დადეთ ლექსები... როგორც ნაცნობი, ასევე უცნობი ... დამატებულია (30.06.2010, 19:10)
---------------------------------------------
* * *
ზღვა ხმაურობდა
ყრუ ხმაურობით,
ანძა გრიგალის
მეთაურობით
მოგზაურობდა.
ძარღვებს თანდათან
ეს უცნაური
წეწდა, არღვევდა
აურზაური,
ზღვა ხმაურობდა.
ძარღვებში სისხლის
წვეთი ყოველი,
იმ სიმფონიის
ვერ დამტეველი,
გრიგალს სწყურობდა,
დენის ყოველი
მცირე ატომით,
ძალგამეტებით,
ძალგადაკვდომით
ზღვა ხმაურობდა.
და მე ვიგრძენი
უეცრად, მკაცრად -
არა ჩემს გარეთ,
არა რამე სხვა -
არამედ ჩემში
ახმაურდა ზღვა,
ზღვა ახმაურდა.
გალაკტიონ ტაბიძე
დამატებულია (02.07.2010, 14:48)
---------------------------------------------
* * *
ის, რომ ის ის არის,
ის, რომ შენ შენა ხარ,
ის , რომ მე მე მქვია,
ნეტავ არ მენახა!
არა, მე არა ვარ,
საშიში ურჩხული
და ამას არ უნდა
ბევრის თქმა, ჩურჩული.
ნეტავი რა არის
ჩემთვის უმთავრესი?
მე ლექსის მთლელი ვარ?
კალამი სალესი?
ნეტავი ვინა ვარ?
ან თუ ვარ საეთოდ?
ადვილი არ არის
ამ ფიქრით გაერთო.
მაგრამ ამ დროისთვის,
ვარ ძლიერ დაღლილი
და ძილი მწყურია,
მშვიდი და ადვილი.
ზოლია გამყოფი,
ჯდომის და დგომისაც,
მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და
ისინის შორისაც!
------------------------------
ჰანს არპი
დამატებულია (14.08.2010, 00:30)
---------------------------------------------
ტანო ტატანო
ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!
მიყვარს ეს ლექსი (ბესიკის)