პარასკევი, 15.12.2017, 22:41
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • Job for seaman from Turkish shipowners (0)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (6)
  • დასაქმების პრობლემა (8)
  • ვაკანსიები (23)
  • იცინოდა ბევრი :) (0)
  • ვეძებ სამუშაოს... (12)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (9)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (10)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (36)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » წმიდა სვიმეონ თესალონიკელი - წმინდა საიდუმლოთა შესახებ
    18:19
    წმიდა სვიმეონ თესალონიკელი - წმინდა საიდუმლოთა შესახებ
    რადგან ეძიებთ, ძალისამებრ გეტყვით ქრისტეს მიერ:

    შვიდია ნიჭი სულიწმინდისა, როგორც ამბობს ესაია, და შვიდია ეკლესიის საიდუმლო, რასაც მოქმედებს სულიწმინდა. ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, ხელთდასხმა (ე. ი. მღვდლობა, ე. ჭ.), ქორწინება, სინანული და წმინდა ზეთი (ე. ი. ზეთისკურთხევა, ე. ჭ). მოკლედ გაუწყებ თითოეული მათგანის შესახებ, თუმცა კი საღვთო ლიტურგიის განმარტებისას გაკვრით უკვე ვთქვით მათზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.




    ნათლობის შესახებ:

    ამრიგად, ნათლობა კვლავ გვშობს სულიწმინდით, რადგან წარვწყმიდეთ რა თავდაპირველი უვნებო შობა [1], გავხდით ურჯულოებებში მუცლადღებულნი და, როგორც ფსალმუნებს დავითი, ცოდვებში გვშვა ყოველი ჩვენგანი ჩვენმა დედამ (ფს. 50.2).

    მირონცხების შესახებ:

    მირონცხება შთაგვინერგავს იმ თავდაპირველ ბეჭედს და ხატისებრობას [2], რაც წარვწყმიდეთ ურჩობის მიერ, აგრეთვე - იმ მადლსაც, რაც საღვთო შთაბერვით გვქონდა მიღებული სულში [3]. ამიტომ, მირონცხება ატარებს სულიწმინდის ძალას, გვამდიდრებს მისი კეთილსურნელებით და არის ქრისტეს ნიშნულობა და ბეჭედი.

    საღვთო ზიარების შესახებ:

    ზიარება გვაერთებს თვით უფალთან და ვეზიარებით ჭეშმარიტად მის ხორცსა და სისხლს. რადგან ჭამის შედეგად მოვკვდით და დავშორდით სამოთხესა და ღმერთს, ზიარების მიერ კვლავ ახლად ვიძენთ მარადიულ ცხოვრებას და ხრწნილების უკუმგდებელნი ვუერთდებით მას, უკვდავს, მოკვდავქმნილს ხორცით ჩვენს გამო.

    ხელთდასხმის (=მღვდლობის, ე.ჭ.) შესახებ:

    ხელთდასხმა შემოქმედის ძალისა და უფლებრივობის მიმნიჭებელია. ამიტომ, რადგან არცერთი არსთაგანი არ არსებობს შემოქმედის გარეშე, ხოლო მოვიდა კი იგი, რომ კეთილმყოფობისაკენ წავეყვანეთ ჩვენ, მისი ეს ძალა უკუმიიღო მან ჩვენგან [4] და მოგვიბოძა თავისი მღვდლობის მიერ. ამიტომ, არაფერია წმინდა მღვდლის გარეშე. ამასთან, რადგან უფალმა დასაბამში ხილულთა მთავრებად დაგვადგინა ჩვენ, ამჟამად, უმჯობესი სახით, კვლავ მთავრებად დაგვადგენს იგი მღვდლობის, მიერ. ამიტომ ამბობს დავითიც: „დაადგენ მათ მთავრებად მთელ ქვეყანაზე". რადგან ცის კლიტენი მოგვცა მან ჩვენ.

    ქორწინების შესახებ:

    ქორწინება ღვთის მოწყალების საბოძვარია შვილიერებისათვის, ვიდრე ეს ყოველივე ხრწნადობაში დგას, რამეთუ არ ნებავდა ღმერთს, რომ პირუტყვული, დენადი და შესვრილი შენივთება ყოფილიყო ჩვენში, მაგრამ რადგან ნებსით მოვკვდით, დაგვითმო მან, რომ იმგვარადვე გვემოქმედა მოდგმის მონაცვლეობა, როგორც ეს ცხოველებთანაა (რათა გვცოდნოდა, თუ საღამდე დავედით), და ეს - მანამ, სანამ აღადგენდა და გააუკვდავებდა ჩვენს ბუნებას ის, უხრწნელი, ვინც მოკვდა და აღდგა ჩვენთვის. ამიტომაც აკურთხებს იგი ქორწინებას, რათა კურთხევის გარეშე არ იყოს ჩვენეული სიცოცხლის დასაბამი.

    სინანულის შესახებ:

    სინანული მოქმედებს დაცემულობიდან ჩვენს კვლავ ზეაღმართვას. ამიტომ, რადგან ნათლობის შემდეგ არ არსებობს სხვა უკუაღმოწოდება მომადლებითად და ბოძებითად, ღვაწლთა და შრომათა გარეშე [5], არამედ - მოქცევისა და ცრემლთა მიერ, ცთომილებათა აღმოთქმითა და ბოროტებათაგან განდგომით, ამიტომ არის მოცემული ეს დიდი ძღვენი, რაშიც შეიყვანგბა, აგრეთვე, მონაზონთა სქემა, ვითარცა წინდი სინანულისა.

    წმინდა ზეთის შესახებ:

    წმინდა ზეთიც გადმოცემულია, როგორც სამღვდელო საიდუმლო და საღვთო წყალობის სახე, რაც ებოძებათ ცოდვისგან მოქცეულთ გამოსახსნელად და განსაწმენდად. ამიტომაა, რომ ცოდვათაგან გათავისუფლებასაც გვანიჭებს იგი, უძლურებათაგანაც აღვგმართებს და სიწმინდითაც გვავსებს. ყოველივე ეს გადმოგვცა იესო ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა, და მის მიერ მისმა საღვთო მოწაფეებმა, რადგან ვართ რა ორმაგნი, სულისაგან და სხეულისა, ესეც ორმაგადვე გვებოძა ჩვენ, ისევე როგორც ჭეშმარიტად ორმაგი გახდა იგი ჩვენს გამო [6], იყო რა ჭეშმარიტად ღმერთი და შეირაცხა რა ჭეშმარიტ კაცად, რომ, ერთი მხრივ, სულიწმინდის მადლით გონისეულად განეწმინდა მას ჩვენი სულები, მეორე მხრივ კი გრძნობადთა მიერ, კერძოდ წყლით, ზეთით, პურით, სასმისითა და სხვა დანარჩენთ, რაც განწმენდილია სულიწმინდისგან, - წმინდაეყო ჩვენი სხეულები და მოენიჭებინა მთელსრული [7] ცხონება.



    შენიშვნები

    1. შდრ. τήν πρώτην άπαθη γέννησιν (ლათ. priore a vitio immuni nativitate). იგულისხმება ჰირველმშობელთა თავდაპირველი (ცოდვამდელი) უვნებო და უცოდველი შექმნილობა, ღვთივქმნილობა.

    2. წმინდა მამები ადამიანის თავდაპირველ მდგომარეობას, ჩვეულებრივ, უწოდებენ არა „ხატს" (ει'κών), არამედ „ხატისებრობას" (τό κατ' ει'κόνα). წმ. სვიმეონიც აღნიშნავს, რომ ადამიანმა ცოდვით წარწყმიდა არა ხატი (ει'κών), არამედ ხატისებრობა (τό κατ' ει'κόνα), რასაც კვლავ შთაგვინერგავს მირონცხება (შდრ. καί τό κατ' ει'κόνα έντίθησιν. შდრ, ლათ. თარგ.: et imaginis imponit similitudinem).

    3. იგულისხმება შეს. 2. 7: „და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოველად". ეკლესიის მამათა სწავლებით ამ თავდაპირველი შთაბერვის განახლებაა მაცხოვრისეული შთაბერვა მოწაფეებისადმი, რაზეც გვაუწყებს იოანე მახარებელი: „და ესე ვითარცა თქუა, შთაჰბერა და თქუა: მიიღეთ სულრწმიდაჲ" (ი. 20.22).

    4. იგულისხმება, რომ განკაცებულმა ღმერთმა კაცობრივად მიიღო ხელთდასხმა კაცისგან, იოანე ნათლისმცემლისგან, ისევე როგორც მიიღო მან ხელთდასხმა ანუ ქიროტონია (χειροπονία) სულიწმინდისგან. ამის შესახებ წმ. სვიმეონ თესალონიკელი აღნიშნული შრომის 45-ე თავში შემდეგს გვასწავლის;

    „თავი 45

    რომ მღვდლად და მღვდელთმთავრად იქნა ხელთდასხმული (κεχειροτόνηται) მაცხოვარი სხეულებრივად.

    ხოლო ის, რომ ჩვენს მღვდლად და მღვდელთმთავრად იქნა ხელთდასხმული მაცხოვარი, თვით მანვე გაგვიცხადა ეს, რომელიც არის სიტყვა ღვთისა, ჩვენს გამო ხორცშესხმული, მამისგან დამოწმებული და სულით ხელთდასხმული (καί τω Πνεύματι χειροτονηθείς, შდრ. ლათ. et a Spiritu sancto ordinatus est), როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „აღდგება კვერთხი იესეს ძირისგან და ყვავილი ამოვა ძირისგან და განისვენებს მასზე სული ღვთისა" და შემდგომი. იხილე, თუ როგორ მიიღო მან ეს საკვირველი და უბრწყინვალესი ხელთდახხმა (χειροπονία), რომელიც თუმცა კი არის ბუნებით ღმერთი და აქვს მას ყოვლადძლიერება, ყოვლადქმედითობა და სიწმინდე (რადგან ცხოველი, წმინდა და ყოვლადძლიერი სიტყვაა ღვთისა), მაგრამ მაინც ჩვენს გამო სხეულებრივად ხელთდასხმულ იქნა მამისგან (σωματικος κεχειροτόνηται παρά του Πατρός) და ეს - თვით ნათლობისას პირველად, რადგან ერთდროულად იყო იგი ნათელღებულიც და ხელთშეხებულიც, როგორც ხელთდასხმული (χειροπτούμενος ώς χειροτονούμενος), რაც იოანესგან იყო, რომელმაც ხელი დაადო მას და მიიღო მან სულიწმინდა (καί τό Πνευμα δεχόμενος), მაგრამ განსაკუთრებით ხელთდასხმულ იქნა იგი მამისგან, რაჟამს სულიწმინდა გარდამოვიდა ნაცვლად ხელისა, ხოლო თვით მამამ ეს თქვა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელიც ვისათნოვე". მეორედ უფრო ბრწყინვალე ხელთდასხმა მიიღო მან ფერისცვალების მთაზე, როდესაც ზესთგაბრწყინდა (ύπερέλαμψεν) საღვთო დიდების სინათლით იგი, ჭეშმარიტების მზედ შერაცხილი, ხოლო იმ ნათლიერი ღრუბლის შუაში იქმნა იგი, რაც მოასწავებდა სულიწმინდას, მარადის მასთან მყოფს, და ღრუბლიდან კი მამამ ხორციელადაც განიკუთვნა იგი, რაჟამს ერთდროულად ემოწმა კიდეც მას, ისათნოვა კიდეც იგი და გააცხადა კიდეც მოძღვრად თავისი ცხოველი სიბრძნე, რადგან კვლავ თქვა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელიც ვისათნოვე", და დასძინა: „მისი ისმინეთ". ეს კი მოძღვრებისა არის, რაც თვით ქრისტემაც მისცა მოწაფეებს და უთხრა: „ვინც ისმენს თქვენსას, ჩემსას ისმენს" ხედავ, თუ როგორ იქნა იგი ხელთდასხმული (κεχειροτόνηται, fuit ordinatus) მამის მიერ სულიწმინდაში?" (PG. 155,189-192).

    5. იგულისხმება, რომ ნათლობა ადამიანს ეძლევა როგორგ მადლი და საბოძვარი ანუ საჩუქარი, რაც უჭირველად ანუ ყოველგვარი შრომისა და ღვწის გარეშე ათავისუფლებს ადამიანს ყველა ცოდვისგან (როგორც pირველქმნილიsგან, ასევე პიროვნულისგან), მაშინ როცა ნათლობის შემდეგ ჩადენილი ცოდვები მხოლოდ შრომათა და ღვაწლთა მიერ, ცრემლთაღვრითა და ღრმა სინანულით აღიხოცება.

    6. განკაცებულ ღმერთს საეკლესიო დოგმატიკა უწოდებს „მრჩობლს" ანუ ორმაგს (διπλους), რითაც აღინიშნება მაცხოვრის ორბუნებოვნება.

    7. შდრ. ბერძნ. όλοτέλης რაც კომპოზიტია და ბუკვალურად ნიშნავს „მთელსრულს". რასაც თავისი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს.
    კატეგორია: ლიტურგიკა | ნანახია: 505 | დაამატა: SEAMAN | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2017
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz