სამშაბათი, 19.03.2024, 08:50
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 29
  • 30
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:42 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აბლეფარია ქუთუთოების თანდაყოლილი უქონლობაა. ეს ანომალია დამოუკიდებლად პრაქტიკულად არ გვხვდება - თითქმის ყოველთვის თან ახლავს კრიპტოფთალმს - თვალის თანდაყოლილ განუვითარებლობას. აბლეფარიის დროს თვალის პატარა, განუვითარებელ კაკალს ქუთუთოს ნაცვლად შუბლიდან ჩამოზრდილი კანი გადაფარებული. რქოვანა გარსი არ არსებობს. მისი ადგილი უკავია შემაერთებელქსოვილოვან ნაწიბურს, რომელიც ფერად გარსთან არის შეზრდილი. ხშირად აბლეფარია და კრიპტოფთალმი ორმხრივია. ისინი არ იკურნება.
აბლეფარიის მიზეზი უცნობია. თვალი ასეთი თანამიმდევრობით ყალიბდება: ორი თვის ემბრიონს ეწყება ქუთუთოების ფორმირება. ამ პერიოდში ქუთუთოები დიფერენცირებული ჯერ კიდევ არ არის, მხოლოდ მე-6 თვიდან ფართოვდება კანის ნაოჭი ზედა და ქვედა ქუთუთოებად, ხოლო მე-7 თვისთვის უკვე ფორმირებულია თვალის ნაპრალი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში თანდათან ფართოვდება, ხოლო 8-10 წლისთვის ბოლომდეა ჩამოყალიბებული. თუ ქუთუთოების ჩამოყალიბების რომელიმე ეტაპზე ორსულის ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილება მოხდა, ქუთუთოებისა და თვალის ნაპრალის განვითარების ციკლი შესაძლოა დაირღვეს და აბლეფარია განვითარდეს. საბედნიეროდ, ეს თანდაყოლილი სიმახინჯე იშვიათია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:54 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აბორტი არის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28-ე კვირის დასრულებამდე. გამოძევებული ნაყოფი უმეტესად სიცოცხლისუუნაროა. თუ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დახმარებით მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაშინ ორსულობის შეწყვეტას ნაადრევ მშობიარობად განიხილავენ.
განასხვავებენ ადრეულ (მე-16 კვირის ჩათვლით) და გვიან (მე-17-დან 28-ე კვირამდე), ხელოვნურ და სპონტანურ (თვითნებურ) აბორტს. თუ თვითნებური აბორტი ორჯერ ან მეტჯერ განვითარდა, ლაპარაკობენ ჩვეულ აბორტზე.

ხელოვნური აბორტი
ხელოვნური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრულ ჩვენებათა არსებობისას, საექიმო კომისიის გადაწყვეტილებით ორსულობა შესაძლოა ამ ვადის გასვლის შემდეგაც შეწყდეს. 6 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს საშოსა და საშარდე გზების მიკრობული ფლორის გამოკვლევა, სისხლის ანალიზი სიფილისსა და შიდსზე.
თუ ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, არ აღინიშნება მუცლის ტკივილი და სისხლდენა, პაციენტი შეიძლება სტაციონარიდან ბინაზე გაიწეროს. ტემპერატურის მატება და ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენი ხშირად საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე კვერცხის ნაწილების დარჩენაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში გამოფხეკა ხელახლა კეთდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:54 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გართულებები
1. ვინაიდან ჩანასახი საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული, მისი ძალისმიერი მოცილება სისხლდენას იწვევს. თუ აბორტი სტაციონარში არ განხორციელდა, შესაძლოა, სისხლდენა ქალის სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.
2. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში რჩება ზედაპირული ჭრილობები და იქმნება მიკრობთა დასახლებისთვის ხელსაყრელი გარემო, ამიტომ აბორტის ყველაზე ხშირი გართულება ენდომეტრიტია. არასტაციონარულ პირობებში გაკეთებული აბორტი შესაძლოა სეფსისით დასრულდეს.
აბორტის ერთ-ერთი გართულებაა საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის სპაზმი, ამიტომ აბორტის შემდეგ სისხლიანი გამონადენის არარსებობა, ისევე როგორც ჭარბი გამონადენი, პოტენციურად საშიში სიმპტომია და ექიმის ჩარევას მოითხოვს.
3. ორსულობის პირველსავე დღეს იწყება ორგანიზმის, უწინარეს ყოვლისა, მარეგულირებელი (ნერვული და ჰორმონული) სისტემების გადაწყობა. ზოგიერთი ჰორმონის გამომუშავება იმატებს, ზოგიერთისა კი იკლებს. ეს პროცესი მთელი ორსულობის განმავლობაში მიმდინარეობს ქალის დნმ-ს გენეტიკურ პროგრამაში ჩადებული კანონზომიერების შესაბამისად. აბორტი იწვევს ამ პროცესების მკვეთრ შეწყვეტას, მკვეთრ ნერვულ და ჰორმონულ ძვრებს, რაც, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე. კერძოდ, ნეგატიურ გავლენას განიცდის:
საკვერცხეები, რაც მენსტრუაციული ციკლის დარღვევით ვლინდება;
ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შესაძლოა მის დაავადებამდე ან უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებამდე მიგვიყვანოს;
თირკმელზედა ჯირკვალი, რაც არღვევს ნივთიერებათა ცვლას, სწევს მამაკაცური სასქესო ჰორმონების დონეს (რასაც მოჰყვება ჭარბთმიანობა და სხვა კოსმეტიკური პრობლემები), ამცირებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას;
ჰიპოფიზი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სასქესო ფუნქციის მოშლა და ცენტრალური (არაანთებითი) ხასიათის უშვილობა.

არსებობს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რამდენიმე მეთოდი: ინსტრუმენტული (საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა); ვაკუუმასპირაცია (მინი-აბორტი); მედიკამენტური; ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა.
ინსტრუმენტული აბორტი ხელოვნური აბორტის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნარკოზით (უმთავრესად - ვენურით ან ეპიდურულით). სპეციალური ინსტრუმენტით აფართოებენ საშვილოსნოს ყელს, შეაქვთ მასში კიურეტი და ფხეკენ საშვილოსნოს კედელს. ემბრიონის ნაწილის ჩარჩენის ალბათობა მინიმალურია, თუმცა აბორტის ამ სახეობას სხვა ნაკლი აქვს: საშვილოსნოში ინსტრუმენტი მიკრობებით დასახლებული ქვედა სასქესო გზების გავლით შეაქვთ, ამიტომ დიდია ინფექციური გართულების რისკი.
ორსულის საშვილოსნოს კედელი, განსაკუთრებით - ემბრიონის მიმაგრების ადგილას, შედარებით სათუთია ამიტომ დიდია მისი პერფორაციის ალბათობა. ეს გართულება იშვიათია, მაგრამ მეტად საშიში. ქალის გადასარჩენად ზოგჯერ საშვილოსნოს ამოკვეთა ხდება აუცილებელი.
ემბრიონის ნაწილის ჩარჩენის შემთხვევაში აუცილებელია ხელმეორე გამოფხეკა. ამის თავიდან ასაცილებლად პროცედურის წინ და მის შემდეგ ექოსკოპიური კვლევის ჩატარებაა საჭირო. ინფექციური გართულების პროფილაქტიკისთვის აბორტის შემდეგ აუცილებელია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თერაპიის კურსი და ფიზიოთერაპია.
ვაკუუმასპირაცია (მინი-აბორტი). სიტყვა "მინი" აღნიშნავს არა ჩარევის მოცულობას, არამედ ორსულობის ვადას, უფრო სწორად, სანაყოფე კვერცხის დიამეტრს. თუ სანაყოფე კვერცხი იმხელაა, რომ გაეტევა ვაკუუმასპირატორის არხში, მაშინ მინიაბორტის ჩატარება შესაძლებელია. კვერცხის დიამეტრს ექოსკოპიური კვლევით ადგენენ. ვაკუუმასპირატორი წარმოადგენს დიდ შპრიცს გრძელი საცმით, რომელიც საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ. გამოწოვისას ნაყოფის მთლიანად გამოღების ალბათობა უფრო მცირეა, ვიდრე გამოფხეკის დროს, ამიტომ სანაყოფე კვერცხის ნაწილის ჩარჩენის ალბათობა შედარებით მეტია და შესაძლოა, მინი-აბორტის შემდეგ გამოფხეკაც გახდეს საჭირო.
მედიკამენტური აბორტი. ამ დროს ქალი იღებს პრეპარატს, რომელიც ჰორმონ პროგესტერონის ანტაგონისტია. პროგესტერონის მოქმედების შეწყვეტა იწვევს ემბრიონის სიკვდილს და მის მოწყვეტას საშვილოსნოს ენდომეტრიუმთან ერთად. დამოუკიდებლად, ექიმის ჩარევის გარეშე, ორსულობის შეწყვეტის მიზნით მედიკამენტის მიღება არ შეიძლება. ინფექციური გართულების ალბათობა ამ დროს პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ მაღალია საშვილოსნოში სანაყოფე კვერცხის ნაწილის ჩარჩენის რისკი. გარდა ამისა, ჰორმონული პრეპარატის მიღებამ შესაძლოა ჰორმონული ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს.
ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა. არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია ორსულობის შეწყვეტა დიდ ვადაზე, მაგალითად, მე-20 კვირას, როდესაც გამოფხეკა აღარ გაკეთდება. ამ დროს ამნიონის ბუშტში (სანაყოფე გარსში, რომელშიც იმყოფება ემბრიონი) ჰიპერტონული ხსნარი შეჰყავთ. ეს იწვევს ნაყოფის სიკვდილს, მის მოწყვეტას და ხელოვნურ მშობიარობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:55 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თვითნებური (სპონტანური) აბორტის მიზეზი ხშირად უცნობია. ალბათობას ზრდის ადრე გაკეთებული ერთი ან მეტი ხელოვნური აბორტი (განსაკუთრებით - პირველი ორსულობის შეწყვეტა), სქესობრივი მომწიფების დაგვიანება (ინფანტილიზმი), მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, დედისა და ნაყოფის შეუთავსებლობა სისხლის რეზუს-ფაქტორისა და ჯგუფის მიხედვით, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის) დისფუნქცია, ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობა (საშვილოსნოს ყელის პათოლოგია) და ფიზიკური ფაქტორები (სიმძიმის აწევა, ტრავმა, დაცემა).

განასხვავებენ თვითნებური აბორტის რამდენიმე სტადიას:
აბორტის საშიშროება - ორსული უჩივის სუსტ ტკივილს მუცლის ქვედა არესა და წელის მიდამოში. სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენი არ აღინიშნება. საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირი დახურულია (ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობის დროს ოდნავ ღიაა). საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადას. ასეთი მდგომარეობა შექცევადად არის მიჩნეული და დროული ეფექტური მკურნალობის შემთხვევაში ორსულობა ნორმალურად გრძელდება.
დაწყებული აბორტი - მუცლის ტკივილი ძლიერდება, აღინიშნება მწირი სისხლიანი გამონადენი. საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადას. საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირი დახურული ან ოდნავ ღიაა. ორსულობის შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზი წინა სტადიასთან შედარებით უარესია.
მიმდინარე აბორტი - სანაყოფე კვერცხი საშვილოსნოს კედელს სწყდება და ცერვიკალური არხით ღრუდან გამოიდევნება. ქალი უჩივის მოჭერითი ხასიათის ტკივილს მუცლის ქვედა არეში და სისხლიან (ზოგჯერ საკმაოდ ინტენსიურ) გამონადენს. საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადას ან მასზე პატარაა. ორსულობის შენარჩუნება შეუძლებელია.
არასრული აბორტი - საშვილოსნოს ღრუში რჩება სანაყოფე კვერცხის ნაწილი, რასაც, როგორც წესი, ჭარბი სისხლიანი გამონადენი სდევს თან. აუცილებელია საშვილოსნოს გამოფხეკა.
სრული აბორტი - სანაყოფე კვერცხი მთლიანად გამოიდევნება საშვილოსნოდან. საშვილოსნო იკუმშება, მისი ყელი იხურება და სისხლდენა წყდება. ხშირია ორსულობის ადრეულ სტადიაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:55 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სამედიცინო ჩარევა აბორტის სტადიაზეა დამოკიდებული. პირველ და მეორე სტადიებში ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი სტაციონარის პირობებში. ფსიქოთერაპია, უარყოფითი ემოციებისთვის თავის არიდება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. მედიკამენტური ჩარევა ითვალისწინებს სედაციური (ბრომის პრეპარატები) და საძილე საშუალებების, ასევე ვიტამინების (E ვიტამინი, ასკორბინის მაჟავა) და ჰორმონული პრეპარატების (პროგესტერონი, კომბინირებული ესტროგენოგესტაგენური პრეპარატები) გამოყენებას. მიმდინარე და არასრული აბორტის დროს ნაჩვენებია სანაყოფე კვერცხის ან მისი ნაწილის ქირურგიული გზით მოცილება. გვიანი აბორტის დროს, თუ სისხლდენა ძლიერი არ არის, ელოდებიან სანაყოფე კვერცხის დაბადებას. საშვილოსნოს გამოფხეკა ნაჩვენებია ღრუში პლაცენტის ნაწილის ჩარჩენის შემთხვევაში.
თუ აბორტი ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობით არის განპირობებული, პირველ და მეორე სტადიებში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა - საშვილოსნოს ყელზე ნაკერების დადება.

თვითნებური აბორტის ინფექციური გართულებები:
ცხელებით მიმდინარე გაურთულებელი აბორტი - ინფექცია ლოკალიზებულია საშვილოსნოში, ქალი უჩივის სისუსტეს, ტაქიკარდიას, ტემპერატურა მაღლა იწევს, მომატებულია ლეიკოციტები.
ცხელებით მიმდინარე გართულებული აბორტი - ინფექცია საშვილოსნოს გარეთაც ვრცელდება, მაგრამ შემოიფარგლება მცირე მენჯის ღრუთი. მდგომარეობა მძიმდება, თავს იჩენს ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ტემპერატურა მაღლა იწევს. ქალს ამცივნებს, საგრძნობლად იმატებს ლეიკოციტები და ერითროციტების დალექვის სიჩქარე.
სეფსისური აბორტი - მდგომარეობა მძიმეა: ავადმყოფი ფითრდება, ამცივნებს და აცხელებს. ამას თან სდევს ზოგადი ინტოქსიკაცია და ორგანოთა (ღვიძლის, თირკმელების, ელენთის) ტოქსიკური ცვლილებები.

ინფექციური აბორტის დროს მკურნალობის წამყვანი მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია. გართულებისა და სეფსისის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, მადესენსიბილიზებელი პრეპარატები, ვიტამინები. სანაყოფე კვერცხის ნარჩენების გამოფხეკა მხოლოდ გაურთულებელი აბორტისა და ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ტარდება, ჩვეულებრივ, ინფექციური გართულების ჩაცხრობის შემდეგ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:55 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აბსცესი არის შემოფარგლული ჩირქგროვა, რომელიც ამა თუ იმ ქსოვილში ან ორგანოში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის ან ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გართულების შედეგად ყალიბდება. ქსოვილში მოხვედრილი მიკრობი იწვევს ანთებას, ქსოვილის კვდომას და მის ადგილას ჯანსაღი ქსოვილებისგან კაფსულით გამოყოფილი ჩირქოვანი ღრუს წარმოქმნას. ჩირქმბადი მიკრობი ორგანიზმში შესაძლოა შეიჭრას შემთხვევითი ჭრილობიდან, ასევე - ნაჩხვლეტიდან ან განაკვეთიდან ასეპტიკის წესების დაუცველად ჩატარებული სამკურნალო მანიპულაციის (მაგალითად, ინექციის) დროს. ჩირქგროვით შესაძლოა გართულდეს რომელიმე ორგანოში, კანში ან კანქვეშა შრეში მიმდინარე მწვავე ჩირქოვანი ანთებითი პროცესი (ფურუნკული, კარბუნკული, ფლეგმონა, ლიმფადენიტი და სხვა), ასევე - სისხლჩაქცევა ან ჰემატომა. აბსცესი ხშირად ყალიბდება ზოგადი ჩირქოვანი ინფექციების დროს, რაც ინფექციის სისხლით გავრცელების შედეგია (მეტასტაზური აბსცესი). ქსოვილში ნეკროზის გამომწვევი ნივთიერების, მაგალითად, სკიპიდარის, ნავთის და სხვათა მოხვედრისას ჩნდება ასეპტიკური ჩირქგროვები.
აბსცესი სხვადასხვა ზომისა და ლოკალიზაციისაა. გარდა მეტასტაზური აბსცესებისა, რომლებიც მწვავე ანთებითი კერიდან მოშორებით აღმოცენდება, ყველა სხვა აბსცესი ანთებითი ინფილტრატის ცენტრში ჩნდება. ჩირქგროვის ღრუს ფორმაც სხვადასხვაგვარია: მკვეთრად მომრგვალებული, რთული მრავალკამერიანი, ბრმა შესასვლელებიანი. ჩირქგროვის თავზე კანი შეშუპებული და ჰიპერემიულია, რაც აბსცესის ღრმა მდებარეობისას არ შეიმჩნევა. მწვავე ანთების დროს მნიშვნელოვანი სიმპტომია ფლუქტუაცია. ის მიუთითებს ელასტიკურკედლებიან ღრუში სითხის (ჩირქის) არსებობაზე, რაც დარტყმითი ტალღების ყველა მიმართულებით გავრცელებას განაპირობებს. როდესაც აბსცესი პატარაა, ღრმად მდებარეობს და სქელი კედელი აქვს, ეს სიმპტომი არ ვლინდება. აბსცესის დიაგნოზის დასადასტურებლად და ჩირქის აღმოსაჩენად ღრუ სქელი ნემსით უნდა გაიხვრიტოს.
ქრონიკული აბსცესის შემთხვევაში მწვავე აბსცესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს. მეტასტაზური აბსცესის დროს მდგომარეობის სიმძიმე ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. კანქვეშა ჩირქგროვების მათი პროგნოზი, წესისამებრ, კეთილსაიმედოა.
აბსცესის მძიმე გართულებაა რომელიმე ღრუში (სახსარი, პლევრა და სხვა) ჩირქგროვის გახეთქვა. ამ კუთხით განსაკუთრებით საშიშია შინაგან ორგანოებში (ღვიძლი, ფილტვი, ტვინი) და ღრმა ვენებთან არსებული აბსცესები. მათი გახეთქვის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ჩირქოვანი პლევრიტი, პერიტონიტი, პროგრესიული თრომბოფლებიტი, ანთება ვენის კედელზე გავრცელდეს და ა. შ.
ჩირქგროვის წარმოქმნამდე ჩირქოვან ანთებით პროცესის კონსერვატიულად, ანტიბიოტიკების ადგილობრივი და პარენტერალური მიღებით მკურნალობენ. თუ ჩირქგროვა მცირე ზომისაა, ხოლო ფლორა - დაბალვირულენტული, მიმართავენ პუნქციას - ამოტუმბავენ ჩირქს და ღრუში ანტიბიოტიკი შეჰყავთ.
ქირურგიული ოპერაციის აუცილებლობა და ჩატარების დრო ინტოქსიკაციის დონით განისაზღვრება. მცირე ზომის ჩირქგროვის დროს, წესისამებრ, ერთი განაკვეთიც საკმარისია. მეორე განაკვეთის გაკეთება დიდი ჩირქგროვისა და შესივებისას არის საჭირო. განაკვეთი უნდა გაკეთდეს კანის ნაოჭების გასწვრივ, კიდურებზე - სახსრის მოხრის ადგილას გაჩენილი ნაკეცების გასწვრივ.
დიდი ზომის ჩირქგროვებს წინასწარი საცდელი პუნქციის შემდეგ ხსნიან. ჩირქის მიღების შემდეგ ნემსს იქვე ტოვებენ და განაკვეთს აკეთებენ.
თუ ზოგადი რეაქცია გამოხატულია, ავადმყოფს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში აწვენენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:56 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აპენდიკულარული აბსცესი არის მუცლის აპკის შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება, რომელიც მწვავე აპენდიციტის გართულების გამო ჭიანაწლავში მიმდინარე პროცესების შედეგია. აპენდიკულარული აბსცესი მარჯვენა თეძოს ღრმულში ან მცირე მენჯის ღრუს სხვა ადგილებზე მდებარეობს. აბსცესის ღრუ ყალიბდება მუცლის აპკის შეწებების, ნაწლავის კიდეებზე, ჯორჯალსა და ბადექონზე შეზრდის შედეგად. აპენდიკულარულ აბსცესს ახასიათებს ძლიერი ტკივილი მარჯვენა თეძოს არეში ან მუცლის ქვემოთა ნაწილში, მტკივნეული, მაგარი, ელასტიკური ინფილტრატი, რომელიც ცენტრში ზოგჯერ რბილდება, ტემპერატურის მომატება, ღებინება. დიაგნოზის დასმას აადვილებს სწორი ნაწლავიდან ან საშოდან გასინჯვა.
ჩირქგროვა შესაძლოა გაიხსნას:
ნაწლავში. ამ შემთხვევაში პროცესი, ჩვეულებრივ, თვითგანკურნებით სრულდება;
მუცლის ღრუში - რთულდება პერიტონიტით;
მუცლის ღრუს მიღმა - რთულდება ფლეგმონით.

მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია: ანტიბიოტიკოთერაპია, დასვენება, დიეტა და ინტოქსიკაციასთან ბრძოლა. მკვეთრად შემოსაზღვრული აბსცესი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას ჩირქგროვის გასახსნელად. დუგლასის ფოსოს აბსცესის დროს ჩირქგროვის გახსნა ხორციელდება საშოს უკანა თაღიდან ან სწორი ნაწლავის წინა კედლიდან (ჩირქგროვის წინასწარი პუნქციის შემდეგ). ამოუჭრელი ჭიანაწლავის შემთხვევაში, რომლის ანთებაც გართულდა აბსცესით, ნაჩვენებია ოპერაცია - ჭიანაწლავის ამოკვეთა, აბსცესის ღრუს გაკვეთა და დრენირება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:56 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ზემოდან - დიაფრაგმით, ხოლო ქვემოდან - შინაგანი ორგანოებით: კუჭით, ღვიძლით, ელენთით, თირკმლით, ნაწლავებით, დიდი ბადექონით შემოფარგლული ჩირქგროვაა. ის შეიძლება იყოს პირველადიც (იშვიათია) და მეორეულიც - ჩამოყალიბდეს სხვა დაავადების (ქოლეცისტიტის, კუჭის წყლულის, პანკრეატიტის) გართულების შედეგად ან მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ. აბსცესის ლოკალიზაცია სხვადასხვაა. ყველაზე ხშირად ის დიაფრაგმის მარჯვენა თაღის ქვეშ, ღვიძლის ზემოთ მდებარეობს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ავადმყოფი უჩივის ტკივილს მარჯვენა ან მარცხენა ნეკნების ქვეშ, ეპიგასტრიუმის არეში. ტკივილი მუდმივია და მოძრაობისას ძილერდება. ავადმყოფს აწუხებს მშრალი ხველა, სისუსტე, ქოშინი, სლოკინი, შემცივნება, სწრაფად იღლება. ტემპერატურა 41 გრადუსამდე იმატებს. ავადმყოფი იძულებულია, ნახევრად მჯდომარე პოზა მიიღოს. დაავადებულ მხარეს გულმკერდი სუნთქვაში ჩამორჩება. სუნთქვა ხშირი და ზედაპირულია. დაავადებულ მხარეს გულმკერდის ღრუს ქვედა უბანი შეხებისას მტკივნეულია.

დიაგნოსტირება და მკურნალობა
დიაგნოსტირების მიზნით რენტგენოგრაფიულ და ექოსკოპიურ კვლევას მიმართავენ.
დიაფრაგმის ქვეშა აბსცესის დროს ტარდება კონსერვატიული მკურნალობა: ანტიბიოტიკოთერაპია, დეზინტოქსიკაცია, ინფუზიური თერაპია. პუნქციის საშუალებით აბსცესის არეში შეჰყავთ ანტიბიოტიკები. სრული განკურნება მხოლოდ ქირურგიული მკურნალობით არის შესაძლებელი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:56 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პერიტონზილური აბსცესი ანუ ფლეგმონური ანგინა ქრონიკული ან მწვავე ტონზილიტის გართულებაა. პერიტონზილურ ჩირქოვან პროცესს ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებიდან შეჭრილი ბაქტერია იწვევს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
პერიტონზილური აბსცესის განვითარებას წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების დაავადებები. მათი გადატანის შემდეგ თავს იჩენს ყელის ტკივილი, ტემპერატურა იმატებს, შუპდება ნუშურა ჯირკვლების არე. დაავადებულ მხარეს ყელის ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივანია. აღინიშნება თავის თავისებური მდებარეობა - დაავადებულ მხარეს დახრა, ტრიზმა - პირის ფართოდ გაღება შეუძლებელია. მოსალოდნელია გართულებები: ხახის მიდამოს აბსცესი, ყელის ღრმა ფლეგმონა, ყელის მსხვილი სისხლძარღვებიდან სისხლდენა, ხორხის შეშუპება, სეფსისი, ნეფრიტი.

მკურნალობა და პროფილაქტიკა
აბსცესს ხსნიან. უნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს.
პროფილაქტიკა გულისხმობს ქრონიკული ტონზილიტისა და კარიესული კბილის მკურნალობას, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას. განმეორების შემთხვევაში რეკომენდებულია ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:56 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პირის ღრუს ფსკერის აბსცესი. თავდაპირველად ენის ძირი შეწითლდება. მცირე ხნის შემდეგ ეს უბანი მკვრივდება, ლაპარაკისა და ჭამის დროს მტკივნეულია. ენა ნაკლებად მოძრავი ხდება და მაღლა იწევს. პირის ღრუს ფსკერის შეშუპება თანდათან იმატებს. საერთო მდგომარეობა უარესდება. შესაძლოა, ჩირქგროვა თავისთავად გაიხსნას პირის ღრუში. ასეთ შემთხვევაში მწვავე გამოვლინებები ცხრება, მაგრამ არსებობს ჩირქის ხახასა და ყელში გავრცელების საფრთხე.

სასის აბსცესი. ის უმეტესად ზედა ყბის კბილების (უფრო ხშირად - მეორე საღეჭის, ეშვის ან მეორე პრემოლარის) პერიოდონტიტის დროს ვითარდება. თავდაპირველად მაგარი სასის არეში ტკივილი აღმოცენდება. ლორწოვანი გარსი წითლდება. მისი გამობერვის შემდეგ ტკივილი უფრო ინტენსიური ხდება. საკვების მიღება ძნელდება. შესაძლოა, ჩირქგროვა თავისთავად გაიხსნას, რის შემდეგაც მდგომარეობა მსუბუქდება, თუმცა ჩირქი მაგარი სასის დიდ ფართობზე რომ არ გავრცელდეს და ოსტეომიელიტი არ განვითარდეს, სასურველია, აბსცესი ექიმმა გახსნას. მასთან მისვლამდე ავადმყოფმა უნდა მიიღოს გამაყუჩებელი საშუალებები და გამოივლოს თბილი სავლები.

ლოყის აბსცესი. პროცესის გავრცელების კვალობაზე, შეშუპება და სიწითლე შესაძლოა გამოხატული იყოს ან ლოყის გარეთა ზედაპირზე - კანის საფარველზე, ან შიგნითა მხარეს - ლორწოვანზე. ტკივილი სუსტია, თუმცა პირის გაღებისას ძლიერდება. ყოველივე ამას თან სდევს ზომიერი საერთო სისუსტე. საშიშია ჩირქოვანი პროცესის სახის მეზობელ უბნებში გავრცელება. ექიმთან მისვლამდე (რაც აუცილებელია) რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებლის მიღება, თბილი სახვევები და სავლები.

ენის აბსცესი იწყება ენის ტკივილით, რომელიც სწრაფად ძლიერდება. ენა დიდდება, მაღლა იწევს და ნაკლებად მოძრავი ხდება. მკვეთრად იზღუდება ღეჭვა და ყლაპვა. ხშირად ირღვევა სუნთქვა. იშვიათად ამას ერთვის სულის ხუთვაც.
ასეთი ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:56 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტვინის აბსცესი ტვინის ქსოვილში გაჩენილი ჩირქით სავსე შემოფარგლული ღრუა. მის წარმოსაქმნელად აუცილებელია, ჩირქმბადი მიკრობი (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი) ტვინის ქსოვილში მოხვდეს.
მიკრობი ტვინში იჭრება:
1. თავის ქალას ღია დაზიანების (ტრავმის, ოპერაციის) დროს თმიდან, ტანსაცმლიდან, ძვლის ნატეხებიდან;
2. ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი ანთებითი კერიდან (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ფურუნკულოზი, ანგინა, დაავადებული კბილი) სისხლის ან ლიმფის საშუალებით;
3. ცხვირის ღრუდან (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ან შიგნითა ყურიდან (ოტიტი) თხელი ძვლოვანი ძგიდის გავლით, რომელიც მათ ქალას ღრუსგან გამოყოფს.
ტვინის აბსცესს რიგი თავისებურება ახასიათებს. კერძოდ, განსაზღვრულ პირობებში (ძლიერი ანტიბიოტიკების მიღებისას) ინფექციის კერა შესაძლოა ჩაიპარკოს - მის ირგვლივ წარმოიქმნას გამმიჯნავი გარსი, რომლის მიღმაც ინფექცია დიდხანს იქნება მთვლემარე მდგომარეობაში და ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების დაქვეითებისას (გაციება, სტრესი, შიმშილი, სიბერე) აბსცესის ხელახალ განვითარებას გამოიწვევს.

ტვინის აბსცესის დროს ავადმყოფი შესაძლოა დიდხანს უჩიოდეს თავის ტკივილს, გულისრევას, თავბრუხვევას, ტემპერატურის მატებას, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის სისუსტეს, ძილად იყოს მივარდნილი ან, პირიქით, აგზნებული იყოს. მოგვიანებით ფსიქიკური დარღვევები ღრმავდება: თავს იჩენს ჰალუცინაციები, ბოდვა, დეზორიენტაცია, გონების დაბინდვა თანდათან ღრმავდება. უმწვავეს სტადიაში იწყება შეუკავებელი (ტვინისმიერი) ღებინება, ვითარდება დამბლა, სოპორი (ძლიერი ძილიანობა) და ბოლოს - კომა.
დიაგნოზის დასმა ძნელია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ყელ-ყურ-ცხვირისა და კბილის დაავადებებმა, ფილტვების ანთებამ, თავის ტრავმამ, ფურუნკულმა შესაძლოა ტვინის აბსცესი გამოიწვიოს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თუ თავის ტკივილი თორმეტ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მით უმეტეს, თუ ამას ტემპერატურის მატება, ფსიქიკის მოშლა, გონების დაბინდვაც დაერთო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ ექიმს (გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება).
მკურნალობა ქირურგიულია, პროგნოზი - მძიმე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:56 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფილტვის მწვავე აბსცესი ფილტვის ქსოვილის შემოფარგლული ჩირქოვანი ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილს შლის და ღრუს წარმოქმნის. გამომწვევია სხვადასხვა მიკროორგანიზმი, უმეტესად - სტაფილოკოკი. დამახასიათებელია ორგანიზმის ადგილობრივი და ზოგადი თავდაცვითი ფუნქციის დაქვეითება ფილტვებსა და ბრონქებში უცხო სხეულის, ლორწოს, პირნასაქმები მასის მოხვედრის გამო (რაც ხშირია სიმთვრალის, კრუნჩხვითი შეტევის ან უგონო მდგომარეობის დროს). ფილტვის აბსცესს იწვევს აგრეთვე ქრონიკული დაავადებები და ინფექციები (შაქრიანი დიაბეტი, სისხლის დაავადებები), ბრონქების დრენაჟის დარღვევა, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ციტოსტატიკებისა და იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება.

ფილტვის მწვავე აბსცესი უმთავრესად საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის გვხვდება. დაავადებულთა 2/3 ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელია. დაავადება იწყება მწვავედ - შემცივნებით, ტემპერატურის მატებით, გულმკერდის ტკივილით. ჩირქის ბრონქებში მოხვედრისას გამოიყოფა დიდი ოდენობით ჩირქიანი ნახველი, ზოგჯერ - სისხლის მინარევით და არასასიამოვნო სუნით. ფილტვის დაზიანებული უბნის ზემოთ სუნთქვა შესუსტებულია. აბსცესის გახეთქვისას ყალიბდება ბრონქული სუნთქვა და სველი ხიხინი. 1-3 თვის განმავლობაში მოსალოდნელია: კეთილსაიმედო გამოსავალი - ფილტვის თხელკედლიანი კისტა ან კეროვანი პნევმოსკლეროზი; არაკეთილსაიმედო გამოსავალი - ქრონიკული აბსცესი.
სადიაგნოსტიკო მეთოდებია რენტგენოგრაფია და ბრონქოსკოპია. სისხლის ანალიზი ავლენს ლეიკოციტოზს ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედს-ის (ელექტროლიტების დალექვის სიჩქარის) მომატებას.
სამკურნალოდ აუცილებელია ბრონქების დრენაჟის გაუმჯობესება (ბრონქოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები, ინჰალაცია, სამკურნალო ბრონქოსკოპია). თუ აბსცესი ფილტვის ქვედა წილშია, ავადმყოფს აწვენენ, ფეხებს 20-30 სმ-ით წამოაწევინებენ და ისე უტარებენ დრენირებას. გარდა ამისა, ინიშნება ანტიბიოტიკები, ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის მასტიმულირებელი საშუალებები (კალორიული კვება, ცილები, ვიტამინები, ლევომიზინი, თ-აქტივინი, ანტისტაფილოკოკური პლაზმა და გამაგლობულინი, ჰემადსორბცია, პლაზმოფერეზი). ორ-სამთვიანი უშედეგო კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

ფილტვის ქრონიკული აბსცესი ხანგრძლივად მიმდინარე ჩირქოვანი პროცესია, რომელიც მწვავე აბსცესის ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს.
ფილტვების ქრონიკული აბსცესი გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით მიმდინარეობს. რემისიის დროს ავადმყოფი უჩივის ხველას ცოტაოდენი, ზოგჯერ სისხლიანი ნახველის გამოყოფით, ტემპერატურის მცირედ მატებას, ოფლიანობას, შემცივნებას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. გამწვავების პერიოდში (იწვევს გაციება და ვირუსი) იწევს ტემპერატურა, საგრძნობლად იმატებს ნახველის რაოდენობა. აბსცესის უბანში აღინიშნება უხეში, ბრონქული სუნთქვა და სველი ხიხინი.
დიაგნოზი დაისმის ფილტვების რენტგენოგრაფიისა და ბრონქოსკოოპიის საფუძველზე (ბრონქოსკოპიის დროს დრენირებული ბრონქიდან გამოიყოფა ჩირქი). სისხლის ანალიზი ავლენს ჰემოგლობინის შემცირებას, ლეიკოზს (გამწვავებისას), ფორმულის მარცხნივ გადახრას და მაღალ ედს-ს.
კონსერვატიული მკურნალობა (ანტიბიოტიკები, სამკურნალო ბრონქოსკოპია) გამწვავების კუპირების საშუალებას იძლევა. ძირითად მეთოდად რჩება ქირურგიული ჩარევა - ფილტვის დაზიანებული უბნის გაკვეთა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:58 | შეტყობინება # 13
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ღვიძლის აბსცესი ამებური დიზენტერიის, ზოგადი ჩირქოვანი ინფექციის, პიელონეფრიტის, ჩირქოვანი ქოლანგიტის გართულების შედეგად ვითარდება. განასხვავებენ მის სამ ძირითად სახეს: ამებურს, ბაცილურსა და ჩირქოვანს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე ტრავმები, დაავადებები და ინტოქსიკაცია ღვიძლის აბსცესის რისკფაქტორებს წარმოადგენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
საწყის სტადიაზე დაავადება მკვეთრად გამოხატული არ არის. მერე და მერე მისი ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება, მაგრამ საერთო მდგომარეობის სიმძიმის გამო კლინიკური სურათი მაინც დაბინდულია. ღვიძლის აბსცესი ნელა ვითარდება. სიმპტომატიკაც თანდათანობით ვლინდება. ავადმყოფი მარჯვენა ფედქვეშა არეში ძლიერ და მუდმივ ტკივილს უჩივის. აბსცესის ზრდის კვალდაკვალ ტკივილი ძლიერდება და მჭრელი ხდება. მუცლის მარჯვენა ნახევარსა და გულმკერდში შეიგრძნობა სიმძიმე და დაძაბულობა, რომელიც თანდათან იმატებს. ადამიანი ზოგავს მტკივან მხარეს, რის გამოც სიარულისა და წოლის მანერას იცვლის. ნებისმიერი მოძრაობა ღვიძლის ტკივილს იწვევს. პიოგენური აბსცესისა და მეორეული ინფექციის შემთხვევაში აღინიშნება მძიმე ჩირქოვანი ინტოქსიკაცია. მუცლის კუნთები მარჯვნივ ოდნავ დაჭიმულია, შეხებისას აბსცესის საპროექციო არეში ძლიერი ტკივილი შეიგრძნობა. პულსი სუსტია, მაგრამ ხშირი - 120-140 დარტყმა წუთში. არტერიული წნევა დაქვეითებულია. კლინიკური სურათი სეფსისის მძიმე შემთხვევას მოგვაგონებს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ინფორმაციულია რენტგენოგრაფია, ღვიძლის სკანირება, ექოსკოპია, ლაპაროსკოპია. დიაგნოზის დასაზუსტებლად წვრილი ნემსით აბსცესის პუნქციას მიმართავენ. ღვიძლის ამებური აბსცესის დროს, სიმძიმის კვალობაზე, მიმართავენ კონსერვატიულ ან კონსერვატიულ-ქირურგიულ მკურნალობას, ღვიძლის პიოგენიური აბსცესი კი ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:58 | შეტყობინება # 14
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ყბა-სახის არეში ჩამოყალიბებული შემოფარგლული ჩირქგროვა უმეტესად კბილების დაავადების გართულებაა. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ფურუნკული, ანგინა, სახის კანის ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება, გაუტკივარების მიზნით გაკეთებული ინექციისას ქსოვილებში ინფექციის მოხვედრა და ა.შ. აბსცესი შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის სისხლით ან ლიმფით გავრცელებამ ზოგადი ინფექციური დაავადებების (გრიპის და სხვათა) დროს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ჩვეულებრივ, აბსცესს წინ უძღვის პერიოდონტიტისთვის დამახასიათებელი კბილის ტკივილი. ეს ტკივილი აღმოცენდება განსაზღვრული კბილის არეში და კბილის კბილზე დაჭერისას ძლიერდება. მცირე ხნის შემდეგ რბილი ქსოვილები შუპდება და მაგრდება. თუ აბსცესი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ წარმოიქმნა, ეს ადგილი გამოიბერება და წითლდება. ასეთივეა სურათი კანის ახლოს (სახეზე ან ქვედა ყბის არეში) მდებარეობისას. პროგრესირებად ჩირქოვან პროცესს თან სდევს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ტემპერატურის მატება, მადის დაქვეითება, ძილის დარღვევა.

დაავადებულ კბილთან არსებული ინფექციის კერის მოსასპობად და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩირქგროვის გახსნა. სხვაგვარად, არ არის გამორიცხული, შემოფარგლული ანთებითი პროცესი გავრცელდეს და ფლეგმონაში გადაიზარდოს.
აბსცესის შემდგომ განვითარებას შესაძლოა ჩირქის გარეთ ან პირის ღრუში ჩაღვრა მოჰყვეს. ჩირქის გამოსვლა მწვავე გამოვლინებებს აქრობს. ტკივილი ცხრება, აღდგება სახის კანი/პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, საერთო მდგომარეობა სტაბილური ხდება. ასეთი გამოსავალი სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან პროცესი გრძელდება, ოღონდ ქრონიკულ სტადიაშია გადასული და მოგვიანებით შესაძლოა გამწვავდეს, რასაც ფისტულიდან ჩირქდენა, პირიდან უსიამოვნო სუნი, დაშლის ტოქსიკური პროდუქტებისადმი ორგანიზმის სენსიბილიზაცია (მგრძნობელობის მომატება) მოჰყვება.

მკურნალობა. სტომატოლოგთან დროული ვიზიტი აუცილებელია, ვნაიდან პროცესი სწრაფად პროგრესირებს, მანამდე კი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება, პირის ღრუში თბილი სითხის გამოვლება, ყბაზე თბილი საფენების დადება. ანტიბიოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება არ შეიძლება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 14:59 | შეტყობინება # 15
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადამანტინომა იშვიათი, კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად ქვედა ყბიზე ვითარდება. მას ეპითელური სიმსივნეების რიგში აერთიანებენ. მისი პარენქიმა კბილის მინანქარს ჰგავს. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება (ადამანტინუმ - ბერძნ. კბილის მინანქარი). ბოლო დროს ზოგიერთი მას მეზენქიმურ ანგიობლასტომად ანუ სისხლაძღვოვანი წარმოშობის სიმსივნეს განიხილავს, თუმცა კვლევები ამას არ ადასტურებს. ადამანტინომა 40-60 წლის ასაკში ვითარდება. სახასიათო კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, ამიტომ პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ექიმთან მისვლამდე 1-2 წელი გადის. ადამანტინომის მთავარი კლინიკური სიმპტომია ქვედა ყბის დაზიანებული ნაწილის გადიდება, რაც სახის ასიმეტრიას იწვევს. სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ კანი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსი არ იცვლება. თუ მეორეული ანთებითი პროცესი არ დაერთო, სიმსივნე უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

განასხვავებენ ადამანტინომის ორ ფორმას: სოლიდურსა და კისტოზურს.
სოლიდური სიმსივნემიკროსკოპიულად მონაცისფრო-მოთეთრო ცილინდრისებრი ან თითისტარისებრი წარმონაქმნია, რომელიც ძვლოვანი ნივთიერების სისქეში მდებარეობს.
კისტოზური ფორმა შეიცავს მრავალ ღრუს, რომლებსაც ერთმანეთისგან ძვლოვანი ქსოვილის შრეებისგან შემდგარი ხარიხები ყოფს. კისტის ღრუ ამოფენილია შემაერთებელი ქსოვილით და ეპითელიუმით, სავსეა სითხით ან მოყვითალო ფერის ნახევრად თხიერი სუბსტანციით. იშვიათად კისტოზური ფორმა ერთკამერიანია და შეიცავს ამოუჭრელ კბილს.
ადამანტინომას აქვს დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათი. ჩვეულებრივ, ყბის რენტგენოგრამაზე ჩანს სხვადასხვა ზომის რამდენიმე ღრუ და ერთი ღრუს ჩრდილის მეორეზე დაფარება ნახევარმთვარის მსგავს გამოსახულებას ქმნის.

მკურნალობა
ადამანტინომის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზიტ შეიძლება. კვეთენ ლორწოვან გარსს სიმსივნის ზემოთ, სიმსივნეს იღებენ და ახდენენ ძვლოვანი ღრუს ტამპონადას. ასეთი ოპერაციის შემდეგ არ არის გამორიცხული რეციდივი. რეციდივების თავიდან ასაცილებლად მიმართავენ (?) მკურნალობის უფრო რადიკალურ მეთოდს - ყბის დაზიანებული უბნის ამპუტაციას და ამპუტირებული ძვლი ნაცვლად იმპლანტანტის (ხელოვნური ან პაციენტისავე ძვლის) გადანერგვას.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 29
  • 30
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz