც, მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად და ნაყოფის სრულფასოვანი განვითარების უზრუნველსაყოფად, ასევე - პლაცენტაში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
საშვილოსნოს განვითარების ყველა ზემოხსენებული ანომალიის დროს მშობიარობა შეიძლება გართულდეს სამშობიარო მოქმედების სხვადასხვაგვარი დარღვევით, ამიტომ ასეთმა ორსულმა აუცილებლად სამშობიარო სახლში უნდა იმშობიაროს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:34 | შეტყობინება # 429
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშობიარობა (ფიზიოლოგიური)
მშობიარობის დროს საშვილოსნოს ღრუდან სამშობიარო გზების გავლით გამოიდევნება ნაყოფი, სანაყოფე წყლები, სანაყოფე გარსი და პლაცენტა. ეს პროცესი ხორციელდება საშვილოსნოს კუნთების ტალღისებური შეკუმშვების საშუალებით, რომლებიც საშვილოსნოს ფსკერიდან მისი ქვედა სეგმენტისკენ არის მიმართული. ამასთანავე, შეკუმშვათა გავრცელების ძალა ზემოდან ქვემოთ სუსტდება. საშვილოსნოს ამგვარ შეკუმშვებს ჭინთვები ეწოდება.
ფიზიოლოგიური მშობიარობის ხანგრძლივობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია, საშუალოდ კი პირველმშობიარეებში - 8-12 საათს, ხოლო განმეორებით მშობიარეებში 6-10 საათს შეადგენს.
თუ მშობიარობა 6 საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, სწრაფს უწოდებენ, თუ 3 საათზე ნაკლებ ხანში დასრულდა - ძალიან სწრაფს, ხოლო თუ 12 საათზე მეტხანს გასტანა - გახანგრძლივებულს.
საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას საშვილოსნოს კუნთებში და მათთან ერთად მთელ ორგანიზმში მიმდინარე რთული ბიოქიმიური რეაქციები განაპირობებს. მიომეტრიუმის (საშვილოსნოს კუნთოვანი შრე) კუმშვადობის ფუნქციაზე მოქმედებს ჰორმონული ფაქტორები (ოქსიტოცინი და ესტროგენი აძლიერებს შეკუმშვას, პროგესტერონი კი ასუსტებს), კალციუმის იონების კონცენტრაცია და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (სეროტონინი, კატექოლამინი და სხვა).
ბუნებრივი სამშობიარო გზებიდან ნორმალური (ფიზიოლოგიური) მშობიარობის მახასიათებლებია:
ერთნაყოფიანი ორსულობა;
ნაყოფის თავით წინ მდებარეობა;
ნაყოფის თავისა და დედის მენჯის ზომების სრული შეთავსება;
38-40-ე კვირამდე მიყვანილი ორსულობა;
სამშობიარო მოქმედებათა კოორდინირება, რომელიც არ საჭიროებს მაკორეგირებელ თერაპიას;
მშობიარობის ნორმალური ბიომექანიზმი;
სანაყოფე წყლების დროული დაღვრა მშობიარობის პირველი პერიოდის აქტიურ ფაზაში, მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელი 6-8 სმ-ზეა გახსნილი;
სამშობიარო გზების სერიოზული დაზიანებისა და ოპერაციული ჩარევის არარსებობა;
მშობიარობის დროს 250-400 მლ-ზე ნაკლები სისხლის დანაკარგი;
პირველმშობიარეებში - 8-12, განმეორებით მშობიარეებში კი 6-10 საათის ხანგრძლივობის მშობიარობა;
ცოცხალი და ჯანმრთელი ბავშვის დაბადება ყოველგვარი ჰიპოქსიის, ტრავმის, ინფექციისა თუ ანომალიის გარეშე;
აპგარის სკალის მიხედვით ბავშვის 7 და მეტი ქულით შეფასება.
ფიზიოლოგიური მშობიარობის ეტაპებია:
საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვები (ჭინთვები);
საშვილოსნოს ყელის სტრუქტურის შეცვლა, თანდათანობით ყელის 10-12 სმ-მდე გახსნა;
სამშობიარო გზებში ბავშვის გადაადგილება და მისი დაბადება;
პლაცენტის გამოძევება.
პრელიმინარული (მოსამზადებელი) პერიოდი
ეს პერიოდი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება და თავისთავად გადადის რეგულარულ სამშობიარო ქმედებებში.
მოსამზადებელ პერიოდში ორსულს მუცელი დაბლა ეწევა (საშვილოსნოს ძირის დაწევის ხარჯზე), ჭიპი წინ წამოიწევს. იმის გამო, რომ დიაფრაგმაც დაბლა იწევს, ქალს უადვილდება სუნთქვა. მოსამზადებელ პერიოდში ჩნდება ხოლმე სისხლიანი გამონადენი საშოდან, ხშირდება შარდის გამოყოფა, ვითარდება საშვილოსნოს ხანმოკლე, უმტკივნეულო და არარეგულარული შეკუმშვები (ცრუ ჭინთვები). ორგანიზმიდან სითხის გაძლიერებული გამოყოფის გამო შესაძლოა ორსულმა 1-2 კგ დაიკლოს. მშობიარობის წინა პერიოდში მრავალი ქალი აღნიშნავს, რომ ნაყოფი ნაკლებად მოძრავი ხდება.
ჩვეულებრივ, ორსულები მშობიარობის დაწყების მაუწყებლად ჭინთვების დაწყებას მიიჩნევენ. ჭინთვების რეგულარულობა და ინტენსივობა სხვადასხვაა - თავდაპირველად სუსტია და 10-15-წუთიანი შუალედით აღმოცენდება, მერე და მერე კი ძლიერდება, შუალედიც მცირდება.
ზოგჯერ ჭინთვები დიდხანს, რამდენიმე ათეული საათი გრძელდება, რაც ქალს ძალიან ღლის.
ზოგჯერ მოსამზადებელი პერიოდი სანაყოფე წყლების დაღვრით იწყება. ამ შემთხვევაში ჭინთვების ლოდინი ზედმეტია; მშობიარე დაუყოვნებლივ სამშობიაროში უნდა წაიყვანონ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:34 | შეტყობინება # 430
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშობიარობისთვის მზადყოფნაზე მიუთითებს საშვილოსნოს ყელის 1-1,5 სმ-მდე დამოკლება. ცერვიკალური არხი გახსნილია 2-3 სმ-ზე, ნაყოფის წინამდებარე ნაწილი მჭიდროდ აწვება მცირე მენჯის შესასვლელს, საშვილოსნოს ყელს სცილდება ლორწოვანი საცობი, ჭინთვების დაწყებასთან ერთად საშვილოსნოს ყელი იწყებს გახსნას.
პრელიმინარული პერიოდი ნორმაში ერთ დღეზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება. საშვილოსნოს ყელი რბილდება და შეუძლია, ჭინთვების ზემოქმედებით გაიწელოს. საშვილოსნოს კუნთები პერიოდულ შეკუმშვას იწყებენ. მშობიარობის ჭინთვებისგან განსხვავებით, ეს შეკუმშვები არარეგულარულია, არათანაბარი ძალისა და ხანგრძლივობისა. რიტმული შეკუმშვები მუცლის ღრუზე ზეწოლის შეგრძნებას ჰგავს.
უმჯობესია, ამ პერიოდში ქალი მოსვენებულ მდგომარეობაში იყოს.
მშობიარობის ეს პერიოდი პათოლოგიურად იმ ორსულებში მიმდინარეობს, რომელთაც მშობიარობისა ეშინიათ და ეჭვი ეპარებათ მის სასურველ დასასრულში.
მშობიარობის მოსამზადებელი პერიოდის პათოლოგიური მიმდინარეობის შემთხვევაში საშვილოსნოს შეკუმშვებს თან სდევს ტკივილი. ორსულს ერღვევა ძილი, შფოთავს, ადვილად იღლება. ამის გამო საშვილოსნოს ყელი მშობიარობისთვის მომზადებას ვერ ახერხებს. ამიტომ არის, რომ პათოლოგიურ წინა პერიოდს ხშირად პათოლოგიური მშობიარობა მოსდევს.
ორსულმა მშობიარობის პათოლოგიური მოსამზადებელი პერიოდის პირველსავე ნიშნებზე გინეკოლოგს უნდა მიმართოს.

მშობიარობის პერიოდი
სამშობიარო მოქმედების დასაწყისის განსაზღვრა მშობიარობის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. წესისამებრ, მშობიარობის დაწყება საშოსმხრივი გასინჯვით დასტურდება. თუ მშობიარობის დაწყება არასწორად იქნა დიაგნოსტირებული, ამას შესაძლოა მოჰყვეს დაუსაბუთებელი ჩარევა, მაგალითად, ამნიოტომია ან ოქსიტოცინის შეყვანა. პრელიმინარული პერიოდისა და დაწყებული სამშობიარო მოქმედების ერთმანეთისგან გასარჩევად ზოგჯერ ლოდინის ტაქტიკაა საჭირო. ფიზიოლოგიური მშობიარობის პროგრესი ფასდება მშობიარობის საერთო ხანგრძლივობით ან საშვილოსნოს ყელის გახსნის სიჩქარით (საშუალოდ 1 სმ საათში). უკანასკნელი უფრო მისაღებია, ვინაიდან მშობიარობის საერთო ხანგრძლივობის განსაზღვრა მხოლოდ რეტროსპექტულად არის შესაძლებელი. მშობიარობის პროგრესის შეფასება ხდება მშობიარეზე დაკვირვებით - მისი ქცევის, საშვილოსნოს შეკუმშვის, ნაყოფის წინამდებარე ნაწილის წინმსვლელობის შესაბამისად, მაგრამ საშვილოსნოს ყელის გახსნის ხარისხი მშობიარობის პროგრესის ყველაზე ზუსტ კრიტერიუმს წარმოადგენს. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში მშობიარობის მართვის გეგმა უნდა შეიცვალოს.
გამოყოფენ ფიზიოლოგიური მშობიარობის სამ პერიოდს: საშვილოსნოს ყელის გახსნას, ნაყოფის გამოდევნას და მშობიარობის შემდგომ პერიოდს. პირველი პერიოდის (საშვილოსნოს ყელის გახსნა) დაწყება პირველი რეგულარული ჭინთვებით განისაზღვრება, დასრულება კი საშვილოსნოს ყელის სრული გახსნით. მეორე პერიოდი (ნაყოფის გამოძევება) საშვილოსნოს ყელის სრული გახსნის მომენტიდან ბავშვის დაბადებამდე გრძელდება. მესამე (მშობიარობის შემდგომი) პერიოდის დასაწყისი ბავშვის დაბადებაა, დასასრული - მომყოლის დაბადება.

I პერიოდი: რეგულარული ჭინთვების დაწყების ან სანაყოფე წყლების დაღვრის მომენტიდან ქალი უკვე მშობიარედ იწოდება და არა ორსულად. მშობიარობის პირველ პერიოდში საშვილოსნოს შეკუმშვის გასაუმჯობესებლად მშობიარეს შეუძლია იდგეს ან იაროს, განუჩევლად იმისა, დაღვარა თუ არა სანაყოფე წყლები. ჭინთვები რეგულარულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მათი ხანგრძლივობა 10-15 წამია, ინტერვალი კი 10-15 წუთი, თუმცა ზოგიერთ ქალს ჭინთვებიც და ჭინთვებს შორის პერიოდიც შესაძლოა უფრო ხანგრძლივი ან ხანმოკლე ჰქონდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:34 | შეტყობინება # 431
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თანდათანობით ჭინთვებს შორის ინტერვალი 2-3 წუთამდე მცირდება, თვით ჭინთვების ხანგრძლივობა კი 1-2 წუთამდე იმატებს. ასე გრძელდება საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე (10-12 სმ).
ჩვეულებრივ, სანაყოფე ბუშტი ირღვევა საშვილოსნოს ყელის სრული გახსნის დროს და სანაყოფე წყლები ნაწილობრივ ბავშვის დაბადებამდე იღვრება, ნაწილობრივ კი მისი დაბადების შემდეგ, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრე - მოსამზადებელ პერიოდში, საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდეც დაიღვაროს.

მშობიარის ოპტიმალური პოზა მშობიარობის პირველ პერიოდში
კვლევებმა დაადასტურა, რომ ზურგზე წოლა საშვილოსნოს ზეწოლის გამო (ქვედა ღრუ ვენის სინდრომი) აუარესებს საშვილოსნო-პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას, ამცირებს საშვილოსნოს კუმშვადობას. გამოკვლევები იმასაც მოწმობს, რომ თუ მშობიარეს აქვს საშუალება, თავისუფლად იმოძრაოს და მიიღოს ნებისმიერი პოზა, საშვილოსნოს შეკუმშვები უფრო ეფექტური ხდება, მშობიარობაც უფრო ხანმოკლე და ნაკლებად მტკივნეულია. გვერდზე წოლისა და ჯდომის დროს ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ზურგზე წოლის შემთხვევაში. ორსულს უნდა მიეცეს საშუალება, თავად აირჩიოს პოზიცია. ერთადერთი გამონაკლისია სანაყოფე სითხის დაღვრა მოძრავი თავის პირობებში.
მშობიარობის მართვის განუყოფელი კომპონენტია ნაყოფის მდგომარეობის შეფასება. ნაყოფის დისტრესი - გულისცემის სიხშირის ცვალებადობა დიდი ამპლიტუდით, წუთში 160-ზე მეტიდან 100-120-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე - ან გულის რიტმის დარღვევა, რაც უმთავრესად ჰიპოქსიით არის გამოწვეული, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც კი შეიმჩნევა.
მნიშვნელოვანია სანაყოფე სითხის შეფასება. მასში მეკონიუმის აღმოჩენა შესაძლოა ნაყოფის დისტრესზე, მკვდრადშობადობის, ნეონატალური ავადობისა და სიკვდილის მაღალ ალბათობაზე მიუთითებდეს.
მშობიარობის დაწყებისას სანაყოფე ბუშტის სპონტანური დარღვევის შემთხვევაში სანაყოფე წყლების ხასიათი მაშინვე უნდა შეფასდეს. მათში მეკონიუმის არსებობისას აუცილებელია ნაყოფზე ინტენსიური დაკვირვება. ნაყოფის დისტრესის განვითარებისას სასურველია, მშობიარობა სწრაფად დასრულდეს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფის გულისცემის საკორექციოდ უბრალო კონსერვატიული ღონისძიებებიც კმარა. მაგალითად, დედის პოზის შეცვლა (მარცხენა გვერდზე მოთავსება), ოქსიტოცინის შეყვანის შეწყვეტა საშვილოსნოპლაცენტური სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
მეტად მნიშვნელოვანია ნაყოფის გულისცემაზე დაკვირვება. არსებობს ნაყოფის გულისცემის გამოკვლევის ორი მეთოდი: უწყვეტი ელექტრონული მონიტორინგი და გარეგანი აუსკულტაცია სამეანო სტეთოსკოპით. აუსკულტაცია ტარდება 15-30 წუთში ერთხელ მშობიარობის პირველი პერიოდის განმავლობაში და ყოველი ჭინთვის შემდეგ მეორე პერიოდში. ამ მეთოდის უპირატესობა მისი სიმარტივეა. ელექტრონული მონიტორის გამოყენება ნაყოფის გულისცემის შესაფასებლად აუცილებელია მაღალი რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის დროს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:34 | შეტყობინება # 432
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
II პერიოდი. მშობიარობის მეორე პერიოდში ჭინთვების დასაწყებად და საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დაქვეითების გამო ნაყოფის ოქსიგენაცია თანდათან მცირდება. ხანგრძლივი ჭინთვები საგრძნობლად ასუსტებს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას. თავს იჩენს ინდივიდუალური განსხვავებებიც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ნაყოფის მდგომარეობის დინამიკური კონტროლი. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჭინთვების დაწყება.Qქალს სთხოვენ, გაიჭინთოს საშვილოსნოს ყელის სრული გახსნისას, როდესაც ნაყოფის წინამდებარე ნაწილი მენჯის ფსკერზეა. ფიზიოლოგიური მიდგომა იმას გულისხმობს, რომ ჭინთვის შეგრძნება ქალს თვითნებურად უნდა ჩამოუყალიბდეს.
ნაყოფის გამოძევება ხორციელდება როგორც საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვის (ჭინთვები), ისე მუცელშიგა წნევის მომატების ხარჯზე (სამშობიარო ჭინთვა). სამშობიარო ჭინთვები მაქსიმალურ ძალასა და ხანგრძლივობას აღწევს ნაყოფის თავის მცირე მენჯის ღრუში ჩამოსვლისას. ამ პერიოდში ჭინთვები გრძელდება 60-90 წამი, მათ შორის ინტერვალი კი შეადგენს 1,5-2 წუთს. პირველად თავი იბადება, შემდეგ - მხრები, ტანი და ფეხები. დაბადების შემდეგ ჭრიან ჭიპლარს და ბავშვს დედის მუცელზე აწვენენ. ეს პერიოდი ქალისთვის განსაკუთრებით რთულია. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაშიც კი ქალს ესაჭიროება გინეკოლოგის დახმარება, მშობიარობის მომენტში კი ძალიან შველის ახლობლებისა და ნათესავების ფსიქოლოგიური თანადგომა.
მშობიარის პოზიცია მშობიარობის მეორე პერიოდში. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მშობიარობის მეორე პერიოდში ვერტიკალურ პოზიციას ჩვეულებრივთან შედარებით საგრძნობი უპირატესობა აქვს: ქალი ჭინთვებისას უფრო ნაკლებ დისკომფორტს განიცდის, სუსტდება ტკივილის შეგრძნება, მცირდება სამშობიარო გზების ტრავმირებისა და ჭრილობის ინფიცირების ალბათობა.

მშობიარობის III პერიოდი: მშობიარობის მესამე პერიოდში ხდება მომყოლის (პლაცენტის) მოცილება და გამოძევება. ეს ხდება საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვისა (მშობიარობის შემდგომი ჭინთვები) და პლაცენტისა და საშვილოსნოს კედელს შორის დაგროვილი სისხლის წნევის ზრდის ხარჯზე. მომყოლის დაბადებით სრულდება მშობიარობის III პერიოდი და ქალი უკვე დედად იწოდება და არა მშობიარედ.
ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც შესაძლოა, მესამე პერიოდი სისხლდენით გართულდეს. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე ხერხი. ქალს უნდა შევთავაზოთ მესამე პერიოდის აქტიური მართვა, რადგან ეს ატონიური სისხლდენის ალბათობას ამცირებს. მშობიარობის მესამე პერიოდის აქტიური მართვა გულისხმობს რიგ ჩარევას, რომელთა მიზანია საშვილოსნოს კუმშვადობის გაძლიერება პლაცენტის გამოძევების გასაადვილებლად და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პროფილაქტიკა. როდესაც პლაცენტა დაიბადება, საჭიროა მისი დაჭერა ორი ხელით და ფრთხილად დატრიალება, შემდეგ კი ფრთხილად გამოქაჩვა სრული გამოძევებისთვის. მშობიარობის მესამე პერიოდის აქტიური მართვა ამცირებს სისხლის დანაკარგს, მშობიარობის შემდგომ სისხლდენას და სისხლის გადასხმის აუცილებლობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:34 | შეტყობინება # 433
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშობიარობა პათოლოგიური
გამოყოფენ პათოლოგიური მშობიარობის სამ ძირითად სახეობას:
I. სამშობიარო ძალების ანომალიას;
II. ნაყოფის მდებარეობისა და წინამდებარეობის ანომალიას;
III. მენჯის ძვლებისა და სამშობიარო გზების რბილი ქსოვილების ანომალიას.

მშობიარობის I და II პერიოდის ხანგრძლივობა
______________________________________________________________________________
მშობიარობის პერიოდი პირველმშობიარე განმეორებით მშობიარე
______________________________________________________________________________
I. მშობიარობის პირველი პერიოდი
I ა. საშვილოსნოს ყელის ნელი გახსნის ფაზა
1. საშუალო ხანგრძლივობა საათებში 6,4 4,8
2. მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობა, სთ 20,1 13,6
I ბ. საშვილოსნოს ყელის სწრაფი გახსნის ფაზა
1. საშუალო ხანგრძლივობა საათებში 4,6 2,4.
2. მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობა, სთ 11,7 5,2.
3. საშ. ყელის გახსნის მაქს. სიჩქარე (სმ/სთ) 1,2 1,5.

II. მშობიარობის მეორე პერიოდი
1. მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობა, სთ 2,9 1,1.
______________________________________________________________________________

მენჯის ზომები (ნორმის ქვედა ზღვარი)
______________________________________________________________________
მცირე მენჯი ზომები, სმ
1. შესასვლელი სიბრტყე
ა. გარდიგარდმო ზომა 11,5
ბ. პირდაპირი ზომა 10,5;

2. ღრუს ვიწრო ნაწილი
ა. გარდიგარდმო ზომა 10,0
ბ. პირდაპირი ზომა 11,5
_____________________________________________________________________________

ჩამოთვლილთა გარდა აღსანიშნავია სწრაფი მშობიარობა, ჭიპლარის გამოვარდნა, პლაცენტის ნაადრევი აცლა, საშვილოსნოს გახევა, საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილის დარჩენა, საშვილოსნოს გადმობრუნება, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა და ნაყოფის ჰიპოქსია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:35 | შეტყობინება # 434
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
მშობიარობის შემდგომი პერიოდი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე და სრულდება მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ. მშობიარობის შემდგომ პირველ 4 საათს ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდს უწოდებენ.
მშობიარობის შემდეგ პლაცენტა საგულდაგულოდ უნდა დათვალიერდეს მთლიანობის, ჰემატომების არსებობა-არარსებობის, არანორმალური მიმაგრების შესამოწმებლად. საშვილოსნოს ყელის რუტინული დათვალიერების აუცილებლობა დამტკიცებული არ არის. მისი დათვალიერების ჩვენებაა სისხლდენა, ინსტრუმენტული მშობიარობა, სწრაფი მშობიარობა. საშვილოსნოს ღრუს ხელით რევიზიაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს.
ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედა იმყოფება გინეკოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც აკონტროლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უსინჯავს არტერიულ წნევას, პულსს, საშოდან გამონადენს, საშვილოსნოს ღრუდან ლორწოსა და სისხლის კოლტების გამოძევების პროცესის დასაჩქარებლად ეწევა საშვილოსნოს პერიოდულ მასირებას მუცლის წინა კედლიდან.
თუ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დედა მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ გადაჰყავთ პალატაში.
მშობიარობის პირველ დღეს შესაძლოა სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, რაც უკავშირდება მშობიარობის დროს მიღებულ ძლიერ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს მშობიარობიდან მე-3-4 დღესაც საშვილოსნოს ღრუს დაზიანებულ ზედაპირზე სხვადასხვა მიკროორგანიზმის მოხვედრის გამო. დაახლოებით ამავე პერიოდში იწყება რძის გამოყოფა, რასაც თან სდევს სარძევე ჯირკვლების გაუხეშება (ტემპერატურის მატება ამანაც შეიძლება გამოიწვიოს).
მშობიარობის პირველ დღეებში შესაძლოა განვითარდეს შარდის გამოყოფის შეფერხება და შეკრულობა, რასაც განაპირობებს შარდის ბუშტისა და ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსის დაქვეითება. ხანგრძლივი შეკრულობის შემთხვევაში ინიშნება საფაღარათე საშუალება ან კეთდება გამწმენდი ოყნა, შარდის შეკავებისას კი შესაძლოა საჭირო გახდეს კათეტერის გამოყენება.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნო იკუმშება, მისი ზომა და წონა მცირდება. პირველი 2-3 დღის განმავლობაში საშვილოსნოდან აღინიშნება სისხლიანი გამონადენი, რომელიც მე-7-10 დღისთვის მოყვითალო-მოთეთრო ხდება. გამონადენი წყდება მშობიარობიდან 5-6 კვირის შემდეგ, საშვილოსნო ნორმალურ ზომას 5-6 კვირაში იბრუნებს.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლები ვითარდება, რაც ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ჰორმონებით არის განპირობებული. ლაქტაციის პროცესი ესტროგენების, პროგესტერონის, პროლაქტინისა და ოქსიტოცინის გავლენით ხორციელდება. გარდა ამისა, ჰორმონული გადაწყობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, აწოვებს თუ არა ქალი ბავშვს ძუძუს. ძუძუთი კვების დროს აქტიურად წარმოიქმნება პროლაქტინი, რაც სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოშობას ასტიმულირებს და საკვერცხეების მომწიფების პროცესს თრგუნავს. რძის გამომუშავებას ხელს უწყობს ოქსიტოცინიც.
მეძუძურ დედას მენსტრუაცია შესაძლოა რამდენიმე თვე არ ჰქონდეს (ჩვეულებრივ, 3-4 თვე, იშვიათად - ლაქტაციის დასრულებამდეც კი). თუ დედა ბავშვს ძუძუს არ აწოვებს, მენსტრუალური ციკლი 6-8 კვირაში აღუდგება. ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს, ამიტომ მეძუძურ ქალსაც შეიძლება, საკმაოდ მალე აღუდგეს ციკლი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:35 | შეტყობინება # 435
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ახალშობილის შეფასება აპგარის სკალის მიხედვით
უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საგულდაგულო ყურადღება უნდა მიექცეს ახალშობილის მოვლას - სასუნთქი გზების ფუნქციობას, სხეულისა და გარემოს ტემპერატურის შენარჩუნებას, დედასთან ადრეულ კონტაქტს და ძუძუსთან მიყვანას. სითბოს შენარჩუნების, კანის კანთან კონტაქტის მიზნით ახალშობილს დაბადებისთანავე აწვენენ დედის მკერდზე. ჭიპლარის პულსაციის შეწყვეტის შემდეგ ხდება ჭიპლარის გადაკვანძვა, დაბადებიდან ორი საათის შემდეგ კი ახალშობილს წონიან.
ახალშობილის შეფასება ხდება საყოველთაოდ მიღებული აპგარის სკალით. ის 5 მაჩვენებელს აერთიანებს. თითოეული მათგანი ქულებით ფასდება: მინიმუმი - 0 ქულა, მაქსიმუმი - 2. შემდეგ ხდება ამ ქულების შეჯამება. ეს მაჩვენებლებია:
გულისცემა - ახალშობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გულისცემა. თუ მისი სიხშირე წუთში 100 დარტყმას აღემატება, შეფასება ორს უდრის, თუ ნაკლებია - ერთს.
სუნთქვა - თუ ახალშობილმა ხმამაღლა იტირა, თანაბრად და ღრმად ჩაისუნთქა, 2 ქულას იღებს. თუ ხმა სუსტდება და სუნთქვაც ზედაპირულია, პატარას მდგომარეობა ერთი ქულით ფასდება. თუ ახალშობილი საერთოდ არ სუნთქავს, ექიმი ნულს "უწერს", მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს კატასტროფას - ნული ქულა ჯანმრთელმა ახალშობილმაც შეიძლება მიიღოს, როცა სისხლში ჯერ კიდევ აქვს დედის ორგანიზმიდან გამოყოლილი ჟანგბადის მარაგი. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც შენარჩუნებულია სისხლის მიმოქცევა ჭიპლარის მეშვეობით. როგორც კი ჭიპლარი გადაიჭრება, ჯანმრთელი ჩვილი პირველად ჩაისუნთქავს.
რეფლექსები - დაბადებისთანავე მოწმდება ქუსლის რეფლექსი და კათეტერის მეშვეობით ცხვირიდან ლორწოს ამოწოვისას ახალშობილის რეაქცია. თუ ამ პროცედურას ტირილი მოჰყვა, ჩვილი 2 ქულას იღებს. არასასიამოვნო მიმიკის მიღება ერთი ქულაა, ხოლო რეფლექსური პასუხის არარსებობა - ნული.
კუნთების ტონუსი - ხელ-ფეხის აქტიური მოძრაობა 2 ქულაა, უფრო დუნე - 1, ხოლო მოდუნებული კუნთები 0 ქულით ფასდება.
კანის ფერი - კანის ფერი გვიჩვენებს, აქვს თუ არა ახალშობილს ასფიქსია და როგორია მისი ხარისხი. თუ პაწიას სხეული მთლიანად ვარდისფერია, ექიმი ორ ქულას უწერს, თუ ხელ-ფეხს სილურჯე დაჰკრავს - ერთს, ხოლო თუ მთელი სხეული ფერმკრთალი ან ლურჯია, შეფასება ნულს უდრის.
დაბადებიდან ერთი წუთის შემდეგ ათ ქულას ბავშვები იშვიათად იღებენ. ექიმები წერენ, რომ ძალიან კარგი შეფასება ყოველთვის როდია კარგი - შესაძლოა, ის ბავშვის ზედმეტ აგზნებაზე მიუთითებდეს, რაც გართულებული მშობიარობის შედეგია. იდეალურია 8-9 ქულა. არც შვიდია ურიგო. თუ პირველი წუთის განმავლობაში შეფასება უფრო ნაკლებია, 7 წუთი ელოდებიან. ამ ხნის განმავლობაში ახალშობილმა ძალები უნდა აღიდგინოს, რათა რვიანი მიიღოს. თუ პაწაწინას საადაპტაციო რეზერვები ამოწურული არ აქვს, ის სწრაფად გავარდისფრდება, დაიწყებს ხმამაღალ ტირილს, რიტმულ სუნთქვას, აამოძრავებს კიდურებს, თუმცა ასეთ ახალშობილს ნევროლოგის დაკვირვება მაინც სჭირდება. თუ ბავშვმა დაბადებისას 5-6 ქულა დაიმსახურა, ესე იგი მას მსუბუქი ასფიქსია აქვს გადატანილი, ხოლო 1-4 ქულა მძიმე ასფიქსიაზე მეტყველებს. რაც უფრო დაბალია შეფასება აპგარის სკალის მიხედვით დაბადებისას და დაბადებიდან 5 წუთის შემდეგ, მით უფრო მაღალია შემდგომ პატარას ფსიქომოტორული და ფიზიკური განვითარების დარღვევის რისკი. საბედნიეროდ, ჩვილის ორგანიზმს უზარმაზარი აღდგენითი უნარი აქვს, უბრალოდ, საჭიროა მისი სათანადო მოვლა და აუცილებლობისას დროული მკურნალობა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
გვერდი 29 დან«1227282930»
ძებნა:

ჰოსტერი uCoz