პარასკევი, 19.04.2024, 19:37
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რომანტიზმი
რომანტიზმი
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:57 | შეტყობინება # 16
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გრ. ორბელიანი ქართული რომანტიზმის წარმომადგენელია. იგი პირველ რიგში ცნობილია პატრიოტული ნაწარმოებებით, რომლებიც საქართველოს რაინდული წარსულის ხოტბას შეიცავს ან გვაცნობს ავტორის სულისკვეთებასა და პოლიტიკურ მრწამსს 1832 წლის შეთქმულების მზადების პერიოდში. ესენია პოემა ტოლუბაში (სადღეგრძელოს პირველი ვარიანტი, 1827), (მიბაძვა რილეევისა, 1831), ჰე, ივერიავ (1832), მისი სახელი კიცხვითა (1832), იარალის, (1832) და მოგზაურობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის.

გრ. ორბელიანი პატრიოტიზმთან ერთად დიდ ადგილს უთმობს სიყვარულის თემას. ეს გრძნობა მას მიაჩნია უმაღლეს ადამიანურ თვისებად და ბედნიერებად. მის ლირიკაში სიყვარულის გრძნობის სულიერ მხარეს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული . გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშები ეძღვნება უმთავრესად ნინო ჭავჭავაძეს, შემდეგ სოფიო ორბელიანს და ნაწილობრივ ეკატერინე ჭავჭავაძეს. პოეტის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ გრ. ორბელიანი უიმედოდ ყოფილა შეყვარებული ნინოზე. თავის მიმართვებში ნინოსადმი პოეტი მეტწილად კლდემამოსილია, წრფელი და ფაქიზი გრძნობებით აღვსილი.

მის შემოქმედებაში დიდი როლი უჭირავს ბუნების თემასაც. როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, იგი ბუნებაში ეძებს თავისი ტკივილებისა და სიხარულის თანაზიარობას.

გრ. ორბელიანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ე. წ. მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეურ ბრძოლაში.პირველად იგი ამ ბრძოლაში 1872 წელს ჩაერთო, როცა ილია ჭავჭავაძის ეპიგრამის, გამოცანების პასუხი, გამოცანების პასუხი დაწერა. ეს უკანასკნელი დღეს პასუხი შვილთას პირველი ვარიანტის სახელითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება: კოღო -ბუზებო, ლიბერალებო, ჭკუით გლახებო, პატრიოტებო, გზა დაკარგულნო, წყალ-წაღებულნო. კატის კნუტებო, სიდგანა კნავით? და სხვ.

გრ. ორბელიანის პასუხის ორივე ვარიანტის მიხედვით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ პოეტის შეხედულებანი ახალი თაობის („შვილების“) შესახებ. მათ გრ. ორბელიანი უწოდებს „ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს“, რომელნიც „გაბოროტებით სწყევლიან მამებს“. ამათი („მამების“) დრო კი, პოეტის შეხედულებით, იყო „დრო მამაცობისა“.

გრ. ორბელიანი, საერთოდ, მწვავედ განიცდიდა ქართული ენის დაცემას. ცნობილია მრავალი მისი ბარათი ამ საკითხზე მიწერილი სხვადასხვა პირისადმი. ენის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად იგი სთვლიდა „ჟურნალისტი მწერლების“ (ახალი თაობის გარკვეული ნაწილის) მხრივ ქართულის ნორმების უცოდინარობას.

გრ. ორბელაინის სტილსა და ფორმას თან ახლავს ზოგიერთი ნაკლი. მისი ენა ხშირად მძიმეა, აზრის გამოხატვისას პოეტი აწყდება დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვა მას უჭირს. გრ. ორბელიანის სალექსო ფორმები მოწმობს ევროპული, უმთავრესად რუსული სალექსო კულტურის ზეგავლენას (მაგ., კომპოზიციის, სტროფიკის სფეროში). ეს ზეგავლენა განსაკუთრებით დაეტყო გრ. ორბელიანის რითმებს: პოეტის ლირიკულ შედევრებშიაც კი ზოგჯერ გამქრალია ქართული კლასიკური ლექსის ზუსტი რითმის კულტურა (რუსული ვაჟური რითმის მიხედვით გრ. ორბელიანი ხშირად ტაეპთა მხოლოდ ბოლო ხმოვნებს რითმავს. მაგრამ გრ. ორბელიანის პოეზიის ემოციური სამყარო იმდენად მდიდარია, რომ ზემოთ აღნიშნული დეფექტები ბოლოს მაინც ვერ ანელებენ მისი ლექსების შინაგან დაძაბულობასა და დინამიზმს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:58 | შეტყობინება # 17
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) - ქართველი პოეტი.

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა "მკაცრი ბედისა" და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1835-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

მიმაგრება: 7419850.jpg (4.0 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:59 | შეტყობინება # 18
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

პოემის „ბედი ქართლისა“ (1839) სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორიული მოვლენა - აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აღება, რამაც ფაქტიურად საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა“, როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ერეკლეს ღრმად აქვს შეგნებული ისტ. ბედისწერის გარდუვალობა. სოლომონ მსაჯული ერეკლესთან პაექრობისას ძირითადად ადამიანური ბუნებისა და „ერის თვისების“ ცნებებს ეყრდნობა: ადამიანთა თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მისი რწმენით, შეუძლებელს ხდის არსებობის უცხო, შეუთვისებელ ფორმებთან შეგუებას. ეს დავა, ემოციური შთაბეჭდილების თვალსაზრისით, მსაჯულის სასარგებლოდ წყდება, მაგრამ საბოლოოდ, ობიექტურად, პოემაში მაინც ერეკლეს სიბრძნე იმარჯვებს.

„ბედი ქართლისა“ ბარათაშვილმა 22 წლისამ დაწერა. მიუხედავად თანდაყოლილი რომანტ. სულიერი წყობისა, ჭაბუკ პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესად მძაფრი გრძნობა. ეს პოემა თავისებური პრელუდიაა ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკისათვის დამახასიათებელი ძიებებისა, რაც მიზნად ისახავდა როგორც ახალი ჰუმანისტური იდეალების, ასევე ეროვნული მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა დადგენას.

ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს(1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დ. უზნაძის სიტყვით ბარათაშვილის „მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ „ოდისეაა“ მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა“. ეს იყო ამავე დროს ახალი ესთეტიკური მრწამსის, ახალი პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი გზაც.

ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი გამოვლინებაა ლექსი "შემოღამება მთაწმინდაზე" (1833-1836). აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება - ჰარმონიულად შეუთავსდეს ამ საწყისებს, "რომ დაშთოს აქ ამაოება", აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის "ამაოების" გამო და ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობია შეგრძნება ცნაურდება ფილოსოფიურ ხასიათის ლექსში "ფიქრნი მტკვრის პირას" (1837). "აღუვესებელი საწყაულის" სახე, როგორც ფილოსოფიური შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს ბარათაშვილის მთელს პოეზიას.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:59 | შეტყობინება # 19
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სიყვარულის თემა ბარათაშვილთან მკვეთრად დაუოპირისპირდა ბესიკისა და ა. ჭავჭავაძის ეროტიკულ კონცეფციას. ადამიანის შინაგანი ცხოვრება, არამატერიალური, უხრწნელი, "ციდან მოსული მშვენიერება", ბარათაშვილის რწმენით, განუზომლად აღემატება მიწიერ სილამაზეს, რომელიც მარტოოდენ "ხორციელობის" წარმავალ ნიჭს წარმოადგენს ("აღმოხდა მნათი", 1840; "არ უკიჟინო, სატრფოო", 1841; "რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო", 1842; "შევიშრობ ცრემლსა", 1843). "ზეგარდმო მადლით" დამტკიცებული ნეტარება მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა; ბარათაშვილის სატრფიალო პოეზიის გმირი "დაკარგული ტოლის" მუდმივ ძიებაშია ("სული ობოლი", 1839; "სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი", 1840). სიყვარული აქ ტრაგიკული გრძნობაა; მისი, როგორც გრანდიოზული სულიერი კატასტროფის, განცდა გადმოცემულია ეფემერული წმინდა ტაძრის დამხობაში ("ვპოვე ტაძარი", 1841). პოეტის რომანტ. გატაცების საგანი ეკეტერინე ჭავჭავაძე ზოგიერთი ლექსის უშუალო ადრესატიც არის ("თავადის ჭ... ძის ასულს, ეკ....ნას", 1839; "საყურე", 1839; "...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი", 1839).

ბარათაშვილის პიროვნებაში ტრაგიკული გაორება შეინიშნება. თუ "ცისა ფერს" (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, "სულო ბოროტო" (1843) გამოვლენაა მძაფრი შინაგანი კროზისისა. ეს არის ტრაგედია "ურწმუნო ჭკუისა", რომელსაც იმ დროისათვის მხოლოდ უარმყოფელი მისიის შესრულება შეეძლო. პოეტმა შეძლო რომანტიკოსთა მიერ გათიშული გონებისა და რწმენის შეერთება და ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გართლება დაინახა("მერანი", 1842). სამყაროს ტრაგიკული მოუწესრიგებლობის შეგრძნება დრტვინითა და განგაშით ავსებს პოეტის სულს. "მერანის" ოპტიმისტური მსოფლმხედველობის საფუძველია იმის შეგნება, რომ ადამიანი მოწოდებულია თავგანწირული ბრძოლისათვის მაღალი ჰუმანისტური იდეალების მისაღწევად. ეროვნული პრობლემატიკა ბარათაშვილის შემოწმედებაში ფართო ფილოსოფიური ასპექტით არის გადაჭრილი. "მერანის" მთავარი იდეა -ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლა ბრმა აუცილობლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება, თავისი უნივერსალური შინაარსით ამომწურავი პასუხია იმ კითხვებზე, რომელიც პოეტმა "ბედი ქართლისაში" დასვა.

ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა. ბარათაშვილის თხზულებათა ძირითადი გამოცემებია: 1876 (რედაქტორი - პეტრე უმიკაშვილი), 1895 (ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი), 1922 (სამსონ ფირცხალავა), 1930 (პავლე ინგოროყვა), 1939 (ი. თავაძე, აკაკი გაწერელია), 1945 (კორნელი კეკელიძე), 1968 (პავლე ინგოროყვა), 1972 (აკაკი გაწერელია, ივანე ლოლაშვილი).

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:00 | შეტყობინება # 20
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი ( რუს. Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин) (დ. 26 მაისი/6 ივნისი, 1799, მოსკოვი ― გ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1837, პეტერბურგი), რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი.

ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - ნადეჟდა ოსიპის ასული - პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი.

1811 პუშკინი შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელოში. პუშკინმა ლიცეუმშივე აირჩია ლიტერატურის გზა, იქ სწავლისას დაწერა 120-მდე რომანსი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. იგი განიცდიდა დერჟავინის, ჟუკოვსკის, ბატიუშკოვის, რადიშჩევის გავლენას; კრიტიკულად ითვისებდა მათ პოეტურ მემკვიდრეობას და თანდათანობით იკვლევდა საკუთარ გზას მწერლობაში.

1814-იდან პუშკინის ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პეტერბურგში პუშკინის ცხოვრების დასაწყისი (1817-1820) დაემთხვა დეკაბრისტთა მოძრაობის აღმავლობის პერიოდს. პუშკინის პირადი და იდეური კავშირი ჰქონდა დეკაბრისტებთან, მონაწილეობდა ლიტერატურულ გაერთიანებაში "მწვანე ლამპა". დეკაბრისტული იდეები აისახა პუშკინის ლექსებში: "თავისუფლება", (1817), "ჩაადაევს", "ზღაპრები" (ორივე 1818), "სოფელი" (1819), რომლებიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერთა სახით. გავლენიანმა მეგობრებმა იხსნეს პოეტი ციმბირში გადასახლებისაგან.

1820 იგი სამხრეთ რუსეთში გადაასახლეს. იმხანად პუშკინმა დაამთავრა პოემა "რუსლან და ლიუდმილა" (გამოქვეყნდა 1820), რომელშიც ფოლკლორთან დაკავშირებული ზღაპრული ამბავი რეალურ სინამდვილეს დაუახლოვდა და ხალხური ენით გადმოსცა. რეაქციული კრიტიკა აღაშფოთა პოემის "მდაბალმა" სტილმა და ენამ, მოწინავე საზოგადოება კი აღტაცებით შეხვდა ამ თხზულებას. 1820 პუშკინს ნება დართეს გენერალ ნ. რაევსკის ოჯახთან ერთად გამგზავრებულიყო კავკასიის მინერალურ წყლებზე, შემდეგ კი ყირიმში.

მიმაგრება: 4329958.jpg (10.0 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:01 | შეტყობინება # 21
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1820-1823 პუშკინმა გაატარა კიშინიოვში, რომელიც მაშინ "დეკაბრისტების ბუდეს" წარმოადგენდა. პოეტი დაუახლოვდა პ. პესტელს, ვ. რაევსკის, მ. ორლოვსა და სხვებს. 1820-1823 პუშკინმა შექმნა ე. წ. "სამხრეთული პოემები" ("კავკასიის ტყვე", "ბახჩისარაის შადრევანი", "ყაჩაღი ძმები"). 1823-იდან პუშკინი ოდესაში გადაიყვანეს. პუშკინმა, რუსული ლიტერატურაში პირველმა, წარმოსახა თავისი დროის ტიპური გმირი, პირველმა აღწერა კავკასიის ბუნება და მთიელთა ყოფა-ცხოვრება. პუშკინის რომანტიზმის გარდამავალი ხასიათი აღიბეჭდა პოემაში "ბოშები" (1824), რომელშიც ახლებურად არის გაშუქებული რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კონფლიქტი "გმირს" და "ბრბოს" შორის, გაკრიტიკებულია რომანტიკული ინდივიდუალიზმი.

1824 პოეტი ოდესიდან გადაასახლეს სოფ. მიხაილოვსკოეში, სადაც დაწერა პირველი რეალისტური ტრაგედია რუსულ მწერლობაში "ბორის გოდუნოვი" (1825), რომელშიც XVI-XVII საუკუნეების მიჯნის სოციალური მოვლენები იშვიათი მხატვრული ძალით დაგვიხატა. ნიკოლოზ I-მა გადაწყვიტა დაეახლოვებინა თავისუფლების მოყვარე პუშკინი და კარის მეხოტბედ ექცია იგი, 1826 გადასახლებიდან გაათავისუფლებინა. პუშკინი შეეცადა თავისი პოეტური სიტყვით გავლენა მოეხდინა მეფეზე. ლექსში "სტანსები" (1826) იგი ნიკოლოზ I-ს სამაგალითოდ უსახავდა პეტრე I-ის მოღვაწეობას. პეტრე I-ს ეძღვნება რომანი "პეტრე დიდის ზანგი" (1827) და პოემა "პოლტავა" (1828). პუშკინი მალე დარწმუნდა მეფის ცბიერებაში. ნიკილოზ I-ის მითითებით მას "ბორის გოდუნოვის" დაბეჭდვაზე უარი უთხრეს, პოლიტიკური ბრალდება წაუყენეს და დედაქალაქიდან უნებართვოდ გასვლა აუკრძალეს. პუშკინის წინაშე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა საკითხი პოეტის დანიშნულებისა და როლის, შემოქმედის თავისუფლების შესახებ (ლექსები: "წინასწარმეტყველი", 1826; "პოეტი", 1827; "პოეტი და ბრბო", 1828).

გადასახლებულ დეკაბრისტებს მიუძღვნა პუშკინმა ლექსები: "არიონი", "1827 წლის 19 ოქტომბერი", პოეტური მიმართვები პუშჩინისადმი, ციმბირში მყოფი დეკაბრისტებისადმი და სხვ. 1830 შემოდგომაზე სოფ. ბოლდინოში პუშკინმა დაამთავრა რეალისტური პოემა "ევგენი ონეგინი" (დაიწყო 1823), რომლის მთავარმა გმირმა დასაბამი მისცა "ზედმეტი ადამიანის" სახეს რუსულ მწერლობაში. მხატვრულად სრულყოფილ, ნოვატორული ფორმის ამ "რომანში ლექსად" აისახა იმდროინდელი რუსული სინამდვილე, დედაქალაქის "მაღალი საზოგადოებისა" და პროვინციელი თავად-აზნაურების ყოფა. ავტორმა ონეგინის სკეპტიციზმსა დ ლენსკის უნიადაგო რომანტიზმს დაუპირისპირა ტატიანა ლარინა, რომლის მაღალი ზნეობა ბუნებასთან, ხალხურ ზნე-ჩვეულებებთან სიახლოვემ განაპირობა. "ბელკინის მოთხრობებით" პუშკინი რუსული რეალისტური პროზის ფუძემდებლად მოგვევლინა. მოთხრობებში: "სადგურის ზედამხედველი", "მეკუბოვე" და სხვ. დიდი თანაგრძნობით დაგვიხატა ე. წ. "პატარა ადამიანის" ცხოვრება. მსოფლიო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტების მიხედვით არის შექმნილი "პატარა ტრაგედიები" ("ძუნწი რაინდი", "ქვის სტუმარი", "მოცარტი და სალიერი", "ლხინი ჟამიანობის დროს"), რომლებსაც პოეტმა ახლებური, რეალისტური ჟღერადობა მიანიჭა.

1831 წლის თებერვალში მან ცოლად შეირთო ნატალია გონჩაროვა. ცოლ-ქმრის სასახლესთან დაახლოების მიზნით ნიკოლოზ I-მა 1833 პოეტს უბოძა მისი ასაკისა და მდგომარეობისათვის დამამცირებელი კამერიუნკრის საკარისკაცო წოდება. პოეტი იძულებული გახდა ევლო სასახლეში, სადაც ცოლ-ქმარი მალე მოექცა ინტრიგებისა და ჭორების ქსელში. კონფლიქტი პუშკინსა და "მაღალ საზოგადოებას" შორის დამთავრდა პოეტის დუელით მისი ცოლის თაყვანისმცემელ ოფიცერთან დანტესთან. 1837 წლის 27 იანვარს (8 თებერვალი) სასიკვდილოდ დაჭრილი პოეტი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:01 | შეტყობინება # 22
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
განუწყვეტელი შეფარული დევნისა და მძიმე ცენზურული პირობების მიხედვით, პუშკინი ბევრს მუშაობდა. პოემაში "ბრინჯაოს მხედარი" (1833) იგი კვლავ პეტრე I-ის თემას დაუბრუნდა და თავისებურად გააშუქა სახელმწიფოებრივი და პიროვნული ინტერესების პრობლემა. პუშკინის 30-იანი წლების შემოქმედებაში ბატონყმობისა და გლეხთა მოძრაობის თემას განსაკუთრებული ადგილი უკავია (მოთხრობები: "სოფელ გორიუხინის ისტორია", 1830; "დუბროვსკი" 1933; "კაპიტნის ქალიშვილი", 1833-1836 და სხვ.). რუსი ხალხის ფსიქოლოგიისა და ყოფის, რუსული ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ცოდნა გამოავლინა პუშკინმა თავის ზღაპრებში "სალთან მეფის", "მებადურისა და ოქროს თევზის", ოქროს მამლის შესახებ (1831-1834) და სხვ.

სიცოცხლის მიწურულს მან სევდიან განცდებთან ერთად გადმოგვცა სიცოცხლის მარადიულობის ღრმა რწმენა, იწინასწარმეტყველა თავისი პოეტური უკვდავება (ლექსები: "კვლავ ვინახულე ის კუთხე", "ძეგლი აღვიდგე ხელთუქმნელი, მარადიული"). ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლის დროიდან გამჟღავნებული ცხოველი ინტერესი საქართველოსადმი პუშკინს გაუმძაფრდა 1825-ის შემდეგ, როცა აქ გადმოასახლეს ბევრი დეკაბრისტი. 1829 პუშკინი ხელისუფლების ნებადაურთველად გამოემგზავრა სამხედრო გზით თბილისისაკენ, სადაც 27 მაისს ჩამოვიდა. სამ კვირამდე დაყო თბილისში, გაეცნო საქართველოს ბუნებას, ისტორიას, კულტურას - ნარკვევში "მოგზაურობა არზრუმში" პუშკინმა გააკრიტიკა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა, თანაგრძნობით ასახა ქართველი გლეხთა სიღატაკე, ქართველთა "გონებრივ ნიჭს" დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. საქართველოს ეძღვნება ლექსები: "საქართველოს მთებზე", "მონასტერი ყაზბეგზე", "კავკასიონი", "ზვავი" და სხვ.

თბილისის პრესაში პუშკინის სახელი პირველად 1829 გამოჩნდა. ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში პუშკინის პოეზიამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში. მისი ლექსები თარგმნეს ა. ჭავჭავაძემ, გ. ორბელიანმა, ს. რაზმეძემ; შემდგომში - ი. ჭავჭავაძემ, ა. წერეთელმა, რ. ერისთავმა, აგრეთვე ტ. ტაბიძემ, პ. იაშვილმა, ვ. გაფრინდაშვილმა და საბჭოთა ეპოქის სხვა პოეტებმა. 1899-იდან ცალკე წიგნებად გამოიცა პუშკინის ნათარგმნი თხზულებანი. პოეტის 100 წლისთავს უძღვნა ი. ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიის" სპეციალური ნომერი. საინტერესოა აღინიშნოს, რომ პუშკინის შთამომავალთა ერთი შტო (გვარად სვანიძე) ცხოვრობს საქართველოში.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:02 | შეტყობინება # 23
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი (რუს. Михаи́л Ю́рьевич Ле́рмонтов; დ. 3 ოქტომბერი/15 ოქტომბერი, 1814, მოსკოვი — გ. 15 ივლისი/27 ივლისი, 1841, პიატიგორსკი, დასაფლავებულია სოფ. ტარხანში), რუსი პოეტი და პროზაიკოსი.

ბავშვობა დედულეთში, პენზის გუბერნიის სოფ. ტარხანში გაატარა. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. პოეტის მამას, ხელმოკლე აზნაურ იური ლერმონტოვსა და დიდგვაროვან, პატივმოყვარე ბებიას, ელისაბედ არსენიევას შორის უთანხმოებამ მტკივნეული კვალი დაამჩნია ფაქიზ სულს. ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა, იშვიათი ნიჭით ანცვიფრებდა შინამასწავლებლებს. 1827 ბებია-შვილიშვილი მოსკოვში გადასახლდა. 1828 ლერმონტოვი უნივერსიტეტთან არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო 1830 — ამავე უნივერსიტეტის ზნეობრივ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ჩარიცხეს. 1832 ლერმონტოვმა მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი, როგორც ვარაუდობენ, რეაქციონერ პროფესორებთან კონფლიქტის გამო და პეტერბურგში გადავიდა. აქაური სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1834-იდან, ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად.

ლექსების წერა ლერმონტოვმა 1828 წელს დაიწყო, გამოქვეყნება — 1837-დან. ლერმონტოვს სახელი გაუთქვა ამავე წელს დაწერილმა ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. მძაფრი მამხილებელი პათოსის გამო მეფის მთავრობამ „რევოლუციის მოწოდებად“ მიიჩნია პუშკინის მკვლელებისადმი მიმართული ეს ლექსი. ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში განაწესეს. პოეტმა საქართველოში 2 — 3 თვე დაყო (დაახლოებით 1837 ოქტომბერ-დეკემბერი), გაეცნო ქართველ მოღვაწეებს. საქართველოს წარმტაცმა ბუნებამ, ქართველთა თავისებურმა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ პოეტზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

1837 ბოლოს ლერმონტოვი რუსეთში დააბრუნეს. მოწინავე საზოგადოება აღფრთოვანებით ეგებებოდა მის ყოველ ახალ ნაწარმოებს. 1840 წელს ლერმონტოვი უმნიშვნელო საბაბით გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერ კ. მამაცაშვილთან ერთად. ინტრიგები ლერმონტოვის წინააღმდეგ კავკასიაშიც გრძელდებოდა. საბედისწერო გამოდგა პოეტის შეკამათება მაიორ ნ. მარტინოსთან, რომელმაც დუელში გამოიწვია და მოკლა პოეტი.

ლერმონტოვი მოღვაწეობდა იმ „უდროობის ეპოქაში“, როცა დეკაბრისტები უკვე გაანადგურეს, რევოლუციონერ-დემოკრატები კი ჯერ ასპარეზზე არ იყვნენ გამოსული. პოეტმა დეკაბრისტებისა და პუშკინის საუკეთესო ტრადიციები განავითარა და იშვიათი მხატვრული ძალით გამოხატა მოწინავე საზოგადოების ფიქრები რუსეთის მომავალზე, ხალხის ბედზე, პიროვნების თავისუფლებაზე. ლერმონტოვი ილაშქრებდა დესპოტიზმის წინააღმდეგ, სწამდა, რომ „დაემხობიან გვიგვინი ხელმწიფისანი“ (ლექსები „თურქის ჩივილი“, 1829; „წინასწარმეტყველება“, 1830; პოემები „აღსარება“ 1839; „თავისუფლების უკანასკნელი შვილი“, 1831; პიესები „ადამიანები და ვნებები“, 1839; „უცნაური ადამიანი“, 1831; „მასკარადი“, 1825; დაუმთავრებელი რომანი „ვადიმი“, 1832 და სხვა). ლერმონტოვის პირველი პერიოდის (1828—1837) შემოქმედებაში ჭარბობს რომანტიკული ხასიათის თხზულებანი. პოეტის აქტიური რევოლუციური რომანტიზმი რეალისტურ ნაკადსაც შეიცავს. ლერმონტოვის თავისუფლებისმოყვარე, მეამბოხე გმირები ვერ ურიგდებიან არსებულ უხამსობასა და უსამართლობას; ხშირად მარცხდებიან, მაგრამ ქედს მაინც არ იდრეკენ. ლერმონტოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა კავკასიის თემამ. მას სამართლიანად უწოდებენ კავკასიის მომღერალს. ლერმონტოვის ადრინდელი თხზულებებში მხატვრულად განსხეულდა ბავშვობაში მიღებული კავკასიური შთაბეჭდილებები, მთიელთა ყოფა და ბრძოლა თავისუფლებისათვის („კავკასია“, „კავკასიის ლურჯი მთელი“, „ჩერქეზები“, „კავკასიის ტყვე“, „აული ბასტუნჯი“, „იზმაილბეი“ და სხვა.)

მიმაგრება: 7590729.jpg (14.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:02 | შეტყობინება # 24
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შემოქმედების მეორე პერიოდში (1837—1841) პოეტი თავისი ეპოქის საჭირბოროტო პრობლემებს ეხმაურება; ამხელს სასახლის მსახურთ, პრივილეგიურ საზოგადოებას („პოეტის სიკვდილი“, 1837; „1 იანვარი“, 1840; „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“, 1841); კიცხავს ინტელეგენციის უმოქმედობას („ფიქრი“, 1838); ქადაგებს მაღალ მოქალაქეობრივ პოეზიას („პოეტი“, 1838). ლერმონტოვის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და დემოკრატიზმი, მისი პოეზიის ხალხურობა მკაფიოდ გამოვლინდა ლექსებში „ბოროდინო“ (1837) და „სამშობლო“ (1841), პოემაში „სიმღერა ვაჭარ კალაშნიკოვზე“ (1837) და სხვა.

ლერმონტოვის შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, რომელიც პოეტის შთაგონების წყაროდ იქვა (ლექსები „ქართული სიმღერა“, „თერგის საჩექრები“, „პაემანი“, „თამარი“ და სხვა).

პოემა „მწირში“ (1839), რომლის მოქმედების ფონი საქართველოა, ლერმონტოვმა განახორციელა ყრმობისდროინდელი ჩანაფიქრი თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკის შესახებ. „მწირი“ თავისუფლების, სამშობლოსა და ბუნებისადმი მიძღვნილი ჰიმნია. 1829-იდან ლერმონტოვი „დემონის“ სიუჟეტზე მუშაობდა; საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის თამარის — მომხიბლავი სახე. ლერმონტოვმა დიდი ამაგი დასდო რუსულ პროზასაც. მისი სოციალური-ფსიქოლოგიური რომანის „ჩენი დროის გმირის“ (1939) მთავარი პერსონაჟი, „ზედმეტი ადამიანი“ პეჩორინი 30-იანი წლების თავადაზნაურული ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია. მას მოქმედება სწყურია, მაგრამ ბედკრულ სინამდვილეში ნიჭის, ცოდნისა და ენერგიის გამოყენების პირობები არა აქვს.

ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: გრიგოლ ორბელიანი (თარგმნა „მთანი მაღალნი“), ვახტანგ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელსაც თანამედროვენი „ქართველ ლერმონტოვს“ უწოდებდნენ. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა-ფშაველამ, გრიგოლ აბაშიძემ, მამია გურიელმა და სხვა. საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენჯერმე („დემონი“ 10-ჯერ, „პოეტის სიკვდილი“ 6-ჯერ, „წინასწარმეტყველი“ 5-ჯერ, „მწირი“ 4-ჯერ, „ჩვენი დროის გმირი“ 3-ჯერ). ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც (ოთარ თაქთაქიშვილის სიმფონიური პოემა „მწირი“, ანდრია ბალანჩივაძის ამავე სახელწოდების ბალეტი, სულხან ცინცაძის ბალეტი „დემონი“ და სხვ.).

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:04 | შეტყობინება # 25
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რომანტიზმი ხელოვნებაში

რომანტიკული მხატვრობა სახიათდება დრამატიზაციისასდმი ინტერესით, მძაფრი სცენების გამოხატვით. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:05 | შეტყობინება # 26
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რომანტიკოსი მხატვრები და მოქანდაკეები

ფერდიანან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (ფრანგ. Ferdinand Victor Eugène Delacroix) (*26 აპრილი 1798 — 13 აგვისტო 1863) — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი.

ეჟენ დელაკრუა დაიბადა პარიზის გარეუბანში 1798 წლის 26 აპრილს. ოფიციალურად მის მამად ითვლება საშუალო რანგის ჩინოვნიკი შარლ დელაკრუა, თუმცა დადიოდა ჯიუტი ხმები, რომ სინამდვილეში ეჟენი ყოვლისშემძლე ტალეირანის უკანონო შვილი იყო.

მიმაგრება: 5025486.jpg (15.2 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:05 | შეტყობინება # 27
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რომანტიზმი მუსიკაში

რომანტიკული მუსიკის მთავარი მახასიათებელი სტილისტური ინდივიდუალობაა. რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა. კლავესინის ფორტეპიანოთი შეცვლა საშუალებას იძლევა მუსიკა უფრო დინამიური და კონტრასტული გახდეს. ორკესტრაციაც უფრო დახვეწილი ხდება. რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია . მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:07 | შეტყობინება # 28
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რომანტიკოსი კომპოზიტორები

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven; სავარაუდოდ *16 დეკემბერი, 1770, ბონი; მოუნათლავთ 17 დეკემბერი, 1770, ბონი ― † 26 მარტი, 1827, ვენა) გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი.

ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801)...

მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3 ("გმირული", მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 ("რომანტიკული", სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 ("ტრაგიკული", დო მინორი, 1808), მე-6 ("პასტორალური", 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის "ეგმონტი" (1810), ოპერა "ფიდელიო" (1805); უვერტიურები: "კორიოლანი" (1807), "ლეონორა" - №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) და სხვა.

1813-1817 ბეთჰოვენი შემოქმედებით დეპრესიას განიცდის. ახალი აღმავლობა იწყება 1818-იდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-1826), "საზეიმო მესა" (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824). ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა.

მიმაგრება: 0171475.jpg (16.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:07 | შეტყობინება # 29
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბეთჰოვენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი, მგზნებარე მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟიაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის "მუსიკალური სინდისი" უწოდეს.

ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 ("გმირული") სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ "ტრაგიკულს" უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი - მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში, რომელსაც რ. ვაგნერმა "ცეკვის აპოთეოზი" უწოდა. მე-4 და მე-6 ("პასტორალური") სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია (I ნახევარი) გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის კოსმოსურ სიხარულში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის "ოდა სიხარულისადმი" და ფინალი გადაწყვეტილია როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში.

დიდია ბეთჰოვენის უვერტიურების, პირველ რიგში - "ეგმონტის", "კორიოლანის" და "ლეონორას" მნიშვნელობა პროგრამული სიმფონიური მუსიკის ისტორიაში. ისტორიული როლი შეასრულა ბეთჰოვენის ინსტრუმენტულმა კონცერტებმა (განსაკუთრებით გამოირჩევა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები), რომლებიც შინაარსის სიღრმითა და მასშტაბებით წარმოადგენს სიმფონიური და საკონცერტო ჟანრების სინთეზს. დიდი ფორმის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გრანდიოზული "საზეიმო მესა" (1823), რომელიც თავისი ჩანაფიქრით უახლოვდება მე-9 სიმფონიას. ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის "ფიდელიოს" (დაიდგა 1805, ვენა, მე-2 რედაქცია - 1806, მე-3 - 1814) თემაა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. გმირულ თემას ეძღვნება ბეთჰოვენის ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (ს. ვიგანოს დადგმა, 1801).

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბეთჰოვენის კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას (32 საფორტეპიანო და 10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 7 საფორტეპიანო ტრიო; 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვა). საფორტეპიანო სონატები - "პათეტიკური", "მთვარის", "აპასიონატა", სავიოლინო - "კროიცერის სონატა" ჩანაფიქრის მასშტაბურობით, მძაფრი დრამატიზმით, გამომსახველ ხერხთა ნოვატორული სითამამით ამ ჟანრის მწვერვალებს წარმოადგენს. №28-32 სონატებითა და 12-16 კვარტეტებით ბეთჰოვენი გზას უკაფავს მუსიკალურ რომანტიზმს. ხსენებული კვარტეტების გარდა აღსანიშნავია სამი ე. წ. "რუსული კვარტეტი" (თხზ. 59), რომელიც დაიწერა ვენაში რუსეთის ელჩის ა. რაზუმოვსკის შეკვეთით. ბეთჰოვენის ვოკალური მემკვიდრეობა მოიცავს 91 სიმღერას, 70-ზე მეტ გუნდს, ვოკალურ ანსამბლებს, მის მიერ დამუშავებულ სხვადასხვა ხალხთა სიმღერებს (188) და სხვა. კომპიზიტორის თხზულებათა პირველი სრული კრებული (25 ტომი) გამოვიდა ლაიფციგში 1864-1888, დამატებითი ტომების გამოსვლა ახლაც გრძელდება.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:08 | შეტყობინება # 30
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ვინჩენცო ბელინი (იტალ. Vincenzo Bellini; დ. 3 ნოემბერი 1801, კატანია, სიცილია — გ. 23 სექტემბერი, 1835, პიუტო, პარიზთან ახლოს) — იტალიელი კომპოზიტორი.

დაიბადა მუსიკალურ ოჯახში. მამა დირიჟორი ჰყავდა, ბაბუა - ორგანისტი და კომპოზიტორი. სწავლობდა ნეაპოლის კონსერვატორიაში. დაწერა 11 ოპერა, მათ შორის ყველაზე ცნობილი - „კაპულეტი და მონტეკი“ (1830, თეატრი „ფენიჩე“, ვენეცია), „სომნამბულა“ (1831, თეატრი „კარკანო“, მილანი), „პურიტანე“ (1835, „ტეატრ იტალიენ“ პარიზი) ყველაზე განსაკუთრებული ნაწარმოები — ოპერა „ნორმა“ (1831, „ლა სკალა“ მილანი). ბელინის ოპერები ხშირად უძღვებოდა პატრიოტული დემონსტრაციები: იტალიელები პოულობდნენ ბელინის ოპერებში აქტუალურ პოლიტიკურ შინაარსს. ბელინი ერთ-ერთი უდიდესი ბელკანტოს სტილის ოსტატია.

1835 წელს შეუძლოდ იგრძნო თავი და დაწვა. 1835 წლის 23 სექტემბერს პიუტოში, ბელინი გარდაიცვალა ნაწლავების მწვავე ინფექციური დაავადებით. კომპოზიტორის ფერფლი ინახება სიცილიაში, ქალაქი კატანიის კათედრალურ ეკლესიაში.

მიმაგრება: 8969976.jpg (8.8 Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რომანტიზმი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz