შაბათი, 27.04.2024, 07:36
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:24 | შეტყობინება # 121
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გესტოზი ორსულობის გართულებაა, რომლის დროსაც ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების, განსაკუთრებით - სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის მიმოქცევის, დისფუნქცია. გესტოზის პირველი კლინიკური სიმპტომია შეშუპება, რომელსაც მედიცინაში ორსულთა წყალმანკს უწოდებენ. მეტწილად შუპდება ქვედა კიდურები და ხელის მტევნები. მოგვიანებით ვლინდება არტერიული წნევის მატება და შარდში ცილების გაჩენა, რაც დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. ამ სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი, ვინაიდან შესაძლოა, გესტოზმა ორსულის ჯანმრთელობასა და ნაყოფის განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედოს.
გესტოზი სხვადასხვანაირად ვლინდება, დაწყებული გაჭიანურებული, ნაკლებად გამოხატული ფორმით (რომელიც ორსულს შესაძლოა არც კი აწუხებდეს), ელვისებური და ლეტალური ფორმების ჩათვლით. განასხვავებენ მის სამ კლინიკურ ფორმას: ორსულთა შეშუპებას, პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას.
შეშუპება შეიძლება იყოს როგორც აშკარა, ისე ფარული. გესტოზის ადრეულ სტადიაში ვითარდება ფარული შეშუპება, რაც ქსოვილებში სითხის შეკავებით არის განპირობებული. ამ დროს შარდმდენებით თვითმკურნალობა არამცთუ არ ამცირებს შეშუპებას, არამედ აუარესებს ორსულისა და ნაყოფის ზოგად მდგომარეობას.
ორსულობისას განვითარებული შეშუპება ყოველთვის გესტოზის ბრალი არ არის, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად და მართებული მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია.
პრეეკლამფსია უვითარდება ორსულთა 5%-ს (მეტწილად - პირველმშობიარეებს) ორსულობის მე-20 კვირიდან მშობიარობის შემდგომ პირველ კვირამდე. ვლინდება სამი ძირითადი სიმპტომით: შეშუპებით, ჰიპერტენზიითა და პროტეინურიით.
ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) გესტოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, რადგან სისხლძარღვების სპაზმის ხარისხს ასახავს. ამ დროს სისტოლური წნევა 30 მმ. ვწყ. სვ-ით იმატებს, დიასტოლური კი - 15 მმ. ვწყ. სვ-ითა და მეტით.
მძიმე პრეეკლამფსია მეტწილად ცნს-ის, კერძოდ, თავის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევით გამოიხატება. ორსული უჩივის კეფაში სიმძიმის შეგრძნებას ან თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, მხედველობის დარღვევას. მოსალოდნელია ცვლილებები ფსიქიკურ სფეროში, კერძოდ, მომხდარის არაადეკვატური აღქმა.
ეკლამფსია გესტოზის ყველაზე მძიმე სტადიაა და რთული სიმპტომოკომპლექსი ახასიათებს. ყველაზე ტიპური ნიშანია განივზოლიანი კუნთების კრუნჩხვა. შეტევისას არტერიული წნევის ნახტომისებრი ზრდის გამო შესაძლოა თავის ტვინის სისხლძარღვი გასკდეს და განვითარდეს ინსულტი, ანუ ქალასშიგა სისხლჩაქცევა. არ არის გამორიცხული პლაცენტის ნაადრევი აშრევება, რაც ხშირად ნაყოფის სიკვდილის მიზეზად იქცევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:24 | შეტყობინება # 122
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გესტოზის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე. ადრეული დიაგნოსტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ქალთა კონსულტაციაში ორსულობის ადრეულ სტადიაში მისვლა. იქ ქალს რეგულარულად ჩაუტარებენ აუცილებელ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროებისას კონსულტაციისთვის გაგზავნიან სხვადასხვა სპეციალისტთან.
გთავაზობთ იმ გამოკვლევათა ჩამონათვალს, რომლებიც დასჭირდება ორსულს, თუ გინეკოლოგმა გესტოზი იეჭვა:
სისხლის საერთო ანალიზი ერითროციტებისა და თრომბოციტების აბსოლუტური რაოდენობის განსაზღვრით;
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - სისხლში ცილებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის, შარდმჟავასა და კრეატინინის განსაზღვრა;
სისხლის კოაგულოგრამა;
შარდის ანალიზი;
დიურეზის კონტროლი (ორგანიზმში სითხის დაგროვების კონტროლი შესაძლებელია დღე-ღამის განმავლობაში მიღებული და გამოყოფილი სითხის ოდენობის შედარებით და დინამიკაში სხეულის წონის კონტროლით);
არტერიული წნევის გაზომვა დინამიკაში ორივე ხელზე, ვინაიდან სისხლძარღვოვანი სპაზმის შემთხვევაში მარჯვენა და მარცხენა ხელებზე აღრიცხული მაჩვენებლები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს;
სხეულის წონის კონტროლი;
თვალის ფსკერის დათვალიერება, ვინაიდან თვალის ფსკერის სისხლძარღვთა მდგომარეობის ანალოგიური იქნება თავის ტვინის და ზოგადად სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა;
ექოსკოპიური კვლევა და ნაყოფის დოპლეროდათვალიერება;
თერაპევტის, ნეფროლოგისა და ნევროლოგის კონსულტაცია

მკურნალობა. თანამედროვე მედიცინას არ შესწევს გესტოზისგან სავსებით განკურნების უნარი, მაგრამ მდგომარეობის კონტროლი უმეტესად შესაძლებელია. დროული და მართებულად შერჩეული მკურნალობით მედიკოსებს შეუძლიათ, თავიდან აგვაცილონ გესტოზის მძიმე ფორმა. თვითმკურნალობა დაუშვებელია - პროფესიონალური და ინდივიდუალური თერაპიის გარეშე გესტოზი შესაძლოა დამძიმდეს და საფრთხე შეუქმნას ორსულისა და ნაყოფის სიცოცხლეს.
გესტოზის მკურნალობის მთავარი პრინციპებია:
ქალის ნერვული სისტემისთვის სამკურნალო-დამცველობითი რეჟიმის შექმნა, დაავადების სიმძიმის კვალობაზე, სხვადასხვა პრეპარატის დანიშვნა (შავბალახათი და კატაბალახათი დაწყებული, ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებებით დამთავრებული);
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის აღდგენა მედიკამენტების დახმარებით;
პირობების შექმნა დროული და გაურთულებელი მშობიარობისთვის.

როდესაც გესტოზი მკურნალობას ემორჩილება, მეან-გინეკოლოგი ნაადრევი მშობიარობის სტიმულაციას არ ახდენს. ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობა უეფექტოა და ორსულისა და ბავშვის მდგომარეობა უარესდება. გესტოზის იოლი ფორმების მკურნალობა შესაძლებელია შინაც, რთულ შემთხვევებში კი თერაპია აუცილებლად საავადმყოფოში უნდა წარიმართოს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:24 | შეტყობინება # 123
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილ-ღრძილის კავშირი შენარჩუნებულია (კბილები არ ირყევა). გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან. გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები.
ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის - კბილის ქვა: კბილის ყელში არსებული რბილი ნადები თანდათან მინერალიზდება და მკვრივდება, აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას.
გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია). ის გავლენას ახდენს პაროდონტის ქსოვილთა ფუნქციონირებაზე, მათ ტონუსზე და ხელს უწყობს პაროდონტში ატროფიული პროცესების დაწყებას. ჰიპოფუნქცია ამცირებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, ასუსტებს ქსოვილთა მეტაბოლიზმს, რასაც ქსოვილებში დესტრუქციული პროცესების დაწყებამდე მივყავართ.
ენდოგენური ფაქტორებია შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის - მინერალური ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. გინგივიტი განიხილება ორ ასპექტში: როგორც ღრძილების დამოუკიდებელი ანთება და როგორც სხვა ორგანოთა დაავადებებთან დაკავშირებული პათოლოგია. პირველ ჯგუფს ეკუთვნის გინგივიტის კატარული, ჰიპერტროფიული, წყლულოვანი, ატროფიული ფორმები, მეორეს - მისი სიმპტომური ნაირსახეობანი, მათ შორის - მოზარდთა და ორსულთა, ავიტამინოზური, სისხლმბადი ორგანოების დაავადებათა თანმხლები გინგივიტები.
გინგივიტის კლინიკური ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, სისხლდენა.
კატარული გინგივიტი უმეტესად ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორებით (კბილის ქვა, არასწორად დადებული ბჟენი, ხელოვნური პროთეზი და სხვა) არის გამოწვეული. ავადმყოფი უჩივის ტკივილს და სისხლდენას ჭამის დროს. ღრძილი შეშუპებული, შეხებისას სისხლმდინარი და მტკივნეულია. პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბე არ აღინიშნება. რენტგენოგრაფია ცვლილებებს არ ავლენს.
ჰიპერემიული გინგივიტი ქრონიკული ანთებითი პროცესია, მიმდინარეობს ხანგრძლივად. ავადმყოფს აწუხებს ღრძილების ტკივილი, ღრძილების ფორმის შეცვლა და გადიდება. კბეჩისას შეიგრძნობა ტკივილი, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენაც. გამოხატულია ცრუ პათოლოგიური ჯიბეები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:25 | შეტყობინება # 124
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
წყლულოვანი გინგივიტი დაავადების უფრო მძიმე ფორმაა და მწვავედ მიმდინარეობს. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტება, რაც პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენურობის გაძლიერებას განაპირობებს. ანთებითი პროცესი იწყება ღრძილების დონეზე და სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმდება. აღინიშნება ტემპერატურის მატება, ტკივილი, უმადობა, ყლაპვის გაძნელება. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. ღრძილები დაფარულია ნეკროზული მასით. პირიდან მყრალი სუნი ამოდის. ნერწყვდენა გაძლიერებულია. პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლებელია. ღრძილიდან ოდნავი შეხების დროსაც კი დის სისხლი. რენტგენოგრაფია ავლენს კბილთაშორისი ძვლოვანი ძგიდეების ოსტეოპოროზულობას და ნაწილობრივ განლევას.
წყლულოვანი გინგივიტი უნდა განვასხვაოთ სისხლის დაავადებათა ფონზე განვითარებული სიმპტომური წყლულოვან-ნეკროზული პროცესისგან. ჩვეულებრივ, წყლულოვანი გინგივიტი უფრო ლოკალურია და რომელიმე კბილის არეში ვითარდება, მაგრამ საბოლოო დიაგნოზს მაინც სისხლის ანალიზის საფუძველზე სვამენ.
ატროფიული გინგივიტი შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი დისტროფიული პროცესების ნიადაგზე. ის სიმპტომური გინგივიტის სახითაც გვხვდება (ავიტამინოზის შედეგად, პაროდონტოზის დროს და სხვა). ამ ფორმის დროს ანთება ან არ არის გამოხატული, ან ძალიან სუსტია. ღრძილის დვრილები ატროფირებულია, კბილთაშორისი სივრცეები - გამოხატული, ღრძილები - შემცირებული, ფერმკრთალი. სისხლდენა არ აღინიშნება. ზოგჯერ თან სდევს სოლისებრი დეფექტი.
სომატურ (სიმპტომურ) გინგივიტებს შორის ყურადსაღებია:
მოზარდთა გინგივიტი - ვითარდება ჰორმონული ცვლის ფორმირების დროს. გოგონებში - 10-12 წლის, ხოლო ვაჟებში - 13-14 წლის ასაკში. ღრძილები დიდდება, მომკვრივოა, არცთუ სისხლმდინარი. მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.
ორსულთა გინგივიტი - ის ორსულობის თანმხლები პროცესია. ვლინდება ორსულობის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით - ტოქსიკოზის ფონზე. ღრძილები დიდდება, ალისფერს იღებს, სისხლმდინარი და მტკივნეულია. გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს მოუვლელობა. სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს, მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაივლის.

მკურნალობა. ღრძილების ანთების მკურნალობა ინდივიდულურია და ანთების ფორმის შესაბამისად წარიმართება, ზოგადი მითითებები კი ასეთია: გაუტკივარება, გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ტკივილის გაყუჩება, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, იმუნიტეტის მოძლიერება, ანტისეპტიკა (სავლები, პირის ღრუს აბაზანები), ღრძილების ეპითელიზაციის (შეხორცების) დაჩქარება (სოლკოსერილი, აქტოვეგინი).
ანტიბიოტიკები შეირჩევა ანტიბიოტიკოგრამის შესაბამისად. მათი გამოყენება პათოლოგიური პროცესის აქტივობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. საჭიროებისას მიმართავენ მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებს: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის) დენს, კვარცს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:25 | შეტყობინება # 125
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გინეკომასტია მამაკაცის სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი გადიდებაა. ტერმინი გინეკომასტია ლათინურიდან ითარგმნება, როგორც ქალური მკერდი. ეს პათოლოგია პირველად XIV საუკუნეში აღწერეს, მაგრამ ცნობილია, რომ ამ სენით შორეულ წარსულშიც ავადდებოდნენ. მედიცინის ისტორიის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გინეკომასტია ჰქონდა ფარაონ ტუტანხამონს. ყოველ შემთხვევაში, მის გამოსახულებებზე გულმკერდი აშკარად ნორმაზე დიდია. გინეკომასტიის დროს მამაკაცის დათვალიერებისას ან ხელით გასინჯვისას შეიმჩნევა სარძევე ჯირკვლების სიდიდე. მკერდი შეიძლება 1-დან 10 სმ-დე გაიზარდოს. გადიდებული სარძევე ჯირკვლები გარეგნულად ქალის მცირე ზომის მკერდს ემსგავსება.

მიმდინარეობა და სიმპტომები. განასხვავებენ გინეკომასტიის განვითარების სამ სტადიას.
განვითარების (პროლიფერაციის) ანუ საწყისი სტადია 4 თვეს გრძელდება. ამ დროს დაავადების უკუგანვითარება შესაძლებელია - კონსერვატიული თერაპიის შემთხვევაში გადიდებული სარძევე ჯირკვლები ხშირად ნორმალურ ზომებს იბრუნებს.
შუალედური სტადია 4 თვიდან 1 წლამდე გრძელდება. ამ დროს ხდება სარძევე ჯირკვლების ქსოვილების მომწიფება. ამ სტადიაში პროცესის უკუგანვითარება იშვიათია.
უკანასკნელ, ფიბროზულ სტადიას ახასიათებს სარძევე ჯირკვლებში მწიფე ქსოვილების გაჩენა, ჯირკვლის ქსოვილების ირგვლივ ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება. ამ სტადიაში პათოლოგიური პროცესის უკუგანვითარება არ ხდება.

მკურნალობა. გინეკომასტიის კონსერვატიული მკურნალობა (გადიდებული სარძევე ჯირკვლების დაპატარავების მიზნით) ტარდება პირველ სტადიაში (დაავადების გამოვლენის პირველ 4 თვეს). ინიშნება ჰორმონული თერაპია, რის შედეგადაც ტესტოსტერონ-ესტროგენის ბალანსი ნორმალიზდება და სარძევე ჯირკვლების ზომა მცირდება. ამ დროს ინიშნება:
ტესტოსტერონი - მამაკაცის სასქესო ჰორმონი. ამ პრეპარატს მაშინ უნიშნავენ, როდესაც სისხლში მისი დონე შემცირებულია. ტესტოსტერონი განსაკუთრებით ეფექტურია ჰიპოგონადიზმის (ტესტოსტერონის დონის დაქვეითებით გამოწვეული სპეციფიკური მდგომარეობის) დროს.
ანტიესტროგენული პრეპარატები (ტამოქსიფენი). ინიშნება მამაკაცის ორგანიზმში ესტროგენების სიჭარბისას. ეს საშუალებები ბლოკავს ესტროგენების ზემოქმედებას სარძევე ჯირკვლებსა და სხვა უბნებზე, რომლებზეც შეიძლება ამ ჰორმონმა მოახდინოს გავლენა. არსებობს სხვა ანტიესტროგენებიც, მაგალითად, დანაზოლი, მაგრამ ის მოსალოდნელი მრავალრიცხოვანი უკუეფექტის გამო შეზღუდვით ინიშნება.
გინეკომასტიის ქირურგიული მკურნალობა ტარდება მაშინ, როდესაც კონსერვატიული თერაპია უეფექტოა ან მაშინ, როდესაც მისი უშედეგობა იმთავითვე ცნობილია. ქირურგიული მკურნალობის მიზანია სარძევე ჯირკვლის ჭარბი ქსოვილის მოკვეთა და მკერდის ნორმალური კონტურის აღდგენა. გინეკომასტიის სამკურნალოდ შემუშავებულია რამდენიმე სახის ქირურგიული ჩარევა:
სარძევე ჯირკვლის მოკვეთა (უბრალო მასტექტომია) დვრილებითურთ. დღესდღეობით ეს მეთოდი არ გამოიყენება, ვინაიდან ტოვებს აშკარა კოსმეტიკურ დეფექტს;
კანქვეშა მასტექტომია (ამ დროს დვრილები ნარჩუნდება);
სარძევე ჯირკვლის მოკვეთა ზემოთ აღნიშნული მეთოდით, პლუს ლიპოსაქცია მკერდის ნორმალური კონტურის დასაბრუნებლად;
ენდოსკოპიური მასტექტომია (სარძევე ჯირკვლების მცირედი გადიდების შემთხვევაში).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:25 | შეტყობინება # 126
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალშიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ერღვევა პერიფერიული მხედველობა, თანდათან უმცირდება მხედველობის ველი... საბოლოოდ საქმე სრულ და განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის.
გლაუკომის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაზიანება, ქრონიკული სტრესი და მემკვიდრეობითი განწყობა. რისკჯგუფს ქმნიან ასაკოვანი ადამიანები, კომპიუტერთან დიდხანს მომუშავე პირები და ისინი, ვისი პროფესიაც მუდმივ რისკსა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება.
მიმდინარეობა და სიმპტომები. გლაუკომის კლინიკური ნიშნებია: თვალშიგა წნევის მომატება, მხედველობის ნერვის გლაუკომური ატროფია, მხედველობითი ფუნქციების დაქვეითება.
თვალშიგა წნევის მომატებისას, მეტწილად - დილაობით, ავადმყოფი ამჩნევს:
მხედველობის უეცარ დაბინდვას (საგნები თითქოს ნისლით ან რუხი კვამლით არის დაფარული);
ნათურის გარშემო ცისარტყელას რგოლებს;
ყრუ ტკივილს წარბების ზემოთ, თვალისა და საფეთქლის არეში.

ეს ნიშნები ხშირად ისე სწრაფად ქრება, რომ ავადმყოფი ექიმთან მისვლას ვერ ასწრებს. თუ მხედველობა მეტ-ნაკლებად აღდგა, ავადმყოფი უყურადღებოდ ტოვებს მას, ეს მეტისმეტად სახიფათოა, რადგან ერთ-ერთი ასეთი შეტევა შეიძლება მხედველობის მკვეთრი დაქვეითებით ან მთლიანად დაკარგვით დამთავრდეს. გლაუკომის ადრიან დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისგან გამოწვეული სიბრმავის თავიდან აცილებაში.
თუ გამთენიისას თვალის უეცარმა ძლიერმა, თავში გავრცელებადმა ტკივილმა გაგაღვიძათ, შემდეგ კი დაგეწყოთ ღებინება, მოდუნდით და თითქმის ვეღარაფერს ხედავთ, გლაუკომის მწვავე შეტევა თითქმის ეჭვგარეშეა. ნუ დაელოდებით, როდის გაგივლით შეტევა. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ექიმის მოსვლამდე კი დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი საშუალებები.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გლაუკომის ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ გასინჯვას. სასურველია, 40 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა გაისინჯოს თვალშიგა წნევა, საეჭვო შემთხვევაში ჩაიტაროს დეტალური გამოკვლევა: ოფთალმოსკოპია, პერიმეტრია, დატვირთვის ცდები. ეს ყოველივე დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოავლენს, როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია.
გლაუკომიანი პაციენტისთვის მეტად მნიშვნელოვანია ყოფა-ცხოვრების რეჟიმის დაცვა. ავადმყოფი უნდა ერიდოს უსიამოვნო განცდებს, გაციებას. აკრძალულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ტელევიზორის ყურება დასაშვებია მხოლოდ განათებულ ოთახში, ისიც - შეზღუდულად. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს მარილიანი, ცხარე საკვები, მოწესრიგდეს კუჭ-ნაწლავის ფუნქციები. აკრძალულია თამბაქო, ალკოჰოლი, მაგარი ჩაი, ყავა. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ყოფნა, მსუბუქი ფიზიკური შრომა. სასურველია, პაციენტმა მზეზე მწვანემინებიანი სათვალე ატაროს. მედიკამენტური მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა. თუ კონსერვატიული თერაპია უეფექტო აღმოჩნდა, ტარდება ანტიგლაუკომური ოპერაცია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:25 | შეტყობინება # 127
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირკმელი შედგება პარენქიმისგან (თირკმლის ქსოვილი, სადაც იფილტრება შარდი) და მენჯფიალოვანი სისტემისგან, რომელიც შარდს აგროვებს და შარდსადენში გადაისვრის. პარენქიმა შეიცავს ურიცხვ კაპილარულ გორგალს (გლომერულებს), რომელთა მეშვეობითაც გამოიწოვება სისხლის თხევადი ნაწილი. ეს უკანასკნელი გადამუშავდება და შარდად გარდაიქმნება. პროცესის არსი ასეთია: გორგლების ფორების დიამეტრი იმდენად მცირეა, რომ ერითროციტებსა და ცილებს არ ატარებს, მაგრამ ატარებს სისხლის პლაზმაში არსებულ ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს (ეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებია). ინფექციებთან მრავალჯერადი ან ხანგრძლივი კონტაქტის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა შესაძლოა `დაიბნეს~ და თირკმლის გორგლებში არსებული უჯრედების საწინააღმდეგოდ ამოქმედდეს. ამის შედეგად თირკმელებში ვითარდება აუტოიმუნური ბუნების ანთება, რომელიც თირკმლის გორგლებს ანუ ორგანიზმიდან თირკმელებში მავნე ნარჩენების გადამტან სისტემას აზიანებს. გორგლის კედლებში წარმოიქმნება ნაპრალები, სადაც ძვრებიან ერითროციტები და ცილები. სწორედ ამ დროს ჩნდება შარდში ცილები (პროტეინურია) და სისხლი (ჰემატურია). ამ დაავადებას გლომერულონეფრიტს უწოდებენ (ბერძ. ნეპჰროს - თირკმელი, ლათ. გლომერულუს - გორგლები). ამრიგად, გლომერულონეფრიტი თირკმელების გორგლების დიფუზური იმუნური ანთებაა.
გლომერულონეფრიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ეს უკანასკნელი ზოგჯერ მწვავე ფორმის გართულებაა, ზოგჯერ კი პირველადად აღმოცენდება.

მიზეზები. მწვავე გლომერულონეფრიტი შესაძლოა განვითარდეს ინფექციური დაავადების შემდეგ. ეს ინფექცია უმეტესად სტრეპტოკოკულია (მაგალითად, ანგინა, ტონზილიტი, ქუნთრუშა), შედარებით იშვიათად - ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული ბუნებისა. კიდევ უფრო იშვიათია გლომერულონეფრიტის განვითარება შრატის, ვაქცინის ან წამლის შეყვანის, საკვების, მტვრის და სხვა ნივთიერებათა მიმართ აღმოცენებული ალერგიული რეაქციის შემდეგ. დიდ როლს ასრულებს გაციება. ბოლოდროინდელი გამოკვლევები ავლენს მჭიდრო კავშირს ჰიპერტონიულ დაავადებასა და გლომერულონეფრიტს შორის.
თუ ანგინის, ფილტვების ანთების, ტონზილიტის ან რომელიმე სხვა ინფექციური დაავადების გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილი, აგიწიათ სიცხემ, მოიმატა არტერიულმა წნევამ და თავი იჩინა ჰიპერტონიისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა, შესაძლოა, საქმე მწვავე გლომერულონეფრიტთან გვქონდეს. ისიც სათქმელია, რომ თირკმელებში ფილტრაციის სისტემის მოშლის გამო ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის რეჟიმი იცვლება, რაც შეშუპებას იწვევს და შესაძლოა, გულისმიერი ასთმისა და ფილტვების შეშუპების მიზეზადაც იქცეს. მწვავე გლომერულონეფრიტის დროს არცთუ იშვიათად მცირდება შარდის გამოყოფა, ვითარდება მაკროჰემატურია და შარდი ხორცისნარეცხისფერი ხდება. შესაძლოა, თავი იჩინოს ტკივილმა მუცლისა და წელის არეში და შეტევითი ღებინებაც კი განვითარდეს.

მწვავე სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის სადიაგნოზო კრიტერიუმებად მიიჩნევა:
კავშირი სტრეპტოკოკულ ინფექციასა და დაავადების გამოვლინებას შორის;
მიკრო ან მაკროჰემატურია - სისხლიანი შარდი (ჰემატურიის გარეშე ეს დაავადება მეტად იშვიათია. ასეთ დროს დიაგნოზს თირკმლის ბიოფსიის საფუძველზე სვამენ);
პროტეინურია - შარდში ცილების არსებობა;
შეშუპება - დაავადების დასაწყისში შუპდება სახე, ქუთუთოები, ხელები, შეშუპება თანდათან იმატებს და ქვედა კიდურებზეც ვრცელდება, ბავშვებს შესაძლოა ასციტიც განუვითარდეთ;
არტერიული წნევის მატება;
ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება), ანურია (შარდის გამოყოფის შეწყვეტა).
ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს სიმპტომები გაცილებით სუსტი, ნაკლებ შესამჩნევია. ეს დაავადება შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ მკურნალობის გარეშე პროგნოზი მეტად არასახარბიელოა - დაავადება გულის ან თირკმლის უკმარისობამდე მიგვიყვანს.
ყველამ, ვისაც კი ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზს უსვამენ, უნდა იცოდეს: ეს დაავადება იმუნური ხასიათისაა, ხანგრძლივად მიმდინარეობს და ორივე თირკმელს აზიანებს. ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს თირკმელების ფუნქცია თანდათანობით ირღვევა. ეს წყვილი ორგანო ვეღარ უმკლავდება ძირითად დანიშნულებას - ზედმეტი სითხისა და ცხოველქმედების პროდუქტებისგან ორგანიზმის გათავისუფლებას. ორგანიზმში მიმდინარე ყოველგვარი ანთებითი პროცესი, მათ შორის - გლომერულონეფრიტი, ქსოვილის სკლეროზირებას იწვევს: თირკმლის ქსოვილზე, იმ ადგილას, სადაც იმუნური ანთება მძიმედ მიმდინარეობს, ისეთივე ნაწიბურები ჩნდება, როგორიც ნაჭრილობევზე. სკლეროზირებული ქსოვილი ვეღარ მუშაობს, თანაც მისი გაჯანსაღება შეუძლებელია, მას აღარაფერი ეშველება.

დიაგნოსტიკა. დაავადების დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი, ყურადღებით ინახოს, ხომ არ არის შარდში ცილა, ერითროციტები ან ლეიკოციტები. დიაგნოსტირების გადამწყვეტი მეთოდია თირკმელების ბიოფსია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:25 | შეტყობინება # 128
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მკურნალობა. მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს:
1) ფიზიკური დატვირთვის განსაკუთრებულ რეჟიმს - 2-3-კვირიან წოლით რეჟიმს დაავადების აქტიურ ფაზაში და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას რემისიის პერიოდში;
2) დიეტოთერაპიას, რომლის მთავარი პრინციპებია:
3 კვების რაციონიდან ავადმყოფისთვის ალერგენული სურსათის ამოღება;
3 ცილების ოდენობის შეზღუდვა;
3 ნატრიუმის შემცველი სურსათის შეზღუდვა (უმარილო დიეტა), ვინაიდან ეს ელემენტი შეშუპებისა და ჰიპერტონიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია;
3 კალიუმის შემცველი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება (ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ კორტიკოსტეროიდული თერაპიისთვის დამახასიათებელი ჰიპოკალიემია);
3) სიმპტომურ თერაპიას დიურეტიკების, ჰიპოტენზიური და სხვა პრეპარატების გამოყენებით;
4) პრეპარატებით აქტიურ ზემოქმედებას თირკმლის გორგლების დაზიანების გამომწვევი იმუნური რეაქციის სხვადასხვა რგოლზე. მაგალითად, ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი, ამპიოქსი) 2-3 კვირის განმავლობაში თრგუნავს ანტიგენურ (სტრეპტოკოკულ თუ სხვა) კომპონენტს, იმუნოდეპრესიული საშუალებები (პრედნიზოლონი, ციტოსტატიკები და ანტიმეტაბოლიტები) - ანტისხეულების გამომუშავებას, ანტიკოაგულაციური და ანტიაგრეგატული პრეპარატები (ჰეპარინი, მეტინზოლი და სხვა) თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას) აფერხებს. იმუნოდეპრესანტები ზოგჯერ მეტად საშიშ უკუეფექტს იწვევს, ამიტომ მათი დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მითითებათა ზედმიწევნით შესრულება. იმუნოდეპრესანტები მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა (სამწუხაროდ, სპონტანური რემისიის არარსებობა მწვავე გლომერულონეფრიტის ათიდან 8-9 შემთხვევაში აღინიშნება). შარდმდენებს, ჩვეულებრივ, 5-7 დღით უნიშნავენ, მაგრამ უმარილო დიეტისადმი რეზისტენტული შეშუპების შემთხვევაში მათი დოზა და მიღების ხანგრძლივობა იზრდება. უკეთესი ეფექტისთვის ინიშნება შარდმდენების სხვადასხვა კომბინაცია. ჰიპოტენზიურ საშუალებებს იყენებენ მაშინ, როდესაც უმარილო დიეტა უეფექტოა ანდა ეფექტი საკმარისი არ არის.

პროფილაქტიკა. თუ ადამიანს ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზი დაუსვეს, მას ეკრძალება ხანგრძლივი მივლინებები, ღამის მორიგეობა, მუშაობა ტოქსიკურ და სხვა მავნე პროდუქტებთან. არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებლები თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარების საშიშროებაზე მიუთითებს. გლომერულონეფრიტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინფექციური დაავადებების (განსაკუთრებით - ტონზილიტის) დროული და მართებული მკურნალობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:25 | შეტყობინება # 129
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გავრცელებული მოსაზრებით, ყურების ხშირი და საფუძვლიანი წმენდა სასარგებლოა. ეს მცდარი შეხედულებაა - ყურის ნიჟარა უნდა გაიწმინდოს, სასმენ მილში შეძვრომა კი საჭირო არ არის, ჯანმრთელი ყურები ჩვენს დაუხმარებლადაც იწმინდება. მათი თვითგაწმენდა გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან მდებარე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობისას (ღეჭვის, ლაპარაკის, ხველის დროს) ხორციელდება.
გარეთა სასმენი მილი ორი ნაწილისგან შედგება. ხრტილოვანი ნაწილი გამოსასვლელის ახლოს მდებარეობს, ძვლოვანი - უფრო ღრმად. ხრტილოვანი ნაწილის კანი გოგირდის ჯირკვლებისა და თმის დახმარებით თავისთავად იწმინდება, გარეთა სასმენი მილის კანის თვითგაწმენდა კი კანის ზედაპირული უჯრედების ზრდის ხარჯზე ხორციელდება.
გოგირდი მხოლოდ ხრტილოვან ნაწილში წარმოიქმნება. ის სასმენი მილის კანს დაზიანებისა და ანთებისგან იცავს. ასე რომ, გოგირდი ჭუჭყი არ არის და არც მისგან ყურის სისტემატურად გაწმენდაა საჭირო.
ხრტილოვანი ნაწილიდან ძვლოვანში გადასასვლელი (ყელი) ვიწროა, ამიტომ როცა ადამიანი ყურს დამოუკიდებლად იწმენდს, გოგირდოვანი მასები ყელში იჭედება და ერთგვარი საცობები წარმოიქმნება. ყურის დამოუკიდებლად ღრმად გაწმენდა იმითაც არის საშიში, რომ შესაძლოა, უნებლიეთ სასმენი მილი და დაფის აპკი დავიზიანოთ, რასაც სმენის დაქვეითება და თავბრუხვევა მოჰყვება.
ყურების წმენდისას გოგირდის ჯირკვლები ღიზიანდება და შესაძლოა გოგირდის გამომუშავებამ მოიმატოს ან მოიკლოს. არც მისი შეწყვეტაა გამორიცხული. გოგირდის ჭარბი წარმოქმნისას საცობები ჩნდება, მისი უქონლობისას კი სასმენ მილში ქავილი და უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება.
გოგირდის საცობი გოგირდის ჯირკვლების სეკრეტის, კანის უჯრედებისა და მტვრის გროვაა. გარდა ზემოხსენებული მიზეზისა (ბამბის ჩხირებით, ასანთით, თმის სარჭით ყურების რეგულარული წმენდისას გოგირდი იპრესება და საცობად იქცევა), მის წარმოქმნას კიდევ რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს:
ორგანიზმის ბუნებრივი განწყობა გოგირდის ჭარბი წარმოქმნის მიმართ;
სასმენი მილის ვიწრო გამოსავალი;
ყურის ანთება, სასმენ მილში უცხო სხეულის, მტვრის ნაწილაკების მოხვედრა;
ნივთიერებათა ცვლის მოშლა (სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება).
გოგირდის საცობის არსებობა უნდა ვიეჭვოთ, თუ შევამჩნიეთ:
ყურების უმიზეზო დაგუბება;
საკუთარი ხმის რეზონანსის შეგრძნება;
ხმაური ყურებში.

გოგირდოვანი საცობების გამორეცხვა მხოლოდ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს შეუძლია, ამ პროცედურის შემდეგ კი კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკის მიზნით შინ თვეში 2-3-ჯერ დამოუკიდებლად ჩავიტარებთ მარტივ პროცედურას: ვწვებით გვერდზე და ვიწვეთებთ ყურში 5 წვეთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იან ხსნარს ან ვაზელინის ზეთს. ასე ვრჩებით 15-20 წუთს. შემდეგ ვიწმენდთ სასმენი მილის შესასვლელს სტერილური ბამბის წრიული მოძრაობით. არასტერილური ბამბის წკირები და ასანთის ღერზე დახვეული ბამბა არ გამოიყენოთ - დიდია ალბათობა, ყურის სტრუქტურა დაიზიანოთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:26 | შეტყობინება # 130
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გონიტი (ბერძნული სიტყვიდან, რაც `მუხლს~ ნიშნავს) მუხლის სახსრის ანთებაა. ის, ისევე როგორც სხვა სახის ართრიტები, სახსარში ინფექციის შეჭრის შედეგად ვითარდება. ინფექცია იჭრება სისხლიდან, დაზიანებული მეზობელი ქსოვილიდან ან უშუალოდ დაზიანებული სახსრიდან (მაგალითად, ჭრილობიდან, რომელიც სახსარს უერთდება). გონიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე გონიტის დროს სახსრის ღრუში გროვდება სეროზული, ჩირქოვანი, ფიბროზული ან სხვა სახის გამონადენი, აღმოცენდება ტკივილი, სახსრის ზემოთ კანი წითლდება, იმატებს ტემპერატურა. გონიტისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურის თავისებური მდებარეობა: ავადმყოფი ფეხს ბოლომდე ვერ მართავს. ამას ექიმები კონტრაქტურას უწოდებენ. გონიტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას კონტრაქტურამ შესაძლოა მყარი ხასიათი მიიღოს. თუ პროცესში ხრტილიც ჩაერთო, გამორიცხული არ არის, ანკილოზი (სახსრის უძრაობა) ჩამოყალიბდეს.
ქრონიკული გონიტი ზოგჯერ მწვავე ფორმის გაგრძელებაა, ზოგჯერ კი ანთებას თავიდანვე ხანგრძლივად მიმდინარე ხასიათი აქვს (ასეთია, მაგალითად, ტუბერკულოზური და სიფილისური გონიტი). ქრონიკული გონიტი მიმდინარეობით მწვავეს ჰგავს, მაგრამ სიმპტომები ნაკლებად მკვეთრია.

მკურნალობა ანთების მიზეზებსა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. ინიშნება ანტიბიოტიკები, იმობილიზაცია, მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ოპერაციული ჩარევაც გახდეს საჭირო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:26 | შეტყობინება # 131
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. ინფიცირება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი აქტის დროს ხდება. საყოფაცხოვრებო ნივთების, მაგალითად, სააბაზანოს ღრუბლის, პირსახოცის, უნიტაზის სახურავის მეშვეობით ზრდასრული ადამიანის დასნებოვნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გოგონები ინფიცირდებიან დედის პირსახოცით გამშრალებისას, თუ მასზე შერჩენილია ჯერ კიდევ შეუმშრალი გონოკოკებით სავსე ჩირქი.
გონორეას გონოკოკი იწვევს. შარდსადენ მილში მისი მოხვედრისას ვითარდება ურეთრიტი (შარდსადენი არხის ანთება). თუ გონოკოკი საშოში მოხვდა, აღმოცენდება კოლპიტი (საშოს ანთება) ან ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება). პირის ღრუში მოხვედრილი გონოკოკი იწვევს სტომატიტს (პირის ღრუს ანთებას), ტონზილიტს (ნუშურა ჯირკვლების ანთებას), ფარინგიტს (ხახის ანთებას), ხოლო სწორ ნაწლავში მოხვედრილი - პროქტიტს (სწორი ნაწლავის ანთებას).

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების ფარული პერიოდი (გონოკოკი ორგანიზმშია, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ არის გამოვლენილი) რამდენიმე საათიდან 2-10 დღემდე გრძელდება.
ქალებში გონორეა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა არცთუ იშვიათად სიმპტომების მართებული შეფასება მათი გამოვლენის შემთხვევაშიც ვერ ხდება. მაგალითად, საშოდან მოყვითალო-მოთეთრო გამონადენს, ჩვეულებრივ, კანდიდოზს (რძიანას) უკავშირებენ, შარდვის დროს ტკივილს - ცისტიტს, არადა ერთიც და მეორეც შესაძლოა გონორეაზე მიუთითებდეს. დაავადებისას ქალი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილს მუცლის ქვედა არეში და სისხლიან გამონადენს მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში.
მამაკაცებში გონორეა უფრო თვალსაჩინოდ ვლინდება: შარდსადენი არხიდან გამოიყოფა უსიამოვნო სუნის მქონე მოყვითალო-მოთეთრო ლორწო, შარდის გამოყოფის პროცესს უსიამოვნო შეგრძნებები (წვა, ტკივილი) ახლავს თან, სასქესო ასოს თავი წითლდება და შუპდება, შესაძლოა, მის ირგვლივ პატარ-პატარა წყლულებიც გაჩნდეს.
გონოკოკური ფარინგიტი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ყელის ტკივილი აღმოცენდება. ყოველთვის არც პროქტიტის ამოცნობაა შესაძლებელი, იშვიათად თუ აღინიშნება სწორ ნაწლავში ქავილი და ფეკალურ მასებს მოჰყვება ლორწო და ჩირქი.
თუ გონორეა 2 თვის განმავლობაში არ განიკურნა, ქრონიკულ ხასიათს მიიღებს და თვალების, სახსრებისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებას დაიწყებს. ქალებში ქრონიკული გონორეა საშვილოსნოს დანამატების (საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის) ანთებას იწვევს და შესაძლოა, საქმე უშვილობამდეც კი მივიდეს. მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზიც ხშირად სწორედ შორსწასული გონორეაა.

დიაგნოსტიკა. გონორეაზე ეჭვის მიტანისთანავე უნდა მიმართოთ ვენეროლოგს. დღეს ამ დაავადების ანონიმურად მკურნალობაც შეიძლება. დიაგნოზს ჩივილებისა და გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. აუცილებელია შარდსადენი არხიდან გამონადენის ლაბორატორიული გამოკვლევა, ასევე - სისხლისა და შარდის ანალიზი.

მკურნალობა. მკურნალობის მართებული სქემის შერჩევა მხოლოდ ექიმ ვენეროლოგს შეუძლია. ამჟამად გონორეას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, პარალელურად ზრუნავენ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და უნიშნავენ ფიზიოპროცედურებს. თუ ერთ-ერთ სქესობრივ პარტნიორს გონორეა აღმოაჩნდა, მეორემ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - სათანადო მკურნალობა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:27 | შეტყობინება # 132
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გრიპი მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ ეროვნების ადამიანს დაემართოს. ამ დაავადებას ზოგჯერ ლეტალური შედეგი აქვს, განსაკუთრებით - მცირეწლოვან ბავშვებსა და მოხუცებში. გრიპის ეპიდემია, როგორც წესი, წელიწადის ცივ სეზონზე იფეთქებს ხოლმე და მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს ედება. გრიპი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიძლება დაგვემართოს. საერთო ჯამში ადამიანი ამ ინფექციით 1 წელი მაინც არის ავად და ამ ხნის მანძილზე ქმედობაუუნაროა, აქვს სიცხე, თავის ტკივილი, სხეულში ტეხის შეგრძნება. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი გრიპის ვირუსის შხამიანი ცილებით იწამლება. გრიპი თანდათან ასუსტებს ორგანოთა ფუნქციონირებას. ამ დაავადების მძიმე ფორმები არცთუ იშვიათად გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
ეპიდემიაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც ერთ ქვეყანაში გრიპით ერთდროულად მრავალი ადამიანი ავადდება. ის, როგორც წესი, 3-6 კვირას გრძელდება. გრიპი სეზონური დაავადებაა. მისი ეპიდემია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომაზე და ზამთარში იფეთქებს ხოლმე, სამხრეთ ნახევარსფეროში კი - გაზაფხულზე და ზაფხულში. მისი ხანგრძლივობა 1-3 თვეა. ამის შემდეგ ვირუსი ქრება. სად ატარებს დანარჩენ დროს ეს მიკროორგანიზმი, სად და როგორ ხდება მისი ახალი ტიპების ფორმირება, დღემდე უცნობია. ვარაუდობენ, რომ ვირუსი ეკვატორის მიმდებარე რაიონებში ცირკულირებს - ტროპიკულ ქვეყნებში გრიპის შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. წელიწადის ცივ დროს გრიპით ავადობის გახშირება იმით აიხსნება, რომ ცივ და ნალექიან ამინდში დახურულ შენობებში უფრო მეტი ხალხი გროვდება. ვირუსის რეზერვუარი დაავადებული ადამიანია, თუმცა ბოლო ხანებში მომხდარმა ეპიდემიურმა აფეთქებებმა ცხადყო, რომ არ არის გამორიცხული, ვირუსი ადამიანს ცხოველისგანაც გადაედოს.
ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსი სასუნთქი გზების ლორწოვანიდან სუნთქვის, ცემინების, ხველებისა და ლაპარაკისას გამოიყოფა.
გრიპს ახასიათებს ძლიერი ტოქსიკოზი და ზომიერი კატარული მოვლენები. დაავადება უმეტესად ტრაქეასა და მსხვილ ბრონქებს აზიანებს. გრიპი მწვავედ იწყება. საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 1-2 დღეს გრძელდება, თუმცა შესაძლოა, 5 დღესაც გასტანოს. შემდეგ კლინიკური პერიოდი იწყება. დაავადების სიმძიმე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, იმაზე, შეხვედრია თუ არა ადამიანს აქამდე ამ ტიპის ვირუსი. ამის კვალობაზე, ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ჰიპერტოქსიკური ფორმა.
მსუბუქი ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა შესაძლოა ნორმალური დარჩეს ან სუბფებრილურ რიცხვებამდე (380C-მდე) მოიმატოს, ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტად არის გამოხატული ან სრულებით არ შეიმჩნევა.
საშუალო სიმძიმის ფორმის დროს ტემპერატურა 38,5 0C-დან 39,5 0C-მდე იმატებს. ყალიბდება დაავადების კლასიკური სიმპტომები:
ინტოქსიკაცია (ჭარბი ოფლის გამოყოფა, სისუსტე, სინათლის შიში, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი);
კატარული მოვლენები (რბილი სასისა და ხახის უკანა კედლის სიწითლე, სკლერების ჰიპერემია);
რესპირატორული სიმპტომები (ტრაქეისა და ხორხის დაზიანება, ხმის შეცვლა, მშრალი მტკივნეული ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სურდო, ცხვირისა და ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, ციანოზი და სიმშრალე);
ფილტვების სეგმენტური დაზიანების სინდრომი - ფილტვგულისმიერი უკმარისობა, რომელიც გრიპის გავლასთან ერთად უკვალოდ ქრება;
აბდომინალური სინდრომი (მუცლის ტკივილი, დიარეა).
მძიმე ფორმის დროს ტემპერატურა 40-40,5 გრადუსს აღწევს. ზემოთ აღწერილ სიმპტომებს ხშირად ერთვის ენცეფალოპათიის ნიშნები (ფსიქოზური მდგომარეობა, კრუნჩხვითი შეტევები, ჰალუცინაციები), სისხლძარღვოვანი დაზიანებები (ცხვირიდან სისხლდენა) და ღებინება.
ჰიპერტოქსიკური ფორმის დროს დიდია ლეტალური შედეგის საფრთხე, განსაკუთრებით - რისკჯგუფის პაციენტებში. შესაძლოა, განვითარდეს მენინგიტი, ენცეფალიტი, ჰემორაგიული და შეშუპებითი სინდრომი (ფილტვების ან ტვინის შეშუპება).

თუ გრიპი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ცხელება 3-4 დღეში გაივლის, ხოლო 5-10 დღეში ადამიანი სავსებით იკურნება.
მკურნალობის მთავარი მეთოდია ვაქცინაცია ანუ იმუნიზაცია. ვაქცინაციის დროს ორგანიზმში მცირე რაოდენობით შეჰყავთ ინფექციის გამომწვევი. ის დაავადებას არ იწვევს, მაგრამ ანტისხეულების გამომუშავებას ასტიმულირებს და ვირუსის ველურ შტამთან შეხვედრისას ორგანიზმს მათი გამომუშავებისთვის დროის ხარჯვა აღარ უხდება. ანტისხეულები ვირუსს ბოჭავს და მის გამრავლებას აფერხებს. ასე რომ, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მთლად წამალი არ არის. ის ვირუსული ინფექციის იმიტირებას ახდენს, რათა ორგანიზმის იმუნურ სისტემას მასთან ბრძოლაში დაეხმაროს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:27 | შეტყობინება # 133
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ზოგადჰიგიენური საშუალებები
გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი საშუალება დოლბანდის ნიღაბია, თუმცა დაავადებისგან თავის დასაცავად ეს არ კმარა.
ინფექცია ადვილად გადაედება ჭუჭყიანი ხელებიდან. ხელები დღეში 300-ჯერ მაინც ეხება ცხვირიდან და თვალებიდან გამონადენსა და ნერწყვს. დაბინძურებული საგნებიდან გრიპის ვირუსი ჯანმრთელი ადამიანის ხელზე გადადის, იქიდან კი ცხვირისა და პირის ღრუს ან თვალის ლორწოვანზე ხვდება. ამიტომ ეპიდემიის დროს თავი უნდა შევიკავოთ ხელის ჩამორთმევისგან. ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ, განსაკუთრებით - თუ დაავადებულთან კონტაქტი გვიწევს.
არიდეთ ბავშვები გრიპით დაავადებულებთან კონტაქტს.

ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები
გაკაჟდით.
მიიღეთ პოლივიტამინები, C ვიტამინი (0,5 გ დღეში 1-2-ჯერ). ეს მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და გაზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. C ვიტამინს უხვად შეიცავს მჟავე კომბოსტო, ლიმონი, კივი, მანდარინი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. სასარგებლოა მცენარეული ზეთით შეკაზმული ახალი კომბოსტოს სალათიც, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
ეპიდემიის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით ყოველდღიურად მიიღეთ 2-3 კბილი ნიორი (ერთი კბილი მაინც). საკმარისია რამდენიმე წუთს ნიორი ღეჭოთ, რომ პირის ღრუ მთლიანად გაიწმინდება ბაქტერიებისაგან. ასეთივე ეფექტი აქვს ხახვს.
უხვად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

დამატებითი საშუალებები
1. დღეში 2-ჯერ საპნით დაიბანეთ ცხვირის ძგიდე და ნესტოები.
2. ყელში გამოივლეთ კალიუმის პერმანგანატის, ფურაცილინის, სოდის ხსნარი, გვირილის ნაყენი.
3. 3 ს/კ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მლ თბილი წყალი, დაამატეთ 1/2 ჩ/კ თაფლი და 30 წუთს გააჩერეთ. ნაყენი პიპეტით იწვეთეთ ცხვირში.
4. გახეხილი ნივრისა და ხახვის ნარევს დაამატეთ ცხიმი და ცხვირის ლორწოვან გარსზე წაისვით.
5. ჭურჭელში ჩაასხით 300 გ წყალი, აადუღეთ, დაამატეთ 30-40 წვეთი ევკალიპტის ნაყენი ან 1/2 ჩაის კოვზი სოდა და გაიკეთეთ ინჰალაცია.
6. ფეხები 5-10 წუთით ჩაყავით მდოგვიან ცხელ წყალში, შემდეგ ტერფები რომელიმე გამახურებელი კრემით დაიზილეთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:28 | შეტყობინება # 134
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქათმის ანუ ფრინველის გრიპი ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც A ტიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამი იწვევს. მან პირველად საუკუნის წინათ იტალიაში იჩინა თავი, დღეს კი უკვე ყველგან გვხვდება. ქათმის გრიპის ვირუსით ნებისმიერი ფრინველი შეიძლება დასნებოვნდეს, თუმცა ზოგიერთი სახეობა შედარებით იშვიათად ინფიცირდება. გარეულ ფრინველებში ქათმის გრიპი ფარულად მიმდინარეობს და ეპიდემიური თვალსაზრისით საშიში არ არის, შინაურ ფრინველებში კი შესაძლოა მეტად მძიმე, მომაკვდინებელი სნეულება და ეპიდემია გამოიწვიოს.
შინაურ ფრინველებში ინფექცია ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი კვერცხდების შემცირებას ან სასუნთქი სისტემის დაავადებას იწვევს. არსებობს ელვისებური ფორმაც, რომელიც წინამორბედი სიმპტომების გარეშე ფრინველის სიკვდილით სრულდება. ქათმის გრიპს ფრინველები ავრცელებენ. ვირუსის რეზერვუარად მიჩნეულნი არიან გადამფრენი წყლის ფრინველები - გარეული იხვი, ბატი, ყანჩა და სხვები. მათ ვირუსი ნაწლავებით გადააქვთ და ნერწყვსა და ფეკალურ მასასთან ერთად გარემოში გამოყოფენ. გამომწვევი ყველაზე ხშირად სწორედ ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა.
ფრინველის გრიპის ვირუსი უძლებს ყინვას, მაგრამ რამდენიმე წამში კვდება მაღალ ტემპერატურაზე, მაგალითად, მდუღარე წყალში ან გახურებულ ტაფაზე. ინფიცირებული ფრინველის ხორცის საკვებად გამოყენება, თუ ის თერმულად სათანადოდ არის დამუშავებული, დაავადებას არ გამოიწვევს, მაგრამ საშიშია გრიპით დაავადებულ მკვდარ ფრინველთან შეხება - მის სხეულზე გრიპის ვირუსის არსებობის ალბათობა ძალიან დიდია.
ადამიანებში ფრინველის გრიპი ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც გრიპის ნებისმიერი სხვა ვირუსი: მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ყელისა და კუნთების ტკივილს. ეს ვირუსი იმით არის საშიში, რომ ძალიან მალე იწვევს პნევმონიას, გულისა და თირკმელების მხრივ მძიმე გართულებებს.
ფრინველის გრიპის ვირუსი, თეორიულად, ადამიანის ინფიცირებას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ 1997 წლიდან დღემდე ინფიცირებისა და სიკვდილის რამდენიმე ათეული შემთხვევა აღირიცხა. ადამიანი ქათმის გრიპის გავრცელების ჯაჭვში უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს. დასნებოვნება შესაძლებელია ცოცხალ ინფიცირებულ ფრინველთან ან ავადმყოფი ფრინველის ხორცთან კონტაქტით. არ არის აღრიცხული ამ ვირუსის ადამიანისგან ადამიანისთვის გადაცემის შემთხვევა.
გარდა ადამიანისა, ფრინველის გრიპის ვირუსით დასნებოვნების შემთხვევები რეგისტრირებულია ვეშაპებს, ვირთხებს, ღორებს, წაულებსა და შინაურ ცხენებს შორის. ღორების პოპულაციაში გრიპის გავრცელება 1970, 1996 და 2004 წლებში აღირიცხა. ღორების ინფიცირება ერთი რამის გამოა საყურადღებო: ისინი შეიძლება დაავადდნენ როგორც ფრინველის, ისე ადამიანის გრიპით, ამ ორი ვირუსის თანხვედრის შემთხვევაში კი შესაძლოა მოხდეს ფრინველის გრიპის მუტაცია და მან ადამიანისგან ადამიანზე გავრცელების უნარი შეიძინოს. მუტაციის საშიშროება არსებობს ადამიანის ორგანიზმში ფრინველის გრიპისა და სხვა სახის გრიპის ვირუსების თანხვედრისას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:28 | შეტყობინება # 135
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გულის ბლოკადას უწოდებენ გულის გამტარ სისტემაში იმპულსის გავრცელების შეფერხებას ან შეწყვეტას. გასაგები რომ გახდეს, რა არის ბლოკადა და რამდენად საშიშია ის, ორიოდე სიტყვა მაინც უნდა ითქვას გულის გამტარი სისტემის შესახებ. გულის მუშაობას მისი კუნთის შეკუმშვა-მოდუნება უზრუნველყოფს. შეკუმშვა ხორციელდება ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით, რომლებიც ე.წ. გამტარი სისტემის საშუალებით გულის კუნთის ყოველ ნაწილში გაივლის. იმპულსი წარმოიქმნება სინუსურ კვანძში, ვრცელდება წინაგულებში და მათ შეკუმშვას იწვევს, წინაგულებიდან იმპულსი ვრცელდება პარკუჭებში, სადაც გამტარი სისტემა იტოტება, რათა იმპულსმა პარკუჭის ყველა წერტილამდე მიაღწიოს. გამტარი სისტემის რომელიმე უბანში ელექტრული იმპულსების გატარების დარღვევას გულის ბლოკადას უწოდებენ.
გულის ბლოკადა შეიძლება განვითარდეს გულის კუნთის პრაქტიკულად ყოველგვარი დაზიანების (მათ შორის - სტენოკარდიის, მიოკარდიტის, კარდიოსკლეროზის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის რომელიმე ნაწილის ჰიპერტროფიის, მომატებული დატვირთვის, ასევე - რომელიმე წამლის ზედოზირების ან არასწორად დანიშვნის შემთხვევაში. გულის ბლოკადა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ ან გულის განვითარების შეფერხებამ მუცლადყოფნის პერიოდში.
გულის ბლოკადის კლასიფიკაცია იმის მიხედვით ხდება, თუ რომელ ნაწილში ფერხდება იმპულსის გავლა: სინუსურ კვანძში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში თუ გამტარი სისტემის ტოტებში და როგორ გამოვლინდება იგი.
განასხვავებენ გულის ბლოკადის რამდენიმე ხარისხს:
I ხარისხის ბლოკადას - როცა იმპულსების გავლა გვიანდება;
II ხარისხის ანუ არასრულ ბლოკადას - როცა იმპულსების ნაწილი გამტარ სისტემაში საერთოდ არ გაივლის;
III ხარისხის ანუ სრულ ბლოკადას - როცა იმპულსების გატარება საერთოდ არ წყდება.
გულის ბლოკადა შეიძლება იყოს მყარი და გარდამავალი. პირველი მუდმივია, ხოლო მეორე მხოლოდ განსაზღვრულ მომენტებში აღმოცენდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. გულის ბლოკადის კლინიკური სურათი მის ტიპზეა დამოკიდებული.
სინოატრიული ბლოკადა (დარღვეულია სინუსურ კვანძში გენერირებული იმპულსების გატარება წინაგულში) ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობისას აღინიშნება თავბრუხვევა, გულის წასვლა, იშვიათად - კრუნჩხვა.
წინაგულთაშუა ბლოკადა (შეფერხებულია იმპულსების გავრცელება წინაგულების მიოკარდიოციტებში) პათოლოგიური სიმპტომებით არ ვლინდება და არც მკურნალობას მოითხოვს.
ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (შეფერხებულია იმპულსების გავრცელება პარკუჭებში) ნაწილობრივიც შეიძლება იყოს და სრულიც. სრული ბლოკადის დროს პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე შეიძლება წუთში 30-მდე და უფრო მეტად დაეცეს (ზრდასრული ადამიანის ნორმალური გულისცემა მოსვენებისას წუთში 60-80-ს უტოლდება). თუ შეკუმშვებს შორის ინტერვალმა რამდენიმე წამს მიაღწია, ადამიანს შეიძლება გული წაუვიდეს, გაფითრდეს, კრუნჩხვა დაეწყოს (ეს ე.წ. მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომის სიმპტომებია) და საქმე ლეტალურ დასასრულამდეც კი მივიდეს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვეულებრივი ელექტროკარდიოგრაფიით შესაძლებელია გულის შეკუმშვების შეფასება მხოლოდ გამოკვლევის მომენტში, გულის ბლოკადა კი ყოველთვის არ არის მუდმივი. გარდამავალი ბლოკადის გამოსავლენად მიმართავენ სპეციალურ მონიტორულ გამოკვლევასა და ტესტებს. დიაგნოზის დასაზუსტებლად ექოკარდიოგრაფიას ატარებენ.
მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომის აღმოცენების შემთხვევაში ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ და სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ.
გამტარი სისტემის ცალკეული ტოტის ბლოკადა მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ შესაძლოა, გულის რომელიმე ისეთ დაავადებაზე მიუთითებდეს, რომლის დროსაც მკურნალობა აუცილებელია. ზოგიერთი სახის ბლოკადა სათანადო პრეპარატით მკურნალობისას გაივლის, მაგრამ სრული ბლოკადა საგრძნობლად აუარესებს ავადმყოფის მდგომარეობას. ამ დროს პირდაპირ არის ნაჩვენები რიტმის ხელოვნური მატარებლის გადანერგვა, დროებითი ან მუდმივი პარკუჭოვანი სტიმულატორების გამოყენება.
ვინაიდან გულის დაავადებების სამკურნალო რამდენიმე პრეპარატი ხელს უწყობს გულის ბლოკადის აღმოცენებას, აუცილებელია მათი მიღების წესების ზედმიწევნით დაცვა და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz