შაბათი, 25.11.2017, 10:29
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 2 დან«12
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ქართული მითოლოგია
ქართული მითოლოგია
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 19:58 | შეტყობინება # 16
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყველაზე გავრცელებულ სიუჟეტებს შორისაა გმირების ბრძოლა ცალთვალა გოლიათებთან (ამირანი, ნართები; შდრ, ბერძნული ოდისევსის ბრძოლა ციკლოპ პოლიფემოსთან). ანალოგიური სიუჟეტები გვხვდება აგრეთვე კავკასიელ ხალხთა ფოლკლორში.

ქართული ხალხური ლექსი “თავფარავნელი ჭაბუკი” შეიცავს სიეჟეტს გმირზე, რომელიც ყოველ ღამე გადაცურავს ზღვას თავის შეყვარებულთან შესახვედრად; ქალწული ანთებულ სანთელს ტოვებს ნაპირზე, რათა ჭაბუკს გზა მიასწავლოს, მაგრამ ბოროტი დედაბერის შელოცვით სანთელი ქარიშხლის დროს ქრება. ჭაბუკი ვერ აგნებს ნაპირს და იღუპება. ანალოგიური სიუჟეტები შემორჩენილია ადიღებშიც. ლეგენდის თანახმად, მშვენიერი ადიუხის სახლი დგას მდინარის ნაპირზე, რომელზეც გადაჭიმულია ტილოს ხიდი. თუ ადიუხის ქმარი სახლში გვიან ღამით ბრუნდება, იგი ფანჯრიდან თავის მანათობელ ხელებს უწვდის, რომელიც უნათებს გზას და ქმარიც ხიდზე ადვილად გადარეკავს ცხენებს. უმადური ქმარი უშლის ადიუხს ხიდის ხელებით განათებას. ბნელი ღამით იგი ვარდება ხიდიდან და იხრჩობა, რის შემდეგაც ადიუხი ცოლად სოსრუკოს მიყვება, რომელსაც მზის ატრიბუტიკა ახასიათებს. ადიუხის მანათობელი ხელები გვახსენებს ძველ მითს განთიადის ქალღმერზე, რომლის ვარდისფერი თითებიც ანათებს დილის ცას. ლეგენდის ქართულ ვარიანტში დაღუპული გმირი მის აქსესუარებთან ერთად (წითელი სამოსი, ანთებული სანთელი, ღამით ცურვა, ტვირთი, რომელიც მიაქვს და საბოლოოდ, სიკვდილი) ქალღმერთის სიყვარულის გამო დაღუპულ ღვთაებებს და გმირებს უახლოვდება.

"სიცოცხლის ხის" შესახებ ქართული მითიც მოგვითხრობს:

"მთაზე ცხრათვალა, ცასწვერმიბჯენილი ციხე დგას. აქ არის ღვთის კარი: ოქროს ტახტზე, ღმერთი ზის. აქვე დგას ქვესკნელში ფესვგადგმული ალვის "ხე". ალვის რტოებზე, თეთრმხრიანი ღვთისშვილები სხედან, ხოლო მის ფესვებში უკვდავების ვეშა-წყარო სჩქეფს. ციხიდან წყარომდე მიწი-მიწ დარანი ჩადის. (დარანი-კლდეში ანუ მიწის ქვეშ შესავლელი).

არსებობს მსოფლიო ხის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისაგან შედარებით ვიწრო ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევიან: სიცოცხლის ხე, ნაყოფიერების ხე, ცენტრის ხე, აღსავლის ხე, ციური ხე, შამანური ხე, მისტიური ხე, ცნობადის ხე. შედარებით იშვიათად გვხვდება კოსმიური ხის შემდეგი ვარიანტები: ბოროტების ხე, მიწისქვეშა ხე და სხვ.

კოსმიური ხის ერთ-ერთი ვარიანტია სიცოცხლის ხე. იგი თავის თავში მოიცავს სიცოცხლის მითოლოგიზირებულ წარმოდგენებს და აქედან გამომდინარე, თავისი არსით სიკვდილის, ბოროტების ხის პოლარულად განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს. ხშირია შემთხვევებიც, როცა სიცოცხლის ხე ამბივალენტური სიდიდეა - ორივე ფუნქციის (სიკვდილ-სიცოცხლის) მატარებელი, რაც უბრალოდ იმითაა გამოწვეული, რომ, რომ სიკვდილის ან ბოროტების ხე ნაკლებად არის გავრცელებული არსებულ მითოლოგიებში.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:00 | შეტყობინება # 17
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სიცოცხლის ხესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექსტებზე, რომლებშიც ფიგურირებენ: 1. სიცოცხლის მომნიჭებელი ქალური ღვთაება ხეში ან ხეზე; 2. ღვთიური სასმელი (სომა, ამბროზია, უკვდავების წყალი, თაფლი, სისხლი...) ან საკვები (სამოთხის ვაშლები, ჰესპერიდას ოქროს ვაშლები, იდუნის ვაშლები «უმცროს ედაში»), რომელიც ეძლევა მამაკაცური საწყისის მქონე არსებებს სასიცოცხლო ძალების გაძლიერება-განვითარებისათვის; 3. ჰიეროგამიის სხვადასხვა ვარიანტებში, საკრალური ქორწინების აქტებში:

მაგ. შუმერულ მითოლოგიაში გილგამეშმა ქალღმერთი ინანას სარეცელისათვის კოსმიური ხე მოჭრა: «ხის ფესვებში მოუნუსხავი გველი მოკლა, ხის რტოებში ფრთოსანი ანხუდი ბარტყებითურთ შეიპყრო, ხის შუაგულში ქალწულ ლილას სახლი დაურღვია... ...რტონი მისნი განკაფა, წმინდა ინანას ტახტისათვის უბოძა, საწოლისათვის უბოძა».

ხშირ შემთხვევაში, მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის შესამკობად ნახმარი ეპითეტები სწორედ სიცოცხლის ხესთანაა დაკავშირებული: იშთარი და თამუზი (თამუზი შედარებულია თამარისკთან და ტირიფთან), აფროდიტა და ადონისი (ადონისი მსოფლიო ხიდანაა დაბადებული, მის სისხლზე ამოდის ვარდი), იზიდა და ოზირისი (შემხვედრია და ვეღარ ვიპოვნე ოზირისის გამოსახულება ვაზის ლერწმებში, მისი სამარხის ახლოს ამოსული ხე, რომელზედაც ოზირისის სულია ფენიქსის სახით, ოზირისის სახის მწვანე ფერი და მისი სიმბოლო, ლერწმის შეკვრა, რომლებიც ერთმანეთშია ჩადგმული), კიბელა და ატისი (ატისი ჩასახულია ნუშის ან ბროწეულის ნაყოფისაგან), ქრისტე («ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს»).

ამასთან, ხშირად აქტუალიზირებულია ქალური იპოსტასი. გაცილებით იშვიათია მამაკაცის გამანაყოფიერებელი ძალის სიმბოლიკა (დიონისე ვაზის მტევნებით ხელში, სხვადასხვა ფალიური სიმბოლოები). გვხვდება მამაკაცური და ქალური საწყისების მატარებელი ხე-სიმბოლოების წყვილიც ან ორი ხისაგან შექმნილი ქალისა და მამაკაცის სიმბოლოები (მაგ. სკანდინავიურ მითოლოგიაში ოდინი პოულობს და აცოცხლებს ქალისა და მამაკაცის ხის პირველსახეს იფანს და ტირიფს. საინტერესოა, ალბათ, რომ ქალისა და მამაკაცის შესატყვისი რუნების ზედდებისას მსოფლიო ხის ერთ–ერთ გავრცელებული ვარიანტი მიიღება. ).

კაბალისტიკაში კოსმიური სისტემის აღწერისას გამოიყენება კაბალისტური სიცოცხლის ხე - სეფიროთი. სეფიროთი წარმოადგენს რთულ, მრავალწახნაგოვან სიმბოლოს, რომელიც შედგება ათი მანათობელი სფეროსაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ქმნიან სამ სვეტს და გარკვეული წესით არიან ერთმანეთთან შეერთებულნი 22 არხით ანუ «გზით». აღნიშნული დიაგრამა ერთგვარი «კოსმიური პროექტია», რომელიც იძლევა სამყაროსა და ადამიანის, მათი შესაძლო ურთერთკავშირებისა და დამოკიდებულებების სქემატურ, კონცენტრირებულ აღწერას. (და აქ ეკოს „ფუკოს ქანქარა“ მახსენდება და არც თუ უადგილოდ – რომანის არქიტექტონიკა მთლიანად სეფიროთის სქემას ეყრდნობა.)

სიცოცხლის ხის სიმბოლიკა ხშირად იყო აღრეული ცნობადის ხის სიმბოლიკაში. თავისთავად ცნობადი ხის სიმბოლიკა საკმაოდ ძველია და მან ზნეობრივი ფუნქცია მოგვიანებით შეიძინა. ძველ ეგვიპტურ «მიცვალებულთა წიგნში», არის ეპიზოდი, სადაც მიცვალებულს, რომელსაც ჩიტის სახე აქვს მიღებული ეპატიჟებიან სიკომოროს (?) ნაყოფის საგემებლად, ვინაიდან ყოველი, რომელიც ამ ხის ნაყოფს იგემებს, ღმერთი გახდება; სიკვდილი ადამიანს იმ ღვთიურ სამყაროში აბრუნებს, საიდანაც ის ამქვეყანად მოვლინებისათვის გამოაძევეს. ამ დროს ადამიანი შეიმეცნებს უდიდეს ჭეშმარიტებას თავის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:00 | შეტყობინება # 18
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ძველ ბაბილონში ცნობილი იყო ორი ხე - სიცოცხლის ხე და ჭეშმარიტების ხე. გარკვეული მოსაზრებით მათ რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ შამანის ხეც, რომელზედაც ადეპტები ხელდასხმას ღებულობენ.

გარკვეულწილად, ცნობადის ხის ფუნქციებს ატარებს სკანდინავიური იგგდრასილიც, რომელზედაც ოდინი ცხრა დღის განმავლობაში ეკიდა, რათა რუნების საიდუმლოება შეეცნო. წმინდა ხის ბოდჰის ძირას იჯდა ბუდა შაკიამუნი, როდესაც გასხივოსნდა. ცნობადის ხე უნდა იყოს ინდურ ეპოსში - ბჰაგავატგიტაში - მოხსენიებული ხე აშვათჰაც:

განსაკუთრებით საინტერესო ტიპია ცნობადის ხე, რომლის ნაყოფსაც ხშირად გველი, გველეშაპი ან სხვა ხთონური არსებები, იცავენ. გმირი, იმისათვის რომ იგემოს აკრძალული ნაყოფი და შეიმეცნოს ჭეშმარიტება, მან უნდა გაიაროს გარკვეული გამოცდა (გავიხსენოთ არგონავტების მითი), შეძლოს ხთონური არსებების დამარცხება და მხოლოდ ამის შემდეგ აღწევს იგი სასურველ შედეგს.

ცნობადის ხის სახეცვლილი ვარიანტია დღეს მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული საშობაო ნაძვის ხეც. თავდაპირველად მას ვაშლებით რთავდნენ. მოგვიანებით, ვაშლები სხვადასხვა სახის სათამაშოებმა და მოსართავებმა შეცვალა.

„...და აღმოაცენა ღმერთმან ქუეყნისაგან ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა საშუალ სამოთხისა და ხე გამომრჩეველი ცნობისა კეთილისა და ბოროტისასა...“ [შესაქმე, II, 9).

პირველი ადამიანები ადამ და ევა სწორედ სიცოცხლისა და ცნობადის ხის არქეტიპებს წარმოადგენენ. პირველცოდვის მისტიური აზრიც სწორედ საწყისი არქეტიპებისაგან დაცილებაში მდგომარეობს. ადამმა და ევამ დაარღვიეს უფლის ნება და აკრძალული ხის ნაყოფი იგემეს. „...და აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენთაგანი მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა...“

მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამოთხიდან დაუტევა ადამ და ევა „... და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელსა საქმედ ქუეყნისა, რომლისაგან მიღებულ იქმნა. და განკაცდა ადამ და დაამკვიდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა. და დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი დაცვად გზისა ხისა ცხოვრებისას“. ადამიანი მოკვდავი გახდა და დაეხშო ის ბჭე, საიდანაც ღვთაებრივ სიბრძნეს შეიმეცნებდა.

ძველებრაული ლეგენდის მიხედვით, ადამ სეთს, რომელმაც მოისმინა და გაიგო რა ადამისაგან პირველცოდვის შესახებ, 40 დღე იმარხულა, მარხვის დასრულების შემდეგ მას გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და მისცა მას „რტო სიხარულისა“. სეთმა იგი ადამს მიუტანა, რომელმაც მასში ცნობადის ხის რტო ამოიცნო. დარგო სეთმა ყლორტი და ამოვიდა ხე, რომლის სამი ტანი ერთმანეთში იყო გადახლართული (რიცხვი სამი უფლის სამ იპოსტასზე მიგვანიშნებს).

სიცოცხლის ხისგანაა გაკეთებული მოსეს კვერთხიც. „...და იყო ხვალისაგან და შევიდეს მოსე და აარონ კარვად საწამებლისა, და აჰა ესერა კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა: და მოეღო ფურცელი და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი“. [რიცხვთა. 17:22-24]

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:00 | შეტყობინება # 19
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შუა საუკუნეებში ძველი აღთქმის სიუჟეტებზე შექმნილ მიდრაშიმში მოსეს კვერთხის წარმოშობაზე ამგვარადაა მოთხრობიილი: „მე (მოსემ) ვკითხე მას (ციფორას ან სეფორას, არ ვიცი ზუსტად) საიდანაა აქვს მას (იოთორს) ეს კვერთხი? მან მიპასუხა: ეს ის კვერთხია, რომელიც უფალმა შაბათ საღამოს შექმნა, სამყაროს შექმნის შემდეგ (აქაც, ამ ლეგენდაში დაცულია შესაქმისეული თანმიმდევრობა – სამყაროს შექმნის შემდეგ უფალი ქმნის კვერთხს, რომელიც მსოფლიო ხის ერთ–ერთი სიმბოლოა). უფალმა იგი პირველ ადამიანს გადასცა (იგულისხმება ადამ სეთი), მან გადასცა ენოქს, იმან ნოეს, ნოემ სემს, სემმა აბრაამს, აბრაამმა იაკობს. იაკობმა კვერთხი ეგვიპტეში მოიტანა და თავის შვილს, იოსებს გადასცა. როცა იგი მოკვდა, ეგვიპტელებმა კვერთხი მისი სახლიდან გამოიტანეს და ფარაონს მიართვეს. ფარაონის გული კვერთხის დანახვაზე სურვილით აენთო, მოიპარა იგი და თავის სახლში წაიღო. ამ ხეზე ამოკვეთილი იყო ღმერთის სახელი და ათი უბედურება, რომელსაც ღმერთი თავს დაატეხდა ეგვიპტეს. უამრავი დღე და უამრავი წელი იდო ეს კვერთხი მამაჩემის სახლში, სანამ მან ერთხელ ხელში არ აიღო იგი, გავიდა ბაღში და მიწაში ჩაარჭო იგი. როდესაც ის (მამაჩემი) კიდევ გავიდა ბაღში, რათა მოეტანა კვერთხი, მან დაინახა, რომ კვერთხი გაყვავებულიყო».

აქ ჩნდება ერთი საკურადღებო პარალელიც ამირანის თქმულების ერთ-ერთ ვარიანტთან. როდესაც ამირანი და ღმერთი ებრძვიან ერთმანეთს, ღმერთი სამჯერ იმეორებს საკრალურ აქტს - მიწაში ჩაარჭობს თავის კვერთხს, რომელიც უცბად ღრმად გაიდგამს ფესვებს. ამირანი ორჯერ დაეჭიდება და მოგლიჯავს ხეს, მესამედ კი ვერა. მხოლოდ ამის შემდეგ მიაჯაჭვავს ღმერთი ამირანს კლდეზე. კვერთხი თავად ღმერთმა უბოძა მოსეს. „...და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისამიერი ხელითა თვისთა“ [გამოსვლათა, IV, 21]. კვერთხის გველად ქცევის მომენტიც არ არის შემთხვევითი. „და შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ“ [გამოსვლათა, VII, 10].

მოგვიანებით კვერთხი, ზედშემოხვეული გველით ხელდასხმისა და ინიციაციის სიმბოლო ხდება. ამგვარი კვერთხი ჰერმესის (მერკურის) უცვლელი ატრიბუტია, რომელის მეშვეობით მას შეეძლო არა თუ უბრალო მიკვდავნი, არამედ თავად ღმერთებიც დაეძინებინა და სურვილისამებრ გაეღვიძებინა. ჰერმესი ერთგვარი შუამავალია სიკვდილ-სიცოცხლეს შორის. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ მიცვალებულთა სულების გადაყვანა იყო ჰადესში. კადუცეუსი ასკლეპიოსის (ლათინიზებული ვარიანტით – ესკულაპეს) ატრიბუტიცაა (შურეს „დიად ხელდასხმულნში“, რამას ციკლში, სადაც აღწერილია რამას მიერ ჭირის ფითრით განკურნების ეპიზოდი, მოხსენიებულია რამას ერთ-ერთი ზედწოდება «Aesc-beyl-hope», რომელიც ნიშნავს „ხსნის იმედი ტყეში იმალება“. შურეს აზრით, სწორედ ამ სახელიდან შექმნეს ბერძნებმა მოგვიანებით ასკლეპიოსი.)

სიცოცხლის ხისგანაა გამოთლილი ის სვეტიც, რომელიც სოლომონის ტაძრის ლეგენდაში გვხვდება. სოლომონს სურდა ძელი ტაძარში სვეტად გამოეყენებინა (კოსმიური ხის კიდევ ერთი იზოფუნქციური სიმბოლო - სვეტი, საყრდენი, რომელსაც ზეციური სამყარო ეყრდნობა), მაგრამ ვერ შეძლო. ძელი მდინარეზე გადეს და იგი ხიდის (ხე მაინც არ კარგავს თავის საკრალურ ფუნქციას, იგი ჰორიზონტალურ სიბრტყეშიც «ხიდის» მოვალეობას ასრულებს) მოვალეობას ასრულებდა სანამ საბას (შიბას) დედოფალმა არ ნახა და მისგან ჯვარი არ გააკეთებინა. ლეგენდის მიხედვით სწორედ ამ ჯვარზე ევნო იესო ქრისტე.

როგორც ვხედავთ, ბიბლიური სიცოცხლის ხემ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და მან ჯვრის სახე მიიღო. სტრუქტურულად და ქრონოლოგიურადაც იგი წარმოადგენს შუალედურ სიმბოლოს მსოფლიო ხესა და ადამიანს შორის, როგორც ორივე მათგანის გეომეტრიული გამოხატულება.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:00 | შეტყობინება # 20
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თავისთავად ჯვრის სიმბოლო უძველესია. მოგვიანებით იგი სიკვდილ-სიცოცხლის უნივერსალური სიმბოლო ხდება. კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს იმპულსის შემოტანამ და გოლგოთის მისტერიამ გარკვეულწილად შეცვალა ეს არქეტიპი. ის მისტიური აქტი, რომელიც პირველცოდვისას მოხდა (ევასა და ადამის დაშორება საწყისი არქეტიპებისაგან, რომელიც მარადიული სიცოცხლისა და უკვდავებისაგან დაცილებას ნიშნავს) მეორდება, ოღონდ პირიქით. ჯვართან დაკავშირებული ძირითადი მითოლოგემა უკავშირდება ადამიანს და ღმერთკაცს, რომელიც კვდება, რათა ჯვარზე სიკვდილით საუკუნო სიცოცხლე მოიპოვოს. ჯვრის სიმბოლოს ამგვარი ორმაგი ორიენტაცია ხსნის მასთნ დაკავშირებულ კიდევ ერთ არსს - არჩევანის გაკეთების უნარი და უფლება სიკვდილსა და სიცოცხლეს, ბედნიერებასა და უბედურებას, სიხარულსა და მწუხარებას შორის. ამ ნებელობითი არჩევანის დატვირთვა აქვს ქრისტეს ჯვარცმასაც.

„ჯვარზე გაკვრით აღსრულდა უდიდესი მისტერია კაცობრიობის ისტორიაში. მაქსიმალური საკრალური დატვირთვა გააჩნია იმ დროსა და ადგილს სივრცეში, სადაც და როდესაც ხდება მისი აღმართვა. ორი ეპოქის გადაკვეთაზე, ჯვარი - სიცოცხლის ხის სიმბოლო - ერთგვარი შემობრუნების წერტილის, ახალი ეპოქის დასაწყისზე მიგვანიშნებს ადამიანის მიმართებაში ზეციურ სამყაროსთან“.

იახსარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან. სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში. იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები. ზემოთ

კვირია ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:01 | შეტყობინება # 21
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო. ზემოთ

კოპალა ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. კოპალა იახსართან ერთად ებრძვის დევებს და ამარცხებს მათ. მითის ზოგ ვარიანტში კოპალა ერწყმის იახსარს ერთ პერსონაჟად ან მის ორეულად გვევლინება (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა). კოპალას მთავარი სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ. ზემოთ

მამბერი

ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი. თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.

ესევ ძალიან საინტერესოა - საუბარია იმ სოლარულ ნიშნებზე, რომლებზეც ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი სხვა თემებში - ის აშკარად ანატოლიური წარმოშობისაა. ალბათ საუბარი სვასტიკა და ბორჯღალოზე.

ნაწილიანი ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:01 | შეტყობინება # 22
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფშავლების წარმოდგენით ლაშარის ჯვრის მუხა ზეცასთან ოქროს შიბით (ოქროს ჯაჭვი) იყო დაკავშირებული, ანგელოზები ჩამოდიოდნენ და ხის კენწეროზე სხდებოდნენ ხოლმე. ზურაბმა ფშავი რომ ააოხრა, რა თქმა უნდა ამ მუხის მოჭრაც სცადა, (რომ ფშაველებს ხატის ყმობისთვის თავი დაენებებინათ და მისი ყმები გამხდარიყვნენ). მაგრამ ხეს რამდენჯერაც ცული დაარტყეს იმდენჯერ ნაფოტი უკან ეწებებოდა. მაშინ ერთმა ფშაველმა, გვარად აფციაურმა უღალატა თავისიანებს, და ზურაბ ერისთავს უთხრა, რომ ხის ტანზე კატის სისხლი წაესვათ. (ანგელოზები მოშორდებიან და ხესაც ადვილად მოჭრითო), ასე მოჭრეს ხე, მაგრამ ფშავლებმა არ მოითმინეს ეს ამბავი და დაამარცხეს ზურაბი.

რაც შეეხება ქართულ მითოლოგიურ გადმოცემებს, აქაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკრალურ ხესა და მასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენებს. საქართველოს სხვადასხვა მხარეში წმინდა ხედ ითვლებოდა: მუხა, ცაცხვი, ვაზი, ტირიფი, ალვა, იფანი...

წარმართი ქართველები თაყვანს სცემდნენ მუხას. მათი წარმოდგენით, მუხა მოიაზრებოდა როგორც ნაყოფიერების, სიუხვის, ბარაქის, ჯანმრთელობის სიმბოლო. კოტეტიშვილის აზრით, ზოგადად მუხა უკავშირდება ღრუბელთა და ჭექა-ქუხილის ღვთაებას, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში (იტალია, გერმანია, საბერძნეთი) , ვერა ბარდაველიძის აზრით კი – მზის ღვთაებას.

არგონავტების მითში ოქროს საწმისი მუხაზეა ჩამოკიდებული (ამ მხრივ საინტერესო საინტერესო პარარლი ჩნდება ხეთურ მითთან თელიფინუს შესახებ - მოკვდავი და აღორძინებადი ღვთაების - თელიფინუს წინ - ეიას წმინდა ხეს დგავენ, რომელზედაც ცხვრის ტყავს ჰკიდებენ (საკრალურ საწმისს), საწმისი კი ნაყოფიერების, გამრავლების, დღეგრძელობის და ყოველივე სიკეთის სიმბოლოა.). ვ. კოტეტიშვილს მიაჩნია, რომ ეს გარკვეული საკრალური აქტი იყო. «იგივე მნიშვნელობა აქვს დღემდე შემორჩენილ წესს საღვთო მუხებზე (ცაცხვზე, იფანზე) ჯიხვის თუ ირმის რქების მიკვრას, ფერადი ნაჭრების ჩამოკიდებას, ღაზლის ძაფის ჩამოკიდებას.

მუხის კულტის კვალი ჩანს ქართულ ხალხურ სიმღერებში, უძველეს თქმულებებსა და ზღაპრებშიც. მუხა, როგორც უკვე აღვნიშნე, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მომნიჭებელ ძალად იყო მიჩნეული. ეს მოტივი კარგად ჩანს ლექსში „მამლი მუხასა“:

„მუხა წონწილებს, წონწილებს, მამლი მუხასაო, წონწილებს და წაიქცევა, მამლი მუხასაო, მუხისა ნადგომსა ძირსა, მამლი მუხასაო, შიგაც რომ წყალი დგებოდა, მამლი მუხასაო, იქაც რომ თევზი ჩნდებოდა, მამლი მუხასაო, იმასაც ხომ დაჭერა უნდა, მამლი მუხასაო, რითა და რითა შენ, ბიჭო, მამლი მუხასაო, რითა და მოსეს ბადითა, მამლი მუხასაო ...ჩიტი ღობეზე შემოჯდა, მამლი მუხასაო, იძახდა ქიშმიშობასა, მამლი მუხასაო ღმერთმან ყველანი მოგასწროთ, მამლი მუხასაო აღდგომა-ქრისტეშობასა, მამლი მუხასაო“.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:01 | შეტყობინება # 23
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლექსში საინტერესოა თევზის გაჩენის მომენტიც. აქ თევზი შემთხვევით არაა მოხსენიებული. თევზი, ისევე, როგორც მუხა ძველ მითოლოგიაში გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ნაყოფიერების ღვთაების სიმბოლოა (ბევრ სხვა ქვეყნებში თევზი ხელახალი დაბადების სიმბოლოა). შემთხვევითი არ არის მისი კავშირი ქრისტესთანაც. ადრეულ ქრისტიანულ ლიტერატურაში იესო ქრისტე პირდაპირაა მოხსენიებული „თევზად“, ხოლო ქრისტიანები „მეთევზეებად“.. (ქრისტე პეტრეს და ანდრიას ეუბნება `მომყევით მე და ადამიანის მებადურებად გაქცევთ~.) რიტუალური ნაწილის კვინტესენციას წარმოადგენს მისი დასარული, სადაც კრისტალიზებული სახით არის მოცემული ლექსის არსი. გიორგი ჩიტაია, „სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში“ გამოკვეთილად საუბრობს სიცოცხლის ხის ჩანაცვლებაზე ნაყოფიერების მომნიჭებელი ძალით - თევზით.

საქართველოში წმინდა ხეთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებული მუხისა და ცაცხვის თაყვანისცემა იყო - აღნიშნავს ვერა ბარდაველიძე. ქართული გადმოცემა მოვგითხრობს, რომ მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიის ადგილზე ძველად მდგარა უზარმაზარი წმინდა მუხა, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემდა. მეფის გაქრისტიანების შემდეგ მუხა მოუჭრიათ და მის ადგილზე ჯერ ხის, შემდეგ კი ქვის ეკლესია აუშენებიათ.

მარტვილის ეკლესიის დაარსების ლეგენდის მიხედვით, დღევანდელი მარტვილის ეკლესიის ადგილას წმინდა მუხის ხე მდგარა, რომელთანაც პირველშობილი ვაჟები მიჰყავდათ და სწირავ¬დნენ (ამგვარი მსხვერპლთშეწირვის რიტუალზე ლაპარაკობს ესაია: „რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში“ (ესაია 57:5), სადაც ფრეზერის აზრით, აღწერილია მოლოქისადმი ბავშვების მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება, როდესაც, მოკლული ბავშვის სისხლს უსვავდნენ წმინდა მუხას, ან სისხლი რამენაირი ფორმით მიჰქონდათ შესაწირავად). მოგვიანებით ეს სასტიკი რიტუალი ღორების მსხვერპლთ¬შეწირვით შეცვლილა, ხოლო I საუკუნეში, გადმოცემის მიხედვით, ეს ხე ანდრია პირველწოდებულს მოუჭრევინებია და მის ადგილზე მარტვილის სახელით ცნობილი ეკლესია აუშენებიათ.

მუხისა და ცაცხვის თაყვანისცემაზე მეტყველებენ გეოგრაფიული ტერმინებიც. ამ მხრივ აღსანიშნავია «რკონი» და «ჭყონდიდი». ეს უკანასკნელი მეგრულად «დიდი მუხის სალოცავს ნიშნავს». რკონის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად ცაცხვის ხეა, რომელიც წმინდა ხედ ითვლება (ხო იყავით წასულები ცოტა ხნის წინ). მაგრამ სახელწოდება «რკონი» მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ ცაცხვზე ადრე მუხის თაყვანისცემა უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

მუხასთან ერთად დიდ თაყვანს სცემდნენ ცაცხვს, იმერეთში ცაცხვის შეშად მოჭრა და მისი შეშად ხმარება დიდი ცოდვა ყოფილა. იმ ადგილებში კი, სადაც ეკლესია არ იყო, მის მაგივრობას ცაცხვის ხეები სწევდნენ.

ხელშეუხებელი და შეუვალი იყო ფშავში სამლოცველო ხატების ადგილზე გაშენებული წმინდა ტყეები. სვანეთში კი გვხვდება ასწლოვანი ხეებით დაფარული ადგილები, იქიდან ნაფოტის გამოტანაც კი ღვთის რისხვას იწვევდა, მოავლენდა უჩვეულოდ მსხვილ სეტყვას. სვანეთში ასეთ წმინდა ხეებად ითვლებოდა ფიჭვისა და ნაძვის ხეები, მათთვის შესაწირავიც კი მიჰქონდათ და იქვე ლოცულობდნენ (საკრალურ ხეთა ჩამონათვალში არსად, არც ერთ წყაროში არ შემხვედრია წიფელა. თუმცა, რაჭაში, სოფელ შქმერის ზემოთ მინახავს ასეთი „წმინდა“ ტყე – წიფლის უზარმაზარი ხეებით დაფარული მომცრო გორაკი, რომელსაც იქაურები „ქოლოსს“ (!?) უწოდებენ).

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:01 | შეტყობინება # 24
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბარდაველიძეს მიაჩნია, რომ ხეებთან და ხევნარ-ტყესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული წმ.გიორგისა და ღვთისმშობლის სახელები. ამას ადასტურებდა ქართული გადმოცემები და ლეგენდები. ისინი პირდაპირ მიუთითებენ წმინდა მუხის კავშირს წმინდა გიორგის კულტთან. ერთი გურული ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც XVII ს-ში ლეკებმა გურია დაარბიეს და დაანგრიეს წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, სოფლის მცხოვრებლებმა წმ.გიორგის ხატი მუხაზე იპოვეს და რამდენჯერაც სხვა ადგილზე გადაიტანეს, იმდენჯერ დაუბრუნდა წმინდა ხეს. შემდეგ ხალხმა მოჭრა ხე და მის ადგილზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო.

მარადმწვანე ურთხელის კულტი საქართველოს სხვადა¬სხვა კუთხეში არსებობდა. ეს ხე თითქმის ყველგან გვხვდება სხვადასხვა სახელწოდებებით. სამეგრელოში არსებობდა დღესასწაული - ურთხაობა, რომელიც გაზაფხულზე ტარდებოდა. რიტუალის შესასრულებლად მაღალ ურთხელს ირჩევდნენ, ხესთან შესაწირავით მიდიოდნენ და ლოცულობდნენ. ლოცვაში «წმინდა ხედ» მოიხსენიებოდნენ და შესთხოვდნენ საქონლის გამრავლებას, უხვ მოსავალს, ბედნიერებას, ავი თვალისაგან დაცვას. თავისთავად, საკმაოდ საინტერესოა ურთხაობის რიტუალი (ისევე როგორც სხვა რიტუალები ჩემთვის), თუმცა ამ რიტუალების ცალ–ცალკე აღწერა ბევრ დროსა და ადგილს მოითხოვს. თუ დაგაინტერესებთ ვინმეს, მიგითითებთ მერე წყაროებს. ერთზე შევჩერდები მარტო. სამეგრელოში ურთხელს შვილების გამრავლებასა და გამარჯვებას შესთხოვდნენ. ამ რიტუალს ოჯახის დედა ასრულებს. ხესთან მოჰქონდათ მჭადის ფქვილისა და ღერღილისაგან გამომცხავარი კვერები, რასაც ურთხელის წიწვს ურევდნენ, კვერებს აცხობდნენ როგორც შვილების, ისე ხის სახელზეც და ლოცულობდნენ. თუ ბავშვი თან არ ახლდა დედას, მაშინ მას ურთხელის ტოტი სახლში მოჰქონდა და ავადმყოფი ბავშვის ოთახის კარზე დაამაგრებდა. ერთი კვირის შემდეგ კი ადრიანად მივიდოდა ხესთან და კვლავ შესთხოვდა ხეს ბავშვის ჯანმრთელობას. ლოცვით ხეს დაჩოქილი შემოუვლიდა. შემდეგ ნახშირიანი ხელით ხეს ჯვარს დაუსვამდა და შუბლს მაგრად მიადებდა, რომ ჯვრის გამოსახულება გადასვლოდა, სახლში დაბრუნებული კი ბავშვს მიადებდა შუბლს მაგრად, რომ ჯვრის გამოსახულება აღბეჭდილიყო.

ურთხელის კულტის ნაკვალევი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ეთნო¬გრაფიულ ყოფაშიც ვლინდება. ურთხელი წმინდა ხედ იყო მიჩნეული ფშავში. მისი ხელის ხლება და მოჭრა სასტიკად იკრძალებოდა. მას სალოცავთან ახლოს რგავდნენ. ის დაკავშირებული იყო მიცვალებულის კულტთანაც. ფშავში გავრცელებული წეს-ჩვეულების თანახმად, თუ ვინმე უგზო-უკვლოდ იკარგებოდა, მის სახელზე მოჭრიდნენ მის სიმაღლე ურთხელს და რიტუალის გათვალისწინებით და ყველა წესის დაცვით დაკრძალავდნენ.

კოსმიური ხის გამოვლინება ჩანს ქართულ ორნამენტშიც. ამ მხრივ აღსანიშნავია «სიცოცხლის ხის» მოტივის არსებობა ლაზური ტიპის სახლის შემკულობაში, რომელიც შეისწავლა გიორგი ჩიტაიამ. ეს მოტივი ხშირად გვხვდება ლაზურ ორნამენტში, როგორც ბუხრის შემკულობის ხის ნაწილებში, ასევე ბუხრის კამარებზე. მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სიცოცხლის ხის მოტივი წარმოდგენილია სწორედ ოდაში და არა სხვაგან. ოდის აუცილებელ ატრიბუტს ბუხარი შეადგენდა, რომელიც საოჯახო კულტის ცენტრს წარმოადგენდა და ისევე როგორც კერია, წმინდა ადგილად ითვლებოდა. მკვლევარი სიცოცხლის ხის მოტივს უკავშირებს არა მარტო ცეცხლსა და კერას, არამედ მიცვალებულის (წინაპრის) კულტსაც. ისე, ცნობისათვის, ძალიან საინტერესო წიგნია. აღარა მაქვს, თორემ არ დაგზარდებოდით და დავასკანერებდი რაღაცეებს.

ჩვენს მიერ განხილულ მაგალითებში საკრალური ხე უკავშირდება რა ერთის მხრივ ცეცხლსა და კერიის კულტს, მეორეს მხრივ მიცვალებულთა კულტს. ის წარმოადგენდა ამაღორძინებელ, გამანაყოფიერებელ და მაცოცხლებელ ძალას.

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ სიცოცხლის ხის ეს სიუჟეტი მრავლად მოიპოვება საფლავის ქვებზეც. იმერეთსა და ქართლში, ჩიტაიას აზრით, ის უშუალოდ დაკავშირებულია მიცვალებულის კულტთან. მის არსებობა მიცვალებულთა კულტში გამართლებულია შემდეგი შეხედულებებით - საიქიოს სააქაოდ გაგრძელებად წარმოდგენა.

ძალიან საინტერესო მოტივები ვნახე წელს თუშეთშიც. ძველ ომოლში, ერთ–ერთ კოშკში მუზეუმი გაუხსნიათ, სადაც, ძველი საფლავის ქვებზე ნაპოვნი სიუჟეტების ასლები შეგიძლიათ ნახოთ. მართალია ამ ასლების გვერდით უცნაურ რაღაცეებსაც წააწყდებით (მაგ. ერთმანეთის ქვეშ ლამაზი კალიგრაფიით მიწერილი რომელიღაც ხვთისშვილის გამონათქვამი, იუნგის ციტატა არქეტიპების შესახებ და ნაწყვეტი შტაინერის რომელიღაც წიგნიდან), მაგრამ ეგ არაფერი - მოტივები მართლა საინტერესოა და არც ის ვიცი ჩართულია თუ არა უკვე რომელიმე გამოცემაში.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:01 | შეტყობინება # 25
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
აბაკელია საკრალური ხის სიმბოლოებს საქართველოში სტატიკურ და მობილურ სიმბოლოებად აჯგუფებს. [ნ.აბაკელია, „მითი და რიტუალი ქართულ კულტურაში“]

სტატიკურ სიმბოლოთა რიცხვს მიეკუთვნება დედაბოძი, რომელიც საცხოვრებელისათვის (თავის მხრივ, საცხოვრებელი თავისი კამარითა და კერიით, მიკროკოსმოსს ეთანადება) საყრდენს წარმოადგენს და მსოფლიო ხის ფუნქციას ასრულებს. დედაბოძთან, კერიასთან სრულდება საკრალური ხის სიმბოლიკასთან დაკავშირებული მრავალი რიტუალი, საახალწლო, საქორწილო და ა.შ., რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა. დედაბოძი ასევე მარადიულობის სიმბოლოცაა.

„ჟინი ორთას“ რიტუალში მკაფიოდაა გამოხატული მსოფლიო ხისა და მასზე ჩამოკიდებული შეწირული ფრინველის სიმბოლიკა. რიტუალი ზაფხულში ტარდებოდა: ოჯახის უფროსი (მამაკაცი) საიდუმლოდ ასრულებდა ლოცვას ტყეში, ხეების ქვეშ. რიტუალისათვის მას სახლიდან მიჰქონდა დანა, შეშა, წყალი, ცეცხლი, ორი მჭადის კვერი და ერთი მამალი. მამალს ტყავს აძრობდა (ბუმბულიანად და ფრთებიანად) და ჰკიდებდა ხის წვერზე. ლოცვის დასრულების შემდეგ, მამაკაცი უხმობდა თავის ვაჟიშვილებს. ისინი ერთად წვავდნენ და შეექცეოდნენ სამსხვერპლო მამალს. თუ ერთი წლის მანძილზე მეხი მოკლავდა ცხოველს, ეს „ჟინი ორთას“ რისხვას მიეწერებოდა.

საკრალური ხის სიმბოლო ნათლად ჩანს ლეჩხუმში დადასტურებულ რიტუალში „ბატონების მისართმევი ხის ტოტის“ სახით, რომელიც წარმოადგენდა აყვავებულ ხის ტოტს, მორთულს სხვადასხვა ფერის ბაფთებით, ხილით, წითელი კვერცხებით, ფრინველების შეღებილი გმოსახულებებით და სხვა. რიტუალს „ხვამლობა“ ეწოდებოდა. ხვამლობა, რომელიც ქრისტიანულ სულთმოფენას ესადაგება, მოძრავი დღესასწაული იყო. ამ დღეს ყველა ასრულებდა ლოცვას, სახლში „დააბრუნებდნენ“ ტაბლას და ნიგვზის ხის ქვეშ გავიდოდნენ. აქ სრულდებოდა „სახვამლობო რიტუალი“. ლოცულობდა ოჯახის უფროსი ქალი, რომელიც აანთებდა ერთ სანთელს, კაკლის ხის ქვეშ მიყვანილ ბავშვებს თავზე სპეციალურად ამ დღისათვის დაკლულ და შემწვარ წიწილას შემოატარებდა და დალოცავდა. სახვამლობო კაკლები ეკუთვნოდა ოჯახს, უბანს, გვარს, სოფელს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ხველა-სახადისათვის იყო შეწირული. [ნ.აბაკელია, „კოსმოლოგიური სიმბოლოები დასავლეთ საქართველოში“]

სიცოცხლის ხის ვარიანტის მობილურ სიმბოლოს წარმოადგენს საქორწილო რიტუალებში ფართოდ გავრცელებული «მაშხალა» ან «ჩირაღდანი» (მრავალტოტიანი ხის ფორმის საგანი, რომელზედაც ჩამოკიდებულია ხილი, ჩურჩხელები, ყვავილები, პურის ცომისაგან გამომცხვარი ადამიანის და ცხოველების ფიგურები, მთლიანად მოხარშული ქათამი, რომელსაც თავზე ბუმბულს უტოვებდნენ), „ჯვრის პური“ (ზოომორფული ფიგურებით შემკული გამომცხვარი პური, რომელსაც მექორწილეებს მიართმევდნენ.). ი. სურგულაძე ერთმანეთს უკავშირებს ჩირაღდანის თავზე ბუმბულშერჩენილი ქათმის ჩამოკიდების წესსა და ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვის ჩამოკიდების ტრადიციას. მისი აზრით, ორივე შემთხვევაში რიტუალურმა საგანმა და მოქმედებამ შეინახა მათში დაცული ღვთაებრივი ხის სახე, რომელზედაც მითიური ფრინველები ბუდობენ.

ჩიჩილაკში, ისევე როგორც სიცოცხლის ხის სიმბოლოში, საინტერესოა ორი ყვინჩილას გამოსახულება. რელიგიის ისტორიიდან ცნობილია მაგალითები, როდესაც საკრალურ ხეზე ჰკიდებენ არა მარტო შეწირულ ფრინველს, არამედ ზოგადად სამსხვერპლო ცხოველის ტყავსაც (ზემოხსენებული თელიფინუს მითი, არგონავტების მითი).

სიცოცხლის ხესთანაა დაკავშირებული ქართველ მთიელთა დროშები. თ.ოჩიაურის მიხედვით, სამკადრეო ჯვართან სალაპარაკო სპეციალური ტერმინოლოგიით დროშას „ალვის ტანი“ ეწოდებოდა, რაც ნათლად მიუთითებს ამ საკრალური საგნის კავშირს ღვთაებათა კარზე ამოსულ ან ღვთაებათა საბრძანისის მითიურ ხესთან. წმინდა ხეებს უკავშირებს საკულტო დროშებს ვერა ბარდაველიძეც.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 20:02 | შეტყობინება # 26
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დროშა მთიელთა სლოცავებში მთავარ საკულტო შენობაში „დარბაზში“ ან „ბეღელში“ იყო დასვენებული. არსებობდა აგრეთვე სპეციალური ნაგებობა „დროშათა საბრძანისი კოშკი“, სადაც დროშა დაშლილ მდგომარეობაში ინახებოდა და მასთან მისვლა ყველას არ შეეძლო. თვითონ ხევისბერსაც განწმენდის (წმინდაობის) შემდეგ შეეძლო ამა თუ იმ დღეობისთვის „აეწყო“ დროშა, რომელიც შედგებოდა ხის ტარის, ლითონის ბუნიკის, ფერადი სამკადროებისა და ზანზალაკებისაგან. აწყობილი დროშის გატანა უკვე შესაძლებელი ხდებოდა და ის ადგილი, სადაც მას ხევისბერი დაჰკრავდა ნაკურთხად ითვლებოდა და იქ შესაძლებელი ხდებოდა რიტუალის ჩატარება. ფშავ-ხევსურთა დროშები ქალურ საწყისთან იყო დაკავშირებული.

„დროშა მართალია, ხელში მამაკაცს უჭირავს, მაგრამ ქალური წარმომავლობის საგნებითაა აგებული. მის შექმნაში ქალის ხელი მონაწილეობს. დროშას ებმის ქალთაგან შენაწირი - ბეჭედი, ყელსაბამი, შიბი, და რაც მთავარია, საკადრისები (სამკადროები, იგივე მანდილი). მანდილი დროშის ძირითადი ელემენტია და იგი გვხვდება დროშაზე ჯვარის ნიშნად და ქალზე პატივის ნიშნად». ფშავ-ხევსურთა წარმოდგენებში დროშა ხალხის წინამძღოლი, გაფანტული საყმოს შემკრები და მის გამაერთიანებელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქალები საკადრისებს წმინდა ადგილზე მდგარ ხეებზეც აბნევდნენ, რომელიც უზარმაზარ უძრავ დროშად წარმოგვიდგება. აღსანიშნავია, რომ ქსნის ხეობაში შესამოსელს (თავშალს, ყელსახვევს, რომლითაც ქალები ხატის ტერიტორიაზე მდგარ ხეებს ამკობდნენ) „დროშას“ უწოდებდნენ. [ზ. კიკნაძე, «ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა»]

ასევე ღვთაების სამყოფელს წარმოადგენს ლაშარის მუხა. „ლაშარის ბერმუხა არა მარტო ღვთაების სადგომად გვევლინება, არამედ სიცოცხლის ხის მოტივსაც უკავშირდება“,- აღნიშნავს თინა ოჩიაური. მთაზე დგას მუხა, მუხაზე კიბეა შედგმული, კიბის თავში ღვთისშვილია, რომელიც შიბით, საკიდით არის გამობმული ცას. ღვთისშვილი ამ გზით მიდის საყმოს მიერ შეწირული ძღვენით მორიგე ღმერთთან. მას თან მიაქვს „შემონაზენი“, ლოცვა-ვედრება, სასოება თუ საკმევლად სუბლიმირებული საკლავის სისხლი. ღვთისშვილი შუამავალია ცასა და მიწას შორის, ის არის ის შიბი, რომელიც სამყაროს და მორიგე ღმერთს ერთმანეთს უკავშირებს. ,,ბებერსა ლაშარის ჯვარსა ხმელ გორზედ ედგა ბერმუხა წვერს ება შიბი ოქროსი ზეცას ავიდის კიბითა სულძაღლმა ერისთვიშვილმა ამოუბრუნა ძირითა»

ხატისა და ბერმუხის უვნებლობა მთელი ტომისა და ერის ბედნიერებას ნიშნავდა. ხოლო მუხის მოჭრა და შიბის ცაში აკეცვა უბედურების მომასწავებელი იყო.

როგორც ანდრეზები გადმოგვცემენ, მთაში საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა შესაძლებელი გამხდარა მას შემდეგ, რაც ღვთისშვილებს ჯვრის სახელით ბრძოლა გაუმართავთ ადგილობრივ დევ-კერპებთან და ღვთის შეწევნით, ერთიანად გაუწყვეტიათ ისინი. (ალ.ოჩიაური). სწორედ მას შემდეგ, რაც წმ.გიორგის დევ-კერპთაგან გაუწმინდავს ქვეყანა, მნიშვნელოვანი სასწაულს უჩენია თავი: „გიორგის გადმონავალზე ხე ალვად ამოსულიყო“.

ჯვრით დევ-კერპებზე გამარჯვებისას ცისა და მიწის შემაერთებელი ხის აღმოცენებას უნდა მოესწავებინა სამყაროული წესრიგის აღდგენა, ღვთისშვილთა მიერ განწმენდილ-განახლებული წუთისოფლის ღვთიურ საწყისთან შეკავშირება, ანუ რელიგიის დასაბამი. ალვის ხე საყმოს არსებობისა და ძლიერების ბურჯია. სანამ ის დგას, ცისა და მიწის, ღვთისა და საყმოს კავშირი უწყვეტია. მისი მოჭრა და ოქროს შიბის** ცაში აკეცვა ზეციურ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტას, კოსმიური წესრიგის დარღვევას ნიშნავს. „ლაშარის მუხისა და ხმალას ალვის ხის ანდრეზები ტრაგიკულმა სულისკვეთებამ შექმნა. ღვთისშვილი მისტირის წარსულს, როცა მუხა იყო ოქროს შიბიც და საყმოს შესაწირავიც მისდიოდა მორიგე ღმერთს, ანუ იყო კავშირი, რელიგია - შიბი, მაგამ შიბი გაწყდა“. [ზ.კიკნაძე „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა“]

«ალვის ხე გადააქციეს, ძირ არ გაწირეს წვერია, შიბ გაწყდა ცისკენ წავიდა, წიოდა, როგორც გველია

და დედამიწის ამ ადგილზე გაწყდა ცისა და მიწის კავშირი - რელიგია. შიბი, როგორც ჯვარჩენის ნიშანი, რელიგიის სიმბოლოა. მისი გაწყვეტა და ცაში აკეცვა ცისა და მიწის კავშირის, რელიგიის გაწყვეტას მოასწავებს. „სიტყვა რელიგია - კავშირის აღდგენა, ისევე როგორც ებრაული ბერით (კავშირი, რომელსაც თარგმნიან აღთქმად) ეტიმოლოგიურად ხომ იმასვე ნიშნავს, რა ფუნქციაც შიბს აკისრია“.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ქართული მითოლოგია
გვერდი 2 დან«12
ძებნა:

ჰოსტერი uCoz