შაბათი, 25.05.2019, 16:27
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • საკრუინგო კომპანიები (13)
  • Job for seaman from Turkish shipowners (0)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (6)
  • დასაქმების პრობლემა (8)
  • ვაკანსიები (23)
  • იცინოდა ბევრი :) (0)
  • ვეძებ სამუშაოს... (12)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (9)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » საეკლესიო სამართალი
    კანონები წმინდა კრებისა, რომელიც შეიკრიბა ღმრთის სიტყვის, სოფიაწმინდის სახელგანთქმულ და სახელოვან ტაძარში და დაამტკიცა მეშვიდე წმინდა და მსოფლიო კრება, ხოლო განხეთქილების მოქმედი და მწვალებელი ცდუნება მოსპო
    კანონი 1

    წმინდა და მსოფლიო მეშვიდე კრებამ განსაზღვრა, რომ თუ იტალილელი სასულიერო პირნი, ერისკაცნი ან ეპისკოპოსნი, განკვეთით ან შეჩვენებით დასჯილნი მთავაერპისკოპოს იოანე პაპის მიერ, იმყოფებიან აზიასა, ევროპასა ან ლიბიაში, ასეთები კონსტანტინეპოლის წმინდა პატრიარქ ფიტისაგანაც უნდა დაისაჯონ საეკლესიო სასჯელის იმავე ზომით, ე.ი. ან განკვეთით, ან შეჩვენებით, ან უზიარებლობით. და თუ ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ფოტიმ, რომელ სამთავროშიც არ უნდა იყოს, დასაჯოს უზიარებლობით, განკვეთით ან შეჩვენებით სასულიერო პირი, ერისკაცი, ან სამღვდელმთავრო და სამღვდელო დასისაგანი, ასევე განკანონების იმავე სასჯელით უნდა დასაჯოს ისინი იოანე პაპმა და მასთან ერთად მისმა რომის წმინდა ეკლესიამ. ხოლო მისთვის წილხვდომილი პატივი სრულებით ნუ მოაკლდება ნურც რომაელთა ეკლესიის ყოვლადწმინდა საყდარს, ნურც მის საყდრის მპყრობელს, ნურც ახლა და ნურც ამის შემდგომ.


    კანონი 2

    აქამდე ზოგიერთი მღვდელმთავარი, მონაზვნობაზე ჩამოსული, შემდეგ ისევ ცდილობდა ძალით მღვდელმთავრობის სიმაღლეზე დარჩენას, და, სჩადიოდა რა ამას, ყურადღებას არავინ აქცევდა და არავინ ამხელდა მას. ამ წმინდა და მსოფლიო კრებამ ეს უგულებელყოფა გამოასწორა, უწესო საქმე საეკლესიო წესებს მიუსადაგა და განსაზღვრა, რომ თუ ეპისკოპოსმა ან სხვა საღმდელმთავრო პატივის მქონემ მოისურვოს სამონაზვნო ცხოვრების შედგომა და მონანულის ადგილზე დაწესება, ნუღარ ექნება მას მღვდელმთავრობის პატივი, რადგან სამონაზვნო ჩვეულებათა წესია მორჩილება და მოწაფეობა და არა დამოძღვრა და საყდრისმპყრობელობა. არც სხვების დამწყსვის აღქთმას დებენ ისინი, არამედ თვითონ უნდა იყვნენ სამწყსონი. ამისთვის, როგორც ზემოთ ვთქვით, ვადგენთ, რომ არავინ სამღვდელმთავრო დასში ჩათვლილმა და მწყემსად დადგენილმა არ უნდა ჩამოიყვანოს თავი დამწყსილთა და მონანულთა ადგილზე. ხოლო თუ ვინმე გაბედავს ამის გაკეთებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დღეს დადგენილი ეს წესი, ამით თვითონ დაამხობს იგი თავის თავს მღვდელმთავრობის ხარისხისა და საყდრისგან და ვეღარ დაუბრუნდება კვლავ თავის ადრინდელ პატივს, რომელიც საქმეებით უარყო მან.


    კანონი 3

    თუ ვინმე ერისკაცი უგულებელყოფს საღმრთო და სამეფო ბრძანებებს, სასაცილოდ აიგდებს ეკლესიის მოწიწების ღირს წესებს (დაუწერელ დადგნილებებსა და ძველ გადმოცემებს) და სჯულს (დაწერლ კანონებს), და გაბედავს ეპისკოპოსის ცემას ან საპყრობილეში ჩაგდებას დანაშაულის გარეშე, ან რაიმე შეთხზული მიზეზის გამო, შეჩვენებულ იქნეს იგი.
    კატეგორია: საეკლესიო სამართალი | ნანახია: 684 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    უწმინდეს და უნეტარეს ძმასა და თანამღვდელს უფალ ადრიანეს, ძველი რომი პაპს, უღირსი ეპისკოპოსი ტარასი უფლისა მიერ გახარებ!



    მრავალმხრივ და მრავალგვარად გვასწავლის სახარება, სამოციქულო და მამათა მოძღვრება, რომ სამღვდელო დასში მიღებისას ვერცხლისმოყვარეობა არ უნდა გამოვიჩინოთ. სამღვდელო დასისაგანად ხელთდასმისათვის არ უნდა მოვიხვეჭოთ ოქრო, არ უნდა მივიღოთ ვერცხლი. გვსურს თვალსაჩინო გავხადოთ ეს იმ დამოწმებებით, რომლებიც ამოვკრიბეთ საღმრთისმეტყველო წიგნებიდან და მამათა მოძღვრებიდან. ხელთდამსხმელნი სულის მსახურნი არიან და არა სულის გამყიდველნი. სულიერი მადლის უსასყიდლოდ მიმღებთ უსასყიდლოდვე უნდა მისცენ იგი მათ, ვინც უნდა მიიღოს მათგან, როგორც საუფლო ხმისაგან მიღებული თავისუფლების დამამტკიცებელმა.

    თუ ვინმე მხილებულ იქნება სულიწმიდის მადლის ოქროზე გაყიდვაში, ასეთს სამღვდელო დასიდან განდევნიან, და თუ მღვდლის სახელს უწოდებენ, ეს წოდება ტყუილია, იმიტომ, რომ საქმით არ დასტურდება, რადგან ”არავის შეუძლია ღმრთისა და მამონას მონება” (მათე 6,24), როგორც ამას სახარება გვასწავლის და გვესმის წინასწარმეტყველის პირით თქმული ღმრთის სიტყვა: ”მღვდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალიმისასა” (ესაია 40,2), და აგრეთვე მუქარით ნათქვამი: ”თუ დარაჯმა იხილოს მომავალი მახვილი და არ დასცეს საყვირს და ერი არ მოერიდოს და მიეწიოს მახვილი და მიიღოს მათგან სული, მისი (ერის) სისხლი მეთვალყურისგან ავიღო” (ეზეკ. 33,2).

    ჩვენ გვეშინია, არ დავისაჯოთ დუმილის გამო, და ვაფრთხილებთ ეკლესიის ყველა წინამძღვარს, რომ გაბედულად ვთქვათ საღმრთო მოციქულისამებრ: ”წმინდა ვართ თქვენი სისხლისაგან” (შეად. საქმე 20,26), ვინც დაარღვევს დადგენილ კანონს და, მით უმეტეს, მათ მაგიერ არ ვაგებთ პასუხს, ვინც საფასურით დაასხამს ხელთ ან ხელთდასხმულ იქნება. დიდი მოციქული პეტრე, რომლის საყდარი თქვენს ძმებრივ სიწმინდეს უპყრია, როგორც სიმონ მოგვს, ისე განკვეთდა მათ. ამის გამო ჩვენ ბეჯითად გითხრობთ ჭეშმარიტებას, როგორც დამცველნი და შემნახველნი წმინდა და ყოვლად ქებული მოციქულების მიერ მოცემული და ჩამოყალიბებული საღმრთო კანონებისა. ხოლო თუ სადმე ვინმე მათ დაარღვევს, მას ზურგს შევაქცევთ და შევიძულებთ.

    შენი ძმებრივი მღვდელთმთავრობითი მშვენიერი სიწმინდე წესიერი და საღმრთო განგებით შემკული ასრულებს სასულიერო წოდების წინამძღვრის მოვალეობას, რითაც საყოველთაოდ ცნობილი დიდება აქვს. პირველი მღვდელმთავარი, ჩვენი ქრისტე ღმერთი, წინასწარმეტყველის პირით ამბობს: ”ცოცხალი ვარ მე, რადგან მადიდებელნი ჩემნი ვადიდე” (I მეფ. 2,39). სასულიერო მოღვაწეთათვის სასურველო კაცო, შენ იცი, რომ ყოვლად უსახურია მაკედონიოსისა და მის თანამდგომ ბოროტად მსახურ სულის მოწინააღმდეგეთა ერესი, რადგან ის სულიწმიდას თვლის დაბადებულად და ღმრთისა და მამის მონად, და ამით გმობს წმინდა სულს. ესენი, როგორც თვითონ ფიქრობენ, ამით წმინდა სულს თავის მონად ჰყოფენ. რადგან ყველა უფალი (ბატონი) უფლებამოსილია, რაც გვაქვს, გაყიდოს, იქნება ეს მონა თუ სხვა რამ, რაც შეუძენია. ასევე მყიდველსაც სურს იმისი ბატონ-პატრონი იყოს, რასაც იყიდის და შეიძენს ფულით. ამგვარად, ამ უწესო საქმის თავხედურად მოქმედი დაამდაბლებს სულიწმიდას და თავის თავს იმ ცოდვისმოქმედებს უთანაბრებს, რომლებიც ქრისტეზე ამბობდნენ, ბელზებელის (ეშმაკის მთავრის) ძალით განდევნის ეშმაკებსო, ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ემსგავსებიან გამცემ იუდას, რომელმაც ღმრთის მკვლელ ურიებს ვერცხლის ფასად მიჰყიდა ქრისტე, რადგან სულიწმიდა არის ჩვენი ქრისტე ღმერთის თანაარსი, და ასევე, ისინი მამის ნაწილნი არიან უეჭველად, როგორც არის ეს დამტკიცებული. ხოლო რომ არ იყიდება, ცხადია ეს და უცილობელი. არ არის მათში სულიწმიდის მადლი, რაც მღვდლობის სრულყოფილებაა და რომელიც ვერც მიუღიათ და არც აქვთ. გაიხსენონ წმინდა პეტრეს ნათქვამი სიმონის შესახებ: ”არა გაქვს შენ ნაწილი, არც მემკვიდრეობა ამ სიტყვაში, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღმერთის წინაშე” (საქმე 8,21), რადგან თუ მღვდლობის პატივი იყიდება, ზედმეტია ლაპარაკი მათი პატიოსანი მოღვაწეობის, უბიწოებისა და სათნოებით შემკული ქცევის შესახებ. ზედმეტია მათთვის საღმრთო მოცქიულის პავლეს მოძღვრება, რომ საჭიროა, ეპისკოპოსი უნაკლო იყოს, წმინდა, შემკული, მასწავლებელი, განკრძალული, ფრთხილი, მოძღვრებაში სარწმუნო სიტყვის მქონე, რომ შეეძლოს ნუგეშისცემაც სწორი სწავლით და მოწინააღმდეგეთა მხილებაც (შდრ. I ტიმ. 3,2; ტიტე 1,8-9). ეს ყოველივე ზედმეტია მღვდლობის გამყიდველთა და მყიდველთათვის, რადგან ქვემოთ მოყვანილი დამოწმებანი უცხო იქნება ისეთი სამღვდელოსათვის, რომელიც აძლევს და იღებს სასულიერო წოდებას, როგორც ქონებას, სულ ერთია, როდის იქნება ეს მიცემა ან მიღება საფასურისა - ხელთდსხმის დროს, წინ თუ შემდეგ, რადგან ფასის მიღება არის მიღება, როცა არ უნდა მოხდეს ეს. წმინდანები ყოველგვარ საეკლესიო დადგენილებაში საფასურის მიცემას კრძალავენ.



    წმინდა მოციქულთა კანონი 29-ე:

    თუ რომელიმე ეპისკოპოსი, ან მღვდელი, ან დიაკონი ფასის გაღებით დაიპყრობს ამ პატივს, განიკვეთოს იგიც და მისი ხელთდამსხმელიც, და სრულიად მოიკვეთოს ზიარებისგანაც, როგორც სიმონ მოგვი.



    წმინდა მოციქულთა საქმეთაგან

    როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულების ხელთდასმის შედეგად ადამიანს მიეცემა სულიწმიდა, მოუტანა მათ ფული და უთხრა: მომეცით მეც ეგ ძალაუფლება, რომ დავასხა ხელნი და მიიღონ სულიწმიდა. ხოლო პეტრემ უთხრა: შენი ვერცხლი შენვე გქონდეს წარსაწყმედელად, რადგან გგონია, რომ ფულით შეიძლება ღმრთის ნიჭის მიღება. არ გაქვს შენ წილი, არც მემკვიდრე ხარ ამ ნიჭისა, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღმრთის წინაშე. მოინანიე ეგ შენი ბოროტება, იქნებ გეპატიოს შენ შენი გულისზრახვა, რადგან ნაღველის სიმწარეში მყოფად და უსამართლოებასთან დაკავშირებულად გხედავთ შენ (იხ. საქმე 8, 18-23).



    მეფეთა მესამე წიგნიდან

    არ შეაქცია ზურგი იერობოამმა ბოროტებას და მიბრუნდა და ხალხის ერთი ნაწილიდან დაადგინა მაღალი ქურუმები და, ვისაც სურდა, უფლებას აძლევდა, გამხდარიყო უმაღლესი მღვდელი მაღალთა შორის. ეს მოქმედება იქცა იერობოამის სახლის ცოდვად, მის დამღუპველად და აღმგველად პირისაგან მიწისა (III მეფ. 13, 33-34).



    მეფეთა მეოთხე წიგნიდან

    ნეემანი დაბრუნდა ეკლესიასთან. ის და მისი მთელი ბანაკი მოვიდა და დადგა მის წინ და თქვა: ”აი, ახლა გავიგე, რომ არ არის ღმერთი ქვეყანაზე, გარდა ისრაელისა, და ახლა მიიღე ევლოგია (კურთხევა) შენი მონისაგან”. და თქვა ელისემ: ”ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, როგორ მივიღო”, და აიძულებდა, რომ მიეღო და ელისემ არ დაუჯერა. ცოტა ხნის შემდეგ თქვა გიეზიმ, ელისეს ყმამ: ”აი, აერიდა ჩემი უფალი ნეემან ასურს, რომ მიეღო მისი ხელიდან, რაც მოართვა. ცოცხალია უფალი! დავეწევი მას და რაიმეს წამოვიღებ მისგან”. და დაედევნა გიეზი ნეემანს. ცოტა ხნის შემდეგ უთხრა მას ნეემანმა: ”მიიღე ვერცხლის ტალანტი”. და მიიღო გიეზიმ ორი ტალანტი ვერცხლისა ორი ქისით და ორი მოქსოვილი სამოსელი. უთხრა მას ელისემ: ”საიდან მიხვედი, გიეზი?” და უთხრა გიეზიმ: ”არ უვლია შენს მონას აქეთ-იქით”. და უთხრა მას ელისემ: ”ჩემი გული არ დადიოდა შენთან ერთად? მე დავინახე, როგორ მობრუნდა კაცი ეტლიდან შენს მოსაგებებლად. დე, წაიღე ვერცხლი და სამოსელი, შეიძინე ბაღები, ზეთისხილები, ვენახი, ცხვარი, ძროხა, მონები, მხევლები და ნეემანის კეთრიც შენთან და შენს ნათესავებთან იყოს უკუნისამდე”. და გამოვიდა მისგან კეთრით, როგორც თოვლით, შეფრქვეული (IV მეფ. 5,15-26).



    წმინდა ბასილი დიდი კესარიელის თარგმანებიდან (კომენტარებიდან) ესაიას წიგნზე

    სჯული მისცა დამხმარედ ღმერთმა იმის სათქმელად, რომ ეს ის სიტყვაა, რომლისთვისაც არ მიეცემა ქრთამი. ეს სჯული არ არის მუცლისმეზღაპრეთა სიტყვა, რადგან საცთურად კი არ არის მოგონილი, როგორც ის, არამედ ჭეშმაირტებას ასწავლის. მუცლითმეზღაპრენი მკითხაობენ ვერცხლზე და ეს ნამდვილად დასაცინია, რადგან შემცდარნი ვერცხლს წააგებენ ტყუილების საყიდლად. ეს სიტყვა კი სჯულიერია და არ არის ისეთი, რისთვისაც ქრთამი მიეცემა, რადგან: ”უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდითო” (მათე 10,8), ამბობს საღმრთო ხმა. ხედავ, როგორ გამწარდა პეტრე სიმონის ვერცხლის გამო, რომელიც მან სულიწმიდის მადლისთვის შესთავაზა, და უთხრა: ”შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს წარსაწყმედელად, რადგან ღმრთის ნიჭის მიღება, შენ გგონია, რომ ფულით შეიძლება” (საქმე 8,20). სახარების სიტყვები არ არის სავაჭრო, როგორც მუცლითმეზღაპრეების სიტყვები, რადგან ვის არ შეუძლია, მისცეს მათ სანაცვლოდ! მოუსინე დავითს, როგორ უღონოდ თვლის თავს და ამბობს: ”რა მივცე უფალს ყოველივე იმის ნაცვლად, რაც მომცა მე?” (ფს. 115,3). არ არსებობს მისთვის ქრთამის მიცემა, ვინც მისმიერი მადლის ღირსი გახდა. მისთვის ღირსეული ძღვენი ერთი რამ არის მხოლოდ: მისგან მონიჭებული წაურთმეველი სიწმინდის საუნჯეთა იმის საკადრისად დაცვა, რომელმა მოგცა შენ ის სიმდოდრე და არ გართმევს მოცემულის ფასს. ის მხოლოდ მოცემულის ღირსეულად დაცვას მოითხოვს.



    ბასილი დიდის ეპისტოლიდან მისი ხელქვეითი ეპისკოპოსებისადმი, რომ არ აღასრულონ ხელთდასხმა ფულით

    ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ არ სცოდავენ, თუ ხელთდასხმის დროს მაშინვე კი არა, არამედ ხელთდასხმის შემდეგ მიიღებენ ქრთამს. მაგრამ რა დროსაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მიღებაა. გევედრებით ამ ჯოჯოხეთში წარგზავნილი შენაძენისა და შემოსავლისაგან განდგომას, რომ ასეთი მისაღებით არ შეიბღალოთ ხელი და თავი უღირსი არ გახადოთ საიდუმლოთა შემწირველობისა.



    იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან*

    ჩვენი სიტყვის გაგრძელების მიზეზმა ევსევიმ, ექვსი სხვა ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, მიმართა ყველა ეპისკოპოსს და შესთხოვა ზიარების ნებართვა. ზოგიერთი ეპისკოპოსი მის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან ის ცილისმწამებელი იყო. ამის პასუხად ის მუდარით ამბობდა: რადგანაც საქმე ორი წლის განმავლობაში უმეტესნაწილად გამოკვლეულია და მიცემულია ვადა მოწმეთათვის, ამიტომ ვთხოვ თქვენს ღმრთისმოყვარეობას, მომცეს ნება, წარმოვადგინო მოწმეები ამჟამად, ამავე წუთს. მართალია, ეპისკოპოსი ანტონინე, რომე ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: საეკლესიო სამართალი | ნანახია: 725 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    ჩემ საყვარელ ძეს და ღმრთივმშვენიერ თანამწირველ ძმას უფლისა მიერ გიხაროდეს!


    უერთგულესო და უგანათლებულესო შვილო ჩემო, შენ ხომ მომწერე მე და მკითხე, თუ რომელ საათზე უნდა გაიხსნას მარხვა აღდგომის დღესასწაულის წინ. შენ იმეორებ ზოგიერთი ზმის ნათქვამს, რომ მამლის ყივილის დროს უნდა გააკეთო ეს, ზოგიერთები კი მწუხრის დროს ამბობენ. რომში მყოფი ძმებიც თვლიან, რომ ეს უნდა მოხდეს მამლის ყივილის დროს. აქ მყოფთა შესახებ კი შენ ამბობ, რომ ისინი ადრე წყვეტენ მარხვას. შენ დროის ზუსტ განსაზღვრას ეძიებ და სრულიად გამოზომილ საათს, რაც ძნელიც არის და არცთუ უხიფათო. ჩვენი უფლის აღდგომის დროის შემდგომ საჭიროა დღესასწაულობისა და სიხარულის დაწყება. ხოლო მანამდე სულები მარხვით რომ უნდა დაიმდაბლონ ადამიანებმა, ეს ერთხმად არის აღიარებული ყველას მიერ. შენ ჩემთვის შეუცდომლად მოგიწერია და დაწვრილებით დაგიმტკიცებია წმინდა სახარებების ცოდნით, რომ მათში არაფერი აღმოჩნდა უფლის აღდგომის ზუსტი დროის შესახებ, რადგანაც მახარებლებმა სხვადასხვანაირად აღწერეს და სხვადასხვა დრო აღნიშნეს მენელსაცხებლე დედათა მისვლა საფლავთან, და თქვეს, რომ ყველა მისულმა უფალი უკვე აღმდგარი ნახა: ”მწუხრი შაბათისა”, როგორც თქვა მათემ (28,1) და ”კვირის პირველ დღეს გარიჟრაჟზე, ჯერ ისევ ბნელოდა” (იოანე 20,1), როგორც იოანე წერს, და ”კვირის პირველ დღესვე, გარიჟრაჟს ადრიანად” (ლუკა 24,1), როგორც ამბობს ლუკა, და ”ადრე განთიადის ჟამს, მზის ამოსვლასთან ერთად” (მარკ. 16,2), როგორც მარკოზი ამბობს. თუ როდის აღდგა, ეს ნათლად არავის უჩვენებია. შაბათის მწუხრზე, რომელიც ერთშაბათად თენდებოდა, მზის ამოსვლამდე (ერთ) შაბათისა საფლავთან მისულებმა რომ ვეღარ იპოვეს უფალი მასში, ეს აღიარებულია. მახარებელთა შორის ვერც ორხმაობას ვხედავთ, ვერც ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრს. ძუნწ ნათქვამად კი შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს ეს საძიებელი საკითხი. ერთხმად ამბობენ ყველანი, რომ იმ ღამეს აღმოხდა საფლავიდან სოფლის სინათლე, ჩვენი ქრისტე ღმერთი. სხვადასხვას ამბობენ ისინი საათის შესახებ. ჩვენ გულისხმიერად და სარწმუნოდ, გულმოდგინედ განვმარტოთ და შევათანხმოთ მათი ნათქვამი. მათეს მიერ ნათქვამია: ”ხოლო მწუხრი შაბათისა, რომელიც თენდებოდა ერთბაშად, მოვიდნენ მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამ საფლავის სანახავად. და აი, დიდი მიწისძვრა იყო, რადგან უფლის ანგელოზი გადმოვიდა ზეციდან, მოვიდა, გადააგორა ლოდი და დაჯდა ზედ. მისი შესახედაობა ელვასავით იყო, და მისი სამოსელი - თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით მცველები შეძრწუნდნენ და მკვდრებივით გახდნენ, ანგელოზმა კი მიმართა დედაკაცებს და უთხრა: ”ნუ გეშინიათ, ვინაიდან ვიცი, რომ ჯვარცმულ იესუს ეძიებთ, აქ არ არის; იგი აღდგა, როგორც თქვა” (მათე 28, 1-6). ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ეს მწუხრი სიტყვის ზოგადი მნიშვნელობით ნიშნავს შაბათის მიმწუხრს. ხოლო ვისაც სმენია უბრძნესი კაცების გამოკვლეული, ისინი ამბობენ არა ამას, არამედ გვიან ღამეს. და რომ მწუხრის ეს სახელი წარმოაჩენსო გვიანი და გრძელი დროის გასვლას, და რომ ღამეს ამბობს და არა მიმწუხრს, ეს ცხადია იმ სიტყვიდან, როდესაც ამბობს: ”რომელიც თენდებოდა ერთშაბათად”.

    მოვიდნენ არა ნელსაცხებელთა მოსატანად, როგორც სხვები ამბობენ, არამედ საფლავის სანხავად. ნახეს ის მიწისძვრა და ანგელოზი, ლოდზე მჯდომარე, და მოისმინეს მისგან: ”არ არის აქ, აღდგა”.

    ასევე, იოანე ამბობს: ერთშაბათს, გარიჟრაჟზე, ჯერ ისევ ბნელოდა, მოვიდა მარიამ მაგდალინელი საფლავთან და ნახა ლოდი, საფლავიდან გადაგორებული” (იოანე 20,1). ამრიგად, იოანე მახარებლის მიხედვით, სანამ ჯერ კიდევ სიბნელე იყო, მაგრამ ახლოს იყო გათენება, მაშინ მოვიდა მარიამი საფლავთან.

    ლუკა ამბობს: ”და შაბათს მცნების თანახმად მოისვენეს, ხოლო ერთშაბათს გარიჟრაჟზე, დილაადრიან საფლავთან მოვიდნენ და მოიტანეს მომზადებული სურნელები და ნახეს ლოდი საფლავიდან გადაგორებული” (23,56-24,1). დილაადრიანი გარიჟრაჟი ნიშნავს გათენების წინ საცისკრო ჰაერის აღმონათებას შვიდეულის პირველი დღისას. იმიტომ, რომ გავიდა შაბათი მის ღამესთან ერთად და სხვა დღის დაწყებასთან ერთდ მოვიდნენ ქალები სურნელ-ნელსაცხებელით, საიდანაც ცხადია, რომ უფალი აღმდგარი იყო ამაზე ბევრად ადრე.

    ამას მისდევს მარკოზიც და ამბობს, რომ ”იყიდეს სურნელები, რათა მოსულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. და ერთშაბათის ადრე ცისკარს მოვიდნენ საფლავთან, მზის ამოსვლის დროს” (მარკ. 16,1-2). ამან თქვა ”ადრე ცისკრობა”, ეს იგივეა, რაც ”ცისკრად დილაადრიან”, და ზედ დაურთო ”მზის ამოსვლის დროს”, რადგანაც მათი ადრე ადგომა და მგზავრობა, ცხადია, დილაადრიან ცისკარზე და ძალიან ადრე ცისკარზე დაიწყო. ხოლო სვლითა და საფლავთან ყოფნით გაგრძელდა მათი დრო მზის ამოსვლამდე და სწორედ მაშინ უთხრა მათ სპეტაკოსანმა ჭაბუკმა: ”აღდგა, არ არის აქ” (მარკ. 16,6).


    კანონი 1

    ეს საკითხი თხოულობს ზუსტ გადაწყვეტას, თუ რომელ საათზე, ან რომელი საათის ნახევარზე, ან რომელი საათის თხუთმეტ წუთზე უნდა დავიწყოთ ჩვენი უფლის მკვდრეთით აღდგომის სიხარული. იმათ, ვინც მარხვას გახსნის დილაადრიან და შუაღამეზე ადრე, როგორც სულმოკლეებს და თავშეუკავებლებს, დამნაშავედ ვთვლით მარხვის ადრე შეწყვეტის გამო, ვინაიდან ბრძენი კაცი ამბობს, რომ მცირე ცხოვრებაში ცოტას არ ნიშნავს. ხოლო იმათ, ვინც უფრო მომთმენია, თავდაჭერილი, და თავს შეიკავებს ღამის მეოთხე სახმილავამდე, ე.ი. დილამდე, იმ დრომდე, როდესაც ნავით მიმავალ მოწაფეებს ზღვაზე სვლით გამოუჩნდა ჩვენი მაცხოვარი, შევიწყნარებთ, როგორც მხნეებს და შრომისმოყვარეებს. იმათ კი, ვინც ამ ორ დროს შორის თავისი სურვილის ან შესაძლებლობის მიხედვით განისვენა მარხვისაგან და ნუგეშინისცემულ იქნა, ძალიან არ ვადანაშაულებთ, ვინაიდან მარხვის ექვს დღესაც ყველა თანასწორად და ერთგვარად ვერ გაატარებს. არამედ ზოგნი საზრდოს გარეშე ატარებენ მათ, ზოგნი მარხულობენ მხოლოდ ორ დღეს, ზოგნი - სამსა და ზოგნი - ოთხს, ხოლო ზოგნი - არც ერთს. და პირის ხსნის სიადრე და სისწრაფე შესანდობელია მათთვის, ვინც სრულიად საზრდოს გარეშე გაატარა ეს დღეები და ძალზე დაუძლურებულია. ხოლო ზოგიერთნი არათუ სრულიად საზრდოს გარეშე გადაივლიან ამ დღეებს, არამედ ილხენენ პირველ ოთხ დღეს და ამის შემდგომ, მოიწევა რა დასასრულის ორი დღე, ცხადია, პარასკევი და შაბათი, მხოლოდ ამ ორ დღეს ატარებენ უზმად და ამით დიდი და ბრწყინვალე რამის მოქმედი ჰგონიათ თავი. არა მგონია, მათი ღვაწლი გაუტოლდეს იმათ ღვაწლს, ვინც უმრავლეს დღეებში იღვაწეს შრომით. ეს დავწერე ისე, როგორც მგონია, იმისათვის, რათა რჩევა მივცე ყველს, ვინც ეძიებს ამ საკითხის გარკვევას.


    კანონი 2

    ხოლო დედობრივი წესით სისხლმდინარე დედებს აქვთ თუ არა ღმრთის სახლში შესვლის ნება, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან, ამის კითხვაც კი ზედმეტი მგონია. რადგანაც ვერ დავიჯერებ, თუმ თუ ღმრთისმოსავნი და მორწმუნენი არიან, როგორ უნდა გაბედონ ბუნებრივ ვნებაში ყოფნის დროს წმინდა ტრაპეზთან მისვლა, ან ქრისტეს ხორცისა და სისხლის შეხება. რადგან თორმეტი წლის განმავლობაში სისხლმდინარე დედაკაცმა თავის განსაკურნებლად მიიზიდა არა მაცხოვარი, არამედ მხოლოდ მისი სამოსლის კალთა. ხოლო ვინც არ უნდა იყოს, და რა ვნებითაც არ უნდა იყოს შეპყობილი, მისთვის ლოცვა, მეუფის ხსენება და მისგან დახმარების თხოვნა არასოდეს არ არის აკრძალული. სიწმინდეთა შეხებისა და წმინდათა წმინდაში შესვლის უფლება კი არა აქვს არავის, თუ სულით და ხორცით მთლიანად წმინდა არ იქნება.


    კანონი 3

    ქორწინებულები თვითონ უნდა კმაროდენ თავისი თავის მსაჯულად, რადგანაც მათ სმენიათ პავლესგან, რომელსაც დაუწერია: ”რამდენიმე ხნით, ერთმანეთთან შეთანხმებით მათ უნდა შეიკავონ თავი ერთმანეთისაგან, რათა მოიცალონ ლოცვისათვის და შემდეგ ისევ ერთად იყვნენ” (I კორ. 7,5).


    კანონი 4

    ვისაც შეემთხვევა ღამის უნებლიე თესლის დინება, ისნიც თავისსავე სინდისის სამსჯავროს უნდა წარუდგნენ და თვითონ უნდა განიხილონ, განიკითხავენ თუ არა თავის თავს ამისთვის. როგორც საჭმლის შესახებ ამხილებს განმკითხველი გონება, მოციქული და ამბობს: ”თუ ჭამს - დაისჯება” (რომ. 14,23), ასევე ამ შემთხვევაშიც ყველას, ვინც მიმართავს ღმერთს, უნდა ჰქონდეს კეთილი სინდისი და გამბედაობა თავისი განსჯისამებრ.

    შენ ამას გვეკითხები ჩვენ, საყვარელო, ჩვენი პატივისცემის გამო და არა როგორც უმეცარი, რათა ერთი აზრისა და ერთსულოვნებისკენ წარგვმართო, როგორც ვართ კიდევაც ჭეშმარიტებით. ხოლო მე გწერ ამას არა როგორც მოძღვარი, არამედ ისე, როგორც შეგვეფერება ჩვენ ერთმანეთთან სრულიად მარტივი საუბარი: ჩვენ ორივეს ნაფიქრი ჩემს ნათქვამში გავაერთიანე. შენც, ყოვლად გულისხმიერო ჩემო ძეო, განიხილე ეს და მომწერე, თუ სურვილის ღირსად მიიჩნიო, რაც შენი სულისთვის მოსაწონი იქნება.

    ჯანმრთელად იყავი, ჩემო საყვარელო ძეო, უფლის მშვიდობით მსახური და ჩემთვის მლოცველი
    კატეგორია: საეკლესიო სამართალი | ნანახია: 779 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    მათ შესახებ, რომლებსაც ბარბაროსთა დამარბეველი შემოსევების დროს კერპთა შენაწირევი უჭამიათ, ან სხვა რაიმეთი ცდუნებულან



    საჭმელი არ შეგვაგინებს ჩვენ, სამღვდელოო პაპა, თუმცა კი ტყვეებმა ჭამეს ის, რაც მისცეს მათ დამტყვევებლებმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა ერთხმად ამბობს და იმეორებს, კერპებისათვის არ შეუწირავთ შესაწირავი ბარბაროსებსო, როცა ისინი ჩვენს მხარეში შემოვიდნენ. ხოლო მოციქული ამბობს: "საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, ხოლო უფალი იმასაც და ამასაც განაქარვებს" (I კორ. 6,13). მაცხოვარიც, რომელმაც წმინდა ყო ყველა საჭმელი, ამბობს: "არა შემავალი შეაგინებსო კაცს, არამედ გამომავალი" (მათე 15,11).


    თუ ტყვე ქალები მათი ხორცის გახრწნით შეგინებულ იქნენ ბარბაროსთა მიერ და თუ რომელიმე მათგანის ცხოვრება ადრეც განსაკითხავი იყო და ცხოვრობდა როგორც მეძავი, ცხადია წმინდა წერილისამებრ, რომ მეძავის ჩვევები და ქცევა მოსალოდნელია ამთგან ტყვეობის დროსაც. ასეთები ლოცვას მაშინვე არ უნდა ვაზიაროთ. ხოლო ვინც ფრიად სიწმინდით ცხოვრობდა, პატიოსანი და ეჭვისაგან თავისუფალი იყო თავიდან და დიდი ჭირისა და იძულების შედეგად შეგინებულ იქნა, ასეთებისათვის მაგალითად გვყავს მეორე სჯულთა წიგნში მოხსენიებული ქალწული, რომელიც ველზე ნახა კაცმა და იძულებით დაწვა მასთან. ნათქვამია, რომ ”ქალწულს არაფერი უნდა უყონ, რადგანაც მას არ ჩაუდენია სასიკვდილო ცოდვა. თუ კაცი ვინმე აუმხედრდება თავის მოყვარეს და მოკლავს მის სულს, ასევე ეს საქმეც. იყვირა ქალწულმა და შემწე არავინ იყო მისი” (მეორე სჯ. 22,26-27). ეს უკანასკნელნიც ასევე უდანაშაულონი არიან.

    ხოლო ანგარება ბოროტი საქმეა. შეუძლებელია ერთ ეპისტოლეში მოხსენიება ყველა საღმრთო წიგნისა, რომელშიც იქადაგება, რომ ავაზაკობას უნდა გავექცეთ და განვაგდოთ იგი ჩვენგან, და რომელშიც ანგარება და სხვისი კუთვნილის მოხვეჭაც განქიქებული და ღმრთის ეკლესიისგან განდევნილია. ხოლო ბარბაროსთა დამარბეველი შემოსევებისა და ასეთი განწირულობის დროს, როდესაც ყოველმხრივ თავში ცემასა და გოდებაში არიან და ყველა ვაებითაა სავსე, ამ დამღუპველი დროის თავის სასარგებლოდ გამოყენება და ქონების მოხვეჭა არის უღმრთო და ღმერთის გამამწარებელ კაცთა დამახასიათებელი, რომლებიც უკიდურეს უღმერთოებამდე არიან მისულნი. ასეთები შეჩვენებით განქიქებულ უნდა იქნენ, რომ მათი საქციელით გამოწვეული რისხვა მთელ ერს არ დაატყდეს თავს. პირველად უნდა დაისაჯნონ ხელისუფლების მქონენი და ასეთი საქმის მოქმედ კაცთა წინამძღოლნი, რადგან მეშინია, როგორც წერილი ამბობს: ”ვაი თუ, წარწყმდეს მართალი უღმრთოსთან ერთად” (დაბ. 18,23). და მოციქული ამბობს: ”სიძვა და ანგარება, რომელთა გამო მოვა ღმრთის რისხვა ურწმუნოთა შვილებზე, ნუ იქნება სახელდებული თქვენს შორის და ნუ ეზიარებით მათ, რადგან ოდესღაც იყავით ბნელნი, ხოლო ახლა ხართ ნათელნი უფლის მიერ. იარეთ ისე, როგორც ნათლის შვილებმა, რადგან ნათლის ნაყოფი სახიერებით, სიმართლითა და სრული ჭეშმარიტებით გამოიცდება, შეიცანით თუ რა არის უფლისათვის მოსაწონი. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს. ამხილეთ ისინი, რადგან მათ მიერ ფარულად ქმნილი სათქმელადაც საძაგელია, ხოლო ყველა მხილებული ნათლის მიერ გამოჩნდება” (ეფეს. 5,6-13). ამას წერს მოცქიული.

    თუ პირველი ანგარების გამო ვინმეს სასჯელი ექნება მოხდილი და ცუდი დროის ხელახლა დადგომისთანავე ისევ ანგარებას დაუბრუნდება და თავისი თავისთვის სასარგებლო საქმეებს გააკეთებს სისხლითა და ადამიანთა ჟლეტით, ტყვეთა და ლტოლვილთა მოსპობით, რაღას უნდა ველოდეთ სხვას, თუ არა რისხვის მოტანას ასეთი ანგარების მოღვაწეთაგან თავისთვისაც და მთელი ერისთვისაც!

    ზარას აქარმა რომ შესცოდა დაფიცებულზე, ისრაელის მთელ კრებულზე მოიწია ღმრთის რისხვა (შდრ. ისუ ნავესი 7). და აი ერთმა შესცოდა, განა მატო ის ერთი მოკვდა ცოდვაში? ყველა ქონება, რომელიც უცხო იქნება და არა ჩვენი, შეჩვენებულად უნდა ჩავთვალოთ ამ დროს, რადგან აქარმა მოიპარა ნადავლისაგან, და ესენიც ნადავლისაგან იხვეჭენ. აქარმა მტრისა მოიპარა, ესენი კი ძმათაგან ითვისებენ და შეიძენენ თავის დასაღუპავად.

    ნურავინ იცთუნებს თავს იმით, რომ იპოვა უცხო რაიმე, რადგან არც ნაპოვნი უნდა გახდეს ანგარების წყარო. მეორე სჯულისაში ნათქვამია: ”თუ იპოვნი შენი ძმის გზააბნეულ ხბოსა და ცხვარს, გაიდევნე ისინი წინ და დაუბრუნე შენს ძმას. თუ ახლოს არ არის შენი ძმა და არც არა იცის რა მან, თავი მოუყარე მათ, მიიყვანე შენთან, სანამ არ მოძებნის მათ შენი ძმა, და მიეცი ისინი მას. ასე მოექეც მის ვირსაც, მის სამოსელსაც, ასევე უყავ ყველაფერს დაკარგულს შენი ძმისას, რაც მან დაკარგა და შენ იპოვნე” (II სჯ. 22,1-3). ამას ამბობს მეორე სჯულისა, ხოლო გამოსლვათა წიგნში ნათქვამია: არა ხოლო თუ ძმის რაიმე ვინმემ იპოვოს, არამედ მტრისაც, ისიც უნდა დააბრუნოს მათი პატრონის სახლში (გამოსლ. 23,4). თუ არ შეიძლება, რომ მშვიდობიან დროში ვინმე ნეტარებას ეძლეოდეს, ზარმაცოობდეს, თავისას არად აგდებდეს და ძმისას და მტრისას იხვეჭდეს, რამდენად უფრო დაუშვებელი და უჯეროა ამის ქმნა ძნელბედობის, მომხვდური მტრისგან ლტოლვის, გაჭირვების გამო საკუთარი ქონების მიტოვების ჟამს.

    ზოგნი თავს იცთუნებენ და თავისი დაკარგული ქონების სანაცვლოდ სხვისას, რასაც იპოვნიან, ეპატრონებიან. რადგან მათ თავს ესხმიან ვორადები და გოთები, თვითონ სხვების მიმართ იქცევიან ვორადად და გოთად. ამისთვის ვგზავნით თქვენთან ჩვენს ძმასა და თანაბერს ეფროსინეს, რომ აქაური წესისამებრ მანდაც ასწავლოს, თუ ვისგან შეიძება ბრალდების მიღება, ვინც უნდა დაისაჯოს ლოცვათა უზიარებლობით. მანდედან ამბავი მოგვივიდა, რომ თქვენს ქვეყანაში მოხდა რაღაც ძნელად დასაჯერებელი რამ, რაც უნდა ჩაიდინოს ნამდვილად ურწმუნომ, უღმერთომ და ისეთმა, ვინაც ღმრთის სახელიც კი არ იცის. ისეთ კაცთმოძულეობამდე და უსახურობამდე მიაღწია ზოგმა, რომ ბარბაროსთა ტყვეობიდან გამოქცეულებს თვითონ ატყვევებენ. მიავლინეთ ვინმე მათთან, რომ მეხისტეხა არ დაატყდეთ თავს ამგვარი საქმის ჩამდენთ.

    თუ ვინმე დარჩა ბარბაროსთა შორის, მათთან დიდი ხნის ტყვეობის შემდეგ დაივიწყა, რომ პონტოელი იყო და ქრისტიანი, და სრულიად გაბარბაროსებული თავისი ტომის ადამაინებსა და ნათესავებს ხოცავს მახვილით ან ჩამოხრჩობით, და მტრებს უჩვენებს კიდეც გზასა და სახლებს, რომლებიც არ იციან მტრებმა, ასეთებს არ ეძლევათ ნება ეკლესიაში მსმენელებთან დგომისაც კი, და ასე უნდა დარჩნენ მანამ, სანამ რაიმე საერთო გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთად შეკრებილი წმინდანები ან მათი წმინდა სულები.

    რომლებმაც მტრის (ბარბაროსთა) თავდასხმის დროს გაბედავს უცხო სახლებში შეჭრა, თუ მათი ასეთი მოქმედება ნამდვილად დადასტურდება, ისინი მსმენელებთან ერთად დგომის ღირსნიც ნუ იქნებიან. ხოლო თუ თავს გაიმართლებენ ან დააბრუნებენ წაღებულს, მაშინ ისინი შეწყნარებულთა წესით შეუვრდებიან.

    ვინც ველზე იპოვოს მეზობლის ქონება და მიიხვეჭოს, ან თავის სახლში ბარბაროსთა წასვლის შემდეგ დარჩენილი სხვისი ქონება მიისაკუთროს, თუ ასეთ საქმეში დასმენილნი იქნებიან, მათი მოქმედება ნივთიერი მტკიცებით უნდა დადასტურდეს. ასეთები ასევე შევრდომით დადგებიან. თუ თავს გაიმართლებენ, (და ნაპოვნს დააბრუნებენ), ლოცვის ზიარების ღირსნიც გახდებიან.

    ამ მცნების აღმსრულებლებმა ეს უნდა გააკეთონ ყოველგვარი ანგარების გარეშე. [და ამისთვის] არ უნდა მიიღონ არც ვახში, არც ქრთამი, არც პროცენტი, არც რაიმე ამგვარი, რა სახელიც არ უნდა უწოდონ ამას.

    შეტირილი ხდება სამლოცველო ტაძრის ბჭის გარეთ, სადაც შემცოდველმა უნდა სთხოვოს შემსვლელ მორწმუნეთ, რომ მათ ილოცონ მისთვის. მსმენელობა ხდება ბჭის შიგნით, სტოაში, სადაც ცოდვილი უნდა იდგეს კათაკმეველთა ლოცვის დაწყებამდე და შემდგომ გამოვიდეს. რადგანაც კანონი ამბობს: წმ. წერილისა და მოძღვრების მოსმენის დროს განიდევნოს და ნუ გახდეს ლოცვის ღირსი.

    შევრდომის წესი არის, როდესაც მონანული დგას ტაძრის ბჭის შიგნით და გამოდის კათაკმევლებთან ერთდ. თანამდგომარეთა წესი კი არის, როდესაც მონანული დგას მორწმუნეებთან ერთად და არ გამოდის გარეთ კათაკმეველებთან ერთად. საბოლოო კი არის წმინდა საიდუმლოთა ზიარება.
    კატეგორია: საეკლესიო სამართალი | ნანახია: 735 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    ღმრთის შექმნილი ყველა და ყველაფერი კეთილია და წმინდა, რადგან ღმრთის სიტყვას არაფერი არასაჭირო და არაწმინდა არ შეუქმნია, ”რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ცოცხალთა შორის” (II კორინთ. 2,15), პავლე მოციქულის სიტყვისამებრ.


    ხოლო რადგან სხვადასხვა და მრავალსახე არის ეშმაკის ისრები და მარტივი გონების პატრონთა აღელვებას ისწრაფვის და აბრკოლებს ძმათა ჩვეულებრივ მოღვაწეობას მათში არაწმინდა და შემაგინებელი ფიქრისა და სურვილის ჩათესვით, მოდი და მცირე სიტყვით ბოროტის საცთური ჩვენი მაცხოვრის მადლით ცხადვყოფთ და მარტივი გონების პატრონები დავიცვათ. ”წმინდათათვის ყოველივე წმინდაა, ხოლო არაწმინდათა სინდისიც და ყოველივე შეგინებულია” (ტიტ. 1,15). მრავალნაირია ეშმაკის ხრიკები, რომელიც გახრწნისა და წარწყმედის მიზეზ ფიქრს თესავს მათში, ვინც წმინდად ითვლება, და ამას აკეთებს შეპარვითა და ტყუილით უფრო, ვიდრე პირდაპირ კვეთებით. იმისთვის, რომ როგორც თავიდან ვთქვით, მოსპოს და ჩამოაშოროს მოღვაწენი სათანადო და საცხოვნებელ წვრთნას, ისეთ საკითხს წამოჭრის მათ შორის, რომელიც ცხოვრებისათვის ვერაფერს სასარგებლოს მოიტანს. ეს არის ფუჭი და უსარგებლო კამათი და ლაპარაკი, რომელსაც გვერდი უნდა აუარო და უგულებელყო. აბა, მითხარი, ო საყვარელო და განკძალულო, რა ცოდვა და უწმუნდურობა აქვს რაიმე ბუნებრივ გამონაყოფს, როგორც ზოგიერთი ბრალად უყენებს ვისმე ცხვირიდან წამოდენილ სისველეს და პირიდან გადმოსულ ნერწყვს? ასევეა მუცლის დაცლა, რომელიც საჭიროა ცოცხალი არსების სიცოცხლისათვის. ადამიანი ღმრთის ხელის შექმნილად გვწამს წმინდა წერილისამებრ და, როგორ შეიძლებოდა, წმინდა ხელიდან რაიმე ბიწიანი გამოსულიყო. და თუ ღმრთის ნათესავი ვართ მოცქიულთა წიგნისამებრ (საქ. 17,28), ჩვენ ჩვენში არაწმინდა არაფერი გვაქვს. მხოლოდ მაშინ შევიგინებით, როცა სულის წარმწყმედ ცოდვას ვმოქმედებთ. ხოლო როცა ბუნებრივი და უნებური გამოყოფა ხდება, მაშინ სხვა პირველხსენებულ ბუნებრივ საჭიროებად უნდა შევრაცხოთ ესეც. ხოლო რადგან ზოგს სურს, მართლად ნათქვამს და უფრო ღმრთის შექმნილს ეწინააღმდეგოს, სახარების სიტყვები მოაქვს: ”არა შემავალნი შეაგინებს კაცსა, არამედ გამომავალნი” (მათე 15,11). არ შეიძლება, რომ მათი ასეთი პირუტყვობის შესახებ არაფერი ვთქვა. უნდა ვამხილო მათი ძიება, რადგან სახარებაზე თავისი უსწავლელობის გამო ძალადობენ. საღმრთო სიტყვა კი ასე ამბობს: ხოლო სხვები ამათ მსგავსად საჭმელის შესახებ გამოთქვამდნენ ეჭვს და იმოწმებდნენ ამ სიტყვებს. მაშინ უფალმა ამავე სიტყვებით დაარღვია წარმოქმნილი კამათიდა განაქიქა საცთურიანი ფიქრი, თქვა რა, რომ "არა შემავალნი შეაგინებენ კაცსა, არამედ გამომავალნი" (მათე 15,11). და დასძენს, თუ საიდან გამომავალი, ცხადია, გულიდან, რადგან იცის, რომ იქ არის ბოროტების ბუდე. ეს არის ვნებული ფიქრი და სურვილი და სხვა ცოდვები. უფრო მოკლედ ამისვე მასწავლებელი მოციქული ამბობს: ”საჭმელი არ წარგვადგენს ჩვენ ღმერთთან” (კორ. 8,8). ვინმემ ესეც უნდა თქვას სამართლიანად, რომ არც ბუნებრივი გამონაყოფი წარმოგვადგენს ჩვენ დასასჯელად. ბავშვიც კი უპასუხებს მკურნალს (იქნებ დაიჯერონ გარეშე მაგალითებით მოკამათეებმა), რომ ცხოველს მიცემული აქვს საჭირო გასავალი, სადანაც გამოიყოფა ჩვენი თითოეული ასოს ზრდისათვის ჭარბი ნივთიერება, თმიდან და თავიდან ჩამოსული სინოტივის ბიწი, მუცელში საზრდოსგან დაგროვებული მონელებული, რაც ზედმეტია, თესლის დინების სინოტიოვე. რა შეცოდებაა ღმრთის წინაშე, ო ღმრთისმოყვარე მოხუცებულო, და საწყენი შემოქმედისთვის, თუ მის შექმნილ ცოცხალ არსებას მეუფის სათნოყოფით აქვს სხეულის მოხსენებული ასოების ასეთი განსავალი. ბოროტი ძალის მხილება საჭიროა და წინ უნდა აღვუდგეთ მას, ამიტომ ვთქვათ ესეც, რომ ცოდვა არ არის მათი სწორად მოხმარება, თუ დამბადებელს შეუქმნია ეს ორგანოები. თუ კითხვის სახით მეტყვიან, რომელს თვლის კანონიერ ხმარებადო, - იმას, რომელიც ღმერთმა ბრძანა, თქვა რა: ”გაიზარდეთ, გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა” (დაბ. 1,28). ეს მოციქულმა შეიწყნარა და თქვა: ”პატიოსანი არის ქორწინება და საწოლი შეუგინებელი” (ებრ. 13,4), და არ ვთვლი სწორად ნაპარავს, ბილწსა და მრუშობით ქმნილს. ამ ცხოვრებაში ქმედება ორადაა გაყოფილი: უჯეროა კაცის კვლა, მაგრამ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა ამოწყვეტა კანონიერია და ქების ღირსი. ამიტომ ბრძოლაში მამაცობით გამორჩეული პატივის ღირსიად და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება. ერთი და იგივე საქმე ზოგი მიზეზით და ზოგ დროს უჯეროა, ხოლო ზოგი საფუძვლითა და ზოგჯერ საპატიებელია და საქებარიც კი. ასეთივეა თანაცხოვრების საქმეც. ნეტარია ის, ვინც ახალგაზრდობაში შეუღლდება და შვილთა გაჩენისთვის გამოიყენებს თავის ბუნებას. თუ მეძავთა და მრუშთა ბილწ ცხოვრებას შეიტკბობს, მას მოციქულის მიერ აღწერილი სატანჯველი ელის აუცილებლად. ორი გზა არის ამ ცხოვრებაში: ერთი ზომიერი და ერთი საერო, ქორწინების გზას ვამბობ, ხოლო მეორე - ანგელოზისებრი და ზესთა სოფლისა, რომელიც არის ქალწულობა. მათ შორის ვინც ამქვეყნიურისა და ქორწინების გზას აირჩევს, შესაბრალისი არ არის, რადგან იმდენი მადლით ვერ გამდიდრდება, მაგრამ მაინც მადლიანია, რადგან მიიღებს ნაყოფის ოცდამეათედ ნაწილს. თუ ვინმე უბიწო ცხოვრებას და ზესთა სოფელს შეიტკბობს, თუმცა ახალდამწყებისთვის რთულია და ძნელად წარსამართავი ეს გზა, მაგრამ ყოვლად საკვირველი მადლი აქვს, რადგან ასწილად ააყვავებს სრულ ნაყოფს.

    ასე რომ, მათმა არაწმინდა და ბოროტმა შეკითხვებმა მიიღეს თავისი ახსნა, თავიდანვე დასაბუთებული და განმარტებული საღმრთო წერილის მიერ.

    ხოლო შენ, მამაო, განამტკიცე შენდამი რწმუნებული სამწყსო, სამოციქულოთი დალოცე, სახარებით წარმართე, ფსალმუნით ასწავლე და თქვი: ”მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა” (ფს. 118,25). ხოლო მისი სიტყვა შედგება მისდამი განწმენდილი გულით მსახურებისაგან, რადგან ეს საღმრთო წინასწარმეტყველება იცოდა და თავის ნთქვამს ასე განმარტავდა: ”გული წმინდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო (ფს. 50,10), რათა შემწიკვლული ფიქრები და სურვილები არ მაღელვებდნენ მე. და კიდევ ამბობს: ”და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე” (ფს. 50,11), რომ თუ ფიქრი და სურვილი ამაღელვებს მე, შენმიერი ძლიერი ძალა, როგორც საფეხური მტკიცე, განმამტკიცებდეს. ამას და ამის მსგავსს გვასწავლიდა წინასწარმეტყველი და ასწავლიდა მათ, რომელნიც ირწმუნებოდნენ ჭეშმარიტებას: ”ვასწავლო უსჯულოს გზანი შენნი” (ფს. 50,12). მიენდე უფალს, რომ დაარწმუნო მათ ასეთი სიბოროტისაგან განშორებაში და იგალობე: უღმერთოებიც შენსკენ მობრუნდებიან. მიეცეს სიმშვიდე და დაწყნარება მათი ფუჭი შრომისაგან ასეთი ბოროტი ჩვეულებითა და ავი ხელოვნებით გამომკითხველებს, ხოლო კეთილ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს - სამეუფო სულით განმტკიცება. ხოლო თქვენ, ვინც მტკიცედ იცით შეუმცდარი ჭეშმარიტება, მოგეცეთ დაურღვევლად და შეურყევლად მასზე დგომა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიერ, რომელთან ერთად მამას დიდება და სიმტკიცე წმინდა სულთან ერთად უკუნითი-უკუნისამდე.
    კატეგორია: საეკლესიო სამართალი | ნანახია: 637 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    ერეტიკოსები მოვიხსენიეთ, როგორც მკვდრები და ჩვენ შესახებ ვთქვით, რომ გვაქვს საღმრთო წერილი ცხოვნების სულად, როგორც პავლე სწერს კორინთელებს (II კორ. 11,3). მეშინია, რომ ზოგიერთ გულუბრყვილოს თავისი სიმარტივისა და უმეცრების გამო აცთუნებენ ვერაგი და მზაკვარი ადამიანები და ისინი სხვა წიგნებთან ერთდ კითხულობენ აპოკრიფულ წიგნებს, მოტყუებულნი იმით, რომ მათაც იგივე სახელი ჰქვიათ, რაც ჭეშმარიტ წიგნებს, თითქოს შეესატყვისებიან მათ. გთხოვთ, მიჰყვეთ იმ წიგნებს, რომელთა შესახებ იცით, რომ ჭეშმარიტნი არიან. მათ შესახებ მეც გავიხსენებ და დავწერ ეკლესიის საჭიროებისათვის და გამოსაყენებლად. მსურს მათი მოხსენიება და ჩემი გამბედაობის განსამტკიცებლად გამოვიყენებ ლუკა მახარებლის სიტყვათა მაგალითს და მეც ვიტყვი, რომ ზოგიერთებმა ხელი მიჰყვეს აპოკრიფულად სახელდებული წიგნების წერას და მათ აღრევას ღმრთივსულიერ წიგნებში. ეს უკანასკნელნი, დარწმუნებული ვართ ჩვენ, ასე გადმოგვეცა ჩვენი მამებისაგან, რომლებიც დასაწყისიდან თვითმხილველნი იყვნენ და ემსახურებოდნენ სიტყვას. საჭიროდ მიმაჩნია მეც, საკუთარი ძმების ბრძანებით დასაწყისიდანვე ვიცოდე და შემდეგ თანამიმდევრობით აღვწერო, თუ რომელია კანონით მიღებული და საღმრთოდ სარწმუნო წიგნები, რათა თითოეულმა შემცდარმა უარყოს თავისი შემცდენელნი, ხოლო შეუცთომელთ უხაროდეს და უფრო განმტკიცდნენ მათი გახსენებით.


    ძველი აღთქმის წიგნი სულ არის ოცდაორი, რადგან ამდენივეა, როგორც ვიცი, ებრაულ ანბანში ასო.

    ხოლო რიგი სახელწოდება თითოეულისა შემდეგია: პირველი - დაბადება, შემდეგ - გამოსვლათა, მერმე - ლევიტელთა, ამის შემდეგ - რიცხვთა და მეორე სჯულისა. ამათ მოსდევს - ისუ ნავესი, მსაჯულთა, შემდეგ - რუთი, შემდეგ - მეფეთა ოთხი წიგნი, ამათგან პირველი და მეორე წიგნი ერთ წიგნად არიან აღრიცხულნი და მესამე და მეოთხე - ასევე ერთად. ამათ შემდეგ - ნეშტთა პირველი და მეორე, ასევე ერთ წიგნადაა აღრიცხული ესენიც. შემდეგ ეზრა პირველი და მეორე - ერთი წიგნია ისიც. ამათ შემდეგ ფსალმუნთა წიგნი, შემდეგ - იგავნი. შემდეგ ეკლესიასტე და ქება-ქებათა. ამათთან ერთად არის იობი, შემდეგ თორმეტი წინასწარმეტყველი, ერთ წიგნად აღრიცხული. შემდეგ - ესაია, იერემია და ამთთან ერთად ბარუქი, გოდება და ეპისტოლე. ამათ შემდეგ ეზეკიელ და დანიელ. აქამდე მხოლოდ ძველი აღთქმისანი არიან.

    ახალი აღთქმის მოხსენიებასაც ნუ დავიზარებთ. ესენი არიან - ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისი, ლუკასი და იოანესი. მათ შემდეგ - საქმე მოციქულთა და კათოლიკედ წოდებული მოციქულთა შვიდი ეპისტოლე: იაკობისა - ერთი, პეტრესი - ორი, იოანესი - სამი და იუდასი - ერთი. ამათ მოსდევს პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, რომელთა რიგი ასეთია: პირველი - რომაელთა მიმართ, მეორე - კორინთელთა მიმართ (ორი), შემდეგ გალატელთა და ეფესელთა მიმართ, ამის შემდეგ - ფილიპელთა და კოლასელთა მიმართ, შემდეგ - თესალონიკელთა მიმართ (ორი) და ებრაელთა მიმართ. შემდეგ ტიმოთეს მიმართ (ერთი) და, დასასრულ, ფილიმონის მიმართ (ერთი) და ბოლოს - იოანეს გამოცხადება.

    ეს არის ხსნის წყარო. გამაგრილებელია ამ წიგნებში მოცემული სიტყვები. მხოლოდ გვეხარება კეთილმსახურების მოძღვრება. ამათ ნურც რაიმე დაემატება და ნურც გამოაკლდება. ამის გამო უფალი იესუ ქრისტეს სადუკეველებს ამხილებდა და ეუბნებოდა: ”სცდებით, რადგან არ იცით წიგნები” (მათე 22,29). ხოლო ურიებს ასწავლიდა: ”გამოიძიეთ წიგნები, რამეთუ იგინი არიან, რომლენიც მოწმობენ ჩემ შესახებ” (იოან. 5,39).

    უმეტესი შეუცთომლობისათვის საჭიროდ მივიჩნიე იმის დამატებაც, რომ არიან სხვა წიგნებიც ამათ გარდა, არადაკანონებული, მაგრამ მამათა მიერ დაწერილი იმათთვის საკითხვად, რომლებიც მომავალში მოვლენ და მოინდომებენ, რომ კეთილმსახურების სიტყვას დაემოწაფონ: სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, ესთერი, ივდითი, ტობისა, მოციქულთა სწავლებად წოდებული წიგნი, და წიგნი, რომელსაც პიმენი (ბერძნ. ”მწყემსი”) ჰქვია. საყვარელნო, არც ზემოჩამოთვლილ კანონიკურ და არც არაკანონიკურ საკითხავთა შორის არ მოიპოვება აპოკრიფულად სახელდებულ წიგნთა სახსენებელი, ისინი მწვალებელთაგან არიან შექმნილნი, რომლებიც წერენ მათ, როცა უნდათ და გვაწვდიან და უმატებენ ხანს, რამდენიც უნდათ, და როგორც ვითომდა ძველს, სარწმუნოდ ხდიან მათ და ამით აცთუნებენ გულუბრყვილოებს.
    კატეგორია: საეკლესიო სამართალი | ნანახია: 643 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    უფლის ძესა და სასურველ თანამწირველს რუფინიანეს ათანასე უფლისა მიერ გახარებ!

    შენ გვწერ, რაც საყვარელმა შვილმა უნდა მისწეროს მამას. ამ წერილით ჩემთვის ახლობელქმნილს გეამბორები, ჩემთვის ყველაზე უფრო სასურველო რუფინიანე. მე, როგორც ძეს, ისეთი გაბედულებით გწერ და შენდამი წერილის მოწერით ვხარობ. ო, გწამდეს, გლოცავ და გევედრები, რომ მუდამ მომწერო ასეთი წერილი, რადგან მცირედ კი არა, დიდად გვახარებ, ამას რომ აკეთებ, რადგან კეთილმოყვარე და საეკლესიო არის ასეთი შეკითხვა და შენს კეთილ მოკრძალებულობას შეშვენის. შენ გვეკითხები იმათ შესახებ, ვინც ჭირისაგან იძულებულია,* მაგრამ ბოროტი მორწმუნეობით არ გახრწნილა და გსურს, რომ მოგწერო, რა ითქვა კრებაზე მათ შესახებ და ყველაფერი, რაც ვიცი.


    სასურველო უფალო ჩემო, თავიდან, როცა დაცხრა ეს ძალადობა, გარე მხარეთა ეპისკოპოსების კრება შედგა. იყო კრება ელადაში მცხოვრები მღვდლებისაც, აგრეთვე ესპანელებისა და გალიელთა. როგორც აქ, ასევე ყველგან დაადგინეს, რომ დაცემულებს და უღმრთოებისაკენ გადახრილებს შეენდოთ, თუ მოინანიებენ, მაგრამ სამღვდელო დასთან შეერთების ნება მათ არ ეძლევათ. ხოლო იმათ შესახებ, ვისაც არ სურდა უღმრთოება, მაგრამ ეს ძალით მოეხვია თავს გაჭირვებისა და იძულების გზით, მათ დაადგინეს შენდობაც და სამღვდელო დასში შერაცხვის უფლების მიცემაც, მით უმეტეს, თუ ისინი ჯეროვნად გასცემენ პასუხს, იტყვიან, ეს მოხდა გარკვეული მიზეზით, და დაამტკიცებენ, რომ არ არიან უღმრთოების მიმდევრები. იმის გამო, რომ ვინმე უღმერთო არ დაეყენებინათ მათ ადგილას და არ გაეხრწნათ ეკლესია, მათ ირჩიეს, დამორჩილებოდნენ ძალადობას და ეტვირთათ ეს სიმძიმე, ვიდრე წარეწყმიდათ ერი. როცა ამას ამბობენ, ჩვენთვის დამაჯერებელი უნდა იყოს მათი სიტყვები, რადგან მაგალითად მოჰყავთ უდაბნოში მოსეს ძმა აარონი, რომელიც დაემორჩილა ერის მიერ რჯულის გადასვლას, რასაც ასე ხსნიდა: სჯობს ხალხი დარჩეს კერპთმსახურად, ოღონდ არ დაბრუნდეს ეგვიპტეშიო. ცხადი იყო, უდაბნოში დარჩენით დაცხრებოდნენ უღმერთოებისაგან, ხოლო თუ ეგვიპტეში დაბრუნდებოდნენ, გაამრავლებდნენ და გაზრდიდნენ თავის უღმერთოებას. ამ მიზეზის გამო შენდობა შეიძლებოდა მისი. ასევე შემცდართაც და იძულებით გზასაცდენილთაც უნდა მიეცათ შენდობა. ამის შესახებ შენი კრძალულებისაგან ვიცი, რომ განჩინებები მიიღო შენმა ღმრთისმოყვარეობამაც და ბრალს ნუ დასდებს ამის გამო შეკრებილ მღვდლებს.

    ღირსად ჩავთვალე ამის წაკითხვა სამღვდელო დასისთვის და შენს სამწყსოდ მიჩნეული ერისთვის, რომ მათაც იცოდნენ ეს და ბრალი არ დაგდონ შენ ასეთი საქმეების ამგვარად წარმართვის გამო.

    მადლობა უფალს, რომელმაც ასე სრულგყო შენ სიტყვითა და ცოდნით.

    ესეც უნდა გაუწყოთ, რომ მონანულებს მართებთ, განცხადებულად სახელდებით შეაჩვენონ ევდუქსიოსი და ევზოიოსი - ბოროტად მორწმუნეები, აღიარონ ნიკეის კრების მიერ აღსარებული სარწმუნოება და არც ერთი კრება არ ჩათვალონ ამ კრებაზე უფრო საპატიოდ.

    უთხარი შენს ძმობას შენთან ერთდ უფლისმიერი მოკითხვა

    -------------------------------------

    * ხელნაწერებში არის მინაწერი: შეისწავლე, რომ კერპთაყვანისმცემელთა მიერ იძულებაზე კი არ ლაპარაკობს ეს დიდი მამა, არამედ მწვალებელ არიანელთა მიერ იძულებაზე, რომლებიც კერპთაყვანისმცემელთა მსგავსად აიძულებდნენ და ტანჯავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს.
    კატეგორია: საეკლესიო სამართალი | ნანახია: 634 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    SEAMAN.GE © 2019
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz