პარასკევი, 26.04.2024, 20:01
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:23 | შეტყობინება # 376
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ელვისებური მენინგოკოქცემია
მენინგოკოკცემიის უმძიმესი ფორმაა ელვისებური მენინგოკოკცემია, იგივე უმწვავესი მენინგოკოკური სეფსისი, ელვისებური პურპურა, ფულმინანტური მენინგოკოკცემია, უოტერჰაუს-ფრიდერიქსენის სინდრომი. მას აქვს მოულოდნელი და ძალიან მწვავე დასაწყისი და ვითარდება როგორც ინფექციურ-ტოქსიკური შოკი. ავადმყოფს შემცივნების პარალელურად სიცხე 410C-მდე უწევს, თუმცა რამდენიმე საათში შესაძლოა ჰიპოთერმია განუვითარდეს. აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, სიფითრე (ციანოზური ელფერით), პულსი აჩქარებული, მაგრამ სუსტი აქვს, შარდის გამოყოფა - შემცირებული, არტერიული წნევა ჯერ იმატებს, შემდეგ კი იკლებს, თავს იჩენს ფსიქომოტორული აგზნება, მენინგეალური ნიშნები და სიკვდილის შიში. დაავადების პირველსავე საათებში მთელ სხეულზე, კონიუნქტივაში და სკლერებზე ჩნდება სხვადასხვა ფორმის სისხლჩაქცევები, რომლებიც სწრაფად ნეკროზდება. სისხლჩაქცევების სიჭარბე სხეულის ზედა ნაწილში, სახესა და სკლერებზე არაკეთილსაიმედო პროგნოზის მაუწყებელია. ძალიან სწრაფად ვითარდება ჰემოდინამიკური მოშლილობა: მკვეთრად ეცემა არტერიული წნევა, თითქმის ქრება პულსი, უფრო და უფრო პროგრესირებს ქოშინი, ზოგადი ციანოზი, ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურა), ცივი ოფლი და ანურია (შარდი არ გამოიყოფა, ანუ ვითარდება ე. წ. შოკური თირკმელი). სწრაფად იმატებს სისხლჩაქცევების ინტენსივობა, იწყება სისხლიანი ღებინება და სხვადასხვა ორგანოდან სისხლის დენა. ავადმყოფი ზოგჯერ გარემოს წითლად აღიქვამს. კანზე წარმოიშობა ფართო მოლურჯო ლაქები - ე. წ. გვამური ლაქები, რომლებიც მდებარეობის შეცვლისას ფორმას იცვლის. მენინგეალური ნიშნები თანდათანობით ქრება. ვითარდება კუნთების სისუსტე. ტვინის შეშუპების გამო ცნობიერება იბინდება. მკვეთრად იცვლება პერიფერიული სისხლის სურათი (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მაღალი ედსი).

გამოყოფენ ელვისებური მენინგოკოკცემიის მთავარი გართულების, ინფექციურ-ტოქსიკური შოკის, 4 ხარისხს.
I ხარისხის ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, დამახასიათებელია სიფითრე, ჰემორაგიული გამონაყარის ინტენსიური მატება. ფეხების გაცივება. არტერიული წნევა ნორმალური ან მომატებულია, აღინიშნება ტაქიკარდია, ტაქიპნოე, აგზნება. დიურეზი (შარდის გამოყოფა) დაქვეითებულია. ვითარდება მეტაბოლური აციდოზი და ჰიპერკოაგულაცია.
II ხარისხის ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, კანი ფერმკრთალია და გადაჰკრავს მორუხო ელფერი, დამახასიათებელია აკროციანოზი (ტუჩებზე და მათ ირგვლივ კანის სილურჯე), ცივი და ტენიანი კანი, სხეულის სუბნორმული ტემპერატურა. აღინიშნება ტაქიკარდია, პულსის სისუსტე, გულის ტონების მოყრუება. არტერიული წნევა ეცემა. ავადმყოფს აქვს შენელებული რეაქციები, მოდუნებულია, ცნობიერება დაბინდული აქვს, შესაძლოა განუვითარდეს კრუნჩხვაც. შარდის გამოყოფა შემცირებულია. ვითარდება მეტაბოლური აციდოზი და თრომბოჰემორაგიული სინდრომი.
III ხარისხის ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ცნობიერება იშვიათად ნარჩუნდება. კანს აქვს მოლურჯო-მორუხო ელფერი. აღინიშნება ტოტალური ციანოზი მრავლობითი სისხლჩაქცევითა და ნეკროზით. გამოხატულია ქოშინი. არტერიული წნევა ძალიან დაბალია. სხეულის ტემპერატურა სუბნორმულია, გუგები შევიწროებულია და სინათლეზე არ რეაგირებს. არ არის გამორიცხული კრუნჩხვა. შარდი არ გამოიყოფა. ვითარდება დეკომპენსაციური მეტაბოლური აციდოზი და თრომბოჰემორაგიული სინდრომი.
IV ხარისხის ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - აგონიური მდგომარეობაა. ავადმყოფი უგონოდ არის, აღენიშნება კუნთების ატონია და არეფლექსია (კუნთები მოდუნებულია, რეფლექსები დაკარგულია), გუგები გაფართოებული აქვს და სინათლეზე არ რეაგირებს. ვითარდება კრუნჩხვა, ფილტვებისა და თავის ტვინის პროგრესული შეშუპება, სისხლის სრული შეუდედებლობა და ამასთან დაკავშირებული დიფუზური სისხლდენა (ცხვირიდან, კუჭიდან, საშვილოსნოდან). არტერიული წნევა და პულსი არ ისინჯება. შარდი არ გამოიყოფა.
ელვისებური მენინგოკოკცემიის შემთხვევაში ავადმყოფი მკურნალობის გარეშე 10-48 საათში იღუპება.
შოკიდან გამოყვანის შემდეგ სიკვდილის მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და პნევმონია. თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (შოკური თირკმელი) ვლინდება ოლიგოანურია, შეშუპება, აზოტემია, ჰიპერკალციემია, აციდოზი, იმატებს სისხლის არტერიული წნევა, ძლიერდება ჰემორაგიული და მენინგეალური სინდრომები, ჰემოდინამიკური მოშლილობა. ვითარდება კრუნჩხვა. ავადმყოფი იღუპება მე-4-10 დღეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:23 | შეტყობინება # 377
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მენინგოკოკცემიის ქვემწვავე და ქრონიკული ფორმები იშვიათია. ქრონიკულ მენინგოკოკცემიას ახასიათებს ცხელება (რემისიის დროს ტემპერატურა შესაძლოა ნორმის ფარგლებში იყოს) და რომელიმე ორგანოს არჩევითი დაზიანება. კერძოდ, სპლენომეგალიასთან (ელენთის გადიდება) ერთად გამოხატულია ართრიტის, პოლიართრიტის ან ენდოკარდიტისა და მიოკარდიტის მოვლენები. კანზე აღინიშნება ექსუდაციური ერითემის ტიპის სხვადასხვანაირი გამონაყარი. მართებული მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. ქვემწვავე და ქრონიკული მენინგოკოკცემიის მიზეზად M-იმუნოგლობულინის დეფიციტს მიიჩნევენ.

დიაგნოსტიკა. დიაგნოზის დასასმელად აუცილებლად უნდა ჩატარდეს სისხლისა და თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა.
პერიფერიულ სისხლში აღინიშნება შემდეგი ცვლილებები: ლეიკოციტოზი ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრით, ნეიტროფილების ტოქსიკური მარცვლოვანება, თრომბოციტოპენია, ლაქტოაციდოზი, მომატებულია TT თრომბინის დრო, APTT აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო, დაქვეითებულია ფიბრინოგენის შემცველობა, სისხლის კულტურაში განისაზღვრება Neisseria Mmeningitidis მატება.
ლიქვორის გამოკვლევისას ვლინდება მისი შემღვრევა, ლეიკოციტების რაოდენობის მატება, ლიქვორის ნაცხში აღმოჩნდება გამომწვევი, ლიქვორსა და სისხლში გლუკოზის შეფარდება 0,4-ზე ნაკლებია, ლიქვორში ცილის შემცველობა 450 მგ/ლ-ზე მეტია, დადებითია ტესტი გამომწვევის ანტიგენზე.
დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია დიფერენცირება სხვა ეტიოლოგიის სეფსისისგან, მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტისგან, გონოკოკური კანსახსროვანი სინდრომისგან, გრიპისგან და სხვა.

მკურნალობა. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის თავიდან ასაცილებლად უნდა ჩატარდეს დროული ანტიბაქტერიული თერაპია (პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით).
ინფექციურ-ტოქსიკური შოკის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შოკის საწინააღმდეგო თერაპია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:23 | შეტყობინება # 378
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მენისკის დაზიანება

მენისკი მუხლის სახსრის სახსარშიგა, ნახევარმთვარის ფორმის ხრტილია. ასეთი ხრტილი ორია - შიგნითა ანუ მედიალური და გარეთა ანუ ლატერალური. სახსრის წინ ისინი იოგებით არიან შეერთებულნი. გარეთა მენისკი უფრო მოძრავია, ვიდრე შიგნითა, ამიტომ მისი ტრავმული დაზიანება უფრო იშვიათია. შიგნითა მენისკი ნაკლებად მოძრავია და მუხლის სახსრის გვერდითა იოგს უკავშირდება, ამიტომ მის ტრავმას ხშირად იოგის დაზიანებაც ახლავს თან.
სახსრის გვერდით მენისკები სასახსრე ჩანთასთან არის შეხორცებული და ამ უკანასკნელის არტერიიდან მარაგდება სისხლით. მენისკის შიგნითა ნაწილები სახსარში ღრმად მდებარეობს და საკუთარი სისხლმომარაგება არ გააჩნია, მათი კვება სახსარშიგა სითხის ცირკულაციის ხარჯზე ხორციელდება. ამიტომ არის, რომ სასახსრე ჩანთის ახლოს დაზიანებული ნაწილი ადვილად ხორცდება, მუხლის სახსრის სიღრმეში მდებარე კი საერთოდ არა.
მენისკის მთავარი ფუნქცია ამორტიზაცია და დატვირთვის განაწილებაა, თუმცა აქვს მგრძნობელობითი (უზრუნველყოფს სივრცეში მუხლის სახსრის მდებარეობის შეგრძნებას) და მასტაბილიზებელი ფუნქციაც (მყესებთან, კუნთებსა და იოგებთან ერთად).
მენისკის გაგლეჯის მიზეზია არაპირდაპირი ან კომბინირებული ტრავმა, რომელსაც თან სდევს წვივის ძვლის როტაცია (შემობრუნება) გარეთ (შიგნითა მენისკი) ან შიგნით (გარეთა მენისკი). გარდა ამისა, მენისკი შესაძლოა დაზიანდეს მოხრილი მუხლის მკვეთრი გაშლისას. იშვიათად მენისკის გაგლეჯის მიზეზად იქცევა პირდაპირი ტრავმა (მუხლის სახსრის ჩამორტყმა კიბის საფეხურის კიდეზე ან რომელიმე მოძრავი საგნის სახსარში დარტყმა). განმეორებითმა პირდაპირმა ტრავმამ შესაძლოა მენისკების ქრონიკული ტრავმატიზაცია (მენისკოპათია) და შემდგომ (ჩაჯდომის ან მკვეთრი მობრუნების დროს) მათი გაგლეჯა გამოიწვიოს.
მენისკის დეგენერაციულ ცვლილებებს შესაძლოა სათავე დაუდოს ქრონიკულმა მიკროტრავმამ, ასევე - რევმატიზმმა, პოდაგრამ, ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ, განსაკუთრებით - თუ ადამიანს ბევრი სიარული ან ფეხზე დიდხანს დგომა უხდება.
განასხვავებენ მენისკის დაზიანების შემდეგ სახეებს:
1. მენისკის მოცილება მიმაგრების ადგილიდან;
2. მენისკის დაზიანების სხვადასხვა კომბინაცია;
3. მენისკების ზედმეტი მოძრაობა (მენისკებს შორის იოგის გაგლეჯის ან მისი დეგენერაციის გამო);
4. მენისკის ქრონიკული ტრავმატიზაცია;
5. მენისკის კისტოზური გადაგვარება (მენისკის კისტა).
ხასიათის მიხედვით კი განასხვავებენ სრულ, არასრულ, შუამდებარე, გარდიგარდმო და დაფლეთილ დაზიანებებს.
შიგნითა და გარეთა მენისკების დაზიანებას ბევრი საერთო შტრიხი აქვს, თუმცა მედიალური მენისკისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია შუამდებარე და დაფლეთილი გაგლეჯა, ხოლო ლატერალურისთვის - ჰორიზონტალური და გარდიგარდმო.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მენისკების დაზიანების კლინიკურ სურათში გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ პერიოდებს.
მწვავე პერიოდში მენისკის დაზიანების დიაგნოსტიკას ართულებს სახსრის რეაქტიული არასპეციფიკური ანთება, რადგან ეს უკანასკნელი სახსრის სხვა სახის დაზიანებასაც ახასიათებს. ამ პერიოდში აღინიშნება მუხლის ტკივილი, მოძრაობის (განსაკუთრებით - გაშლის) მკვეთრი შეზღუდვა, ჰემართროზი (სახსრის ღრუში სისხლის დაგროვება) და სითხის დაგროვება სეროზულ ღრუში.
2-3 კვირის შემდეგ, როცა რეაქტიული მოვლენები ჩამცხრალია, ვლინდება მენისკის დაზიანებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ლოკალური ტკივილი, სასახსრე ჩანთის ინფილტრაცია, სახსრის ბლოკადა, სითხის დაგროვება სეროზულ ღრუში და სხვა. რამდენიმე დღეში ეს სიმპტომები გაივლის და მეორდება სახსრის შემდგომი ბლოკადის დროს. მრავალჯერადი ბლოკადის შედეგად ვითარდება მუხლის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:23 | შეტყობინება # 379
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. მენისკის დაზიანების სადიაგნოზოდ გამოიყენება ტკივილის სინჯები, რომლებიც განსაზღვრული მოძრაობით მუხლის სახსარში ტკივილის აღძვრას ეფუძნება. დიაგნოზი დაისმის კლინიკური სურათის (განმეორებითი ბლოკადები) და პნევმოართროგრაფიის მონაცემების საფუძველზე. რენტგენოგრაფიის მეშვეობით მენისკი სახსარშიგა მოტეხილობისგან დიფერენცირდება.

მკურნალობა. მენისკის ტრავმის მკურნალობა დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. ერთ უკიდურესობას წარმოადგენს მენისკის მცირე გაგლეჯა ან დეგენერაციული ცვლილებები, რაც თავდაპირველად კონსერვატიულად უნდა იქნეს ნამკურნალევი. მეორე უკიდურესობაა დიდი ზომის გაგლეჯა, რომელიც სახსრის ბლოკირებას იწვევს და ოპერაცას მოითხოვს. მენისკის ტრავმების უმრავლესობა ამ ორ უკიდურეს მდგომარეობას შორის მერყეობს. მკურნალობის მეთოდის შერჩევისას გასათვალისწინებელია პაციენტის პროფესიაც, კერძოდ, ხომ არ უკავშირდება ის მუხლის სახსრის დატვირთვას (სპორტი).
ოპერაციული მკურნალობა მენისკის ამოკვეთას გულისხმობს. თაბაშირის ლონგეტის მოხსნის შემდეგ ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, ბარძაყის მასაჟი, ფიზიოთერაპია. შრომის უნარი აღდგება 1-1,5 თვის შემდეგ. დროულად ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:23 | შეტყობინება # 380
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მეჭეჭი

მეჭეჭი კანის პატარა, არაანთებითი ხასიათის სიმსივნური წარმონაქმნია. მისი დიამეტრი 1-2 მმ-დან 1 სმ-მდე ვარირებს, იშვიათად უფრო მეტიც არის.
მეჭეჭს პაპილომავირუსი იწვევს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე თვე გრძელდება. გამომწვევი გადაედება ინფიცირებულ ადამიანთან ან საგანთან შეხების დროს (სასქესო ორგანოთა ლორწოვანი გარსები სქესობრივი კონტაქტის შედეგად ზიანდება).
განასხვავებენ მეჭეჭის რამდენიმე ნაირსახეობას:
ჩვეულებრივი მეჭეჭები 3-10 მმ დიამეტრის მრგვალი, მკვრივი, ხორკლიანზედაპირიანი, უმტკივნეულო კვანძებია. ისინი უმეტესად ხელის ზურგზე, თითებზე, სახეზე, თავის თმოვან ნაწილზე ჩნდება.
ტერფის მეჭეჭები, ჩვეულებრივ, მტკივნეულია. ისინი დაფარულია გარქოვანებული შრით და კოჟრებს მოგვაგონებს. მათ წარმოქმნას ხელს უწყობს ფეხსაცმლის მუდმივი ზეწოლა და ხახუნი.
ბრტყელი (ახალგაზრდული, იუვენილური) მეჭეჭები მცირე ზომის (0,5-3 მმ) მოყვითალო ან კანის ფერი კვანძებია. ასეთ მეჭეჭებს მრგვალი ან წიბოვანი გლუვი, ბრტყელი ზედაპირი აქვს და ოდნავ სცილდება კანს. უმეტესად სახეზე და ხელის ზურგზეა განლაგებული. ხშირია ახალგაზრდებში, განსაკუთრებით - მოსწავლეებში.

დიაგნისტიკა. ერთი შეხედვით მეჭეჭი ძალიან ადვილი ამოსაცნობია, მაგრამ დამოუკიდებლად დიაგნოზის დასმა ყოველთვის არ არის ადვილი, რადგან მეჭეჭი შესაძლოა კანის სხვა დაავადებით შეინიღბოს.
საზოგადოდ, კანზე არსებული ყოველგვარი სიმსივნური წამონაქმნი საყურადღებოა, მაგრამ ყველა წარმონაქმნი მეჭეჭი არ არის, ამიტომ დიაგნოზის დასასმელად ადამიანმა დერმატოლოგს უნდა მიმართოს.
დერმატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:
მეჭეჭი ხელს გიშლით და გრძნობთ მას (მაგალითად, ტეფრის მეჭეჭი);
მტკივნეულია, სისხლმდინარია, იცვალა ფორმა ან ფერი;
ძალიან გაიზარდა;
გამოსაჩენ ადგილას მდებარეობს და ქმნის კოსმეტიკურ უხერხულობას;
მრავლდება.

მკურნალობა. მეჭეჭების მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს - არასწორი მკურნალობის შედეგად მეჭეჭი შესაძლოა ავთვისებიან წარმონაქმნად იქცეს. მეჭეჭის მკურნალობისას მნიშვნელოვანია, ორგანიზმს უფრო მეტი ზიანი არ მივაყენოთ, ვიდრე თავად მეჭეჭი აყენებს.
ამჟამად მეჭეჭის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. მათ წარმონაქმნის ადგილმდებარეობისა და სახეობის მიხედვით ირჩევენ.
მკურნალობა შესაძლებელია:
მედიკამენტური მეთოდით (ანტივირუსული პრეპარატები);
მექანიკური გზით;
ქიმიური გზით (მოწვა);
დიათერმოკოაგულაციით (მოყინვა);
კრიოთერაპიით (მეჭეჭების უმტკივნეულო მოწვა თხევადი აზოტით);
ქირურგიული მეთოდით (მოკვეთა ჩვეულებრივ, ადგილობრივი ანესთეზიით, ან ლაზერული სკალპელით. შემდეგ ადებენ დამწოლ ნახვევს);
ელექტროკოაგულაციით (მაღალი სიხშირის დენით, რომელიც ქსოვილების ტემპერატურას ზრდის, რის შედეგადაც ირღვევა მეჭეჭის მთლიანობა და ვირუსი იღუპება;
იმუნოთერაპიით (დაავადების გამწვავებას უშუალო კავშირი აქვს იმუნური სისტემის მდგომარეობასთან).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:24 | შეტყობინება # 381
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს აქვს გართულებებიც. მაგალითად, მეჭეჭის ლაზერით მოშორებისას კანზე ზოგჯერ ნაწიბურები რჩება. ნაწიბურები შესაძლოა გაჩნდეს ზოგიერთი მოძველებული აპარატის გამოყენების დროსაც. მკურნალობის შედარებით დამზოგველ მეთოდებად მიიჩნევა კრიოთერაპია და ელექტროკოაგულაცია.
არამც და არამც არ შეიძლება მეჭეჭის დამოუკიდებლად მოშორება სახიდან, მათ შორის - ტუჩებიდან და ქუთუთოებიდან - შესაძლოა, მათ ადგილას ნაწიბურები დარჩეს.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა
აიღეთ 2 ცალი ლიმონის კანი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1/2 ჭიქა 30%-იანი ძმარი, ჩაასხით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და 8 დღე დატოვეთ. დროდადრო შეანჯღრიეთ. 8 დღის შემდეგ გადაწურეთ. ამ ნაყენში დასველებული ტამპონი დღეში რამდენჯერმე დაიდეთ მეჭეჭზე.
მეჭეჭის კანთან შეხების ადგილას მაგრად მოიჭირეთ აბრეშუმის ძაფი, ყოველდღე - უფრო და უფრო მეტად. მეჭეჭი გახმება და თავისთავად მოძვრება.
აიღეთ 200 გრამი წიწვი, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და კიდურები ამ ნაყენით დაიორთქლეთ, ვიდრე გაგრილდება. პროცედურა გაიმეორეთ 5-6-ჯერ, დღეგამოშვებით.
მოკრიფეთ ფუჩფუჩა (ვაზისძირა), წამოადუღეთ და რამდენიმეჯერ დაიორთქლეთ სხეულის ის ნაწილები, სადაც მეჭეჭები გაქვთ.
გაზაფხულზე მოტეხეთ ლეღვის ქორფა ყლორტი. გადანატეხიდან ყლორტს რძე წამოუვა. სწორედ ეს რძე წაისვით მეჭეჭზე. გაიმეორეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.
მეჭეჭზე მშრალი ყინულის ნაჭერი მიიდეთ და გაიჩერეთ, სანამ გაუძლებთ. რამდენიმე ჯერის შემდეგ მეჭეჭი გაქრება.
ნივრის კბილი დააქუცმაცეთ, დაიდეთ მეჭეჭზე და ლეიკოპლასტირით დაიმაგრეთ. 2-3 საათზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ - შესაძლოა, კანი დაგეწვათ.
მეჭეჭზე რამდენჯერმე დაიდეთ ხახვის ნაჭერი - მეჭეჭი დარბილდება და ადვილად მოშორდება.
ძილის წინ მეჭეჭზე დაიდეთ ცირცელის ნედლი, გასრესილი ნაყოფი, შეიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ, დილით კი ჩამოიბანეთ. 8-10 პროცედურა საკმარისია.
აიღეთ მომცრო კარტოფილი, შუაზე გაჭერით და განაჭერი მხრიდან დაიდეთ მეჭეჭზე.
ქრისტესისხლას ქორფა ღეროს წვენი გამოადინეთ და მეჭეჭზე წაისვით.
ფიკუსის წვენი და ძმრის ესენცია ერთმანეთში აურიეთ (პროპორციით 2:1), პლასტირის პატარა ნაჭერი შუაში მეჭეჭისოდენად ამოჭერით, მეჭეჭზე ჩამოიცვით (გარშემო საღი კანი რომ არ დაზიანდეს) და ფიკუსის ძმრის 1-2 წვეთი ზედ მეჭეჭზე დაიწვეთეთ. 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ მეჭეჭის გაქრობამდე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:24 | შეტყობინება # 382
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მიასთენია

მიასთენია აუტოიმუნური ხასიათის ნერვულ-კუნთოვანი დაავადებაა, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა ახასიათებს. მე-17 საუკუნეში მასზე უკვე ჰქონდათ წარმოდგენა, მაგრამ ცალკე ნოზოლოგიად ის მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში იქნა აღიარებული.
ყოველი 1 000 000-იდან 5-50 კაცი მიასთენიით არის ავად. ეს რიცხვი უფრო დიდი იქნებოდა, ყველა დაავადებული რომ მიმართავდეს ექიმს, მაგრამ არსებობს მიასთენიის მსუბუქად მიმდინარე ფორმებიც, რომელთა დროსაც ავადმყოფი ექიმის კონსულტაციას საჭიროდ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, ზოგჯერ მიასთენიის დიაგნოსტირება საერთოდ ვერ ხერხდება, რადგან იშვიათი დაავადებაა, თანაც სპეციფიკური სიმპტომატიკა არ ახასიათებს. თუმცა ბოლო ხანს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად მიასთენიის დიაგნოსტირების ფაქტებმა მკვეთრად იმატა.
მიასთენიის ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. დღესდღეობით ის აუტოიმუნურ დაავადებად განიხილება.
კუნთების პათოლოგიური გადაღლის მექანიზმის საფუძველია აცეტილქოლინის ცვლის დარღვევა, რის გამოც ფერხდება ნერვებიდან კუნთებისთვის მოძრაობის აუცილებლობის შესახებ სიგნალის გადაცემა.
მიასთენიის მექანიზმი მარტივად ასე შეიძლება აიხსნას: ადამიანის ორგანიზმი რთული ელექტროქიმიური მანქანაა. ადამიანი კუნთების საშუალებით მოძრაობს. კიდურებს განივზოლიანი კუნთები (ჩონჩხის მუსკულატურა) ამუშავებენ, შინაგან ორგანოებსა და სისხლძარღვებს - გლუვი კუნთები. განივზოლიან კუნთებში მოძრაობის შესახებ სიგნალი (ელექტრონული იმპულსი) მამოძრავებელი ნერვების საშუალებით ვრცელდება. მამოძრავებელ ნერვებში ელექტრული იმპულსის გადაადგილებაზე ზრუნავს ნივთიერება აცეტილქოლინი, რომელსაც ის ნერვსა და კუნთს შორის არსებული ნაპრალისკენ მიაქვს. ნაპრალში სიგნალის მისვლისთანავე ჩნდება ელექტრული მუხტი, რომელიც კუნთის შეკუმშვას იწვევს. ამის შემდეგ აცეტილქოლინი სპეციალური ფერმენტის ქოლინესთერაზის საშუალებით ორად იყოფა, ასე ორად გაყოფილი უკანვე, ნერვში შეიწოვება, იქ კვლავ მთლიანდება და შეიძლება ხელახლა იქნეს გამოყენებული.
მიასთენიის დროს აცეტილქოლინის სინთეზის, დაგროვების, გადმოსროლის, გაყოფისა და უკუშეწოვის რთული მექანიზმი ირღვევა და სიგნალს უფრო და უფრო მეტად უჭირს კუნთამდე მიღწევა, მოძრაობა თანდათან ძნელდება და ბოლოს სულ მთლად წყდება. სწორედ ასეთ მდგომარეობას ეწოდება კუნთების პათოლოგიური გადაღლის სინდრომი.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მიასთენია შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მაგრამ ყველაზე მეტად 16-დან 40 წლამდეა გავრცელებული. ქალები მამაკაცებზე 3-ჯერ ხშირად ავადდებიან. მიასთენიას ახასიათებს კუნთების სისუსტისა და კუნთების პათოლოგიური გადაღლის სინდრომების შეუღლება, რაც პარეზის ან დამბლის მიზეზად იქცევა. პრობლემა შესაძლოა ნებისმიერ კუნთს შეექმნას. მაგალითად, შესაძლოა დაზიანდეს ყველა განივზოლიანი კუნთი ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. არსებობს მიასთენიის ლოკალური ფორმებიც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:24 | შეტყობინება # 383
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მიასთენიის კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, რომელი კუნთები ჩაერთვება პათოლოგიურ პროცესში.
პროცესში ყველაზე ადრე თვალის კუნთები ერთვება, ამიტომ ყველაზე ხშირად დაავადება ზემოთა ქუთუთოების დაშვებით ანუ ფთოზით იწყება. ხშირად ფთოზი ასიმეტრიულია და დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ვლინდება. ძლიერდება საღამოს, თვალების განმეორებითი ხამხამისა და მხედველობის ხანგრძლივი ფიქსაციის დროს. ფთოზთან ერთად შესაძლოა აღმოცენდეს დიპლოპია (მხედველობის გაორება), თვალის კაკლის ორგანული მოძრაობები, სრულ გარეთა ოფთალმოპლეგიამდეც კი (ოფთალმოპლეგია თვალის მამოძრავებელი კუნთების ერთი ან რამდენიმე ნერვის ერთდროული დამბლაა). იშვიათად ამ სიმპტომებს ერთვის თვალის ადვილად დაღლა, რაც კუნთების სისუსტისა და გადაღლის შედეგია. ზოგჯერ აღინიშნება მიასთენიური ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობები), რომელიც ძლიერდება თვალის კაკლების განმეორებითი მოძრაობის შედეგად.
მიასთენიის დროს თავს იჩენს მიმიკური, საფეთქლისა და საღეჭი კუნთების სისუსტე, რაც იწვევს ღეჭვის გაძნელებას, დიქციის დარღვევას და გამომეტყველების შეცვლას (მიმიკის შესუსტებას).
რბილი სასის, ხორხისა და საყლაპავის ზედა კუნთების დაზიანების გამო ვითარდება ბულბური სინდრომი - დისფაგია (ყლაპვის აქტის მოშლა), დიზართრია (დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა), სუნთქვის გაძნელება. ბულბური სიმპტომების გაჩენა ცუდი პროგნოზის მაუწყებელია.
დიაფრაგმისა და ნეკნთაშუა კუნთების დაზიანება იწვევს სუნთქვის დარღვევას, სრულ გაჩერებამდეც კი. მოსალოდნელია გულის კუნთების მოდუნება მუშაობის უმნიშვნელო შეფერხებიდან სრული შეწყვეტის ჩათვლით.
კიდურებისა და ტანის კუნთების სისუსტე აძნელებს კიბეზე ასვლას, სიარულს, დახრას, სიმძიმის ტარებას.
კისრის კუნთების დაზიანება იწვევს თავის დახრას (ნიკაპი გულმკერდს ეხება). დაავადებულთა 15-20%-ს კუნთების განლევა აღენიშნება.
მიასთენიის მძიმე ფორმის დროს სუსტდება მყესები და პერიოსტალური რეფლექსები, გემოვნება, მხედველობა, სმენა, ზედაპირული მგრძნობელობა. ვითარდება ვეგეტატიურ-ენდოკრინული და ელექტროლიტური ცვლილებები. ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ დილაობით თავს კარგად გრძნობენ, ადგომისა და დილის ტუალეტის შემდეგ კი ისეთი გრძნობა ეუფლებათ, თითქოს მძიმე სამუშაო შეესრულებინოთ. სიცივეში უკეთესობას გრძნობენ, დათბობისას კი მდგომარეობა კვლავ უარესდება. დასვენების შემდეგ ძალები აღდგება, მაგრამ დაავადებული ისვ მალე იღლება.
დაავადება შესაძლოა წლობით შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც იჩენს თავს. ცუდი ის არის, რომ ამ დროს მკურნალობა შესაძლოა უკვე დაგვიანებული იყოს, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. დროულად დაწყებული მკურნალობა განკურნების საფუძველია.

მიასთენიის კლინიკური კლასიფიკაცია

I. გენერალიზებული ფორმა:
1. ახალშობილთა მიასთენია - გარდამავალი მდგომარეობა, რომელიც აღენიშნება მიასთენიით დაავადებული ქალების ახალშობილთა 10-20%-ს;
2. თანდაყოლილი მიასთენია (კეთილთვისებიანი, ბავშვთა ოჯახური). ეს ყველაზე იშვიათი ფორმაა. კეთილთვისებიანი მიმდინარეობისას ზიანდება თვალის გარეთა კუნთები, რასაც ხშირად ოფთალმოპლეგიაც ახლავს თან. სახის, კიდურებისა და ტანის კუნთები ნაკლებად ზიანდება. ბულბური კუნთების დაზიანება მსუბუქი ან ზომიერია. დაავადების ეს ფორმა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ბავშვთა ოჯახური მიასთენიის დროს მოსალოდნელია ბულბური და სასუნთქი კუნთების მძიმე დაზიანება. ხშირად ვითარდება ფთოზი, მაგრამ თვალის გარეთა კუნთები პათოლოგიურ პროცესში არ ერთვება.
3. მოზარდთა მიასთენია. დაავადება იწყება 1 წლიდან, 75%-ში - 10 წლიდან. ზოგ დაავადებულს უპირატესად თვალი და სახის კუნთები უზიანდება, ზოგს კი ბულბური კუნთები. ზოგჯერ შეიმჩნევა კუნთების გენერალიზებული სისუსტე. დაავადებულთა 40%-ს სუნთქვა დარღვეული აქვს. ყველაზე ხშირია თვალის კუნთების დაზიანება. მოსალოდნელია დაავადების მწვავე, ელვისებური განვითარება. დროული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
4. ზრდასრულთა გენერალიზებული მიასთენია. ის რამდენიმე სახისაა: მსუბუქი (გმ IIა), მძიმე (გმ IIბ), ელვისებური (მგ III), გვიანი მძიმე (გმ IV), მიასთენია კუნთების ადრეული ატროფიის განვითარებით. გმIIა და გმIIბ ერთმანეთისგან ბულბური კუნთების დაზიანება-არდაზიანებით განსხვავდება. გმII-ის დროს სწრაფად ვითარდება კუნთების სისუსტე, ბულბური და სუნთქვითი დარღვევები. გმIV აერთიანებს იმ ავადმყოფებს, რომლებიც 2 წელია შედიან I და IIა ჯგუფებში და მკურნალობის მიუხედავად, მათი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:24 | შეტყობინება # 384
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
II. ლოკალური ფორმები:
1. თვალის მიასთენია (გმ I). ეს არის არაპროგრესირებადი ფორმა, რომელიც თვალისა და საფეთქლის კუნთების დაზიანებით მიმდინარეობს. იზოლირებული თვალის ფორმა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, ინვალიდობის ალბათობაც მცირეა. შემდგომ დაავადება ან თვალის კუნთების დაზიანებით შემოიფარგლება, ან ვითარდება გენერალიზებული ფორმა.
2. ბულბური მიასთენია. დამახასიათებელია დისფონია (ხმის ხრინწიანობა), დისფაგია და დიზართრია, ანუ სიმპტომები რომლებიც ვითარდება პათოლოგიურ პროცესში რბილი სასის, ხორხისა და საყლაპავის კუნთების ჩართვის გამო.
3. კრანიული მიასთენიის დროს პროცესში ჩართულია საღეჭი და მიმიკური კუნთები, რაც იწვევს დიზართრიას, მიმიკის წაშლას, ღეჭვის უნარის მოშლას. ახასიათებს სახის გაახალგაზრდავება და ღრენისმაგვარი სიცილი (ზემო ტუჩი მაღლა იწევს, ქვედა კი მდებარეობას არ იცვლის).

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ:
1. მიასთენიურ ეპიზოდებს. ისინი სწრაფად გაივლის, ინტერვალი რამდენიმე თვიდან 10 წლამდეა.
2. მიასთენიურ მდგომარეობას. წესისამებრ, ახასიათებს სწრაფი (რამდენიმე თვის განმავლობაში) განვითარება და შემდგომ - მრავალწლიანი არაპროგრესირებადი მიმდინარეობა.
3. პროგრესირებადი ფორმა. ერწყმის შედარებით კეთილთვისებიანს. ვითარდება და პროგრესირებს საკმაოდ ნელა, ზოგჯერ პროგრესი რამდენიმე ხნის შემდეგ წყდება კიდეც.
4. უაღრესად მძიმე ანუ ავთვისებიან ფორმას. ახასიათებს პათოლოგიურ პროცესში ახალ-ახალი კუნთების სწრაფი ჩართვა და მძიმე ზოგადი მდგომარეობა.

დიაგნოსტიკა. მიასთენიისთვის დამახასიათებელია კუნთების გენერალიზებული გადაღლა - განმეორებითი მოძრაობისას ერთი ჯგუფის კუნთების გადაღლა სხვა (ფიზიკურად დაუტვირთავი) ჯგუფის კუნთების გადაღლას იწვევს. ასე, მაგალითად: თვალის ჰორიზონტალურად განმეორებითი მოძრაობისას ვითარდება ან ძლიერდება ზედა ქუთუთოს ფთოზი. მიასთენიის ადრეული ნიშანია სისუსტე და დაღლა ხელის IV და V თითების გაშლა-მოხრისას.
მიასთენიის დიაგნოსტიკისთვის ფარმაკოლოგიურ ტესტებს იყენებენ. კერძოდ, ორგანიზმში შეჰყავთ ანტიქოლინესთერაზული პრეპარატები - მიასთენიის შემთხვევაში კუნთებში ძალა იმატებს და დაღლილობა ქრება - ან კურარესმაგვარი პრეპარატები, რაც მიასთენიის შემთხვევაში კუნთებში ძალის შემცირებას იწვევს.
არსებობს მიასთენიის დიაგნოსტირების ელექტროფიზიოლოგიური, ჰისტოლოგიური, ჰისტოქიმიური (კუნთოვანი ბოჭკოს გამოკვლევა), რენტგენოლოგიური და რადიონუკლიდური (ტარდება მკერდუკანა ჯირკვლის სტრუქტურის ცვლილების აღმოსაჩენად) მეთოდებიც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:24 | შეტყობინება # 385
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაავადებები, რომლებიც ხშირად სდევს თან მიასთენიას:
1. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსის) დაავადებები (ჰიპერპლაზია, თიმომა);
2. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, თირეოიდიტი);
3. რევმატოიდული ართრიტი;
4. სისტემური წითელი მგლურა;
5. ჰემოლიზური ანემია;
6. ავთვისებიანი ანემია;
7. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა;
8. ვიტილიგო;
9. პემფიგუსი;
10. გაფანტული სკლეროზი;
11. სარკოიდოზი;
12. წყლულოვანი კოლიტი;
13. ლეიკოზი და ლიმფომა.

მკურნალობა. მიასთენიის მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა ათიდან 8 შემთხვევაში დადებით ეფექტს (მყარ და ხანგრძლივ რემისიას) იძლევა. ჩვენ მხოლოდ ჩამოვთვლით იმ საშუალებებს, რომლებიც მიასთენიის სამკურნალოდ გამოიყენება:
ანტიქოლინესთერაზული თერაპია;
თერაპია იმუნოდეპრესანტებით (გლუკოკორტიკოსტეროიდებით, ციტოსტატიკებით);
თიმექტომია და მკერდუკანა ჯირკვლის დასხივება;
სორბციული მეთოდები;
იმუნოსტიმულაციური და იმუნომოდულარული თერაპია;
არასპეციფიკური თერაპია, რომელიც პათოგენური საშუალების მოქმედებას აძლიერებს.

ანტიქოლინესთერაზული თერაპიის მიზანი ნერვკუნთოვანი გადაცემის გაუმჯობესებაა, მაგრამ ამ ჯგუფის პრეპარატები უნდა დაინიშნოს არჩევითად, ექიმის მიერ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მკურნალობას დადებითი ეფექტი და არ იჩენს თავს გვერდითი მოვლენები.
ანტიქოლინესთერაზული თერაპიის უეფექტობის შეთხვევაში, ასევე - დაავადების პრეოგრესირებისას, განსაკუთრებით - ბულბური სინდრომის ფონზე, ნაჩვენებია იმუნოსუპრესიული თერაპია, მკურნალობის სორბციული მეთოდი, ახალგაზდრდა პაციენტებისთვის - თიმექტომია, ხანდაზმულებისთვის კი მკერდუკანა ჯირკვლის არეში სხივური თერაპიის კურსი. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ვენაში ადამიანის იმუნოგლობულინის შეყვანა.
გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპია, წესისამებრ, პრედნიზოლონით ან მეთილპრედნიზოლონით წარმოებს. უკუნაჩვენებია ფთორის შემცველი გლუკოკორტიკოიდები.
ციტოსტატიკური თერაპია ტარდება აზათიოპრინით, ციკლოფოსფანომითა და ციკლოსპორინით. პარალელურად უნდა განხორციელდეს ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის კონტროლი.
სორბციული მეთოდი გამოიყენება მიასთენიის გენერალიზირებული ფორმისა და მედიკამენტური თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში. მისი მიზანი დეტოქსიკაციაა. სორბციული თერაპიის ჩვენებაა: ტანისა და კიდურების კუნთების გამოხატული სისუსტე, მიასთენიური კრიზი, თიმექტომიისათვის მზადება, ხანგრძლივი იმუნოსუპრესიული თერაპიის უეფექტობა.
თიმექტომია ნაჩვენებია მიასთენიის პროგრესული მიმდინარეობისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესში ჩართულია ბულბული ჯგუფის კუნთები, ასევე - ნებისმიერი ტიპის მიასთენიის შემთხვევაში, როდესაც შეინიშნება თიმომა. თიმექტომია წინასწარ მომზადებას საჭიროებს. კერძოდ, ტარდება გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპია, პლაზმოფერეზი, ზოგჯერ ვენაში ადამიანის იმუნოგლობულინი შეჰყავთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:24 | შეტყობინება # 386
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მიკოზები

დერმატომიკოზებს, კანის სოკოვან დაავადებებს, უმარტივეს სპოროვან მცენარეთა კლასის წარმომადგენელი, პათოგენური მიკროორგანიზმი სოკო იწვევს. ის ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში. განასხვავებენ ანთროპოფილურ სოკოებს, რომლებიც მხოლოდ ადამიანის კანსა და კანის დანამატებზე პარაზიტობენ და ზოოფილურ სოკოებს, რომლებიც ასნებოვნებენ როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანს.
ცნობილია ადამიანისთვის პათოგენური სოკოს 60-მდე სახეობა.
დერმატოფიტიები კანისა და კანის დანამატების ყველაზე გავრცელებულ და გადამდებ სოკოვან დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც მრავალფეროვანი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს. ამ ჯგუფში შედის: საზარდულის ეპიდერმოფიტია, ტერფების ეპიდერმოფიტია, რუბროფიტია, ტრიქოფიტია, მიკროსპორია და ფავუსი.

საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს, ჩვეულებრივ, ზიანდება საზარდულის ნაოჭები, ბარძაყების შიგნითა ზედაპირები, სასქესო მიდამო, ზოგჯერ - დუნდულებს შორის არსებული ნაოჭები, ქალის სარძევე ჯირკვლების ქვედა მიდამო. ეს დაავადება თმას არ აზიანებს. გადაედება უშუალოდ დაავადებული ადამიანის კანთან შეხებით, ასევე - პირადი მოხმარების ნივთების (თეთრეულის, დასაბანი ღრუბლის) საშუალებითაც. სოკოს ელემენტები აღწევენ კანის ეპიდერმული ნაწილის რქოვანა შრეში და ანთებით რეაქციას იწვევენ. კანზე ჩნდება მოვარდისფრო-მოწითალო, საღი კანიდან ოდნავ შემაღლებული და მკაფიოდ შემოსაზღვრული ლაქები, რომლებიც იზრდება, ერთმანეთს უერთდება და წარმოქმნის არასწორი მოხაზულობის კერებს. ლაქების ცენტრალურ ნაწილში ანთებითი მოვლენები მცირდება და კანი მოყავისფრო შეფერილობას იღებს. ჩნდება მონაცრისფრო, ქატოსებური ქერცლი. დაავადებას თან სდევს სხვადასხვა ინტენსივობის ქავილი. პროცესი ქრონიკულია.

ტერფების ეპიდერმოფიტია მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევა - გადაედება როგორც უშუალო კონტაქტით, ასევე ინფიცირებული საგნების: წინდების, ფეხსაცმლის საშუალებით. აბანოში, საშხაპეში, აუზზე, სადაც სანიტარული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, დასნებოვნების ალბათობა დიდია.
დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს: ტერფების ჭარბ ოფლიანობას, ოფლის ქიმიურ შემადგენლობას, ბრტყელტერფიანობას, ორგანიზმის საერთო და ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას. დაავადება ასაკთან ერთად ხშირდება, აღენიშნება მოზრდილთა 60-80%-ს, 15 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა 4%-ს.
განასხვავებენ ტერფის ეპიდერმოფიტიის 4 კლასიკურ ფორმას: წაშლილს, სქვამოზურს (აქერცვლით მიმდინარეს), ინტერტრიგინოზურს (ნაოჭთაშორისს), დისჰიდროზულს (სითხის შემცველი ბუშტუკებით მიმდინარეს). ცალკე განიხილავენ ფრჩხილების სოკოვან დაავადებას. მას ონიქომიკოზი ეწოდება.
წაშლილი ფორმის დროს კლინიკური სურათი მწირია. ფეხის მე-4 და მე-5 თითებს შორის არსებულ ნაოჭებში კანი ოდნავ იქერცლება. ზოგჯერ ჩნდება ზედაპირული ნაპრალები.
სკვამოზური ჰიპერკერატოზული ფორმის დროს ფეხისგულებზე, თაღების მიდამოში, აღინიშნება მშრალი მოლურჯო-მოწითალო ბრტყელკვანძოვანი ელემენტები. გამონაყარის ზედაპირი, განსაკუთრებით - შუაგულში, მონაცისფრო-მოთეთრო ქერცლით არის დაფარული. კვანძები დაუზიანებელი კანიდან მკაფიოდ არის შემოსაზღვრული. ზოგჯერ ერთეული ბუშტუკებიც ჩნდება. გამონაყარი შესაძლოა მთელ ფეხისგულზე გავრცელდეს. აქერცლილ კერებთან ერთად შესაძლოა წარმოიქმნას ზედაპირული ნახეთქების მქონე მოყვითალო ჰიპერკერატოზული (მომეტებულად გარქოვანებული) უბნები.
ინტერტრიგინოზული ფორმის დროს ზიანდება ნაოჭები ფეხის II, IV და V თითებს შორის. დაავადებას ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული სიწითლე, შეშუპება, სისველე და მაცერაცია. ხშირად ამ სიმპტომებს ეროზიაც ერთვის. ნახეთქები ზოგჯერ ღრმა და მტკივნეულია.
დისჰიდროზული ფორმა ვლინდება მრავლობითი ბუშტუკოვანი ელემენტით. ისინი უმეტესად ფეხისგულებზე ჩნდება, იშვიათად - ტერფის სხვა არეებზე, თითებს შორის ნაოჭებსა და თითებზეც. ბუშტუკების შეერთებისას წარმოიქმნება მრავალკამერიანი ბუშტუკები, რომელთა გახეთქვის შემდეგ ჩნდება სველი, წითელი ეროზიული ელემენტები. თანდართული ანთება იწვევს შეშუპებას, სიწითლეს, რაც ზოგჯერ ეგზემის მსგავს სურათს წარმოქმნის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:25 | შეტყობინება # 387
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დერმატოფიტიების კიდევ ერთი წარმომადგენელია რუბროფიტია ან რუბრომიკოზი - სოკოს განსაზღვრული სახეობით გამოწვეული დაავადება. ის აზიანებს მსხვილ ნაოჭებს, ხელისგულებისა და ფეხისგულების კანს, ფრჩხილებს.
დასნებოვნება შესაძლოა მოხდეს აბანოში, აუზზე, საშხაპეში, პლაჟზე. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი ოფლიანობა, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითება.
რუბროფიტიას ახასიათებს კანის მდგრადი ჰიპერემია (სიწითლე), რქოვანა შრის დიფუზური გასქელება. კანის ზედაპირი მშრალია და წვრილი ქერცლით არის დაფარული. დაზიანება ზოგჯერ თითებს შორის ნაოჭებშია ლოკალიზებული, ზოგჯერ კი ტერფების გვერდით ზედაპირებზეც ვრცელდება. ეპიდერმოფიტიის მსგავსად, რუბროფიტიაც იწყება წაშლილი ფორმით, რომელიც თანდათან პროგრესირებს და უფრო აქტიურ კლინიკურ გამოვლინებად ტრანსფორმირდება. პროცესში, წესისამებრ, ფრჩხილებიც ერთვება. ეპიდერმოფიტიის დროს უპირატესად I და II თითების ფრჩხილის ფირფიტები ზიანდება, რუბროფიტიის დროს კი ყველა.

კანდიდოზი
ადამიანის კანზე მობინადრე ზოგიერთ სოკოს პირობითპათოგენურს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, კანდიდას გვარის საფუარა სოკო. ის ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული, ვეგეტირებს ხილსა და ბოსტნეულზე, შეუძლია საპროფიტირება ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე. ორგანიზმის რეზისტენტულობის დამაქვეითებელი ფაქტორების გავლენით საფუარა სოკომ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადება, რომელიც კანდიდოზის, კანდიდამიკოზის სახელით არის ცნობილი. ამ დაავადებას რამდენიმე ფორმა აქვს, რომლებიც სოკოვან დაავადებათა კლასიფიკაციაში ცალკე ჯგუფად შედის.
კანდიდოზი ვლინდება სადა კანზე, ლორწოვან გარსებზე, ფრჩხილის მორგვებსა და ფირფიტებზე არსებული ალერგიული გამონაყარის სახით. არსებობს შინაგანი ორგანოების კანდიდოზიც, რომელიც როგორც გართულება ვითარდება ანტიბიოტიკების გამოყენების ცალკეულ შემთხვევებში.
ცნობილია კანდიდოზური სტომატიტი ანუ რძიანა, რომელიც ხშირად ემართებათ ძუძუთა ბავშვებს: პირის ღრუს შეწითლებულ ლორწოვანზე თეთრი წერტილოვანი ნადები ჩნდება, ერთიანდება და წარმოქმნის აპკს, რომელიც ადვილად სცილდება. მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებს რძიანა უვითარდებათ მძიმე ავადმყოფობის დროს და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, ზოგადი იმუნური სისუსტის ფონზე. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს სასუნთქ გზებსა და საყლაპავის ლორწოვან გარსებზე ან ჩამოყალიბდეს ვისცერული ფორმა, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოებიც ზიანდება.
პირის კუთხეების კანდიდამიკოზი ვითარდება მოსახსნელი პროთეზის გამოყენებისას, აგრეთვე - დაწეული თანკბილვისას. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს ლოყისა და ტუჩების მიმდებარე ლორწოვან გარსზე, ასევე - კანზე. ლორწოვანი გარსი მოთეთრო, სადაფისებრი ხდება, უჩნდება ეროზიები და ნახეთქები, კანი შეწითლებულია, იქერცლება, ზოგჯერ თხელი მოწაბლისფრო ქერქით იფარება. დაავადება ხშირად ორმხრივია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:25 | შეტყობინება # 388
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კანის ნაოჭებს კანდიდოზი უმთავრესად საზარდულთან, უკანა ტანის არეში, სარძევე ჯირკვლების ქვეშ, ხელისა და ფეხის თითებს შორის აზიანებს. ჩნდება მუქი წითელი ფერის ზერელე ეროზია, რომელსაც მკვეთრი საზღვრები აქვს და კიდეებზე მოთეთრო რქოვანას გვირგვინი მიუყვება. ავადმყოფი უჩივის ქავილსა და წვას.
ხელის თითებს შორის კანდიდოზი უმეტესად საკონდიტრო და საკონსერვო წარმოებაში მომუშავე ადამიანებს უვითარდებათ.
დაავადების გამომწვევი სოკო ხშირად ფრჩხილის მორგვებსა და ფრჩხილებსაც აზიანებს. უმეტესად ქალებს უზიანდებათ ხელის მე-3 და მე-4 თითების ფრჩხილები. მორგვები მოლურჯო-მოწითალო ფერს იღებს, სქელდება, მკვრივდება, შუპდება, მტკივნეული ხდება. ნუნები ქრება, ფრჩხილის ფირფიტები უსწორმასწოროა, მქრქალი, ნუნებსა და კიდეებთან - მოშავო-მოწაბლისფრო.

კერატომიკოზები
ასე უწოდებენ კანის სოკოვან დაავადებებს, რომელთა დროსაც გამომწვევი აზიანებს მხოლოდ კანის გარეთა შრის, ეპიდერმისის, სულ ზემოთა, რქოვანა ფენას, არ იწვევს ანთებით მოვლენებს. კერატომიკოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა ნაირფერი პიტირიაზი (სირსველი). დაავადების ხელშემწყობი პირობაა კანის სისველე, ამიტომ ის ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ. დაავადებისთვის დამახასიათებელია კანზე ასიმეტრიულად განვითარებული, უსწორმასწორო, მოყვითალო-მოყავისფრო, მოვარდისფრო ან მოყავისფრო, ქატოსებრი ქერცლით დაფარული, საღი კანისგან მკაფიოდ გამიჯნული მცირე ზომის ლაქოვანი ელემენტები. გამონაყარი უპირატესად კისერზე, გულმკერდზე, ზურგზეა ლოკალიზებული, იშვიათად - მუცელსა და კიდურებზე.
მკურნალობის გარეშე ლაქები თვეობით და წლობით რჩება. სუბიექტური მოვლენები არ ახასიათებს. ცალკეულ შემთხვევებში ავადმყოფები უჩივიან სუსტ ქავილს. დაავადების კერების მზის ან ხელოვნური სხივებით ინსოლაციის შედეგად რჩება თეთრი ლაქები, რომლებიც ნორმალურ შეფერილობას კარგა ხანს ვერ იბრუნებს. ასეთ დროს სურათი ვიტილიგოს წააგავს.

ფრჩხილების სოკოვანი დაავადება
ფრჩხილების სოკოვან დაავადებას, ონიქომიკოზს სხვადასხვა სახეობის სოკო იწვევს, მათ შორის - დერმატოფიტებიც. დაავადება უმთავრესად 20-25 წლის ასაკში ემართებათ, მამაკაცებს - უფრო ხშირად, ვიდრე ქალებს.
ონიქომიკოზის გავრცელების მექანიზმი ისეთივეა, როგორიც ტერფების მიკოზისა - სპორტდარბაზში, საუნაში, აუზზე, საშხაპეში, გასახდელში (სადაც ცუდად იცავენ სანიტარიულ ნორმებს) დაავადებული ტერფებიდან ჩამოფცქვნილი კანის ან ფრჩხილის მიკრონაწილაკებთან ერთად გარემოში იფანტება სოკოს ელემენტები, რომლებიც იატაკზე, ხალიჩაზე, ხის ცხაურზე დიდხანს ცოცხლობენ, წყლის პროცედურების დროს კი ტერფების კანი ფაშრდება, რაც დაავადების გამომწვევის შეღწევას აადვილებს. ამიტომ:
ზემოხსენებული ადგილების სტუმრობისას ფეხები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დაიმუშავეთ.
ფრჩხილებზე წაისვით სპეციალური დამცავი ლაქი.
აბანოსა და პლაჟზე ჩაიცვით პლასტმასის ფეხსაცმელი - სოკოს მასში უფრო უჭირს გამრავლება, ვიდრე ფოროვან რეზინში.
ყურადღებით შეარჩიეთ ფეხსაცმელი, განსაკუთრებით - სპორტული. ის ზუსტად თქვენი ზომისა უნდა იყოს. როგორც ვიწრო, ასევე ხალვათი ფეხსაცმელი მიკოზის განვითარებას უწყობს ხელს.
არასოდეს ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი და ნურც თქვენსას ათხოვებთ სხვას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:25 | შეტყობინება # 389
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სოკოს გავრცელების ერთ-ერთი საშუალება სალონში პედიკიურისთვის განკუთვნილი იარაღებია. ისინი სრული სტერილიზაციისთვის ოთხ საფეხურს უნდა გადიოდეს: დეზინფექციას, წინასასტერილიზაციო გაწმენდას, სტერილიზაციას და ბოლოს ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებას. გახსოვდეთ: სადეზინფექციო ხსნარები სოკოს კი სპობს, მაგრამ სპორებს ვერაფერს აკლებს.
სოკოვანი დაავადების დროს ფეხის ფრჩხილები გაცილებით ხშირად ზიანდება, ვიდრე ხელისა. განასხვავებენ ფრჩხილების დაზიანების სამ ტიპს: ნორმოტროფიულს, ჰიპერტროფიულს და ონიქოლიზურს.
ნორმოტროფიული დაზიანების დროს იცვლება ფრჩხილის ფირფიტის ფერი, გარეთა კიდეებთან წარმოიქმნება ლაქები და ზოლები, რომელთა შეფერილობა თეთრიდან მოყვითალომდე ვარირებს. თანდათან მთელი ფრჩხილი იცვლის ფერს, თუმცა სისქესა და სიპრიალეს ინარჩუნებს.
ჰიპერტროფიული დაზიანების დროს ფრჩხილის საწოლსა და ფირფიტას შორის გარქოვანება იმატებს, ფრჩხილი მქრქალდება, განიცდის დეფორმაციას, მყიფდება, იფშვნება და საწოლს სცილდება, განსაკუთრებით - გვერდებზე. ზოგჯერ ფრჩხილის ფირფიტა ისე სქელდება, რომ ფრინველის კლანჭს ემსგავსება (ონიქოგრიფოზი) და სიარულის დროს ტკივილს იწვევს.
ონიქოლიზური დაზიანებისას ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მღვრიე ნაცრისფერს იღებს და ატროფირდება, ფირფიტა საწოლს სცილება, საწოლის გაშიშვლებული ნაწილი ფხვიერი გარქოვანებული ფენით არის დაფარული.
ონიქომიკოზი პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. პირველადი პათოლოგიის დროს ზიანდება ჯანმრთელი ფრჩხილი. დაავადების ალბათობას ზრდის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ასაკოვან პირებში - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები), ძვლის მოტეხილობა, ინერვაციის დარღვევა (ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანების დროს). მეორეული ონიქომიკოზები სხვა დაავადებების ფონზე, უკვე დაზიანებულ ფრჩხილზე ვითარდება.
გაითვალისწინეთ: ფრჩხილების დაზიანება ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებასაც სდევს თან. მაგალითად, ფსორიაზს, წითელ ბრტყელ ლიქენს, ეგზემას, ნეიროდერმიტს. ასეთ დროს ვითარდება ონიქოდისტროფია, რომლის ონიქომიკოზისგან გასარჩევად ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას მიმართავენ. მიკოზის დროს ფრჩხილებიდან აღებულ მასალაში სოკოს ელემენტებს პოულობენ, ონიქოდისტროფიის დროს კი ვერა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:25 | შეტყობინება # 390
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტრიქოფიტია
დერმატომიკოზის ერთ-ერთი სახეობაა ტრიქოფიტია, რომელსაც სხვადასხვა სახის ტრიქოფიტონი იწვევს. სახელწოდება ორი სიტყვისგან შედგება: წინათ მიაჩნდათ, რომ გამომწვევი სოკო მხოლოდ თმას აზიანებდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ის კანსა და ფრჩხილებსაც აავადებს.
გამომწვევის ბუნების, ორგანიზმის საპასუხო რეაქციისა და დაზიანებული არის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ დაავადების რამდენიმე კლინიკურ ფორმას: ზერელეს, ქრონიკულს, ღრმას, ინფილტრირებულ-დაჩირქებულს და ფრჩხილებისას.
თავის თმიანი მიდამოს ზერელე ტრიქოფიტიის დროს, რომელიც უმთავრესად სასკოლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემართებათ, სოკო იჭრება თმის ფოლიკულში და იქიდან თმაში აღწევს. დაავადება ვრცელდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით და ავადმყოფის მიერ გამოყენებული საგნების (თავსაბურავის, სავარცხლის, მაკრატლის, ჯაგრისის, საწოლის თეთრეულის) საშუალებით.
თავის თმიანი ნაწილის ზერელე ტრიქოფიტია კლინიკურად ვლინდება ერითემულ-სკვამოზური (წითელლაქოვან-ქერცლოვანი), სკვამოზური და იმპეტიგოსებრი (სტრეპტოკოკული ინფექციის მსგავსი) გამონაყარით.
ერითემულ-სკვამოზური ფორმის დროს კანზე წარმოიქმნება 1-2 სმ დიამეტრის ბაცი ვარდისფერი ბრტყელი გაფანტული კერები, რომლებიც ზოგჯერ გარემომცველი საღი კანიდან წამოწეულია და პატარა ბუშტუკებით არის დაფარული.
სკვამოზური ფორმის დროს მეტ-ნაკლებად შემოფარგლულ მცირე არეზე იწყება ქატოსებრი მოთეთრო-მონაცრისფრო აქერცვლა კლინიკურად თითქმის შეუმჩნეველი ანთებითი მოვლენებით. ამასთანავე, დაზიანებულ ადგილებზე თმის ღერი ოდნავ სქელდება და ადვილად ტყდება ფოლიკულის ყელიდან გამოსვლის ადგილთან ან კანის დონეზე. შედეგად თმა ემსგავსება ცალკეულ შავ წერტილებს, რომლებიც თმის ფოლიკულთა ხვრელებშია ჩამჯდარი, ზოგან კი წამოწეულია. თმის დაზიანებული ნაწილი, რომლის ზრდასაც ხელს უშლის ქერცლი, ამ ქერცლის ქვეშ რჩება და მძიმისებრ ან კითხვის ნიშნისებრ მოყვანილობას იღებს. ზოგჯერ ასეთი ადგილები ნაწილობრივ ყვითელი ქერქით იფარება, რის გამოც სურათი სტრეპტოკოკულ დაავადებას - ვულგარულ იმპეტიგოს წააგავს. თუ დაავადებას არ უმკურნალეს, დაზიანების კერები გამრავლდება, ერთმანეთს შეუერთდება, დაავადება გახანგრძლივდება და მკურნალობის გარეშე არ ალაგდება.
სადა კანის ზერელე ტრიქოფიტიის დროს კანის ღია უბნებზე ჩნდება მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური მოვარდისფრო-მოწითალო ინფიცირებული ლაქები. შეფერილობა უფრო მკაფიოა კიდეებზე, სადაც შესაძლოა მცირე ზომის ბუშტუკები და ქერქიც შევამჩნიოთ. სხვაგან ბუშტუკები არ წარმოიქმნება და დაზიანებული კერა აქერცლილ ლაქას ჰგავს. ლაქებს აქვთ მიდრეკილება პერიფერიული ზრდისკენ და შესაძლოა, ერთმანეთს შეუერთდნენ კიდეც. ყოველი ლაქა უკუგანვითარებას ცენტრიდან იწყებს და ჯერ წაბლისფერი ხდება, შემდეგ კი ქატოსავით იქერცლება. ამ დროს უმთავრესად ზიანდება კანის ღია უბნები: სახე, კისერი, ხელის მტევნები და წინამხრები.
მოზრდილთა ქრონიკული ტრიქოფიტია მეტწილად ერთდროულად აზიანებს თავის თმიან ნაწილს, სადა კანსა და ფრჩხილებს. მისი სურათი ძლიერ განსხვავდება ჩვეულებრივი ზერელე ტრიქოფიტიის კლინიკური სურათისგან. ქრონიკული ტრიქოფიტიის დროს სადა კანზე ჩნდება არცთუ ისე მკვეთრად შემოფარგლული მოლურჯო-მოწითალო, აქერცლილი, უსწორმასწორო ფორმისა და სხვადასხვა ზომის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ერთდება. სადა კანი უმეტესად ზიანდება მუხლებზე, წვივებზე, წინამხრებზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, დუნდულებზე. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე აქერცვლასთან ერთად შეინიშნება გარქოვანების გაძლიერება - ჰიპერკერატოზი. ზოგჯერ ავადმყოფები ქავილს უჩივიან. ფრჩხილები უზიანდება მოზრდილთა ქრონიკული ტრიქოფიტიით დაავადებულთა 30%-ს. ესე იგი, გაცილებით მეტს, ვიდრე ზერელე ტრიქოფიტიის დროს. ჩვეულებრივ, ზიანდება ხელის რამდენიმე ან ყველა ფრჩხილი, არცთუ იშვიათად - ფეხისაც. დაზიანება იწყება ფრჩხილების თავისუფალი კიდიდან. ფრჩხილის ფირფიტის სიღრმეში ჩნდება მონაცრისფრო-მოთეთრო ლაქები და ზოლები. ფირფიტა თანდათან სქელდება, ფხვიერდება და იფშვნება. მისი ზედაპირი დეფორმირებულია. დამახასიათებელია, რომ ფრჩხილის მორგვის ანთებითი მოვლენები არ შეიმჩნევა.
ტრიქოფიტიის ინფილტრირებულ-ჩირქოვანი ფორმა უმეტესად გვხვდება სოფლის მკვიდრთა შორის, რომელთაც კონტაქტი აქვთ ცხოველებთან, რადგან ამ დაავადების გამომწვევი ზოოფილური წარმოშობისაა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz