შაბათი, 25.11.2017, 10:31
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 2 დან«12
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:07 | შეტყობინება # 16
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მუხლი 76

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

2. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი არ არის გამოიყენოს 73.1-ი მუხლის "გ" და "ი" პუნქტებით და 74.1-ი მუხლებით გათვალისწინებული უფლებები.

3. პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი.

მუხლი 77

1. აღმასრულებელი ხელისუფლების განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტი ფიცის მიღების შემდეგ იღებს მთავრობის ძველი შემადგენლობის მიერ უფლებამოსილებათა მოხსნას და შეუძლია მასვე დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე. ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი ვალდებულია ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და წარუდგინოს პარლამენტს. შესაბამის კომიტეტებში განხილვის შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს მას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. მთავრობის იმ წევრის საკითხს, რომლის მიმართ პარლამენტმა მიიღო აცილება, ან რომელიც ვერ დამტკიცდა, წყვეტს პრეზიდენტი. ის უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს ორჯერ. მეორედ წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით.

3. მინისტრის განთავისუფლების შემთხვევაში მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ორი კვირის ვადაში.

მუხლი 78

1. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი.

2. აკრძალულია სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროებისა და პოლიციის უწყებათა შერწყმა ან სხვაგვარი გაერთიანება.

მუხლი 79

1.მთავრობის წევრები პასუხისმგებელი არიან საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. მთავრობის წევრები უფლებამოსილებას იხსნიან პრეზიდენტის წინაშე.

მუხლი 80

1. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობიდან.

2. მთავრობის წევრი უფლებამოსილია თანამდებობიდან გადადგეს კანონით განსაზღვრული წესით.

3. მთავრობის წევრის თანამდებობიდან განთავისუფლება შესაძლებელია პრეზიდენტის ბრძანებულებით ან პარლამენტის მიერ 64-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

მუხლი 81

1. სამინისტროები იქმნება კანონის საფუძველზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.

2. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.

3. მთავრობის შემადგენლობაშია სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობს კანცელარიას და პრეზიდენტის რწმუნებით ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:08 | შეტყობინება # 17
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თავი მეხუთე

სასამართლო ხელისუფლება

მუხლი 82

1. სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით.

2. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

3. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

მუხლი 83

1. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და ორგანული კანონით.

2. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. მათი სისტემა და სამართალწარმოების წესი დადგენილია კანონით.

3. სამხედრო სასამართლოსშემოღება შეიძლება საომარ პირობებში და მხოლოდ საერთო სასამართლოს სისტემაში.

4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

მუხლი 84

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე განთავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

4. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

5. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

მუხლი 85

1. სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.

2. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწიფო ენას, უზრუნველყოფილია სახელმწიფო ენის შესწავლისა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

3. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:09 | შეტყობინება # 18
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მუხლი 86

1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება.

2. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით.

3. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმია ნობაში.

მუხლი 87

1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

მუხლი 88

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისაგან - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისაგან. სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების შერჩევის, დანიშვნისა და არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების და სასამართლოს საქმიანობის სხვა საკითხები განისაზღვრება კანონით.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:09 | შეტყობინება # 19
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მუხლი 89

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, სახალხო დამცველის და მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით: ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან კანონის და პრეზიდენტის, აფხაზეთის, აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე; ბ) იხილავს დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ; გ) იხილავს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხებს; დ) იხილავს რეფერენდუმებისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებულ დავას; ე) იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხს; ვ) მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით; ზ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

მუხლი 90

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება, ორგანიზაცია, საქმიანობისა და უზენაესი სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება კანონით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები ხელშეუხებელი არიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მათი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

მუხლი 91

1. საქართველოს პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, ზედამხედველობას მოკვლევის დაწესებულებებზე, სასჯელის მოხდაზე, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

2. საქართველოს პროკურატურა ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა. გენერალურ პროკურორს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით. ქვემდგომ პროკურორებს ნიშნავს გენერალური პროკურორი.

3. პროკურატურის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისა ზღვრება ორგანული კანონით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:10 | შეტყობინება # 20
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თავი მეექვსე

სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი

მუხლი 92

1. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად ნიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს,რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 93

1. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი პარლამენტს წარუდგინოს ბიუჯეტის პროექტი.

2. პრეზიდენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს არა უგვიანეს სამი თვისა საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად პრეზიდენტი წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

3. პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა. პრეზიდენტს მხოლოდ იმ პირობით შეუძლია მოსთხოვოს პარლამენტს დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

4. თუ პარლამენტმა ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოახერხა ბიუჯეტის მიღება, სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.

მუხლი 94

1. სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

2. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

3. გადასახადებისაგან განთავისუფლება, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინიდან ხარჯის გაღება დასაშვებია მხოლოდ კანონით.

მუხლი 95

1. საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი შეიმუშავებს და ახორციელებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.

3. ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.

4. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით.

5. ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება კანონით. ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:10 | შეტყობინება # 21
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მუხლი 96

1. საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 64-ე მუხლის შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს მას თავისი საქმიანობის ანგარიშს.

მუხლი 97

1. სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს საქართველოს კონტროლის პალატა. იგი უფლებამოსილია აგრეთვე შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები.

2. კონტროლის პალატა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნიშნავს პარლამენტი. მისი თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 64-ე მუხლის შესაბამისად.

3. წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, კონტროლის პალატა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ - თავისი საქმიანობის ანგარიშს.

4. კონტროლის პალატის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება კანონით.

5. სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება კანონის შესაბამისად.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:11 | შეტყობინება # 22
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თავი მეშვიდე

სახელმწიფოს თავდაცვა

მუხლი 98

1. საქართველოს სუვერენული უფლებაა აწარმოოს თავდაცვითი ომი.

2. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები.

3. სამხედრო ძალების სახეობები და შემადგენლობა განისაზღვრება კანონით. სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რაოდენობას კი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით - პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

მუხლი 99

1. სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

მუხლი 100

1. საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სამხედრო ძალთა გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად.

2. სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის თანხმობის შემდეგ.

მუხლი 101

1. საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა.

2. ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:12 | შეტყობინება # 23
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თავი მერვე

კონსტიტუციის გადასინჯვა

მუხლი 102

1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:

ა) პრეზიდენტს;

ბ) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს;

გ) არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი.

4. კონსტიტუციის 68-ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 103

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის შეჩერებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:13 | შეტყობინება # 24
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თავი მეცხრე

გარდამავალი დებულებები

მუხლი 104

1. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში შედის საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

2. კონსტიტუციის 49-ე, 50-ე და 70-ე მუხლები ძალაში შედის კონსტიტუციის გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 105

1. 1995 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის ინიციატივა დადასტურებულია 50000 ხელმოწერით მაინც, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღისათვის.

2. პროპორციული სისტემით არჩევნები ტარდება ერთიანი პარტიული სიით.

3. პოლიტიკურ გაერთიანებას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს დეპუტატობის ის კანდიდატიც, რომელიც იმავდროულად მის პარტიულ სიაშია.

4. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ კენჭისყრის მონაწილეთა არანაკლებ ერთი მესამედისა.

5. თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკეთესი შედეგის მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს.

6. ეს მუხლი ძალაში შედის კონსტიტუციის გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე.

მუხლი 106

1. კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

2. კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფენ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციას, კონსტიტუციასთან და კანონებთან მათ შესაბამისობას.

3. კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანული კანონები, ან დაადასტუროს ამ სფეროში არსებული ნორმატიული აქტების მართლზომიერება.

მუხლი 107

1. კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა.

2. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაში შევა შესაბამისი სისხლის სამართლის საპროცესო საკანონმდებლო აქტების მიღების შემდეგ.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი მიღებულ უნდა იქნეს 1996 წლის 1 თებერვლამდე.

მუხლი 108

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულ აღდგენასთან დაკავშირებით კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტში სათანადო ცვლილებებისა თუ დამატებე ბის შეტანა გამონაკლისის წესით დასაშვებია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნების გარეშე.

მუხლი 109

1. შესაბამისი წესით მიღებულ კონსტიტუციას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.

2. საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები ხელს აწერენ კონსტიტუციის ტექსტს. კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში ტექსტი ღიად უნდა ინახებოდეს საქართველოს ყველა ადგილობრივი ორგანოს შენობაში, რათა მოსახლეობა გაეცნოს მის შინაარსს.

მ ი ღ ე ბ უ ლ ი ა 1995 წლის 24 აგვისტოს smile


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს კონსტიტუცია
გვერდი 2 დან«12
ძებნა:

ჰოსტერი uCoz