პარასკევი, 19.04.2024, 19:03
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:06 | შეტყობინება # 46
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამოვარდნილობა ნიშნავს სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირების ერთმანეთისგან სრულ ან ნაწილობრივ დაცილებას. თუ სასახსრე ბოლოები მთლიანად არის დაცილებული (ანუ არ ეხება) ერთმანეთს, ამოვარდნილობა სრულია, ხოლო თუ ნაწილობრივ მაინც ეხება - არასრული. უკანასკნელ ფორმას ქვეამოვარდნილობასაც უწოდებენ.
ამოვარდნილობას თან სდევს სასახსრე პარკის დაზიანება.
სახსრიდან დისტალურად მდებარე ძვლის ამოვარდნის მიხედვით საუბრობენ მხრის (და არა მხრის სახსრის), ბარძაყის (და არა ბარძაყის სახსრის), სხივის, იდაყვის, დიდი წვივის და ა. შ. ამოვარდნილობაზე.
ამოვარდნილობა შეიძლება იყოს თანდაყოლილიც (ვითარდება ნაყოფის მუცლადყოფნის პრიოდში) და შეძენილიც. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ტრავმულიც და პათოლოგიურიც. პათოლოგიურ ამოვარდნილობას იწვევს სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი - ტუბერკულოზი, მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი ანთება, სახსრის მამოძრავებელი კუნთის დამბლა, სიმსივნე და სხვა.

თანდაყოლილი ამოვარდნილობა უმეტესად მენჯ-ბარძაყის სახსარში ვითარდება და ცალმხრივია, თუმცა არის ორმხრივი ამოვარდნილობის შემთხვევებიც. ამოვარდნილობას მაშინ ამჩნევენ, როდესაც ბავშვი ფეხს იდგამს: აღინიშნება კოჭლობა, სახსრების მტკივნეულობა, ფეხის დამოკლება. ორმხრივი ამოვარდნილობისთვის დამახასიათებელია იხვისებური სიარული. დიაგნოზს ადასტურებს რენტგენოგრამა.
ამოვარდნილობა ათიდან 8-9 შემთხვევაში შეძენილია (ტრავმულია). ადამიანის ზოგიერთი ინდივიდუალური ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება (სასახსრე ზედაპირების ზომათა შეუთავსებლობა, ფართო სასახსრე ჩანთა, არამყარი იოგოვანი აპარატი), ასევე - ასაკი, პროფესია და სხვა ამოვარდნილობის რისკფაქტორებს წარმოადგენს.

ტრავმული ამოვარდნილობის მიზეზი პირდაპირი, უფრო ხშირად კი არაპირდაპირი ძალდატანებაა (მაგალითად, მხრის ამოვარდნა გაშლილ ხელზე დაცემისას). ტრავმული ამოვარდნილობის დროს სასახსრე პარკი იგლიჯება. ჭაღისებურ (მუხლის, იდაყვის, კოჭ-წვივის) სახსრებში ამოვარდნილობის დროს ზიანდება საფიქსაციო აპარატი, მყესები. სახსარსა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ვითარდება სისხლჩაქცევა.
თუ ამოვარდნილობასთან ერთად მის ახლოს მდებარე ძვლის მოტეხილობაც განვითარდა, ზიანდება მსხვილი სისხლძარღვები და ნერვები, რაც ამოვარდნილობის მკურნალობას ართულებს (გართულებული ამოვარდნილობა).

სასახსრე პარკისა და იოგოვანი აპარატის მოდუნებისას ამოვარდნილობა შესაძლოა უმნიშვნელო დატვირთვამაც კი გამოიწვიოს. მაგალითად, ხელის მოქნევამ - მხრის ამოვარდნილობა, დამთქნარებამ - ყბისა. დაშავებულის გამოკითხვის შემდეგ ადგენენ ტრავმის მიზეზს და ამოვარდნილობის მექანიზმს. ჩივილებიდან მნიშვნელოვანია ტკივილი და კიდურის ფუნქციის მოშლა. ტკივილი ზოგჯერ მძაფრია და სახსრის ყოველგვარი მოძრაობისას ძლიერდება. არის შემთხვევები, როდესაც ამოვარდნილი სეგმენტის ნერვზე ზეწოლის ან კუნთების სპასტიკური შეკუმშვის გამო აღინიშნება კიდურის დაბუჟება, სახსრის დეფორმაცია და მისი არანორმალური მდებარეობა.
ბარძაყის ამოვარდნილობისას კიდური მოხრილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში, ბარძაყი მოზიდულია წინ და შიგნით, მისი გამართვის ოდნავი ცდაც კი საშინელ ტკივილს იწვევს, ხოლო კიდური ხელის გაშვების შემდეგ ზამბარასავით უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას.

მხრის ამოვარდნილობისას მხარი ტანიდან 15-30 გრადუსით არის განზიდული. გულმკერდს რომ მივუახლოოთ და ხელი გავუშვათ, მაშინვე პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.
ამოვარდნილი ძვლის სასახსრე ბოლო ხშირად უჩვეულო ადგილას, მაგალითად, იღლიის ფოსოში ან მკერდის კუნთის ქვეშ ისინჯება.
ამოვარდნილობის შემდეგ კიდურის მოჩვენებითი დამოკლება-დაგრძელება სასახსრე თავის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.
ამოვარდნილობის დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიური კვლევით. იგივე კვლევა ადასტურებს ან გამორიცხავს თანდართულ მოტეხილობას, რაც მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ტრავმული ამოვარდნილობის დროს საჭიროა ამოვარდნილი ძვლის დაუყოვნებლივ ჩასმა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ. პირველი დახმარება გულისხმობს ტკივილის შემცირებას: დაზიანებული სახსრის მიდამოზე ცივი საფენის დადებას, ტკივილგამაყუჩებლის მიცემას. უნდა მოხდეს კიდურის იმობილიზაცია იმ მდგომარეობაში, რომელიც მან ტრავმის შემდეგ მიიღო. თუ დაზიანებული კანის მთლიანობა დარღვეულია, აუცილებელია ასეპტიკური ნახვევის დადება (ჩამობანა, ჭრილობის ირგვლივ სპირტის, იოდის წასმა და სტერილური დოლბანდით გადახვევა). დაშავებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა ამოვარდნილობის ჩასწორება დამოუკიდებლად არ უნდა სცადონ - ეს მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას.
პირველ საათებში ამოვარდნილობის ჩასწორება ადვილია და შედეგიც გაცილებით უკეთესია, ტრავმიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ძნელდება, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ უოპერაციოდ შეუძლებელიც კი ხდება, შედეგიც გაცილებით უარესია.
ამოვარდნილობის ჩასწორებისას აუცილებელია გაუტკივარება.
ჩასწორების შემდეგ ტარდება საკონტროლო რენტგენოგრაფია. კიდური 6-10 დღით ფიქსირდება ფუნქციურად ხელსაყრელ მდგომარეობაში, შემდეგ კი ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:06 | შეტყობინება # 47
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქვედა ყბის ამოვარდნილობის მიზეზი შეიძლება იყოს დარტყმა, პირის მეტისმეტად ფართოდ გაღება, მაგალითად, მთქნარების, ყვირილის, ღებინების, კბილის ამოღების, დიდი ლუკმის მოკბეჩის დროს. უმეტესად ქალებს ემართებათ, რადგან მათი ყბის სასახსრე ფოსო ნაკლებად ღრმაა. თუ ქვედა ყბა წინ არის გამოვარდნილი, წინა ამოვარდნილობაზე საუბრობენ, თუ უკან არის შევარდნილი - უკანაზე. ხშირია ორმხრივი ამოვარდნილობა.
როდესაც ქვედა ყბის ამოვარდნილობა ხშირად მეორდება, ამას ჩვეულ ამოვარდნილობას უწოდებენ.
ქვედა ყბის ამოვარდნილობისას ვითარდება ტიპური კლინიკური სურათი: ადამიანი უჩივის ტკივილს, პირს ვერ კუმავს, ვერ ჭამს, ვერ ლაპარაკობს. პირის მოკუმვის ყოველი მცდელობა უშედეგოა და ტკივილს აძლიერებს.
აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. დაგვიანების შემთხვევაში ამოვარდნილობის ჩასწორება ძნელდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:07 | შეტყობინება # 48
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მძიმე გამოვლინებაა და არცთუ იშვიათად სიკვდილით სრულდება. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში შრატის ან განსაზღვრული მედიკამენტის - სულფანილამიდების ჯგუფის რომელიმე პრეპარატის, ანტიბიოტიკის (ტეტრაციკლინი, ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, განსაკუთრებით - პენიცილინი), ასევე - B ჯგუფის ვიტამინების, ზოგიერთი საკვების (კვერცხი, თევზი, მარცვლეული) და რენტგენოკონტრასტული ნივთიერების მოხვედრისას.
ანაფილაქსიური რეაქცია თავს იჩენს ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე პერიოდის განმავლობაში. მაღალი სენსიბილიზაციის მქონე ორგანიზმისთვის ალერგენის არც დოზას და არც შეყვანის გზას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ალერგენის დიდი დოზა ხელს უწყობს შოკის მძიმე და ხანგრძლივ მიმდინარეობას.
წამყვანი კლინიკური სიმპტომებია ალერგიული მედიატორების (ჰისტამინი) გამოთავისუფლების შედეგად სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება, მათი განვლადობის მომატება და მოცირკულირე სისხლის ოდენობის მკვეთრი შემცირება. კანი ცივი, სველი და ფერმკრთალია, დაჰკრავს სილურჯე. თავის ტვინსა და სხვა ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თავს იჩენს მოუსვენრობა, ქოშინი, გონება იბინდება, შარდის გამოყოფა ირღვევა.
ანაფილაქსიური შოკის ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განვითარდება სისხლძარღვოვანი კოლაფსი და თავის ტვინის ფუნქციის მოშლა.

მსუბუქი შოკის დროს აღინიშნება კანის ჰიპერემია, ქავილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, წამოხურვება, სისუსტე, სხეულის სხვადასხვა არეში არასასიამოვნო შეგრძნებები.

საშუალო ხარისხის ანაფილაქსიურ შოკს ახასიათებს ტოქსიდერმია, კვინკეს შეშუპება, კონიუნქტივიტი, სტომატიტი, გულისცემის გახშირება, გულის ტკივილი, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, მკვეთრი სისუსტე, თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა, მოუსვენრობა, სიკვდილის შიში, კანკალი, სიფითრე, ცივი ოფლი, სმენის დაქვეითება, თავში ხმაურის შეგრძნება, გულის წასვლის შეგრძნება. ამ ფონზე შესაძლოა აღმოცენდეს ბრონქული ასთმის მსგავსი შეტევა, კუჭნაწლავისმიერი (გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერვა, ენის შეშუპება, მუცლის ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი) და თირკმლისმიერი (პოლიურია) სინდრომები.

მძიმე შოკის დროს ელვისებურად ვითარდება კოლაფსი (სიფითრე, ციანოზი, ძაფისებრი პულსი, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა), კომური მდგომარეობა (გონების დაკარგვა, უნებლიე დეფეკაცია და შარდვა), გუგები გაფართოებულია და სინათლეზე არ რეაგირებს, მოგვიანებით არ ისინჯება პულსი და არტერიული წნევა, გული ჩერდება, სუნთქვა წყდება.
ანაფილაქსიური შოკის დროს უპირატესად ზიანდება:
კანი - აღინიშნება ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება;
ნერვული სისტემა - ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უნებლიე მოძრაობები, კრუნჩხვა, უნებლიე დეფეკაცია და შარდვა, გონების დაკარგვა (ეპილეფსიური ტიპისა);
სუნთქვის ორგანოები (ასთმური ვარიანტი) - ქოშინი, მოხჩობის შეგრძნება;
გული - კარდიული მოვლენები: მწვავე მიოკარდიტი, ინფარქტი და ა. შ.

ანაფილაქსიური შოკი სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ზოგჯერ წამების დაკარგვაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ, თავი გვერდზე გადმოვუბრუნოთ, ენის უკან გადავარდნისა და ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად ქვედა ყბა წინ წამოვუწიოთ, თუ კბილის მოსახსნელი პროთეზი აქვს, მოვხსნათ, ფეხებზე თბილი სათბური დავადოთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაველოდოთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:07 | შეტყობინება # 49
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა: მოზრდილებში ავადობა 4-5%-ს შეადგენს, ბავშვებში - დაახლოებით 6%-ს.
ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბ-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც.
წარმოშობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ანგინის სამ ფორმას:
ეპიზოდურს, როდესაც არახელსაყრელი პირობების ზემოქმედებით, მაგალითად, გაციების შედეგად, აქტიურდება ორგანიზმში არსებული მიკროფლორა;
ეპიდემიურს, როდესაც დასნებოვნება ხდება ანგინით დაავადებულისგან;
ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების შედეგს.

სასის ტონზილების ინფიცირება შესაძლებელია რამდენიმე გზით:
ჰაერწვეთოვანი გზით (დაავადების გამომწვევი ვრცელდება ჰაერით);
ალიმენტური გზით (დაავადების გამომწვევი ხახაში ხვდება საკვებთან ერთად);
აუტოინფექციის შედეგად (დაავადება უმეტესად ხახაში მუდმივად მობინადრე მიკრობებით თვითდასნებოვნების შედეგად ვითარდება. ამ პროცესს ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტება განაპირობებს).

ანგინის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები.
არსებობს ანგინის რამდენიმე ფორმა, რომლებსაც რამდენადმე განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებს:

კატარული ანგინა. იწყება მწვავედ, ყელში სიმშრალისა და წვის შეგრძნებით (ხახის უკანა კედელი და სასის ტონზილები გაწითლებული და შეშუპებულია). შემდგომ აღინიშნება ზომიერი ტკივილი ყლაპვისას, აგრეთვე - თავის ტკივილი და ტეხის შეგრძნება. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 37 გრადუსს არ აღემატება. კატარული ანგინა, წესისამებრ, 3-5 დღეში თავისთავად იკურნება. ის მსუბუქ დაავადებად არის მიჩნეული, მაგრამ მაინც საჭიროა სიფრთხილე, ვინაიდან შესაძლოა გართულდეს.

ფოლიკულური ანგინა. ეს არის ტონზილების ლიმფოიდური ფოლიკულების ჩირქოვანი ანთება. ტონზილები გადიდებულია და მათ ზედაპირზე ქინძისთავისოდენა თეთრი ბურთულების სახით მოჩანს დაჩირქებული ფოლიკულები. ავადმყოფობა იწყება ტემპერატურის მომატებით 38-390 C-მდე, ძლიერი ყელის ტკივილით, განსაკუთრებით ყლაპვისას, ხშირად - ირადიაციით ყურში. აღინიშნება ზოგადი სისუსტე, თავის, წელის ტკივილი. ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ, ხშირად ღებინებით მიმდინარეობს. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია. ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, ერთ კვირას გრძელდება.

ლაკუნური ანგინა. ამ დროს ჩირქი ტონზილის ზედაპირზე საცობების სახით მოჩანს. ჩივილები და ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორიც ფოლიკულური ანგინის დროს.
ვირუსული ანგინა უმეტესად ვითარდება ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექციის ფონზე. ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი.

სოკოვანი ანგინა საფუარა სოკოთია გამოწვეული. ამ ტიპის სოკო ადამიანის პირის ღრუში მუდამ არის, ხოლო ორგანიზმის დასუსტებისას, აგრეთვე ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას აქტიურდება და პათოგენურ აგენტად გარდაიქმნება. უმეტესად ავადდებიან პატარა ბავშვები. სიმპტომები მკაფიოდ არ არის გამოხატული. ტონზილებზე შესაძლოა გაჩნდეს ხაჭოსებრი ნადები, რომელიც ადვილად სცილდება. დიაგნოზი დაისმის ხახიდან აღებული მასალის გამოკვლევის შედეგად.

ანგინა ხშირად რთულდება პარატონზილიტით - სასის ტონზილასა და ხახის გვერდით კედელს შორის ჩამოყალიბებული აბსცესით. უფრო იშვიათია პარაფარინგული აბსცესი (ამ შემთხვევაში აბსცესი სცილდება ხახის კედელს და გადადის კისრის სტრუქტურებში). ზოგადი გართულებებიდან დამახასიათებელია: ინფექციური პოლიართრიტი, რევმატიზმი, პიელონეფრიტი, ქოლეცისტიტი, ორქიტი, იშვიათად - ტონზილოგენური სეფსისი.

მკურნალობა. ანგინას სიმძიმის შესაბამისად მკურნალობენ. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკის დანიშვნისა და შერჩევის პრივილეგია ექიმს ეკუთვნის. ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება უფრო მეტად ასუსტებს ორგანიზმს.
ანგინის დროს საჭიროა წოლა, ბევრი სითხის სმა, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.
მცენარეული პრეპარატებიდან კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხახის სანაციისთვის როგორც ანგინის, ასევე ქრონიკული ტონზილიტის დროს. კარგია თაფლიც - ერთი საჩაროზე კოვზი ჭამის წინ დღეში სამჯერ, პირში 1-2 წუთს გაჩერებით (ალერგიის შემთხვევაში ეს მეთოდი მიუღებელია), ასევე - ლიმონიანი ჩაი ან უშაქრო ლიმონის დაღეჭვა.
ანგინის პროფილაქტიკა გულისხმობს: ორგანიზმის გაკაჟებას, სწორ კვებას (მათ შორის - ჩვილის ძუძუთი კვებას), ინფექციის კერების (ღრძილების და კბილების დაავადებები, სინუსიტები, ადენოიდები, რაქიტი) დროულ გამოვლენასა და მკურნალობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:07 | შეტყობინება # 50
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანგიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება სისხლძარღვებისგან (ჰემანგიომა) ან ლიმფური ძარღვებისგან (ლიმფანგიომა).
განასხვავებენ ჰემანგიომის შემდეგ ფორმებს:
კაპილარულს. ეს მარტივი ჰემანგიომაა და ახასიათებს კაპილარების გაფართოება, აქვს მოწითალო ან მოლურჯო-მეწამული ლაქის სახე და უმეტესად სახეზე ან ტანზე მდებარეობს.
კავერნოზული ჰემანგიომა. შედგება სისხლით სავსე მსხვილი ღრუებისგან. გარეგნულად ჰგავს მუქი რუხი ფერის კვანძოვან წარმონაქმნს, რომელიც დაფარულია გაცრეცილი კანით ან ლორწოვანი გარსით. მდებარეობს სახეზე და ძლიერ აუშნოებს ადამიანს. ასევე შესაძლებელია, კავერნოზული ჰემანგიომა განვითარდეს თავში, კუნთებში, საშვილოსნოში, ელენთასა და ღვიძლში.
დატოტვილი ჰემანგიომა. შედგება მეტისმეტად გაფართოებული, მოპულსირე სისხლძარღვებისგან. აქვს მკვეთრად გამოხატული სიმსივნის იერი, რომელიც ზეწოლის შეწყვეტისთანავე ივსება სისხლით.

მარტივ ჰემანგიომებს მკურნალობენ რენტგენის სხივებით, ნახშირმჟავათი ან ქირურგიულად - ჯანსაღ ქსოვილამდე ამოკვეთით. კავერნოზული ანგიომა საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას. დატოტვილ ჰემანგიომასაც ოპერაციულად მკურნალობენ - სისხლძარღვს კერავენ ან გადაკვანძავენ და მის გამსხვილებულ ტოტს ამოკვეთენ.

ლიმფანგიომა ჰემანგიომებზე იშვიათია. მისი მარტივი ფორმა ვითარდება ენის, ტუჩების კუნთებში და წარმოადგენს მცირე ზომის ღრუს ან ოდნავ ამობურცულ გასქელებას, რომელიც უმტკივნეულოა, რბილია და ზეწოლისას ქრება.
კავერნოზულ ფორმას აქვს გაბნეული სიმსივნის სახე და არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული საზღვრები. ის მოყვითალო ან მოწითალო ფერისაა, ჩნდება ლოყებსა და ტუჩებზე.
კისტოზური ლიმფანგიომა ვითარდება ყელზე, ნაწლავების ჯორჯალში და შედგება ერთეული ან მრავალი ელასტიკური კისტისგან.
ლიმფანგიომის კისტოზური ფორმა საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას (ამოკვეთას). მარტივ და კავერნოზულ ფორმებს მკურნალობენ ელექტროკოაგულატორის ნემსისმაგვარი საცმის მრავალჯერადი ჩხვლეტით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:07 | შეტყობინება # 51
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანემია პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც სისხლში ჰემოგლობინის ოდენობის შემცირება განაპირობებს. ანემიის დროს სისხლძარღვთა სისტემაში მოცირკულირე სისხლის ოდენობა შეიძლება იყოს ნორმალური (ნორმოვოლემია), მომატებული (პიჰერვოლემია) ან დაქვეითებული (ჰიპოვოლემია).
ანემია მეორეული წარმოშობისაა და ამა თუ იმ ძირითადი დაავადებით გამოწვეულ სინდრომს წარმოადგენს. ეს დაავადება შეიძლება იყოს ტრავმული სისხლდენა, რკინის ნაკლებობა, ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ფერმენტების უკმარისობა. ანემიურ სინდრომს ახასიათებს საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუხვევა, გულის ფრიალი, სიფერმკრთალე, ასევე - ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და სხვა სისტემების მხრივ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:07 | შეტყობინება # 52
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ ანემიას ახასიათებს ძვლის ტვინში მეგალობლასტების გაჩენა (მეგალობლასტები ერითროციტების გაუკუღმართებულად წარმომქმნელი უჯრედებია და ჯანმრთელი ადამიანის სისხლში არ არსებობს) და ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ოდენობის შემცირება, ასევე - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ატროფიული ცვლილებები, ცვლილებები ნერვული სისტემის მხრივ. უმეტესად ასაკოვან პირებში გვხვდება. განპირობებულია ორგანიზმში ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას უკმარისობით ანდა მათი ათვისების უნარის დაქვეითებით კუჭის, წვრილი ნაწლავისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. ამ ტიპის ანემიის ერთ-ერთი მიზეზი ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ამ დროს ზიანდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილი, საჭმლის მომნელებელი სისტემა (ავადმყოფთა უმეტესობას კუჭის წვენის მჟავიანობა დაქვეითებული აქვს) და ნერვული სისტემა. არ არის გამორიცხული ფსიქიკური დარღვევების (მხედველობითი, იშვიათად - სმენითი ჰალუცინაციების) აღმოცენება. ვითარდება სიყვითლე, სისხლში იმატებს ბილირუბინი. დიდდება ელენთა და ღვიძლი. B12-დეფიციტური ანემიის ერთ-ერთი სიმპტომია ჰუნტერის გლოსიტი: ენაზე ჩნდება მკვეთრი წითელი ანთებითი უბნები, რომლებიც მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ენა სადა და პრიალაა. დამახასიათებელია ფუნიკულური მიელოზის ნიშნებიც: ზიანდება ზურგის ტვინის გვერდითი სეგმენტები, ქვედა კიდურებში მგრძნობელობა ქვეითდება, თუმცა აღინიშნება მუდმივი სუსტი ტკივილი და სიცივის შეგრძნება, პარესთეზიები. ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს ენის ტკივილი იშვიათია. არც ფუნიკულური მიელოზის სიმპტომები ვითარდება.

დიაგნოსტირება. დიაგნოზი სისხლის ანალიზს ეფუძნება: დაავადებისას ფერადობის მაჩვენებელი 1,0-ზე მაღალია, სისხლი შეიცავს მეგალოციტებს, იკლებს თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობა. მეგალოციტების არსებობა ძვლის ტვინშიც აღინიშნება.

მკურნალობა. ინიშნება ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა. პროგნოზი საიმედოა. დროული პროფილაქტიკის შემთხვევაში რეციდივი არ ვითარდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:08 | შეტყობინება # 53
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვისას ვითარდება, უმეტესად - საშვილოსნოსგარე ორსულობის, პლაცენტის წინამდებარეობის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ტრავმის დროს. ამ შემთხვევაში მცირდება სისხლის საერთო მოცულობა და, ბუნებრივია, მოცირკულირე ერითროციტების რაოდენობაც იკლებს. ეს მწვავე ჰიპოქსიას იწვევს, რაც ქოშინითა და გულისცემის გაძლიერებით ვლინდება. დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვას ზოგჯერ კოლაფსი მოსდევს. სისხლდენისას, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები კატექოლამინებს გაძლიერებულად გადმოისვრიან, ხდება პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი, რომელიც მალე კომპენსირდება, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, შოკი გამოიწვიოს.
სისხლდენის დროს ირთვება თვითრეგულაციის მექანიზმი და ქსოვილოვანი სითხე სისხლძარღვოვან სისტემაში გადადის. როცა ეს პროცესი საკმარისად ინტენსიური არ არის, შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს.
მწვავე პოსტჰემორაგიულ ანემიას ახასიათებს ანემიისა და კოლაფსის სიმპტომატიკა: სიფერმკრთალე, თავბრუხვევა, ძაფისებრი პულსი, ტემპერატურისა და არტერიული წნევის დაცემა, ცივი ოფლი, ღებინება, ციანოზი, მხედველობის დაქვეითება.
კლინიკური სურათის სიმძიმე დაკარგული სისხლის ოდენობასა და სიჩქარეზე და სისხლდენის მიზეზზეა დამოკიდებული. სისხლის ნახევრის სწრაფი დაკარგვა შესაძლოა სიკვდილის მიზეზად იქცეს, ხოლო სისხლის 3/4-ის ნელი დაკარგვისას, დროული და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, მდგომარეობა შესაძლოა გაუმჯობესდეს.

ანასხვავებენ მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიის განვითარების 3 ფაზას:
I. პირველ დღეს ოლიგემიის (სისხლის საერთო ოდენობის შემცირების) პასუხად ვითარდება სისხლძარღვთა სპაზმი და სისხლი დეპო ორგანოებიდან გამოდის. ამ ფაზაში ჰემოგლობინისა და ერითროციტების ოდენობა შესაძლოა ნორმის ფარგლებში დარჩეს.
II. მეორე დღეს ქსოვილოვანი სითხის (ლიმფის) სისხლძარღვოვან სისტემაში გადასვლის გამო ვითარდება ჰიდრემია. სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების ოდენობა იკლებს, ფერადობის მაჩვენებელი კი ნორმაშია.
III. მესამე-მეშვიდე დღეს აქტიურდება ერითროპოეზი (ერითროციტების წარმოქმნა), პერიფერიულ სისხლში ჩნდება რეტიკულოციტები, რკინის რაოდენობა იკლებს. ვითარდება ჰიპოქრომული ანემია (ფერადობის მაჩვენებელი 1-ზე ნაკლებია).
მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიის მკურნალობა სისხლის შეჩერებით და შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებებით იწყება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფუზიურ ტრანსფუზიურ თერაპიას (გადასხმებს).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:08 | შეტყობინება # 54
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რკინადეფიციტური ანემია გამოწვეულია რკინის დეფიციტით, რომელიც მაშინ ვითარდება, როდესაც ორგანიზმი უფრო მეტ რკინას კარგავს, ვიდრე იღებს. რკინადეფიციტური ანემია სისხლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რისკჯგუფში შედიან ბავშვები, მოზარდები, რეპროდუქციული ასაკის ქალები. დაავადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება, რკინითა და ცილებით მდიდარი რაციონი.
ანემიის მიზეზად შეიძლება იქცეს:
ქრონიკული გარეგანი სისხლდენა, მაგალითად, სისხლდენა საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავიდან, ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშარდე გზებიდან;
რკინის დიდი დანახარჯი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
რკინის არასაკმარისი საწყისი დონე ანუ მისი უკმარისობა დაბადებისთანავე;
რკინის ალიმენტური დეფიციტი (რკინით ღარიბი კვებითი რაციონი);
ამ ფაქტორების კომბინაცია.

რკინის დეფიციტის დროს უარესდება ქსოვილოვანი სუნთქვა, ირღვევა ჰემოგლობინის წარმოქმნა, ვითარდება ჰიპოქრომული ანემია (ქვეითდება სისხლის ფერადობის მაჩვენებელი).

სიმპტომები და მიმდინარეობა: ავადმყოფი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ქვედა კიდურების შეშუპებას, მეხსიერების დაქვეითებას, კანის სიმშრალეს, ფრჩხილების მტვრევადობას, თმის ცვენას. ამას ერთვის გემოს გაუკუღმართება: ავადმყოფები ჭამენ ცარცს, თიხას, ეტანებიან ცხარე, მარილიან საკვებს. გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, ანემიაზე მიუთითებს კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, გულის ფრიალი, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს.
ძირითადი დაავადების (კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ბუასილის, საშვილოსნოს მიომის, ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენების) არსებობისას ანემიის ნიშნებს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც დაერთვის.
რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზი ეფუძნება სისხლში აღმოჩენილ ცვლილებებს: ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონის დაქვეითებას, ფერადობის მაჩვენებლის დაქვეითებას 0,8-მდე და უფრო მეტად, ერითროციტების ფორმის ცვლილებას, სისხლის შრატში რკინის ოდენობის შემცირებას, პლაზმასთან რკინის შეკავშირების უნარის მომატებას.

მკურნალობა. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ითვალისწინებს მიზეზის კუპირებას, რკინის მარაგის შევსებას და რეციდივების საწინააღმდეგო მკურნალობას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების რაციონში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობას, ვინაიდან რკინის შეთვისება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. კერძოდ, შეწოვას ხელს უწყობს ცილები, ნახშირწყლები და C ვიტამინი, ხელს უშლის ცხიმები, ტანინის შემცველი პროდუქტები (ჩაი) და რძე. ინიშნება რკინის პრეპარატები (რამდენიმე თვით), რომელთა შერჩევა და დოზირება ექიმის კომპეტენციაა. ვიტამინებს ანემიის მიზეზის გათვალისწინებით უნიშნავენ. თითქმის ყოველთვის ინიშნება C ვიტამინი. დაავადების მიზეზის აღმოფხვრასა და რკინის დეფიციტის შევსებას მოჰყვება ავადმყოფის გამოჯანმრთელება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:08 | შეტყობინება # 55
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰემოლიზური ანემია პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ჰემოგლობინის დონის დაქვეითება და ერითროციტების გაძლიერებული ჰემოლიზი (დაშლა), რის შედეგადაც სისხლში იმატებს ერითროციტების დაშლის პროდუქტების: ბილირუბინის, თავისუფალი ჰემოგლობინის - დონე ან შარდში ჩნდება ჰემოსიდერინი. ამ ტიპის ანემიის მთავარი ნიშანია ”ახალშობილი” ერითროციტების - რეტიკულოციტების მატება სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი წარმოების გამო.
განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას.
პირველი უპირატესად ერითროციტების უჯრედშიდა ჰემოლიზით მიმდინარეობს. იგი განპირობებულია ერითროციტთა გენეტიკური ხასიათის სტრუქტურული და ფუნქციონალური არასრულფასოვნებით;
ანემიის მეორე ფორმა მიმდინარეობს სისხლძარღვშიგა ჰემოლიზით. ტოქსიკური ზემოქმედება, შეუსაბამო ჯგუფის სისხლის გადასხმა, სიცივე (დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება), ფიზიკური გადაქანცვა (მაგალითად, ჯარისკაცებში - ხანგრძლივი და დამღლელი მარშირება-გადასროლები) ერითროციტების მწვავე დაშლას იწვევს.
კიდევ ერთი ფორმაა თანდაყოლილი (სფეროციტური და ოვალოციტური) ჰემოლიზური ანემია, რომელიც პათოლოგიათა წყებას აერთიანებს. კერძოდ, ამ ჯგუფს მიეკუთვნება:
ერითროციტების მემბრანის მემკვიდრეობითი ანომალიები, რომლებიც ერითროციტების ფორმის შეცვლას და მათ ნაადრევ დაშლას იწვევს;
ერითროციტების სხვადასხვა ფერმენტული სისტემის დეფიციტი, რაც მათ ნორმაზე სწრაფ დაშლას განაპირობებს;
ჰემოგლობინოპათია (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თალასემია), რომლის დროსაც დარღვეულია ჰემოგლობინის სტრუქტურა ან სინთეზი;

ცალკე გამოყოფენ შეძენილ აუტოიმუნურ ჰემოლიზურ და იზოიმუნურ ანემიას, რომელსაც ერითროციტების მექანიკური დაზიანება და ტოქსიკური მემბრანოპათიები განაპირობებს.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ჰემოლიზური ანემიის გამოვლენა მის ფორმაზეა დამოკიდებული.
ერითროციტების უჯრედშიდა დაშლისას აღმოცენდება სიყვითლე, ელენთა იზრდება, ჰემოგლობინის დონე ეცემა, ნაღვლის ბუშტში აღინიშნება მიდრეკილება კენჭების წარმოქმნისკენ, იზრდება რეტიკულოციტების რაოდენობა.
სისხლძარღვშიდა ჰემოლიზის დროს ამ ნიშნებს ემატება თრომბების წარმოქმნა. შესაძლოა, აღმოცენდეს მილოვანი ძვლების ასეპტიკური ნეკროზი. წვივის არეში წყლული ჩნდება. ჰემოლიზური კრიზის დროს გამოიყოფა შავი შარდი.
თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემიის დროს ჩამოთვლილ სიმპტომებს დაერთვის ქალას სახის ნაწილის დეფორმაცია.

დიაგნოზს კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე სვამენ. ჰემოლიზური ანემიის ბუნების გასარკვევად ტარდება სინჯები (კუმბსის, საქაროზაზე), განსაზღვრავენ შრატში რკინის შემცველობას, ატარებენ გენეტიკურ კვლევას.

მკურნალობა. უნდა მოიხსნას ჰემოლიზური კრიზის გამომწვევი პრეპარატები. ჰემოლიზური კრიზის დროს უნდა ჩატარდეს ინფუზიური თერაპია. ინიშნება შარდმდენები, ვიტამინები, ერითროციტული მასის გადასხმა (ერითროციტების გარეცხვა). მძიმე შემთხვევაში მიმართავენ ელენთის ამოკვეთას, ძვლის ტვინის გადანერგვას. აუტოიმუნური პროცესების დროს ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი) და იმუნოდეპრესანტები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:08 | შეტყობინება # 56
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰიპოპლაზიურ და აპლაზიურ ანემიებს ახასიათებს პერიფერიულ სისხლსა და ძვლის ტვინში ფორმიანი ელემენტების (ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების) მზარდი კლება. ავადობა მაღალი არ არის. ავადდებიან ორივე სქესის წარმომადგენლები, უმეტესად - 20-40 წლის ასაკში.
დაავადების მიზეზი მრავალრიცხოვანია, მათ შორის - შეიძლება იყოს მაიონიზებელი რადიაცია, ზოგიერთი პრეპარატი, ორსულობა, ჰეპატიტი, სისტემური წითელი მგლურა. ხშირად ანემიის მიზეზი უცნობია. ასეთ შემთხვევას იდიოპათიურ ანემიას უწოდებენ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. იდიოპათიური ანემია ხშირად მწვავედ იწყება და სწრაფად პროგრესირებს. ვითარდება თრომბოციტოპენიისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი: სისხლჩაქცევები, პეტექიური გამონაყარი, ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა. აღინიშნება პნევმონია, ოტიტი, პიელიტი და სხვა ანთებითი პროცესები, ასევე - სეფსისი.

დიაგნოსტირება. სისხლის ანალიზი ავლენს ანემიას ნორმალური ფერადობის მაჩვენებლით. დიაგნოზს უპირატესად ძვლის ტვინის ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ.

მკურნალობა. დაავადება საკმაოდ მძიმეა. მიმართავენ სისხლის (ერითროციტული, თრომბოციტური და ლეიკოციტური მასის) გადასხმას. ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდები, დიცინონი, რუტინი, C ვიტამინი. არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება ელენთის ამოკვეთა, ძვლის ტვინის გადანერგვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:08 | შეტყობინება # 57
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანკილოზი არის სახსარში მოძრაობის შეუძლებლობა ძვლების სასახსრე ზედაპირების შეზრდის გამო. თუ ძვლის სახსართან მიხორცება ძვლოვანი ქსოვილით ხდება, ლაპარაკობენ ძვლოვან ანკილოზზე, თუ შემაერთებელი ფიბროზული ქსოვილით - ფიბროზულ ანკილოზზე. ანკილოზი სახსრის ხანგრძლივად მიმდინარე ანთების გართულებას წარმოადგენს. ის ზოგიერთი ქრონიკული ინფექციის (მაგალითად, ძვლის ტუბერკულოზის) ან რევმატული დაავადების (მაანკილოზებელი სპონდილიტის) შემთხვევაში ვითარდება. ანკილოზის მიზეზად შეიძლება იქცეს კიდურის ხანგრძლივი უმოძრაობა, მაგალითად, კიდურის ხანგრძლივი იმობილიზაცია (თაბაშირი, გირებით დაკიდება და ა.შ.) ტრავმის შემდეგ.

სიმპტომები. ძვლოვან ანკილოზს ტკივილი არ სდევს თან, ფიბროზულის დროს კი ტკივილის შეგრძნება ხშირია. სახსრების ამოვარდნილობის, მოტეხილობის, ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში ანკილოზის პროფილაქტიკის მიზნით ტარდება ანთების საწინააღმდეგო თერაპია. ადრეულ ეტაპზე მიმართავენ სამკურნალო ფიზკულტურას.

მკურნალობა. ძვლოვანი ანკილოზის მკურნალობა ოპერაციულია. ფიბროზულის დროს ინიშნება მასაჟი, ფიზიოთერაპია, ტალახით მკურნალობა. თუ კონსერვატიული მეთოდები უეფექტო აღმოჩნდა, ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ზოგჯერ სახსრის პლასტიკაც კი ხდება საჭირო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:08 | შეტყობინება # 58
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანორექსია უმადობაა, როდესაც კვებისადმი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დარღვეული არ არის. მას კვების ცენტრის ფუნქციის მოშლა იწვევს. ანორექსიას საფუძვლად შეიძლება დაედოს გადაჭარბებული ემოციური აღგზნება, ფსიქიკური დაავადება, ენდოკრინული სისტემის მოშლა, ინტოქსიკაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადება (მწვავე გასტრიტი, გასტროდუოდენიტი და სხვა), არარეგულარული ერთგვაროვანი კვება, უგემური კერძებით კვება, კვებისას არასასურველი გარემოს არსებობა, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის შემაფერხებელი, უგემური ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი წამლების მიღება. შესაძლოა, გამოვლინდეს როგორც ნევროზული რეაქცია ამა თუ იმ ნეგატიურ მოვლენაზე.
ხანგრძლივი ანორექსიისას ქვეითდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი და იზრდება დაავადებებისადმი მგრძნობელობა. მცირე ასაკის ბავშვებს ანორექსია ხშირად ძალდატანებით კვების გამო ემართებათ.
მკურნალობა. მკურნალობა ითვალისწინებს ანორექსიის მიზეზების გამოვლენასა და აღმოფხვრას, კვების რეჟიმის მოწესრიგებას, მრავალფეროვან რაციონს, ძუძუზე მყოფ ბავშვებში - კვების რეჟიმის დაცვას. ასევე, ინიშნება მადის აღმძვრელი პრეპარატები (ე.წ. მადის მომგვრელი ჩაი, ვიტამინი B12, ცერუკალი), მძიმე გამოფიტვის შემთხვევაში - პოლივიტამინი, ჰორმონები (რეტაბოლილი), ნევროზის დროს - ფსიქოთერაპია, ფსიქოფარმაკოლოგიური პრეპარატები. განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავენ ხელოვნურ კვებას ვენაში სპეციალური ხსნარების შეყვანით.

ნერვული ანორექსია
ნერვულ-ფსიქიკური ანორექსია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, უპირატესად - გოგონებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გახდომის დაუოკებელი წყურვილით გამოიხატება. ამ მიზნის მისაღწევად მოზარდები თითქმის არაფერს ჭამენ, ზოგჯერ შიმშილობენ კიდეც, ინტენსიურად ვარჯიშობენ, იღებენ საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს. ზოგიერთი ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევს ღებინებას. ნერვული ანორექსია მჭიდროდ უკავშირდება მეორე პათოლოგიას - დისმორფომანიას: ავადმყოფს აკვიატებულიაქვს, რომ მსუქანია და გახდომა სჭირდება. ამ აკვიატებულ აზრს ზოგჯერ რეალური, ფსიქოგენური საფუძველი აქვს (მაგალითად, ადამიანს უწოდებენ ქონიანს, გაბერილს, მასზე ამბობენ, ღორივით ჭამსო...), უმეტესად კი სიმსუქნე მოჩვენებითია, ხოლო გახდომის სურვილი - ბოდვითი ხასიათისა.

სიმპტომები. თავდაპირველად ავადმყოფი თავისი საქციელის მოტივსაც და გახდომის მეთოდებსაც მალავს, თავის ულუფა კერძს მალულად აგდებს ან ცხოველებს აჭმევს. ცდილობს, დაბალკალორიული პროდუქტები მიიღოს, მაგრამ რამდენიც არ უნდა მოიკლოს, შედეგით მაინც უკმაყოფილოა. მიმართავს ოყნას, საფაღარათო საშუალებებს, ფიზიკურ ვარჯიშს. 1,5-2 წელიწადში ავადმყოფი კარგავს წონის 20-50%-ს და იფიტება.
ნერვული ანორექსიის ტიპური გამოვლინებაა ამენორეა - მენსტრუაციის შეწყვეტა, ზოგჯერ - ერთბაშად, ზოგჯერ - თანდათანობით. ციკლი მხოლოდ სწორი კვებისა და კრიტიკული წონის (48-50 კგ) მომატების შემთხვევაში აღდგება.
ანორექსიით დაავადებულებს კიდევ ერთი რამ ახასიათებთ: ცდილობენ, სხვებს მაძღრისად აჭამონ. მათ სიამოვნებას ჰგვრით იმის ყურება, როგორ იმატებენ წონას მათი ახლობლები.

მკურნალობა. ძლიერი გახდომის შემთხვევაში სტაციონარული მკურნალობაა საჭირო, ვინაიდან ზედმეტი გამოფიტვა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული ცვლილებები სიცოცხლისთვის სახიფათოა. ინიშნება 6-7-ჯერადი კვება მცირე ულუფებით, ექიმის მეთვალყურეობით. გარდა ამისა, ავადმყოფს უნიშნავენ ვიტამინებს, მადის მოსამატებლად - ინსულინის მცირე დოზას. ნევროზული ხასიათის ანორექსიის დროს ნაჩვენებია ტრანკვილიზატორები, მცირე დოზით - ნეიროლეპტიკები, ფსიქოთერაპია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:09 | შეტყობინება # 59
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ყნოსვა ორგანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა, რომელიც არა მარტო სუნის აღქმას, არამედ გემოს შეგრძნებასაც განაპირობებს. ყნოსვის ორგანო ცხვირის ზედა სართულზე მდებარეობს და უკავშირდება მგრძნობიარე უჯრედებს, რომლებსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ტვინის ქერქთან.
არსებობს ყნოსვის დარღვევის შემდეგი ფორმები:
სრული ანოსმია - ყნოსვის სრული უქონლობა;
ნაწილობრივი ანოსმია - ავადმყოფი მხოლოდ ზოგიერთ სუნს არჩევს;
სპეციფიკური ანოსმია - ავადმყოფს არ შეუძლია განსაზღვრული სუნის აღქმა;
სრული ჰიპოსმია - ყოველგვარი სუნის აღქმა დაქვეითებულია;
ნაწილობრივი ჰიპოსმია - დაქვეითებულია მგრძნობელობა განსაზღვრული სუნების მიმართ;
დიზოსმია - სუნის აღქმა გაუკუღმართებულია: როცა ირგვლივ სასიამოვნო სურნელი დგას, ადამიანი უსიამოვნო სუნს შეიგრძნობს ან გრძნობს არარსებულ სურნელს;
სრული ჰიპეროსმია - მომატებულია მგრძნობელობა ყოველგვარი სურნელის მიმართ;
ნაწილობრივი ჰიპეროსმია - მომატებულია მგრძნობელობა ზოგიერთი სურნელის მიმართ;
აგნოზია - ავადმყოფი ვერ გადმოსცემს, როგორ სუნს გრძნობს, მაშინაც კი, როდესაც ყნოსვის ფუნქცია შენარჩუნებული აქვს.

საზოგადოდ, ყნოსვა ქვეითდება, როდესაც:
გაძნელებულია ყნოსვადი მოლეკულების მისვლა ყნოსვის ნეიროეპითელიუმთან (სუნის აღმქმელ უჯრედებთან);
დაზიანებულია უბანი, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული;
ტვინში მდებარე ყნოსვის ცენტრია დაზიანებული.

ანოსმია, ისევე როგორც ჰიპოსმია, თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც.
თანდაყოლილი ანოსმიის მიზეზი ყნოსვის გზების განუვითარებლობა ან უქონლობაა. ის, როგორც წესი, განვითარების სხვა მანკებს ერწყმის. ყველაზე ხშირად თანდაყოლილი ანოსმია სახის (განსაკუთრებით - ცხვირის) ძვლების თანდაყოლილი ანომალიის დროს გვხვდება.
შეძენილი ანოსმია ცენტრალური (ნეიროსენსორული) ან პერიფერიული წარმოშობისაა.
ცენტრალური ანოსმია (ზოგჯერ მას ტვინისმიერს ან ტვინშიგას უწოდებენ) ტვინში მდებარე ყნოსვის ცენტრის დაზიანების შედეგია. დაზიანება სიმსივნის, გაფანტული ენცეფალომიელიტის, ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის, ათეროსკლეროზის, ქალა-ფუძის ტრავმის დროს, გადატანილი მენინგიტის შემდეგ და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში ხდება.

პერიფერიული ანოსმია სამი სახისაა: ფუნქციური, რესპირატორული და ესენციური.
ფუნქციური ანოსმია, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა და ნევროზის ან ისტერიის დროს (ზოგჯერ - გაურკვეველი მიზეზითაც) იჩენს თავს.
რესპირატორული ანოსმია მაშინ ვითარდება, როდესაც ნესტოებიდან შემავალი ჰაერი და მასთან ერთად შემავალი ყნოსვადი ნივთიერებები ვერ აღწევს ცხვირის ღრუს იმ ნაწილს, სადაც ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული სეგმენტი მდებარეობს. მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული რინიტი, სინუსიტი, ალერგიული რინიტი და სხვა.
ზოგჯერ რესპირატორული ანოსმია ცხვირის ღრუს დაზიანებასთან - ცხვირის ძგიდის გამრუდებასთან, ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში მიმდინარე სიმსივნურ პროცესთან (მათ შორის - პოლიპთან), ადენოიდებთან, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიასთან ასოცირდება. ყნოსვის დაქვეითებას ცხვირის ლორწოვანი გარსის სეკრეციის დარღვევაც იწვევს. ამ დროს ყნოსვის აღმქმელი წამწამები სეკრეტით არის დაფარული.
ესენციური ანოსმია უშუალოდ ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილის დაზიანების შედეგია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ანთება, რომელიც ცხვირის ლორწოვანი გარსიდან იმ უბნებამდე ვრცელდება, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული, ცხვირ-ხახის ტრავმა (მაგალითად, ქირურგიული ჩარევა), ცხვირ-ხახის თერმული და ქიმიური დამწვრობა, სიმსივნური წარმონაქმნის (მაგალითად, პოლიპის) ხანგრძლივი ზეწოლა ამ უბნებზე, ყნოსვის რეცეპტორების ტოქსიკური დაზიანება, რომელსაც მოწამვლა ან ინფექციური დაავადება იწვევს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:09 | შეტყობინება # 60
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. დაავადების მიზეზის შესახებ ძირითად ინფორმაციას ავადმყოფი იძლევა, მაგრამ მისი სუბიექტური ჩივილების დასადასტურებლად, ყნოსვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად და მკურნალობის სწორი წარმართვისთვის ობიექტური გამოკვლევაა აუცილებელი. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ყნოსვის დარღვევის ხარისხი. ამისთვის ტარდება სინჯი მკვეთრი სუნების გამოყენებით. ავადმყოფმა შეთავაზებული სუნის იდენტიფიკაცია უნდა მოახდინოს და რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან სწორი ამოიცნოს. ყნოსვის დაზიანების მიზეზი ბავშვებსა და მოზარდებში უმთავრესად ქალა-ტვინის ტრავმაა, ხოლო მოზრდილებში - ვირუსული ინფექცია. თავსა თუ ცხვირში რაიმე წარმონაქმნისა და ტრავმული დაზიანების აღმოსაჩენად აუცილებელია რენტგენული და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევების ჩატარება.

მკურნალობა. ყნოსვის დაქვეითება და დაკარგვა ხშირად შექცევადია. მიზეზის კვალობაზე, ანოსმიამ, შესაძლოა, თავისთავადაც გაიაროს, მაგრამ უმეტესად ექიმის ჩაურევლად ყნოსვის აღდგენა შეუძლებელია, მით უმეტეს - ნევროლოგიური ხასიათის ანოსმიის დროს. დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას. როდესაც ყნოსვის დაკარგვა დიდხანს (წლების განმავლობაში) გრძელდება, რეცეპტორი შესაძლოა მოკვდეს, მისი აღდგენა კი შუძლებელია.
რესპირატორული ანოსმიისა და ჰიპოსმიის მკურნალობა მეტწილად ეფექტურია. ძირითადი დაავადებისგან განკურნების შემდეგ ყნოსვის ფუნქცია აღდგება. ალერგიისა და ვირუსის შემთხვევაში მკურნალობა სასუნთქი გზების გახსნისკენ არის მიმართული. ამისთვის ცხვირის სპეციალურ წვეთებსა და სასხურებლებს იყენებენ. მიმართავენ ინჰალაციასაც. ზოგჯერ ავადმყოფს ანტიბიოტიკებს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებსა და კორტიკოსტეროიდებს აძლევენ. ცხვირის ძგიდის გამრუდება, პოლიპები და ადენოიდები ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. ნეიროსენსორული (ცენტრალური) ხასიათის ანოსმია ძნელი განსაკურნებელია.
პროფილაქტიკა. გაციების შემდეგ ყნოსვის შეგრძნება შესაძლოა ერთი-ორი დღით დაიკარგოს. ასეთი ანოსმია უმეტესად რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის. გამოჯანსაღებისთვის აუცილებელია სიმშვიდე და სრულფასოვანი ძილი. სახიფათოა გაციების ფეხზე გადატანა - ნებაზე მიშვებულმა გრიპმა შესაძლოა ნეიროსენსორული ხასიათის ანოსმია გამოიწვიოს, რომელიც ხშირად შეუქცევადია.
თუ ანოსმიას ან ჰიპოსმიას სურდოს (გაციებას, ალერგიას) უკავშირებთ, სასარგებლოა ზოგადგამაჯანსაღებელი ვარჯიში, ცხელი აბაზანა. ეს ოფლის მოდენაში დაგეხმარებათ, სასუნთქი გზები გაგეხსნებათ და ყნოსვის შეგრძნება გაგიუმჯობესდებათ.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გაარკვიოთ, ყნოსვის დაქვეითება ზემო სასუნთქი გზების ინფექციით ხომ არ არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა დაგჭირდებათ.
თუ ყნოსვის პრობლემებმა მცენარეთა ყვავილობის პერიოდში იჩინა თავი, აუცილებლად ეჩვენეთ ექიმს. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, შედეგიანია ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობა. თუ ყნოსვის დაქვეითება დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ცხვირში შესასხურებელი სტეროიდები ან ისეთი პრეპარატები დაგჭირდეთ, რომლებიც ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას ხსნის.
ამოიკვეთეთ პოლიპები. ადრეულ სტადიაზე სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობა შედეგიანია. პოლიპების მკურნალობა ანტიბიოტიკებით, ცხვირის ლორწოვანი ქსოვილის სისხლსავსეობისა და შეშუპების შესამცირებელი, ანტიჰისტამინური პრეპარატებითაც შეიძლება. თუ პოლიპი დიდია, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
ყნოსვის ფუნქციას თამბაქოს წევაც არღვევს. თუ სიგარეტზე უარს იტყვით, ყნოსვა თავისთავად აღდგება.
თუ სამუშაოზე ქიმიური ნივთიერებების ან მტვრის შესუნთქვა გიწევთ, აიფარეთ ფილტრიანი ნიღაბი.
შესაყნოსი ნარკოტიკები (კოკაინი, ჰეროინი) წლების განმავლობაში არა მხოლოდ ყნოსვის რეცეპტორებს, არამედ ცხვირის მთელ ლორწოვანს ანადგურებს.
პრეპარატებმა, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლისას იყენებენ, შესაძლოა, ყნოსვის დაქვეითება გამოიწვიოს.
სიმსივნეების უმეტესობა, რომლებიც ყნოსვის დაქვეითებას იწვევს, კეთილთვისებიანია. მათი ხასიათის კვალობაზე, შეიძლება კომბინირებული მკურნალობის (ქირურგიული ოპერაციის, სხივური ან ქიმიოთერაპიის) ჩატარება. მკურნალობა უმეტესად შედეგიანია.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz