კვირა, 28.04.2024, 01:27
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » ახალი აღთქმა
    თავი პირველი

    1. უხუცესი - რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, 2. ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე. 3. მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის - იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით. 4. დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან. 5. ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 6. სიყვარული კი ისაა, რომ მივსდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ.


    7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე. 8. თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური. 9. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც. 10. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. 11. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება. 12. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე ქაღალდითა და მელნით, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გეწვევით და პირისპირ გესაუბრებით, რათა სრულ იყოს ჩვენი სიხარული. 13. მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულნი. ამინ.
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1022 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი პირველი

    1. რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას; 2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ). 3. რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო ქრისტეს. 4. ამას გწერთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. 5. ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი. 6. თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად.

    7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს. 8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. 9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან. 10. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.


    თავი მეორე

    1. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი. 2. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი. 3. იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს. 4. ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში. 5. ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ. 6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი. 7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ. 8. თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს. 9. ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე. 10. ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში. 11. ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი. 12. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი. 13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი. 14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი. 15. ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. 16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის. 17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე. 18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. 19. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი. 20. თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი. 21. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის. 22. ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. 23. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს. 24. ამრიგად, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დე, დარჩეს თქვენში, რადგან თუ ის, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დარჩება თქვენში, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. 25. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, არის საუკუნო სიცოცხლე. 26. თქვენი მაცთუნებლების გამო მოგწერეთ ეს. 27. თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით. 28. ასე რომ, შვილებო, დარჩით მასში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ და არ შევრცხვეთ მის წინაშე, როდესაც მოვა. 29. თუკი იცით, რომ მართალია, ისიც იცოდეთ, რომ მის მიერაა შობილი სიმართლის ყველა მოქმედი.


    თავი მესამე

    1. ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი. 2. საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის. 3. ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა. 4. ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება. 5. თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. 6. არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი. 7. შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი. 8. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი. 9. ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი. 10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. 11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი. 13. ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ. 14. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. 15. ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული. 16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება. 17. ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული? 18. შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით. 19. ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს. 20. რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი. 21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე. 22. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს. 23. მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი. 24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.


    თავი მეოთხე

    1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. 2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. 3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად. 4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად. 5. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ. 6. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას. 7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს. 8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია. 9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ. 10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად. 11. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში. 13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის - ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ. 14. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად. 15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში. 16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში. 17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად. 18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან ში ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1160 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი პირველი

    1. სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, - მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით, 2. მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით. 3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო, 4. რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ. 5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება, 6. შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა,

    7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული. 8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას. 9. ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან. 10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ. 11. ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი. 12. ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას. 13. მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ. 14. რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. 15. ასე რომ, ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას. 16. ვინაიდან თავშესაქცევი იგავებით როდი გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. 17. რადგანაც მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც მისწვდა ესოდენ დიდმშვენიერი დიდების ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე. 18. და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე. 19. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი. 20. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. 21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.


    თავი მეორე

    1. იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს. 2. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. 3. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას. 4. რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად; 5. თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას; 6. თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, 7. ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა, 8. (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), - 9. მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად; 10. უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი. 11. მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე. 12. ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან. 13. ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად. 14. მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა. 15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური. 16. მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე. 17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი. 18. ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ. 19. თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა. 20. რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია. 21. უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. 22. სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.
    თავი მესამე

    1. ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს, 2. რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ. 3. უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი, 4. და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან. 5. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით. 6. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. 7. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი. 8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. 9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად. 10. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი. 11. მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით, 12. რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები? 13. ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე. 14. ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი. 15. ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით. 16. ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი. 17. ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ. 18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1127 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი პირველი

    1. პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ ხიზნებს, 2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ! 3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე. 4. რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის, 5. რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს 6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,


    7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე, 8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ, 9. რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას. 10. სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს. 11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას. 12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს. 13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით. 14. როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს. 15. არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი. 16. ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ". 17. თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა, მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი. 18. რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან, 19. არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით, 20. ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის, 21. რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ. 22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი, 23. როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ. 24. ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც. 25. ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.


    თავი მეორე

    1. მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა. 2. როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის. 3. ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, 4. რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს. 5. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს. 6. რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე". 7. ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური" 8. მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული. 9. ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი. 10. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი. 11. საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ. 12. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს. 13. ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, 14. გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად. 15. ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას. 16. როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები. 17. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს. 18. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც. 19. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს. 20. მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე. 21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს. 22. არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს, 23. ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს; 24. ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ. 25. ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.


    თავი მესამე

    1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე, 2. როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას. 3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი, 4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე. 5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს. 6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. 7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. 8. და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარეაელნი და თავმდაბალნი იყავით. 9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ. 10. რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას; 11. ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას. 12. რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ. 13. ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით? 14. მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით. 15. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას. 16. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში. 17. ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის. 18. რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, 19. რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც, 20. გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას. 21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით, 22. რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.


    თავი მეოთხე

    1. ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს. 2. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი. 3. რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი. 4. ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც. 5. მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1031 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი პირველი

    1. იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ. 2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. 3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; 4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. 5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა. 6. მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.

    7. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან. 8. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე. 9. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით, 10. ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი. 11. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე. 12. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ. 13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. 14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. 15. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს. 16. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმანო. 17. ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი. 18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის. 19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად. 20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს. 21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული. 22. მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად. 23. რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში. 24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი. 25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით. 26. თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა. 27. წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.


    თავი მეორე

    1. ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება. 2. რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით, 3. შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დაჯექიო, 4. განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ? 5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ? 6. თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? 7. განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით? 8. თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი", კარგს შვრებით. 9. მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი. 10. რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, 11. რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ. 12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი. 13. რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია. 14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი? 15. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია, 16. ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის? 17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია. 18. მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე". მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას. 19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. 20. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია? 21. განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა? 22. ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა. 23. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა" და ღვთის მეგობრად იწოდა იგი. 24. როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით. 25. განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ? 26. ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.


    თავი მესამე

    1. ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ. 2. რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი. 3. აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ, და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს. 4. თვით ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მესაჭე, საითაც ნებავს. 5. ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს. 6. ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან. 7. რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით. 8. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი. 9. ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც. 10. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე. 11. განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი? 12. განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი. 13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით. 14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას. 15. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული. 16. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე. 17. ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. 18. სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.


    თავი მეოთხე

    1. საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან? 2. გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ. 3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ. 4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა. 5. იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს". 6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს". 7. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან. 8. მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო. 9. იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად. 10. დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ. 11. ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული. 12. ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც; შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს? 13. ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, 14. მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება, 15. ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, - 16. თქვენი ქედმაღლობის გამო იქადით; მაგრამ ყოველგვარი სიქადული ბოროტებაა. 17. ამიტომ ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1090 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი ოცდამეხუთე

    1. ფესტუსი მოვიდა სამთავროში და სამი დღის შემდეგ კესარიიდან ავიდა იერუსალიმს. 2. მაშინ მღვდელმთავრები და იუდეველი დიდებულები პავლესადმი წარდგენილი სარჩელის გამო ეახლნენ. 3. შეევედრნენ და სთხოვეს, იერუსალიმში გამოეძახებინა პავლე, რათა გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. 4. მაგრამ ფესტუსმა პასუხად თქვა, რომ პავლეს კესარიაში დარაჯობდნენ და მალე თვითონაც იქ აპირებდა ჩასვლას. 5. ვისაც შეუძლია, დასძინა მან, წამომყვეს და თუ ამ კაცს რაიმე დანაშაული მიუძღვის, ბრალი დასდოსო. 6. რვა თუ ათი დღე დაჰყო მათთან და კესარიაში დაბრუნდა. მეორე დღეს კი სამსჯავრო ტახტზე დაჯდა და პავლეს მოყვანა ბრძანა. 7. როცა მოვიდა, გარს შემოერტყნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, რომელთაც მრავალი მძიმე ბრალდება წაუყენეს პავლეს, თუმცა მათი დამტკიცება კი არ შეეძლოთ. 8. ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს. 9. ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო? 10. პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. 11. თუ უსამართლოდ მოვიქეცი და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ისინი ტყუილად მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ მიმცეს ხელში. კეისრის მსჯავრს მოვითხოვ. 12. მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხთვ და კეისართანვე წახვალ. 13. რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხავად. 14. და რაკი კარგა ხანს დარჩნენ იქ, ფესტუსმა პავლეს საქმე გააცნო მეფეს და უთხრა: არის ერთი კაცი, ფელიქსის მიერ პატიმრად დატოვებული, 15. რომელსაც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იუდეველთა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უჩივლეს და მისი დასჯა მთხოვეს. 16. მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. 17. ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე, 18. ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი. 19. სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. 20. რაკი ამ საქმის გარჩევა გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განისაჯო-მეთქი? 21. მაგრამ პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის მსჯავრამდე გვეცლია; ამიტომ, ვიდრე კეისართან გავგზავნიდი, ვბრძანე საპყრობილეში გვყოლოდა იგი. 22. მაშინ აგრიპამ უთხრა ფესტუსს: მეც მინდა ამ კაცს მოვუსმინო. მან კი მიუგო: ხვალვე მოუსმენ მას. 23. მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მობრძანდნენ და ათასისთავებსა და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ სამსჯავროში, ფესტუსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. 24. და თქვა ფესტუსმა: მეფეო აგრიპა და აქ დამსწრენო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც იერუსალიმში და აქაც მრავალი იუდეველი მომადგა ყვირილით: სიცოცხლის ღირსი არ არისო. 25. მაგრამ მე მივხვდი, რომ სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონვე მოითხოვა ავგუსტუსის მსჯავრი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა. 26. თუმცა მის გამო დაბეჯითებით ვერაფერს მივწერ იმპერატორს: ამიტომაც მოვიყვანე თქვენთან, უწინარეს ყოვლისა კი შენს წინაშე, მეფეო აგრიპავ, რათა განკითხვის შემდეგ ის მაინც ვიცოდე, რა მივწერო. 27. რადგანაც უაზრობად მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და ის კი არ ვაუწყო, რას სდებენ ბრალად.


    თავი ოცდამეექვსე

    1. აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: 2. მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი. 3. მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო. 4. სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა. 5. იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი. 6. ახლა კი სამსჯავროს წინაშე ვდგავარ იმის გამო, რომ იმედი მქონდა აღთქმისა, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს, 7. და რომლის აღსრულების იმედიცა აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ მსახურებენ ღმერთს. სწორედ ამ იმედის გამო მდებენ ბრალს, მეფეო აგრიპა, იუდეველნი. 8. ნუთუ დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ ღმერთი აღადგენს მკვდრებს? 9. თუმცა მე თვითონაც მეგონა, რომ ყოველნაირად წინ უნდა აღვდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს. 10. ასედაც ვიქცეოდი იერუსალიმში: მღვდელმთავართაგან უფლებამოსილმა მრავალი წმიდა ჩავყარე საპყრობილეში, და, როცა მათ ხოცავდნენ, ვეთანხმებოდი ამას. 11. მრავალგზის ვაწამებდი სინაგოგებში, ვაიძულებდი ეგმოთ და, გამძვინვარებული, სხვა ქალაქებშიაც ვდევნიდი მათ. 12. სწორედ ამ მიზნით დამასკოს მიმავალმა მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და ბრძანებით, 13. შუადღისას, მეფეო, გზაზე ნათელი ვიხილე ზეცით, რომელიც აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას და მეც მომიცვა და ჩემი მხლებლებიც. 14. ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 15. მე მივუგე: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. 16. მაგრამ წამოდექ და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, 17. რათა გაგარიდო ხალხსა და წარმართთ, რომლებთანაც ახლა მიგავლენ, 18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის. 19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას, 20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით. 21. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს. 22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო; 23. რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის. 24. ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ! 25. ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ. 26. ვინაიდან იცის ეს მეფემ, ვის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის აქედან დაფარული იყოს რაიმე, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში როდი მომხდარა. 27. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს. 28. ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ. 29. პავლემ კი თქვა: ღმერთმა ინებოს, რომ, ცოტადაც და ბევრადაც, მარტო შენ კი არა, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ცხადია, ამ ბორკილების გარეშე. 30. ეს რომ თქვა, მეფე და მმართველი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოიშალნენ, 31. განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს კაცი, თავისი ქცევით, არც სიკვდილს იმსახურებს და არც ბორკილებსო. 32. ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: შეიძლებოდა გაგვეთავისუფლებინა ეს კაცი, კეისრის მსჯავრი რომ არ მოეთხოვა.


    თავი ოცდამეშვიდე

    1. როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს. 2. ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი. 3. მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო. 4. როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო. 5. კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით, 6. სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა. 7. რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივთბით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს. 8. რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად" წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა. 9. მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: 10. როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც. 11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. 12. და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ. 13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს. 14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი; 15. ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით. 16. გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი; 17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბა ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1054 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი ოცდამეერთე

    1. მათ რომ დავშორდით, პირდაპირ გავცურეთ და კოსს მივადექით, მეორე დღეს კი - როდოსს, ხოლო იქიდან - პატარას. 2. ფინიკიისაკენ მიმავალი ხომალდი ვნახეთ, ზედ ავედით და გავცურეთ. 3. გამოჩნდა კიპროსი, რომელიც მხარმარცხნივ მოვიტოვეთ, სირიისაკენ გავემართეთ და მივადექით ტიროსს, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი. 4. მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს. 5. იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ. 6. ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ. 7. გავლიეთ გზა და ტიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით, მოვიკითხეთ მოწაფეები და ერთი დღე დავყავით მათთან. 8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით. 9. ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო. 10. კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. 11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში. 12. ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს. 13. მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს. 14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება! 15. და იმ დღეების შემდეგ იერუსალიმს ასასვლელად გავემზადეთ. 16. თან მოგვყვებოდნენ კესარიელი მოწაფეები, რომლებსაც უნდა დავებინავებინეთ ერთი ძველი მოწაფის - მნასონ კიპროსელის სახლში. 17. იერუსალემში რომ ავედით, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. 18. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს და იქვე მოვიდა ყველა უხუცესიც. 19. პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით აღასრულა წარმართებს შორის. 20. ხოლო მათ, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს. 21. შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ. 22. მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს. 23. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს. 24. წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს. 25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. 26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი. 27. შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას 28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი. 29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი). 30. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი. 31. როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. 32. დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას. 33. მაშინ ათასისთავი მიუახლოვდა და წამოაყენა იგი, ბრძანა ორმაგი ჯაჭვით შეეკრათ და თან ხალხს ეკითხებოდა, ვინ არის, ან რა ჩაიდინაო? 34. ხალხში ერთნი ერთს გაჰყვირთდნენ, მეორენი კი - მეორეს. და რაკი ამ ღრიანცელში დანამდვილებით ვერაფერი გაიგო, ათასისთავმა მისი ციხეში წაყვანა ბრძანა. 35. კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე. 36. ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას! 37. ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი? 38. განა შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ რომ აამბოხა და უდაბნოში გაიყვანა ოთხი ათასი სიკარიელი? 39. პავლემ მიუგო: მე ვარ იუდეველი კაცი, ტარსოსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე. გევედრები, ნება მიბოძე ხალხს დაველაპარაკო. 40. ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ:


    თავი ოცდამეორე

    1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე. 2. როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო: 3. მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი. 4. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც. 5. რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი. 6. მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით. 7. მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? 8. მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი. 9. ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ. 10. მე ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? უფალმა კი მითხრა: ადექი და შედი დამასკოში, სადაც გეუწყება ყველაფერი, რისი ქმნაც ნაბრძანები გაქვს. 11. რაკი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემმა მხლებლებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში. 12. ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან პატივდებული, 13. მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: საულ, ძმაო, აგეხილოს თვალი; და იმწამსვე დავინახე იგი. 14. ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა. 15. რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე. 16. მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს. 17. ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი. 18. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ. 19. მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეთ, 20. ხოლო როდესაც იღვრებოდა შენი მოწამის - სტეფანეს სისხლი, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი მის მოკვლას და მისი მკვლელების სამოსს ვდარაჯობდი. 21. მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ. 22. ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, მერე კი ხმა აიმაღლეს და თქვეს: აღიგავოს მიწის პირისაგან ასეთი კაცი, ვინაიდან სიცოცხლის ღირსი არ არის! 23. და ვიდრე ასე ყვიროდნენ, მოსასხამებს იქნევდნენ და მტვრის ბუქს აყენებდნენ ჰაერში, 24. ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით. 25. როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე? 26. ეს რომ გაიგონა, ასისთავი მივიდა ათასისთავთან და უთხრა მას: რას აპირებ? ეს კაცი რომაელი ყოფილაო. 27. ათასისთავი მივიდა და ჰკითხა: მითხარი, მართლა რომაელი ხარ? მიუგო: დიახ. 28. ათასისთავმა თქვა: მე იმდენი ფული დავხარჯე, რომ რომის მოქალაქეობა მიმეღო. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი რომაელად დავიბადე. 29. მყისვე დაეხსნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა, და თვით ათასისთავსაც შეეშინდა, როცა გაიგო, რომ თურმე რომის მოქალაქე შეაბორკინა. 30. მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი, ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა.


    თავი ოცდამესამე

    1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე. 2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის. 3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას. 4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ? 5. უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი. 6. როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს. 7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და ორად გაიყო კრებული. 8. ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას. 9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1037 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი მეთექვსმეტე

    1. ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი, 2. რომელსაც ემოწმებოდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები. 3. პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო. 4. ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები. 5. ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად. 6. ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა. 7. მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება. 8. მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ. 9. პავლემ ჩვენება იხილა ღამით: ერთი მაკედონელი კაცი წარუდგა და ვედრებით ეუბნებოდა, მაკედონიაში ჩამოდი და დაგვეხმარეო. 10. ამ ჩვენების შემდეგ სასწრაფოდ გადავწყვიტეთ მაკედონიაში წასვლა, რადგანაც მივხვდით, რომ ღმერთმა გვიხმო, რათა იქ გვეხარებინა. 11. ტროადან გემით გავედით და პირდაპირი სვლით მივადექით სამოთრაკეს, ხოლო მეორე დღეს - ნეაპოლისს, 12. იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე. 13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს. 14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები. 15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია. 16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. 17. პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო. 18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე. 19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან, 20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს; 21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს. 22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. 23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო. 25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს. 27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო. 29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას; 30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე? 31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც. 32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც. 33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად. 34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი. 35. გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო. 36. დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით. 37. მაგრამ პავლემ შეუთვალა მათ: ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, მთელი ხალხის თვალწინ გაუსამართლებლად გაგვჯოხეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი მალულად სურთ ჩვენი გაშვება? ეგრე კი არა, არამედ მოვიდნენ და თვითონვე გამოგვიყვანონ. 38. მსახურებმა ეს სიტყვები მთავრებს გადასცეს, მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელები ყოფილანო. 39. მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, საპყრობილედან გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ. 40. საპყრობილედან გამოსულნი ლიდიასთან მივიდნენ, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და გზას გაუდგნენ.


    თავი მეჩვიდმეტე

    1. ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა. 2. პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან; 3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო. 4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი. 5. მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი. 6. რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან; 7. იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს. 8. აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი. 9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი. 10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. 11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო. 12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი. 13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი. 14. მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. 15. პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ. 16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე. 17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. 18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. 19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს"! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ. 29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას. 30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. 31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი. 32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო. 33. ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.


    თავი მეთვრამეტე

    1. შემდგომ ამისა პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა, 2. სადაც ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმომავლობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, ახლად რომ ჩამოსულიყვნენ იტალიიდან, ვინაიდან კლავდიუსს ებრძანებინა ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი; და დაუახლოვდა მათ. 3. რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ. 4. ყოველ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს. 5. მაგრამ, როცა მაკედონიიდან ჩამოვიდნენ სილა და ტიმოთე, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, რათა ემოწმებინა იუდეველთათვის, რომ სწორედ იესოა ქრისტე. 6. მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერ ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 994 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი მეთერთმეტე

    1. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. 2. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს 3. და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო. 4. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ: 5. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა. 6. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები. 7. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე! 8. მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. 9. მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. 10. ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად. 11. და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი. 12. სულმა მითხრა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს ექვსი ძმა მეახლა და იმ კაცის სახლში მივედი. 13. მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს; 14. ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენცა და მთელი შენი სახლიც. 15. ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად. 16. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით. 17. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს? 18. ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო. 19. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. 20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. 21. და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ. 22. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა. 23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. 24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს. 25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა. 26. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები. 27. იმხანად იერუსალიმიდან ანტიოქიაში ჩავიდნენ წინასწარმეტყველნი. 28. წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი და განაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყანაში, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს. 29. მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის. 30. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.


    თავი მეთორმეტე

    1. იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. 2. და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 3. რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). 4. როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა. 5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. 6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. 7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. 8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. 9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. 10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. 11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი. 12. ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. 13. როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე. 14. პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო. 15. მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო. 16. პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ. 17. ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა. 18. განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო? 19. ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა. 20. ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს. 21. დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ. 22. ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო. 23. მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა. 24. ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ფრთებს შლიდა. 25. თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ.


    თავი მეცამეტე

    1. ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე. 2. უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ. 3. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს. 4. ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს. 5. სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას. 6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს, 7. რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა. 8. მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული. 9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას 10. და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი? 11. აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. 12. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა. 13. პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. 14. ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ. 15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით. 16. წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ! 17. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან. 18. ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. 19. ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა. 20. შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე. 21. მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს. 22. ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას". 23. სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო, 24. ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას. 25. ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე. 26. კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა. 27. ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთ ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 998 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    თავი მეექვსე

    1. ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. 2. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. 3. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. 4. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. 5. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, 6. რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ. 7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას. 8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში. 9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს. 10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი. 11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო. 12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს. 13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს. 14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ. 15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.


    თავი მეშვიდე

    1. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს? 2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე, 3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. 4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ. 5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი. 6. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს. 7. „მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს, თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება მე". 8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს. 9. მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტემი გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან. 10. განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი. 11. ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები. 12. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, და გაგზავნა პარველად ჩვენი მამები. 13. მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი. 14. გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული. 15. ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც. 16. გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან. 17. როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში 18. იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს. 19. ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ. 20. ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში. 21. ხოლო როდესაც გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა და შვილივით გაზარდა იგი. 22. განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით. 23. ხოლო როცა ორმოცი წლისა შესრულდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეთა სანახავად გაუწია გულმა. 24. დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა, განგმირა ეგვიპტელი და ჩაგრულის შური იძია. 25. ეგონა გაუგებდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ გაუგეს. 26. მეორე დღეს გამოჩნდა მათ შორის, როცა ერომანეთში ჩხუბობდნენ, ზავისკენ მოუწოდა და უთხრა მათ: კაცნო, ძმები ხართ, რატომ შეურაცხყოფთ ერთმანეთს? 27. მაგრამ მოყვასის შეურაცხმყოფელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულად? 28. იქნებ ჩემი მოკვლაც გწადია, როგორც მოჰკალი გუშინ ეგვიპტელი? 29. ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც შეეძინა ორი ვაჟი. 30. ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში. 31. გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა: 32. „მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა". შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა. 33. უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა. 34. ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ". 35. ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას. 36. მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე. 37. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ. 38. ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის; 39. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით. 40. და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან. 41. შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს. 42. მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს? 43. თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა". 44. მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად. 45. ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იესოსთან ერთად შედგანეს იმ ხალხების სამკვიდრებელში, რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე. 46. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე. 47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას. 48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: 49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად? 50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?" 51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც. 52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით. 53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი. 54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე. 55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო. 56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს. 57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას. 58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე. 59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული. 60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.


    თავი მერვე

    1. ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ. 2. ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ დაიტირეს იგი. 3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ. 4. ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას. 5. ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს. 6. ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. 7. ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო ყვირილით. გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა. 8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში. 9. იმავე ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 1013 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    1 2 »
    SEAMAN.GE © 2024
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz