კვირა, 09.08.2020, 13:46
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • საკრუინგო კომპანიები (13)
  • Job for seaman from Turkish shipowners (0)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (6)
  • დასაქმების პრობლემა (8)
  • ვაკანსიები (23)
  • იცინოდა ბევრი :) (0)
  • ვეძებ სამუშაოს... (12)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (9)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    რადგან ეძიებთ, ძალისამებრ გეტყვით ქრისტეს მიერ:

    შვიდია ნიჭი სულიწმინდისა, როგორც ამბობს ესაია, და შვიდია ეკლესიის საიდუმლო, რასაც მოქმედებს სულიწმინდა. ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, ხელთდასხმა (ე. ი. მღვდლობა, ე. ჭ.), ქორწინება, სინანული და წმინდა ზეთი (ე. ი. ზეთისკურთხევა, ე. ჭ). მოკლედ გაუწყებ თითოეული მათგანის შესახებ, თუმცა კი საღვთო ლიტურგიის განმარტებისას გაკვრით უკვე ვთქვით მათზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.




    ნათლობის შესახებ:

    ამრიგად, ნათლობა კვლავ გვშობს სულიწმინდით, რადგან წარვწყმიდეთ რა თავდაპირველი უვნებო შობა [1], გავხდით ურჯულოებებში მუცლადღებულნი და, როგორც ფსალმუნებს დავითი, ცოდვებში გვშვა ყოველი ჩვენგანი ჩვენმა დედამ (ფს. 50.2).

    მირონცხების შესახებ:

    მირონცხება შთაგვინერგავს იმ თავდაპირველ ბეჭედს და ხატისებრობას [2], რაც წარვწყმიდეთ ურჩობის მიერ, აგრეთვე - იმ მადლსაც, რაც საღვთო შთაბერვით გვქონდა მიღებული სულში [3]. ამიტომ, მირონცხება ატარებს სულიწმინდის ძალას, გვამდიდრებს მისი კეთილსურნელებით და არის ქრისტეს ნიშნულობა და ბეჭედი.

    საღვთო ზიარების შესახებ:

    ზიარება გვაერთებს თვით უფალთან და ვეზიარებით ჭეშმარიტად მის ხორცსა და სისხლს. რადგან ჭამის შედეგად მოვკვდით და დავშორდით სამოთხესა და ღმერთს, ზიარების მიერ კვლავ ახლად ვიძენთ მარადიულ ცხოვრებას და ხრწნილების უკუმგდებელნი ვუერთდებით მას, უკვდავს, მოკვდავქმნილს ხორცით ჩვენს გამო.

    ხელთდასხმის (=მღვდლობის, ე.ჭ.) შესახებ:

    ხელთდასხმა შემოქმედის ძალისა და უფლებრივობის მიმნიჭებელია. ამიტომ, რადგან არცერთი არსთაგანი არ არსებობს შემოქმედის გარეშე, ხოლო მოვიდა კი იგი, რომ კეთილმყოფობისაკენ წავეყვანეთ ჩვენ, მისი ეს ძალა უკუმიიღო მან ჩვენგან [4] და მოგვიბოძა თავისი მღვდლობის მიერ. ამიტომ, არაფერია წმინდა მღვდლის გარეშე. ამასთან, რადგან უფალმა დასაბამში ხილულთა მთავრებად დაგვადგინა ჩვენ, ამჟამად, უმჯობესი სახით, კვლავ მთავრებად დაგვადგენს იგი მღვდლობის, მიერ. ამიტომ ამბობს დავითიც: „დაადგენ მათ მთავრებად მთელ ქვეყანაზე". რადგან ცის კლიტენი მოგვცა მან ჩვენ.

    ქორწინების შესახებ:

    ქორწინება ღვთის მოწყალების საბოძვარია შვილიერებისათვის, ვიდრე ეს ყოველივე ხრწნადობაში დგას, რამეთუ არ ნებავდა ღმერთს, რომ პირუტყვული, დენადი და შესვრილი შენივთება ყოფილიყო ჩვენში, მაგრამ რადგან ნებსით მოვკვდით, დაგვითმო მან, რომ იმგვარადვე გვემოქმედა მოდგმის მონაცვლეობა, როგორც ეს ცხოველებთანაა (რათა გვცოდნოდა, თუ საღამდე დავედით), და ეს - მანამ, სანამ აღადგენდა და გააუკვდავებდა ჩვენს ბუნებას ის, უხრწნელი, ვინც მოკვდა და აღდგა ჩვენთვის. ამიტომაც აკურთხებს იგი ქორწინებას, რათა კურთხევის გარეშე არ იყოს ჩვენეული სიცოცხლის დასაბამი.

    სინანულის შესახებ:

    სინანული მოქმედებს დაცემულობიდან ჩვენს კვლავ ზეაღმართვას. ამიტომ, რადგან ნათლობის შემდეგ არ არსებობს სხვა უკუაღმოწოდება მომადლებითად და ბოძებითად, ღვაწლთა და შრომათა გარეშე [5], არამედ - მოქცევისა და ცრემლთა მიერ, ცთომილებათა აღმოთქმითა და ბოროტებათაგან განდგომით, ამიტომ არის მოცემული ეს დიდი ძღვენი, რაშიც შეიყვანგბა, აგრეთვე, მონაზონთა სქემა, ვითარცა წინდი სინანულისა.

    წმინდა ზეთის შესახებ:

    წმინდა ზეთიც გადმოცემულია, როგორც სამღვდელო საიდუმლო და საღვთო წყალობის სახე, რაც ებოძებათ ცოდვისგან მოქცეულთ გამოსახსნელად და განსაწმენდად. ამიტომაა, რომ ცოდვათაგან გათავისუფლებასაც გვანიჭებს იგი, უძლურებათაგანაც აღვგმართებს და სიწმინდითაც გვავსებს. ყოველივე ეს გადმოგვცა იესო ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა, და მის მიერ მისმა საღვთო მოწაფეებმა, რადგან ვართ რა ორმაგნი, სულისაგან და სხეულისა, ესეც ორმაგადვე გვებოძა ჩვენ, ისევე როგორც ჭეშმარიტად ორმაგი გახდა იგი ჩვენს გამო [6], იყო რა ჭეშმარიტად ღმერთი და შეირაცხა რა ჭეშმარიტ კაცად, რომ, ერთი მხრივ, სულიწმინდის მადლით გონისეულად განეწმინდა მას ჩვენი სულები, მეორე მხრივ კი გრძნობადთა მიერ, კერძოდ წყლით, ზეთით, პურით, სასმისითა და სხვა დანარჩენთ, რაც განწმენდილია სულიწმინდისგან, - წმინდაეყო ჩვენი სხეულები და მოენიჭებინა მთელსრული [7] ცხონება.



    შენიშვნები

    1. შდრ. τήν πρώτην άπαθη γέννησιν (ლათ. priore a vitio immuni nativitate). იგულისხმება ჰირველმშობელთა თავდაპირველი (ცოდვამდელი) უვნებო და უცოდველი შექმნილობა, ღვთივქმნილობა.

    2. წმინდა მამები ადამიანის თავდაპირველ მდგომარეობას, ჩვეულებრივ, უწოდებენ არა „ხატს" (ει'κών), არამედ „ხატისებრობას" (τό κατ' ει'κόνα). წმ. სვიმეონიც აღნიშნავს, რომ ადამიანმა ცოდვით წარწყმიდა არა ხატი (ει'κών), არამედ ხატისებრობა (τό κατ' ει'κόνα), რასაც კვლავ შთაგვინერგავს მირონცხება (შდრ. καί τό κατ' ει'κόνα έντίθησιν. შდრ, ლათ. თარგ.: et imaginis imponit similitudinem).

    3. იგულისხმება შეს. 2. 7: „და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოველად". ეკლესიის მამათა სწავლებით ამ თავდაპირველი შთაბერვის განახლებაა მაცხოვრისეული შთაბერვა მოწაფეებისადმი, რაზეც გვაუწყებს იოანე მახარებელი: „და ესე ვითარცა თქუა, შთაჰბერა და თქუა: მიიღეთ სულრწმიდაჲ" (ი. 20.22).

    4. იგულისხმება, რომ განკაცებულმა ღმერთმა კაცობრივად მიიღო ხელთდასხმა კაცისგან, იოანე ნათლისმცემლისგან, ისევე როგორც მიიღო მან ხელთდასხმა ანუ ქიროტონია (χειροπονία) სულიწმინდისგან. ამის შესახებ წმ. სვიმეონ თესალონიკელი აღნიშნული შრომის 45-ე თავში შემდეგს გვასწავლის;

    „თავი 45

    რომ მღვდლად და მღვდელთმთავრად იქნა ხელთდასხმული (κεχειροτόνηται) მაცხოვარი სხეულებრივად.

    ხოლო ის, რომ ჩვენს მღვდლად და მღვდელთმთავრად იქნა ხელთდასხმული მაცხოვარი, თვით მანვე გაგვიცხადა ეს, რომელიც არის სიტყვა ღვთისა, ჩვენს გამო ხორცშესხმული, მამისგან დამოწმებული და სულით ხელთდასხმული (καί τω Πνεύματι χειροτονηθείς, შდრ. ლათ. et a Spiritu sancto ordinatus est), როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „აღდგება კვერთხი იესეს ძირისგან და ყვავილი ამოვა ძირისგან და განისვენებს მასზე სული ღვთისა" და შემდგომი. იხილე, თუ როგორ მიიღო მან ეს საკვირველი და უბრწყინვალესი ხელთდახხმა (χειροπονία), რომელიც თუმცა კი არის ბუნებით ღმერთი და აქვს მას ყოვლადძლიერება, ყოვლადქმედითობა და სიწმინდე (რადგან ცხოველი, წმინდა და ყოვლადძლიერი სიტყვაა ღვთისა), მაგრამ მაინც ჩვენს გამო სხეულებრივად ხელთდასხმულ იქნა მამისგან (σωματικος κεχειροτόνηται παρά του Πατρός) და ეს - თვით ნათლობისას პირველად, რადგან ერთდროულად იყო იგი ნათელღებულიც და ხელთშეხებულიც, როგორც ხელთდასხმული (χειροπτούμενος ώς χειροτονούμενος), რაც იოანესგან იყო, რომელმაც ხელი დაადო მას და მიიღო მან სულიწმინდა (καί τό Πνευμα δεχόμενος), მაგრამ განსაკუთრებით ხელთდასხმულ იქნა იგი მამისგან, რაჟამს სულიწმინდა გარდამოვიდა ნაცვლად ხელისა, ხოლო თვით მამამ ეს თქვა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელიც ვისათნოვე". მეორედ უფრო ბრწყინვალე ხელთდასხმა მიიღო მან ფერისცვალების მთაზე, როდესაც ზესთგაბრწყინდა (ύπερέλαμψεν) საღვთო დიდების სინათლით იგი, ჭეშმარიტების მზედ შერაცხილი, ხოლო იმ ნათლიერი ღრუბლის შუაში იქმნა იგი, რაც მოასწავებდა სულიწმინდას, მარადის მასთან მყოფს, და ღრუბლიდან კი მამამ ხორციელადაც განიკუთვნა იგი, რაჟამს ერთდროულად ემოწმა კიდეც მას, ისათნოვა კიდეც იგი და გააცხადა კიდეც მოძღვრად თავისი ცხოველი სიბრძნე, რადგან კვლავ თქვა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელიც ვისათნოვე", და დასძინა: „მისი ისმინეთ". ეს კი მოძღვრებისა არის, რაც თვით ქრისტემაც მისცა მოწაფეებს და უთხრა: „ვინც ისმენს თქვენსას, ჩემსას ისმენს" ხედავ, თუ როგორ იქნა იგი ხელთდასხმული (κεχειροτόνηται, fuit ordinatus) მამის მიერ სულიწმინდაში?" (PG. 155,189-192).

    5. იგულისხმება, რომ ნათლობა ადამიანს ეძლევა როგორგ მადლი და საბოძვარი ანუ საჩუქარი, რაც უჭირველად ანუ ყოველგვარი შრომისა და ღვწის გარეშე ათავისუფლებს ადამიანს ყველა ცოდვისგან (როგორც pირველქმნილიsგან, ასევე პიროვნულისგან), მაშინ როცა ნათლობის შემდეგ ჩადენილი ცოდვები მხოლოდ შრომათა და ღვაწლთა მიერ, ცრემლთაღვრითა და ღრმა სინანულით აღიხოცება.

    6. განკაცებულ ღმერთს საეკლესიო დოგმატიკა უწოდებს „მრჩობლს" ანუ ორმაგს (διπλους), რითაც აღინიშნება მაცხოვრის ორბუნებოვნება.

    7. შდრ. ბერძნ. όλοτέλης რაც კომპოზიტია და ბუკვალურად ნიშნავს „მთელსრულს". რასაც თავისი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს.
    კატეგორია: ლიტურგიკა | ნანახია: 976 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    ეკლესია არის ტაძარი ღვთისა, წმინდა სავანე, სალოცავი სახლი, შესაკრებელი ერისა, ქრისტეს სხეული, სახელი და სძალი მისი; ეკლესია სინანულისა და ლოცვისათვის უხმობს ერს, წმინდაქმნილია იმ წყლით, რომლითაც წმინდად ნათელიღო ქრისტემ, უფლის პატიოსანი სისხლი ესხურა მას, საქორწილოდ მოირთო და აღიბეჭდა სულიწმინდის მირონით, როგორც ამის შესახებ გვაუწყებს საწინასწარმეტყველო სიტყვა: „გადმოღვრილი მირონი არის შენი სახელი; მოვისწრაფით შენი მირონის სურნელისაკენ" (ქება 1.3). აგრეთვე: „როგორც მირონი, რომელიც თავიდან წვერამდე ჩამოდის, - აარონის წვერამდე! მისი სამოსლის ძირამდე ჩამოდის" (ფსალმ. 132.2); სხვაგვარად, ეკლესია არის ცა მიწაზე, რომელშიც ზეციური ღმერთი სახლობს და მიმოდის. ეკლესია სახეობრივად წარმოაჩენს ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვას და აღდგომას. მოსეს „საწამებელ კარავზე" უფრო დიდია იგი, პატრიარქთაგან წინასწარვე გამოისახა და მოციქულთა მიერ დაეფუძნა. მასშია სალხინებელი და წმინდა წმინდათა. ეკლესია წინასწარმეტყველთა მიერ არის წინდაწინ ქადაგებული, მღვდელთმთავართა მიერ შემკული, მოწამეთა მიერ სრულქმნილი და მათ წმინდა ნაწილებზე დასაყდრებული. სხვაგვარად, ეკლესია არის საღვთო სახლი, სადაც საიდუმლო და ცხოველი მსხვერპლი შეიწირება. აქვეა სამღვდელთმსახურო წიაღი და წმინდა გამოქვაბული. აქვეა საფლავი, აგრეთვე, სულისმარგებელი და ცხოველმყოფელი ტრაპეზი. ეკლესიის მარგალიტები უფლის მიერ მოწაფეებისადმი გადაცემული მოძღვრების საღვთო დოგმატებს გულისხმობს.

    „კვერი" ანუ „კეტი" (ό σημαντήρ) სახეა სამსჭვალთა, რომელთა მიერ დაემსჭვალა უფლის ხელ-ფეხი. ქვეყნიერების დასასრულამდე გახმიანდა იგი. „სარეკელი" (τό σημαντήριον) მოასწავებს ანგელოზთა საყვირს, რომელიც უხილავ მტერთა წინააღმდეგ საომრად უხმობს ღვაწლშემოსილებს.

    ნათლისღების შესახებ ეს განუჩინა და უთხრა მოსეს ღმერთმა: „ჩადი ქვევით, უწამე ერს და განწმინდე ისინი. გაირეცხოს მათი სამოსი, რომ გაემზადნონ და ამოვიდნენ ჩემთან მთაზე" (გამოსვლ 19.10-11). ასევე, ესაია წინასწარმეტყველის პირით ამბობს ღმერთი: „განიბანეთ და განიწმინდეთ: მოუსპეთ თქვენს სულებს ბოროტებანი" (ეს. 1.16); აგრეთვე: „მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლისებრ გავასპეტაკებ" (ეს. 1.18); თავად უფალი ამბობს: „უკეთუ ვინმე არ იშვება წყლისა და სულისაგან, ვერ შეძლებს შესვლას ღვთის სასუფეველში" (იოანე 3.5). მანვე თავის მოციქულებს ეს აუწყა და უთხრა: „მოვლეთ მთელი სამყარო, დაიმოწაფეთ ყოველი ხალხი. მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით ნათელი ეცით" (მათე 18.19).

    ნათელღებულნი ვართ ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მიმართ, რადგანაც წყალში ჩასვლითა და ამოსვლით ანუ სამგზისი ჩაძირვით სწორედ ქრისტეს სამდღიან დაფლვასა და აღდგომას გამოვხატავთ და ვაღიარებთ, აგრეთვე - იმას, რომ თავად უფალიც მოინათლა იორდანეში იოანეს მიერ.

    ნათელღებულისათვის ზეთის ცხება იმ ზეთითვე სრულდება, რომლითაც იცხეს მეფეებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა. ქრისტემაც, როგორც მეუფემ და მღვდელმა, ხორცშესხმის საცხებლით მიიღო ცხება. იგი აბრკოლებს ეშმაკს, რომელიც ვეღარ დაგვძლევს მომაკვდინებელი ცოდვის ძალით! ადამის ურჩობამ რომ მოაწია ჩვენზე.

    „წყალი" აღნიშნავს საიდუმლოდ ჩენილ საიდუმლო ემბაზს ანუ ემბაზს სული წმინდის ცეცხლისას და წყლისას, იგი განწმენდს ცოდვათა ბიწიერებას, მეორედ შობისაკენ გვიხმობს ჩვენ და ახლად გვშობს საუკუნო ცხოვრებისათვის. ნათლისღების გზით ღვთის შვილნი ვხდებით, რადგანაც თავს ვაღწევთ ეშმაკისეულ მძლავრებასა და დამონებას. მადლი ღვთის ძისა თავისუფლებას გვანიჭებს ჩვენ.

    ნათლისღების ჟამს წყლითა და სულით წმინდაგვყო და განგვწმინდა უფალმა, თვით წარგვადგინა ღვთისა და მამის წინაშე და თქვა: „მამაო მართალო, აჰა, მე და შვილნი, რომელნიც მე მიბოძე! შენივე სახელით წმინდაყავ შენგან ბოძებულნი რომ განიწმინდონ და შეგიცნონ შენ - მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და ის, ვინც მოავლინე - იესო ქრისტე", და დაიმკვიდრონ სასუფეველი ჩემი. ასეთების შესახებ იტყვის მამა: „დავმკვიდრდები მათში და მიმოვივლი მათ შორის, ვიქნები ღმერთი მათთვის, ისინი კი ჩემს წინაშე - განწმენდილი ერი და სამეუფო სამღვდელოება" (II კორ. 6.16: მომდინარეობს ლევ. XXVI 12-დან). სულიწმინდა მტკიცეჰყოფს აღთქმას, რადგანაც მოწმეა ჭეშმარიტი და შეუბღალავი (ά παράγραπτος, irreprehensibilis), რომელიც რწმენით აღგვავსებს ჩვენ. იხილე წმინდა ზედწერილი (έπιγραφή), რამეთუ წმინდა სამებას სიგელის (Λιβελλον) წესით წააწერს სულიწშინდა, როგორც ენა ღვთისა მამისა და „კალამი სწრაფმწერი მწიგნობრისა" (ფსალმ. 44.2), რომელიც არათუ მელნითა და ფურცლით გამოგვისახავს ქრისტეს ნიშს (διαχάρρατον έν τη σημειώσει του Χριστου), არამედ - საცხებელი მირონის მიერ და როგორც ახალ წიგნში, მორწმუნეთა გულის ფიცარზე ქრისტეს ჯვარს ამოტვიფრავს. ამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი: „დავწერე ჩემი რჯული, იტყვის ღმერთი, მათ გულებზე და დავნიშნე იგი მათ შუბლებზგ, რომ გამოინიშოს მათ შორის ნათელი ჩემი პირისა და იყვნენ ისინი სახელოვანნი მთელ ქვეყანაზე" (იერ. XXXI.33). ჩვენც დავიმკვიდრებთ მის სასუფეველს, როგორც ჭეშმარიტი შვილები და მემკვიდრეები, თუკი ვიღვაწებთ იმისათვის, რომ მრთელად დავიცვათ წმინდა ნათლისღება და მრთელად - ბეჭედი.

    კონქი სახეა ბეთლემის გამოქვაბულისა, სადაც იშვა ქრისტე, აგრეთვე, გამოქვაბულისა, სადაც დაიმარხა იგი, როგორც ამბობს მარკოზ მახარებელი: „იყო გამოქვაბული, კლდეში გამოკვეთილი. და იქ დაასვენეს იესო" (იოან. XI.38; XIX.41,42; შდრ. მარკ. 15.46).

    ეკლესია ის ადგილია, სადაც საიდუმლო და წმინდა მსხვერპლი შეიწირება. სიწმინდის შიგნით (ίερατείου) არის გამოქვაბული, სადაც საფლავია უფლის წილ (άντ' αύτου).

    საკურთხევლთს კონქი გადასვენებაა (μετάθεσις) ჯვრისა, ხოლო კოშკები (πύργοι) - ნიშანდებანი. ამიტომაც, ორივე მათგანი გონივრულად განალაგეს მღვდელომსახურთა პირისპირ.

    წმინდა ტრაპეზი აღნიშნავს საფლავის ადგილს, სადაც დაასვენეს ქრისტე; მასში დევს ჭეშმარიტი და ზეციური პური, საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი, „რომელიც ცხოვლად შეიწირება. უფლის ხორცი და სისხლი საუკუნო ცხოვრების საჭმელად და სასმელად მიენიჭათ მორწმუნეებს.

    ტრაპეზი ტახტია ღვთისა, რომელზეც ზეციერმა და ქერუბიმებზე ამხედრებულმა ღმერთმა განისვენა.

    ამავე ტრაპეზზე, საიდუმლო სერობის ჟამს, მოციქულთა შორის ინახიდგა უფალმა, რომელმაც აიღო პური და ღვინო და ეს უთხრა მის მოწაფეებსა და მოციქულებს: „მიიღეთ, ჭამეთ და სვით, რადგანაც ეს არის ხორცი ჩემი და სისხლი ჩემი" (მათ. XXVI.26-28).

    რჯულისეულმა ტრაპეზმა ცით მოვლენილი მანანის სახით წინასწარ მოასწავა ქრისტე.

    წმინდა ტრაპეზი მონაცვლეა იმ ტრაპეზისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მოწაფეებთან;

    ტრაპეზის მარგალიტები [1] აღნიშნავს უფლის მიერ მოწაფეებისადმი ნამესაიდუმლოები მოძღვრების საღვთო დოგმატებს.

    კიბორიონი ანუ კიდობანი იქაა, სადაც არის ჯვარცმა. იგი მონაცვლეა იმ ადგილისა, სადაც ჯვარს ეცვა ქრისტე. ახლოსაა ის ფუძემაღალი ადგილი უფლის საფლავთან.

    ეკლესიაში იმგვარადაა ყველაფერი განწესებული, რომ ერთბაშად გაცხადდეს ქრისტეს ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომა.

    კიბორიონი გამოსახავს, აგრეთვე, უფლისმიერი აღთქმის კიდობანს, რომელშიც არის წმინდათა წმინდა და მისი წმინდამყოფელობა. კიდობნის ორივე მხარეს, ღვთის განწესებით, ორი ქერუბიმია გამოქანდაკებული. სიტყვა „კიბ" ნიშნავს კიდობანს, ხოლო „ორიონი" - უფლისმიერ ნათელყოფას ანუ ღვთის ნათელს. [2]

    საკურთხეველი არის სალხინებელი, მსგავსი ქრისტეს წმინდა საფლავისა, სადაც სრულდება მსხვერპლშეწირვა ცოდვათა ჩვენთათვის. თვით ქრისტემ საკურთხეველში მსხვერპლად მიუძღვნა თავისი თავი ღმერთსა და მამას, როდესაც ტარიგის მსგავსად შეიწირა მისი სხეული. მან, როგორც მღედელთმთავარმა და ადამიანის შვილმა, შეწირა კიდეც, და თვითვე შეიწირა როგორც საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი. სიტყვისმიერი მსახურებით წმინდად ემსხვერპლა იგი მორწმუნეებს. მის მიერ ვეზიარეთ საუკუნო და უკვდავ ცხოვრებას.

    სწორედ ეს ტარიგი მოასწავა მოსემ, როდესაც მან ეგვიპტეში შეღამების ჟამს კრავის სისხლით უკუმიაქცია სიკვდილის მთესველი ანგელოზი და იხსნა ერი (იხ. გამოსლ. XII.13-20).

    „შეღამება" იმას ნიშნავს, რომ სწორედ შეღამებისას დაიკლა ჭეშმარიტი ტარიგი - ქრისტე, რომელმაც თავისი ჯვრით მთელი ქვეყნიერების ცოდვები იტვირთა: „პასექი ჩვენი, რომელიც ჩვენთვის შეიწირა - ქრისტე!" (I კორ. V.7).

    საკურთხეველი არის და ითქმის ბაგად და საფლავად უფლისა. საკურთხეველი არის მსგავსება ზეციური და გონისმიერი საკურთხევლისა: აქ მიწის მკვიდრი და ხორციელი მღვდლები სახეობრივად გვიცხადებენ უნივთო და ზენა ძალთა გონისმიერ და ღვთისმსახურ (λειτουργικάς) იერარქიებს, აქვე წარუდგებიან და მარადიულად მსახურებენ ისინი უფალს. ამიტომ, მართებთ, რომ იყვნენ ვითარცა „ალი ცეცხლისა". ღვთის ძემ და ყოველთა მსაჯულმა ზეციურ განწესებათა მსგავსად ამქვეყნიურთა სიმწყობრეც განაჩინა.

    ბემა ანუ „მაღალი დასაჯდომელი" არის ფუძემაღალი ადგილი და ტახტი, რომელზეც დაბრძანებულია ყოვლადმეუფე ქრისტე თავის მოციქულებთან ერთად, როგორც თვით ეტყვის მათ: „დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი" (მათე XIX.28).

    „ტახტი" აღნიშნავს სარწმუნოების ქადაგებას. უშიშრად ქადაგებდნენ და ასწავლიღნენ მოციქულები, რომლებმაც უფლისგან ქადაგების წილ საზღაურად მიიღეს ზეციური სასუფეველი, სადაც, ცხადია, არ არის დასაჯდომელი. „ტახტი" მოასწავებს, აგრეთვე, ქრისტეს მეორედ მოსვლას, როდესაც დიდებით მოგვეახლება იგი და განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს; საქმეთა მიხედვით მიუზღავს ყველას და განსჯის მთელ სამყაროს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: „დასხდნენ ტახტები განსასჯელად, ტახტები - დავითის სახლზე".

    „კოსმიტი" (ნათცრ) გულისხმობს რჯულისმიერ და წმიდა კოსმიონს ანუ სამკაულს, რომელიც ავლენს ჯვარცმული ქრისტეს ბეჭედს, შემკულს ჯვრის მიერ.

    „ბოძები" (აააარ,) ანუ „მკერდები" (თირზათ), რომლებიც ბემას ანუ „დასაჯდომელს" დანარჩენი ტაძრისაგან გამოყოფენ, ასეთ აზრს შეიცავენ: ბემის ანუ „დასაჯდომელის" გარეთ არის ტაძარი, აგრეთვე, შესასვლელი და ის ადგილი, სადაც დგ ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ლიტურგიკა | ნანახია: 932 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    ასეულო ჩემო, მოძღვარი შენი გრიგოლ მოგიძღუანებ ამა სათნოსა საუნჯეს; ხოლო ყოველთა ძღვენთაგან უმჯობესია სულიერ მამის შეგონებანი.

    უწყოდე, ოლიმპიადა - ძვირფას ქვათაგან შეჭედილ ოქროთი არ განშვენდებიან დედანი; ხოლო ხატებას ღვთისას ნუ დაიფარავ ფერ-უმარილით - ამ სამარცხვინო საკეკლუცოთი და პირ-სახეს შენსას ნუ წარხოც სხვა რამ მომაკვდინებელ ხატებით. მეწამული და ოქროქსოვილი, ელვარე და ჭრელა-ჭრულა სამოსი მათ დაუტევე, რომელთ ნათელი ცხოვრების არა ჰმოსიათ; ხოლო შენ იღვაწე უბიწოებისათვის, შინაგან თვალის განსაცვიფრებელ, ღირსახეს სილამაზისთვის. დედაკაცში ყოველთა ფერთა მშვენიერია კეთილზნეობა, რომელ მყარია და არა სადა დაუტევებს მას მშვენება ესე.


    უწინარესად თაყვანსასცემდე უფალს და მერმედ მეუღლეს შენსას - რომელ თვალია შენის ცხოვრების და წინამძღოლი ზრახვათა შენთა. მას ერთსა ჰყვარებდე, მას ერთსა გულს უხარებდე, და რაც უფრო ნაზი სიყვარული აქუნდეს შენდამი, მით მეტითა პასუხობდე. ერთსულოვნების საკვრელ-ქვეშ დაიცევ ურყევი ერთგულება. იმგვარ თავისუფლების ნებას ნუ მისცემ შენს თავს, რაგვარსაც გაწვევს ქმრის სიყვარული, არამედ - წესისამებრ იქცეოდე; რამეთუ ნაყროვანება ყველაფერშია შესაძლო.

    დედაკაცად შობილი, მამაკაცისთვის ჩვეულ მედიდურობას ნუ მიინიჭებ და ნურცა გვარ-ტომობითა აღიმაღლებ თავს, ნურც შესამოსელით გაყოყოჩდები და ნურცა ჭკუა-გონებით იამპარტავნებ. გონება შენი მეუღლეობის კანონსა მორჩილებს; რამეთუ საკვრელი ქორწინებისა ქმრისას და ცოლისას ყოველსავე ერთჰყოფს.

    როცა გაგულისებულია ქმარი - დაუთმე მას; ხოლო თუ გადაღლილია, თბილი სიტყვითა და კეთილ-რჩევებით შეეწიე. ლომ-ვეფხვის მომთვინიერებელიც არ ხმარობს ძალას გაავებული ცხოველის დასამორჩილებლად, არამედ ფერებითა და საალერსო სიტყვებით შეაგონებს მას.

    რაოდენ მწყრალად არ იყო, ნუროდეს უსაყვედურებ მეუღლეს მოწევნილ ზარალისათვის; რამეთუ შენთვის თავად იგია უმჯობესი მონაგები ყოველთა მოსაგებელზე. ნურც მას უსაყვედურებ ქმარს, ოდეს შედეგი მიზნისამებრ ვერ აღსრულდება. უსამართლობა იქნება ეს, რადგან დემონთა მანქანებით, ხშირად კეთილზრახვანიც ვერ აღწევენ მიზანს. ნურც უძლურებისთვის ყვედრი მეუღლეს შენსას, რადგან მახვილში მუდამ არის ძალა.

    ვინც შენს ქმარს არ უყვარს, ნურც შენ შეუქებ მას ეშმაკურ ზრახვით-გულისსატკენად. კეთილშობილ ცოლ-ქმარს, და მით უფრო - ცოლს, ყოველგვარ შემთხვევაში მართებს გულწრფელობა.

    საზიაროდ მიითვალე ყოველი ჭირი თუ ლხინი ქმრისა შენისა და ზრუნვაც ყოველი ერთგაქვნდეთ; რამეთუ ამაზედ დაეფუძნება ოჯახი.

    შენმა რჩევამაც შესაძლოა ივარგოს; მაგრამ თავი ყოველთვის მამაკაცი უნდა იყოს.

    ოდეს იურვის ქმარი შენი, შენც შსწუხდი მისთანა (ჭმუნვაში მეგობართა თანადგომა დარდს განაქარვებს), ხოლო შემდგომ უმალ გახალისდი და განუქარვე მას მჭმუნვარება; რამეთუ დარდში ქმრისათვის ყველაზე საიმედო საყუდელი - ცოლია.

    საქმიანობა შენი საქსოვ-სართავი და ღვთის სიტყვის სწავლა იყოს, ხოლო გარეშე საქმის ზრუნვა ქმარს მიანდევი.

    სახლიდან ხშირად ნუ გახვალ და ნუ შეერთვი საზოგადო ლხენა-გართობას და უწესო კრებულს - საცა კდემამოსილნიც განიძარცვიან კდემისაგან და სადაცა არის თუალთ-მიდგმა; ხოლო სირცხვილის დაკარგვა - ყოველ ვნებათა დასაბამია.

    რიგიან კრებულშიც კეთილგონიერთან სვლას განგიწესებ, რათა გონებაში კეთილი სიტყვა აღგებეჭდოს და მით ვნება რამ აღმოიძირკვო, ანუ სათნოება რამ შეგეძინოს.

    შენი სახლია შენთვის ქალაქი. ნუ მისცემ თავს უფლებას გარეშეთ ეჩვენებოდე, ოდენ ხოლო კეთილგონიერნი ნათესავნი, მღვდელნი და ჭაღაროსანნი გხედვიდნენ და უმჯობეს ყმაწვილთა იყვნენ შენთვის ესენი. ნურც თავმაღალთა და ურცხვთა დედაკაცთა ეჩვენები; და ნურც კეთილსათნო მამაკაცთან ნუ გამოსჩნდები, მით უფრო თუ ქმარს შენსას არ სურდეს შინ მათი ნახვა. და ვინ ესრეთ გარგებს შენ, ვითარ მეუღლე შენი კეთილი, დაღათუ ის მხოლო გიყვარს.

    ზე გაქუნდეს გული, გარნა ნუ იქნები ქედმაღალ.

    ნუ დაეშურები ქორწილ-დღეობათ, სადაც არს მთვრალობა, როკვა, სიცილი და თვალშეუდგამი ხიბლები. ესე ყოველი აუძლურებს და უბიწოთ გაალაღებს, ვითარცა მზის სხივი ცვილს.

    ნურც შენ გამართავ ოჯახში ლხენა-ქეიფებს, ნურც ქმრის შინ ყოფნისას და ნურც უმისოდ. დაღათუ სტომაქს საზღვარს დაუდებ, ეგების ვნებებიც დაიოკო. დაუმჭირვებელი სტომაქი მეც მაშინებს და შენს ქმარსაც.

    პირსახეზე არც ვნება უნდა დაგთამაშებდეს და არც მრისხანება გითრთოდეს. ყოველი ადამიანისათვის სამარცხვინოა ეს, მით უფრო დედაკაცისათვის.

    ყურთა შენთა, არათუ მარგალიტთაგან განაშვენებდე, არამედ სწვრთიდე კეთლსიტყვათა სასმენლად, ხოლო ძვირსიტყვაობისათვის დაიხშე თვალნი გონებისა. ყურნი შენნი განხვნილნიცა და დახშულნიც უბიწოებას ოდენ ისმენდნენ.

    ქმრის სიახლოვეს ქალწულებრივი მორცხვობით გეფაკლებოდეს ღაწვნი. უცხოთ ჭვრეტაზე წითლდებოდე, ხოლო ეცადე თავად არვისა სჭვრეტდე, არამედ მიწად დახარე თვალნი.

    თუ ენას აღვირს არ ასხამ, მოგიძულებს ქმარი. ენამწარობით ხშირად უდანაშაულოც ბოროტვნებულა. საქმეც რომ ითხოვდეს, მაშინაც დუმილი ჯობია, არამც თუ უადგილოდ სიტყვის წამოსროლა.

    მალიად სვლა უბიწოებას არა შვენის. სიარულშიაც გამოსჩანს რაღაცა თავხედური.

    ესეც გულისხმაჰყავი: ნუ მიეცემი დაუოკებელ ხორციელ სიყვარულს და ყოველდროს ნუ ეძიებ ცოლ-ქმრული სარეცლის სიამოვნებას; მეუღლესაც შეაგონე წმიდა დღეთა პატივისცემა, რამეთუ დიდებულისა ღმრთისა ხატების მორჩილება ჯერარს კანონით, დაღათუ ძემ ღვთისამ თავადვე მოგვცა კაცთ მოდგმას კანონი ქორწინებისა, რომლის ძლით თაობა გრძელდება; ხოლო ერთნი მიდიან და მეორენი მოდიან და განახლებული თაობა იმ მდინარეს ემსგავსება, რომელიც სიკვდილის მეუფების მიზეზით არცა დგას ერთ ალაგს და მუდამ კი აღვსებულია ახალშობის მიზეზით.

    მაგრამ მე რისთვის გითხრა წვრილად ყოველი? რჩევით კი გირჩევ, მაგრამ ამისთვის უკეთეს მრჩევლად გყავს შენ თეოდოსია - გათხოვილ ქალთა შემწედ მოვლენილი იგი ცხოვრების მაგალითია შენთვის სიტყვასა და საქმეში. მან მიგირქვა შენ მამისაგან და ყოველი კეთილიც მანვე განაცხოველა შენში. იგი ღვიძლი დაა უანგარო და ჭეშმარიტების მღაღადებელ არქიეპისკოპოს ამფილოქესი, რომელიც სიქადულია ჩემი და რომელსაცა უმწიკვლო თეკლასთან ერთდ ღმრთისა მიმართ წინავუძღოდი.

    დაღათუ ჭაღარამ ჩემმა კეთილგონივრული სიტყვა რამ შეგძინა, მაშინ გაკურთხებ დაიცვა იგი გულის საუნჯეს. ამით მოიხვეჭ კეთილგანწყობას მეუღლისას, რომელიც ზღუდეა შენი. და თუ იგი ამაღლდება, უმეტეს მისსა იდიდები შენც.

    აჰა, ჩემი ძღვენი! გარნა თუ უკეთესია საჭირო, მაშინ გლოცავ და იქმენ ვით ყანა ხვავრიელ მოდგმათ-მოდგმათა, რაითა მრავალრიცხოვანება კაცთა უგალობდეს დიდებას უფლისას, რომლისათვისცა ვიშვებით ქვყნად და რომლისკენაც განსვლა იმქვეყნად განგვიჩინა ჩვენ სჯულმა.
    კატეგორია: პატროლოგია | ნანახია: 903 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    მინდოდა რაც შეიძლება მალე გამომეგზავნა წერილი შენი სიწმინდისათვის, მაგრამ მკაცრი პატიმრობის ქვეშა ვარ და აქამდე ვერაფრით მოვახერხე. ახლა კი, როდესაც სახიერმა ღმერთმა ინება და მომივლინა კაციცა და შემთხვევაც, ვისრულებ საწადელს, მოგესალმები და გეხვევი შენ, ჩემს სულიერ მამას, რომელიც ჭეშმარიტად ძალიან მიყვარს. ამა სოფლის მპყრობელთ ხორციელად კი გაგვყარეს, მაგრამ ამით ჩვენი ღმრთისმიერი ერთობა და სიყვარული ვერ დაარღვიეს, პირიქით, უფრო მეტადაც შეგვაკავშირეს. მჯერა, რომ შენს ღირსებასაც ვუყვარვარ მე უღირსი და ურყევად ადგას მართლმადიდებელი და ღმრთის სათნო აღმსარებლობის გზას. ყოველთვის ასეთდ ჩანდი ღმრთისა და კაცთა წინაშე, და არჩიე ჩვენთან ერთდ გაგეყო დევნულება ღმრთისმოშიშების წილ, თუმცა ეს არ სურდათ ძლიერთა ამა სოფლისა, ეშინოდათ მრავლის განდევნა და დატუსაღება, იმედი ჰქონდათ, რომ ამით ქვეყანას დაარწმუნებდნენ, თითქოს მხოლოდ მე ვუპირისპირდები, სხვა კი ყველა მათ მხარესაა. სინამდვილეში ასეთი ბევრია მათ სახელმწიფოში, თუმცა ისინი იმალებიან ან შიშის, ან შემგუებლბის გამო, ასე რომ, შეგვიძლია გავიმეოროთ ღმრთაებრივი დავითის სიტყვები: ”აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვშისა განმრავლდენ” (ფს. 138,18).


    მართლაც, ეს უსჯულოება არც მცირეა და არც დაფარული, არამედ დიდი და თვალსაჩინო იმათთვის, ვისაც გონება უჭრის. მათ, თქვენო მაღალღირსებავ რამდენადაც ხელეწიფებოდათ, გააუკუღმართეს ქრისტეს განგებულება იმით, რომ სახარების მცნების დარღვევა და მემრუშეთა ქორწინება ეკლესიის მხსნელ იკონომიად გამოაცხადეს და ვინც ეს ამბავი არ მოიწონა, ისინი შეაჩვენეს. ერთი მცნების დარღვევით მთელი სახარება ხელყვეს, რამეთუ წერია: ”რომელმან ყოველი ჰსჯული დაიამრხოს და ჰსცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანა-მდებ” (იაკობ. 2,10), მათ კი დაცემულებს, უფრო სწორად, მემრუშეებსა და მათ დამაქორწინებელებს, აგრეთვე მათ თანამონაწილეებს და ყველას, ვისაც რაიმე ურთიერთობა აქვს მათთან (ყველა ესენი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან) დამნაშავეებს კი არა, ღმრთის განგების აღმასრულებლებს უწოდებენ. მაშ ტყუის იგი (ღმერთი), ვინც ასეთ ადამიანებს დამნაშავეებად სახელდებს, წმინდანები კი უცხონი ყოფილან ღმრთის განგებულებისათვის, რამეთუ არც ერთ წმინდანს არ შეუბღალავს ღმრთაებრივი კანონი, ხოლო ვინც შებღალა, მას შეუძლებელია წმინდანის სახელი ერქვას. ისინი კი ამ გადახვევას უცვალებელ დოგმატად აქცევენ, ღმრთაებრივ კანონად გვიდგენენ და ანათემას გადასცემენ ყველას, ვინც მათ თანამონაწილე არ უხდება. მაგრამ არც ცაზე და არც მიწაზე არც ერთი წმინდანი არ შეეწევა მრუშობას. ამგვარად, ცხადია, რომ მათ სახარების ერთი მცნების დარღვევით არა მხოლოდ მთელი სახარება ხელყვეს (თანაც საეკლესიო კრების განჩინებით ეს დარღვევა ეკლესიის მხსნელ იკონომიად გამოაცხადეს და დაადგინეს, რომ ყოველი მცნება შეიძლება დავარღვიოთ და ამ დარღვევას იკონომია ვუწოდოთ), არამედ შეაჩვენეს წმინდანები, რომლებიც არ იწონებენ ამ საქციელს, წმინდანებთან ერთდ კი მას არც ღმერთი იწონებს.

    თუმცა, რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი იმაზე, რასაც წერილიც ვერ დაიტევს? ჩვენს ეკლესიაში საშინელი ცრუმოძღვრება გამოცხადდა, ეს ბილწი მწვალებლობა, იმის გარდა, რომ სახარებას ხელყოფს, ღმრთაებრივ კანონებსაც არღვევს, რამეთუ უდანაშაულოდ აცხადებს მემრუშეს, რომელსაც ეს კანონები გმობენ. ცხადია, რაკი სახარება არად ჩააგდეს, ღმრთაებრივ კანონებზე ფიქრით თავს აღარ შეიწუხებდნენ. ყოველივე ამის შეხსენება, მამაო, ამისათვის დამჭირდა: რაკი იცი, რომ ეს აშკარა მწვალებლობაა, გაექეცი მწვალებლობასა და მწვალებლებს, ნუ გექნება მათთან ერთობა და ნუ მოიხსენიებ საღმრთო ლიტურგიაზე შენს უწმინდეს მონასტერში, რამეთუ წმინდა მამები დიდ მუქარას უთვლიან იმათაც კი, ვინც ტრაპეზს გაიყოფს მწვალებლებთან. თუ მკითხავ, რატომ მე თვითონ არ ვამბობდი ამას დატუსაღებამდე და რატომ ვიხსენიებდი ბიზანტიის მბრძანებლებს, გეტყვი, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შემდგარი საეკლესიო კრება, არ იყო გამოცხადებული ეს უღმერთო სწავლება და ანათემა. მაშინ საშიში იყო სრულიად გამოყოფა უსჯულოთაგან, შეიძლებოდა მათთან ურთიერთობას გაქცეოდი და დასაშვები იკონომიის გამო გარკვეულ დრომდე მოგეხსენიებინა კიდეც.

    ახლა კი, როდესაც ამ კრებაზე აშკარად გამომჟღავნდა მწვალებლური უსჯულოება, დანარჩენ მართლმადიდებლებთან ერთად შენც თამამად უნდა თქვა სათქმელი, არავითარი ურთიერთობა არ გქონდეს მწვალებლებთან და არავინ მოიხსენიო მათგან, ვინც ამ უსჯულო კრებაში მონაწილეობდა, ან ვინც მათ აზრებს იზიარებს. ჭეშმარიტად შეგფერის, ღირსო მამაო თეოფილე, ვინც ყოველთვის ამართლებდი შენს სახელს (თეოფილე - ღმრთისმოყვარე (ბერძნ.)), ამ საქმეშიც ღმრთისმოყვარედ გამოჩნდე, რამეთუ დიდმა ოქროპირმა ხმამაღლა, ყველასათვის გასაგებად გამოაცხადა ღმრთის მტრებად არა მხოლოდ მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენიც. და თუ შენებრ მტკიცე კაცი შეცდება, სხვა ვინღა ცხონდეს? თუ ის, ვინც მწვალებლობის სრულ გამომჟღავნებამდე წმინდანივით შეუვალი იყო, ახლა გადაუხვევს სწორ გზას, სხვამ როგორღა გაბედოს ხმის ამოღება? თუ მონაზონი (ანუ მონასტრები და ყველა, ვინც მონასტრებშია), არ შერაცხავს ნაგავად ყოველივეს (ფილ. 3,8), მაშ ერისკაცმა როგორღა მიატოვოს ცოლი, შვილები და ათასი სხვა რამე?

    ამიტომ შეგახსენებ, როგორ უმცროსი ძმა, ნუ გავჩუმდებით, რათა ჩვენში სოდომის გმინვა არ დატრიადლეს, ნუ დავინანებთ მიწიერს, რათა ზეციერს არ მოვაკლდეთ, ნუ ჩამოვაგდებთ საცთურს ღმრთის ეკლესიაში, რომელიც, წმ. მამების თქმით, სამი მართლმადიდებლისგანაც შეიძლება შედგებოდეს, რათა ღმრთის სამსჯავროზე არ განვისაჯოთ. მე უღირსი ამას ჩემი თავისთვის როდი ვამბობ - თუმცა კადნიერება კია ამის თქმა, მაგრამ ჭეშმარიტებისათვის სიკვდილი ჩემთვის შეძინება, ცხოვრება და სიხარულია - არამედ ჩვენი ძველი, სულიერი სიყვარულისა და საერთო სარგებლობისათვის: ჭეშმარიტად, თუკი ძე ღმრთისამ მაცხოვარმა და ყოველთა მეუფემ ჩვენთვის შესწირა თავი მსხვერპლად მამასა და ღმერთს, რა არ უნდა დავითმინოთ მისთვის ჩვენ, მეტადრე მონაზვნებმა, ვინც ჯვარს ეცვა სოფლის უარყოფით, ვინც ჭეშმარიტად და არა მხოლოდ სიტყვით დაუტევა ეს სოფელი?

    კაცზე გარეგნობის მიხედვით როდი უნდა ვიმსჯელოთ, არამედ საქმეებით, რამეთუ მრავალმა გაიკეთა ნიღაბი და სინამდვილეში ის არ არის, რადაც თავს გვაჩვენებს. ამრიგად, დღეს მონაზვნებმა საქმით უნდა დაამტკიცონ თავიანთი მონაზვნობა, მონაზვნის საქმეები კი ის იქნება, რომ არავითარი სიახლის შეტანა არ დაუშვას სახარებაში, არ მისცეს ერისკაცებს მწვალებლობისა და მწვალებლებთან ერთობის მაგალითი და მათი წარწყმედის გამო პასუხისმგებლობამ არ მოუწიოს. ბევრი ზედემტი ვთქვი ამასობაში, ამის უფლება შენმა სიმდაბლემ მომცა. შენ კი, მამაო, ილოცე და ღმერთს ევედრე ჩემ უძლურისა და ცოდვილისათვის, ვისაც შენ ძალიან უყვარხარ. ჩემთან ერთად დატუსაღებულიც მოგესალმება და ლოცვას გთხოვს.
    კატეგორია: პატროლოგია | ნანახია: 965 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    ტყუილი ყოველთვის თავისივე თავის დამღუპველია. სურს მას ეს თუ არა, იგი უნებლიედ თვითონვე უწყობს ხელს სიმართლის წარმოჩენას.

    განვიხილოთ შემდეგი საკითხი: ქრისტე რომ ჯვარს ეცვა, დაეფლა და მკვდრეთით აღდგა, ამას თვით მისი მტრები ასაბუთებენ და აი, როგორ: მათ ხომ მტკიცედ დაბეჭდეს უფლის საფლავი და დააყენეს გაძლიერებული დაცვა, ამიტომაც მაცხოვრის სხეულის მოპარვა შეუძლებელი გახდა; და რადგან მაცხოვრის სხეული არავის მოუპარავს, ხოლო საფლავი მაინც ცარიელი აღმოჩნდა, ეს ნათლად ავლენს რეალობას იმისას, რომ ქრისტე აღდგა. ასე თავისთავად დამტკიცდა სიმართლე.

    ან კი როდის მოიპარავდნენ ქრისტეს ცხედარს მოწაფეები, შაბათს? მაგრამ ამ დღეს ხომ კანონით აკრძალული იყო გარეთ გასვლა. დავუშვათ, მათ დაარღვიეს უფლის კანონი, მაგრამ ისედაც შიშით მოცულნი საერთოდ გამოვიდოდნენ კი ამ დღეს სახლიდან? და რისთვის გააკეთებდნენ ამას? ელოდნენ რაიმე გასამრჯელოს ან ჯილდოს? ანდა რისი იმედი უნდა ჰქონოდათ? თავისი სიტყვის ძალის? მაგრამ, ისინი ხომ სრულიად გაუნათლებლები იყვნენ. იქნებ დიდი ქონების? მაგრამ მათ, ხომ უბრალო კვერთხიც არ ჰქონდათ და არც სამოსი და ფეხსაცმელი ებადათ. იქნებ, გვარიშვილობის? მაგრამ, თითოეული მათგანი ხომ ყველაზე მდაბიო ფენის წარმომადგენელი იყო. ან იქნებ სიმრავლის? მაგრამ ისინი ხომ მხოლოდ თერთმეტნი იყვნენ.

    გავიხსენოთ ისიც, რომ თუ მოწაფეთა შორის უპირატესი, მსახური ქალის სიტყვებმა შეაშინა, სხვები კი შეპყრობილი მოძღვრის დანახვაზე მაშინვე მიმოიფანტნენ, განა ეს ადამიანები შეძლებდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წასულიყვნენ და გაევრცელებინათ აღდგომის შესახებ მათ მიერ შეთხზული ცრუ ქადაგება? ქალის მუქარას განრიდებულნი, შემდგომში განა გაუძლებდნენ ამდენ ცეცხლსა და მახვილს და ყოველ წუთს სიკვდილის საფრთხეს, თუ არ ექნებოდათ სრულად გაცნობიერებული და შეგრძნებული აღდგომის ძალა და სიდიადე?

    მოდით ახლა ისევ დავუბრუნდეთ ზემოთქმულს და ვკითხოთ ებრაელებს: "უგუნურნო, მოწაფეებმა როგორ მოიპარეს ქრისტეს სხეული, რეალობა ხომ ნათლად წარმოაჩენს სიმართლეს, იუდეური ტყუილი კი ჩრდილსაც ვერ აყენებს მას. მითხარით, როგორ შეიძლებოდა სხეულის მოპარვა? იქნებ საფლავი არ იყო დაბეჭდილი? იქნებ კარგად ვერ დარაჯობდა მას მრავალრიცხოვანი ჯარისკაცი და იუდეველი, რომელნიც ისედაც ელოდნენ, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო და ამის გამო, უფრო მეტად ფრთხილობდნენ?

    ან რისთვის უნდა მოეპარათ სხეული? აღდგომის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად? როგორ განიზრახავდნენ ამას შეშინებულნი, ან როგორ გადააგორებდნენ დაბეჭდილ ლოდს ამდენ მცველთა თვალწინ?

    ყურადღება მივაქციოთ ებრაელთა საქციელს: ისინი თავად გაებნენ თავის დაგებულ ბადეში. დიახ, პილატესთან რომ არ მისულიყვნენ და არ მოეთხოვათ უფლის სხეულის გაძლიერებული დაცვა, უფრო ადვილად იცრუებდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გაცხადდა. ფაქტია, რომ ვერავინ შეძლებდა შეიარაღებულ, ფხიზელ მცველთაგან უჩუმრად თავის დაღწევას. და კიდევ ერთი ფაქტი: თუ მოწაფეებს ეს მიზნად ჰქონდათ, რატომ არ მოიპარეს სხეული უფრო ადრე, როცა საფლავი დაუცველი იყო და საფრთხეც თითქმის არ ელოდათ. ე.ი. წინა ღამეს? ებრაელები ხომ პილატესთან შაბათს მივიდნენ, პარასკევს ღამით კი საფლავი დაცვის გარეშე იყო. ცხადია, თუ მოპარვა სურდათ, ეს შემთხვევა ხელიდან არ უნდა გაეშვათ.

    ანდა რატომ დახვდა პეტრეს და სხვა მოციქულებს სამარხში სურნელოვანი ზეთით გაჟღენთილი დახვეული სუდარა? გახსოვთ, ამ ადგილზე პირველად მარიამ მაგდალინელი მივიდა. როცა იგი უკან დაბრუნდა და მომხდარი სასწაული აუწყა მოციქულებს, ისინი დაუყოვნებლივ გაიქცნენ საფლავთან და დაბლა დადებული თეთრი ტილოები ნახეს. ეს იყო სწორედ აღდგომის ნიშანი, რადგან თუ სხეული მოიპარეს, რა თქმა უნდა, მას შიშველს არ წაიღებდნენ. ეს იქნებოდა მიცვალებულის უპატივცემულობა და თანაც უაზრობა. ამის გამკეთებელნი დროს არ დაკარგავდნენ იმაზე, რომ ჯერ სუდარა მოეხსნათ, შემდეგ იგი საგულდაგულოდ დაეხვიათ და კუთხეში დაედოთ, არამედ უცებ მოიპარავდნენ სხეულს და სწრაფად გაიქცეოდნენ.

    ამასთან იოანე მახარებელი წერს, რომ დაკრძალვის დროს მაცხოვარს უხვად აპკურეს სურნელოვანი ზეთი, რომელიც ისე მტკიცედ აწებებს სუდარას სხეულს, როგორც დამდნარი ტყვია ლითონს; ამიტომაც ადვილი არ იქნებოდა მისი მოცილება. და როცა იცი, რომ ტილოები ცალკე დახვეული იხილეს, აღარ დაუჯერო მათ, ვინც ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს სხეული მოიპარეს. ბრიყვი უნდა ყოფილიყო ქურდი, რომ ამდენი დრო ზედმეტად დაეხარჯა. რისთვის დატოვებდა იგი დახვეულ სუდარას? ან როგორ დააღწევდა თავს მცველებს? დაგვიანების შემთხვევაში, ხომ მას ადგილზევე შეიპყრობდნენ.

    მაშ, რატომ იდო თეთრი ტილოს ნაწილები და დახვეული სუდარა ცალ-ცალკე? იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ ეს არ იყო აჩქარებული და აღელვებული ადამიანის ნამოქმედარი და საერთოდაც შეუძლებელი იყო აქ ქურდობას ჰქონოდა ადგილი. თვით ებრაელებიც კი მიხვდნენ ამას, ამიტომაც მათ ფული მისცეს მცველებს და უთხრეს: ”თქვით, რომ სხეული მოიპარეს და თქვენს უფროსებთან ჩვენ მოვაგვარებთო საქმეს”. ე.ი. იმ ვერსიის შეთხზვა, თითქოს ”მოწაფეებმა ცხედარი მოიპარეს”, თავისთავად უაზრობაა. და რაკი ყველანი აღიარებენ, რომ სხეული იქ აღარ იყო, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება სიმართლე; ერთის მხრივ, სხეულის არ ყოფნა და მეორეს მხრივ, საფლავის დაბეჭდვა, მცველთა დაყენება, ტილოებისა და სუდარის ნახვა, აშიშვლებს მათ სიცრუეს და ცხადყოფს აღდგომის ჭეშმარიტებას.

    ბევრი კითხულობს, აღდგომის შემდეგ, მაშინვე რატომ არ გამოეცხადა ქრისტე იუდეველებსო? ეს კითხვა არასწორია, რადგან რომ ყოფილიყო რაიმე იმედი იმისა, რომ ისინი ამით აღდგომას ირწმუნებდნენ, უფალი არ დააყოვნებდა და ყველას გამოეცხადებოდა; მაგრამ ეს იმედი არ არსებობდა, რაც აჩვენა ლაზარს აღდგინებამ: მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღის მკვდარი, უკვე ხრწნადაწყებული მისი ცხედარი აღადგინა მაცხოვარმა, ამის თვითმხილველებმა მაცხოვრისადმი რწმენა კი არ განიმტკიცეს, არამედ პირიქით, აღშფოთდნენ და მოინდომეს ქრისტესა და ლაზარს მოკვლა.

    მათ არა თუ დაიჯერეს ეს სასწაული, არამედ სიძულივილითა და ურწმუნოებით დაბრმავებულნი დაირაზმნენ მაცხოვრის წინააღმდეგ. აღდგომილი უფალი მაშინვე რომ გამოცხადებოდა იუდეველებს, ისინი უფრო მეტად განრისხდებოდნენ.

    შემდეგ კი იგი, ყოველგვარი ეჭვი რომ გაეფანტა, არა მარტო მოწაფეებს ეჩვენებოდა ორმოცი დღის განმავლობაში და მათთან ერთად ჭამდა და სხვამდა, არამედ გამოეცხადა ხუთას ადამიანს, თომა მოციქულს კი – ნალურსმნალი ადგილები და ლახვრით მიყენებული ჭრილობა უჩვენა.

    და როდესაც ამბობენ, რატომ არ მოახდინა იესო ქრისტემ აღდგომის შემდეგ მრავალი დიდი სასწაული, მხოლოდ ჭამდა და სვამდაო, პასუხი ერთია: თვით აღდგომა იყო უდიდესი სასწაული და ამ სასწაულის უდიდესი დამამტკიცებელი საბუთი სწორედ ისაა, რომ იგი ჭამდა და სხვამდა.

    აბა ერთხელ კიდევ დავფიქრდეთ, თუ მოციქულებს უფლის აღდგომის არ სჯეროდათ, იმაზე ფიქრსაც კი როგორ გაბედავდნენ, რომ მთელს მსოფლიოში საქადაგებლად წასულიყვნენ. ხომ არ იყო ეს ბოდვა? და თუკი საღ გონებაზე იყვნენ, რასაც მათი ნამოქმედარი ამტკიცებს, განა შეიძლებოდა უტყუარი ზეციური ნიშნისა და ღვთიური ძალის შეწევნის გარეშე ჩაბმულიყვნენ ამდენ ბრძოლაში; ისინი ხომ მხოლოდ თერთმეტნი იყვნენ. ან როგორ უნდა ებრძოლათ ისეთი თავდადებით, რომ მოექციათ მთელი წარმართული სამყარო. ამგვარი სურვილის განხორციელებას ისინი ვერ შეძლებდნენ თუნდაც რომ ჰქონოდათ რაიმე მიზანი და ყოფილიყვნენ მდიდარნი, ცნობილნი, ძლიერნი და განათლებულნი. მაგრამ უმრავლეს მათგანს ხომ მთელი სიცოცხლე ზღვის ნაპირზე ჰქონდა გატარებული, ზოგი კარვებს ამზადებდა, ზოგი მეზვერე იყო. მათგან ფილოსოფიაზე და მაღალ მატერიებზე საუბარი სასაცილო იქნებოდა. ამასთან, თვითონ მათაც თავისი თანამედროვე ყოფიდან მრავლად ჰქონდათ მაგალითი იმისა, თუ რა სავალალოა შედეგი განდიდების მიზნით წამოყენებული ცრუ ქმედებებისა.

    ალბათ იცოდნენ, თუ როგორ შეეცადნენ ბევრნი ახალი მოძღვრების შემოტანას. ამასთან არა მარტო თორმეტი კაცით, არამედ გაცილებით უფრო მეტი რაოდენობით. გავიხსენოთ თუნდაც თევდა და იუდა გალილეველის*, წარუმატებელი მცდელობა. ისინი ხომ თავის მრავალრიცხოვან მიმდევრებთან ერთად უკვალოდ გაქრნენ.

    ეს მართლაც ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო მოციქულთათვის. მაგრამ დავუშვათ, რომ ისინი მოელოდნენ გამარჯვებას; განა შეეჭიდებოდნენ ასეთ საშიშროებას, თუ არ ექნებოდათ მყარი საფუძველი მომავალი კეთილდღეობისა? და რაში უნდა დაენახათ ეს კეთილდღეობა, რა სარგებელზე უნდა ეფიქრათ, თუ წარუძღვებოდნენ ხალხს ჩვეულებრივი ადამიანისკენ და არა აღმდგარისკენ, როგორც ამას მათი მტრები ირწმუნებოდნენ. დღესაც კი მათ, რომელთაც სწამთ ქრისტეს ზეციური მეუფება, უჭირთ შეებრძოლონ ბოროტებას. რის სანაცვლოდ გაუძლებდნენ მოციქულები ამდენ საშინელ სატანჯველს, თუ არ მოხდა აღდგომა და თუ არ ამაღლდა იესო ზეცად? თუნდაც ამ ფაქტების შეთხზვისათვის ისინი ხომ აუცილებლად დაიტეხდნენ თავს ღვთის რისხვას.

    ამასთან, მართალია, ქრისტეს სიცოცხლეში მოწაფეებს მისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ, მაგრამ სიკვდილის შემდეგ იგი მალევე განქარდებოდა, უკეთუ მას არ ნახავდნენ აღმდგარს. თუ არა ეს სასწაული, ვერაფერი სხვა ძალა ვერ უბიძგებდა მათ მოსალოდნელ სასტიკ ბრძოლაში ჩასაბმელად. რომ არ აღმდგარიყო ქრისტე, მოწაფეები მისი ერთგულნი კი არ დარჩებოდნენ, პირიქით, თავს მოტყუებულად ჩათვლიდნენ. მან აღუთქვა: "სამი დღის შემდეგ აღვდგებიო”, და შეჰპირდა ცათა სასუფეველს, უთხრა, რომ სული წმიდის მადლს მიიღებდნენ და ქვეყანას მოაქცევდნენ; აგრეთვე, აღასრულებდნენ სხვა და სხვა სასწაულს ღვთიური ძალის გამოვლინებით. თუ უფლის ეს სიტყვები არ შესრულდებოდა, სიცოცხლეში მის მიმართ მოციქულებს რაც არ უნდა დიდი რწმენა ჰქონოდათ, გარდაცვლილს აღარაფერს დაუჯერებდნენ.

    და სამართლიანადაც განსჯიდნენ: გვითხრა სამი დღის შემდეგ აღვდგებიო და არ აღდგა; დაგვპირდა სული წმიდას გარდამოგივლენთო და არ გამოგვიგზავნა; როგორღა უნდა ერწმუნათ მისი მომავალში, როცა არ გაუმართლათ აწმყოში?

    და რისთვის დასჭირდებოდათ მათ ექადაგათ მისი აღდგომა, თუ მართლაც არ იხილეს იგი აღმდგარი? ზოგიერთი იტყვის, იმიტომ, რომ უყ ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 926 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    სიტყვას, რომელიც ზეციდან ნებაყოფლობით მოივლინა, შეუძლია მორწყოს ჩვენი გულები, თუკი ჩვენც ჩვენი ძალით განვემზადებით არა მხოლოდ ლაპარაკისათვის, არამედ მოსმენისათვისაც, რადგან, როგორც წვიმა მიწის გარეშე ნაყოფს ვერ გამოიღებს და ვერც მიწა წვიმის გარეშე, ასევე ვერც სიტყვა მოიტანს ნაყოფს სმენის გარეშე და ვერც მარტოდენ სმენა - სიტყვის გარეშე. სიტყვა მაშინ ხდება ნაყოფის მომტანი, როცა მას გავცემთ. მსგავსადვე მოგვცემს შედეგს სმენა, როცა შევისმენთ.

    მაშასადამე, როცა სიტყვა თავის ძალას გასცემს, თქვენ კი ნებაყოფლობით ყურს მიაპყრობთ, და როცა სმენად მოხვალთ, განიწმინდებით ყოველგვარი შურისა და ყველგვარი ურწუნოებისაგან. უქვენაესი საქმენია შური და ურწმუნოება. თითოეული მათგანი ეწინააღმდეგება სამართლიანობას. შური ეწინააღმდეგება სიყვარულს, ურწმუნოება კი - რწმენას, ისე როგორც მწარე ეწინააღმდეგება ტკბილს, ნათელს - ბნელი, კეთილს - ბოროტი, სიცოცხლეს - სიკვდილი, ჭეშმარიტებას - სიცრუე. ამიტომ, რომლებიც კი სათნოებისადმი დაპირისპირებული უკეთურებით არიან აღსავსენი, როგორღაც მკვდარნი არიან. რაც შეეხება ცილისმწამებლებსა და ურწმუნოებს, მათ სიყვარული სძულთ, ხოლო ყოველივე ამის მოქმედი ღვთის მტერი ხდება.

    საყვარელნო ძმანო, აწ სცანით, რომ ცილისმწამებელი და ურწმუნო ადამიანები მტრები არიან სამართლიანობისა. უეჭველად თავი უნდა დავიცვათ მათგან. უერთგულეთ რწმენას და სიყვარულს, რადგან მათი ძალით აღწევდნენ ცხონებას ყველა ისინი, რომლებიც სამყაროს შექმნიდან დღემდე წმინდანნი გახდნენ, სიყვარულის ნაყოფი კი არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმითაც გამოაჩინეს, ე.ი. ღვთისადმი კეთილმსახური მორჩილებით, რადგანაც თავად უფალმა თავისი სიყვარული არა მარტო სიტყვებით გვიჩვენა, არამედ საქმითაც, რამეთუ საკუთარი თავი ჩვენი ცხონებისათვის გამოსასყიდად მისცა. სხვაგვარად, ჩვენ არამარტო სიტყვით შევიქმენით, რა სახითაც დანარჩენი ქვეყანა შეიქმნა, არამედ, ერთდროულად საქმითაც. ღმერთმა ერთი სიტყვის ძალით შექმნა სამყარო არსებობისათვის, ჩვენ კი, მსგავსადვე, საქმის მოქმედებითაც მოგვავლინა, რადგან საკმარისი არ იყო მისთვის ოდენ თქმა ”ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა” (შესაქ. 2,9), არამედ მყისვე საქმენიც მოედევნა სიტყვას, აიღო რა მიწისგან მტვერი და მისგან შექმნა ადამიანი თანამსგავსად მისი ხატისა და მსგავსებისა და შთაჰბერა მას სული სიცოცხლისა, რომ გამხდარიყო ადამი სულად[1] ცხოველად[2].

    მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანი თავისი ცდომილების გამო სიკვდილისაკენ მიიქცა, საჭირო იყო, რომ ის ხატება[3] ცხონებისათვის აღდგენილიყო მისივე შემოქმედების მიერ. ადამიანის ხატება ხრწნად მიწაში იყო მდებარე, თუმცა ის სუნთქვა, რაც სიცოცხლის სულის სახით არსებობდა, სხეულისაგან განშორებული შეპყრობილ იქნა წყვდიად ადგილას, რაც ჯოჯოხეთად იწოდება. რადგან მოხდა სულის გაყრა სხეულისაგან, სული ექსორია იქმნა ჯოჯოხეთში, სხეული კი მიწად მიიქცა და იყო დიდი უფსკრული ერთმანეთთან შეხვედრისათვის. შორდება რა სული ხორცს, სხეული იხრწნება, ხოლო შეიბორკება რა სული, მისი მოქმედება მინავლდება. როგორც ბორკილებდადებული მეფის ქალაქი ნადგურდება ან დატყვევებული წინამძღოლის ჯარი იფანტება, ან მოკლული მესაჭის გემი იძირება, ამგვარადვე ემართება ბორკილებისაგან[4] დატყვევებულ სულს. მისი სხეული ნადგურდება, როგორც ქალაქი მეფის გარეშე, მისი ნაწილები იშლება, როგორც ჯარში ხდება, როცა წინამძღოლი დაიჭრება და მოკვდება. ასე ემართება გემსაც, როცა მესაჭე მოაკლდება მას.

    სული ადამიანს მართავდა სანამ სხეული ცოცხლობდა, როგორც მეფე მართავს ქალაქს, წინამძღოლი ჯარს ან მესაჭე ხომალდს, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ემართა იგი მას შემდეგ, რაც თავადაც შეუძრავად შეკრულ იქნა და ცთომილებაში ჩაეფლო. იმის გამო, რომ სწორ გზას გადაუხვია, განსაცდელი ეწია მას; მიეცა იგი სიძვას, კერპთმსახურებას და სისხლიან მსხვერპლშეწირვას. ამგვარი ბოროტმსახურებით თავისი კაცება დაამხო, ხოლო, როცა ჯოჯოხეთში ჩავიდა, იქ საშინელი განსაცდელისაგან იქნა შეპყრობილი. სხვაგვარად, როგორც მეფე აღადგენს დაცემულ ქვეყანას, წინამძღოლი შემოკრებს გაბნეულ ლაშქარს, მეზღვაური შეაკეთებს დამსხვრეულ ხომალდს, სულიც კიდევ შეეწევა თავის სხეულს, ვიდრე სხეული მიწად მიიქცეოდეს, სანამ თვით იგი შეიბორკება, მაგრამ სული არა ნივთიერი რამ საკვრელით, არამედ ცოდვათაგან შეიბორკა და ამის გამო სამოქმედოდ დაუძლურდა. მაშინ მან თავისი სხეული მიწაში დატოვა და ჩავიდა რა ჯოჯოხეთში, ყველასაგან შეურაცხქმნილი, სიკვდილის სამფლობელოში შევიდა.

    გამოვიდა კაცი ამ ქვეყანაში, რომელიც იყო ჭურჭელი უსამართლობისა, სიძვისა, მრუშობისა და სისხლიან მსხვერპლთა, სადაც წარწყმედა სუფევს, რადგან ყველანი მის მოსაკლავად შეთანხმდებიან და ამრიგად, ძლივს შემოსულან უჩინოჰყოფენ. ამდენად, ადამიანი მოაკლდა ყოველგვარ ნუგეშს, შემწეობასა და სიმშვიდეს. სად შეიძლებოდა ადამიანს ეცხოვრა კარგად? ნუთუ დედის საშოში? მაგრამ იქ ჩაკეტილი მცირედით თუ სხვაობდა მკვდრისაგან. ნუთუ მაშინ, როცა დედის რძით იკვებებოდა? მაგრამ არც მაშინ უგრძვნია რაიმე სიხარული. ნუთუ უფრო მაშინ, როდესაც სიჭაბუკეში იყო? მაგრამ მაშინაც განსაცდელები მოიწეოდნენ მასზე ახალგაზრდული სურვილებისაგან. ნუთუ როდესაც მოხუცებულობაში იყო? მაგრამ მაშინ ხომ გლოვას იწყებს ადამიანი სიბერითა და სიკვდილის მოლოდინით გულშეკუმშული, რადგან სხვა რა არის სიბერე, თუ არა სიკვდილის მოლოდინი? ჭეშმარიტად, ყველანი, რომლებიც ამ ცხოვრებაში იშვნენ, სიკვდილს ექვემდებარებიან, ახალგაზრდებიც და მოხუცებულებიც, ბავშვობის და გაფურჩქვნის ხანაში მყოფნიც. სიკვდილის მიერ ხომ არანაირი სხეულებრივი ასაკი არ განირჩევა. ამდენად, რის გამო იტანჯება ადამიანი მწუხარების მიერ? სინამდვილეში სიკვდილის ჭვრეტას მწუხარება მოაქვს, რადგან მკვდარ ადამიანში შეცვლილ პირისახეს ვხედავთ, ჩამქრალ მშვენიერებას, გამხდარ სხეულს, მდუმარე პირს, ცივ კანს, დახუჭულ თვალებს, უმოძრაო ნაწილებს, მიწაზე მწოლარე გვამს, გახრწნილ ხორცს, გაყინულ სისხლძარღვებს, გათეთრებულ ძვლებს, დაშლილ სახსრებს, ყველაფერს ერთად მიწად მიქცეულს, რადგან ადამიანი უკვე აღარ არსებობს. მაშასადამე, ვინ არის ადამიანი? ყვავილი ხანმოკლე, ვამბობ, დედობრივ წიაღში გამოჩენილი, ახალგაზრდობაში აყვავებული, მოხუცებულობაში ჩამქრალი და სიკვდილისაკენ მიქცეული. ყოველივე იმის შემდეგ, რაც ადამიანი სიკვდილს დაემორჩილა და ხრწნილებას მიეცა, მოიხილა ღმერთმა თავისი ქმნილება, რომელიც თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ისე გააკეთა, რომ ყოველმხრივ სიკვდილის სათამაშო არ გამხდარიყო ის. ამისთვის ღმერთმა ზეციდან მოავლინა თავისი მხოლოდშობილი, უსხეულო ძე, რათა ქალწულის წიაღში ხორცი შეესხა და ამგვარად ის, ზუსტად ისევე, როგორც შენ, გახდა ადამიანი, რათა აცხოვნოს ყველა წარწყმედული და ყველა გაბნეული ნაწილი თავისთან შეკრიბოს. რადგან ქრისტემ შეუერთა ადამიანი თავის პირს და შეაკავშირა ის, რაც სიკვდილმა განაშორა სხეულისაგან განყოფით. ივნო ქრისტემ, რათა ვცხონდეთ ჩვენ საუკუნოდ. რადგან, სხვაგვარად რის გამო უნდა მომკვდარიყო ქრისტე, ნუთუ რაიმე სიკვდილის ღირსი ქმნა? რის გამო შეისხა ხორცი დიდებით შემოსილმა? მას შემდეგ, რაც ღმერთი იყო, რატომ გახდა ადამიანი? და როდესაც თვით ზეცაში მეუფებს, რისთვის ჩამოვიდა დედამიწაზე და ქალწულის საშოში ხორცი რისთვის შეისხა? რადგან, გევედრები, სხვა რა იძულება აწვევდა ღმერთს, რომ დედამიწაზე ჩამოსულიყო და ხორცი მიეღო, ბაგაში სახვევებით შეხვეულიყო, დედის რძით გამოკვებილიყო, მონის მიერ მონათლულიყო, ჯვარზე ამაღლებულიყო? რა აუცილებლობამ აიძულა იგი? საკმარისად ცხადია, რომ უფალი ადამიანის გამო ითმენდა ყვედრებას, რათა სიკვდილისაგან გაეთავისუფლებინა ის, როგორც წინასწარმეტყველის პირით ამოიძახა და თქვა: ”დავითმინე, როგორც მშობიარემ” (სიბრძნე ზირაქისა 48,19). ჭეშმარიტად ჯვარზე გაკრულმა ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, უპატიობა, თვით სიკვდილი და დაფლვა, რადგან ასე ამბობს თავად წინასწარმეტყველის პირით: ”განმაგდე მე სიღრმეებში” (იონა 2,4). ვინ განაგდო იგი, ან ვინ უარყო? აშკარაა, რომ არაკეთილმორწმუნე ხალხმა. იხილეთ ადამიანებო, იხილეთ როგორი საზღაური მიაგო მას ისრაელმა, მიაგო ის, რომ თავისი კეთილისმყოფელი მოაკვდინა. სიკეთის ნაცვლად - ბოროტება, სიხარულის ნაცვლად - მწუხარება, ცხოვრების ნაცვლად - სიკვდილი. ჯვარზე გააკრეს და მოკლეს ის, ვინც მათი მკვდრები აღადგინა, ვინც კოჭლები განკურნა, კეთროვანნი განწმინდა, ბრმებს მხედველობა მიანიჭა. უმზირეთ ადამიანებო, იხილეთ ყოველმა ერმა ახალი საკვირველება, ჯვარზე დაჰკიდეს ის, ვინც დედამიწა განავრცო, ლურსმნებით მიაკრეს ის, ვინც სამყაროს საფუძველი დაამყარა, ის იპყრეს, ვისაც უპყრია ცა, შეკრეს იგი, ვინც გამოიხსნა ცოდვილნი, ძმარი შეასვეს სამართლიანობის სასმელის მომნიჭებელს, ნაღველი მიპყრეს ცხოვრების საზრდოს მომრთმეველს, შემსჭვალეს მისი ხელები და ფეხები, ვინც მათი ხელები და ფეხები განკურნა. განიზრახეს, ძალით დაეხუჭათ მისი თვალები, ვინც მხედველობა მისცა მათ. საფლავს მისცეს იგი, ვინც მკვდარნი აღადგინა თავის ვნებამდეც და ვარზე გაკრულმაც, რადგანაც, როცა უფალი ჯვარზე ევნო, [დაეფლო და აღდგა], საფლავები გაირღვა, ჯოჯოხეთი განეღო, სულნი ზეამოვიდნენ, მკვდრები ცხოვრებაში შევიდნენ და მრავალი მათგანი იხილეს იერუსალიმში. ეს ყველაფერი ჯვრის საიდუმლომ აღასრულა. რომელ ჟამსაც ჩვენმა უფალმა სიკვდილი დათრგუნა, მტრობა დახსნა, ძლიერნი შეკრა და ჯვრისმიერი ძლევის ნიში [5] აღმართა. სხეულით ჯვარზე ეკიდა, რათა ამაღლებული გამოჩენილიყო, ხოლო სიკვდილი მისი ხორცის ფეხით[6] გათელილ იქნა. მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა. მთელი ქმნილება შეიძრა, როცა საკვირველი საიდუმლო და საშინელი სახილველი ქვეყნისათვის განცხადდა, მთელი ხალხი კი საიდუმლოს უმეცრებით ქრისტეს წინ მიმორბოდა და დასცინოდა, თუმცა მიწა ირყეოდა და მთები ზანზარებდნენ, ხეობები, ზღვა და ღვთის მიერ ქმნილნი ყოველნი - ამ მშფოთვარებით აღგზნებულიყო. ზეცის მნათობნი შეძრწუნდნენ, მზე განერიდა, მთვარე გაუჩინარდა, თავიანთ სინათლეს მოაკლდნენ ვარსკვლავნი, დღე დაცხრა, შეძრწუნებულმა ანგელოზმა დატოვა ტაძარი, რაჟამს კრეტსაბმელი გაიპო. სიბნელემ მოიცვა ქვეყანა, როცა უფალმა თვალები დახუჭა. ამა ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 774 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    იმათ მსგავსად, რომლებსაც მართებთ, დღიურად უხადონ ბეგარა ბატონს, მაგრამ ვერ ახერხებენ რა ამას, დღითი-დღე იგროვებენ ვალს, შემდეგ კი, თუკი რამ სიმდიდრეს მოიპოვებენ, ერთბაშად და სრულად გაისტუმრებენ ყველაფერს, რაც აქამდე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ, - ამგვარადვე ვიქცევი მეც შენი ღირსპატიოსნების წინაშე.

    ვალდებული ვარ, რომ უწყვეტად გწერდე, რადგან დაპირება ვალია ქრისტიანისთვის. ამიტომ, რაც განვლილ დროში უნებურად დაგაკელი და ვერ მოგწერე, აწ აღვასრულებ, იმდაგვარად განვავრცობ რა ეპისტოლის მოცულობას, რომ იგი, ჩვეულებრივი წერილის ზომაზე დაყოფილი, მრავალი წერილის ტოლფასად ჩაითვალოს; თუმცა ფუჭად რომ არ ვიყბედო იმაზე, თუ რა სიგრძისაა ნაწერი, ვფიქრობ, კარგი იქნება, ამ ეპისტოლის ხმით გარდასულს მივბაძო, ოდეს პირისპირ ვესიტყვებოდით ურთიერთს.

    უთუოდ გახსოვს, რომ ყოველი ჩვენი მსჯელობის საგანი იყო სათნოებითი მოღვაწეობა და ღვთისმოსაობაში თავის გაწვრთნა, როდესაც შენ, მოძღვრული წესით, მუდამ გჩვეოდა ნათქვამზე შეპასუხება, რადგან გამოძიების გარეშე არაფერს შეიწყნარებდი, მე კი, როგორც ასაკით უხუცესი, ცალკეულად განგიმარტავდი ყველაფერ იმას, რასაც მწყობრი მსჯელობის გზით გამოვიკვლევდით.

    ნეტამც შესაძლებელი იყოს, მაშინდელივით ხდებოდეს ახლაც, რომ კვლავ შენი გონიერება იწყებდეს მსჯელობას! რა იქნებოდა ამაზე კარგი?! ორმაგ სარგებელს მივიღებდით შენცა და მეც: ერთი მხრივ – ურთიერთმჭვრეტით (ამაზე ტკბილი კი ამ ცხოვრებაში რა არის ჩემთვის?), ხოლო მეორე მხრივ – იმის მადლით, რომ შენი სიბრძნე ხემის მსგავსად ააჟღერებდა ჩემს მხცოვან საკრავს! მაგრამ რადგან ცხოვრება გვაიძულებს შორიშორს ვიყოთ ხორციელად (თუმცა კი სულიერად ერთად ვართ), შენი პირითაც მე ვიტყვი სათქმელს და თუ სადმე საჭიროდ ჩავთვლით, ჩემს მსჯელობას თვით მე შევესიტყვები.

    ვფიქრობ, გონივრული იქნება, პირველ რიგში სულისმარგებელი რამ საკითხი განვაწესოთ განხილვის საგნად, შემდეგ კი მის შესახებ მსჯელობას მივყვეთ.

    ამრიგად, ძიების წესით გამოვიკვლიოთ:

    რა არის აღთქმა ქრისტიანისა?

    ალბათ უსარგებლო არ იქნება ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ზედმიწევნით ჩავწვდებით ზემორე სახელის შინაარსს, ცხადია, დიდ შემწეობასაც მივიღებთ სათნოებითი ცხოვრების გზაზე. ჭეშმარიტად, უთუოდ იმას უნდა ვესწრაფოდეთ უმაღლესი მოღვაწეობის მიერ, რომ რაც გვეწოდება, ვიყოთ კიდეც იმგვარი. მართლაც, თუ ვინმეს სურს, იწოდებოდეს ექიმად ან რიტორად ანდა გეომეტრად, ცხადია, არ დაუშვებს იგი, რომ უსწავლელობის მიზეზით გასაკიცხი გახადოს თავისი წოდება ანდა შემოწმების ჟამს შეუფერებელი აღმოჩნდეს იმ სახელისა, რასაც ატარებს. პირიქით, ვინც მოსურნეა ჭეშმარიტად ჰქონდეს წოდება, უთუოდ საქმით გახდის თავის წოდებას სარწმუნოს, რომ ცრუწოდების სიყალბეში არ ამხილონ იგი. იგივე ითქმის ამჯერადაც: ვეძიებთ რა ქრისტიანის აღთქმის ჭეშმარიტ აზრს, არავის გვინდა დავცილდეთ იმას, რისი აღთქმაცაა ჩვენს სახელში, არ კი მოხდეს ისე, რომ ჩვენზე გამართლდეს მაიმუნის ერთი ამბავი, წარმართთა შორის გავრცელებული:

    ამბობენ, რომ ვიღაც სასწაულთმოქმედმა ქალაქ ალექსანდრიაში გაწვრთნა მაიმუნი, რომელსაც მარჯვე ტრიალით მოცეკვავედ უნდა წარმოესახა თავი; შემოაცვა მას მოცეკვავის ნიღაბი, აგრეთვე, საქმის შესაფერისი სამოსელი და განუწესა ქოროც, რომ ბრწყინვალება მისცემოდა მელოდიის რიტმზე მროკავ მაიმუნს, რომელიც ყველაფრით, რასაც კი აკეთებდა და აჩვენებდა, თავის ბუნებას ფარავდა.

    შემდეგ, როდესაც თეატრი შეპყრობილი იყო სანახაობის უჩვეულობით, ერთმა ვინმემ, სხვებზე უფრო მოხერხებულმა, სცადა ეჩვენებინა ამ სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის, რომ მაიმუნი იყო მაიმუნი. იმ დროს, როცა გაჰყვიროდა ყველა და ტაშს უკრავდა მაიმუნის როკვას, რომელიც რიტმულად ირხეოდა სიმღერისა და მელოდიის ხმაზე, ამ კაცმა სცენაზე დაყარა ნუგბარი საჭმელი, ყველაფერი, რაც ამგვარ ცხოველებს მსუნაგობას აღუძრავდა. მაიმუნმაც, რაწამს დაინახა ქოროს წინ დაფანტული ნუში, აღარ დაახანა და, დაივიწყა რა ცეკვაცა და ტაშიც, აგრეთვე, თავისი სამოსლის მოხდენილობა, მიიჭრა ხილთან და რაც იპოვა, ხელის გულებში შემოიგროვა, თან, ნიღაბს რომ ჭამაში ხელი არ შეეშალა, ბრჭყალებით სულსწრაფად შემოიგლიჯა და შემოიძრო მოგონილი გამოსახულება, რითაც ერთბაშად სიცილი გამოიწვია მაყურებელში და ასე, ნაცვლად იმისა, რომ ქებისა და გაკვირვების საგანი ყოფილიყო, ტლანქად და სასაცილოდ გამოჩნდა ნიღბის ნაგლეჯებში.

    ამრიგად, როგორც ამ მაიმუნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მოგონილი გამოსახულება, რომ ადამიანად ჩაეთვალათ იგი, რადგან ჭამაში მსუნაგობამ ამხილა მისი ბუნება, მსგავსადვე ვისაც სარწმუნოების მიერ ჭეშმარიტად არ ჩამოუნაკვთავს თავისი ბუნება, ეშმაკეული საცთური ადვილად ამხელს მას, რომ სხვა არის იგი და არა იმ აღთქმისა, რაც აქვს. ეშმაკის უკეთური სავაჭრო უძღებ ადამიანებს ლეღვისა და ნუშის ნაცვლად ცუდმედიდობას, პატივმოყვარეობას, ანგარებიანობას, გემოთმოყვარეობას და სხვა ამგვარს სთავაზობს, რითაც ადვილად ააშკარავებს მაიმუნის მსგავს სულებს, რომლებიც გარეგნული მიბაძვის გზით ქრისტიანობას ფარისევლობენ, ვნებათა ჟამს კი განიშორებენ გონიერების სიმშვიდისა თუ სხვა რამ სათნოების ნიღაბს.

    ამიტომ, საჭიროა შევიცნოთ ქრისტიანობის აღთქმა, რომ იქნებ გავხდეთ კიდეც იმგვარი, რასაც ეს წოდება გულისხმობს, არ კი მოხდეს ისე, რომ ლიტონი აღსარების ანდა მარტოდენ სახელის სამკაულით შემოსახულნი გარედან სხვად ვჩანდეთ, ხოლო მას, დაფარუთა მჭვრეტს, სხვად გამოვუჩნდეთ.

    ამრიგად პირველად ის განვჭვრიტოთ, როგორ შეიცნობა ქრისტიანობა თვით სახელიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, უფრო მეტად ბრძენნი უთუოდ აღმოაჩენენ მასში უფრო უმჯობეს და უდიდებულეს რამ აზრს, - სახელწოდების სიმაღლის სწორად თანაამაღლებულს, ხოლო რასაც საკუთრივ ჩვენ ამ სახელის შესახებ დავიტევთ, შემდეგია:

    ქრისტეს სახელი, თუკი მას უფრო ცხადი და გასაგები ენით განვმარტავთ, აღნიშნავს მეფეს. საღვთო წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას და მის მიერ სამეფო ღირსებას წარმოგვიჩენს.

    რადგან ღმერთი, წერილის თანახმად, გამოუთქმელია და მიუწვდომელი (აღემატება რა იგი ყოველგვარ წვდომით შემმეცნებლობას), ამის გამო სულიწმინდით ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველები და მოციქულები მრავალი სახელისა და ცნების საშუალებით შეგვეწევიან ჩვენ უხრწნელი ბუნების შეცნობაში, როდესაც ესა თუ ის მათგანი ამა თუ იმ ღვთისმშვენი აზრისკენ წარგვიმართავს გზას. ასე მაგალითად, ყოვლიერებაზე ღვთის ხელმწიფობა მეფობის სახელით ცხადდება, ხოლო ყოველგვარ ვნებასთან, ყველანაირ უკეთურებასთან მისი უზიარებლობა და მათგან თავისუფლება სათნოების სახელებით აღინიშნება, რომელთაგან თითოეული გაიაზრება, როგორც უმჯობესისადმი თქმული. ამიტომ, ყველა ის აღმატებული აზრი, რაც ამგვარ სახელთა მიერ ცხადდება, კერძოდ: სამართლიანობა, სიბრძნე, ძალა, ჭეშმარიტება, სიკეთე, ცხოვრება, ხსნა, უხრწნელობა, უცვლელობა, გარდაუქმნელობა და სხვა, - ყოველივე ეს არის თვით ქრისტე და იგი ითქმის კიდეც ამ სახელებით. ამიტომ, თუ ქრისტეს სახელი გაიგება, როგორც გარემომცველი ყველა სხვა აღმატებული სახელისა, რადგან უფრო აღმატებული აზრი დანარჩენებსაც მოიცავს (და ამის გამო ყოველი სახელი უკვე განიჭვრიტება მეფობის ცნებაში), ამდენად, ალბათ, მიზანშეწონილი უნდა იყოს, რომ ქრისტიანობის განმარტება და წვდომა თანამიმდევრული რამ წესით წარმოვადგინოთ.

    მართლაც, თუკი იმ სახელთაგან, რომლებიც უხრწნელ ბუნებას განგვიმარტავენ, სწორედ ყველაზე აღმატებული გვეწოდება ჩვენ (რომლებიც მისდამი რწმენით მასთანვე ვართ შეერთებულნი), სავსებით აუცილებელია, რომ, წესით და რიგით, თანამოსახელენი ვიყოთ, აგრეთვე, ყველა სხვა წოდებისა, რაც აღნიშნულ სახელთან ერთად იმ უხრწნელი ბუნების შესახებ მოიაზრება.

    რამდენადაც ქრისტესთან ზიარებით ქრისტიანის სახელს ვფლობთ, ამდენად, უთუოდ გვმართებს, რომ ყველა სხვა აღმატებულ სახელთანაც გვქონდეს ზიარება. ისევე, როგორც ჯაჭვის ზედა რგოლის მოწევა ყველა სხვა მომდევნო რგოლსაც მოზიდავს, ამგვარადვე ერთი სახელის, ქრისტეს, ხელთპრობა თანამომზიდველია, აგრეთვე, ყველა სხვა სახელისა, რომლებიც კი იმ გამოუთქმელ და მრავალსახოვან ნეტარებას განგვიმარტავს და რომლებთანაც აღნიშნული სახელი არის თანაშერწყმული.

    ამიტომ, თუ ვინმეს ქრისტეს სახელი აქვს შემოსილი, მაგრამ თავისი ცხოვრებით არ ავლენს იგი სხვა დანარჩენთ, რაც კი ქრისტეს სახელთან ერთად მოიაზრება, ამგვარი ვინმე აყალბებს აღნიშნულ სახელს და, ზემორე მაგალითის მსგავსად, ადამიანის სახის გამომხატველ უსულო ნიღაბს აცმევს იგი მაიმუნს, რადგან, ისევე როგორც არ შეიძლება, რომ ქრისტე არ იყოს სამართლიანობა, სიწმინდე, ჭეშმარიტება და ყოველგვარი უკეთრებისგან გაუცხოება, ასევე არ შეიძლება, რომ ქრისტიანი (რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად ქრისტიანი) არ ავლენდეს თავის თავში ამ სახელებთან ზიარებას.

    ამრიგად, ქრისტიანობის არსის განმარტებისას, როგორც დებულებას, ისე ვიტყვით:

    "ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა”.

    ნურავინ განაქიქებს ამ დებულებას იმის გამო, რომ თითქოს ბევრად აღემატებოდეს და ბევრად ჭარბობდეს იგი ჩვენი ბუნების სიგლახაკეს.

    არ ამეტებს ბუნებას ეს დებულება. თუ ადამიანის დასაბამიერ მდგომარეობას განბჭობს ვინმე, საღვთო წერილის მოძღვრების საფუძველზე აღმოაჩენს, რომ არ გადასულა ჩვენი ბუნების საზომს ზემორე დებულება, რადგან ადამიანის თავდაპირველი შემზადება ღვთის მსგავსების მიბაძვით იყო, როგორც ამას სიბრძისმეტყველებს მოსე, ამბობს რა: "შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღვთის ხატისებრ შექმნა იგი” (შესაქ. 1,27), ქრისტიანობის აღთქმა კი – ესაა ადამიანის უკუმიბრუნება დასაბამიერი კეთილხვედრისკენ.

    ამრიგად, თუ ადამიანი დასაბამში მსგავსება იყო ღვთისა, არცთუ უჯერო დებულება მოგვიცია, როდესაც განვაჩინეთ, რომ "ქრისტიანობა არის ბაძვა საღვთო ბუნებისა”. დიახ, აგრერიგად დიადია ხსენებული წოდებიდან გამომდინარე აღთქმა.

    ვფიქრობთ, დროა განვჭვრიტოთ, არის თუ არა უსაფრთხო ამ სახელის მატარებლისათვის, სხვაგვარად ცხოვრობდეს იგი. ჯობს, მაგალითებით გავაცხადოთ საძიებელი:

    ვთქვათ, ისეთ ვინმეს, ვინც იჩემებს მხატვრის ხელობას, ებრძანა მეფის სურათის დახატვ ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 898 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    სამებაო ზეარსო, ზეღმერთო და ზეკეთილო, ქრისტიანთა თეოსოფიის წინამძღოლო, წარგვმართე ჩვენ საიდუმლო სიტყვათა ზეუცნაურო, ზებრწყინვალე და უზენაესი მწვერვალისაკენ, სადაც ღმრთისმეტყველების მარტივი, სრული და უცვლელი საიდუმლონი დაფარულნი არიან იდუმალი დუმილის ზენათელ ნისლში, რომელიც თავის უღრმეს სიბნელეში უმეტესი საჩინოებით ბრწყინავს და, ყოვლად შეუხებელი და უხილავი, ზემშვენიერი ბრწყინვით ავსებს უთვალო გონებით, - ასეთი იყო ჩემი ლოცვა.

    ხოლო შენ, საყვარელო ტიმოთე, საიდუმლო ჭვრეტათა მიმართ გულმოდგინე სწრაფვისას გრძნობებიც დაუტევე და გონებისმიერი ქმედებანიც, ყოველივე გრძნობადიც და გონით საწვდომიც, ყოველი არსიც და არარსიც, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, უცნაური გზით ამაღლდე იმასთან ერთობამდე, რაც ყოველგვარ არსსა და ცოდნაზე უმაღლესია, რადგანაც მხოლოდ შენივე თავისა და ყველაფრისაგან მკვეთრი, სრული და წმინდა განდგომით თუ ამაღლდები საღმრთო სიბნელის იმ ზეარსობრივ სხივამდე, ყველაფრისაგან განდგომილი და განთავისუფლებული.

    მაგრამ დაუკვირდი, გაუნდობელთაგან არავინ გაიგოს. მე ვგულისხმობ იმათ, რომელნიც ემსჭვალვიან ამქვეყნიურ არსთ და ჰგონიათ, რომ მათ გარდა არა არის რა ზეარსი, არამედ ფიქრობენ, რომ თავიანთი ცოდნით იცნობენ მას, ვინც თავის საფარველად დაიდო ბნელი, ხოლო თუ მათთვის არიან მიუწვდომელნი საღმრთო საიდუმლოებანი, რაღას ვიტყვით უფრო უვიცთა მიმართ, რომელნიც ყოვლის უზენაესს ყველაზე უდარესად სახავენ და ამბობენ, რომ ის არაფრით აღემატება მათ მიერ წარმოსახულ უღმერთო და მრავალსახოვან ფორმებს; თუმცაღა მასში, როგორც ყოვლის მიზეზში, უნდა ჩაგვედო და მისით გვემტკიცებინა არსთა ყოველი დებულება და უფრო მეტი უფლებამოსილებით მისგან, როგორც ყოველ არსზე უზენაესისაგან, უარგვეყო იგივე დებულებანი და კი არ გვეფიქრა, რომ წართქმანი უპირისპირდებიან უკუთქმათ, არამედ ყოველგვარ ნაკლებობაზე უწინარესად და ყოველგვარ დაკლებასა და მიმატებაზე უმაღლესად მიგვაჩნია იგი.

    სწორედ ასე ამბობს ღვთაებრივი ბართლომეოსიც, რომ ღმრთისმეტყველება უხვიცაა და უკიდურესად მწირიც, ხოლო სახარება ვრცელიცაა და დიდიც და ფრიად მოკლეც. მე მგონია, ამის ღრმა გააზრებით, ყოვლის კეთილი მიზეზი მრავალსიტყვაც არის და მცირედმეტყველიც და უთქმელიც, თითქოს არც სიტყვა აქვს და არც გონება, რაკიღა ზეარსობრივად აღემატება ყოველს და მხოლოდ მათ გამოუჩნდება დაუფარავად და ჭეშმარიტად, რომელნიც დაუტევებენ ყოველივე წმინდას და არაწმინდას, ყოველი ზეაღსვლით ყველა წმინდა მწვერვალს თავზე ეხვევიან, ქვეოთ ტოვებენ ყოველგვარ საღმრთო ნათელს, ბგერებს და ციურ ხმებს და ნისლში დაინთქმებიან, სადაც, საღმრთო წერილის თქმით, ჭეშმარიტად არის ის, ვინც ყველაზე უზენაესია.

    რადგან ღვთაებრივ მოსესაც უბრალოდ როდი ებრძანა, თავდაპირველად თვითონ განწმენდილიყო, მერე კი განშორებოდა განუწმენდელთ, და მხოლოდ ყოველგვარი განწმენდის შემდეგ ესმის მრავალხმიან საყვირთა ხმა, ხედავს მრავალ ნათელს, წმინდად მოელვარესა და მრავალი სხივით ნაფერს. შემდგომ ამისა განეშორება მრავალთ და რჩეული მღვდლებითურთ საღმრთო აღსავალთა მწვერვალს აღწევს. მაგრამ მაინც ვერ სწვდება ღმერთს და მას კი ვერ ხედავს (რადგანაც უხილავია), არამედ იმ ადგილს, სადაც არის. ეს, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ხედვითა და გონებით წვდომის ყველა უღვთაებრივესი და უმწვერვალესი საგანი მხოლოდ სავარაუდო აზრია, მხოლოდ ნაკვალევი, რომლითაც მჟღავნდება ის, ვინც ყველაზე უმაღლესია, მისი არსებობა, ყოველგვარ აზროვნებას რომ აღემატება, მისივე უწმინდეს სამყოფელთა გონებრივ მწვერვალზე დამკვიდრებული.

    და მაშინ, თვით ხილულთა და მხილველთაგან განშორებული, უმეცრების ჭეშმარიტად იდუმალ ნისლში შედის, სადაც გამორიცხავს შემეცნების ყველა უნარს და ამრიგად სრულიად შეუხებელსა და უხილავში რჩება. ასე რომ, აღარავისთვის არსებობს, აღარც თავისთვის და აღარც სხვისთვის, არამედ მხოლოდ მისთვის, ვინც ყოვლისმიღმურია, და ყოველგვარი შემეცნების გაუქმების შედეგად თავისი უკეთესი ნაწილით უერთდება ყოვლად შეუცნობელს. და სწორედ იმით, რომ არაფერს შეიმეცნებს, ზეგონებრივ შემეცნებას იძენს.



    თავი II

    როგორ უნდა შევუერთდეთ და ვუგალობოთ ყოველთა მიზეზსა და ყოველთა უზენაესს


    ჩვენ გვურს, დავრჩეთ ლოცვად ამ ზენათელ ნისლში და უხილავობითა და უცოდინარობით ვიხილოთ და შევიცნოთ ის, ვინც ხილვასა და შემეცნებაზე უზენაესია, - თვით ამ უხილავობისა და უცოდინარობის მეოხებით. რადგან ესაა ჭეშმარიტი ხილვა და შემეცნება, და ზეარსის ზეარსობრივად შესხმა ყოველივე არსებულისაგან განყენებით, იმათ მსგავსად, ბუნებრივ მასალას რომ აქანდაკებენ და ყველა იმ წამონაზარდს აცლიან, რომლებიც ხელს უშლიან დაფარულის წმინდა სახით ჭვრეტას და მხოლოდ მათი თანდათანობით ჩამოშორების თუ გამოკლების წყალობით ამჟღავნებენ ფარულ მშვენებას.

    ჩემი აზრით, გამოკლებას მატების საპირისპიროდ უნდა შევასხათ ქება, რადგან, თუ მატებისას ყველაზე პირველებიდან მოყოლებული, შუათანათა გავლით, უკანასკნელებამდე ჩამოვდიოდით, გამოკლებისას უკანასკნელებიდან პირველებამდე ავდივართ, ყველაფერს ვაშორებთ, რათა ცხადად შევიცნოთ ის უცოდინარობა, ყოვლივე შეცნობადისგან ყოველ არსში დამალული, და ვიხილოთ ის ზეარსი ნისლი, ყველასაგან არსთა ნათელში დაფარული.



    თავი III

    რანი არიან წართქმითნი ღმრთისმეტყველებანი და რანი - უკუთქმითნი


    საღმრთისმეტყველო განწესებებში ვიგალობეთ ის, რაც უსაკუთრესად მიეკუთვნება წართქმით ღმრთისმეტყველებას - როგორ იწოდება საღმრთო და კეთილი ბუნება ერთებად და როგორ სამებად; რა ითქმის მასში მამობად და ძეობად; რისი უწყება ნებავს სულის ღმრთისმეტყველებას; როგორ გამობრწყინდებიან უნივთო და განუყოფელი სიკეთიდან სიკეთის გულისმიერი ნათელნი და როგორ გვევლინებიან თანამარადისნი მასში, თავიანთ თავში და ერთმანეთს შორის წარუვალნი და ნაყოფიერნი; როგორ ეზიარება ზეარსი იესო ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებას; და ბევრი სხვაც, საღმრთო წერილში გადმოცემული, საღმრთისმეტყველო განწესებებში იგალობება. ხოლო წიგნში ”საღმრთოთა სახელთათვის” - როგორ ეწოდება ღმერთს კეთილი, როგორ - არსი, სიცოცხლე და სიბრძნე და ძალი და სხვა მისთანანი, რაც მიეკუთვნება ღმერთის საცნაურ სახელდებას; ხოლო ”სიმბოლურ ღმრთისმეტყველებაში” - რანი არიან გრძნობადთაგან ღმერთზე გადატანილი სახელნი, რას ნიშნავს საღმრთო ხატებანი, რანი არიან საღმრთო სახენი, ნაწილნი და ორგანონი, რანი - საღმრთო ადგილნი და სამკაულნი, რანი - გულის-წყრომანი, მწუხარებანი და მძულვარებანი, მთვრალობანი და ღრეობანი, რანი არიან ფიცნი და რანი - წყევანი, რანი - ძილნი და რანი - ღვიძლნი და ღმერთის სიმბოლურ გამოხატულებათა სხვა წმინდა ხატებანი და სახებანი.

    ვგონებ, შენც მიხვდი, რომ ამ უკანასკნელში უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე პირველში, ვინაიდან საღმრთისმეტყველო განწესებანი და საღმრთო სახელთა განმარტებანი გაცილებით მოკლემეტყველი უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე სიმბოლური ღმრთისმეტყველება, ვინაიდან რაც უფრო მაღლა ვისწრაფვით, მით უფრო მოკლდება ჩვენი სიტყვები გონით საწვდომთა ჭვრეტისას, ისევე როგორც ამჟამად, როცა ყოველგვარ გონებაზე უზენაეს ნისლში შევდივართ, არამცთუ სიტყვამცირობას, არამედ სრულ უსიტყვობასა და უგონობას ვპოვებთ. იქ, ზემოდან უკანასკნელთა მიმართ ჩამოსვლისას, სიტყვა, ჩამოსვლის კვალდაკვალ, თანდათანობით ვრცელი ხდებოდა, ახლა კი, უზენაესისაკენ აღმასვლისას, თანდათანობით მოკლდება აღმასვლის კვალდაკვალ, ხოლო აღმასვლის დასასრულს სრულიად უხმო ხდება და მთლიანად შეერთვის უთქმელს.

    კი მაგრამ, იტყვი შენ, რატომაა, რომ წართქმითი დებულებები ღმერთის შესახებ პირველისაგან გამოგვყავს, ხოლო უარყოფითთ უკანასკნელთაგან ვიწყებთ? იმიტომ, რომ ყოველგვარ დებულებაზე უზენაესის შესახებ რაიმე დებულების მტკიცებისას პირობითი დებულებისათვის უნდა მიგვემართა და ის გვესესხებინა მისგან, რაც ყველაზე მეტად ენათესავება მას. ხოლო უარყოფითი დებულებიდან იმის შესახებ, ვინც ყოველგვარ უარყოფაზე უზენაესია, უნდა გამოგვეკლო ყოველივე ის, რაც ყველაზე მეტად დაშორებულია მისგან. ვინაიდან ღმერთი განა უფრო მეტად არ არის სიცოხლე და სიკეთე, ვიდრე ჰაერი და ქვა? და განა უფრო მეტად არც მემთვრალეობს და არც მრისხანებს, ვიდრე სიტყვით და გონებით მიიწვდომება?



    თავი IV

    იმისათვის, რომ არც ერთი გრძნობადთაგანი არ არის ის, ვინც ზეაღმატებით ყოველივე გრძნობადის მიზეზია

    ამრიგად, ვამბობთ, რომ ყოვლის მიზეზი და ყველაზე უზენაესმყოფი არც უარსოა, არც უსიცოცხლო, არც უსიტყვო, არც უგონო; არც სხეულია, არც სახე, არც ხატი, არც თვისება, არც ოდენობა; არც სიმძიმე აქვს, არც რაიმე ადგილისაა, არც ხილულია, არც გრძნობით შეხებადი; არც შეიგრძნობს, არც შეიგრძნობა; არც უწესრიგობა აქვს, არც ნივთიერ ვნებათაგან აღძრული შფოთი; არც უძალოა, გრძნობად გარემოებაზე დამოკიდებული; არც ნათელი აკლია, არც ცვლილებას, არც ხრწნილებას, არც გაყოფას, არც ნაკლებობას, არც მდინარებას განიცდის და სხვა გრძნობადთაგან არც რა აქვს და არც რაა.

    თავი V


    იმისათვის, რომ არც ერთი გონით საწვდომთაგანი არ არის ის, ვინც ზეაღმატებით ყოველივე გონით საწვდომის მიზეზია კვლავ


    აღმასვლისას ვამბობთ, რომ ღმერთი არც სულია, არც გონება; არც წარმოსახვა აქვს, არც წარმოდგენა, არც სიტყვაა, არც აზროვნება; არც ითქმის, არც გონებით მიიწვდომება; არც რიცხვია, არც წესრიგი, არც სიდიდე, არც სიმცირე, არც სწორობა, არც უწესრიგობა, არც მსგავსება, არც არამსგავსება; არც დგას, არც იძვრის, არც მოსვენებულია; არც ძალა აქვს, ძალაა, არც სინათლე, არც ცხოვრობს, არც სიცოცხლეა, არც არსია, არც მარადისობა, არც დრო, არც გონით შეხებადი; არც ცოდნაა, არც ჭეშმარიტება; არც მეუფება, არც სიბრძნე, არც ერთი, არც ერთობა, არც ღვთაება; არც სიკეთე; არც სულია, როგორც ჩვენ გვესმის; არც ძეობა, არც მამობა, არც სხვა რამ მისთანა, როგორც ჩვენთვის, ისე სხვა არსებათათვის შესაცნობი; არც არარსთაგანია, არც არსთაგანი; არც არსნი იცნობენ, როგორია იგი, არც თვითონ იცის, როგორნი არიან არსნი; არ არის მისთვის სიტყვამ არც სახელი, არც ცოდნა; არც სიბნელე, არც სინათლე, არც მცდარობა, არც ჭეშმარიტება. ვერც ვერაფერს მივუმატებთ, ვერც გამოვაკლებთ, ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 1063 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    1. ღრმა, დიდი და საკვირველია საღვთო საიდუმლო, რომელსაც დიდი ხანია მოელოდნენ თვით წმინდა ანგელოზებიც, რადგან ერთგან მაცხოვრის მოწაფემ ქრისტეს შესახებ ნაწინასწარმეტყველებზე თქვა: ”მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ მათ კი არა, თქვენ გემსახურებოდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან” (I პეტრე, 1,12). მართლაც, რამდენად ღრმად გაიაზრეს და ჩასწვდნენ ანგელოზები დიდ საღვთო საიდუმლოს, რომ, როდესაც ხორციელად იშვა ქრისტე, ჩვენს გამო მადლობა აღავლინეს: ”დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა, 2,14).

    როგორ არ აღივსებოდნენ სიხარულით, როდესაც წმინდა ქალწულისაგან ქვეყნიერების მხსნელისა და განმათავისუფლებლის შობას ხედავდნენ, ისინი, რომლებიც მაცხოვრის სიტყვით ერთი ცოდვილის მოქცევას ზეიმობენ? ჩვენს გამო როკავს წმინდა სულების გუნდი. რა არის ამის მიზეზი? მხოლოდშობილის განკაცება, მისი ხორციელად შობა, ჩვენდამი გამოხატული წყალობის უსაზღვროება, კაცთმოყვარეობის შეუდარებელი სიდიადე. ნეტარი წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: ”შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ”. და კვლავ იტყვის: ”მოსწმენდს ყველა ცრემლს ღმერთი ყველა პირისახეს” (ესაია 25,8). ხოლო თუ როგორ მოსწმენდს ცრემლს ყველა სახეს, ან როგორ გამოაცხადებს ძველი წყევლის გაუქმებას და დაარღვევს სიკვდილის აუტანელ ბატონობას, ამას გვასწავლის ბრძენი პავლე: ”და რაკი ყრმანი ხორცისა და სისხლის მოზიარენი არიან, თავადაც ამგვარად ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარვებინა სიკვდილის ხელმწიფების მქონე”, - რომელიც არის ეშმაკი, - ”და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა” (ებრ. 2,15-15).

    2. ამრიგად, რას ნიშნავს, ”ამგვარად ეზიარა მათ”, თუ არა იმას, რომ სრულად მიიღო ხორციელი ბუნება კაცისა, რადგან ჩვენნაირი იშვა წმინდა ღვთისმშობლის მარიამისგან? რადგან ღმერთად მყოფია ბუნებით, და ღვთისა და მამის ჭეშმარიტი სიტყვა (ლოგოსი - მთარგ.), მამის თანაარსი და თანამარადიული და საკუთარი სიმაღლით გამშვენებული, მას, ”როგორც ღვთის ხატს, მიტაცებად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა; მაგრამ დაიმცირა თავი თვისი, მონობის ხატი შეიმოსა” წმინდა მარიამისაგან ”და კაცის მსგავსი გახდა. თავი დაიმდაბლა და გახდა მორჩილი სიკვდილამდე” (ფილიპ. 2,6-7). ცხადია, თავი ნებაყოფლობით დაიმდაბლა და საკუთარი სისავსე ყველას მისცა. თავი დაიმდაბლა ჩვენს გამო და არა ვინმეს იძულებით, ხატი მონისა ნებაყოფლობით მიიღო ბუნებით თავისუფალმა. იგი, ყველა ქმნილებაზე აღმატებული, ჩვენნაირი გახდა, სიკვდილს დაექვემდებარა ყოველთა ცხოველმყოფელი. ”მე ვარ პური, რომელი ჩამოველ ზეცით” (იოანე 6,41). ჩვენთან ერთად დაემორჩილა რჯულს, რომელიც ყოველგვარ რჯულზე აღმატებულია და როგორც ღმერთი, თავად არის რჯულმდებელი; დაბადებისა და საწყისის მქონე არსებობა მიიღო მან, რომელიც საუკუნისა და დროის უწინარესია, მეტიც, საუკუნეთა საფუძველდამდებია და შემოქმედი.

    3. როგორ გახდა ჩვენნაირი? სხეული მიიღო წმინდა ქალწულისაგან, სხეული არა უსულო, როგორც მიაჩნია ზოგიერთ ერეტიკოსს, არამედ მოაზროვნე სულით განსულიერებული. ასე მოვიდა ქალწულისაგან სრული ადამიანი ცოდვის გარეშე, ნამდვილად და არა მოჩვენებითი, არც წარმოსახვითი; ამასთან არ უარუყვია ღმერთად ყოფნა და არც დაუტოვებია ის, რაც იყო მარად, არის და იქნება - ღმერთი. ამიტომ ღვთისმშობელს ვუწოდებ წმინდა ქალწულს. როგორც ნეტარი პავლე ამბობ: ”ერთი გვყავს უფალი იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი, და ვის მიერაც ვართ ჩვენ” (I კორინთ. 8,6). ამიტომ არ გავყოფთ ერთ ღმერთსა და ჩვენს მხსნელს ორ ძედ, განკაცებულსა და განსხეულებულ ღვთის სიტყვას. ზოგიერთ ერეტიკოსს და უგუნურს მიაჩნია, რომ ერთმანეთში ვურევთ ღმრთეებას და ადამიანობას და ვფიქრობთ, ღვთის სიტყვა შეიცვალა ხორცის ბუნებად, ან ხორცი შეიცვალა ღმრთეებად. ასე არ ვფიქრობთ, რადგან ღვთის სიტყვა სრულიად უცვლელია. ამიტომ ვამბობთ, რომ მან (ღვთის სიტყვამ) მოაზროვნე სულით განსულიერებული ხორცი წმინდა ქალწულისაგან ნამდვილად თავად შეიერთა; ვამბობთ, რომ ის განხორციელდა და განკაცდა.

    4. ამიტომ საკმარისია ჩვენი სარწმუნოების მართალი და უყვედრელი, ბრალის არმქონე აღსარებისთვის წმინდა ქალწულის ღვთისმშობლად აღიარება; ხოლო იმის დამატება, რომ ის ადამიანის მშობელია, არ არის აუცილებელი და არც რაიმე სარგებელი მოაქვს. გვისწავლია ერთი ღმერთის აღიარება და გვწამს იგი განკაცების შემდეგაც, როგორც ამბობს პავლე: ”ერთია ღმერთი და ერთია შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანებს შორის” (I ტიმ. 2,5); რადგან ვამბობთ უცვალებლად ღვთის სიტყვის ადამიანად გახდომას; რამდენადაც (იგი) დამდაბლდა ხორცის ბუნებამდე, წმინდა ქალწულმა შვა საკუთარი თავისა და ჩვენი თანაარსი სხეული; თუმცა ამის გამო ღვთისმშობლად იწოდება, რაც სავსებით ცხადია და ლოგიკიდან გამომდინარე. არა შიშველი ღვთაება შვა წმინდა ქაწულმა, არამედ ხორცთან შეერთებული ღვთის სიტყვა; და სხვგვარად არ შეიძლება გაიაზრებოდეს ღვთისმშობელი, თუ არა ზუსტად ამ სახით, რომლისგანაც განკაცების სრულად აღიარება უნდა მოხდეს. ამგვარადვე ჭეშმარიტი, სარწმუნო გახდება დანარჩენიც: ის, რომ ღვთისმშობელი გახდა წმინდა ქალწული, ჩვენს სისხლთან და ხორცთან თანაზიარი ერთი ქრისტეს პარადოქსულად მშობელი, და ამასთან და ჩვენთან ადამიანური ბუნების მიხედვით მსგავსი, რადგან თავად ღვთისმშობელი მარიამია ხორციელი, რადგან არა მსგავსი არსის არის, როგორც ფიქრობენ ერეტიკოსები, არამედ თანაარსი, ე.ი. ჩვენი არსისაგან, რადგან ნათქვამია: აბრაამის თესლისაგან მიიღო. მსგავსი არსის კი ნიშნავს არა ნამდვილ ადამიანს, არამედ ძე კაცის მსგავსს, როგორც ამბობს დანიელი. მოციქულმა კი არა ჩვენი მსგავსი გვასწავლა, არამედ თქვა: ”ადამიანი იესო ქრისტე, რომელმაც მისცა თავი ყველას გამოსასყიდად” (I ტიმ. 2, 5-6). ხოლო თვით იგი ღმერთთან და მამასთან თანაარსია ღვთაების მიხედვით ისე, როგორც მამები აღიარებენ, რომლებმაც მის შესახებ თქვეს, რომ ის მამის თანაარსია და არა მსგავსი არსი.

    5. ამგვარად შეიძლება ზედმეტია და არააუცილებელი, რომ ჩვენ, როდესაც ღვთისმშობელს ვახსენებთ, დავუმატოთ ადამიანის მშობელიც. საკმარისია, როგორც ითქვა, პირველი სახელი, რომელიც მთელი ჩვენი საიდუმლოს აღსარებას შეიცავს და ჭეშმარიტების დამახინჯების მსურველებს სიტყებით თამაშის არანაირ საბაბს უტოვებს. ერეტიკოსებს სჩვეოდათ მართებულად გამოთქმულის გაყალბება. ჩვენ კი ამას არ მივიღებთ, რადგან ვხვდებით, რომ ისინი ცდებიან და უშუალოდ საღვთო წერილს განვმარტავთ. ასე რომ, ჩვენ ვსწვდებით საღვთო წერილის სიტყვების მართებულ და შესაბამის აზრს, ხოლო თუ ისინი არამართებულად იგებენ, რა ვქნათ? მოისმენენ წინასწარმეტყველის სიტყვებს: ”ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას” (ესაია 5, 20), მაგრამ არ ეზიარება ნათელი ბნელს, არც ქრისტეს თანხმობა იქნება ბელიართან (II კორინთ. 6). ჩვენ კი მივაბიჯებთ სწორ და სანდო გზაზე, რადგან ამგვარად მივაღწევთ ზენა მოწოდების ჯილდომდე იესო ქრისტეში, რომლის მიერ და რომელთან ერთადაც ვადიდებთ ღმერთსა და მამას და სულიწმინდას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
    კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 918 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    ბევრ დიდ მამას აკვირვებს ქალწულება და ის მართლაც გაკვირვებას იმსახურებს, რადგან მისი დამმარხველი ენათესავება ანგელოზებს, ესაუბრება ზეციურ ძალებს და უსხეულო არსებების თვისებით ხასიათდება. ქალწულება – წმინდა ეკლესიის ლამპარია; ქალწულმა დაამარცხა წუთისოფელი, დათრგუნა ვნება, დაიმორჩილა სურვილი და გახდა ევას თანაზიარი. იგი გაექცა მწუხარებას, მიაღწია სიწმინდეს და გათავისუფლდა ტანჯვისაგან, რამეთუ ქალწულებზე არ ვრცელდება განაჩენი, რომელიც ასე გამოითქმის: "განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ” (დაბ. 3,16).

    ქალწულობის დაცვა ჭეშმარიტად იმსახურებს გაკვირვებასა და აღფრთოვანებას, რამეტუ ის არის: მონაპოვარი, რომელსაც მონობიდან გაჰყავხარ და თავისუფლებას განიჭებს; ასკეტური სამკაული; ადამიანის ბუნების უმაღლესი ძალის გამოვლინება; გარდაუვალი ტანჯვისაგან გამომხსნელი; ცათა სასუფეველში ქრისტე-სიძესთან ერთად შემყვანი. აი, რაოდენ სადიდებელია ქალწულება! თუმცა, პატიოსანი ქორწინებაც ყოველგვარ მიწიერ საბოძვარზე აღმატებულია, რამეთუ, მრავალნაყოფიერი ხეა – ქალწულობის უდახვეწილესი მშვენება და ფესვი. ის აღმოაცენებს გონიერ და განსულიერებულ ყლორტებს; ასრულებს კურთხევას გამრავლებაზე ”ქუეყანასა ზედა” (დაბ. 1,22); ანუგეშებს ნათესავებს; თანაშემოქმედია კაცობრივი არსებისა და ფერმწერი – ღვთაებრივი ხატებისა. ქორწინებამ უფლისაგან მიიღო კურთხევა და მასზე დგას მთელი ქვეყნიერება. პატიოსნად დაქორწინებულს შეუძლია თქვას: ”აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან” (ებრ. 2,13). დაარღვიე პატიოსანი ქორწინება და ვეღარ მოიძევ ქალწულობის მშვენებას, რამეთუ სწორედ ქორწინებისაგან და არა სხვაგვარად შეგიძლია დაკრიფო ქალწულობის ყვავილი. როდესაც ამას ვამბობთ, ჩვენ არა გვაქვს შუღლის შეტანის განზრახვა ქალწულობასა და ქორწინებას შორის, არამედ გაკვირვებას გამოვხატავთ და ქედს ვიდრეკთ როგორც ერთის, ისე მეორის წინაშე, რადგან ორივე ერთმანეთისთვის აუცილებელია. რამდენადაც უფალია თითოეული მათგანის განმგებელი, ამიტომ იგი მათ ერთმანეთს არ უპირისპირებს. ქალწულობის დაცვა თუ პატიოსანი ქორწინება, ორივე თანაბრად ღვთის მოშიშთა არჩევანია: კეთილკრძალული ღვთისმოშიშების გარეშე, არც ქალწულობაა უბიწო და არც ქორწინება – პატიოსანი.

    ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რაც რჯულში სწერია და მადლით არის დამტკიცებული, რაც შეგროვილია ყველგან და ნაპოვნი – არსად, აღსრულებულია კი მხოლოდ უფალში. მხედველობაში მაქვს ქორწინების პირველგამოჩენილი ნაყოფი. რომელი? შენ ახლახან მოისმინე მახარებლის სიტყვები: ”და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისასა. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს” (ლუკა 2, 21-23). ხომ ხედავ, მხოლოდ უფალზე გაცხადდა როგორც ქორწინების, ისევე, მის საწინააღმდეგოდ თქმული? მხოლოდ უფალზე და სხვა არავისზე აღესრულება ის, რომ ყოველი ჩვილი, მამაკაცის სქესისა, ”რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს”, - თუმცა, ყველასთან მიმართებითაა ნათქვამი. იმიტომ, რომ ქალწულის ბუნება მამაკაცთან ხორციელი სიახლოვისას, ჯერ განიღება, შემდეგ კი შობს. მაგრამ ასე არ ყოფილა ჩვენი მაცხოვრის შემთხვევაში. მან თავად განაღო ქალწულის საშო, რომელსაც არ განუცდია მსგავსი სიახლოვე და გონებისთვის მიუწვდომლად იშვა. ამიტომ წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ყოველმა ჩვილმა (წულმან) რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს, ეხება მხოლოდ უფალს. ნუთუ წმინდაა კაენი, რომელმაც სიცოცხლე ბიწიერებაში დაასრულა, თუმცა კი იშვა ყველაზე უწინ დედის მუცლიდან? ნუთუ წმინდაა ესავი, ომისა და სისხლისღვრის მემკვიდრე, იმის გამო, რომ თავის ძმაზე წინ დაიბადა? ნუთუ წმინდაა რუბენი, რომელმაც მამის სარეცელი შებილწა და წყევლა გამოიწვია, რამეთუ ისიც პირველი იშვა მრავალნაყოფიერი საშოდან? არც ერთი მათგანი წმინდა არ არის და ყველა ისინი სასჯელს იმსახურებენ. აქედან, ცხადი ხდება, რომ მხოლოდ უფალს მიეკუთვნება წინასწარმეყველება იმის შესახებ, რომ ყოველი ჩვილი, რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს, - თანახმად გაბრიელ მთავარანგელოზის ნათქვამისა ქალწულის მიმართ: ” სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის” (ლუკა 1,35).

    მაგრამ, მაინც ვინმე შეიძლება შემგვედავოს და თქვას, თუკი უფალს მიემართება წინასწარმეტყველება: ”ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს”, მაშინ ქალწული ქალწულად ვერ დარჩებაო. ქალწულის საშო გარდაუვლად განიღება, თუკი ეს წინასწარმეტყველება უფალს მიემართება, რამეთუ წმინდა წერილმა განაცხადა: ”ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ”. გულისხმა ჰყავ: რაც შეეხება ქალწულებრივ ბუნებას, ქალწულობის ბჭე საერთოდ არ განღებულა, რადგან ასე ინება იმან, ვისაც იგი სულ ახლახან ატარებდა, თანახმად მის შესახებ თქმულისა: ”ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ” (ეზეკ. 44,1).

    ამიტომ, რაც შეეხება ქალწულებრივ ბუნებას, ქალწულობის ბჭე საერთოდ არ ყოფილა განღებული, ხოლო რაც შეეხება დაბადებული მეუფის ძლიერებას, არაფერია უფლისთვის დახშული, მისთვის ყოველი კარი ღია. არ არსებობს მისთვის დაბრკოლება, არ არსებობს მისთვის საზღვარი. ამიტომ, ზეციურმა ძალებმა უბრძანეს მიწიერ ძალებს: ”აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, ... და შევიდეს მეუფჱ დიდებისა” (ფს. 23,7). ამდენად, მშვენიერია ქალწულობა, - ჭეშმარიტი ქალწულობა, იმიტომ რომ, არსებობს განსხვავება ქალწულობაში: ქალწულებიდან ზოგიერთებს მიერულად და დაეძინათ, ზოგმაც იფხიზლა (იხ. მათ. 25,8). მშვენიერია ქორწინებაც, - ჭეშმარიტი და პატიოსანი ქორწინება, რადგან ზოგი იცავს მას, ზოგიც – არღვევს. მშვენიერია ქვრივობაც და სამართლიანადაც არის ნახსენები პატიოსანი ქალის ცხოვრების სამი წესი.

    ქვრივობა, როგორც აღვნიშნე, მშვენიერია, - ჭეშმარიტი ქვრივობა, რომელიც გვირგვინს იმკის უბიწოების ღვაწლისთვის. ასეთია ანა წინასწარმეტყველი, რომელმაც ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და სიჭაბუკით განახლდა, ვითარცა ორბი. შენ მოისმინე ლუკა მახარებლის სიტყვები: ”და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე” (ლუკა 2, 36-37). ხედავ, როგორ არის განდიდებული საღვთო სახარებაში ქვრივი ანა. ჭეშმარიტად ანა არის ანა [მადლი]. სახელის მნიშვნელობა შეესაბამება მისი ზნეობის დიდებას. დაე, ისმინონ დედაკაცებმა და მიბაძონ სახელოვან ანას, დაე, იგივე გზით ვიდოდნენ, რათა მიაღწიონ ისეთივე გვირგვინებს. არავინ გაიმართლოს თავი ქვრივობის დაცვის სიძნელით, რათა არ განიშოროს თავისგან ერთქორწინების სიწმინდე.

    ანა – ქვრივების სამკაულია: სახით – დედაკაცი, ხარისხით – წინასწარმეტველი; ქვროვობაში ცხოვრობს – ცათა სასუფეველს იმკვიდრებს; სხეულით უძლურია, სულით – მხნე; პირსახე ნაოჭიანი აქვს, გონება – წრფელი და ნათელი; სიბერისგან წელში მოხრილა, აზრებით კი ზეაღმართულა; წლებმა დააჭკნო, მაგრამ ყვავის ღვთისმცოდნეობით; მარხულობს – არ ნაყროვანებს; ლოცულობს – გონებაგაუფანტავია; მუდამ ტაძარშია – კარდაკარ არ დაიარება; ფსალმუნებს გალობს – არ უქმსიტყვაობს; წინასწარმეტყველებს – არ მეზღაპრეობს; თავს ღმერთს სწირავს – უწესოებას არ ეძლევა. ანამ გადააჭარბა პავლე მოციქულის მირ ქებულ ქვრივს. როგორ ქვრივს? ისმინე, რას ამბობს პავლე: ”ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, ... უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა” (I ტიმ. 5, 9-10). მან აჯობა იმას, ვინც ქებულია მოციქულისგან, - წლებითაც და ცხოვრების წესითაც. განა ყველა ქვრივს არ აჯობა იმან, ვინც წინასწარმეტყველების ღირსიქმნა და სულიწმიდის ჭურჭელი გახდა? ყველას, ვინც ხორცშესხმულ უფალს მოელოდა, მისი მოსვლის ნიშნებზე მიუთითა. მახარებელმა მის შესახებ, როგორც ეს თავად მოისმინე, თქვა: ”ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა” (ლუკ. 2,38). ხედავ, ანას დიდებას? იგი უფლის დამცველი იქმნა და მის შესახებ მისივე თანდასწრებით იუწყებოდა. ჰოი, სასწაული! ქვრივი, მაგრამ ამხილებდა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და ამით მთელ ერს სულიერად აძლიერებდა. იგი აკვირდებოდა უფალს და მიანიშნებდა იერუსალიმში მომავალ გამოხსნაზე, მიმართავდა ყველა იქ შეკრებილს და უცხადებდა მათ უფლის ნიშნებს. ახალშობილში ანამ უფალი იცნო, დაინახა შესაწირი და განსაწმენდელი მსხვერპლი, - მისთვის და მასთან ერთად მიძღვნილი, - მაგრამ არ შეუორგულებულა იმით, რომ იგი ასაკით მცირე იყო. მან აღიარა ჩვილი ღმერთად, მკურნალად, ყოვლისშემძლე გამომსყიდველად, ცოდვების შემმუსვრელად.

    უგულისხმოდ არ დატოვო ანას მიერ ნათქვამი! მან შეკრებილთ მიმართა, ყველა იქ დამსწრეს უფლის საქმეებზე მიუთითა: ”განა ვერ ხედავთ ჩვილს, როგორ იწევს იგი დედის მკერდისკენ, შემდეგ სხვას ეტმასნება, მერე კვლავ დედას ეკონება მკერდში, ჯერ დედამიწაზე ფეხიც კი არ დაუდგამს, მერვე დღეს წინადაცვეთას იღებს? ნუთუ ვერ ხედავთ ამ ჩვილს? ეს მან შექმნა საუკუნენი, მან დაამტკიცა ცანი, განავრცო ქვეყანა, ნაპირებით შემოზღუდა ზღვა. ეს ჩვილი აღძრავს ქარებს თავისი საუნჯიდან, ამ ჩვილმა განაღო ნოეს დროს წარღვნის მოქლონნი, მან შეჰქმნა წვიმის ნაკადი, იგი განფენს თოვლს, ვითარცა ქათქათა ქსოვილს. ამ ჩვილმა მოსეს კვერთხის მეშვეობით გაათავისუფლა ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 902 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    « 1 2 3 4 5 6 »
    SEAMAN.GE © 2020
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz