ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:31
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » დაავადებები და მათი მკურნალობა
დაავადებები და მათი მკურნალობა
ნინთარიღი: შაბათი, 21.08.2010, 15:22 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ყნოსვისა და გემოვნების დარღვევები

ყნოსვა და გემოვნება ადამიანის უმნიშვნელოვანესი შეგრძნებებია, რომლებიც გარემოს აღქმაში უდიდეს როლს ასრულებს. ამიტომაც არის, ასე მწვავედ რომ განვიცდით რომელიმე მათგანის დაკარგვას, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად ამ პათოლოგიებს ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანი არ მოაქვთ. როდის უქვეითდება ადამიანს ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება და რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი სრული გაქრობა.
ცხვირით ყველაზე სწორად სუნთქვის პირობებშიც კი ადამიანები არომატებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ - გააჩნია სქესს, ასაკს, პროფესიას და, როგორც მრავალ მეცნიერს მიაჩნია, წელიწადის დროსაც კი. სუნების აღქმას ცვლის ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობაც. მაგალითად, ორსულობისას ქალმა შესაძლოა იმ არომატის აუტანლობა გამოამჟღავნოს, რომელიც მანამდე სიამოვნებდა. ძლიერ უქვეითდებათ ყნოსვისა და გემოვნების ფუნქცია მწეველებსა და მსმელებს. სუნის აღქმას ცვლის ასაკიც. სიბერის კვალობაზე სუსტდება იმ ჯირკვალთა ფუნქციობა, რომლებიც ცხვირის ლორწოს გამოიმუშავებს. ყნოსვითი შეგრძნებები ძლიერდება გაზაფხულზე და ზაფხულში. მზის სხივები დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის - ნერვულ სისტემაზეც, აუმჯობესებს ყნოსვას. არომატთა შეგრძნება ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზეც: შიმშილი ამწვავებს მას, გამოფიტვა ასუსტებს... სუნების აღქმა ირღვევა ცხვირის ლორწოვან გარსზე ქიმიური აგენტების, მტვრის ნაწილაკების ზემოქმედების შედეგად. ყნოსვის მოშლის ერთ-ერთი მიზეზია ალერგიაც. სუნებს კარგად ვერ არჩევენ ადამიანები, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით დარღვეული აქვთ ცხვირით სუნთქვა. უნდა ითქვას, რომ სუნების გარჩევა ადამიანის ერთ-ერთი ინდივიდუალური უნარია, რომლის განვითარება და დახვეწაც შესაძლებელია. გამოცდილი პარფიუმერები და დეგუსტატორები სწორედ ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად იძენენ უნარს, ერთმანეთისგან გაარჩიონ იმაზე გაცილებით მეტი სუნი, ვიდრე სხვა პროფესიათა წარმომადგენლებს ძალუძთ.

ცნობილია ყნოსვის დარღვევის სხვადასხვა ფორმა: ყნოსვის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოსმია, მომატება - ჰიპეროსმია და სრული დაკარგვა - ანოსმია, გაუკუღმართებული ყნოსვა - პაროსმია ან კაკოსმია. პათოლოგია შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილი ანოსმია ყნოსვითი გზების განუვითარებლობის ან უქონლობის შედეგია და, ჩვეულებრივ, სხვა თანდაყოლილი პათოლოგიებიც ახლავს თან. კერძოდ, იგი ხშირად ერწყმის სახის ჩონჩხისა და, საზოგადოდ, ცხვირის განვითარების ანომალიებს. შეძენილი ანოსმია ან ცენტრალური წარმოშობისაა, ან პერიფერიული. ცენტრალური ანოსმია (ზოგჯერ მას ტვინოვანს ან შიდატვინოვანსაც უწოდებენ) ცენტრალური ნერვული სისტემის ისეთი ორგანული დაზიანების შედეგია, როგორიც არის სიმსივნური პროცესი, გაფანტული ენცეფალომიელიტი, ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი ან მკვებავი არტერიების დაზიანება, მათში სისხლის მიმოქცევის მოშლა. თავის ტვინის ქერქული ცენტრების დაზიანებისას პაციენტი აღიქვამს სუნებს, მაგრამ მათი დიფერენცირებისა და ვერიფიცირების უნარი არ გააჩნია. ცენტრალური ანოსმია ქალა-ტვინის ტრავმის (თუნდაც უმნიშვნელოს), მენინგიტის შედეგად ვითარდება. პერიფერიულ ანოსმიაზე საუბრისას განასხვავებენ მის ფუნქციურ, რესპირატორულ, ესენციურ და ასაკობრივ ფორმებს. ფუნქციური ანოსმია უმეტესად გარდამავალია - ვითარდება განსაზღვრული მდგომარეობის, ნევროზის, ისტერიის, გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადების, ალერგიული რინიტის დროს. ასაკობრივი ანოსმია ასაკს უკავშირდება და ცხვირის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმის განლევის შედეგია. ამ შემთხვევაში ანოსმია ვითარდება საკუთრივ ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული სეგმენტის დაზიანების გარეშეც. რესპირატორული ანოსმია ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების შედეგია. ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც ჰაერი ჰაერგამტარ გზებში გავლისას ვერ აღწევს იმ ადგილს, სადაც ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული სეგმენტი მდებარეობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რესპირატორული ჰიპოსმიის დროს არომატული ნაწილაკების შემცველი ჰაერი ცხვირის ღრუს ანატომიური ან პათოლოგიური ცვლილებების (პოლიპები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ანთებითი პროცესები) გამო ან ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ხვდება ყნოსვით ზონაში. ესენციური ანოსმია ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული განყოფილების დაზიანებას უკავშირდება. ის შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითმა პროცესმა, რომელიც ცხვირის ლორწოვანის იმ ნაწილს მოიცავს, სადაც ყნოსვითი რეცეპტორებია განლაგებული, იგი ასევე უკავშირდება ყნოსვითი ეპითელიუმის ჰიპოტროფიასა და ატროფიას, ტრავმას, მათ შორის ქირურგიულ, საყოფაცხოვრებო, ცხვირ-ხახის თერმულ და ქიმიურ დამწვრობებს, ცხვირის ხანგრძლივ ზეწოლას ყნოსვით არეში, სიმსივნურ პროცესებს, ყნოსვის რეცეპტორის ტოქსიკურ დაზიანებას, ინფექციურ დაავადებებსა და მოწამვლას. ასეთ ფორმას იწვევს გრიპი, ატროფიული სურდო, სინუსიტი, მწვავე რესპირატორული დაავადებები.

>>> გაგრძელება ქვემოთ

დამატებულია (21.08.2010, 15:22)
---------------------------------------------
რომელი დაავადებები იწვევს ყნოსვის დარღვევას?

ყნოსვის დარღვევის მიზეზად შესაძლოა იქცეს ცხვირის ღრუში მიმდინარე ყოველგვარი ანთებითი პროცესი - სურდო, გრიპი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ასევე - პოლიპები, სიმსივნეები.
ამ დაავადების დიაგნოსტიკა ხდება ყნოსვის ზონის დათვალიერების საფუძველზე. ფასდება რინოსკოპიული სურათი, ტარდება ყნოსვის ზონის საგულდაგულო გამოკვლევა, მნიშვნელობა ენიჭება მის კონფიგურაციასა და სიგანეს. ყნოსვის დარღვევის რესპირატორული ფორმის დროს მკურნალობა ქირურგიულია და მიზნად ისახავს ცხვირით სუნთქვის აღდგენას. ზოგჯერ საჭიროა პოლიპოტომიის ჩატარება და სხვა ოპერაციები. ესენციური ფორმის დროს ვებრძვით გამომწვევ და ხელშემწყობ ფაქტორებს. აუცილებელია ნევრასთენიის, ვეგეტოსისხლძარღოვანი დისტონიის, ისტერიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობა. ყნოსვის დარღვევისას აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის თავის ტვინში ახალწარმონაქმნი, ამიტომ ყნოსვის დარღვევისას სპეციალისტთან ვიზიტის გადადება დაუშვებელია. ცხვირით სუნთქვის აღდგენისას უმეტესად ყნოსვაც აღდგება. გაცილებით ძნელია ვითარების გამოსწორება ცენტრალური ბუნების ანოსმიის დროს. ამ შემთხვევაში პროგნოზი ძირითადი დაავადების ხარისხსა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

როგორ ავიცილოთ თავიდან ყნოსვის დარღვევა?

ყნოსვის დარღვევათა პროფილაქტიკა ითვალისწინებს ყველა გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილებას. აუცილებელია, დროულად ჩატარდეს ცხვირის ღრუს ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გააუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და აღმოფხვრის ყველა იმ წინააღმდეგობას, რომელიც ხელს უშლის ჰაერის ნორმალურ მოძრაობას.
სურდოს დროს ყნოსვის რამდენიმე დღით დაქვეითება ან გაქრობა საგანგაშო არ არის, - ასეთი დარღვევა რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, - მაგრამ თუ რესპირატორული დაავადების მორჩენის შემდეგ ორ კვირაზე მეტია გასული, ყნოსვა კი მაინც არ აღდგა, ურიგო არ იქნება, ექიმს მიმართოთ. აუცილებელია მტვრიან შენობა-ნაგებობებში მტვრისგან თავის დასაცავი საშუალებების გამოყენება. ამ შემთხვევაში ყნოსვის გაუარესების თავიდან აცილება შესაძლებელია სპეციალური რესპირატორების საშუალებით, შენობის ხშირი განიავებით და ეფექტიანი ვენტილაციით. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ იმ პაციენტებს, რომლებიც დიდხანს იღებენ ჰორმონულ პრეპარატებს და იტარებენ სხივურ და ქიმიოთერაპიას.


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » დაავადებები და მათი მკურნალობა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz