ხუთშაბათი, 28.03.2024, 11:43
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:09 | შეტყობინება # 61
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აორტიტი აორტის კედლის ინფექციური ან ალერგიული (აუტოიმუნური) ბუნების ანთებაა. ის სიფილისის, სეფსისის (განსაკუთრებით - სტრეპტოკოკურის), ტუბერკულოზის, რევმატიზმის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს ვითარდება. ახასიათებს დაზიანებული სისხლძარღვის უბნის გაფართოება და ანევრიზმის ჩამოყალიბებაც კი. არცთუ იშვიათად აღმოცენდება ტკივილი გულმკერდის უკან (აორტალგია), რომელიც ძალიან ჰგავს სტენოკარდიას, მაგრამ უფრო ხანგრძლივია და ნიტროგლიცერინი არ ხსნის.

პროფილაქტიკა და მკურნალობა ძირითადი დაავადებისგან განკურნებას გულისხმობს. აორტის ანევრიზმის წარმოქმნისას შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:09 | შეტყობინება # 62
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აპენდიციტი ჭიანაწლავის ანთებაა, რომელიც მისი სანათურის განავლოვანი ქვებით, ანთებითი ინფილტრატით, უცხო სხეულით, სიმსივნური წარმონაქმნით, ჰელმინთებით (ჭიებით) დახშობის შემთხვევაში ვითარდება. განასხვავებენ აპენდიციტის კატარულ და დესტრუქციულ ფორმებს. ეს უკანასკნელი უფრო რთულად მიმდინარეობს და მძიმე გართულებები ახასიათებს. ჩირქოვანი (დესტრუქციული) აპენდიციტი, თავის მხრივ, რამდენიმე სახისაა: ფლეგმონური (პერფორაციით (გახეთქვით) ან პერფორაციის გარეშე), განგრენული (პერფორაციით ან პერფორაციის გარეშე), აპენდიკულარული ინფილტრატით (დაჩირქებით ან დაუჩირქებლად) მიმდინარე.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მწვავე აპენდიციტის კლინიკური გამოვლენა დამოკიდებულია ჭიანაწლავის დაზიანების ხასიათზე, მის მდებარეობაზე, ავადმყოფის ასაკზე, გართულებათა ხასიათზე. დაავადების საწყისი სიმპტომია მოულოდნელი ყრუ ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში (ზუსტ ლოკალიზაციას ვერ მიუთითებენ) ან ჭიპის არეში. დაახლოებით 6 საათის შემდეგ ტკივილი მარჯვენა თეძოს არეში გადაინაცვლებს. ტკივილის ლოკალიზაციის შეცვლა და მარჯვენა თეძოს არეში მტკივნეული შეგრძნების აღმოცენება ანთებითი პროცესის გაღრმავებაზე მიუთითებს.
ტკივილის ლოკალიზაცია ჭიანაწლავის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ტიპური მდებარეობისას ავადმყოფი ტკივილს გრძნობს მარჯვენა თეძოს არეში, მაღლა დგომისას - თითქმის მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რეტროცეკალური მდებარეობისას - მუცლის კიდეებში ან წელში, მენჯში მდებარეობისას - ბოქვენის ზემოთ. აპენდიციტს ხშირად სდევს თან გულისრევა, ზოგჯერ, განსაკუთრებით - დაავადების საწყის სტადიაში, ღებინებაც. კუჭის მოქმედება მეტწილად ნორმალურია. თუ ჭიანაწლავი ბრმა ან სწორი ნაწლავის ან წვრილი ნაწლავის მარყუჟს შორის მდებარეობს, ანთებითი პროცესი შესაძლოა ნაწლავის კედლებზე გავრცელდეს, რაც ნაწლავში სითხის დაგროვებას და ფაღარათს გამოიწვევს.
დაავადების საწყის სტადიაზე ენა თეთრი ნადებით არის დაფარული. ავადმყოფი წევს ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე; სხეულის მდებარეობის შეცვლა, ხველება, გაცინება, დაცემინება მუცლის ტკივილს მკვეთრად აძლიერებს. მუცლის დათვალიერებისას შესაძლოა შეიმჩნეოდეს მუცლის ქვედა მარჯვენა კვადრატის ჩამორჩენა სუნთქვისას. ხელით გასინჯვისას შეიმჩნევა მუცლის კუნთების დაჭიმულობა და მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს არეში. ხშირად ტემპერატურა 380ც-მდე იმატებს. სისხლში ლეიკოციტოზი აღინიშნება.
ტიპურ შემთხვევაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკა ადვილია, ატიპური მდებარეობისას - ძნელი. ასეთ დროს საჭიროა მისი დიფერენცირება პიელიტისგან, თირკმლის ჭვალისგან, მწვავე ადნექსიტისგან, საშვილოსნოსგარე ორსულობისგან, მწვავე ენტერიტისგან, მწვავე ქოლეცისტიტისგან, მწვავე პანკრეატიტისგან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისგან. მწვავე დესტრუქციული აპენდიციტის შემთხვევაში სიმპტომატიკა უფრო მკვეთრია: ტკივილი, მუცლის გაღიზიანების სიმპტომები ძლიერია (ამას ექიმი ადგენს), მაღალია ტემპერატურა და ლეიკოზი.
ბავშვებში, მოხუცებსა და ორსულებში მწვავე აპენდიციტი რამდენადმე თავისებურად მიმდინარეობს. ბავშვებში, ორგანიზმის ჰიპერრეაქციულობისა და ბადექონის ბოლომდე განუვითარებლობის გამო, ანთებითი პროცესი სწრაფად პროგრესირებს და პერიტონიტი ვითარდება. საწყის სტადიაში დიაგნოსტირება ძნელია, გულისრევა, მრავალჯერდი ღებინება, მაღალი ტემპერატურა, მუცლის გავრცობილი ტკივილი ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცევა. მოხუცებში, ორგანიზმის დაქვეითებული რეაქციის გამო, კლინიკური სურათი წაშლილია, რაც დიაგნოსტირებასა და ჰოსპიტალიზაციას აგვიანებს. ორსულებში ბრმა ნაწლავის თაღისა და ჭიანაწლავის საშვილოსნოსთან მიახლოება ტკივილის ლოკალიზაციას ცვლის, ხოლო ჭიანაწლავის საშვილოსნოს უკან მდებარეობა პერიტონიტის სიმპტომების სიმკვეთრეს აქვეითებს.

მკურნალობა. აპენდიციტს ქირურგიული გზით მკურნალობენ. საჭიროებისას, კერძოდ, პერიტონიტის სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში, ოპერაციამდე ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება. ჯანმრთელ ახალგაზრდებს ოპერაცია ადგილობრივი გაუტკივარებით უტარდებათ, არამყარი ფსიქიკის პირებს, ბავშვებს, ორსულებს, მოხუცებს - უფრო მეტად ზოგადი გაუტკივარებით. ძლიერი ტკივილის დროსაც ზოგად ანესთეზიას მიმართავენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:10 | შეტყობინება # 63
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საკვერცხის აპოპლექსია საკვერცხეში სისხლჩაქცევას ნიშნავს. მას ხშირად სდევს თან საკვერცხის გახეთქვა და მუცლის ღრუში სისხლის ჩაქცევა. მიზეზი ანთებითი პროცესების გამო საკვერცხის სისხლძარღვების პათოლოგიური გადაგვარებაა, მაგალითად, ვარიკოზული გაგანიერება ან სკლეროზი. საკვერცხის აპოპლექსია ყველაზე ხშირად ოვულაციისას ან ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის სტადიაში (ციკლის შუა და მეორე ფაზაში) ხდება. მაპროვოცირებელ როლს ასრულებს ტრავმა, მძიმე ტვირთის აწევა, სქესობრივი აქტი.
აპოპლექსიის დროს ყალიბდება მწვავე მუცლისა (მუცლის ტკივილი, დეფანსი და სხვა) და შინაგანი სისხლდენისთვის დამახასიათებელი (სისუსტე, წნევის დაცემა და ა.შ.) კლინიკური სურათი. აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. თუ შინაგანი სისხლდენა და კოლაფსი გამოხატული არ არის, მიმართავენ კონსერვატიულ მკურნალობას (მოსვენება და ცივი საფენი მუცელზე). შინაგანი სისხლდენის პროგრესირებისას აუცილებელია ოპერაციული ჩარევა - საკვერცხის რეზექცია. ამავე დროს, აუცილებელია დაკარგული სისხლის შევსება, საჭიროებისას - გულ-სისხლძარღვთა პრეპარატების შეყვანა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:10 | შეტყობინება # 64
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
არაქნოიდიტი ტვინის ქსელისებრი გარსის ანთებაა. ტვინის ქსელისებრი გარსი წარმოადგენს სისხლძარღვებისა და შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნებისგან შემდგარ თხელ ბადეს, რომელიც ტვინს გარედან ფარავს. დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს გრიპმა ან რომელიმე სხვა ვირუსულმა ინფექციამ, ქრონიკულმა ტონზილიტმა, რინოსინუსიტმა, ოტიტმა, ქალა-ტვინის ტრავმამ, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნემ და სხვა.
ნორმაში, ტვინი ლიქვორში (თავ-ზურგტვინის სითხეში) დაცურავს. ანთებისას ლიქვორის ცირკულაცია ირღვევა, თავიდან ზურგის ტვინში მისი გადადინება ძნელდება, ანთებითი პროცესი ნერვებზეც გადადის.

განასხვავებენ არაქნოიდიტის რამდენიმე ძირითად ფორმას:
ქალას წინა ღრმულის არაქნოიდიტი - იგი ცხვირის წიაღების ანთების შედეგია;
ქალას უკანა ღრმულის არაქნოიდიტი - ხშირად შუა ყურის დაავადების შედეგია;
ბაზალური არაქნოიდიტი - ტვინის ანთების შედეგია.

ყოველგვარი ლოკალიზაციის არაქნოიდიტს აქვს რამდენიმე საერთო სიმპტომი:
აღმოცენდება ინფექციური დაავადებიდან 10-12 დღის შემდეგ;
მთავარ ნიშანს წარმოადგენს თავის ტკივილი (თითქოს თავი სკდებაო) და თვალებზე ზეწოლის შეგრძნება;
იწვევს ძილის დარღვევას, შრომის უნარის დაქვეითებას, მხედველობის გაუარესებას.
არაქნოიდიტით უმეტესად ქალები ავადდებიან. კვლევის უახლესი მეთოდების მიუხედავად, დაავადების დიაგნოსტიკა ძნელია. სამკურნალოდ ინიშნება ფსიქოთერაპიის კურსი, ვიტამინოთერაპია, გამწოვი და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები.
არაქნოიდიტი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ახასიათებს რეციდივები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:10 | შეტყობინება # 65
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა. ახასიათებს ტკივილი, განსაკუთრებით - მოძრაობისას, არცთუ იშვიათად - მოძრაობის შეზღუდვა, სახსართან შესიება, დეფორმაცია. ზოგჯერ სახსრის ზემოთ კანი შეწითლებულია და ცხელება ვითარდება. ანთება შეიძლება ერთ სახსარსაც მოიცავდეს (მონოართრიტი) და რამდენიმესაც (პოლიართრიტი). ზოგ შემთხვევაში ართრიტი უეცრად, სახსრის ძლიერი ტკივილით იწყება (მწვავე ართრიტი), ზოგჯერ კი თანდათანობით ვითარდება (ქრონიკული ართრიტი). დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს ინფექცია, ტრავმა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვული სისტემის პათოლოგია, ვიტამინების უკმარისობა.
ართრიტის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების გამოვლინებათა შემცირებას, ხრტილებში ნივთიერებათა ცვლის აღდგენას (ანუ ხრტილში მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეფერხებას) და დაზიანებული სახსრის ფუნქციის მაქსიმალურ შენარჩუნებას. თერაპია გულისხმობს ანთების ძირითადი მიზეზის - გამომწვევი დაავადების (პოდაგრის, რევმატოიდული ართრიტის და ა.შ.) აღმოფხვრას. ამის კვალობაზე, ართრიტის მკურნალობა კომპლექსური (ფარმაკოლოგიური, არაფარმაკოლოგიური და ქირურგიული მეთოდები), ხანგრძლივი და სისტემატურია.

მკურნალობის არაფარმაკოლოგიური მეთოდებია:
სახსრის დატვირთვის შემცირება: ორთოპედიული ფეხსაცმლის შერჩევა, სუპინატორის, მუხლის სახვევის, სიარულისას - ხელჯოხის გამოყენება;
სამკურნალო ფიზკულტურა, რომელიც მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში ან წყალში (სტატიკური დატვირთვის გარეშე) უნდა შესრულდეს, თანაც ისე, რომ სახსრის ტკივილი არ გამოიწვიოს. იკრძალება ვარჯიში, რომელიც მუხლების მოხრას მოითხოვს და ბუქვნა. რეკომენდებულია ცურვა;
ფიზიოთერაპია: სითბური პროცედურები, ულტრაბგერა, მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია, წყლით მკურნალობა, მასაჟი, კუნთების ელექტროიმპულსური სტიმულაცია. ნებისმიერი ფიზიოთერაპიული პროცედურა ექიმმა უნდა შეარჩიოს. აქვე მოიაზრება მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება: თამბაქოს მიტოვება, კოფეინიან სასმელებზე უარის თქმა.

მკურნალობის ფარმაკოლოგიური მეთოდებია:
ადგილობრივი თერაპია: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამოების (გელების) გამოყენება, სახსარში გლუკოკორტიკოსტეროიდების შეყვანა;
სახსრის ტკივილის შესამცირებლად - ტკივილგამაყუჩებლების, არასათანადო ეფექტის შემთხვევაში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება;
ქონდროპროტექტორების გამოყენება (ეს არის პრეპარატები, რომლებიც მხოლოდ ტკივილს კი არ აყუჩებს, არამედ აფერხებს ხრტილში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს და მის ერთგვარ უკუგანვითარებას უწყობს ხელს).
ქირურგიული მეთოდია სახსრის ენდოპროთეზირება. მას მხოლოდ შორსწასული ფორმების დროს მიმართავენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:10 | შეტყობინება # 66
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
იუვენილური რევმატოიდული ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ის მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავდება, ამიტომ ცალკე ნოზოლოგიად განიხილავენ. მას ახასიათებს:
უპირატესად მსხვილი სახსრების მცირერიცხოვანი დაზიანება როგორც დაავადების დასაწყისში, ისე მისი მიმდინარეობის პერიოდში;
პათოლოგიურ პროცესში ხერხემლის კისრის ნაწილის ჩართვა;
თვალის ხშირი დაზიანება;
სისხლში რევმატოიდული ფაქტორის იშვიათი გამოვლენა;
შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა და პროგნოზი, მაგრამ ხშირი სისტემური გამოვლინებები.
იუვენილური რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაავადება სტრეპტოკოკული, სტაფილოკოკური ან ვირუსული (წითურას ვირუსი, ადენოვირუსები) წარმოშობისაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადებას სიმპტომების მრავალფეროვნება ახასიათებს. თავდაპირველად ის შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული, რაც შემდგომში მის კლინიკურ მიმდინარეობას განაპირობებს. დაზიანებულ სახსართა რაოდენობის მიხედვით არსებობს მონო-, ოლიგო-, პაუცი- (4 სახსარი) და პოლიართრიტი.
სახსროვანი სიმპტომებიდან აღსანიშნავია: სახსარში ტკივილი, შეშუპება (ან მის გარეშე), რბილი ქსოვილების შეშუპება. დილის შებოჭილობა ბავშვებში ნაკლებად აღინიშნება. პათოლოგიური პროცესი უფრო ხშირად მუხლის, კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის, ფალანგთაშუა სახსრების ართრიტით იწყება. ზოგჯერ კი - ხერხემლის კისრის მიდამოს, მკერდ-ლავიწის ან საფეთქელ-ქვედა ყბის შესახსრების დაზიანებით, რასაც შეიძლება ნიკაპის განუვითარებლობა დაერთოს. სახსროვანი სინდრომის პროგრესირებას შესაძლოა მოჰყვეს რბილი ქსოვილის (კუნთების, მყესების, ხრტილის) დაზიანება და სახსარში მოძრაობის შეზღუდვა (კონტრაქტურა). დამახასიათებელია თვალის დაზიანება.
არასახსროვან სისტემურ გამოვლინებებს შორის აღსანიშნავია პერიკარდიტი, პლევრიტი, პერიტონიტი, ლიმფადენოპათია, ჰეპატო- და სპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება). რევმატოიდული კვანძების სიხშირე მოზრდილებთან შედარებით ნაკლებია.

დიაგნოსტირება. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია:
არანაკლებ 3 კვირის ხანგრძლივობის ართრიტი;
სამი სახსრის დაზიანება პირველი 3 კვირის განმავლობაში;
წვრილი სახსრების სიმეტრიული ართრიტი;
ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანება;
სახსარშიგა გამონაჟონი;
დილის შებოჭილობა;
კუნთების, მყესების, ხრტილის დაზიანება;
უვეიტი (თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება);
რევმატოიდული კვანძები;
ოსტეოპოროზი;
დაზიანებული სახსრის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათი;
რევმატოიდული ფაქტორის არსებობა.
3 დადებითი კრიტერიუმის არსებობისას დიაგნოზი სავარაუდოა, 4-ის შემთხვევაში - სარწმუნო, ხოლო 7 კრიტერიუმის შემთხვევაში - დადასტურებული.

მკურნალობა. გამოიყენება უმთავრესად იგივე საშუალებები და მეთოდები, რომლებიც მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:10 | შეტყობინება # 67
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პოდაგრული ართრიტი მიკროკრისტალური ართრიტის ერთ-ერთი სახეობაა. პოდაგრა დაავადებაა, რომლის დროსაც სახსრებსა და სხვა ქსოვილებში ურატული წარმოშობის კრისტალები ლაგდება. მას ან პურინული ცვლის დარღვევა უდევს საფუძვლად, ან თირკმელების მიერ შარდმჟავას შემცირებული ოდენობით გამოყოფა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. პოდაგრულ ართრიტს სახსართა მწვავე ლოკალური ანთებითი პროცესისა და უსიმპტომო პერიოდების მონაცვლეობა ახასიათებს. ის უმეტესად შუა ხნის მამაკაცებს ემართებათ. ვითარდება უეცრად, თითქოსდა უმიზეზოდ, თუმცა ცნობილია შეტევის რისკფაქტორები, რომელთა შორის აღსანიშნავია პურინებით მდიდარი საკვები და ალკოჰოლური სასმელები, ტრავმა, ფიზიკური და ნერვულ-ემოციური გადაძაბვა, გაციება, ქირურგიული ჩარევა, ცხოვრების წესის შეცვლა (აქტიური ცხოვრებიდან პასიურზე გადასვლა ან პირიქით), სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ალერგიული რეაქცია, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი (კოფეინი, თეობრომინი, დიურეტინი, ეუფილინი, ვიტამინები, შარდმდენები, სულფანილამიდები, ღვიძლის ექსტრაქტები და ა.შ.), ხანგრძლივი სტეროიდული თერაპია ან სტეროიდების უეცარი შეწყვეტა. ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის.
მწვავე პოდაგრული ართრიტის კლინიკური სურათი, განსაკუთრებით - მისი პირველი შეტევა, იმდენად სპეციფიკურია, რომ პოდაგრის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად არის მიჩნეული. დაავადება უმეტესად ტერფის დიდი თითის წინატერფ-ფალანგის სახსრის ანთებით იწყება. ტერფის სხვა თითების, კოჭ-წვივის, მუხლის ანთება იშვიათია, სხივ-მაჯის, იდაყვის, ხელის მტევნის, მენჯ-ბარძაყისა და სხვა სახსრებისა - კიდევ უფრო იშვიათი. როგორც წესი, ანთებითია ერთი სახსარი, თუმცა არც პოლიართრიტის განვითარებაა გამორიცხული.

პოდაგრულ ართრიტს ლოკალიზაციის მხრივ ერთგვარი კანონზომიერება ახასიათებს: ზედა კიდურების სახსრებზე ხშირად ქვედა კიდურებისა ზიანდება, მსხვილ სახსრებზე ხშირად - წვრილი.
პოდაგრული ართრიტის შეტევა მოულოდნელად, უმეტესად ღამით ვითარდება. ავადმყოფს ტერფის დიდი თითის ძლიერი ტკივილი აღვიძებს. სახსარი სწრაფად (რამდენიმე საათში) სივდება, კანი ჰიპერემიულია, დაჭიმული და მბზინავი. ხშირად გაფართოებული ვენებიც მოჩანს. შესიებული ქსოვილები მკვრივია, ადგილობრივი ტემპერატურა - მომატებული, ანთებით სახსარში ყოველგვარი მოძრაობა - მკვეთრად მტკივნეული. ასეთი ძლიერი ტკივილი არც ერთმა ართროლოგიურმა დაავადებამ არ იცის. კრიზი, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათიდან 10-12 დღემდე გრძელდება, მერე კი თანდათან გაივლის. პარალელურად ქრება შეშუპება და სახსრის ფუნქცია აღდგება. კრიზს შესაძლოა ცხელებაც დაერთოს. წვრილი სახსრების დაზიანებისას ტემპერატურა სუბფებრილურია, მსხვილი სახსრების დაზიანებისას - მაღალი.
პოდაგრული კრიზის დასრულების შემდეგ ავადმყოფი თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ შეტევა მეორდება. შეტევების სიხშირე და ინტენსივობა თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურია. ზოგს სახსროვანი კრიზი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უმეორდება, ტკივილი არცთუ ძლიერია და შრომის უნარს დიდი ხნით არ აქვეითებს, ზოგს კი ძლიერი ინტენსივობის ხშირი შეტევები აქვს, რომლებიც ადრეულ ინვალიდობას იწვევს. პირველი რამდენიმე შეტევა უპირატესად ტერფის პირველი თითის წინატერფ-ფალანგთაშუა სახსარს აზიანებს, მომდევნოები კი სხვა სახსრების დაზიანებასაც განაპირობებს. დაავადების დასაწყისში უმეტესად ერთი სახსარია ანთებითი, მერე და მერე კი შეტევები ერთდროულად ორი ან რამდენიმე სახსრის ანთებით მიმდინარეობს.
პირველი სახსროვანი კრიზიდან 3-5 წლის შემდეგ პოდაგრა ქრონიკულ ფორმაში გადადის. ეს პერიოდი შესაძლოა 10-15 წლამდე გაგრძელდეს. დაავადების ხანის მატებასთან ერთად შეტევებს შორის ინტერვალი მცირდება. პროცესში სულ უფრო მეტი სახსარი ერთვება. შეუმჩნევლად წარმოიქმნება პოდაგრისთვის დამახასიათებელი კვანძები (ტოფუსები). იმატებს სახსრების მყარი დაზიანებანი. ყალიბდება ტიპური ქრონიკული პოლიართრიტის სურათი: სახსრების დეფიგურაცია და დეფორმაცია ძვლების წანაზარდების ხარჯზე, თითების ქვეამოვარდნილობები, კონტრაქტურები, სახსრების უხეში ხრაშუნი, მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა, უქვეითდება ან სრულიად ეკარგება შრომის უნარი.
ქრონიკული პოლიართრიტის საბოლოო შედეგი მეორეული მადეფორმირებელი პოლიოსტეოართროზია.
ტოფუსი სხვადასხვა ზომისაა - როგორც მუხუდოს მარცვლის, ისე ვაშლისოდენა. კანქვეშა, ზედაპირულად მდებარე ტოფუსი მკვრივი კონსისტენციის თეთრი წარმონაქმნია. უმეტესად ყურის ნიჟარებზე, თვალის სკლერაზე, იდაყვის არეებში ჩნდება, შედარებით იშვიათად - ხელისა და ფეხის თითებზე და სხვა ადგილებში. ტოფუსი ხშირად რბილდება, თავისთავად იხსნება და იქიდან კბილის პასტისმაგვარი თეთრი მასა გადმოედინება. მიკროსკოპული გამოკვლევისას მასში შარდმჟავა ნატრიუმის კრისტალებს პოულობენ. ჭრილობა იშვიათად ინფიცირდება, რაც შარდმჟავა მარილების ბაქტერიოციდული ეფექტით უნდა აიხსნას (ამ ეფექტს მჟავა რეაქცია განაპირობებს).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:11 | შეტყობინება # 68
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სისხლსა და დღე-ღამის შარდში შარდმჟავას განსაზღვრა ძირითადი ბიოქიმიური გამოკვლევაა, რომელიც პოდაგრით დაავადებულს უნდა ჩაუტარდეს. ტარდება სხვა გამოკვლევებიც, რომლებსაც ექიმი შეარჩევს. პოდაგრის მკურნალობა კომპლექსურია. იგი მოიცავს კრიზის კუპირებას, მწვავე ართრიტის ჩაქრობის შემდეგ - ბაზისური პრეპარატების დანიშვნას, მეორეული მადეფორმირებელი ოსტეოართროზის მკურნალობას, დიეტოთერაპიას, ფიზიოთერაპიას, ბალნეოთერაპიას, ორთოპედიულ ოპერაციებს. მწვავე სახსროვანი კრიზის დროს, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა წოლითი რეჟიმი, დაზიანებული კიდურის ოდნავ მაღლა აწევა. აუცილებელია დიეტოთერაპია.
მედიკამენტებიდან სახსროვანი შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, კოლხიცინი, იბუპროფენი და სხვა), იშვიათად - სტეროიდული საშუალებები (გლუკოკორტიკოსტეროიდები). მსხვილი სახსრების ანთებითი პროცესის დროს, როდესაც ვითარდება გამოხატული სინოვიტი, იშვიათად დასაშვებია გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთჯერადი სახსარშიგა ინექცია.
მწვავე პოდაგრული კრიზის დასრულების შემდეგ ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ე.წ. ბაზისური თერაპია, რომელიც ურიკოდეპრესანტებით (ალოპურინოლი, მილურიტი, თიოპურინოლი და სხვა) და ურიკოელიმინატორებით (ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი) ხორციელდება. მათ, ვისაც მყარი უსიმპტომო ჰიპერურიკემია და პოდაგრის მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილება აქვთ (განსაკუთრებით - მამაკაცებმა), პროფილაქტიკის მიზნით უნდა დაიცვან დიეტა, უარი თქვან ალკოჰოლურ სასმელებზე, ერიდონ ცხიმიან საკვებს და, საზოგადოდ, ყველა იმ ფაქტორს, რომლებსაც პოდაგრის შეტევის პროვოცირება შეუძლია.
ავადმყოფებს ეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით - ლუდი, ხორცის ნახარში, შემწვარ-მოხრაკული, პარკოსნები, სოკო, ჟოლო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:11 | შეტყობინება # 69
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რეაქტიული ართრიტი სახსრების დაავადებაა. მას იმუნოკომპლექსური ბუნება აქვს. შესაძლოა, განვითარდეს ინფექციური დაავადების (იერსინიოზული ენტეროკოლიტის, დიზენტერიის, გონორეის, საშარდე გზების ქლამიდიოზის) შემდეგ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. რეაქტიული ართრიტის დროს უმეტესად ქვედა კიდურების, განსაკუთრებით - ტერფების სახსრები შუპდება. ირგვლივ კანი მოლურჯო ან მოწითალო-მოლურჯო ელფერს იღებს. შესაძლოა, შეშუპდეს მყესებიც ძვლებთან მიმაგრების ადგილას. არცთუ იშვიათად აღმოცენდება სხვა ნიშნებიც: გამონაყარი (ხშირად - წყლულოვანი) პირის ღრუს ლორწოვანი გარსზე, ანთებითი ცვლილებები საშვილოსნოში, სასქესო ასოზე, თვალებზე (კონიუნქტივიტი), გულში (მიოკარდიტი, პერიკარდიტი).
რეაქტიული ართრიტი დიდხანს იშვიათად გრძელდება. ის უმეტესად რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გასტანს და თავისთავად გაივლის, თუმცა გამორიცხული არ არის, ქრონიკული ხასიათი მიიღოს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუ ართრიტმა რომელიმე ნაწლავური ან შარდსასქესო ინფექციის შემდეგ იჩინა თავი, სწორედ რეაქტიული ტიპი უნდა ვიეჭვოთ. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ანტიგენის (გამომწვევის) გამოყოფა, რისთვისაც სეროლოგიურ რეაქციას იყენებენ.
რეაქტიულ ართრიტს უმთავრესად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (ინდომეტაცინი, ორტოფენი, ნაპროქსენი და სხვა) და სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანით მკურნალობენ. გახანგრძლივებული მიმდინარეობისას ნაჩვენებია პლაზმოფერეზი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:11 | შეტყობინება # 70
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც უპირატესად სახსრების დაზიანებით ვლინდება. პათოლოგიური პროცესი იწვევს სახსრების შესამჩნევ დეფორმაციას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მოშლას.
რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და განვითარების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. სავარაუდოა, მასში მონაწილეობდეს ინფექციები, აუტოიმუნური დარღვევები და გენეტიკური ფაქტორები.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფი დაავადების დაწყებას უკავშირებს მაპროვოცირებელ ფაქტორებს, მათ შორის - ინფექციას (უმთავრესად - რესპირაციულს), ტრავმას, ფსიქონერვულ მოშლილობას, მშობიარობას, აბორტს, კლიმაქსს. დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე მოსალოდნელია უგუნებობა, წონის კლება, ოფლიანობა, ტემპერატურის მატება 37-38 გრადუსამდე, სახსრების ტკივილი, დილაობით - შებოჭილობა (რომელიც აქტიური მოძრაობის შემდეგ გაივლის), ანემია და სხვა.
რევმატოიდული ართრიტის მთავარი ნიშანია სახსრების დაზიანება, რომელიც რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა, მაგალითად, მრავალრიცხოვანი დაზიანებით (პათოლოგიურ პროცესში პრაქტიკულად ყველა სახსარი შეიძლება ჩაერთოს), სიმეტრიულობით, პროგრესირებადი მიმდინარეობითა და რეციდივებისკენ მიდრეკილებით.
დაავადება იწყება მტევნებისა და ტერფების წვრილი სახსრებიდან. ახასიათებს ტკივილი ღამის მეორე ნახევარში, შესივება და მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა. დაავადების დასაწყისში მტევნის თითები თითისტარივით მსხვილდება და მოლურჯო ფერს იღებს. წვრილი სახსრების ანთებასთან ერთად ზიანდება მომხრელი მყესები და ვითარდება კონტრაქტურა (სახსრის მოძრაობის შეზღუდვა). სახსრების მყესების, იოგების და კუნთების დაზიანების შედეგად მტევანი განიცდის დეფორმაციას და მან შეიძლება სხვადასხვა ფორმაც კი მიიღოს: სელაპის ფარფლისებრი, გედის კისრისებრი და სხვა. ეს რევმატოიდული ართრიტის უტყუარი ნიშანია.
მტევნისა და ტერფების წვრილი სახსრების სიმეტრიული დაზიანება რევმატოიდული ართრიტის ადრეული სტადიის გამოვლინებაა, თუმცა პროცესი შეიძლება სხვა სახსრის დაზიანებითაც დაიწყოს. მაგალითად, მუხლის სახსრის დაზიანებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ პათოლოგიური პროცესი შეიძლება გავრცელდეს ყველა სახსარზე - სხივ-მაჯის, იდაყვის, მხრის, კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის. შედარებით იშვიათად ზიანდება საფეთქელ-ქვედა ყბის, მკერდ-ლავიწის და გავა-თეძოს შესახსრებები.

ზოგადი რეაქციებიდან აღსანიშნავია:
სხეულის ტემპერატურის მატება;
შებოჭილობა, განსაკუთრებით - დილის საათებში;
სისხლძარღვების ფუნქციური დარღვევები - რეინოს სინდრომი, ხელისგულის ერითემა და ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებები.

არასახსროვანი დაზიანებებიდან აღსანიშნავია:
რევმატოიდული კვანძების გაჩენა. ისინი წარმოადგენს მკვრივ, ბრინჯის მარცვლის ან თხილისოდენა მარცვლებს, რომლებიც კანქვეშ არის განლაგებული. ხელით გასინჯვისას ისინი უმტკივნეულო და მოძრავია. უმეტესად განლაგებულია წინამხარზე, იდაყვის სახსართან, მტევნის ზურგზე, ქუსლის ზემოთ და კეფაზე. რევმატოიდული კვანძები, დილის შებოჭილობის მსგავსად, ამ დაავადების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად მიიჩნევა.
პოლინეიროპათია - ზიანდება ის სისხლძარღვები, რომლებითაც პერიფერიული ნერვები იკვებება. ავადმყოფები უჩივიან კიდურების დაბუჟებას, წვას, სიცივეს, მგრძნობელობის გაძლიერებას ან დაქვეითებას.
შედარებით იშვიათია შინაგანი ორგანოების რევმატოიდული დაზიანება, მაგალითად, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, გულის მანკი, ალვეოლიტი, პლევრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის ამილოიდოზი.

დიაგნოსტირება. ამერიკის რევმატოიდული ასოციაციის მიერ მოწოდებული სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ასეთია:
სახსრებში შებოჭილობა, რომელიც გრძელდება არანაკლებ 1 საათის განმავლობაში;
ერთდროულად სამი ან მეტი სასახსრე არის რბილი ქსოვილის შესივება და სახსარშიგა გამონაჟონი;
მტევნების ერთ-ერთი სასახსრე არის შესივება;
ართრიტის სიმეტრიულობა;
რევმატოიდული კვანძების არსებობა;
სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორის მაღალი ტიტრის გამოვლენა;
რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სიმპტომები მტევნის სურათზე.
თუ ავადმყოფს ამ 7 კრიტერიუმიდან 4 აღენიშნება, რევმატოიდული ართრიტი უნდა ვივარაუდოთ.

მკურნალობა. რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა ითვალისწინებს:
ანთების საწინააღმდეგო და ბაზისურ თერაპიას;
ინდივიდუალურ თერაპიას რევმატოიდული ართრიტის მიმდინარეობის, სიმძიმის, სტადიის მიხედვით.
პრეპარატებიდან გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და სხვა), ზოგჯერ - გლუკოკორტიკოსტეროიდებიც, მძიმე შემთხვევაში - ბაზისური პრეპარატები, როგორიც არის კრიზანოლი, მიოკრიზინი, დელაგილი. რემისიის პერიოდში შედეგიანია ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, მაგნიტოთერაპია) და კურორტული თერაპია.
კომპლექსური მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურას და მასაჟს. ვარჯიშები სახსარში მაქსიმალური მოძრაობისა და კუნთოვანი მასის შენარჩუნებისკენ უნდა იყოს მიმართული. მყარი ართრიტის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა: სინოექტომია, რეკონსტრუქციული ოპერაცია


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:11 | შეტყობინება # 71
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სახსრის ჩირქოვანი ანთება მასში მიკრობების შეჭრის შედეგად ვითარდება. მიკრობები სახსარში სხვადასხვა გზით ხვდება: პირდაპირი გზით (ტრავმებისა და ჭრილობების დროს), ლიმფოგენური გზით გვერდით მდებარე ჩირქოვანი კერებიდან (ლიმფადენიტი, ოსტეომიელიტი და სხვა). გამომწვევი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, პნევმოკოკი და სხვა. შერეული ფლორის შემთხვევაში დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.
ჩირქოვანი ართრიტი შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ასევე - გამოწვეული ჩირქოვანი ან სპეციფიკური ინფექციით (გონორეით, მუცლის ტიფით და სხვა). კლინიკური სურათი დამოკიდებულია პროცესის გავრცელებასა და ლოკალიზაციაზე, ასევე - იმ დაავადების სიმძიმეზე, რომლის გართულებასაც ართრიტი წარმოადგენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ჩირქოვანი ართრიტის დროს პათოლოგიური პროცესის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც მცირე მოძრაობაზეც კი ძლიერდება. კიდური დამახასიათებელ მდგომარეობას იღებს. მაგალითად, სხივ-მაჯის სახსრის დაზიანებისას ხელი ოდნავ მოხრილია და გარეთ არის გაწეული. დაზიანებული სახსრის არეში ტემპერატურა მომატებულია და მასზე ზეწოლისას ტკივილი ჩნდება. საწყის სტადიაზე საერთო სისუსტე და ტემპერატურის მკვეთრი მატება არ შეიმჩნევა. აღინიშნება კანის სიწითლე და ოფლიანობა. თუ ჩირქოვანი პროცესი აზიანებს სახსრის და კუნთების შემომფენ ფასციას, მაშინ ვითარდება რბილი ქსოვილების შეშუპება. ამ დროს არცთუ იშვიათად საერთო მდგომარეობა მძიმეა, შეიმჩნევა კანის საფარველის სიყვითლე, შემცივნება, ცხელება და ბოდვა. ავადმყოფებს უყალიბდებათ სეპტიკოპიემია.
სასახსრე ჩანთიდან ჩირქის გადინება ადგილობრივ სიმპტომებს (კონტრაქტურას, ტკივილს და სხვას) ამცირებს, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ზოგჯერ უარესდება კიდეც ჩირქოვანი ინტოქსიკაციის გაძლიერების შედეგად. მყეს-იოგოვანი კავშირები ირღვევა და ხშირია ამოვარდნილობები და ქვეამოვარდნილობები.

მკურნალობა. გამოიყენება ადგილობრივი და ზოგადი, როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა. დიაგნოზის დასადასტურებლად და სახსრიდან ჩირქის გამოსადევნად მიმართავენ პუნქციას. ამის შემდეგ სახსრის ღრუში იმავე ნემსით შეჰყავთ ანტიბიოტიკი, ადებენ დამწოლ ნახვევს და ახდენენ კიდურის იმობილიზაციას, რათა სახსრის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა უზრუნველყონ. ერთი დღის შემდეგ ეს პროცედურა მეორდება. ამ დროს ექსუდატი ხშირად სტერილურია და პროცესი ჩაცხრობისკენ მიდის.
ართროტომიის (სახსრის გახსნის) ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცა მრავალჯერადი პუნქცია არ იძლევა სათანადო, მყარ ეფექტს.
ჩირქოვანი ანთებითი პროცესის ჩაქრობის შემდეგ ნაჩვენებია ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაღალი სიხშირის ტალღები, ულტრაიისფერი დასხივება და სხვა) და სამკურნალო ფიზკულტურა.
ზოგადი თერაპია მოიცავს მიკროფლორის დამთრგუნველი პრეპარატების (ანტიბიოტიკების, ანტისეპტიკების) დანიშვნას, ავადმყოფის იმუნური ძალების ამაღლებას (სისხლის პრეპარატები, კარგი კვება), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის აღდგენას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:11 | შეტყობინება # 72
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ართროზი სახსარშიგა ხრტილის ნაადრევი გაცვეთაა. ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლით არის გამოწვეული. მისი ერთ-ერთი მიზეზია ქონდროციტების (ხრტი¬ლოვანი ქსოვილის უჯრედების) დაბერება. დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს სახსარში ხრტილის საერთო ოდენობა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ხანდაზმულ ასაკში, ასევე - ტრავმის შემდეგ, ტრავმის შემდგომი ანთებითი პროცესების, რომელიმე სახსრის მუდმივი დატვირთვის დროს (მაგალითად, ფეხბურთელებსა და სოფლის მეურნეობის მუშაკებში). ოსტეოართროზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის (გონართროზი) და მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი) სახსრები.
ართროზის ყველაზე ადრეული სიმპტომი სახსრის ტკივილია. დაავადების საწყის სტადიაში ის მოსვენებისას არ ვლინდება, მხოლოდ სახსრის დატვირთვისას იჩენს თავს.

მკურნალობა. ართროზს მკურნალობენ როგორც კონსერვატიულად, ისე ქირურგიული გზით (სახსრის შეცვლით). მუხლის სახსრის ართროზის დროს სასარგებლოა ქვედა კიდურის მასაჟი, მაგრამ უშუალოდ მტკივან სახსარზე ზემოქმედება დაუშვებელია - შესაძლოა, ამან ანთებითი რეაქცია გაამძაფროს. თუ ხრტილის ცვეთის პროცესი შორს ჯერ კიდევ არ არის წასული, ეფექტურია გლუკოზამინსულფატის (იღებენ ზღვის ცხოველებისგან) შემცველი პრეპარატები. ის დადებითად მოქმედებს ხრტილში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე და სახსარში მოძრაობას აუმჯობესებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:12 | შეტყობინება # 73
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
არიტმია გულის ნორმალური რიტმის დარღვევაა, პროგნოზის თვალსაზრისით იგი შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, რომელიც არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს და ძალზე საშიში, რომელსაც ზოგჯერ გონების დაკარგვა ახლავს და შეიძლება უეცარი სიკვდილითაც კი დასრულდეს. ამიტომ არითმიების დიფერენცირება და მათი ადეკვატური მკურნალობა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
არსებობს არიტმიის უამრავი სახეობა. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე სერიოზული დაავადებით ან მის უკან იდგეს ემოციური გადაძაბვა, ან ყავის დიდი რაოდენობით მიღება, ან ფაღარათის გამო კალიუმის დიდი რაოდენობით კარგვა და სხვა.
ზოგჯერ გულის მუშაობის დარღვევა ვითარდება მეორეულად, ანუ ის რომელიმე სხვა ორგანოს დაავადების სიმპტომია. მაგალითად: ჩიყვის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია არითმია; ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას თან ახლავს რომელიმე ტიპის არიტმიის განვითარება და ა.შ.
არიტმიები შეიძლება განაპირობოს უშუალოდ გულში მიმდინარე გარკვეულმა ელექტროფიზიოლოგიურმა მოვლენებმა. კერძოდ, მათ იწვევს გულის დაავადებები ან არიტმოგენული პათოლოგიები. არიტმია ყველაზე ხშირად გულის რომელიმე დაავადების სიმპტომია. მაგალითად, გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა არითმია (ინფარქტი შეიძლება წარიმართოს არითმიით).

არიტმიის რისკის ფაქტორებია:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე თანმხლები დაავადება;
მეტაბოლიზმის დარღვევა;
ენდოკრინული სისტემის რომელიმე დაავადება;
ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის რომელიმე დაავადება;
ხანგრძლივი მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც ინტოქსიკაციას იწვევს;
სტრესები, დეპრესია, ფსიქიკური გადაძაბვა;
ფიზიკური დატვირთვა;
მოწამვლა;
გადაცივება.

არიტმიის სახეები
არსებობს არიტმიის მრავალი სახე. ისინი ერთმანეთისგან წარმოშობით (იხ. ზემოთ) და გამოვლინებით განსხვავდებიან:
სინუსური არიტმია (ტაქიკარდია და ბრადიკარდია) - სინუსური არიტმია ხასიათდება გულის არამდგრადი შეკუმშვებით: მისი გახშირებით (ტაქიკარდია) ან შენელებით (ბრადიკარდია).
პაროქსიზმული ტაქიკარდია - პაროქსიზმული ტაქიკარდია ხშირად გამოწვეულია თანდაყოლილი გულის ანომალიებით, რის გამოც შესაძლებელია მკვეთრად გახშირდეს გულის რითმი.
მოციმციმე არიტმია - მოციმციმე არიტმია ხშირად ვითარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების ფონზე, ამასთან წინაგულების შეკუმშვები შეიძლება საერთოდ არ ხდებოდეს, ხოლო პარკუჭები კი იკუმშება მოუწესრიგებლად.
ექსტრასისტოლია - ექსტრასისტოლიის განვითარება მიუთითებს გულში აგზნების სხვა იმპულსების გაჩენაზე, რაც იწვევს ნაადრევ შეკუმშვას. ამასთან, ავადმყოფს გულის გაჩერების შეგრძნება აქვს.
გულის ბლოკადები - გულის ბლოკადის გაჩენისას ირღვევა იმპულსების გადაცემა წინაგულებიდან პარკუჭისაკენ ან თავად პარკუჭში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გულის კუნთის ანთებით და სხვა მსგავსი დაავადებებით. ავადმყოფის პულსი, რომელსაც აქვს ბლოკადა, განსაკუთრებულად შენელებული ხდება, სასიცოცხლო ორგანოებში, მათ შორის თავის ტვინში, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რის გამოც სავსებით შესაძლებელია გულყრები, დათრგუნულობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. მაგრამ იმის გამო, რომ გულის ბლოკადის დროს რითმი შეიძლება მდგრადი იყოს, ამ დაავადების გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტროკარდიოგრამის საშუალებით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:12 | შეტყობინება # 74
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტაქიკარდია
ტაქიკარდიაზე საუბრობენ, როდესაც სიმშვიდისა და ნორმალური ტემპერატურის პირობებში გულის შეკუმშვათა რიცხვი მწოლიარე მდგომარეობაში - 80-მდე, ხოლო ფეხზე დგომისას 100-ზე მეტად იმატებს.
ტაქიკარდია ყოველთვის პათოლოგიად არ განიხილება: ფიზიკური დატვირთვისა და ნერვული გადაძაბვის დროს გულისცემა ჯანმრთელ ადამიანებსაც უხშირდებათ.
პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც ტაქიკარდიას იწვევს:
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში;
მოწამვლა, მათ შორის - ალკოჰოლით, კოფეინით, ნიკოტინით;
სისტემატური ფსიქიკური გადაძაბვა;
სისხლდენა;
სხეულის ტემპერატურის მომატება;
ანთებითი მდგომარეობა.

ბრადიკარდია
ბრადიკარდია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაა, რომელსაც დიასტოლის პერიოდის გახანგრძლივება ანუ გულის შეკუმშვათა გაიშვიათება ახასიათებს. ამ დროს პულსი წუთში 55 დარტყმამდე მცირდება. ბრადიკარდია ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ პათოლოგიური მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს, რადგან მუდმივმა ბრადიკარდიამ შესაძლოა შინაგანი ორგანოების არასაკმარისი სისხლმომარაგება გამოიწვიოს.

რისკის ფაქტორებია:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის - ანთებითი პროცესები;
თანდაყოლილი ანომალიები;
ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა;
ქალასშიგა წნევის მომატება.

როდის არის საშიში არითმია
არითმია ყოველთვის აშინებს ადამიანს, რადგან მისი სიმპტომები: გულის ფრიალი, პულსის გამოვარდნის შეგრძნება - შემაძრწუნებელია.
არითმია საშიშია, როდესაც ორგანული პათოლოგიით, მაგალითად, გულის იშემიური დაავადებით ან პოსტინფარქტული მდგომარეობით არის გამოწვეული ანდა გულის კუნთის მძიმე დაავადება - კარდიომიოპათია უდევს საფუძვლად. არითმიის სხვა სახეობები, მაგალითად, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, ასევე - სიმპტომური (მაგალითად, ჰიპერთირეოზის ან ემოციურ ფონზე განვითარებული) არითმიები ნაკლებად საშიშია და მკურნალობისას სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, როდესაც ადამიანმა იცის, რომ აქვს გულის რომელიმე პათოლოგია, არითმიის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს კარდიოლოგს, რათა შეფასდეს არითმიის ბუნება და გაირკვეს, მოითხოვს თუ არა იგი სპეციალიზებულ ჩარევას. ექიმის ჩარევა აუცილებელია, როდესაც არითმია ხშირია, მოქმედებს ჰემოდინამიკაზე (მკვეთრად ცვლის არტერიულ წნევას) ან მეტისმეტად შემაწუხებელია (პულსის ამოვარდნა, გულის ფრიალი).
არიტმიის დროს ადამიანს აწუხებს:
გულის ფრიალი;
სისუსტე და თავბრუხვევა;
გულისცემის შეგრძნება, თითქოს გული საგულედან ამოვარდაო.

პულსის გასინჯვისას შეიმჩნევა მისი მკვეთრი ცვალებადობა, კერძოდ:
ან მეტისმეტად აჩქარებულია;
ან არათანაბრად სცემს;
ან ძალზე შენელებულია.
არითმიის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა სინკოპე - გონების დაკარგვა.
არის შემთხვევები, როდესაც არითმიის ერთადერთი გამოვლინება უეცარი კარდიული სიკვდილია.
გონების დაკარგვა ყოველთვის არითმიას არ უკავშირდება. ის შეიძლება უბრალო მიზეზმაც, მაგალითად, ორთოსტატიკური წნევის ცვალებადობამ, გამოიწვიოს. არის ხალხი, ვისაც ადგომისას - ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ პოზიციაში გადასვლისას - წნევა მკვეთრად ეცვლება, წნევის მკვეთრ დაცემას კი გონის დაკარგვა მოჰყვება. გონის დაკარგვა გულის სტრუქტურული დაავადების ბრალიც შეიძლება იყოს. არითმიის დროს გონების დაკარგვის მიზეზია გულის მეტისმეტად სწრაფი შეკუმშვა - იმდენად სწრაფად იკუმშება, რომ ვერ ახერხებს სათანადო რაოდენობის სისხლის გადასროლას სისხლის მიმოქცევის წრეებში, აქედან გამომდინარე, ვერც ტვინს აწვდის საკმარის სისხლს, წნევა ეცემა და ადამიანი გონებას კარგავს.
სინკოპე ყველაზე ხშირად პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და პარკუჭოვანი ფიბრილაციის დროს ვითარდება. იშვიათად - ბრადიარითმიას (გულისცემის გაიშვიათება) ახლავს.
გონების დაკარგვას ნევროლოგიური პათოლოგიებიც იწვევს, მაგრამ ამ მიზეზით გამოწვეული გონის დაკარგვა სინკოპესგან განსხვავდება. კერძოდ:
სინკოპე ყოველთვის ხანმოკლეა, ავადმყოფი სწრაფად მოდის გონს და თავს ისე გრძნობს, თითქოს არაფერი მომხდარაო - ახსოვს, გონი რომ დაკარგა, მაგრამ გამოფხიზლების შემდეგ არაფერს უჩივის;
ნევროლოგიური პათოლოგიით გამოწვეული გულის წასვლა ხანგრძლივია და უკვალოდ არ ჩაივლის - გონზე მოსვლის შემდეგ ავადმყოფს დამბლა, მეტყველების მოშლა ან სხვაგვარი ცვლილება აღენიშნება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:12 | შეტყობინება # 75
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საშიში არიტმია შეიძლება განუვითარდეს:
ადამიანს, რომელსაც მემკვიდრეობა დატვირთული აქვს უეცარი კარდიული სიკვდილით, ანუ პირველი რიგის ნათესავები (მშობლები, და-ძმა) შედარებით ახალგაზრდა ასაკში უეცრად გარდაეცვალა;
ადამიანს, რომელსაც აქვს გულის იშემიური დაავადება (გადატანილი აქვს ინფარქტი) ან გულის რომელიმე სტრუქტურული დაავადება.
არითმიით განპირობებული გულის წასვლის შემთხვევაში რაც უფრო სწრაფად გავუწევთ ადამიანს პირველ დახმარებას, მით მეტი იქნება მისი გადარჩენის შანსი.

პირველი დახმარების წესები
არამც და არამც არ წამოსვათ ავადმყოფი (რასაც ხშირად აკეთებენ), პირიქით, დააწვინეთ, შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა და სასუნთქი გზები უცხო სხეულებისგან გაუთავისუფლეთ.
ფეხები აუწიეთ. თუ გულის წასვლა ორთოსტატიკური წნევის ბრალია, მაშინვე მოვა გონს.
თუ არ სუნთქავს, ჩაუტარეთ კარდიოპულმონური რეანიმაცია - ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი. პარალელურად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მასაჟი მეტად მნიშვნელოვანია - პატარა ბიძგმაც კი შეიძლება, ფიბრილაცია (გულის მეტისმეტად ხშირი შეკუმშვა) მოხსნას. მასაჟით ავადმყოფს ექიმის მოსვლამდე შეუნარჩუნებთ ტვინის ხელოვნურ ვენტილაციას და სისხლის ცირკულაციას. ასე რომ, მასაჟი გადარჩენის შანსს ზრდის.

დიაგნოსტირება. დიაგნოსტირება ხდება ჩვეულებრივი ელექტროკარდიოგრამისა და ოცდაოთხსაათიანი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგის, დატვირთვის ტესტის (ტრედმილის) საფუძველზე. არსებობს ინტრაკარდიული (კათეტერის საშუალებით გულის შიგნიდან) კვლევის მეთოდი და სხვა საშუალებები. მთავარია, დადგინდეს, რომელი მეთოდი იქნება მოცემულ შემთხვევაში უფრო ინფორმაციული. აუცილებლად უნდა გაირკვეს, ხომ არ აქვს ავადმყოფს გულის ორგანული დაავადება ან დატვირთული მემკვიდრეობა. ამ მონაცემების საშუალებით ექიმი შეაფასებს არითმიის სირთულეს და დასახავს მკურნალობის სტრატეგიას.

მკურნალობა. არიტმიის მკურნალობა მის სახეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი სახის არიტმიას მკურნალობა საერთოდ არ სჭირდება - საკმარისია, მოიხსნას მისი მიზეზი (მაგალითად, ნერვული ფაქტორი ან ჰიპერთირეოზი), რომ ის თავისთავად გაივლის.
პირველადი არიტმიის სამკურნალოდ უამრავი პრეპარატი არსებობს, ოღონდ საჭიროა შერჩევა. თუ ფარმაკოლოგიური ჩარევა უეფექტო აღმოჩნდა (მაგალითად, პარკუჭოვანი არითმიის დროს), შესაძლებელია უფრო რადიკალური ჩარევა: არიტმიის ოპერაციული (ინვაზიური) მკურნალობა, რადიოსიხშირული აბლაცია, მკურნალობა ანტიტაქიკარდიული მოწყობილობით, დეფიბრილატორით. მოციმციმე არიტმიის პრევენციისთვის სპეციალურ მოწყობილობას იყენებენ, ბრადიარითმიების დროს - სტიმულატორებს და ა.შ.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz