შაბათი, 21.10.2017, 16:57
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » ნევროზი
ნევროზი
ნინთარიღი: კვირა, 22.08.2010, 23:15 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გავრცელებული დაავადებაა და საჭიროდ ჩავთვალე თემის გახსნა huh ვისაუბროთ ამ დააბადებასთან ბრძოლის ხერხებზე და საშუალებებზე

დამატებულია (21.08.2010, 16:28)
---------------------------------------------
როგორ ვლინდება ნევროზი

ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა), მეორეს - ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანს ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთ-ელობის მდგომა-რეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება. ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად - სამი სახისა: კარდიალგიური სინდრომი, გულის რიტმის დარღვევის სინდრომი და სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. ნევროზული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნება გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ გაივლის შესაბამისი მედი-კამენტების მიღებისას. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდისა და შესაბამისი დვრილის მიდამოში. ასეთი ტკივილის აღმოცენებისას ადამიანი გულის მძიმე დაავადებას ეჭვობს. გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინ-დება. ამ ტიპის დარღვევა მყარიც შეიძლება იყოს და შეტევითი ხასიათისაც. პულსის გახშირება, წესისამებრ, ფსიქომა¬ტრავმირებელ გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ამოვარდნები) ნევროზული დარღვევების დროს იშვიათია. ნევროზს უმთავრესად გაძლიერებული გულისცემა ან გულის გაჩერების, ერთგვარი გამოთიშვის შეგრძნება ახასიათებს. სისხლ-ძარღვოვანი დისტონია უმეტესად ნევროზის სხვა სიმპტომებს ერთვის. ის ვლინდება არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. ამასთანავე, არტერიული წნევის მომატებისას არ აღინიშნება ჰიპერ-ტონიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწ¬რაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არიტმია - სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის.
ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული ლარინგოსპაზმი ან ნევროზული სლოკინი აღმოცენდება.

ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ - რამდენიმე წელიწადს. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკაც. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა:

პროგრესირებადი - როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება;
რეგრესირებადი - როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება;
სტაციონარული - როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია;
ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;
რემისიული - როდესაც აღინიშნება ნევროზულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგების პერიოდები.

ყურადსაღებია, რომ ნევროზით დაავადებული ერთდროულად რამდენიმე სინდრომს უჩივის. მაგალითად, იპოქონდრიულ, ასთენიურ სინდრომებს ვეგეტატიური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით.

დამატებულია (21.08.2010, 16:34)
---------------------------------------------
რჩევები მათ, ვინც ატყობს, რომ ნერვები წესრიგში არ აქვს:

1. ბევრი ისეირნეთ ბუნებაში;
2. ყოველდღიურად უსმინეთ საყვარელ მელოდიას;
3. ხშირი კონტაქტი იქონიეთ იმ ადამიანებთან, ვისთან ყოფნაც გამშვიდებთ;
4. აკეთეთ მხოლოდ საყვარელი საქმე (დროებით მაინც, სანამ კრიზისი გადაგივლით);
5. იკითხეთ საყვარელი ჟანრის ნაწარმოებები, ყოფითი უსიამოვნებებისაგან თავდასაღწევად;
6. გაღიზიანების მომენტში "აფეთქების განსამუხტად" შეეცადეთ გაიხსენოთ ყველაზე ლამაზი და სანატრელი დღე თქვენი ცხოვრებიდან (აღელვება აუცილებლად გადაგივლით, უარყოფით მუხტს კი დადებითი შეცვლის, თუ, რა თქმა უნდა, თავს მოერევით და ამას შეძლებთ).

დამატებულია (21.08.2010, 23:26)
---------------------------------------------
ნევროზი ჩვენს ცხოვრებაში

ნევროზული მოშლილობა ჩვენს ქვეყანაში ისევეა გავრცელებული, როგორც სომატური ანუ სხეულის დაავადებები, თანაც მისი გამოვლინება მეტად მრავალფეროვანია. ადამიანები, რომლებსაც რომელიმე ორგანოს პათოლოგია აწუხებთ, ცდილობენ, ასე თუ ისე მალე მიმართონ ექიმს, ნევროზით შეპყრობილები კი პრობლემას უგულისყუროდ ეკიდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც სომატური დაავადებებით გამოწვეულ ვნებას. ბევრს ჰგონია, რომ გუნება-განწყობის მუდმივი დაქვეითება, გაღიზიანება, შფოთვა, შიში, სიცარიელისა და მარტოობის განცდა, სიცოცხლის ხალისის დაკარგვა ხასიათის თავისებურებაა. სინამდვილეში სულიერი წონასწორობის აღდგენა აუცილებელია, რათა ადამიანმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.

რა არის ნევროზი და როგორ ვლინდება იგი?

ნევროზი ნერვული სისტემის ფსიქოგენური დაავადებაა, რომლის გამოვლინება პიროვნების სტრუქტურულ თავისებურებას უკავშირდება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას წინ უძღვის რომელიმე ქრონიკული დაავადება ან რისკფაქტორების კომბინაცია.

რა ასაკში შეიძლება განვითარდეს ნევროზი?

ნევროზი ყველა ასაკში გვხვდება სხვადასხვა ფორმით. ბავშვთა ნევროზის გამოვლინებაა ლოგონევროზი (მეტყველების გაძნელება), უნებლიე მოძრაობები, ღამის ენურეზი (ღამით შარდის შეუკავებლობა), რაც პიროვნების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებთან არის დაკავშირებული და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვას გულისხმობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა პიროვნებას დაძლიოს საკუთარი მოთხოვნილებები, როდესაც ვითარდება კონფლიქტი მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებსა და შედეგს შორის. ნევროზის მიმართ ინტერესი დიდია, ვინაიდან ის მეტისმეტად არის გავრცელებული - ამ დაავადებით ჩვენი მოსახლეობის 70-90%-ია შეპყრობილი. ნევროზი, როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ფორმით გვხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი დიაგნოსტიკა და დიფერენცირება ნევროზისმაგვარი ორგანული სინდრომებისგან, როგორიც არის ფსიქოპათია და ენდოგენური ფსიქიკური დაავადებების საწყისი ფორმები.

რა იწვევს ნევროზს?

ნევროზის მიზეზია ხშირი ან მუდმივი სამსახურებრივი, ოჯახური თუ საყოფაცხოვრებო ფსიქოტრავმა, რომელიც ხშირად ბავშვობიდან იღებს სათავეს. ნევროზი პიროვნული ფსიქიკური მოშლილობაა, რომელიც უმეტესად განპირობებულია ავადმყოფისთვის მნიშვნელოვანი მძიმე ტრავმული მიზეზებით. ეს მიზეზები აქვეითებს პიროვნების ფსიქოლოგიურ ადაპტაციას, იწვევს შიშს, ემოციურ ლაბილურობას, უძილობასა და ვეგეტატიურ-სომატურ გამოვლინებებს, ისეთს, როგორიც არის ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევა და სხვა.

დამატებულია (21.08.2010, 23:33)
---------------------------------------------
რა არის ნევრასთენია და რომელ ასაკში ვლინდება იგი?

ნევრასთენია ნევროზის ერთ-ერთი გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. იგი წარმოადგენს ფუნქციურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს გამოფიტვის, ნერვული სისტემის სისუსტის ნიშნები, სწრაფი ფიზიკური და ფსიქიკური ასთენია ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების სიმპტომების გარეშე. ნევრასთენიით ავადდებიან ორივე სქესის ახალგაზრდები და საშუალო ასაკის პირები.

რა ნიშნები ახასიათებს ნევრასთენიას?

ნევრასთენიის ნიშნებია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის მოშლა, ყველაფრისადმი განურჩევლობა, მოგვიანებით ვითარდება ძლიერი აგზნებადობა, ძლიერდება უმიზეზო მოტორული რეაქციები, პიროვნება ხდება ასოციალური, კარგავს ცხოვრების მიზანსა და ინტერესს, ყველაფრით უკმაყოფილოა. თანდათან ამას ერთვის სომატური ხასიათის ჩივილები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა ან დიარეა. ხშირია ვაზომოტორული, კარდიოვასკულური მოშლილობანი, სუნთქვის უკმარისობა, არტერიული წნევის მერყეობა, თავის ტკივილი. აღსანიშნავია, რომ ნევრასთენიით შეპყრობილები სულ ავად არიან, სულ მკურნალობენ და სხვებზე მეტხანს ცოცხლობენ. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება კი არა, პათოლოგიური პროცესია, რომელიც გაივლის გარკვეულ ციკლს და აყალიბებს ადამიანის თავისებურ სულიერ და ფიზიკურ წყობას, რომელიც ვითარდება ფაქტორთა წყების ზემოქმედებით იმ პირებში, რომელთაც განსაზღვრული კონსტიტუციური მზაობა აქვთ. მდგომარეობას ამძიმებს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ნიკოტინის ჭარბი მოხმარება და ფსიქოსოციალური ფაქტორების გავლენა, მეტადრე - ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის კომბინაცია. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ვლინდება ასთენიურ-დეპრესიული და ასთენიურ-იპოქონდრიული სინდრომები, რომლებიც საბოლოოდ მძიმე დეპრესიაში გადაიზრდება.

დამატებულია (22.08.2010, 23:15)
---------------------------------------------
რა არის დეპრესია და როგორ ვლინდება ის?

დეპრესიის მნიშვნელოვან გამოვლინებას წარმოადგენს ასთენია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შფოთვის სინდრომი, ყოველგვარი (სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური) გამღიზიანებლის მიმართ მაღალი მგრძნობელობა.
საზოგადოდ, დეპრესია მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია, ადამიანს დიდი ხნით დააკარგვინოს ემოციური წონასწორობა და გააუარესოს მისი ცხოვრების ხარისხი (შრომითი საქმიანობა, პირადი ცხოვრება და დასვენება). დეპრესია უმეტესად ფსიქოლოგიური ტრავმის ან რაიმე ნეგატიური მოვლენის (ახლობლის გარდაცვალების) საპასუხო რეაქციაა, თუმცა შეიძლება, ყოველგვარი მიზეზის გარეშეც განვითარდეს. მისთვის დამახასიათებელია დარდი, მოწყენილობა ან გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, საქმის, კვების, ინტიმური ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა, მომავლის რწმენისა და იმედის უქონლობა, მუდმივი დაღლილობა, კონცენტრაციის უნარის არქონა, წონის მკვეთრი კლება ან მატება, ტკივილი თავის, გულის, ზურგის არეში (ორგანული დაზიანების არარსებობისას), საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ გაზვიადებული ყურადღება (კანცეროფობია), სიკვდილის შიში. ზოგჯერ ასეთი პაციენტი გვეუბნება: "ექიმო, მეშინია, არ გავგიჟდე!"

რა არის ძილის დარღვევა და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

ძილის დარღვევა მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება დაძინების სირთულით, ძილის ფაზური მიმდინარეობის, სიღრმისა და ხარისხის მოშლით. ზოგს დილაადრიან ეღვიძება დაღლილს, დამტვრეულს. გამოუძინებლობის გამო თავს იჩენს საერთო სისუსტე, მეხსიერების, აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. უძილობა თავისთავად დაავადებას არ წარმოადგენს - ის ორგანიზმის სხვა სომატური ან ფსიქიკური მდგომარეობის შედეგია. სომატურთაგან შეიძლება გამოვყოთ ასთმა და ართრიტი, ხოლო ფსიქიკურთაგან - დეპრესია, შფოთვა, კიდევ ერთი მიზეზია ზოგიერთი წამლისა თუ ისეთი ნივთიერების ჭარბად გამოყენება, როგორიც არის ალკოჰოლი, კოფეინი. რაც შეეხება რეკომენდაციებს: უძილობისას დაწექით დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს, რეგულარულად ივარჯიშეთ, მაგრამ დაძინებამდე, სულ მცირე, 3-4 საათით ადრე. ნუ დალევთ ყავას დაძინებამდე 5 საათის განმავლობაში. როდესაც ძილის დარღვევა დიდხანს გასტანს, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია უძილობის მიზეზისა და ხასიათის დასადგენად, რათა მკურნალობა სწორად წარიმართოს.

არიან თუ არა ნევროზით დაავადებულები მგრძნობიარენი ამინდისა და წელიწადის დროის მიმართ?

ასეთი პაციენტები მეტეოფაქტორების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათთვის მძიმე პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა - ამ დროს ზემოთ აღწერილი ჩივილები უძლიერდებათ. აქედან გამომდინარე, ამინდი და სეზონი ამ პაციენტებისთვის შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი ეგზოგენური რისკფაქტორი, რომლის გავლენა განპირობებულია გარემოსადმი საადაპტაციო (შეგუებითი) მექანიზმების მოშლით.


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___

შეტყობინება შეასწორა ნინ - შაბათი, 21.08.2010, 16:30
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » ნევროზი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz