ხუთშაბათი, 28.03.2024, 11:56
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:16 | შეტყობინება # 91
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აფაზია მეტყველების უნარის სრული ან ნაწილობრივი მოშლაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ მეტყველების ორი სახის მოშლას - სენსორულს (მეტყველების აღქმის უნარის მოშლა) და მოტორულს (ზეპირი მეტყველებისა და სიტყვათა გამოთქმის მოშლა). სენსორული აფაზიის დროს ავადმყოფს არ ესმის მისთვის ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა, ვერ ასრულებს თხოვნას, მარტივ დავალებას (თვალის გახელა, ხელის აწევა) ან ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მოტორული აფაზიის დროს ავადმყოფს ყველაფერი ესმის, მაგრამ არაფრის თქმა არ შეუძლია ან ლაპარაკობს, მაგრამ უაზროდ.

დიაგნოსტირება. აფაზიური მოშლილობა ყალიბდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის), სიმსივნის, აბსცესის, თავს ტვინის ტრავმის დროს. მეტყველების მოშლის შემჩნევა ყველას შეუძლია, დიაგნოზის დასმა კი - მხოლოდ ექიმს.

მკურნალობა. ავადმყოფი აუცილებლად უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. პროგნოზი დაავადების ხასიათსა და სტადიაზეა დამოკიდებული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:17 | შეტყობინება # 92
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კარდიის აქალაზია საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს დარღვეულია საყლაპავის ქვედა, კუჭის შესასვლთან არსებული სფინქტერის (კარდიის) რეფლექტორული გახსნა ყლაპვის დროს, რასაც თან სდევს საყლაპავის პერისტალტიკისა და ტონუსის დაქვეითება. ყოველივე ამის შედეგად ირღვევა კუჭისკენ საკვების ევაკუაცია.
მიზეზები. კარდიის აქალაზიის მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის. მიიჩნევენ, რომ პათოლოგია აღმოცენდება იმ ნერვულ მარეგულირებელ მექანიზმებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, რომლებიც საყლაპავის პერისტალტიკურ მოძრაობასა და საკვების მისვლისას საყლაპავის ქვედა სფინქტერის რეფლექსურ გახსნას განაგებენ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დაავადების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს კვების დარღვევა, განსაკუთრებით - B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა.
კარდიის აქალაზია ყველაზე ხშირად 25-დან 50 წლამდე ასაკში გვხვდება. ის თანდათანობით ვითარდება. პაციენტები უკან იღებენ ახლახან მიღებულ საკვებს, უჩივიან ტკივილს, რომელიც მკერდის ძვლის უკან აღმოცენდება და კისრისკენ, ბეჭებისკენ, ყურში გადაეცემა. ტკივილი შესაძლოა დაავადების პირველი ნიშანი იყოს. ის უმეტესად ჭამის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა ყოველთვის საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. დროთა განმავლობაში ტკივილის სინდრომი სუსტდება. ავადმყოფები უჩივიან საკვების კუჭში არადროული გადასვლის შეგრძნებას. ზოგიერთი ზუსტად მიუთითებს საკვების შეფერხების ადგილს გულმკერდის წინა ზედაპირზე.
ხშირად ავადმყოფები კუჭში საკვების დროულად გადასვლის მიზნით სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: სწრაფად სვამენ დიდი რაოდენობის სითხეს, წინ ან უკან იხრებიან, ხელებს კეფაზე იწყობენ. ღებინება (რეგურგიტაცია) თავდაპირველად საკვების მიღებისთანავე ხდება, შემდგომში კი, ვინაიდან საყლაპავის ქვედა, გაფართოებულ ნაწილში სულ უფრო მეტი ოდენობის საკვები გროვდება, მას მოგვიანებით, თუმცა ერთბაშად იღებენ. პირნაღები საკვები მასა, ჩვეულებრივი ღებინებისას ამონაღებისგან განსხვავებით, დაღეჭილ, მაგრამ კუჭის მიერ სრულიად გადაუმუშავებელ საკვებს წარმოადგენს. ღებინებისას საკვები მასის ნაწილაკები შესაძლოა ტრაქეაში და შემდეგ ფილტვებში მოხვდეს. შედეგად ვითარდება ფილტვების ანთებითი დაავადებები, ასპირაციული პნევმონია. ხშირად პაციენტს აწუხებს სლოკინის შეტევა და გაძლიერებული ნერწყვდენა.
განასხვავებენ კარდიის აქალაზიის 4 სტადიას.
საწყისი სტადია - საყლაპავის ქვედა სფინქტერის (კარდიის) შევიწროება და კარდიის მაღლა საყლაპავის გაგანიერება არ აღინიშნება. ყლაპვის გაძნელებას პერიოდული ხასიათი აქვს.
სტაბილური სტადია - ამ დროს კარდიის სპაზმი მუდმივია. კარდიის მაღლა საყლაპავი უმნიშვნელოდ არის გაფართოებული. პაციენტის ჩივილები მუდმივ ხასიათს იღებს.
მესამე სტადია - საყლაპავის ქვედა სფინქტერის ქსოვილში ნაწიბუროვანი ცვლილებები ჩნდება. სფინქტერი სკლეროზული ხდება, კარგავს ელასტიკურობას და ბოლომდე გახსნა უჭირს. საყლაპავი სფინქტერის ზემოთ მკვეთრად ფართოვდება.
მეოთხე სტადია - კარდიის მაღლა საყლაპავი საგრძნობლად ფართოვდება. საყლაპავის კედელში ანთებითი პროცესები ვითარდება (ეზოფაგიტი) და წყლულიც კი ჩნდება. ანთებითი მოვლენები შესაძლოა ირგვლივ მდებარე ქსოვილებზეც გავრცელდეს. აღმოცენდება შუასაყარის ანთება - მედიასტინიტი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოსტირებისთვის რენტგენოლოგიურ კვლევასა და ენდოსკოპიას მიმართავენ.
თუ კარდიოსპაზმი (საყლაპავის ქვედა სფინქტერის შევიწროება) მხოლოდ სიმპტომის სახით ვლინდება (ნევროზის დროს) და დაავადებად ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ავადმყოფს ტრანკვილიზატორებისა და ანტიდეპრესანტების გარდა უნდა დაენიშნოს ადგილობრივი მოქმედების სპაზმოლიტიკები (მაგალითად, ატროპინის წვეთები). საჭიროა ანტაციდების მიღებაც, ვინაიდან საყლაპავის ლორწოვანი მცირედ მაინც იქნება გაღიზიანებული. ამავე მიზეზით პაციენტს ურჩევენ დამზოგველ (მხოლოდ თხიერ) საკვებს. თუ აქალაზიაც ჩამოყალიბებულია, მიმართავენ მკურნალობის ენდოსკოპიურ ან ქირურგიულ გზას. ენდოსკოპიური მეთოდებიდან აღსანიშნავია საყლაპავის ქვედა სფინქტერის ბალონური დილატაცია (გაფართოება). ამ დროს ენდოსკოპიური ხელსაწყოთი შევიწროებულ სფინქტერში ბალონი შეჰყავთ, მას ბერავენ და იწვევენ სპინქტერის დამბლას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სპაზმის რეციდივის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:17 | შეტყობინება # 93
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აქტინომიკოზი აქტინომიცეტით (სხივისებრი სოკოთი) გამოწვეული სპეციფიკური ქრონიკული დაავადებაა. სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში, გამომწვევის შეჭრის ადგილას, ჩნდება მკვრივი ინფილტრატი, რომელიც შემდგომში ჩირქდება, სკდება და ფისტულას წარმოქმნის. აბსცესის (ჩირქგროვის) ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს ასრულებს მეორეული (უმთავრესად - სტაფილოკოკური) ინფექცია. აქტინომიკოზი ყველა ქვეყანაში გვხვდება. მისი გამომწვევი სოკო ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში. ის უმთავრესად მარცვლოვან მცენარეებზე (ჭვავზე, ქერზე და სხვა) ბინადრობს. თივაში მისი სპორები წლობით ძლებს. ორგანიზმში ხვდება მტვერთან ერთად მისი ჩასუნთქვისას ან გადაყლაპვისას (მარცვლეულის დამუშავების ან თიბვის დროს), ასევე - დაზიანებული კანიდან, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსიდან. აქტინომიკოზით სნეულდებიან როგორც ადამიანები, ისე ცხოველები. დაავადებული ადამიანისგან ან ცხოველისგან ინფექციის გავრცელების შემთხვევები უცნობია.

მიმდინარეობა და სიმპტომები. აქტინომიკოზი ხანგრძლივად მიმდინარე, პროგრესირებადი პირველადი ქრონიკული ინფექციაა. მისი საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა უცნობია - შესაძლოა, წლობითაც კი გაგრძელდეს.
დაავადების გამოვლენის შესაბამისად, განასხვავებენ თავის, ენისა და კისრის, თორაკალურ, აბდომინალურ, შარდსასქესო ორგანოების, კანის, ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმებს.

კისერ-ყბა-სახის ფორმა ყველაზე ხშირად გვხვდება. პათოლოგიური პროცესის გავრცელების კვალობაზე, განასხვავებენ ღრმა ანუ კუნთოვან (პროცესი ლოკალიზდება კუნთოვან ბოჭკოებში), კანქვეშა და კანის ფორმებს.
კუნთოვანი ფორმის დროს პროცესი მეტწილად საღეჭ კუნთებში, მათი მფარავი ფასციის ქვეშ ლოკალიზდება. კერძოდ, ქვედა ყბის კუთხეში ჩნდება ხრტილისებური კონსისტენციის ინფილტრატი. სახე ხდება ასიმეტრიული, ვითარდება სხვადასხვა ინტენსივობის ტრიზმი. მოგვიანებით ინფილტრატში ჩნდება ჩირქი, რომელიც თავისთავად იხსნება და ვითარდება ფისტულა, საიდანაც გამოიყოფა ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი სითხე. ფისტულის ირგვლივ კანი მოლურჯო ელფერს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს. ეს აქტინომიკოზის დამახასიათებელი ნიშანია. კისრის კანი თავისებურად იცვლება. მასზე ჩნდება გარდიგარდმო განლაგებული ლილვაკები.
კანის ფორმა იშვიათია. ამ დროს კანქვეშა ბოჭკოებში ლოკალიზებულია სფეროს ან ნახევარსფეროს ფორმის ინფილტრატები. ტრიზმა და ღეჭვის პროცესის დარღვევა არ შეიმჩნევა. აქტინომიკოზური პროცესი შესაძლოა გავრცელდეს ლოყებზე, ტუჩებზე, ენაზე, ნუშურა ჯირკვლებზე, ტრაქეაზე, ხახაზე. ამ ფორმას სხვებთან შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს.
თორაკალური (გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და გულმკერდის კედლის) აქტინომიკოზი, იგივე ფილტვების აქტინომიკოზი, თანდათანობით იწყება. ავადმყოფს აღენიშნება სისუსტე, სუბფებრილური ტემპერატურა, ხველა, რომელიც თავდაპირველად მშრალია, შემდეგ კი ჩნდება ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი, რომელსაც არცთუ იშვიათად სისხლიც ურევია (ნახველს აქვს მიწის სუნი და სპილენძის გემო). მოგვიანებით ვითარდება პერიბრონქიტის სურათი. ინფილტრატი ვრცელდება ცენტრიდან პერიფერიისკენ, მოიცავს პლევრას, გულმკერდის კედელს, კანს. ვითარდება შეშუპება, რომელიც პალპაციისას ძალზე მტკივნეულია. კანი იღებს მოწითალო-მოლურჯო შეფერილობას. ჩნდება ფისტულები. ჩირქში აღმოჩნდება აქტინომიცეტები. ფისტულები ბრონქებს უერთდება. ისინი არა მარტო გულმკერდზე, არამედ წელსა და თეძოებზეც კი შეიძლება გაჩნდეს. თორაკალური აქტინომიკოზი მძიმედ მიმდინარეობს. მკურნალობის გარეშე ავადმყოფი იღუპება. აქტინომიკოზის ეს ფორმა სიხშირის მიხედვით მეორეა.
აბდომინალური აქტინომიკოზი იშვიათად გვხვდება (სიხშირის მიხედვით მას მესამე ადგილი უკავია). პირველადი კერები უმეტესად (ასიდან 60 შემთხვევაში) ილიოცეკალურ და აპენდიქსის არეში ლოკალიზდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მსხვილი ნაწლავის სხვა უბნებში მდებარეობდეს. კუჭის, საყლაპავისა და წვრილი ნაწლავის პირველადი დაზიანება ძალზე იშვიათია, მუცლის ფარი კი ყოველთვის მეორეულად ზიანდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:18 | შეტყობინება # 94
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
როგორც ვთქვით, პირველადი ინფილტრატი ყველაზე ხშირად ლოკალიზდება ილიოცეკალურ არეში და კლინიკურად ჰგავს ქირურგიულ დაავადებებს (აპენდიციტს, ნაწლავის გაუვალობას და სხვა). თანდათანობით ინფილტრატი სხვა ორგანოებსაც: ღვიძლს, თირკმელებს, ხერხემალს მოიცავს. შესაძლოა, მიაღწიოს მუცლის ფარს. ასეთ შემთხვევაში კანზე დამახასიათებელი ცვლილებები ჩნდება. კერძოდ, საზარდულის არეში წარმოიქმნება ფისტულა, რომელიც ნაწლავს ერთვის. სწორი ნაწლავის აქტინომიკოზის დროს ინფილტრატები სპეციფიკური პარაპროქტიტის აღმოცენებას განაპირობებს. ფისტულები პერიანალურ სივრცეში იხსნება. მკურნალობის გარეშე შემთხვევათა 50%-ში შედეგი ლეტალურია.
შარდსასქესო ორგანოების აქტინომიკოზი იშვიათია. ის, წესისამებრ, აბდომინალური აქტინომიკოზური ინფილტრატის გავრცელების გამო აღმოცენებული მეორეული დაზიანების შედეგია. შარდსასქესო ორგანოების პირველადი აქტინომიკოზური დაზიანება მეტად იშვიათია.
ძვლებისა და სახსრების აქტინომიკოზიც იშვიათად გვხვდება. ეს ფორმა აღმოცენდება აქტინომიკოზური ინფილტრატის მეზობელი ორგანოდან გადასვლის ან სოკოს ჰემატოგენური გზით (სისხლით) გავრცელების შედეგად. შესაძლოა გამოიწვიოს წვივის, მენჯის, ხერხემლის ძვლების ოსტეომიელიტი, ასევე - მუხლისა და სახსრის დაზიანება. არცთუ იშვიათად პროცესს წინ უძღვის ტრავმა. ოსტეომიელიტი ძვლის დესტრუქციით მიმდინარეობს. მიუხედავად აშკარა ძვლოვანი ცვლილებებისა, ავადმყოფები ინარჩუნებენ გადაადგილების უნარს, სახსრების ფუნქცია დაზიანების შემთხვევაშიც კი საგრძნობლად არ ირღვევა. ფისტულების წარმოქმნისას ვლინდება კანის დამახასიათებელი ცვლილებები.
კანის აქტინომიკოზი, როგორც წესი, მეორეულია. კანის ცვლილებები მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც აქტინომიკოზური ინფილტრატი კანქვეშა ბოჭკოებს აღწევს. ეს ცვლილებები განსაკუთრებით დამახასიათებელია ფისტულების გაჩენის შემთხვევაში.
მიცეტომა აქტინომიკოზის თავისებური ვარიანტია. ის ხშირად გვხვდება ტროპიკულ ქვეყნებში. მიცეტომა იწყებატერფზე (უპირატესად - ფეხისგულზე) ერთი ან რამდენიმე მკვრივი, მუხუდოს მარცვლისოდენა (ან უფრო დიდი) კვანძის გაჩენით. ეს კვანძები თავდაპირველად შეუცვლელი კანით არის დაფარული, მერე და მერე კანი სქელდება, იღებს მოწითალო-მოიისფრო ან წაბლისფერ შეფერილობას. ძველი კვანძების მეზობლად ჩნდება ახლები. კანი შუპდება, ტერფი იზრდება, იცვლის ფორმას. კვანძები თანდათანობით რბილდება, იხსნება და წარმოიქმნება ღრმა ფისტულები, საიდანაც გამოიყოფა ჩირქოვანი ან სეროზულ-ჩირქოვანი (ზოგჯერ სისხლიანიც) სუნიანი სითხე. კვანძები თითქმის უმტკივნეულოა. პროცესი ნელა პროგრესირებს. მთელი ფეხისგული კვანძებით იფარება, ფეხის თითები მაღლა იწევს. მოგვიანებით კვანძები და ფისტულები ტერფის ზედა ნაწილშიც ჩნდება. პროცესმა შესაძლოა მოიცვას კუნთები, მყესები და ძვლები. ზოგჯერ ვითარდება წვივის კუნთების ატროფია. ჩვეულებრივ, მიცეტომა ერთ ტერფზე ჩნდება და ხანგრძლივი (10-20-წლიანი) მიმდინარეობა ახასიათებს.

დიაგნოსტირება. აქტინომიკოზის შორს წასული ფორმა, როდესაც ჩნდება ფისტულები და კანის დამახასიათებელი ცვლილებები, ადვილი სადიაგნოსტიკოა. ძნელია აქტინომიკოზის საწყისი სტადიის ამოცნობა. ერთგვარი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს კანის სინჯებს, მაგრამ ყურადსაღებია მხოლოდ დადებითი და მკვეთრად დადებითი სინჯები, ვინაიდან სუსტად დადებითი კანის სინჯი ხშირია კბილების დაავადების დროსაც. უარყოფითი სინჯი ყოველთვის არ გამორიცხავს აქტინომიკოზს, რადგან მძიმე ფორმების დროს ის შესაძლოა იმუნიტეტის დათრგუნვის გამო იყოს უარყოფითი.
შედარებით მაღალი სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს ფისტულიდან გამოყოფილი ჩირქის გამოკვლევას - მასში აქტინომიცეტებს აღმოაჩენენ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. მკურნალობა კომპლექსურია. მოიცავს ანტიბიოტიკებს, იოდს, სისხლის გადასხმას, რენტგენოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას.
პროფილაქტიკა ითვალისწინებს პირის ღრუს სანაციას, ყოველდღიური ჰიგიენის დაცვას, კანისა და ლორწოვანი გარსის ტრავმატიზების თავიდან აცილებას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:18 | შეტყობინება # 95
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ახლომხედველობა (მიოპია) თვალის რეფრაქციის მეტად გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც საგნის გამოსახულება ყალიბდება ბადურა გარსის წინ. ამ დროს ადამიანი ახლომდებარე საგნებს კარგად ხედავს, ხოლო შორეულს - ცუდად. ახლომხედველებს დაგრძელებული აქვთ თვალის ღერძი ან მომატებული აქვთ რქოვანა გარსის შუქგარდამტეხი ძალა. უმეტესად ხდება ორივე ამ ფაქტორის შერწყმა.
მხედველობის სიმახვილის დაქვეითების კვალობაზე, განასხვავებენ მიოპიის (ახლომხედველობის) რამდენიმე ხარისხს:
სუსტს (3 დიოპტრიამდე);
საშუალოს (6 დიოპტრიამდე);
ძლიერს (6 დიოპტრიის ზემოთ).

მიზეზები. ახლომხედველობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის 7-12 წლის ბავშვებს აღმოაჩნდებათ ხოლმე. გარდატეხის პერიოდში ახლომხედველობა, როგორც წესი, ძლიერდება, 18-დან 40 წლამდე ასაკში კი მხედველობის სიმახვილე სტაბილიზდება. ახლომხედველობის აღმოცენების მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა ცნობილია მისი რამდენიმე რისკფაქტორი:
მემკვიდრეობა. ახლომხედველი მშობლების შვილებს ასიდან 50 შემთხვევაში ახლომხედველობა 18 წლამდე უვლინდებათ, ნორმალური მხედველობის მქონე მშობლების შვილებს შორის კი მხოლოდ 8%-ია ახლომხედველი.
თვალის გადაძაბვა - ახლო მანძილზე ხანგრძლივი და ინტენსიური მხედველობითი დატვირთვა, სამუშაო ადგილის ცუდი განათება, ჯდომის მიმართულება კითხვისა და წერისას, მეტისმეტი გატაცება ტელევიზორითა და კომპიუტერით. ახლომხედველობა, ჩვეულებრივ, ბავშვის სკოლაში მისვლისას გამოვლინდება.
არასწორი კორექცია. თუ მხედველობის კორექცია ახლომხედველობის გამოვლენისთანავე არ მოხდა, მხედველობის ორგანო კიდევ უფრო გადაიძაბება და მოხდება ახლომხედველობის პროგრესირება. მოსალოდნელია ამბლიოპიის - ზარმაცი თვალის სინდრომისა და სიელმის განვითარებაც. თუ ახლო მანძილზე მუშაობისთვის სათვალე ან კონტაქტური ლინზა არასწორად შეირჩა (მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა), მოხდება თვალის კუნთების გადაძაბვის პროვოცირება და ახლომხედველობა გაძლიერდება.

პროგრესირებადი ახლომხედველობა. პროგრესირებადს უწოდებენ ახლომხედველობას, როდესაც მიოპიის ხარისხი წელიწადში ერთი ან მეტი დიოპტრიით იზრდება. მიოპია განსაკუთრებით ინტენსიურად პროგრესირებს სკოლის ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამ პერიოდში მხედველობითი დატვირთვა ყველაზე ძლიერია, რასაც ორგანიზმის აქტიური ზრდაც ერთვის. ახლომხედველებს ურჩევენ, ერიდონ მძიმე ტვირთის აწევას, განსაკუთრებით - წინ წახრილ და თავდახრილ მდგომარეობაში, ასევე - ისეთი სპორტით გატაცებას, რომელიც სხეულის მკვეთრ რყევას იწვევს (ხტომა, კრივი, ჭიდაობა და სხვა) - ყოველივე ამან შესაძლოა ბადურას განშრევება და სიბრმავეც კი გამოიწვიოს. პროგრესირებადი ახლომხედველობა ბადურას ცენტრალურ ნაწილში ნელ-ნელა იწვევს შეუქცევად ცვლილებებს და მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:18 | შეტყობინება # 96
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მკურნალობა. ახლომხედველობის კონსერვატიული მკურნალობა ითვალისწინებს:
მხედველობის მართებულ კორექციას ოფთალმოლოგის მიერ შერჩეული სათვალით ან კონტაქტური ლინზებით;
იმ კუნთების ვარჯიშს, რომელთა გადაძაბვაც ზრდის მიოპიის ხარისხს (ლაზერული სტიმულაცია, მხედველობის ვიდეოკომპიუტერული კორექცია, სამკურნალო საშუალებების ჩაწვეთება, თვალის ვარჯიშების სპეციალური კურსი).
თვალის ვარჯიშები ოფთალმოლოგის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს;
ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს: ცურვას, კისრის მასაჟს, კონტრასტულ შხაპს და სხვა (ესეც - ოფთალმოლოგის რეკომენდაციით);
სრულფასოვან კვებას - ცილებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით დაბალანსებულ რაციონს.
ახლომხედველობის ლაზერული კორექციისას ფოკუსირებული ლაზერის სხივით ხდება რქოვანა გარსის დამუშავება. ოპერაციის მიზანია, რქოვანა გარსის სიმრუდის დოზირებული ცვლილებით შეიცვალოს თვალში შემავალი სინათლის სხივების გარდატეხის კუთხე, რაც მხედველობას აუმჯობესებს. ოპერაცია 25-40 წამს გრძელდება, უსისხლოა, სრულიად უმტკივნეულო, არ მოითხოვს ნარკოზს.
ლაზერის მეშვეობით მხედველობის 100%-იანი კორექცია შესაძლოა ვერ მოხერხდეს. პაციენტს წინასწარ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ეუბნებიან, რამდენად გამოუსწორდება მხედველობა. უმეტესად ლაზერული კორექცია მხედველობას საგრძნობლად აუმჯობესებს და პაციენტს ოპერაციის შემდეგ აღარ სჭირდება სათვალისა თუ კონტაქტური ლინზების ტარება, ზოგს კი ადრინდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ზომის სათვალე ჰყოფნის. ასეთ შემთხვევაში პრობლემას ხსნის სხვა ტიპის ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, ფაკიური ლინზის (რეფრაქციული ხელოვნური ბროლის) იმპლანტაციით. ეს ლინზა პატარა განაკვეთიდან შეჰყავთ თვალში, ბროლის წინ. იქ ის იშლება, სამუდამოდ რჩება და სათანადოდ ცვლის თვალის გარდატეხის ძალას. ფაკიური ლინზის კორექციის დიაპაზონი საკმაოდ ვრცელია (-5,0-დან -25,0 დიოპტრიამდე და +2,0-დან +12,0 დიოპტრიამდე). როდესაც მაღალი ხარისხის ახლომხედველობას თან ახლავს ასტიგმატიზმი, გამოიყენება ფაკიური ლინზების იმპლანტაციისა და ლაზერული კორექციის კომბინაცია.
ახლომხედველობის პროფილაქტიკა ითვალისწინებს:
სწორ განათებას. მხედველობითი დატვირთვა დასაშვებია მხოლოდ კარგად განათებულ შენობაში.
სწორ მხედველობით და ფიზიკურ დატვირთვას. რეკომენდებულია მხედველობითი დატვირთვისა და აქტიური დასვენების მონაცვლეობა. 3 დიოპტრიამდე ხარისხის მიოპიისას ფიზიკური დატვირთვა შეზღუდული არ არის, 3 დიოპტრიაზე მეტის შემთხვევაში კი იკრძალება მძიმე ტვირთის აწევა, ხტომა და სპორტის ზოგიერთი სახეობა.
თვალების ვარჯიშს. 20-30-წუთიანი დატვირთვის შემდეგ რეკომენდებულია თვალის გავარჯიშება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:18 | შეტყობინება # 97
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბადურა მხედველობითი ანალიზატორის პერიფერიული ნაწილია. ის თვალის კაკლის შიგნითა გარსია, რომელიც ფოტომგრძნობიარე უჯრედებს შეიცავს.
ბადურას ჩამოცლა თვალის ბადურა გარსის სისხლძარღვოვანისგან მოცილებაა, რაც არცთუ იშვიათად მხედველობის ძლიერ დაქვეითებას და სიბრმავესაც კი იწვევს.
განასხვავებენ ბადურას სამი სახის ჩამოცლას.
ყველაზე ხშირად გვხვდება ბადურას გახლეჩა. ამ დროს მინისებრი სხეულის სითხე ბადურაში გაჟონავს. ბადურას ასეთი ჩამოცლა ხშირად უვითარდებათ მაღალი ხარისხის ახლომხედველებს თვალის ძლიერი ტრავმის ან თვალის ოპერაციის შემდეგ - თვალის გარსების (მათ შორის - ბადურას) გადაძაბვის გამო ასეთი პათოლოგიისადმი ისინი უფრო მეტად არიან განწყობილნი.
ბადურას ჩამოცლის მიზეზად ხშირად იქცევა დიაბეტური რეტინოპათია. ამ დროს სახეცვლილი მინისებრი სხეული ან ნაწიბუროვანი ქსოვილი ბადურას მექანიკურად ქაჩავს წინ და მის ჩამოცლას იწვევს.
ბადურა გარსის ჩამოცლა, ასევე, მოსალოდნელია მის ქვეშ სითხის, სისხლის ან სიმსივნური ქსოვილის დაგროვების დროს. ის, ჩვეულებრივ, თვალის სხვა დაავადებებს ან ისეთ ზოგად პათოლოგიურ მდგომარეობებს უკავშირდება, რომლებიც შეშუპებას ან სისხლჩაქცევებს იწვევს.
ამრიგად, ბადურას ჩამოცლის მიზეზად შეიძლება იქცეს: ახლომხედველობა (ბადურას გათხელება და გახლეჩა); თავისა და თვალის ტრავმა; ძლიერი ფიზიკური გადატვირთვა (ხტუნვა, დაცემა, მძიმე ტვირთის აწევა და სხვა); თვალის სხვა დაავადებები (დიაბეტური პათოლოგიები, თვალშიგა სიმსივნეები, ბადურა გარსის დისტროფია, სისხლჩაქცევა და ა.შ.); განვითარების თანდაყოლილი ანომალია; მეტაბოლიზმის დარღვევა; სისხლძარღვოვანი დაავადება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. თავდაპირველად ავადმყოფი თვალებზე ლიბრის გადაკვრას უჩივის და ამაოდ ცდილობს მის მოცილებას თვალებში ჩაის ნაყენისა თუ სხვა სითხის ჩაწვეთებით.
თვალებში ნათებისა და ნაპერწკლების გაჩენაც ბადურას ჩამოცლის ნიშანია.
ასოებისა და საგნების გამრუდება ან მათი ზოგიერთი ნაწილის მხედველობის არიდან გაქრობა იმაზე მიუთითებს, რომ ბადურას ჩამოცლამ ბადურას ცენტრი მოიცვა.
ზოგჯერ პაციენტები ძილის შემდეგ მხედველობის ნაწილობრივ გაუმჯობესებას აღნიშნავენ. ეს იმით აიხსნება, რომ სხეულის ჰორიზონტალური მდებარეობისას ბადურა უბრუნდება თავის პირვანდელ ადგილს, ხოლო ვერტიკალურ პოზიციაში გადასვლისას იგი კვლავ ჩამოეცლება სისხლძარღვოვან გარსს და მხედველობის დეფექტები აღდგება.
ბადურას გახლეჩა. ბადურას გახლეჩა ხშირად იმ ზეწოლის შედეგია, რომელსაც ბადურა მინისებრი სხეულისგან განიცდის მათი ერთმანეთთან მჭიდროდ მიმაგრების ადგილას.
ბავშვის თვალის მინისებრი სხეული ერთგვაროვანი კონსისტენციისაა და ბადურა გარსს მყარად არის მიმაგრებული. ადამიანის ბიოლოგიურ დაბერებასთან ერთად მინისებრი სხეული თხიერდება. ამ მოვლენას მინისებრი სხეულის ჩამოცლას უწოდებენ.
მინისებრი სხეულის ჩამოცლა, ჩვეულებრივ, გაურთულებლად მიმდინარეობს და მხოლოდ თვალების წინ გაჩენილი მფრინავი წერტილების სახით ვლინდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბადურას დაძაბვამ შესაძლოა მისი გახლეჩა გამოიწვიოს. ამ დროს წარმოქმნილი ხვრელის გავლით ბადურაში მინისებრი სხეულიდან ჟონავს სითხე, რომელიც ბადურასა და სისხლძარღვოვან გარსს შორის გროვდება. სწორედ ეს იწვევს ბადურას ჩამოცლას.
დიაგნოსტიკა. ბადურას ჩამოცლის დიაგნოსტირების მიზნით განისაზღვრება:
მხედველობის სიმახვილე, რომელიც გვიჩვენებს ბადურას ცენტრალური ნაწილის მდგომარეობას;
გვერდითი მხედველობა (პერიმეტრია) - პერიფერიაზე ბადურას მდგომარეობის გასარკვევად;
თვალშიგა წნევა (ტონომეტრია). ბადურას ჩამოცლისას ის შესაძლოა ნორმაზე დაბალი იყოს (ნორმა - 16-25მმ. ვწყ.სვ).
ასევე ტარდება:
სპეციალური ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ბადურასა და მხედველობის ნერვის ნერვული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა;
ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის დათვალიერება). მისი მეშვეობით შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს ბადურას გახლეჩის ადგილები და მათი რაოდენობა, გამოვლინდეს გათხელებული ნაწილები, რომლებმაც შესაძლოა დაავადების ახალი კერების გაჩენა გამოიწვიოს;
ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ჩამოცლილი ბადურას ზომებსა და მის მდგომარეობაზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:19 | შეტყობინება # 98
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მკურნალობა. ოფთალმოლოგიაში ბადურას ჩამოცლა განიხილება როგორც ექსტრემალური მდგომარეობა, რომელიც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. წვეთებით, ტაბლეტებით ან ინექციებით მკურნალობა ამ დროს დაუშვებელია. მხედველობის შენარჩუნების ერთადერთი გზა სასწრაფო ოპერაციაა.
ბადურას ჩამოცლის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ჩამოცლის ხასიათზე, მის გავრცელებაზე, ხანდაზმულობაზე, განლაგებასა და სხვა ფაქტორებზე.
ქირურგიული ჩარევისას დიდი ყურადღება ექცევა:
ბადურას გახლეჩის აღმოჩენას ან ბადურას ჩამოცლის დადგენას;
ბადურას გახლეჩისა და ბადურას ჩამოცლის ბლოკირებას ან შემოფარგვლას (ლოკალიზებას);
ბადურას ჩამოცლილი ნაწილის სისხლძარღვოვან შრესთან კონტაქტის აღდგენას.
ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი სახეა პნევმატური რეტინოპექსია. ამ დროს მინისებრი სხეულის შიგნით შეჰყავთ მცირე ზომის აირის ბუშტუკი. ვინაიდან აირის ბუშტუკი სითხეზე მსუბუქია, ის ბადურას სისხლძარღვოვან კედელთან მიაჭყლეტს. აირი დაუყოვნებლივ იწყებს გაწოვას. ამის შემდეგ ტარდება დამატებითი პროცედურა – ბადურას მიმაგრება. ეს შეიძლება იყოს კრიოპექსია, რომლის დროსაც ბადურას დაბალი ტემპერატურის გამოყენებით სკლერასა და სისხლძარღვოვან კედელთან მიარჩილავენ ან ლაზერული კოაგულაცია. ორივე შემთხვევაში იყენებენ ადგილობრივ ანესთეზიას.
ბადურას ზოგიერთი სახის ჩამოცლა ოპერაციული მეთოდით სკლერაზე ზეწოლას მოითხოვს. თხელი სილიკონის ზონარი სკლერაზე ნაკერით ისე მაგრდება, რომ სკლერა ზონარის ქვემოდან შიგნითა მხარეს ჩაიზნიქება; სკლერა და სისხლძარღვოვანი გარსი უახლოვდება ბადურას, სუსტდება მინისებრი სხეულის ბოჭკოების დაჭიმულობა და იბლოკება ბადურას გახლეჩა. სილიკონის ზონარი ოპერაციის შემდეგ არ ჩანს და სიცოცხლის ბოლომდე თავის ადგილას რჩება. დაგროვილი სითხის გამოსასვლელად სკლერაში, შესაძლოა, დამატებით ჩამოყალიბდეს მცირე ხვრელი.
თუ ჩამოცლაში მაკულური ზონა არ არის ჩათრეული, პროგნოზი საიმედოა. სხვა შემთხვევაში ცენტრალური მხედველობის დეფექტი სამუდამოდ რჩება. მისი ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადრე მიმართავს ავადმყოფი კვალიფიციურ ექიმს.
პროფილაქტიკა. ახლომხედველობის, თავისა და თვალის ტრავმის შემთხვევაში ბადურას ჩამოცლის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია თვალის დათვალიერება წელიწადში ერთხელ მაინც. თუ ახლომხედველი ხართ ან გაქვთ ბადურას დისტროფია, შაქრიანი დიაბეტი, რეგულარულად ესტუმრეთ ოფთალმოლოგს, ხოლო აუცილებლობისას დროულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკული მკურნალობა.
ბადურას ჩამოცლის პროფილაქტიკისთვის იყენებენ ლაზერის სხივებს ან ულტრაბგერას.
დაავადების ადრეული გამოვლენა ბადურას გახლეჩისა და ჩამოცლის წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
მინისებრი სხეულის ცვლილებისას შესაძლოა საჭირო გახდეს მისი შეცვლა ოპერაციული გზით.
ბადურას აცლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით - ახალგაზრდა მამაკაცებში, თვალის ტრავმაა. მის თავიდან ასაცილებლად მუშაობისას და ყოფით ცხოვრებაში საჭიროა თავდაცვის ელემენტარული წესების დაცვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:19 | შეტყობინება # 99
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბალანიტი მამაკაცის ასოს თავის საფარველის ანთებაა. თუ ანთებითი პროცესი ჩუჩის შიგნითა ფურცელზეც არის გადასული, საქმე გვაქვს ბალანოპოსტიტთან. ეს დაავადება მეტწილად ბავშვებში გვხვდება, კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც ასოს თავი დახურულია ჩუჩით ანდა ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია.
ბალანიტსა და ბალანოპოსთიტს თან სდევს ასოს თავის ტკივილი, ქავილი, შეწითლება და შეშუპება. არც ურეთრის შევიწროებაა გამორიცხული. ბალანიტი და ბალანოპოსთიტი შეიძლება გართულდეს - განვითარდეს მშრალი მაობლიტირებელი ბალანიტი, ფიმოზი, პარაფიმოზი და ავთვისებიანი სიმსივნეც კი.
პირველადი ბალანიტის მიზეზი შეიძლება იყოს ჩუჩის კანქვეშ განვითარებული სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია და თანდაყოლილი ფიმოზი.
მეორეული ბალანიტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმში არსებული ინფექცია შარდსასქესო გზებით ასოს თავის საფარველსა და ჩუჩაზე ხვდება. ასეთი ინფექციებია გონორეა, ტრიქომონიაზი, სიფილისი და სხვა.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალერგიული დაავადებები (ეგზემა, ჭინჭრის ციება) და სხვა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბალანოპოსთიტის მკურნალობა პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. დაავადების დიაგნოსტიკა გამომწვევის გამოვლენას გულისხმობს. ამისთვის ატარებენ ლაბორატორიულ კვლევას (ნაცხის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს), რომელიც დაავადების მიზეზისა და ფორმის დადგენის საშუალებას იძლევა. სწორედ ამის საფუძველზე ხდება მკურნალობის შერჩევა.
ადრეულ, გაურთულებელ სტადიაში დაავადების მკურნალობა ძნელი არ არის, თუმცა აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და ჰიგიენური პროცედურების რეგულარული ჩატარება საპონხსნარით, ფურაცილინის ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით. შედარებით შორსწასულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგადი ან ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკებით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა. ოპერაციულ პროცედურებს მიმართავენ ბალანოპოსტიტის ქრონიკული ფორმის დროს და ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ორ ეტაპად ახორციელებენ. თავდაპირველად ხდება ჩუჩის ჩაჭრა, შემდეგ კი, დაავადების მწვავე სიმპტომების ჩაცხრობისთანავე - ჩუჩის მოკვეთა.
ბალანოპოსტიტის მკურნალობის შემდეგ ანთების ხელახალი განვითარების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფმა უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები, ზედმიწევნით დაიცვას პირადი ჰიგიენა (განსაკუთრებით - ინფექციური დაავადებების შემთხვევაში) და პერიოდულად გაესინჯოს ექიმს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:19 | შეტყობინება # 100
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაავადებას იწვევს უმარტივესი ერთუჯრედიანი ცხოველი - ნაწლავის ბალანტიდიუმი, რომელიც წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ბინადრობს. გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში დაბინძურებული წყლის ან საკვების მეშვეობით ხვდება. ინფიცირებული მეტწილად არაფერს უჩივის, მხოლოდ მატარებელია, თუმცა არც დაავადების კლინიკური გამოვლინებაა გამორიცხული.
მწვავე ბალანტიდიაზის დროს ავადმყოფს აწუხებს მუცლის მოვლითი ტკივილი და ფაღარათი. განავალი ლორწოვანია, იშვიათად - სისხლიანი მინარევებით. ავადმყოფი თანდათანობით სუსტდება და თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო, დაავადება ქრონიკულ ხასიათს მიიღებს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბალანტიდიაზის დიაგნოსტირების მიზნით უნდა ჩატარდეს განავლის კვლევა. მასში პარაზიტის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა ხორციელდება ბიომიცინითა და მეტრონიდაზოლით. პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბალანტიდიაზით დაავადებულთა და მატარებელთა გამოვლენა, მათი მკურნალობა, პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, წყლისა და ნიადაგის დაცვა ადამიანის განავლით დაბინძურებისგან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:19 | შეტყობინება # 101
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბლეფარიტი ქუთუთოს კიდეების ანთებაა. დაავადება ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე. ბლეფარიტის მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციური ან ალერგიული დაავადება, ვირუსული ინფექცია, ვიტამინების უკმარისობა, ანემია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კბილების, ცხვირ-ხახის დაავადებები, არაკორეგირებული პათოლოგიური მხედველობა (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი), ასევე - თვალის მუდმივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, კვამლით. ბლეფარიტი ხშირად იმუნიტეტის აქტიურობის დაქვეითების მანიშნებელია.

მიმდინარეობა და სიმპტომები. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას ქუთუთოს კიდეები ოდნავ შუპდება, წითლდება, წამწამების ძირი იფარება მონაცრისფრო ქერცლით, რომელიც ადვილად ძვრება და ჩნდება შეწითლებული ქუთუთო. წამწამების ქვეშ აღინიშნება ქავილის შეგრძნება, ქუთუთოები მძიმდება, ზოგჯერ წამწამებიც ცვივა. ავადმყოფს თვალები ადვილად ეღლება, უცრემლიანდება, უმძაფრდება მგრძნობელობა ქარზე, მკვეთრ სინათლეზე, მტვერზე და სხვა.
ბლეფარიტის უფრო მძიმე ფორმის (ან საწყისი სტადიის უეფექტო მკურნალობის) შემთხვევაში ქუთუთოს კიდეზე ჩნდება ჩირქოვანი ქერქი. შემდეგ ის ძვრება და მის ადგილას წარმოიქმნება სისხლმდინარე წყლული. წყლულის შეხორცებამ შეიძლება გამოიწვიოს ქუთუთოს დეფორმაცია, წამწამის არასწორი ზრდა (წამწამები იზრდება ჯგუფურად, სხვადასხვა მხარეს, შესაძლოა, თვალის კაკლის მიმართულებითაც გაიზარდოს და მუდმივად გააღიზიანოს იგი). წამწამები იშვიათდება, თხელდება, ადვილად ძვრება, ძნელად იზრდება.
დაავადება ზოგჯერ ქერცლისა და წყლულის გარეშეც მიმდინარეობს. ამ დროს ქუთუთოს კიდე სქელდება, წითლდება და სველდება (თითქოს ცხიმიანიაო), მასზე ზეწოლისას გამოიყოფა ზეთოვანი სეკრეტი.

მკურნალობა. წყლულოვანი ბლეფარიტის დროს საჭიროა ქუთუთოების ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა. ქერქსა და გამონადენს აცილებენ სველი ტამპონით. უხეშ ქერქს წინასწარ არბილებენ სველი საფენით ანდა ქუთუთოს კიდეებზე თითით ან სპეციალური წკირით უსვამენ კრემს, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდსა და ანტიბიოტიკს, მაგალითად, დექსა-გენტამიცინს, გენტამიცინის აუტანლობის შემთხვევაში - მაქსიტროლს. წყლულოვანი კონიუნქტივიტის ან კერატიტის შემთხვევაში ავადმყოფს თვალში დამატებით აწვეთებენ დექსა-გენტამიცინს ან მაქსიტროლს.
სებორეული ბლეფარიტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქუთუთოების ჰიგიენას. ინიშნება ჰიდროკორტიზონის მალამო (ქუთუთოს კიდეებზე წასასმელად) და ხელოვნური ცრემლი. კონიუნქტივიტის თანდართვის შემთხვევაში თვალში დექსამეტაზონის 0,1%-იან წვეთებსაც აწვეთებენ.
დემოდეკოზური ბლეფარიტის მკურნალობის მთავარი მიზანია ტკიპებით დაზიანების ხარისხის შემცირება. რეკომენდებულია ჰიგიენური პროცედურები: დღეში ორჯერ ქუთუთოების გაწმენდა ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული საბავშვო შამპუნისა და 70%-იანი ეთილის სპირტის ნარევით. აუცილებელია ქუთუთოს კიდეებზე თვალის ჰიდროკორტიზონის მალამოს ან დექსა-გენტამიცინის წასმა. ძილის წინ ქუთუთოს კიდეები მალამოთი კარგად უნდა იყოს დაფარული - ეს ტკიპების სასიცოცხლო ციკლს არღვევს. კონიუნქტივიტის თანდართვის შემთხვევაში ინიშნება ხელოვნური ცრემლი. სასურველია წინასწარ ჰიგიენურად დამუშავებული ქუთუთოების მასაჟირება.
ალერგიული ბლეფარიტის შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი დამნაშავე ალერგენთან კონტაქტის აღკვეთაა. ასევე, საჭიროა თვალის ანტიალერგიული წვეთები და ანთების საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდული მალამოები. ინფექციურ-ალერგიული ბლეფარიტის დროს ავადმყოფს ქუთუთოს კიდეებზე უსვამენ დექსა-გენტამიცინს ან მაქსიტროლს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:19 | შეტყობინება # 102
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბლეფაროსპაზმი ქუთუთოს ირგვლივი კუნთის კლონური და ტონური კრუნჩხვებით გამოვლინდება. კლონური სპაზმის დროს მკვეთრად შესამჩნევია ქუთუთოების ხშირი, ელვისებური ხამხამი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კონიუნქტივიტით, ბლეფარიტით, რეფრაქციის ამა თუ იმ ანომალიით, ნევრასთენიით, ბავშვებში - ჭიებით ინვაზიით.
ტონური სპაზმის დროს ადგილი აქვს თვალის ირგვლივი კუნთის გახანგრძლივებულ შეკუმშვას, რის გამოც ქუთუთო რამდენიმე ხნის განმავლობაში სრულიად იხურება. მიზეზი სამწვერა ნერვის ანთებაა.
მკურნალობა ძირითადი დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:20 | შეტყობინება # 103
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბლეფაროფტოზი ქუთუთოს ჩამოშვებაა. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი, ცალმხრივი და ორმხრივი, სრული და ნაწილობრივი. სრული ფტოზის დროს მოდუნებული და დაშვებული ქუთუთო მთლიანად ფარავს რქოვანა გარსს. ავადმყოფი ცდილობს, თავის უკან გადახრით, წარბების აწევითა და შუბლის კუნთის ძლიერი შეკუმშვით ოდნავ მაინც ასწიოს ქუთუთო, მაგრამ ვერ ახერხებს. ნაწილობრივი ფტოზის დროს ქუთუთო რქოვანას მთლიანად არ ფარავს, მისი ოდნავ აწევა შესაძლებელია.
თანდაყოლილი ბლეფაროფტოზის მიზეზი ქუთუთოს ამწევი კუნთის განუვითარებლობა, არასწორი მიმაგრება ან არარსებობაა. თანდაყოლილი ფტოზი უმთავრესად ორმხრივი და მემკვიდრეობითია.
შეძენილი ფტოზი ცალმხრივია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებით გამოწვეული თვალის მამოძრავებელი ნერვის პარეზი ან დამბლა, ინფექციური სნეულება (მენინგიტი, ბოტულიზმი, დიფტერია), ქუთუთოს ტრავმა, სიმსივნე და სხვა.
ფტოზის მკურნალობა ოპერაციულია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:20 | შეტყობინება # 104
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბოტულიზმი მძიმე ტოქსიკურ-ინფექციური დაავადებაა. მას ახასიათებს ორგანიზმის ინტოქსიკაცია და ნერვული სისტემის დაზიანება. ბოტულიზმის გამომწვევია ბოტულიზმის ბაქტერია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში, ბინადრობს რქოსანი საქონლის, ღორის, ცხენის, თევზების, ფრინველების ნაწლავებში. იგი გამოიყოფა განავალთან ერთად და ხვდება ნიადაგში, სადაც იკეთებს სქელ, მკვრივ გარსს და დიდხანს ძლებს. ნიადაგით ბინძურდება ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, სოკო, წყალი და სხვა. ამ პროდუქტებში ბაქტერია გარსს იშორებს, მრავლდება და გამოიმუშავებს შხამს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას დაავადებას იწვევს.
საკვებ პროდუქტებში ბოტულიზმის ბაქტერიების გამრავლება და ტოქსინის გამოყოფა მხოლოდ უჟანგბადო პირობებში ხდება. ამიტომაც არის სარისკო კონსერვი, შაშხი, შებოლილი, დამარილებული თევზი (რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ ბოტულიზმის ბაქტერიებით ან მათი სპორების შემცველი ნიადაგით დაბინძურების შემდეგ სათანადოდ არ დამუშავდა). საგულისხმოა, რომ ინფიცირებული პროდუქტი იცვლის ფერს, აქვს მძაღე კარაქის ან ყველის სუნი, კონსერვები ამობურცულია.
დაავადების მიზეზი უმთავრესად შინ დამზადებული კონსერვებია. ოჯახურ პირობებში დუღილის ხანგრძლივობა, გამოყენებული ძმრისა და მარილის კონცენტრაცია საკმარისი არ არის, რათა ბოტულოტოქსინის გამომუშავებას ხელი შეუშალოს, ჰერმეტული მოხუფვა კი ტოქსინის გამომუშავებისთვის სათანადო უჟანგბადო გარემოს ქმნის.
მიმდინარეობა და სიმპტომები. ბოტულიზმის საინკუბაციო პერიოდი 4-36 საათს, იშვიათად 2 კვირამდე გრძელდება. რაც უფრო მეტია მიღებული ტოქსინის დოზა, მით უფრო ხანმოკლეა საინკუბაციო პერიოდი და დაავადებაც მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
ბოტულიზმს ძირითადად 3 სინდრომი ახასიათებს: გასტროინტესტინური, ზოგადინტოქსიკაციური და პარალიზური. თავდაპირველად ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები: თავბრუხვევა, ძლიერი სისუსტე (ავადმყოფს უჭირს საგნებისა და თავის დაჭერა, სწორად გავლა), მუცლის შებერილობა, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. ზოგჯერ ამას ერთვის გულისრევა, პირის სიმშრალე, ბოყინი და ყაბზობა. იშვიათია ღებინება და ფაღარათი, რომლებიც ნევროლოგიური ნიშნების გამოვლენისთანავე იცვლება: ფაღარათი - მყარი ყაბზობით, ღებინება - კუჭიდან საკვების ევაკუაციის შენელებით. რამდენიმე საათის შემდეგ გამოვლინდება პარალიზური სინდრომი. თავდაპირველად ავადმყოფი ბუნდოვნად და გაორებულად ხედავს. სინათლეზე გუგების რეაქცია დაქვეითებულია, ქუთუთოები - დაშვებული, მძიმე შემთხვევაში თვალის კაკლები საერთოდ არ მოძრაობს, ქუთუთოების აწევა მხოლოდ ხელით შეიძლება.
მხედველობის მოშლისთანავე ან ოდნავ მოგვიანებით ვითარდება ყლაპვისა და მეტყველების მოშლა. პირის ღრუს ლორწოვანი მშრალია, ენა - შელესილი. მალევე თავს იჩენს სუნთქვისა და გულის მუშაობის დარღვევა, ქოშინი, ჯერ - ბრადიკარდია, შემდეგ კი ტაქიკარდია, სისხლის არტერიული წნევა იმატებს, მძიმე შემთხვევაში კი, პირიქით - იკლებს.
განასხვავებენ ბოტულიზმის მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს.
მძიმე ბოტულიზმის დროს პარალიზური სინდრომი მაქსიმალურად გამოვლინდება. სუნთქვის მოშლა და ყლაპვის შეუძლებლობა ცუდი პროგნოზის მაუწყებელია.
საშუალო სიმძიმის ბოტულიზმის დროს ნევროლოგიური ნიშნები კარგად არის გამოხატული, მაგრამ არ აღინიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი იმდენად მსუბუქადაა გამოხატული, რომ ავადმყოფს შრომის უნარი შენარჩუნებული აქვს და მხოლოდ მხედველობის პრობლემებს უჩივის.
არსებობს ბოტულიზმის წაშლილი ფორმაც, როდესაც დაავადების მხოლოდ ზოგიერთი ნიშანია გამოხატული და სუნთქვის ფუნქცია არ ირღვევა.
ბოტულიზმის დროს სუნთქვის მწვავე უკმარისობამ შესაძლოა ავადმყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. სუნთქვის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ავადმყოფი შეშინებულია, არ ჰყოფნის ჰაერი, წრიალებს, სახე უწითლდება, სუნთქვა ზერელე, ჩქარი უხდება, თანდათან ლურჯდება. მაჯა თავდაპირველად აჩქარებულია, შემდეგ - შენელებული. სისხლის არტერიული წნევა ქვეითდება.
ჰაერის უკმარისობისა და ქოშინის დაწყებისთანავე ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნეს რეანიმაციულ განყოფილებაში - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე პათოლოგიური მოვლენები ღრმავდება და ადამიანი იღუპება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბოტულიზმის სიმპტომები იმდენად სპეციფიკურია, რომ მისი დიაგნოსტირება ძნელი არ არის, მით უმეტეს - როდესაც ცნობილია, რომ ავადმყოფმა საეჭვო პროდუქტი მიიღო. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა (გამომწვევისა და ტოქსინის დადგენა) რთულია და ბევრ დროს მოითხოვს.
ბოტულიზმის ნიშნების გამოვლენისთანავე ავადმყოფს ათავსებენ საავადმყოფოში, სადაც ტოქსინის შემცველი პროდუქტისგან განთავისუფლების მიზნით ურეცხავენ კუჭს და უკეთებენ სიფონის ოყნას. ამის შემდეგ ტარდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მიმართულია ტოქსინის დათრგუნვისა და ტოქსინით გამოწვეული ცვლილებების კორექციისკენ.
მას, ვინც დაავადებულთან ერთად მიიღო საეჭვო პროდუქტი, პროფილაქტიკის მიზნით უკეთდება ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:20 | შეტყობინება # 105
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე ბრონქიტი ზემო სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საფუძვლად უდევს ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება. მწვავე ბრონქიტს უმთავრესად ვირუსი (გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსი) იწვევს. მიკრობული ფლორის თანდართვა მეორეულია. ბრონქიტი, ასევე, შეიძლება განვითარდეს ფიზიკური (ორთქლის ან ცივი ჰაერის შესუნთქვა) ან ქიმიური (გამაღიზიანებელი ან მომწამლავი აირის) ზემოქმედების შედეგად. მწვავე ბრონქიტის ხელმშემწყობი ფაქტორებია გაციება, თამბაქოს წევა, ცხვირ-ხახის კეროვანი ინფექცია და შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში.

მწვავე ბრონქიტს, ჩვეულებრივ, წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების კატარი. ავადმყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, ყელის ტკივილს, მკერდის ძვლის უკან ფხაჭნისა და ჩახეხვის შეგრძნებას. ამას ერთვის მშრალი ხველის შეტევები, ზოგჯერ - მცირე რაოდენობის ლორწოვანი ნახველის გამოყოფით. შემდეგ ნახველი იმატებს და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. გახანგრძლივებულმა ხველამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ნეკნთაშუა კუნთების, მუცლის ზედა ნაწილის კუნთებისა და ფერდების არეში. ტემპერატურა ზოგჯერ ნორმალური რჩება, ზოგჯერ იმატებს - 38 გრადუსამდე და უფრო მეტადაც. არის შემთხვევები (განსაკუთრებით - წვრილი ბრონქების დაზიანებისას), როდესაც ანთებითი ცვლილებებისა და სპაზმის გამო ირღვევა ბრონქების განვლადობა. ეს შეტევითი ხველით, ქოშინითა და ციანოზით ვლინდება. მწვავე ბრონქიტის ამ ფორმას ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა და გაქრონიკულებისკენ მიდრეკილება.
მწვავე ბრონქიტის დროს ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. ავადმყოფს ეკრძალება თამბაქოს წევა. რეკომენდებულია დიდი ოდენობით სითხის (ჩაი, ტუტე მინერალური წყალი, რძე) მიღება, ინჰალაცია სოდის 2%-იანი ხსნარით. მშრალი ხველისას ინიშნება ხველის ცენტრის დამამშვიდებელი საშუალებები. თუ ხველა ნახველიანია, უნიშნავენ ამოსახველებელ საშუალებებს, ბრონქების სპაზმის საწინააღმდეგოდ - ბრონქოლიზურ პრეპარატებს. ვირუსული ბრონქიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, იმუნოგლობულინი, ინტერფერონი. პნევმონიის პროფილაქტიკის მიზნით ან მწვავე ბრონქიტის მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფს აძლევენ სულფანილამიდებს. თუ ბრონქიტი მსუბუქად მიმდინარეობს და პნევმონიით არ არის გართულებული, ანტიბიოტიკებით მკურნალობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz