პარასკევი, 26.04.2024, 01:47
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რომანტიზმი
რომანტიზმი
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:45 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რომანტიზმი, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.

რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთის მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორეს მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:45 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვებით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე. რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში. რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟანრში. ა) პოეზია. ჰიუგო აცხადებს: "პოეზია არის არა იდეათა ფორმაში არამედ თავად იდეებში", ე.ი. უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. შინაარსთან ერთად ცვლილებას განიცდის ლექსთწყობაც, ტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი ხდება. ბ) დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის კანონი. სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული, უბრალო ადამიანები შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილი, ტონი. გ) რომანი. რომანტიზმმა ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი მდგომარეობის გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის ( შატობრიანის რენე, კონსტანის ადოლფი, მიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას; სინამდვილის ასახვის მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა გზა; ლოკალური ფერის შემოტანით კი ისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ოთხმოცდაცამეტი, დიუმას რომანები) განავითარა.
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:47 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რომანტიკოსი მწერლები

იოჰან ვოლფგანგ გოეთე (გერმ. Johann Wolfgang von Goethe; *28 აგვისტო. 1749, მაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი), გერმანელი მწერალი და მოაზროვნე.

დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.

დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც "ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ. ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე", "მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის" კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფრობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა გაპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულვებელმყოფელი რიტმიკა.

1775 გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი "მომთმენიანი წინააღმდეგობით" აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, "რეზინიაცია" ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში "ფაუსტისა" და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა. 1786 გოეთე ფარულად იტალიას გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა. "ქარიშხლისა და შეტევის" იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. იტალიაში მოგზაურობა საფუძვლად დაედო გოეთეს ვაიმარულ კლასიციზმს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:47 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გოეთემ ყველა სხვა კლასიცისტზე უკეთ შეძლო ანტიკური ხელოვნების სახეთა მოდერნიზაცია, მათი შევსება საკუთარი შინაარსით ("იფიგენია ტავრიდაში", გამოქყვენდა 1787; "პანდორა", 1808). იტალიაში დაწერა გოეთემ ციკლი "რომაული ელეგიები". ამ პერიოდში შეიქმნა ნაშრომი "იტალიური მოგზაურობა" (ტ. 1-3, გამოქყვენდა 1816-29). 1788 გოეთე იტალიიდან დაბრუნდა. მის "ვაიმარულ" ნაწარმოებებში მკვეთრად გამოვლინდა რეზინიაციის პრობლემა, თუმცა პირველ ხანებში გოეთე სავსებით და ერთბაშად მაინც არ გასდგომია "ქარიშხლისა და შეტევის" სულისკვეთებას (დრამები "ეგმონტი", 1788; "ტორკვატო ტასო", გამოქყვენდა 1790; რომანი "შერჩევითი ნათესაობა", 1809 და სხვ.).

გოეთეს ყველაზე ტრაგიკული, თავისი ჩანაფიქრით შემზარავი პიესაა "ტორკვატო ტასო". გენიალური ხელოვანი ტასო, რომელსაც სასახლის კარზე იახლოვებენ, არ სჯერდება მასხარად ყოფნას და ჰერცოგის დასაც კი შეიყვარებს. ესაა მისი ტრაგიკული დანაშაული, რომლის არსს გამოხატავს პირფერი კარისკაცის ანტონიოს "სიბრძნე": ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. დრამას ქვეტექსტად გასდევს: გოეთე მხოლოდ მწარე გამოცდილების კარნახით ეთანხმება ანტონიოს, გულით კი ტასოს თანაუგრძნობს, რომლის კადნიერ პრეტენზიას მისივე ადამიანური დიდბუნებოვნობა ასაზრდოებს. მაღალი ტრაგიკული პათოსი, რითაც გაგიჟებული ტორკვატო საკუთარ დანაშაულს ცნობს, ააშკარავებს, თუ რა მწვავედ განიცადა გოეთე-გენიოსმა ვაიმარის კარისკაცად თავისი გარდასახვის აუცილებლობა. 1789 საფრანგეთის რევოლუცია საკუთარ ფილოსოფიურ-მეცნიერულ ძიებასთან ერთად გოეთეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის წყაროდ იქცა.

გოეთემ რევოლუციურ თემას უძღვნა ნაწარმოებები: "მოქალაქე გენერალი" (1793), "აჯანყებულნი", "ვენეციური ეპიგრამები" (1796), "ჰერმანი და დოროთეა" (1798), "რაინეკე მელა" (1794), "უკანონო ასული" (1799-1803) და სხვ. ყოფიერების რევოლუციის რიტმის ტრაგიკული ხასიათს გამოხატავს გოეთეს "ფაუსტის" ძირითადი კონცეფციის შემცველი ექსპოზიცია "პროლოგი ცაში" (1797-1800). გოეთეს დამოკიდებულება რევოლუციისადმი არც აპოლოგეტურია და არც ნიჰილისტური. იგი მოვლენის ანალიტიკურ-კრიტიკულ განსჯას ემყარება და საბოლოოდ პოზიტიურია. გოეთეს რწმენით, ყოველი დიდი იდეა ტირანულად მოქმედებს თავისი დამკვიდრების პროცესში. "იაკობინურ ძალდატანებას" იგი პრინციპულად არ უარყოფდა. გოეთე მის მიმართ კრიტიკულად განეწყო 90-იან წლებში, როცა იაკობინელთა საქმიანობა რევ. ამაღლებულ იდეათა პროფანაციად აღიქვა. 1796 გოეთემ შილერთან ერთად გამოაქვეყნა ეპიგრამების ციკლი "ქსენიები". ამ პერიოდში დაწერა რომანი "ვილჰელმ მაისტერი" ორ ნაწილად: "ვილჰელმ მაისტერის განსწავლის წლების" (1796) გმირი ინდივიდუალიზმითაა შეპყრობილი და ობიექტურ სინამდვილესთან გადაუჭრელი წინააღმდეგობის გამო სულიერი კრახის წინაშე დგება; "ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები, ანუ ხელის ამღებნი" (1829) გვიჩვენებს ეგოისტის გარდასახვას ჭეშმარიტ ადამიანად, კაცურ კაცად.

გოეთემ მუშაობა დაიწყო ავტობიოგრაფიულ წიგნზე "პოეზია და სინამდვილე" (ნაწ., 1-4 გაბოქვეყნდა 1811-1833), დაწერა დრამა "ეპიმენიდეს გამოღვიძება" (1815), ლექსების ციკლი "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" (1813-1819). "დივანს" ბოლომდე გასდევს სამყაროს ერთიანობისა და "მშვენიერი ადამიანის" იდეა; გოეთე არ კმაყოფილდება ბუნებასთან ღმერთის მხოლოდ პანთეისტური გაიგივებით. იგი ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და "მსოფლიო გონთან" მორკინალ არსებად წარმოგვიდგენს. ადამიანის ეს გაღმერთება გვევლინება ხანდაზმული გოეთეს მთელი ფილოსოფიური პოეზიის, როგორც ლირიკის, ისე "ფაუსტის", ზეიდეად.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:47 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გოეთეს შემოქმედების მწვერვალია "ფაუსტი"( I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832), რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა. "ფაუსტში" გარდამავალი ეპოქის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობაც ჯამდება და მომავალ ისტორიულ ეტაპთა პროფილიც ისახება. მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უღრმესი რეალისტური ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული სტილის ნაწარმოებია; სახეთა და ეპოზოდთა უმეტესობა სიმბოლური ხასიათისაა და ორ აზრს შეიცავს ― პირდაპირსა და გადატანითს, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ აზრს გამოხატავს. ჭარბად გვხვდება ალეგორიული, ქარაგმული სახეები, რომლებიც უზოგადეს იდეებსა და მოვლენებს მიანიშნებენ (მაგ., ტრაგედიის ექსპოზიცია და ფინალი, რომელთა ერთიანობა ნაწარმოების დედააზრს გამოხატავს); ფაუსტი განასახიერებს ადამიანის სულის კადნიერ ლტოლვას თავისი ემპირიული ყოფის შეზღუდულობათა დასაძლევად. მაღალი ჰუმანისტური იდეალისათვის, ახლისათვის ჭიდილი მიმდინარეობს "უკანასკნელ საზღვარზე", "ყოფიერების კიდეზე".

ფაუსტის გენიალური ძალთახმევა მოქმედებს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მთელი სისრულით, აბსოლუტური მასშტაბებით. ფაუსტის ანტაგონისტურად გვევლინება ბოროტი სული მეფისტოფელი. მისი სამყარო ცინიზმისა და უნაყოფო გონებამახვილობის, ნიჰილიზმისა და უსულგულობის ნიშნითაა დადაღული. მეფისტოფელის ერთადერთი ღირებულება ისაა, რომ მისი ნეგატიურობა ფაუსტს იმპულსად ექცევა პოზიტიურისაკენ სწრაფვაში. ნაწარმოების I ნაწილში ფაუსტი ინდივიდუალისტად გვევლინება, რომელიც თვითდადგინებისაკენ სწრაფვას საკუთარი სურვილით საზღვრავს. II ნაწილში ფაუსტს ცდომილებათა დაძლევის გზაზე თანდათანობით მოთხოვნილებად ექცევა "საზოგადო თავისუფლების" პრინციპი. მას ბუნებისა და საზოგადოების გარდაქმნის იდეა მოიცავს. ამ "დიადი საქმის" განხორციელების ჟამს ფაუსტს აუცილებლობად ექცევა რადიკალური ზომების მიღება (ბავკიდასა და ფილემონის ეპიზოდი).

ფაუსტის "მშვენიერი წამის" პოტენციურ არსად გვევლინება "თავისუფალ მიწაზე თავისუფალი შრომის" დამკვიდრება. ტრაგედიის I ნაწ. ხალასი პოეზიით, ემოციურობითა და დინამიკით აღსავსე შედევრია ხელოვნებისა; II ნაწ., თ. მანის თქმით, სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს. მისი ყოველი ეპიზოდი გასაოცარია და ბრწყინვალე, ღრმა აზრითა და დიდებულებით გამორჩეული. სცენა ფარსალიის ველებზე და პენეისზე, ელენეს ლეგენდის ჰუმორისტული წარმოდგენა ისეთი მხიარულებითა და სიმსუბუქით ბრწყინავს, რომ ამ ნაწარმოებთან ყოველი შეხება აღგვაფრთხოვანებს, ხელოვნების წყურვილს გვიღვიძებს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:48 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გოეთე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური პოეტია. სპინოზას მსგავსად, იგი ღმერთთან გაიგივებულ ბუნებას მიიჩნევს causa sui-დ ანუ ყოველივეს მიზეზად. უმთავრესი, რასაც გოეთე "სპინოზიზმს" მატებს, არის ის, რომ ბუნება-სუბსტანციას არსებითი თვისების სახით აკუთვნებს მოძრაობას. გოეთეს მოძრაობა წარმოდგენილი აქვს არა მექანიკური დინამიკის, არამედ სიმპათიური და პოეტური "მისწრაფების", სამყაროს "სასიცოცხლო სულის" სახით. მოძრაობის გამოსახატავად გოეთე იყენებს არისტოტელესა და ლაიბნიცის ტერმინს "ენტელექიას", ოღონდ ისე, რომ ამ იდეალისტურ ცნებას საკუთრივ შინაარსს უკარგავს. გოეთემ ბუნების დიალექტიკური კონცეფცია შეიმუშავა. მისი დიალექტიკის პრინციპია დაპირისპირება და აღმასვლა, ცენტრალური ცნებებია "მეტამორფოზა" და "პირველფენომენი". გოეთეს მატერიალური-დიალექტიკური სინთეზისათვის არ მიუღწევია, მაგრამ მძლედ იკაფავდა გზას მისკენ. ესთეტიკაში გოეთე იზიარებს არისტოტელესეულ "მიმეზისის" ანუ ბუნებისადმი ხელოვნების "მიბაძვის" კლასიკურ-რეალისტურ თეორიას.

გოეთეს ისტორიული მნიშვნელობის შრომები აქვს ბუნებისმეტყველობის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოეთეს მიერ ყბათაშორისო ძვლის აღმოჩენა (1784), მისი ნაშრომი მცენარეთა მეტამორფოზის შესახებ (1790); მანვე შემოიღო ტერმინი "მორფოლოგია". მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების აგებულების შესახებ გამოთქმული უმნიშვნელოვანესი დებულების გამო გოეთეს თავის დიდ წინამორბედად თვლიდა ჩ.დარვინი. გოეთეს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა მარქსიზმის კლასიკოსებმა.

გოეთესადმი ინტერესი საქართველოში XIX საუკუნეში გამოვლინდა და დღითი დღე იზრდება. ამას მოწმობს პოეტის ნაწარმოებთა თარგმანები, მისი ღრმად ჰუმანისტურ პრობლემატიკის მრავალასპექტოვანი ძიებანი და მეცნიერული შესწავლის წარმატებითი ცდები. ჩვენში გოეთეს მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქართული განყოფილება.

მიმაგრება: 7577508.png (62.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:50 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (Byron) (დ. 22 იანვარი, 1788, ლონდონი — გ. 19 აპრილი, 1824, მისოლუნგი, საბერძნეთი), ინგლისელი პოეტი.

დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებული "მოცალეობის საათები" 1807 გამოვიდა. სატირაში "ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი" (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა "ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის" პირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-იდან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.

ბაირონის დიდი პოპულარობა "ჩაილ ჰაროლდის" გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის გმირი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე იქცა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემაში ისმის პროტესტი არსებული სოციალური წყობილების მიმართ; საფრანგეთის განმანათლებლური იდეების გავლენით ბაირონი სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს ზნეობის დაცემასა და უმეცრობაში ეძიებს. პოემის თემატიკური, კომპოზ. (დღიურის ფორმა, ლირიკული გადახვევები), პოეტიკური სიახლენი კარგად ესადაგებოდნენ თხზულების რთულ თანადროულ პრობლემატიკას.

ბაირონი თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ. "მსოფლიო სევდის" გამომხატველი პოეტი გახდა. ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში ("გიაური", "აბიდოსელი სარძლო", "კორსარი", "ლარა", "კორინთის ალყა", "პარიზინა"). ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები განასახიერებენ აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი, და დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე ვითარდება.

დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც "ებრაული მელოდიები" (1814-1815), რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და, ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემა "მანფრედი" (1817), რომლის გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია, განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს. ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერია "კაენი" (1821); ბიბლიური გმირი გამოყვანილია შეურიგებელ მეამბოხედ, რომელიც ღმერთს აუჯანყდება და ადამიანის ბედნიერების მისაღწევად არსებულის უარყოფისა და ბრძოლის გზას ირჩევს. 1817-იდან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი ("ტასოს ჩივილი", 1817; "მაზერა", 1818; "ჩაილდ ჰაროლდის" ორი უკანასკნელი ქება, 1816-1817); პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები "მაჩინო ფალიერო, ვენეციის დოჟი", "სარდანაპალი", "ორი ფოსკარი" (სამივე 1821); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ სატირას ("ბეპო", 1818; "ირლანდიელი ავატარა", 1821; "სამსჯავროს ხილვა", 1822 და სხვა).

ბაირონის შემოქმედებით ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია დაუმთავრებელი რომანი ლექსად "დონ ჟუანი" (დაიწყო 1818), რომელშიც ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური სისტემის წინააღმდეგ, მისი პესიმისტური მსოფლაღქმა. ამ რომანშივე ბრძოლის რომანტიკულ პათოსს ენაცვლება პიროვნების სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მომავლის რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება რომანტიზმიდან რეალიზმისაკენ.

ბაირონი რომანტიზმის პროგრ. ფრთის უდიდესი წარმომადგენელია და, ამასთან, მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი და ნოვატორი. XIX საუკუნის მრავალი ქვეყნის ლიტერატურაში ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაც ბაირონიზმი ეწოდა. მას სხვადასხვა ქვეყანაში განაპირობებდა კონკრეტული ისტორიული პირობები; სხვადასხვა მწერლების შემოქმედება შესაბამისად გამოხატავდა ბაირონის პოეზიისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მხარეს. მაგალითად ინგლისში ჩარტისტულმა პოეზიამ შეითვისა ბაირონის რევოლუციური პათოსი, საფრანგეთში ვ. ჰიუგომ - ბაირონის თავისუფლების იდეალი, ა. დე ვინიმ - მარტოობის განწყობილება. ბაირონის პოლიტიკური იდეალები გაიზიარეს იტალიელმა პოეტებმა უ. ფოსკოლომ, ს. პელიკომ, ჯ. ლეოპარდიმ, გერმანელმა ჰ. ჰაინემ და უნგრელმა შ. პეტეფიმ. რუსეთში ბაირონის მეამბოხე განწყობილებას ეყმაურებოდნენ კ. რილეევი, ა. პუშკინი, განსაკუთრებით კი მ. ლერმონტოვი. საქართველოში ბაირონს ენათესავება ნ. ბარათაშვილი თავისი რომანტიკულ-ლირიკული განწყობილებითა და პათეტიკური ინტონაციით.

მიმაგრება: 4676147.jpg (10.7 Kb)


შეტყობინება შეასწორა RAPER - ორშაბათი, 20.09.2010, 22:50
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:51 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ.: Johann Christoph Friedrich von Schiller) (* 10 ნოემბერი 1759, მარბახ ამ ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი; † 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) - გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად იყო კლასიკური გერმანული ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელი.

დაიბადა მარბახში, ვიურტერმბერგი, სამხედრო ექიმის იოჰან კასპარ შილერის და ელისაბედ დოროთეა კოდვაისის ოჯახში. იყო ერთადერთი ვაჟი ხუთ დასთან ერთად. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა რელიგიურ-პიეტისტურ გარემოცვაში. დაამთავრა ლუდვიგსბურგის ლათინური სკოლა, სამხედრო სკოლაში ჯერ იურიდიულ, შემდეგ სამედიცინო განყოფილებაზე. ამ პერიოდში გაეცნო მორალისტურ ფილოსოფიას, ინგლისური და ფრანგული განმანათლებელთა იდეებს, დაინტერესდა ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობით. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის დრამატურგიამ.

შილერის პირველ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს "ქარიშხლისა და შეტევის" თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. იმავე იდეებსა და მხატვრულ პრინციპებს მიჰყვება შილერის დრამა "ყაჩაღები" (გამოქვეყნდა 1781, დაიდგა 1782), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულად მძაფრ, პოლიტიკურად მიზანდასახულ და ემოციურად მოქმედ ახალი ტიპის დრამას. ამ პიესის იდეური პათოსი გაჰყვა მეორე, იტალიის ისტორიულ თემაზე აგებულ დრამასაც "ფიესკოს შეთქმულება გენუაში" (1783).

მიმაგრება: 7923217.jpg (12.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:52 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სერ უოლტერ სკოტი (Sir Walter Scott, 1st Baronet; დ. 15 აგვისტო, 1771 - გ. 21 სექტემბერი, 1832), შოტლანდიელი ისტორიული რომანისტი და პოეტი, პოპულარული მისი დროის ევროპაში.

გარკვეული თვალსაზრისით სკოტი პირველი ინგლისურენოვანი ავტორი იყო, რომელიც ნამდვილი საერთაშორისო წარმატებით სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის პერიოდში, ჰყავდა რა მკითხველები ევროპაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი რომანები და პოემები დღემდე აქტუალურია და მისი ნაწარმოებების უმრავლეოსბა კლასიკად ითვლება, როგორც ინგლისურენოვან ლიტერატურაში, ისე შოტლანდიურ ლიტერატურაში. განთქმულ ნაწარმოებთა შორისაა "Ivanhoe", "Rob Roy", "The Lady of The Lake", "Waverley", "The Heart of Midlothian" და "The Bride of Lammermoor".

მიმაგრება: 0557720.jpg (7.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:53 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ვიქტორ-მარი ჰიუგო (ფრანგ. Victor-Marie Hugo, IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26 თებერვალი, 1802 ბეზანსონი – გ. 22 მაისი, 1885 პარიზი), ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.

საფრანგეტში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია პირველ რიგში ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის "განჭვრეტა" და "საუკუნეთა ლეგენდა" განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები "საბრალონი" და "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი".

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.

ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: "მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ" - წერს იგი სკოლის ჟურნალში [1]. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს "Le conservateur litteraire", რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.

1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე. მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის. იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს განჭვრეტას, ნაცვალგებასა და საბრალონს. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი გარდაიცვალა 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.

მიმაგრება: 3571169.jpg (10.5 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:54 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ალექსანდრე დიუმა (უფროსი) (ფრანგ. Alexandre Dumas, père) (დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრე დიუმას მამა.

ალექსანდრე დიუმას ბაბუა მარკიზი ანტუან-ალექსანდრე დავი დე ლა პეიეტერი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრე.

მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრე ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.

თომა-ალექსანდრე გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრე დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.

კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი“ (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარებულ იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა“ (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, 1830).

1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.

1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრე ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დაარსა თეატრი — თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859 წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.

მიმაგრება: 3199099.jpg (11.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:55 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ედგარ ალან პო (ინგლ. Edgar Allan Poe) (დ. 19 იანვარი, 1809, ბოსტონი ― გ. 7 ოქტომბერი, 1849, ბალტიმორი) — ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიკული მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერი. განთქმული მისი მაკაბრით (საშინელებათა ისტორიები), პო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ნოველისტია და ასევე მიიჩნევა დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად. მასვე მიაწერენ იმჟამად ჩასახული მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის გავრცელებასა და განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს[1]. ის იყო პირველი ამერიკელი მწერალი, რომელმაც სცადა მხოლოდ მწერლობით ერჩინა თავი.[2]

დაიბადა ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსი, დაბადების სახელი - ედგარ პო. ახალგაზრდა დაობლდა, როდესაც მამის ოჯახიდან წასვლის შემდეგ დედა გარდაეცვალა. პო აიყვანეს ჯონ და ფრენცის ალანებმა, რიჩმონდიდან, ვირჯინია, თუმცა ოფიციალურად არასდროს უშვილებიათ. ჩააბარა ვირჯინიის უნივერსიტეტში, რომელიც უსახსრობის გამო ერთ სემესტრში მიატოვა. ნებაყოფლობით წავიდა არმიაში, თუმცა წარუმატებლად დასრულდა მისი კურსანტობა ვესთ ფოინთში, რის შემდეგაც მისი და ალანების გზები გაიყო. საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო გამოქვეყნება, ანონიმური პოემების მცირე კრებულით - „თემურლენგი და სხვა პოემები“ (1827), გამოქვეყნდა „ბოსტონელის“ ფსევდონიმით.

შემდგომ გადაერთო პროზაზე და რამოდენიმე წელი იმუშავა ჟურნალებსა, პერიოდიკაზე. ცნობილი გახდა ლიტერატურული კრიტიკის საკუთარი სტილით. სამუშაომ აიძულა რამდენიმე ქალაქში ემოძრავა, მათ შორის ბალტიმორში, ფილადელფია, და ნიუ იორკში. ბალტიმორში 1835 წელს დაქორწინდა საკუთარ 13 წლის ბიძაშვილზე ვირჯინია კლემზე. 1845 წლის იანვარში გამოაქვეყნა პოემა „ყორანი“, რამაც მალევე მოიპოვა წარმატება. ორი წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი მეუღლე. პო გეგმავდა საკუთარი ჟურნალის „The Penn“ გამოშვებას (გადაერქვა „The Stylus“), თუმცა მის გამოშვებამდე გარდაიცვალა, 1849 წლის 7 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში, ქალაქ ბალტიმორში; მიზეზი უცნობია და მიეწერება სხვადასხვა პრობლემებს: ალკოჰოლს, ტვინში სისხლჩაქცევას, ქოლერას, სხვადასხვა წამლებს, გულის ავადმყოფობას, ცოფს, თვითმკვლელობას, ტუბერკულოზს ... [3].

პომ თავისი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია როგორც ზოგადად ლიტერატურაზე აშშ–სა და მსოფლიოში, ისე სპეციალიზებულ სფეროებში, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. პო და მისი ნამუშევრები მოგვიანებით ფართოდ გამოჩნდნენ მთელს პოპ–კულტურაში: ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილმებში და ტელევიზიაში. მისი რამდენიმე სახლი დღეს უკვე სახლ–მუზეუმადაა ქცეული.

მიმაგრება: 3977302.jpg (9.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:56 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (* 1786; გ. 1846; პეტერბურგი) - ქართველი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.

ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.

1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.

1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.

მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. 1806 წელს ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807 წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია.

1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა.

პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. 1811 წ. იგი პორუჩიკი გახდა. 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის ბრძანებით 1812 წ. თებერვალში მას გზავნიან კახეთში – სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.

1813 წ. 21 სექტემბრიდან 1814 წ. 6 ივლისამდე ალ. ჭავჭავაძე მონაწილეობს სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის. ბრძოლებში წარჩინებისათვის, რუსეთის არმიის პარიზში შესვლამდე, ალ. ჭავჭავაძე ბევრ მაღალ ჯილდოს იმსახურებს: წმ. ანას ორდენს II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალს წარწერით ¨გულადობისათვის¨ და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1814 წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა.

სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.

1827-1828 წლებში ალ. ჭავჭავაძემ თავი გამოიჩინა რუსეთ-სპარსეთის ომში. 1827 წ. ოქტომბერში მან თავრიზი აიღო. 1828 წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად.

1828 წ. 28 აგვისტოს მან ბრძოლით აიღო ციხე-სიმაგრე ბაიაზეთი, 8 სექტემბერს - სიმაგრე დადიანი და 10-ში – ციხე სიმაგრე თოფრაყალა.

1829 წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; 1830 წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.

1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ მას 4 წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს ”წარსულში დამსახურებისთვის”.

1838-1841 წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1838 წლის 4 აპრილს იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1842 წ. 23 დეკემბრიდან 1843 წ. 13 მარტამდე ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; 1842–1844 წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.

1846 წ. 18 ნოემბერს (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხა, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალ. ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

ალ. ჭავჭავაძე დასაფლავებულია კახეთში, შუამთის მონასტერში. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: "მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან".

მიმაგრება: 0828725.jpg (10.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:56 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.

ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც.

მასვე ეკუთვნის ნაშრომი საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:57 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 2 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1804, თბილისი ― გ. 21 მარტი/2 აპრილი, 1883, იქვე, დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში), ქართველი რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე.

პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI საუკუნე). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს“.

გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, ერეკლეს II-ის ქალის, ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.

გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.

1829 წელს გრ. ორბელიანი კახეთში ახლდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც სამხედრო საზღვრების უფროსად იყო დანიშნული. მეორე წელს იგი მონაწილეობას იღებს გრაფ პასკევიჩის ექსპედიციაში და ჭარ-ბელაქნის ლეკებს აშოშმინებს. იმავე წელს მონაწილეობს გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებაში.

1831 წლის ნოემბერში გრ. ორბელიანი ჩადის ქ. ნოვგოროდში, აქ მან ერთი წელიწადი დაჰყო. 1833 წლის მარტში გრ. ორბელიანს აპატიმრებენ და სასწრაფოდ გზავნიან თბილისში. პოეტს ბრალდებოდა კავშირი თავად-აზნაურთა იმ შეთქმულებასთან, რომელიც 1829 წლიდან მზადდებოდა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების და, საერთოდ, ცარიზმის წინააღმდეგ . გრ. ორბელიანს აშკარა დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს საქმის საბოლოო გამოძიების დამთავრებისთანავე. ავლაბრის ყაზარმებში სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. იქიდან გრ. ორბელიანი 1833 წლის მიწურულს გააწესეს ნევის საზღვაო პოლკში, რომელიც ვილნოში იყო დაბანაკებული. დიდი ვაი-ვაგლახითა და გზაზე სხვადასხვა ხიფათის გამოვლით გრიგოლ ორბელიანმა თავის პოლკს 1843 წლის 2 მაისს მიაღწია.

1837 წელს გრ. ორბელიანმა აიღო შვებულება და სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. 1838 წლის აგვისტოში ის შტაბს კაპიტნის ჩინით ხელმეორედ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, რომელიც ქ. გორში იდგა. ამიერიდან მომავალი გენერალი ფრთხილი და გარეგნულ პირობებს შეგუებული ოფიცერია.

1842 წელს გრ. ორბელიანი ავარიის (დაღესტანი) მიწებს იცავდა შამილის რაზმებისაგან. ენერგიულმა სამხედრო მოქმედებამ და ადმინისტრაციულმა ნიჭმა ის ჩქარა დააწინაურა: 1843 წელს გრ .ორბელიანი დანიშნეს ავარიის მმართველად, ან როგორც თავის თავს უწოდებდა — „ავარიის ხანად“ ამ წლის 2 ივნისს გრ. ორბელაინი ჩავიდა ხუნძახში, ავარიის ყოფილი ხანების რეზიდენციაში.1857 წელს გრ. ორბელიანმა იერიშით აიღო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი სალათაურში -ძველი და ახალი ბურთუნაი.

1858 წელს იგი, მრავალი ორდენით დაჯილდოებული, თბილისში გადმოჰყავთ კავკასიის მთავარმმართველ ბარიატინსკისთან.

მიმაგრება: 8833434.jpg (14.9 Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რომანტიზმი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz