შაბათი, 21.10.2017, 16:50
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
საზოგადოება [0]
საქართველო [2]
ხელოვნება [1]
მეცნიერება [0]
გეოგრაფია [5]
ეკონომიკა [0]
რელიგია [1]
ისტორია [5]
ტექნიკა [1]
სპორტი [1]
პოპულარული თემები
  • Job for seaman from Turkish shipowners (0)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (6)
  • დასაქმების პრობლემა (8)
  • ვაკანსიები (23)
  • იცინოდა ბევრი :) (0)
  • ვეძებ სამუშაოს... (12)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (9)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (10)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (36)
  •  სტატიების კატალოგი
    მთავარი » სტატიები » გეოგრაფია

    ბათუმი

    ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი (2002 წ.).

    ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

    ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

    ქალაქის სახელი „ბათუმი" მოდის ბერძნული სიტყვიდან - „ბათუსი" (Bathus), რაც ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს. ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის IV ს-ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ მომდევნო ხანის რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე.

    ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს "თამარის ციხეს" უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.

    ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი ქართლს შეუერთა.

    ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII საუკუნის დასასრულს - XIV საუკუნის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს - ბედიანებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელოა. 1547 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1564 წელს როსტომ გურიელმა დაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა.

    1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. ბერლინის ტრაქტატით (1878) ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

    1878 - 1886 წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883) და ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897 - 1907) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ კასპიის ზღვის ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში.

    ცარიზმი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ახორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. საპასუხოდ აქ წარმოიქმნა ეროვნული მოძრაობის ძლიერი კერა, რომელსაც მესვეურობდნენ ი. მესხი, ვ. ასათიანი, მ. და ჰ. აბაშიძეები, გ. კაიკაციშვილი, დ. კლდიაშვილი და სხვები. ქართველი მოღვაწეები რუს შოვინისტ მოხელეებს და თურქ ანექსიონისტებს ეწინააღმდეგებოდნენ. ქართული სულისკვეთბის აღორძინებაში დიდ როლს თამაშობდა ბათუმის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.


    1828 წელს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე (ძველად აკამფსისის), რომელიც შეერთვის შავ ზღვას ბათუმის იქით, დასავლეთით. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან, რომელიც შეედინება ზღვას ბათუმის აქეთ, ჩრდილო-დასავლეთით. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა, და ამ შეცდომის შედეგად ბათუმი ოსმალეთს შერჩა

    XX საუკუნის დამდეგს ბათუმის ნავთობის საწარმოებში შეიქმნა მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური ხასიათის აქციებს აწყობდნენ. 1905 წლის ივლისში ბათუმის მუშები ჩაებნენ სამხრეთ რუსეთის საყოველთაო გაფიცვაში. 30 ნოემბერს მოხდა მუშათა შეიარაღებული აჯანყება, რომელსაც მხარი დაუჭირეს გურიის და ქვემო აჭარის შეიარაღებულმა "წითელმა ასეულებმა", თუმცა რეაქციის წლებში ცარიზმმა ბათუმში რეპრესიები გააძლიერა.

    I მსოფლიო ომის (1914 - 1918) დროს თურქეთის სარდლობის ცდა, ხელთ ეგდო ბათუმი, ჩაიშალა. ბრესტის ზავის (1918) თანახმად, ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის თანხმობის გარეშე, ბათუმი და სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთს მიეკუთვნა. 1918 წლის აპრილში თურქებმა ბათუმში თავიანთი ჯარები შემოიყვანეს. I მსოფლიო ომში გერმანია-თურქეთის ბლოკის დამარცხების შემდეგ, მუდროსის დაზავების (1918) თანახმად, ბათუმში ინგლისელთა ჯარები შემოვიდნენ. ინგლისმა აქ შექმნა თავისი საგუბერნატორო. ამ დროს ბათუმის დაპატრონებას ცდილობდა, ერთი მხრივ, გენერალი ა. დენუკინი, მეორე მხრივ - პანთუქრისტული წრეების წარმომადგენელი სერვერ-ბეგ ათაბაგი, რომელიც ე. წ. "ყარსის მთავრობას" მესვეურობდა.

    ბათუმ-აჭარის მუსლიმანი ქართველობა წინ აღუდგა თეთრგვარდიელებისა და ოსმალო დამპყრობლების მცდელობას. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში შეიკრიბა მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლობა, რომელმაც შეიმუშავა მიმართვა საქართველოს დამფუძნებული კრებისა და პარიზის საზავო კონფერენციისადმი. ამ მიმართვაში ბათუმი, ისევე, როგორც მთელი აჭარა, აღიარებული იყო საქართველოს ნაწილად ავტონომიური მმართველობის უფლებით. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 25 დეკემბერს აჭარის ოლქი ბათუმითურთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა, რაც აღიარებულია რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებითაც.

    1920 წლის 4 ივლისს ბათუმიდან ინგლისის ჯარი გავიდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, თურქეთმა კვლავ სცადა ბათუმის აღება, მაგრამ გენერალ გ. მაზნიაშვილის ჯარებმა თურქებს ქალაქი დაატოვებინა. 1921 წლის 19 მარტს ბათუმი საბჭოთა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

    ბათუმის მოსახლეობა და მოწინავე საზოგადოება არ შერიგებია კომუნისტურ რეჟიმს. აქაური ინტელიგენცია აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებაში, რისთვისაც მწვავე რეპრესიები განიცადა.

    საბჭოთა რეჟიმი ანგარიშს არ უწევდა ბათუმ-აჭარის ისტორიული ცხოვრების თავისებურებას. ფორსირებულად მიმდინარეობდა ბრძოლა ისლამური რელიგიის წინააღმდეგ, ადგილობრივი ტრადიციების (ჩადრი და სხვა) დასაძლევად, რაც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ინდუსტრიალიზაციისა და საყოველთაო კოლექტივიზაციის წლებში საბჭოთა ხელისუფლება აჭარაში იძულებით ღონისძიებებს ახორციელებდა. ყოველივე ამის გამო 1928 წელს აჭარის მოსახლეობა აჯანყდა. 1937 - 1938 წლებში საბჭოთა ხელმძღვანელობამ ბათუმში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უმკაცრესი რეპრესიები განახორციელა ე. წ. "ხალხის მტრების" წინააღმდეგ, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

    კატეგორია: გეოგრაფია | დაამატა: SEAMAN (13.07.2010) | ავტორი: ბათუმი
    ნანახია: 803 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2017
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz