ხუთშაბათი, 25.04.2024, 05:23
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:12 | შეტყობინება # 76
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ასთენია მრავალი დაავადების მთავარი ან მეორეხარისხოვანი სინდრომია. ის ზოგჯერ ავადმყოფობის დასაწყისში ვლინდება, ზოგჯერ - ბოლოს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ტიპური ჩივილია სისუსტე, ადვილად დაღლა, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, მკვეთრი სინათლისა და მაღალი ხმის აუტანლობა. ძილი ზედაპირული და მოუსვენარი ხდება, ავადმყოფს უჭირს როგორც ჩაძინება, ისე გაღვიძება, დილით კი დაღლილი და გამოუძინებელი დგება. ამას ერთვის ემოციური გაუწონასწორებლობა, დეპრესია, შიში, უსიამოვნო შეგრძნებები სხეულში. ასთენიურმა დარღვევებმა შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერი დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე. მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და გრიპი სწორედ ამგვარი სიმპტომებით მიმდინარეობს. ზოგჯერ ასთენიური მოვლენები გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება.

მკურნალობა. დიდი ქალაქის ნებისმიერი მცხოვრები, რომელიც მუშაობს და თან ყოველდღიურად უწევს ყოფითი პრობლემების გადალახვა, მხოლოდ მომადუნებელი ვარჯიშებით ასთენიას თავს ვერ დააღწევს. ასთენიის დროს ირღვევა ტვინის განსაზღვრული სტრუქტურების მუშაობა, ამიტომ სეირნობით, დასვენებით თუ ცხოვრებაში პატარ-პატარა სიახლეების შეტანით პრობლემა არ მოგვარდება. აქ ექიმის დახმარებაა საჭირო. ის ავადმყოფს შეურჩევს ცხოვრების სათანადო წესს და დაუნიშნავს წამლებს. როგორც წესი, ექიმები ასეთ პაციენტებს ადაპტოგენებს (ჟენშენს, ელეუტეროკოკს და სხვა) უნიშნავენ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მათი დოზის შერჩევა ძნელია. ამასთანავე, შესაძლოა, ამ საშუალებებმა ისეთი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიც არის ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა და სხვა.
ასთენიური სინდრომის სამკურნალო პრეპარატებიდან აღსანიშნავია ენერიონი. იგი გროვდება ტვინის პრობლემურ უბნებში და აღადგენს მათ ფუნქციას. კერძოდ, ახდენს ბიოლოგიური რიტმის ნორმალიზებას, აუმჯობესებს მახსოვრობას, ყურადღების კონცენტრაციის უნარს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:13 | შეტყობინება # 77
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბრონქული ასთმა წვრილი ბრონქების სპაზმით გამოწვეული ქოშინისა და სულხუთვის განმეორებითი შეტევებით მიმდინარე დაავადებაა. მას საფუძვლად უდევს ბრონქების მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი ისეთი ფაქტორის მიმართ, რომლებზეც ადამიანი, ჩვეულებრივ, არ რეაგირებს. ამგვარი ზემგრძნობელობა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებით არის განპირობებული.
ალერგიული ანთების შედეგად სასუნთქი გზები მგრძნობიარე ხდება ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ, როგორიც არის ხემცენარეების, ბალახების, მარცვლოვნების, სარეველებისა და ყვავილების მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, შინაური ცხოველების ბეწვი, ნესტის სოკოები, მწერების შხამი, საყოფაცხოვრებო ალერგენები, სურსათი (რძე, კვერცხი, თევზი, თხილი, ციტრუსი, ნიგოზი და სხვა), ქიმიური გამღიზიანებლები, თამბაქოს კვამლი, ცივი ჰაერი, ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოემოციური სტრესი. მათი ზემოქმედებით სასუნთქი გზები ვიწროვდება, შუპდება, ივსება ლორწოთი და ზედმეტად მგრძნობიარედ რეაგირებს სტიმულებზე. თუ ბრონქების მომატებულ მგრძნობელობას თან ახლავს სენსიბილიზაცია ალერგენის მიმართ სპეციფიკური (IგE) ანტისხეულების წარმოქმნით, მაშინ ამ ალერგენმა შესაძლოა ასთმის შეტევის პროვოცირება მოახდინოს. ეს არის ალერგიული ანუ ატოპიური ასთმა.
არსებობს ინფექციით განპირობებული ასთმა, ასევე - ფორმები, როდესაც შეტევა ვითარდება არასპეციფიკური გამღიზიანებლების (თამბაქოს, ცივი ჰაერის, ფიზიკური დატვირთვის, ძლიერი ემოციის და სხვა) ზემოქმედებისას.
ბრონქული ასთმის განვითარებაში მონაწილეობს სამი ელემენტი: ბრონქის კუნთების სპაზმი, ლორწოვანის შეშუპება და ჰიპერსეკრეცია. ეს ელემენტები ზოგჯერ სავსებით შექცევადია, ზოგჯერ - ნაწილობრივ.
ასთმა შეიძლება არაალერგიულმა ფაქტორებმაც გაამწვავოს, მათ შორის - ამა თუ იმ წამლის აუტანლობამ (მაგალითად, ასპირინის აუტანლობისას ასპირინისა და ბეტა-ბლოკატორების დანიშვნა ასთმიან პაციენტებში ასთმის პროვოცირებას იწვევს), გასტროეზოფაგალურმა რეფლუქსმა. შესაძლოა, სულხუთვის მიზეზად იქცეს დიდი ზომის ჩიყვი, უცხო სხეული და სხვა. არცთუ იშვიათად პენიცილინის რიგის პრეპარატები, ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების ანესთეტიკები და ზოგიერთი სხვა მედიკამენტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რომელთა შორის არც ასთმური შეტევაა გამორიცხული. ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის შექცევადობა სპონტანურად ან მკურნალობის ფონზე.
ბრონქული ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები: ტენიანობა, მცენარეული საფარველის თავისებურება. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობის გამო ხშირია ბრონქული ასთმის ფორმები, როდესაც აღინიშნება სენსიბილიზაცია ოთახის მტვრის ტკიპებისა და სოკოვანი ალერგენების მიმართ, ვინაიდან ხელსაყრელი პირობები იქმნება ამ ალერგენების გამრავლებისთვის.

კლინიკური ნიშნები და მიმდინარეობა. ბრონქული ასთმის სიმპტომებს შორის უმთავრესია ამოსუნთქვითი ხასიათის ქოშინის შეტევები. კლინიკურად ქოშინი ვლინდება ხიხინითა და სუნთქვის გაძნელებით, უპირატესად - ამოსუნთქვის ფაზაში. ის შესაძლოა განვითარდეს როგორც პერიოდულად, ისე მუდმივად, განსაკუთრებით - ღამით, ფიზიკური დატვირთვისას ან ქრონიკულ ხველასთან ერთად.
ბრონქული ასთმის შეტევისთვის დამახასიათებელია სიმპტომების ტრიადა: ქოშინი, ხველა და მსტვენი სუნთქვა. შეტევის დასაწყისში ავადმყოფს აწუხებს მოხრჩობის შეგრძნება, ამოსუნთქვის ფაზა ხანგრძლივდება, ხშირდება სუნთქვა, გულისცემა, ზომიერად იმატებს სისხლის წნევა. არსებობს ასთმის ისეთი ფორმაც, როდესაც შეტევის ერთადერთი სიმპტომი ხველა ან ხმის ჩახლეჩაა. ასთმის შეტევისთვის დამახასიათებელი მსტვენი ხიხინი მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა გაქრეს (ე.წ. მუნჯი ფილტვები), რასაც განაპირობებს არა მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ სასუნთქ გზებში ლორწოვანი სეკრეტის საცობის გაჩენა. შეტევა, როგორც წესი, ხველებითა და წებოვანი, გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით სრულდება. როდესაც ასთმის შეტევა ერთ-ორ დღეს გრძელდება, ასთმურ სტატუსზე ლაპარაკობენ. მისთვის დამახასიათებელია რეზისტენტულობა მკურნალობის მიმართ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:13 | შეტყობინება # 78
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. დიაგნოსტირებისას საჭიროა ასთმის დიფერენცირება სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებისა და გულის პათოლოგიებისგან. ასთმის შემთხვევაში აუცილებელია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა კომპიუტერული სპირომეტრიით, საჭიროებისამებრ - რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევები, რათა აღმოჩენილ იქნეს (ან გამოირიცხოს) სასუნთქი გზების ინფექცია, დაზიანება, უცხო სხეული და სხვა. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ალერგიული ბუნებისაა თუ არა ასთმა, უნდა გაკეთდეს კანის ალერგოლოგიური სინჯები და სისხლის ანალიზი საერთო და სპეციფიკური IგE-ს დონის დასადგენად. საჭიროების შემთხვევაში კეთდება ნახველის ანალიზი. არსებობს ასევე სადიაგნოსტიკო პროვოკაციული სინჯები: ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირების მიზნით იყენებენ დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას, ცივი ჰაერის ინჰალაციას და ა.შ. ეს სინჯები მაშინ ტარდება, როდესაც ანამნეზი, კანის სინჯები და IგE-ს გამოკვლევის შედეგები ერთმანეთს არ თანხვდება. ალერგოლოგიური სინჯები უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ ცენტრში. მათი შედეგების ინტერპრეტაციას ახდენს ალერგოლოგი. პროვოკაციული სინჯები შეიძლება ჩატარდეს მაშინაც, როცა საჭიროა სიმპტომთა სიმძიმის ან წამლების ეფექტურობის შეფასება.

მკურნალობა. ასთმის თანამედროვე მკურნალობა (GINA-ს მიხედვით) მოიცავს ექვს კომპონენტს:
პაციენტის განათლება ასთმის მკურნალობაში პარტნიორობისთვის;
ასთმის სიმძიმის დადგენა, სიმპტომების მონიტორირება ფილტვის ფუნქციის შეფასების საფუძველზე;
ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორების ელიმინაცია ან კონტროლი;
გრძელვადიანი ბაზისური მკურნალობის გეგმის შედგენა;
გამწვავებათა მკურნალობის გეგმის შედგენა;
რეგულარული შემდგომი მეთვალყურეობა.

ასთმის მკურნალობა საფეხუროვანია. მისი სიმძიმის თითოეულ საფეხურზე შემუშავებულია სტანდარტული მკურნალობის ჩარჩო. ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება სიმპტომური და ბაზისური პრეპარატები. სიმპტომური პრეპარატები ხსნის ბრონქების სპაზმს და აღადგენს სასუნთქი გზების გამტარობას. ასეთია სწრაფი და გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორები (ბეტა 2 სტიმულატორები, თეოფილინები, ადრენალინი, იპრატროპიული ბრომიდის პრეპარატები და სხვა). ასთმის კონტროლისთვის უმეტესად ამ მედიკამენტების პერიოდული გამოყენებაც საკმარისია. მათი შეძენა შეიძლება ტაბლეტების, ინჰალატორების, ინექციებისა და სანთლების სახით. ისინი ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს როგორც ალერგიული, ისე არაალერგიული ასთმის დროს.
ბაზისური პრეპარატები (ინტალი, ტაილედი, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები) მოქმედებს ბრონქებში მიმდინარე ანთებით პროცესებზე და გამოიყენება ხანგრძლივად, შეტევათა პროფილაქტიკის მიზნით.
მკურნალობის ეფექტიანი მეთოდია ალერგენებით სპეციფიკური იმუნოთერაპია ანუ ჰიპოსენსიბილიზაცია, რაც ალერგენების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას ითვალისწინებს. ეს მეთოდი ემყარება ალერგენის მზარდი დოზების რეგულარულ შეყვანას ორგანიზმში. მკურნალობა ხანგრძლივია, მაგრამ საიმედო.
თუ ასთმის შეტევების მიზეზი რომელიმე კვებითი ალერგენია, ეს საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს. გამწვავების დროს სასურველია თავის შეკავება მაღალი ალერგენულობით გამორჩეული პროდუქტებისგან (რძე, კვერცხი, თაფლი, ციტრუსი, თხილი, შოკოლადი, თევზი და სხვა). ასთმიანებისთვის რეკომენდებულია სპორტი, რომელიც ადამიანს ეხმარება როგორც ასთმის კონტროლში, ისე გაკაჟებაში. სპორტის სახეობა პაციენტს ექიმმა უნდა შეურჩიოს. მაგალითად, აუზში ცურვა სასარგებლოა, მაგრამ არ არის გამორიცხული ქლორის, ნესტის ზემოქმედება, დახურულ შენობებში გასათვალისწინებელია ასთმის პროვოცირება ოთახის მტვრის ტკიპის მიერ, ამიტომ სპორტის სახეობა, დატვირთვის ინტენსივობა და ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს. ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის მეტად სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები, მაგრამ მათი სახეობისა და დოზირების შერჩევაც ექიმის პრეროგატივაა.

პროფილაქტიკა. ალერგიისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციით, სასურველია თამბაქოს კვამლის ელიმინაცია, განსაკუთრებით - ისეთ გარემოში, სადაც ორსულები და მცირე ასაკის ბავშვები იმყოფებიან; საცხოვრებელ ბინებში ნესტის მტვრის ტკიპების, ტარაკნების, ბეწვიანი შინაური ცხოველების ელიმინაცია; მასენსიბილიზებელი და ძლიერ გამაღიზიანებელი თვისებების მქონე აგენტების ელიმინაცია საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებიდან; 4-6 თვემდე ასაკის ბავშვების მხოლოდ ძუძუთი კვება; ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ატოპიური დერმატიტის მკურნალობა რესპირაციული ალერგიის თავიდან ასაცილებლად; რინოკონიუნქტივიტის მკურნალობა ასთმის განვითარების რისკის შესამცირებლად. ძროხის რძის მიმართ სენსიბილიზებული ბავშვები უნდა ვარიდოთ ძროხის რძის პროტეინებს; თუ დამატებითი საკვების მიღება აუცილებელია, მივცეთ ჰიპოალერგენული ნარევები; ასპირინული ასთმის მქონე პაციენტები უნდა ერიდონ ასპირინსა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. მნიშვნელოვანია პაციენტთა, მათი ოჯახის წევრებისა და სკოლების პერსონალის ინფორმირება ასთმის მიმდინარეობისა და კონტროლის საკითხების შესახებ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:13 | შეტყობინება # 79
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კარდიული (გულის) ასთმა ანუ მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა შეიძლება განვითარდეს ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის, ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, საკვების ან სასმლის ჭარბი მიღების, მოწამვლის შედეგად. კარდიული ასთმა მარცხენა წინაგულში მოძრავი თრომბის არსებობამაც შეიძლება გამოიწვიოს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კარდიულ ასთმას საფუძვლად უდევს ფილტვის ქსოვილის შეშუპება, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ბრონქოსპაზმი. შედეგად ვითარდება მოხრჩობის შეტევა, მეტწილად- ღამით. ავადმყოფი იღვიძებს ჰაერის უკმარისობის ძლიერი შეგრძნებით, საწოლში წამოჯდება, ფეხებს ჩამოუშვებს, ფერს კარგავს, თუ შეტევა ხანგრძლივია, სახეზე მოლურჯო ფერი ედება. სუნთქვა გაძნელებული და გახშირებულია. ზოგჯერ აღინიშნება მშრალი ხველა ან ხველა მცირე რაოდენობის ლორწოვანი ნახველით. მაჯისცემა გახშირებული და არითმიულია, ხშირად მომატებულია წნევაც. კარდიული ასთმის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.
კარდიული ასთმის შორსწასულ ფორმას წარმოადგენს ფილტვების შეშუპება. ამ დროს შეგუბებული სითხე გამოჟონავს და ალვეოლებში, ბრონქებსა და ტრაქეაში გროვდება. დამახასიათებელია მოხრჩობის შეგრძნება, ბუყბუყა სუნთქვა, რომელიც შორ მანძილზეც ისმის, ხველა დიდი რაოდენობის სეროზული ან მოვარდისფრო ქაფიანი ნახველით. ავადმყოფს ეუფლება სიკვდილის შიში, ედება ციანოზური ელფერი, ასხამს ცივი ოფლი. მაჯა აჩქარებული და სუსტია. წნევა ჯერ იმატებს, შემდეგ მკვეთრად ეცემა.
ფილტვების შეშუპება სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, რადგან მოსალოდნელია ლეტალური შედეგი.

დიაგნოსტიკა. მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების დიფერენცირება ბრონქული ასთმისგან, რათა სწორად ჩატარდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეტალური შედეგია მოსალოდნელი.
მოსახლეობის უმრავლესობისთვის ტერმინი კარდიული ასთმა უცხოა, ამიტომ ის ბრონქულ ასთმაში ერევათ. როგორ განვასხვაოთ ეს ორი დაავადება?
კარდიული ასთმა ვითარდება მოწიფულ ან ხანდაზმულ ასაკში და ახასიათებს:
ჩასუნთქვის გაძნელება;
სიფერმკრთალე;
პულსის გახშირება;
დიდი რაოდენობის ქაფიანი, ვარდისფერი ნახველი.
ბრონქული ასთმა ვითარდება ნებისმიერ ასაკში და ახასიათებს:
ამოსუნთქვის გაძნელება;
გაფანტული ციანოზი (სილურჯე);
ნორმალური ან შენელებული პულსი;
მცირე რაოდენობის ლორწოვან-წებოვანი ნახველი.

მკურნალობა. კარდიული ასთმის შეტევის კუპირების მიზნით ავადმყოფს უნდა მიეცეს ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. შეუცვლელი ეფექტი აქვს მორფინს. ის მოქმედებს კარდიული ასთმის განვითარების ყველა მექანიზმზე. ასთმის შეტევის დროს სუნთქვა ხშირდება და ხანმოკლე ხდება, ამიტომ ჟანგბადით ფილტვების სრულფასოვანი გაჯერება ვერ ხერხდება, მორფინი კი სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის გზით ამცირებს ქოშინს, ამასთანავე, იწვევს ბრადიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას და ვენური სისხლის გულისაკენ დინებას. როდესაც სხვა საშუალებაზე ხელი არ მიგვიწვდება, შეტევის კუპირებისთვის კიდურებზე ლახტის დადებაც დასაშვებია. გულისკენ ვენური სისხლის დინება ამ შემთხვევაშიც მცირდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:13 | შეტყობინება # 80
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება. მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში. პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს.

კლინიკური სურათი. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია პარაზიტების რაოდენობაზე, ავადმყოფის ასაკზე (ბავშვებში მძიმე ფორმები უფრო ხშირია), კვებაზე (საკვებში ცილებისა და B12 ვიტამინის დეფიციტზე). ზრდასრული ასკარიდები ხშირად იცვლიან ლოკალიზაციის ადგილს და სხვადასხვა ორგანოს აზიანებენ. ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის ფაზას (ინვაზიის პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს.
მიგრაციის ფაზას ახასიათებს საერთო სისუსტე, ქავილი და გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლისა და გულმკერდის არეში, სუბფებრილური (380ჩ-მდე) ან მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ხველა და ნახველის (ზოგჯერ- სისხლიანის) გამოყოფა, ქოშინი, დიარეა. ღვიძლი გადიდებულია, ენა- შელესილი, პულსი- აჩქარებული. ფილტვებში სველი ხიხინი ისმის, ხოლო რენტგენოგრამაზე ჩანს მკაფიოდ გამოხატული ბრონქოპნევმონიის კერები. ნახველში შეიძლება ლარვების აღმოჩენა. სისხლში აღინიშნება მკვეთრი ეოზინოფილია, მომატებული ედსი, მცირე ლეიკოციტოზი. 3-4 კვირის შემდეგ მწვავე მოვლენები გაივლის და მდგომარეობა უმჯობესდება.
ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია უმადობა (იშვიათად- ბულიმია), გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება, მეხსიერების დაქვეითება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. გართულებები ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. გართულებებიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების დახშობა, ნაწლავის პერფორაცია, რომელიც პერიტონიტით მთავრდება, ნაწლავის სანათურის დახშობით განპირობებული გაუვალობა, რომელიც ტკივილით, ღებინებით, ყაბზობით მიმდინარეობს, ღვიძლის ასკარიდოზი, ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა, რაც რთულდება სეფსისითა და ჩირქოვანი აბსცესით, პანკრეასის სადინარის დახშობა, რასაც მწვავე პანკრეატიტი მოჰყვება.

დიაგნოსტიკა. მიგრაციის პერიოდში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის (გაურეცხავი მწვანილისა და ხილის მიღება, სანიტარიულად არადამაკმაყოფილებელი გარემო), კლინიკური სურათის (ქავილი, გამონაყარი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. მოგვიანებით განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს.

მკურნალობა. საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს). ამჟამად გამოიყენება შემდეგი ანტიჰელმინთური პრეპარატები: ბენზიმიდაზოლის წარმოებულები, მაგალითად, ლევამიზოლი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი), მებენდაზოლი (ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, ტრიქინელოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია), ალბენდაზოლი (ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქინელოზი, ტრიქოცეფალოზი, ენტერობიოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია) და სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატები, მათ შორის- პირანტელის პამოატი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი), დიეთილკარბამაზინი, ნიკლოზამიდი, პრაზიკვანთელი (ტრემატოდოზი, ოპისტორქოზი, კლონორქოზი, პარაგონიმოზი, შისტოსომოზი, ცესტოდიზი- ტენიარინქოზი, ტენიოზი, დიფილობოთრიოზი, ცისტიცერკოზი), ივერმეკტინი (ონქოცერკოზი, სტრონგილოიდოზი).

პროფილაქტიკა. ასკარიდოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფისა და მატარებლის გამოვლენასა და დეჰელმინთიზაციას, ნიადაგის, წყლის დაცვას ადამიანის განავლისა და ცხოველების გადაუმუშავებელი ნაკელისგან, სურსათის (ხორცის, თევზის, ხილისა და მწვანილის) თერმულ დამუშავებას, გადამტანი მწერების, მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:13 | შეტყობინება # 81
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქგარდამტეხი უნარის) ისეთი ანომალიაა, როდესაც თვალის ოპტიკური არეების ზედაპირს წესიერი სფერული ფორმა არ აქვს და სინათლის სხივები ბადურაზე ერთ წერტილში არ იკრიბება.
განასხვავებენ რქოვანასა და ბროლის ასტიგმატიზმს.
ასტიგმატიზმის მთავარი მიზეზია რქოვანას სფერულობის დარღვევა, რის გამოც მის სხვადასხვა მერიდიანს სხვადასხვა სიმრუდის რადიუსი აქვს. ის, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ბროლის ზედაპირის სფერულობის დარღვევამ ან მისმა ირიბმა მდებარეობამ თვალის ოპტიკური ღერძის მიმართ. ზოგჯერ რქოვანასა და ბროლის ასტიგმატიზმი ჯამდება. ასეთ შემთხვევაში თვალის საერთო ასტიგმატიზმის ხარისხი იმატებს. არის შემთხვევები, როდესაც ისინი ერთმანეთს აბათილებს და რეფრაქცია ნორმალური (სფერული) რჩება.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ასტიგმატური თვალის მხედველობა ისეთი მახვილი და მკაფიო არ არის, როგორიც ნორმალური თვალისა. რაც უფრო მაღალია ასტიგმატიზმის ხარისხი, მით უფრო მეტად არის დაქვეითებული მხედველობის სიმახვილე. ახალგაზრდა და საშუალო ასაკში სუსტი ასტიგმატიზმის დროს მხედველობის სიმახვილე შესაძლოა დამაკმაყოფილებელი იყოს, საშუალო და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს კი ხშირად გამოხატულია მხედველობის სისუსტე, თვალის ტკივილი და ქრონიკული ბლეფაროკონიუნქტივიტი (ქუთუთოებისა და თვალის შემაერთებელქსოვილოვანი ანთება).
დიაგნოსტიკა. დიაგნოზი დასტურდება ოფთალმომეტრისა და რეფრაქტომეტრის (რქოვანასა და მთელი თვალის შუქგარდატეხის უნარის განმსაზღვრელი ხელსაწყოს) საშუალებით.

მკურნალობა. მკურნალობა სათვალის სწორად შერჩევას გულისხმობს. თუ ეს დაავადების ადრეულ სტადიაზე მოხდა, პრობლემა მოგვარდება. შესაძლებელია სპეციალური კონტაქტური ლინზების შერჩევაც. ქირურგიული მკურნალობა ითვალისწინებს კერატოტომიას (მას ოკულისტი ნიშნავს). ბავშვობაში არაკორექტირებულმა ასტიგმატიზმმა შეიძლება მიგვიყვანოს ამბლიოპიამდე (ზარმაცი თვალი) - ანატომიური ცვლილებების გარეშე განვითარებულ მხედველობის დაქვეითებამდე, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:14 | შეტყობინება # 82
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ასფიქსია სუნთქვის შეწყვეტაა. ის შეიძლება განვითარდეს სასუნთქ გზებში მექანიკური ცვლილებების (მექანიკური ასფიქსია) ან სასუნთქი ცენტრის ფუნქციის დარღვევის (დამბლის) შედეგად (ცენტრალური წარმოშობის ასფიქსია).
მექანიკური ასფიქსია სასუნთქ გზებში უცხო სხეულის (პირნაღები მასის, ტამპონის, ლორწოს, სისხლის, კბილის პროთეზის) მოხვედრისას ვითარდება. ასფიქსიას იწვევს ენის უკან გადავარდნაც.
ასფიქსიის ნიშნებია ციანოზი, გუგების გაფართოება და სინათლეზე რეაქციის უქონლობა, სუნთქვის შეწყვეტა. ჟანგბადის უკმარისობის გამო სისხლი მუქდება, მაგრამ გული კიდევ რამდენიმე ხანს მუშაობს.
პირველ ყოვლისა, სასუნთქი გზებიდან დაბრკოლება უნდა მოვაცილოთ. ზოგჯერ ამისთვის ტრაქეოსტომია ხდება საჭირო. თუ ენა უკან გადავარდა, მას სპეციალური დამჭერით იღებენ, შემდეგ კი ხორხში ჰაერგამტარ მილს დგამენ ანდა ქვედა ყბას გამოსწევენ და რეანიმაციული ღონისძიებების დასრულებამდე სწორად აფიქსირებენ: ვდგებით ავადმყოფის უკან, ორივე ხელის ცერა თითებს ვათავსებთ ქვედა ყბის შუა ნაწილში და ვქაჩავთ, ვიდრე ქვემოთა კბილები ზემოთებზე წინ არ გამოიწევა. შემდეგ ქვედა ყბის კუთხეებში მოთავსებული საჩვენებელი და შუა თითებით ქვედა ყბას წინ ვწევთ და ასეთ მდგომარეობაში ვაკავებთ (თითები უნდა დავაყრდნოთ საფეთქელს და არა კისერს, რათა არ მიიჭყლიტოს ვენა ან სახის ნერვი). ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ხელოვნური სუნთქვა, უზრუნველყოფილ იქნეს ჰაერისა და ჟანგბადის მიწოდება, ვენაში გაკეთდეს სასუნთქი გზების აღმგზნები და გულის მუშაობის დამხმარე საშუალებები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:14 | შეტყობინება # 83
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ასციტი (მუცლის წყალმანკი) მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას ნიშნავს. ის ყველაზე ხშირად ვითარდება ღვიძლის ციროზის დროს პორტული ჰიპერტენზიის შედეგად, ასევე გულის უკმარისობის, კარის ვენის თრომბოზის ან მის ტოტზე სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლისას. ასციტის შედარებით იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება (კიბო, ტუბერკულოზი და სხვა), გულმკერდის არეში ლიმფის მიმოქცევის დარღვევა, თირკმლის დაავადებები. აღსანიშნავია, რომ ასციტი ალიმენტური დისფუნქციის დროს ზოგადი შეშუპების სინდრომის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ჩვილებში ის შეიძლება იყოს ნაყოფის ან ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების გამოხატულება, ასევე - კვების ქრონიკული მოშლის, ექსუდაციური ენტეროპათიის შედეგი, თანდაყოლილი ნეფროზული სინდრომის გამოვლინება. ასციტის განვითარებასა და პროგრესირებას ხელს უწყობს წყალმარილოვანი ცვლის რეგულაციის მოშლაც.
მუცლის ღრუში სითხის (ზოგჯერ - 20 ლ-ზე მეტის) დაგროვება მუცელშიგა წნევის მატებას და გულმკერდის ღრუში დიაფრაგმის მაღლა დგომას (აწევას) იწვევს. ამის გამო საგრძნობლად (სუნთქვის უკმარისობის განვითარებამდე) იზღუდება ფილტვების სუნთქვითი მოძრაობები, ირღვევა გულის ფუნქცია, ძნელდება სისხლის მიმოქცევა მუცლის ღრუს ორგანოებში და ირღვევა მათი ფუნქცია. ასციტურ სეროზულ სითხეში ცილების კონცენტრაცია არცთუ ისე დიდია, მაგრამ მასიური ასციტის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სითხე პუნქციის საშუალებით რამდენიმეჯერ იქნა ამოღებული, მისი საერთო დანაკარგი შესაძლოა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს (ცილების დანაკარგს მარილებისაც ემატება), რომ ცილოვანი უკმარისობის განვითარება გამოიწვიოს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კლინიკურად ასციტი მუცლის ღრუში 1 ლ-ზე მეტი სითხის არსებობის შემთხვევაში ვლინდება. ავადმყოფს აქვს დიდი მუცელი, რომელიც დგომისას ერთგვარად დაკიდებულია. არცთუ იშვიათად აღინიშნება ჭიპის გამობერვა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მუცელი გაშლილი და გვერდებში გამობერილია (ე.წ. ბაყაყის მუცელი). გამოხატული პორტული ჰიპერტენზიის დროს მუცლის კანზე ჩანს გაფართოებული ვენური ქსელი, რაც კარის ვენასა და ღრუ ვენებს შორის ანასტომოზების წარმოქმნის შედეგია. გაფართოებული და შესივებული ვენური კოლატერალები განლაგებულია ჭიპის ირგვლივ, საიდანაც მზის სხივებივით იშლება და ქმნის ასციტისთვის დამახასიათებელ ფიგურას - ე.წ. მედუზას თავს. თუ ავადმყოფს მუცლის ცალ მხარეს ხელისგულს დავადებთ, მოპირდაპირე მხარეზე კი თითებს დავუკაკუნებთ, ხელისგულზე შევიგრძნობთ ბიძგებს (ფლუქტუაციის სიმპტომი). პერკუსიით და რენტგენოლოგიურად ვლინდება დიაფრაგმის მაღლა დგომა და სუნთქვითი მოძრაობების შეზღუდვა. გულის უკმარისობით დაავადებულ ასციტიან ავადმყოფებს არცთუ იშვიათად აღენიშნებათ ჰიდროთორაქსი - პლევრის ღრუში სითხის არსებობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:14 | შეტყობინება # 84
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. ასციტის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძირითადი დაავადების გამოვლენას (თუ ის ასციტის გამოვლენამდე არ იქნა დადგენილი). ამაში დიდ როლს ასრულებს თანდართული სიმპტომების ანალიზი. ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში გამოხატული პორტული ჰიპერტენზიის დროს ასციტს არცთუ იშვიათად თან ახლავს სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან და კოლატერალების განვითარება მუცლის კანქვეშ. გულის უკმარისობის დროს ასციტის გარდა შეიმჩნევა წვივებისა და ტერფების შეშუპება, აკროციანოზი (მოლურჯო ელფერი ტუჩებზე), თირკმელების უკმარისობის დროს - კანისა და კანქვეშა უჯრედების გავრცობილი შეშუპება.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუცლის ღრუს სადიაგნოსტიკო პუნქციას და ასციტური სითხის ლაბორატორიულ გამოკვლევას. ღვიძლის ციროზით და გულის უკმარისობით დაავადებულებს, როგორც წესი, გამჭვირვალე ასციტური სითხე აქვთ, ხოლო ცილების კონცენტრაცია არ აღემატება 2,5%-ს. სითხე უმთავრესად ენდოთელიუმის უჯრედებს შეიცავს, თუმცა განმეორებითი პუნქციის გამო მუცლის ფარი ღიზიანდება და ამის გამო შესაძლოა, სითხეში ლეიკოციტებიც კი გაჩნდეს. სიმსივნური დაავადების დროს ასციტურ სითხეში შესაძლოა აღმოჩნდეს სიმსივნური უჯრედებიც. მუცლის ღრუს ტუბერკულოზური დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ე.წ. ასციტ-პერიტონიტი. ამ დროს ასციტური სითხე შეიძლება ჰემორაგიული (სისხლიანი) იყოს, შეიცავდეს ლიმფოციტებს. არ არის გამორიცხული, მასში ტუბერკულოზის მიკობაქტერიებიც კი იქნეს აღმოჩენილი. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს ასციტის დიფერენცირება ფსევდოასციტისგან (ნაწლავების შებერვა ატონიის გამო), რომელიც თან სდევს მუკოვისციდოზს.

მკურნალობა. მკურნალობა ძირითადი დაავადების ლიკვიდაციისკენ უნდა იყოს მიმართული. მუცლის ღრუში სითხის შესამცირებლად გამოიყენება შარდმდენი საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები, საჭიროა წყალმარილოვანი ცვლის კორექცია და პორტული ჰიპერტენზიის შემცირება. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობისას სითხე შეიძლება ამოღებულ იქნეს პუნქციით - ლაპაროცენტეზით (აბდომინალური პარაცენტეზით), რომელიც ტარდება მჯდომარე მდგომარეობაში შარდის ბუშტის წინასწარი დაცლის შემდეგ (მძიმე ავადმყოფებს აწვენენ გვერდზე), ასეპტიკისა და ანტისეპტიკის კანონების სრული დაცვით, რაც ყველაზე უკეთ ლაპაროცენტეზის სტაციონარში განხორციელებისას მიიღწევა. კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სითხის გამოღება ხდება ნელ-ნელა. ერთ ჯერზე გამოღებული სითხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-6 ლიტრს. განმეორებითმა პუნქციამ შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის კედლის ანთება და ნაწლავის ან ბადექონის შეხორცება მუცლის კედლის წინა ნაწილთან, რაც მომდევნო პუნქციების დროს მძიმე გართულებათა საფრთხეს ქმნის.
ქირურგიულ მკურნალობას უმთავრესად მაღალი პორტული ჰიპერტენზიის დროს მიმართავენ, რათა შეამცირონ წნევა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ასციტური სითხის შეწოვისთვის სათანადო პირობები შექმნან.
ასციტის დროს ძირითადი დაავადების პროგნოზი უარესდება. ის განსაკუთრებით არაკეთილსაიმედოა განმეორებითი პუნქციის შემდეგ ასციტის ხარისხის ზრდის შემთხვევაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:15 | შეტყობინება # 85
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ატაქსია (ბერძ. არეულობა) მოძრაობის კოორდინაციის დარღვევაა, რომელსაც იწვევს თავის ტვინის შუბლის წილის, ნათხემის, თავისა და ზურგის ტვინის ღრმა მგრძნობელობითი გზების დაზიანება. იგი გამოვლინდება წონასწორობის (სტატიკური ატაქსია) ან მოძრაობის კოორდინაციის (დინამიკური ატაქსია) დარღვევით.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მოძრაობაში ნერვული სისტემის არაერთი ნაწილი მონაწილეობს. ადამიანი უნდა გრძნობდეს კიდურებს, ხედავდეს მათ და გარშემომყოფ საგნებს, იცავდეს წონასწორობას. რაც მთავარია, ყველა ეს შეგრძნება ერთმანეთზე დამოკიდებული და ერთმანეთთან დაკავშირებული - კოორდინირებული უნდა იყოს. ატაქსიის დროს ადამიანს არ შეუძლია თვალდახუჭული დგომა, ხელების ძლიერი კანკალის გამო უჭირს ჭამა, ხშირად ახასიათებს მეტყველების სკანდირება, არ შეუძლია ზუსტი მოძრაობების შესრულება (მაგალითად, ნემსში ძაფის გაყრა ნორმალური მხედველობის ფონზე, კოლოფიდან ასანთის ამოღება). ზოგჯერ უფუჭდება კალიგრაფია.

დიაგნოსტიკა. ატაქსიაზე ეჭვის შემთხვევაში ადამიანს უნდა ვთხოვოთ, დადგეს, ფეხები შეატყუპოს, ხელები წინ გასწიოს, თვალები დახუჭოს, შემდეგ კი თითებით შეეხოს ცხვირის წვერს ან, ზურგზე დაწოლილი, ფეხის წვერით შეეხოს მეორე ფეხის მუხლს. თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ დავალების შესრულებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მკურნალობა. ატაქსია ყოველთვის საშიში დაავადების სიმპტომია. მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:15 | შეტყობინება # 86
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფილტვების ატელექტაზი არის მთელი ფილტვის ან მისი ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება მისი ჩაჩუტვა და უჰაერობა. არცთუ იშვიათია ფილტვების ნაწილობრივი ატელექტაზი ჯანმრთელ ახალშობილებში, განსაკუთრებით - დღენაკლულებში სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში. მისი მიზეზია ჰაერის არასაკმარისი მიწოდება ფილტვების განსაზღვრულ უბნებში, მისი სისხლძარღვთა ქსელის არასრულფასოვნება, სურფაქტანტის (ნივთიერება, რომელიც ხლს უშლის ფილტვის ქსოვილის ჩაჩუტვას) შემცველობის დაქვეითება.
ფიზიოლოგიური ატელექტაზი მეტწილად თავისთავად ლიკვიდირდება, დროულად დაბადებულ ბავშვებში - 2 დღის განმავლობაში, დღენაკლულებში - უფრო გვიან. სამშობიარო ტრავმისა და ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც ფილტვები აღნიშნულ ვადაში არ იშლება, საკმაოდ ხშირად ვითარდება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და/ან პნევმონია. ატელექტაზი ასევე შეიძლება გამოიწვიოს მცირე რაოდენობით სანაყოფე სითხის (ხშირია ჰიპოქსიის დროს) ან რძის (ძუძუთი კვების დროს) გადაცდენამ. ზოგჯერ ატელექტაზის მიზეზად იქცევა ანთებითი პროცესები სასუნთქ გზებში - ამ ასაკში მათი ლორწოვანი გარსი მეტად მგრძნობიარეა და ბრონქების სანათური მცირე შეშუპების შემთხვევაშიც კი იხურება. ხანგრძლივი ატელექტაზი ყოველთვის ინფიცირდება, რის შედეგადაც ფილტვის ქსოვილის ჩაჩუტვის ადგილას შესაძლოა ცვლილებები განვითარდეს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ფილტვის რაც უფრო მეტი ქსოვილია დაზიანებული, მით უფრო ძლიერად არის გამოხატული სუნთქვის დარღვევა. აღინიშნება ქოშინი, სიფერმკრთალე, მოლურჯო კანი, დაავადებული ფილტვის მხარეს სუნთქვის მკვეთრი შესუსტება.

დიაგნოსტიკა. საბოლოო დიაგნოზი რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ დაისმის. რენტგენოგრამაზე გულის ჩრდილი გადანაცვლებულია დაზიანებული ფილტვის მხარეს (რადგან ეს ფილტვი არ არის სრულყოფილად გაშლილი და გულმკერდის ღრუში ეს ადგილი თავისუფალია). ატელექტაზის დიფერენცირება უნდა მოხდეს პლევრის ღრუში სითხის დაგროვებასთან. ამ შემთხვევაში გული გადანაცვლებულია ჯანმრთელი ფილტვის მხარეს (რადგან დაზიანებულ მხარეს პლევრის ღრუში სითხეა). ზოგჯერ რენტგენოგრამაზე შეიძლება ინახოს ერთ-ერთი ფილტვის თანდაყოლილი არარსებობა, მაგრამ ამ დროს, როგორც წესი, არ აქვს ადგილი ჟანგბადის მწვავე უკმარისობას.

მკურნალობა. როდესაც ატელექტაზი ფიზიოლოგიურია, მკურნალობა, ჩვეულებრივ, საჭირო არ არის - ზემოთ აღნიშნულ ვადებში ის თავისთავად გაივლის. სხვა შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ნოყიერი კვება, ჟანგბადის ინჰალაცია). რეკომენდებულია ბავშვის გადაყვანა ქირურგიულ განყოფილებაში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად და საჭიროებისას მკურნალობაში ცვლილებების შესატანად.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:16 | შეტყობინება # 87
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სამკარიანი სარქვლის ატრეზია გულის თანდაყოლილი მანკების 1-3%-ს შეადგენს. მას ფალოს ტეტრადისა და მაგისტრალური არტერიის ტრანსპოზიციის შემდეგ მესამე ადგილი უკავია ლურჯ (ციანოზურ) მანკებს შორის. ამ მანკის დროს მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის კავშირი არ არის. დაავადებას ყოველთვის ახლავს თან წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ზრდა, მარჯვენის დაპატარავება და განუვითარებლობა. მთელი ვენური სისხლი მარჯვენა წინაგულიდან ხვრელის საშუალებით გადადის მარცხენა წინაგულში. როდესაც წინაგულთაშუა ძგიდის ხვრელი არც ისე დიდია, მარჯვენა წინაგულში წნევა იზრდება, რის გამოც ის იწელება და დიდდება. სისხლი გროვდება მარჯვენა წინაგულში და დიდ ვენებში, რომლებსაც სისხლი სხეულის სხვა ნაწილებიდანაც მოაქვთ. ვითარდება ვენური შეგუბება. მარჯვენა წინაგულში ვენური და არტერიული სისხლი ერთმანეთს ერევა. ორგანიზმში ვრცელდება ჟანგბადით არასათანადოდ გამდიდრებული სისხლი, ამიტომ ავადმყოფებს ედებათ მოლურჯო ფერი. გულის ტუმბოს ფუნქციას ერთი მარცხენა პარკუჭი ასრულებს. მანკის გამოვლინება ფილტვის არტერიაში წნევაზეა დამოკიდებული. ამ დეფექტის მქონე ახალშობილებს კანზე სილურჯე დაჰკრავთ. ყვირილის, ტირილისა და წოვის დროს ციანოზი ძლიერდება. ასაკთან ერთად სილურჯე იმატებს. მოსალოდნელია გონის დაკარგვა, რასაც თან სდევს ტუჩებისა და ყურის ნიჟარების გალურჯება. ავადმყოფს აქვს დოლის ჯოხის ან საათის მინისებრი თითები. სისხლში იზრდება ერითროციტებისა და სხვა უჯრედების რაოდენობა. ავადმყოფები ჩამორჩებიან ფიზიკური განვითარებით. ფიზიკური დატვირთვისას ეწყებათ ქოშინი. თანდათანობით ყალიბდება გულის უკმარისობა. ქირურგიული ჩარევის გარეშე ბევრი ბავშვი სიცოცხლის პირველსავე წელს იღუპება, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთ ავადმყოფს 30 და 60 წლამდეც კი მიუღწევია.

მკურნალობა. თუ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ოპერაცია. თუ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაშინ შეიძლება ოპერაცია გადაიდოს 6-12 თვით. ოპერაციული მკურნალობის დროს სიკვდილიანობა შეადგენს 2-20%. ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია მანკის ანატომიურ თავისებურებებზე.

საშოს ატრეზია არის საშოს პათოლოგია და მდგომარეობს მისი კედლების ერთმანეთთან შეზრდაში. ეს პათოლოგია ხშირად თანდაყოლილია, მაგრამ შეიძლება განვითარდეს საშოს ტრავმის ან მასზე ოპერაციული ჩარევის გართულების შედეგად. ატრეზია შეიძლება იყოს სრული და ნაწილობრივი (საშოს ზედა, ქვედა ან შუა მესამედში).
საშოს ატრეზიის მთავარ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს მენსტრუაციული ციკლის უქონლობა ან დარღვევა. გოგონებს ხშირად მხოლოდ ამ ნიშნის მიხედვით უდგინდებათ თანდაყოლილი ატრეზია. მენსტრუაციული სისხლის შეგუბებას ატრეზიის ადგილის ზემოთ ჰემატოკოლპს და ჰემატომეტრს (სიტყვასიტყვით - "სისხლიანი საშო" და "სისხლიანი საშვილოსნო") უწოდებენ. ექიმ-გინეკოლოგს სპეციალური გამოკვლევის გარეშეც შეუძლია ჰემატოკოლპის დანახვა (ეს ატრეზიის დონეზეა დამოკიდებული). მაგალითად, ატრეზიის ქვედა მესამედში ლოკალიზაციისას ჰემატოკოლპი ტომარასავით გამოიბურცება საშვილოსნოს ყელში. ატრეზიის დროს მენსტრუაციის უქონლობის პარალელურად აღინიშნება საშოს ტკივილი ან ქავილი. ხანგრძლივად მიმდინარე არტეზიის დროს შესაძლებელია ტემპერატურის მატება და ქრონიკული ცხელების აღმოცენება.
საშოს ატრეზიის დროს აღინიშნება ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის პერიოდში. ტკივილის ინტენსივობა ატერზიის დონეზეა დამოკიდებული.
ატრეზიის დროს ორსულობა და ბავშვის გაჩენა შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ ატრეზია ორსულობის ფონზე განვითარდა.

მკურნალობა. ამ დაავადების მკურნალობა ქირურგიულია. რაც უფრო ადრე ჩატარდება ოპერაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. ოპერაციისას ხდება საშოს პლასტიკა, რომლის მიზანი მისი გამტარობის აღდგენაა. ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს საშოს რენტგენოგრაფიული ან ენდოსკოპიური გამოკვლევა ატრეზიის დონისა და ხანგრძლივობის დასადგენად. გარდა ამისა, ექოსკოპიურად უნდა იქნეს გამოკვლეული მცირე მენჯის ღრუს ორგანოები, რათა დადგინდეს მათი მდებარეობა ატრეზიის ადგილის მიმართ (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატრეზიის ზემოთა მდებარეობისას) და თავიდან იქნეს აცილებული ოპერაციის დროს შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის კედლის ან საშვილოსნოს შემთხვევითი დაზიანება.
ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეს აღინიშნება საშოდან სისხლიანი გამონადენი და ტკივილი. როდესაც გამონადენი გაქრება (ოპერაციიდან 4-5 დღის შემდეგ), ტარდება გინეკოლოგიური გამოკვლევა, რათა შემოწმდეს, ხელახლა ხომ არ შეეწება ერთმანეთს საშოს კედლები. ასეთი შემოწმება ოპერაციის შემდეგ პირველი 2 კვირის განმავლობაში რამდენიმეჯერ ტარდება. ავადმყოფი სახლში 10-14 დღეში ეწერება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:16 | შეტყობინება # 88
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ატროფია არის ორგანოს ან ქსოვილის ზომების შემცირება და ფუნქციის მოშლა. ის შეიძლება იყოს ზოგადი და ადგილობრივი, ფიზიოლოგიური და პათოლოგიური;
ფიზიოლოგიური ატროფია დამოკიდებულია ორგანიზმში ასაკობრივ ცვლილებებზე (სასქესო ჯირკვლების, კანის, ძვლების ატროფია მოხუცებში და სხვა).
ზოგადი პათოლოგიური ატროფია (განლევა, კახექსია) ვითარდება არასაკმარისი კვების, ქრონიკული ინფექციების ან ინტოქსიკაციის, ენდოკრინული ჯირკვლების ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლისას.
ადგილობრივი პათოლოგიური ატროფიის მიზეზი მრავალფეროვანია. მაგალითად:
ნეიროტროფიკული რეგულაციის მოშლა (პოლიომიელიტის დროს - ჩონჩხის კუნთების ატროფია);
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს - თავის ტვინის ქერქის ატროფია);
დისფუნქციონალური (მხედველობის ნერვის ატროფია);
წნევით გამოწვეული ატროფია (თირკმელების ატროფია შარდსადენის შევიწროების და ფიალებში შარდის შეგუბების გამო);
უმოძრაობით გამოწვეული ატროფია (კიდურების კუნთების ატროფია ხანგრძლივი იმობილიზაციის გამო);
ფიზიკური და ქიმიური ფაქტორებით გამოწვეული (ლიმფოიდური ქსოვილის ატროფია სხივური ენერგიით დაზიანებისას. იოდის პრეპარატების მოხმარებით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ატროფია).

ატროფიის დროს ორგანოს ზომები მცირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ცხიმოვანი ქსოვილის ზრდისას ის ატროფირებულ უჯრედულ ელემენტებს ენაცვლება და ატროფირებული ორგანო ან ქსოვილი გადიდებული ჩანს.
აღსანიშნავია, რომ პათოლოგიური ატროფია გარკვეულ სტადიამდე უკუგანვითარებადია.
მკურნალობა ატროფიის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

მხედველობის ნერვის ატროფია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწვევს ნერვული ბოჭკოების დაზიანებას და მათ შეცვლას გლიური და შემაერთებელი ქსოვილით. ეს პათოლოგიური მდგომარეობებია მხედველობის ნერვისა და ბადურას დაავადება, თავის ტვინის დაავადება, მისი გარსისა და სისხლძარღვების დაზიანება, გლაუკომა, ზოგადი ინტოქსიკაცია, მემკვიდრეობითი ფაქტორები.
განასხვავებენ მხედველობითი ნერვის ატროფიის შემდეგ სახეებს:
პირველადსა და მეორეულს - იქიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად აღმოცენდა მხედველობის ნერვის ატროფია თუ სხვა დაავადების ფონზე;
ნაწილობრივსა და სრულს - იქიდან გამომდინარე, რა დონეზეა დაზიანებული მხედველობის ნერვი;
სტაციონარულსა და პროგრესირებადს - დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე.
მხედველობის ამა თუ იმ ხარისხით დაქვეითება ნებისმიერ შემთხვევაში ხდება. კერძოდ, ვიწროვდება მხედველობის ველი, ჩნდება ბრმა ლაქები - სკოტომები. პროგრესირებად ატროფიას ახასიათებს მხედველობის უწყვეტი კლება, სტაციონარულს - მხედველობის ფუნქციის სტაბილურობა. დიაგნოზის დასმა ხდება ოფთალმოსკოპიის და მხედველობის ფუნქციის მოშლის საფუძველზე.
დაავადების პროგნოზი მძიმეა. მხედველობის შენარჩუნებაზე ლაპარაკი შეიძლება სტაბილური ნაწილობრივი ატროფიის შემთხვევაში.

მკურნალობა. მხედველობის ნერვის ატროფიის მკურნალობა ხორციელდება ოფთალმოლოგისა და ნევროლოგის მიერ. იგი ითვალისწინებს:
ძირითადი დაავადების გამოვლენას (თუ ატროფია მეორეულია);
ნიკოტინის მჟავას 1%-იანი ხსნარის, კომპლამინის 1%-იანი ხსნარის კანქვეშ ინექციას, ცინარიზინის, ნოშპის და დიბაზოლის დანიშვნას.
ვიტამინოთერაპიას - ასკორუტინი და B1, B6 და B12 ვიტამინების ინექციას;
ვენაში ნატრიუმის ქლორიდის 10%-იანი და გლუკოზის 40%-იანი ხსნარის გადასხმას;
კუნთებში ატფ-ის და კოკარბოქსილაზას შეყვანას;
პიროგენალის ინექციას;
მასტიმულირებელი საშუალებების (ჟენშენი, ელეუტეროკოკი) დანიშვნას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:16 | შეტყობინება # 89
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სპინალური კუნთების ატროფია. სპინალური კუნთების ატროფია თანდაყოლილ დაავადებათა ჯგუფში შედის და მიმდინარეობს ზურგის ტვინის წინა რქების მოტორული ნეირონების დაზიანებით.
სპინალური კუნთების ატროფიას ახასიათებს ქვედა კიდურების, ასევე კისრისა და თავის განივზოლიანი კუნთების ფუნქციის დარღვევა. ავადმყოფებს აღენიშნებათ თვითნებური მოძრაობების (ცოცვა, სიარული, თავის ჭერა, ყლაპვა) დარღვევა. ზედა კიდურების კუნთები, ჩვეულებრივ, არ ზიანდება. სპინალურ ამიოტროფიას ახასიათებს მგრძნობელობის შენარჩუნება. ფსიქიკური განვითარების მხრივ ჩამორჩენა არ შეიმჩნევა.
ზოგადი ინფორმაცია. სპინალური კუნთების ატროფია გავრცელებული გენეტიკური დაზიანებაა. მსოფლიოში ყოველი 6000 ახალშობილიდან 1 სპინალური კუნთების ატროფიით არის დაავადებული. I ტიპის შემთხვევაში დაავადებულ ბავშვთა 50% 2 წლამდე ვერ აღწევს.
სპინალური კუნთების ატროფიის მიზეზი ის არის, რომ დნმ-ს ნაწილში SMN1 გენის მუტაციის გამო არ ხდება SMN ცილების სათანადო ოდენობით გამომუშავება.
კლასიფიკაცია. I ტიპი - ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება - სპინალური კუნთების ატროფიის მეტად არაკეთილთვისებიანი ფორმაა. ამ დროს ბავშვებს აქვთ მოტორული განვითარების უკმარისობა, სუნთქვის პრობლემები, უჭირთ წოვა და ყლაპვა. სპინალური კუნთების ატროფიის I ტიპი ბავშვებს დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში უვლინდებათ.
II ტიპი ნაკლებად ავთვისებიანია. პაციენტს შეუძლია დაუხმარებლად ჯდომა, ზოგჯერ დგომაც კი, ჩვეულებრივ, არ უჭირს ჭამა, მაგრამ აქვს სასუნთქი გზების ინფიცირების დიდი ალბათობა. სპინალური კუნთების ატროფიის II ტიპი ბავშვებს 7-18 თვის ასაკში უვლინდებათ.
III ტიპი, ცნობილი როგორც კუგელბერგ-ველანდერის დაავადება, სპინალური კუნთების ატროფიის მეტ-ნაკლებად მძიმე ფორმაა. პაციენტს შეუძლია ჯდომა, მაგრამ აქვს ძლიერი სისუსტე და მიდრეკილია ინვალიდიზაციისკენ (ინ. სავარძლით გადაადგილება). სპინალური კუნთების ატროფიის III ტიპი ვლინდება 18 თვის შემდეგ, იშვიათად - ზრდასრულ ასაკში.
IV ტიპი ზრდასრულთა დაავადებაა, ვლინდება 35 წლის შემდეგ. ატროფიის ნიშნები აღმოცენდება ზედა და ქვედა კიდურების კუნთებში, მყესებში, ვრცელდება გულმკერდის არეში.

კენედის სინდრომი ანუ თავზურგტვინის ბულბალური კუნთოვანი ატროფია ემართებათ მხოლოდ ზრდასრულებს. ამ დროს ხდება სახის და ენის კუნთების ატროფია. დაავადების პროგნოზი გაურკვეველია, თუმცა ის ნელა პროგრესირებს.

მკურნალობა. მიმდინარეობს მუშაობა ისეთი პრეპარატების შესაქმნელად, რომლებიც გაზრდის ორგანიზმში SMN ცილების ოდენობას. რამდენიმე პრეპარატი უკვე შექმნილია, მაგრამ მიმდინარეობს მათი კლინიკური გამოცდა მოხალისეებზე.
აღსანიშნავია, რომ ფიზიოპროცედურები, მასაჟი და ნერვკუნთოვანი სტიმულაციის სხვა მეთოდები ავადმყოფზე დადებითად მოქმედებს. სპინალური კუნთების ატროფიით დაავადებულ პირებს სჭირდებათ სპეციფიკური დიეტური კვება, შემანარჩუნებელი თერაპია და ა.შ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:16 | შეტყობინება # 90
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აუტიზმი წარმოადგენს ბავშვის ფსიქიკის მძიმე ანომალიას, რომლის მთავარი ნიშანია გარშემო მყოფებთან კონტაქტის დარღვევა, ემოციური სიცივე, ინტერესების პერვერსია, მოქმედებათა სტერეოტიპულობა. დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია სიმპტომების 2,5 წლამდე გამოვლენა. აუტიზმი იშვიათად გვხვდება - 10 000 ბავშვიდან 2-4-ია დაავადებული. ბიჭუნებში ის უფრო ხშირია. გვხვდება ნებისმიერ სოციალურ კლასში და ნებისმიერ ქვეყანაში.

მკურნალობა. მკურნალობა ითვალისწინებს ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას (დიეტა, წამლები). გარდა ამისა, დღეისათვის არსებობს ბევრი მეთოდი, რომლებიც მიმართულია აუტიზმის მკურნალობისა და კორექციისკენ. მაგალითად, ურთიერთობით თერაპია ბავშვს ეხმარება, გამოიმუშაოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებასთან ადაპტაციის უნარი. ამ დროს მეტად მნიშვნელოვანია ჟესტების ენით ურთიერთობის უნარის ჩამოყალიბება. აუდიო-ვოკალური ვარჯიშებიც აუტიზმით დაავადებული ბავშვის შემდგომი ადაპტაციისკენ არის მიმართული. ასევე, საჭიროა მუდმივი ფიზიკური ვარჯიში, რათა ბავშვი კარგად ფლობდეს საკუთარ სხეულს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz