ხუთშაბათი, 02.05.2024, 01:04
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:35 | შეტყობინება # 166
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გართულებები. თუ ანტიტოქსინის შეყვანა დაგვიანდა, მოსალოდნელია შემდეგი გართულებების განვითარება:
ბაქტერიის ტოქსიკური მოქმედების შედეგად მინიმუმ - 3-14 დღეში, მაქსიმუმ - 4-7 კვირაში შესაძლოა განვითარდეს გულის კუნთის მძიმე დაზიანება (ტოქსიკური მიოკარდიტი), რომელიც ხშირად ლეტალურად სრულდება. ამ გართულების ალბათობა 50%-ს შეადგენს.
მოსალოდნელია გულის უკმარისობა და უეცარი სიკვდილი.
ავადმყოფების 20-30%-ს კარდიოგრამაზე აღენიშნება უმნიშვნელო ცვლილებები, გულის სრული ბლოკადა, პარკუჭოვანი არითმია, რომლის დროსაც ხშირია ლეტალური დასასრული.
მონო- ან პოლინევრიტი: რბილი სასის პარეზი (ხმის ჩახლეჩა, სასის ლაგამის ასიმეტრიული განლაგება, სასის რეფლექსის უქონლობა), თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზი (მხედველობის აკომოდაციის დარღვევა, რომლის შედეგადაც შეუძლებელი ხდება წვრილი ნაბეჭდი შრიფტის წაკითხვა). გართულება 14-24 დღეში იჩენს თავს. მისი განვითარების ალბათობა 20%-ს შეადგენს. მეოთხე-მეხუთე კვირას მოსალოდნელია ტანის, კიდურებისა და სასუნთქი კუნთების გენერალიზებული დამბლა.
ტოქსიკური ნეფროზი - 5-8 დღე.
ტოქსიკური შოკი - პირველი 3-4 დღე.
პნევმონია - 2-4 კვირა.
ასფიქსია (სასუნთქი გზების დიფტერიის დროს) - 3-5 დღე.

ამჟამად დიფთერიის ლეტალური დასასრულის ალბათობა 10%-ს შეადგენს. უმეტესად იღუპებიან 5 წლამდე ასაკისა და 40 წელს გადაცილებული პაციენტები.
სპონტანური გამოჯანმრთელება მიმდინარეობს ნელა, კვირების განმავლობაში. დაავადების გვიანდელ ეტაპზე ანტიტოქსინის ან კორტიკოსტეროიდების დანიშვნა მიოკარდიტსა და დამბლას ვერ ამსუბუქებს.

მკურნალობა. დიფთერიის ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. დიფტერიის საწინააღმდეგო შრატით დროული მკურნალობა მოკლე ხანში გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. კრუპის შემთხვევაში საჭიროა ხორხში სპეციალური მილის ჩადგმა (ინტუბაცია) ან სხეულის გარედან გაკვეთა (ტრაქეოტომია).

პროფილაქტიკა. დიფთერიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა აცრაა. დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ანტიტოქსიკური ანტისხეულების წარმოქმნას, რაც დიფთერიის კლინიკურ გამოვლენას შეუძლებელს ხდის. ეფექტი 95-100%-ში მიიღწევა. დაავადების შემთხვევაში დითტერია მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინის მოქმედების პერიოდი 10 წელია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:35 | შეტყობინება # 167
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დუოდენიტი თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით-დისტროფიული დაავადებაა. ამ დროს თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, ხოლო მისი ჯირკვლოვანი აპარატი - განუწყვეტელ ატროფიას. დუოდენიტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და მეტწილად მამაკაცებს შორის გვხვდება.
დუოდენიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე დუოდენიტი, წესისამებრ, მიმდინარეობს კუჭისა და ნაწლავების მწვავე ანთებასთან ერთად მწვავე გასტროენტერიტის, გასტროენტეროკოლიტის სახით. განასხვავებენ მის კატარულ, ეროზიულ-წყლულოვან და ფლეგმონურ ფორმებს. მწვავე დუოდენიტი შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ინტოქსიკაციამ - იმ ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლამ, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ახდენს, ასევე - მწარე და ცხარე საკვების ჭარბმა მიღებამ, ალკოჰოლიანმა სასმელებმა, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის უცხო სხეულით დაზიანებამ.
მწვავე დუოდენიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, ძლიერი სისუსტე. ეპიგასტრიუმის მიდამოში შეხება მტკივნეულია. დიაგნოზი დასტურდება დუოდენოფიბროსკოპიით, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში ანთებით ცვლილებებს ავლენს.
ფლეგმონური ფორმის დროს ავადმყოფის მდგომარეობა სწარაფად უარესდება. ეპიგასტრიუმის არეში კუნთები დაჭიმულია. ტემპერატურა იმატებს. მომატებულია ედს-იც. ამ დროს ზონდირება და დუოდენოფიბროსკოპია უკუნაჩვენებია.
მწვავე კატარული და ეროზიულ-წყლულოვანი დუოდენიტი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში თვითგანკურნებით სრულდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის განმეორებად ხასიათს იღებს და ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. ფლეგმონური დუო¬დენიტის პროგნოზი კი მძიმეა: მოსალოდნელია ნაწლავებიდან სისხლდენა, ნაწლავის კედლის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი.
ქრონიკული დუოდენიტი შეიძლება იყოს პირველადიც, როდესაც თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება დამოუკიდებლად ვითარდება, და მეორეულიც, როდესაც ის სხვა დაავადებით არის განპირობებული. უკანასკნელ შემთხვევაში დუოდენიტი შერწყმულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების პათოლოგიასთან, მაგალითად, გასტრიტთან, წყლულოვან დაავადებასთან, პანკრეატიტთან, ქოლეცისტიტთან.
დუოდენიტის დროს ანთებითი პროცესი შეიძლება მთელ ნაწლავზე გავრცელდეს. ასეთ შემთხვევაში ანთებას დიფუზურს უწოდებენ. თუ ანთებითი პროცესი თორმეტგოჯა ნაწლავის რომელიმე ნაწილზეა ლოკალიზებული, დუოდენიტი ლოკალურია.
პირველადი ქრონიკული დუოდენიტი იშვიათია. მის მიზეზად შეიძლება იქცეს კვების რეჟიმის დარღვევა (არარეგულარული კვება, ცხარე საკვების მიღება, არასრულფასოვანი ღეჭვა, მაგარი ალკოჰოლური სასმელების, მაგარი ყავის ან ჩაის ჭარბი მოხმარება). გამაღიზიანებელი საკვების მიღებისას იმატებს კუჭის წვენის მჟავიანობა და მისი ნეგატიური ზემოქმედება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. იშვიათად პირველადი ქრონიკული დუოდენიტი მწვავე ფორმის შემდეგ ვითარდება. მის განვითარებას ხელს უწყობს თამბაქოს წევა - სიგარეტის კვამლში არსებული ნივთიერებები ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და თრგუნავს თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე რეაქციის მქონე სეკრეტის პროდუქციას.
მეორეული ქრონიკული დუოდენიტი შედარებით ხშირად გვხვდება. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ჰელიკობაქტერიული ინფექცია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი. შესაძლოა, განვითარდეს ალერგიული დაავადების, ნაწლავებსა და სანაღვლე გზებში გლისტების არსებობის, თორმეტგოჯა ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე სხვა პათოლოგიების დროსაც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:36 | შეტყობინება # 168
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰელიკობაქტერიული ინფექციისას ანთებითი პროცესის დასაწყისსა და გაქრონიკულებაში ჰელიკობაქტერიის დამაზიანებელ ზემოქმედებას მიუძღვის ბრალი. რაც შეეხება ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებს, ამ დროს ფერმენტების ბალანსი ირღვევა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი მათ აგრესიულ ზემოქმედებას განიცდის. ანთებითი პროცესი მხოლოდ ლორწოვანი გარსის ზედა შრეზე ვრცელდება. ლორწოვანი გარსი შუპდება, უჯრედთა კვება ირღვევა და უჯრედები განილევა.
დიფუზური დუოდენიტის დროს დისტროფიული პროცესი ვრცელდება ლორწოვანი გარსის მთელ სისქეზე და მოიცავს თორმეტგოჯა ნაწლავის ჯირკვლებს. ამ დროს სეკრეტორული ფუნქცია შესაძლოა მომატებულიც კი იყოს.
ანთების ერთ-ერთ ფორმას, ატროფიულ დუოდენიტს, ნაწლავის ლორწოვანი გარსის განლევა და მისი სეკრეტორული ფუნქციის დათრგუნვა ახასიათებს.
გვხვდება ეროზიული დუოდენიტიც, რომლის დროსაც ნაწლავის ლორწოვან გარსზე წვრილ-წვრილი ზედაპირული წყლულები ჩნდება.
ქრონიკული დუოდენიტი შეიძლება მიმდინარეობდეს წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის მსგავსი ან შერეული სიმპტომებით. არსებობს დაავადების ფარული ფორმაც, რომლის დროსაც ავადმყოფს, ფაქტობრივად, არაფერი აწუხებს.
ქრონიკული დუოდენიტის დროს ავადმყოფი უჩივის ყრუ, მჩხვლეტ ან სპაზმურ ტკივილს კუჭის ქვედა არეში. ზოგჯერ ეს შეგრძნება ჭიპის მიდამოსაც გადაეცემა. ტკივილი, წესისამებრ, აღმოცენდება ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. აყუჩებს ანტაციდური პრეპარატების ან საკვების მიიღება. ზოგჯერ კუჭში ჩნდება სიმძიმის შეგრძნებაც.
თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილის ანთება შესაძლოა კუჭის წყლულოვან დაავადებას ჰგავდეს, ქვედა ნაწილისა კი ქოლეცისტიტის ან პანკრეატიტის მსგავსი ჩივილებით მიმდინარეობს. იშვიათად აღინიშნება ღებინება, შედარებით ხშირად - ბოყინი ან გულძმარვა. ზოგჯერ თავს იჩენს მოულოდნელი შიმშილის გრძნობა.
ხშირია შემთხვევა, როდესაც დუოდენიტს თან სდევს ცვლილებები ვეგეტაციური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუხვევა, რომლებიც თავს იჩენს ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. ენაზე ჩნდება ნადები, მკერდის ძვლის ქვედა არის შეხება მტკივნეულია.
ქრონიკული დუოდენიტის დიაგნოზი დაისმის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რენტგენოსკოპიული გამოკვლევისა და ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის საფუძველზე. გარდა ამისა, ტარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის კვლევა, დუოდენალური ზონდირება.
ქრონიკული დუოდენიტის მკურნალობისას, პირველ ყოვლისა, დიეტა ინიშნება. გამწვავების პერიოდში დიეტა დამზოგველი უნდა იყოს, რათა ლორწოვანი გარსი მექანიკური, თერმული და ქიმიური გამღიზიანებლებისგან დავიცვათ. საჭიროა კვება დღეში 5-6-ჯერ. მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს ანტაციდური, მარილმჟავას სეკრეციის დამაქვეითებელი, თორმეტგოჯა ნაწლავის უჯრედთა რეგენერაციის გამაძლიერებელი და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის მარეგულირებელის პრეპარატების მიღებას. მეტად ეფექტურია ფიზიოთერაპიული მკურნალობა. რეკომენდებულია სანატორიულ-კურორტული თერაპია.
დუოდენიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს რეჟიმულ კვებას, ალკოჰოლისგან თავის შეკავებას, დუოდენიტის მაპროვოცირებელი დაავადებების მკურნალობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:36 | შეტყობინება # 169
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს - მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს.
ეგზემის მიზეზი უცნობია. დაავადების წარმოქმნის მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის (უპირატესად - ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის) ფუნქციური დარღვევებით. ამ დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ეგზემით დაავადებულებში ერთობ თვალსაჩინოდ არის გამოხატული.
ენდოგენური ფაქტორების არსებობისას (ნერვული და ენდოკრინული სისტემების, ღვიძლის, ნაწლავების ფუნქციის მოშლის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში) ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ეგზოგენური გამღიზიანებლები, რომლებსაც ორ ჯგუფად - ჩვეულებრივ ანუ ბანალურ გამღიზიანებლებად და ალერგენებად ყოფენ.
ბანალური გამღიზიანებელია სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური აგენტი, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე საყოფაცხოვრებო თუ პროფესიულ პირობებში. მათ შორის - მეტეოროლოგიური ფაქტორები (სიცივე, სიცხე, ქარი, მზის სხივები), წყალი, საპონი, მჟავები, ტუტეები.
ენდოგენური დარღვევებისა და ეგზოგენური გამღიზიანებლების კომპლექსი განაპირობებს ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებას (სენსიბილიზაციას) გარე გამღიზიანებლების მიმართ.
ალერგენები ისეთი გამღიზიანებლების მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომლებიც ორგანიზმზე ერთჯერადი მოქმედებისას შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, მაგრამ ხანგრძლივი, მრავალჯერადი ზემოქმედებისას ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლას - სენსიბილიზაციას განაპირობებს. ალერგენების მაგალითად გამოდგება ორგანული ნივთიერებები: სკიპიდარი, საღებავები, ნიკელის, ქრომის მარილები და სხვა.
სენსიბილიზაციის დასაწყისში შესაძლოა ორგანიზმი რომელიმე ერთ გამღიზიანებელზე რეაგირებდეს. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ორგანიზმის რეაქტიულობა იცვლება და იწყება რეაგირება მრავალ სხვადასხვა, მათ შორის - ბანალურ გამღიზიანებლებზეც კი.
ენდოგენური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომლის მნიშვნელობაზეც მიუთითებს ქავილისა და წვის შეგრძნებები და თერმორეგულაციის დარღვევა.
დაავადებულთა ალერგიულ მდგომარეობას შესაძლოა ხელი შეუწყოს ქრონიკული ინფექციის კერებმა (ტონზილიტმა, სინუსიტმა, ქოლეცისტიტმა, აპენდიციტმა, პროსტატიტმა, კოლიტმა). აგრეთვე - სოკოვანი დაავადების გამწვავებამ, ნაწლავთა პარაზიტების ცხოველმყოფელობის პროდუქტებმა და ა.შ. გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი განწყობა დაავადების მიმართ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:36 | შეტყობინება # 170
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ დაავადების ოთხ კლინიკურ ფორმას: ჭეშმარიტს, სებორეულს, მიკრობულსა და პროფესიულს. ჭეშმარიტი ეგზემის კლინიკური სურათი იწყება კანის მეტ-ნაკლებად გამოხატული შეშუპებით და ანთებით (ერითემული სტადია), რასაც თან სდევს ინტენსიური ქავილი. ამ ფონზე ჩნდება მრავალრიცხოვანი წვრილი, წერტილოვანი, იშვიათად - მსხვილი კვანძი (კვანძოვანი სტადია) და გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები (ბუშტუკოვანი სტადია), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეგზემა მხოლოდ შეშუპებით და ანთებითი სიწითლით მიმდინარეობს. ბუშტუკები სკდება და შიშვლდება კანის სველი ზედაპირი. სითხე გამოიჟონება წვრილი ელემენტებიდან და ვრცლად ფარავს კერებს. ამ სტადიაზე დაავადებას სველ ეგზემას უწოდებენ. სითხე თანდათან შრება და თავდაპირველად - ნახევრად გამჭვირვალე-მოყვითალო, შემდეგ კი სქელ მორუხო ან მოყავისფრო ლაქებად გარდაიქმნება (ქერქოვანი სტადია). რამდენიმე დღის შემდეგ ქერქი კანის ზედაპირს სცილდება და მის ქვეშ ჩნდება ღია ვარდისფერი სადა, ნაზი, ოდნავ პრიალა ეპიდერმისით დაფარული კანი, რომელიც იწყებს აქერცვლას (აქერცვლისა და ეპითელიზაციის სტადია). ანთებითი პროცესი თანდათან სუსტდება და კანი ბუნებრივ ელფერს იღებს. ზოგჯერ კერაში მუქი შეფერილობის ლაქა რჩება. შესაძლოა, პროცესი განვითარების რომელიმე (ნებისმიერ) სტადიაზე შეჩერდეს, უკუგანვითარდეს და რამდენიმე ხანში განკურნებით დასრულდეს. შესაძლოა, კერაში ერთდროულად სხვადასხვა ნიშანმა იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ გამონაყარი პოლიმორფულია.

ჭეშმარიტი ეგზემის კერა სხვადასხვა ზომისაა, აქვს არცთუ მკვეთრად გამოხატული საზღვრები, ახასიათებს უპირატესად სიმეტრიულობა და ჩნდება ხელის ზურგზე, წინამხრებზე, ტერფების ზემოთა ზედაპირზე, ბავშვებში - სახეზე, ტანზე, გულმკერდზე და ნებისმიერ სხვა მიდამოში. ჭეშმარიტი ეგზემის ლოკალიზაცია დაავადების მორფოლოგიურ სურათზე გავლენას არ ახდენს. გამონაკლისია ხელისგულები და ფეხისგულები, სადაც კანის აგებულების თავისებურებების (რქოვანას სისქის) გამო დაავადება სხვაგვარი ფორმით ვლინდება. მას დისჰიდროზულ ეგზემას უწოდებენ. ამ დროს ხელისგულებისა და ფეხისგულების, თითების გვერდითა ზედაპირებზე ჩნდება მრავალი წვრილი ბუშტუკი. ეპიდერმისის სისქის გამო ანთებითი ფონი ამ ადგილებში ძლიერ სუსტად არის გამოხატული. ბუშტუკები ან იხსნება, ან ხმება და ბრტყელ მოყვითალო ფუფხად იქცევა. დისჰიდროზული ეგზემის კერა მკვეთრად არის შემოსაზღვრული ჯანმრთელი კანისგან. დაზიანების კერა შესაძლოა გაფართოვდეს და გადავიდეს ხელის მტევნებსა და ტერფების ზემოთა ზედაპირზე, სადაც პროცესი ჭეშმარიტი ეგზემის ტიპურ კლინიკურ სურათს შექმნის.
სახელწოდება `დისჰიდროზული~ ოფლის გამოყოფის დარღვევით მიმდინარეს ნიშნავს, თუმცა საოფლე ჯირკვლები ამ დროს ნორმალურად ფუნქციონირებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:37 | შეტყობინება # 171
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გახანგრძლივების შემთხვევაში მწვავე ეგზემამ შესაძლოა ქვემწვავე ან ქრონიკული ხასიათი მიიღოს.
ქრონიკული ეგზემა გახანგრძლივებული მორეციდივე ეგზემის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს და დამოუკიდებლადაც. ქრონიკული ეგზემის შემთხვევაში სისველე სუსტად არის გამოხატული ან სრულებით არ აღინიშნება. ქრონიკული ეგზემის მთავარი ნიშნებია კანის ინფილტრაცია, ლიქენიფიკაცია და აქერცვლა. ბუშტუკოვანი ელემენტები მხოლოდ პროცესის გამწვავებისას ჩნდება.
სებორეული ეგზემა, რომლის წინარე მდგომარეობა სებორეაა, უმთავრესად ლოკალიზებულია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე: თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებზე, სახეზე, შუბლის, საფეთქლების, ცხვირ-ლოყის ნაოჭებში, გულმკერდსა და ბეჭთაშუა არეებში, იღლიისქვეშა ფოსოში, საზარდულის, ჭიპის მიდამოებში, ზემო და ქვემო კიდურების მომხრელ და გვერდით ზედაპირებზე. პროცესი თავის თმიანი ნაწილიდან იწყება. ამ უბანზე სისველის შედეგად დიდი რაოდენობის ქატოსებრ, მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლთან ერთად გროვდება უხვი ქერქი, რომელიც ზოგჯერ მთელ თავს ფარავს. ყურის ნიჟარების უკან კანი შეშუპებული, წითელი და სველია, დაფარულია ქერქით. ყურებს უკანა ნაოჭებში მტკივნეული ნაპრალებია, სისველის პერიოდებს ცვლის კანის მეტისმეტი სიმშრალის პერიოდები. სებორეული ეგზემის მძიმე შემთხვევაში იქ, სადაც დაზიანება უფრო ინტენსიურია, თმა ცვივა. პროცესს თან სდევს ქავილი, წვა, ზოგჯერ - ტკივილი, თუმცა შესაძლოა, სებორეული ეგზემა თითქმის სუბიექტური შეგრძნებების გარეშე მიმდინარეობდეს.
მიკრობული ეგზემა ვითარდება პიოდერმიის, სოკოვანი დაავადების (მიკოზური ეგზემა), ინფიცირებული ტრავმის, ჭრილობის, დამწვრობის (პარატრავმული ეგზემა), ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლის, ტროფიკული წყლულის (ვარიკოზული ეგზემა) მეორეული ეგზემატიზაციის შედეგად. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით, დაავადება გამოირჩევა ასიმეტრიული განლაგებით (ანთებითი შეშუპებული კანი დაფარულია წვრილი ბუშტუკებით ან ჩირქოვანი ელემენტებით), მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით, ჩვეულებრივ, იოლად ექვემდებარება მადეზინფიცირებელი საშუალებებით მკურნალობას, რომელთა გამოყენება ჭეშმარიტი ეგზემის დროს გაღიზიანებას იწვევს. დაზიანება ლოკალიზებულია წვივებისა და ჭიპის გარშემო, სარძევე ჯირკვლების ქვეშ.
ვარიკოზული ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ტრავმები და სენსიბილიზაცია ვარიკოზული დაავადების სამკურნალო პრეპარატების მიმართ.
პროფესიული ეგზემა ჭეშმარიტისგან კლინიკურად არ განსხვავდება. იგი ვითარდება საწარმოო ალერგენებთან მრავალჯერადი კონტაქტის შედეგად, რომელიც წლობით გრძელდება. თავდაპირველად კანის ანთებით რეაქციას ალერგენის ზემოქმედების ადგილებზე ალერგიული დერმატიტის ხასიათი აქვს და ალერგენის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ მალევე უკუვითარდება. ალერგენთან კონტაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში დაავადება უფრო მდგრადი ხდება. ამ დროს მოსალოდნელია გამწვავება არამარტო საწარმოო გამღიზიანებელზე.
პროფესიული ეგზემის გახანგრძლივებისას შესაძლოა გამოვლინდეს ორგანიზმის სენსიბილიზაცია არა მარტო საწარმოო, არამედ საყოფაცხოვრებო გამღიზიანებლებზეც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:37 | შეტყობინება # 172
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბავშვებში ეგზემა ვლინდება ჭეშმარიტი, სებორეული და მიკრობული ფორმებით. შესაძლოა კომბინირებული განვითარებაც - სხვადასხვა ადგილას დაავადება სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი.
მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ნერვული, ენდოკრინული დარღვევების ლიკვიდაციას, ქრონიკული ინფექციის კერების სანაციას, ჰიპოალერგენულ დიეტას. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკი და თანმხლები დაავადებანი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, პროფესია, ცხოვრებისა და კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები.
ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად ინიშნება სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, განგლიობლოკატორები (ვალერიანის ექსტრაქტი, სედუქსენი, ამინაზინი). ჰიპოსენსიბილიზაციისთვის ანუ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის შესამცირებლად ინიშნება კალციუმის ქლორიდისა და ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარები. ფართოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები (როგორც საინექციოდ, ისე შინაგანად) და ვიტამინები (უპირატესად - B ჯგუფისა).
დაავადების მყარი და მძიმე ფორმების შემთხვევაში სისტემური დანიშნულების კორტიკოსტეროიდულ თერაპიასაც მიმართავენ.
განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ დიეტას. რეკომენდებულია მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების, შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზისა და ციტრუსების შეზღუდვა. უკუნაჩვენებია ალკოჰოლი და თამბაქო.

ადგილობრივი მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, კლინიკურ ფორმაზე, ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. სისველის სტადიაში ანთებითი მოვლენებისა და შეშუპების შესამცირებლად ინიშნება გამაგრილებელი (რეზორცინის, ბორის მჟავას, რივანოლის) საფენები, ზედაპირის შეშრობის შემდეგ - გოგირდისა და კუპრის მალამოები, კორტიკოსტეროიდული მალამოები. მიკრობული ეგზემის შემთხვევაში ინიშნება იგივე მალამოები ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ადგილობრივი მკურნალობისთვის იყენებენ ფიზიოთერაპიულ საშუალებებსაც: ულტრაიისფერ სხივებს, ელექტროფორეზს, პარაფინის აპლიკაციებს და სხვა. რემისიის პერიოდში რეკომენდებულია კურორტული მკურნალობა (წყალტუბო, ურეკი).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:37 | შეტყობინება # 173
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეგზოსტოზი არის ხაზოვანი, სფერული ან სხვაგვარი ფორმის ერთეული ან მრავლობითი არასიმსივნური, ძვლოვანი ან ძვლოვან-ხრტილოვანი წანაზარდი ძვლის ზედაპირზე. ის ნელ-ნელა იზრდება, არც მტკივნეულია და არც სხვაგვარ დისკომფორტს იწვევს, ამიტომ უმეტესად შეუმჩნეველი რჩება. აღმოაჩენენ შემთხვევით, რენტგენოლოგიური კვლევისას, ან მაშინ, როცა წანაზარდი შესამჩნევი ხდება.
ეგზოსტოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება და გაზრდილი ძვლოვანი ქსოვილის მოკვეთას ითვალისწინებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:37 | შეტყობინება # 174
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს, მიზეზის კვალობაზე - ალიმენტურს (იწვევს მეტისმეტად ცხელი ან ცივი, უხეში საკვების, ალკოჰოლის მიღება), პროფესიულს (მჟავას, ტუტეს ან მძიმე მეტალის ორთქლის ჩასუნთქვის შედეგია), შეგუბებითს (იწვევს საყლაპავში საკვების დიდხანს გაჩერება დივერტიკულის, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის, სტენოზის, კარდიის აქალაზიის შემთხვევაში), ალერგიულს (ხშირია ბავშვებში საკვებისმიერი ალერგიის დროს, მოზარდებში ბრონქული ასთმის დროს), დისმეტაბოლურს (ვითარდება პოლიჰიპოვიტამინოზის, რკინის დეფიციტის, კანის დიდი ფართობის დამწვრობის, პორტული ჰიპერტენზიის ფონზე), პეპტიურს და რეფლუქს-ეზოფაგიტს (განაპირობებს კუჭის წვენის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის განუწყვეტელი უკუგადმოსროლა).
თითქმის ყოველგვარი ეზოფაგიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ირადიაცია ზურგისა და ზედა კიდურებისკენ. ეს შეგრძნება ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს და ძლიერდება საკვების მიღებისას. დამახასიათებელია ტკივილის კავშირი ჭამასთან და დისფაგია.
რეფლუქს-ეზოფაგიტის (გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადების) განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის დისფუნქცია, იშვიათად - დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. საყლაპავის მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევას თან სდევს კუჭიდან გადმოსროლილი მჟავე მასის შეკავება და ხანგრძლივი კონტაქტი საყლაპავის ლორწოვანთან, რაც განაპირობებს კიდეც რეფლუქს-ეზოფაგიტის განვითარებას. მას ახასიათებს: ჭამასთან დაკავშირებული გულძმარვა, რომელიც წოლისას, დახრისას და ფიზიკური დატვირთვისას ძლიერდება; წამოღებინება მჟავე ან ნაღვლის შემცველი შიგთავსით; დისფაგია, რომელიც მცირდება ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღების შემდეგ; ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც სტენოკარდიისგან დიფერენცირებას მოითხოვს; ღამის ხველა ან ასთმის შეტევები, რომელთა კუპირება ანტირეფლექსური თერაპიით შეიძლება.

დიაგნოზი დაისმის ენდოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე. ზოგჯერ საჭიროდ მიიჩნევენ ბიოფსიური მასალის შესწავლას და დღეღამურ pH-მეტრიას, რომლის საშუალებითაც ხდება ატიპური სიმპტომების (მათ შორის - გულის არეში აღმოცენებული ტკივილი) დიფერენცირება.
მკურნალობის წამყვანი კომპონენტებია კვების რეჟიმის დაცვა და ცხოვრების ნირის შეცვლა. კერძოდ, საჭიროა კვება რეგულარულად და მცირე ულუფებით, ალკოჰოლზე უარის თქმა, ცხიმის შეზღუდვა, 10-15-საათიანი ძილი შემაღლებულ სასთუმალზე.
მედიკამენტებიდან ინიშნება ანტაციდები, პროკინეტიკები და ანტისეკრეტორული საშუალებები, ეროზიული ეზოფაგიტის შემთხვევაში - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (იხ. რეფლუქსი).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:37 | შეტყობინება # 175
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეკლამფსია ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მძიმე ფორმაა. ახასიათებს არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რაც ძალზე სახიფათოა როგორც დედის, ისე ბავშვის სიცოცხლისთვის. ეკლამფსიის დროს ორსულის მდგომარეობის სიმძიმეზე მიუთითებს ყველა მნიშვნელოვანი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის დარღვევა. ის უპირატესად მშობიარობისას ვითარდება, იშვიათად - მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ. შედარებით ხშირია პირველმშობიარეებს (განსაკუთრებით - ხანდაზმულ პირველმშობიარეებს) და იმ ქალებს შორის, რომელთაც ღვიძლის, თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა, ნეიროენდოკრინული და სხვა სისტემების დაავადება აქვთ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ეკლამფსიის მნიშვნელოვანი სიმპტომია სხეულის მუსკულატურის კრუნჩხვითი მოძრაობები, რომლებსაც თან სდევს გონების დაკარგვა (კომა). კრუნჩხვის შეტევას წინ უძღვის ნეფროპათიის (ჰიპერტონია, შეშუპება, პროტეინურია) ფონზე განვითარებული პრეეკლამფსიის სიმპტომები: თავის ტკივილი, ნაპერწკლების მაგვარი ნათება თვალწინ, ტკივილი გულის კოვზთან, შფოთვა, არტერიული წნევის მატება, ცილა შარდში.
ეკლამფსიის შეტევა 1-2 წუთს გრძელდება და მოიცავს რამდენიმე პერიოდს:

1 - კრუნჩხვის წინარე პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. სახის კუნთები ტოკავს, გუგები ფართოვდება, ქუთუთოებიდან ჩანს მხოლოდ თეთრი სკლერა, ტუჩის კუთხეები დაბლა ეშვება.

2 - ტონური კრუნჩხვის პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. ამ დროს ხდება მთელი სხეულის კუნთების ტეტანური შეკუმშვა, ავადმყოფი წელში იზნიქება, სუნთქვას წყვეტს, სახე თანდათან ულურჯდება.

3 - კლონური კრუნჩხვების პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. ვითარდება სახის, ტანისა და კიდურების კუნთთა ძლიერი სპაზმი, რომელიც თანდათან სუსტდება. ორსული ხროტინებს, პირიდან სდის სისხლნარევი (ენაზე კბენის გამო) ქაფი.

4 - შეტევის დასრულების პერიოდს. ის ზოგჯერ საათობითაც კი გრძელდება. ავადმყოფი კომურ მდგომარეობაშია, გონება ნელ-ნელა უბრუნდება, მომხდარი არ ახსოვს.

ხშირად შეტევას თან სდევს ტემპერატურის მატება და პულსის გაიშვიათება. შეტევის შემდეგ იმატებს არტერიული წნევა. ზოგჯერ კომურ მდგომარეობაში ხელახლა ვითარდება კრუნჩხვა.
მეტად იშვიათია ეკლამფსიის კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე ფორმა - ავადმყოფი მყისვე კომურ მდგომარეობაში ვარდება. ამ შემთხვევაში პროგნოზი ძალიან ცუდია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების, მათ შორის - ნერვული სისტემის ფუნქციის ძლიერი დარღვევის გამო იმატებს ორგანიზმის აგზნებადობა, ამიტომ ნებისმიერმა გამღიზიანებელმა (ტკივილმა, ხმაურმა, მკვეთრმა სინათლემ) შესაძლოა ახალი შეტევის პროვოცირება მოახდინოს.
შეტევის დროს მოსალოდნელია ასფიქსია, ენის მოკვნეტა, მოტეხილობა. კრუნჩხვის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ასპირაციული პნევმონია და ღვიძლ-თირკმლის უკმარისობა. ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს კრუნჩხვითი შეტევის დროს ან მის შემდეგ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის, ასფიქსიის, ფილტვების შეშუპების გამო. არცთუ იშვიათად მწვავე ჰიპოქსიის გამო იღუპება ნაყოფი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:38 | შეტყობინება # 176
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. ეკლამფსიის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. კრუნჩხვითი შეტევები ორსულობისას, მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ დიაგნოზის დასმას აადვილებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ზოგიერთი დაავადებისგან ეკლამფსიის დიფერენცირება.

ეს დაავადებებია:
ჰიპერტონიული ენცეფალოპათია. მასზე მიუთითებს ანამნეზში ჰიპერტონიული დაავადების არსებობა, ეკგ-ის დამახასიათებელი ცვლილებები და შარდში პათოლოგიური ცვლილებების არარსებობა;
ეპილეფსია, რომელზეც შეშუპებისა და ჰიპერტონიის არარსებობა, გუგების შევიწროება მიუთითებს;
თავის ტვინის სიმსივნე. მასზე მეტყველებს გვიანი ტოქსიკოზის ნიშნების არარსებობა, სიმპტომატიკის თანდათანობითი გაძლიერება, შეგუბებითი მოვლენები თვალის ფსკერზე;
ისტერიკა ამ დროს ტოქსიკოზის სიმპტომები არ აღინიშნება. გონება და რეფლექსები შენარჩუნებულია.

მკურნალობა. ეკლამფსიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ითვალისწინებს:
წოლით რეჟიმსა და სიმშვიდეს, მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური და ტკივილის გამომწვევი გამღიზიანებლებისგან იზოლირებას (ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ჩაბნელებულ, კარგად ვენტილირებად პალატაში, სადაც ვერ აღწევს ხმაური. საწოლთან მუდმივად უნდა მორიგეობდეს ბებიაქალი, რომელიც ექიმის ხელმძღვანელობით ახორციელებს სამკურნალო-ჰიგიენური ღონისძიებების კომპლექსს).
არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი სისხლძარღვთა სპაზმის მოხსნას;
დეჰიდრატაციულ თერაპიას, რომელიც აძლიერებს დიურეზს, ხელს უშლის ტვინის შეშუპებასა და ჰიპერტენზიის განვითარებას (ლაზიქსი, ფუროსემიდი, მანიტოლი);
ვენაში წვეთოვანი სახით ცილოვანი (ალბუმინი, პროტეინი, მშრალი პლაზმის ხსნარი) პრეპარატების შეყვანას, დეტოქსიკაციისთვის გლუკოზა-ნოვოკაინის ხსნარის, რეოპოლიგლუკინის, ჰემოდეზის გადასხმას;
ოქსიგენოთერაპიას - ჟანგბადით სუნთქვას.

ჩამოთვლილი მეთოდების არასათანადო ეფექტიანობის შემთხვევაში ნაჩვენებია ადრეული მშობიარობა ან საკეისრო კვეთა.
ეკლამფსიის შეტევაგადატანილ ორსულებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ. მშობიარობის შემდეგ მათ ყოველდღიურად უზომავენ არტერიულ წნევას, ყოველ მეორე-მესამე დღეს უკეთებენ შარდის ანალიზს, აკვირდებიან მელოგინის საერთო მდგომარეობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას და სასაქესო ორგანოების ინვოლუციის პროცესს. ეს საჭიროა მშობიარობის შემდგომი სეპტიკური და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად. ახალშობილებს არცთუ იშვიათად დაქვეითებული აქვთ სენშეუვალობა ინფექციების მიმართ, ამიტომ ახლობლებისა და პედიატრის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:38 | შეტყობინება # 177
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ელქტროტრავმა დაზიანებაა, რომელსაც ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედება იწვევს და ხშირად სიკვდილით სრულდება. ელექტროტრავმა შეიძლება მოჰყვეს დენის წყაროსთან სხეულის უშუალო ან რკალურ კონტაქტს (ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი მეტისმეტად ახლოს არის დენის წყაროსთან, მაგრამ არ ეხება მას).
ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედების ხარისხი მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მათ შორის აღსანიშნავია დენის ფიზიკური პარამეტრები, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, გარემოს თავისებურებანი. დადგენილია, რომ 450-500 ვოლტი ძაბვის შემთხვევაში საშიშია ცვლადი დენი, უფრო მაღალი ძაბვისას კი - მუდმივი.
დენის გამღიზიანებელ ზემოქმედებას ადამიანი 1 მა-დან გრძნობს. 15 მა ძალის დენის ზემოქმედების შედეგად ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა), რის გამოც ადამიანი დენის წყაროს ეწებება, ამიტომ პირველი დახმარების აღმოჩენამდე დენის წყარო უნდა გამოირთოს, ოღონდ ისე, რომ საფრთხე თვითონ დამხმარეს არ დაემუქროს. მიწებების ეფექტი გაცილებით ნაკლები ძალის დენმაც შეიძლება გამოიწვიოს. ელექტროტრავმა სასიკვდილოა 100 მა-ზე მეტი ძალის დენის შემთხვევაში.
ორგანიზმში ელექტრული დენის გავლისას:
ეშვება გულის ქსოვილი, რაც გულის რიტმის დარღვევას და გულის გაჩერებას იწვევს;
ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც შესაძლოა სუნთქვის შეწყვეტის მიზეზად იქცეს;
ელექტრული დენის ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის ადგილას ვითარდება დამწვრობა.

განასხვავებენ ელექტროტრავმის სამ სახეს:
მაღალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
დაბალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
მეხით გამოწვეულს.

მაღალი ძაბვით გამოწვეული ელექტროტრავმა უმეტესად სასიკვდილოა. ამ დროს სხეულზე მოქმედებს 2000-40000С ტემპერატურა, რომელიც ძლიერ დამწვრობას იწვევს. კუნთების ძლიერი შეკუმშვა დაშავებულის დიდ მანძილზე გადასროლისა და მოტეხილობების მიზეზად იქცევა.
მაღალი ძაბვის დენით მიღებული ელექტროტრავმის დროს:
4 დაუყოვნებლივ ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას;
4 იკრძალება დაშავებულთან 18 მეტრზე ახლოს მისვლა, ვიდრე არ გამოირთვება დენი და არ მოხდება იზოლაცია.

მაღალი ძაბვით მიღებული ელექტროტრავმის შედეგად ადამიანი, როგორც წესი, გონს კარგავს, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, პირველ ყოვლისა, მისთვის სასუნთქი გზების გახსნაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ თავის უკან გადაწევა კატეგორიულად იკრძალება, დასაშვებია მხოლოდ ქვედა ყბის წინ წამოწევა. უნდა შემოწმდეს სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს რეანიმაციული ღონისძიებები (ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი). თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქავს, ის გადაყვანილ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:38 | შეტყობინება # 178
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დამწვრობისა და მოტეხილობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სათანადო პირველი დახმარება.
დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული ელექტროტრავმა შესაძლოა სხეულის მძიმე დაზიანების და სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ამ ტიპის ტრავმას ხშირად იწვევს დაზიანებული ჩამრთველი, ელექტროგაყვანილობა და მოწყობილობა. სველ იატაკზე დგომისას ან სველი ხელებით ელექტროგაყვანილობასთან შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი იმატებს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს დენი უმეტესად ხელის არეში შედის და ტერფიდან გამოდის. ამ დროს ზიანდება შინაგანი ორგანოები, ამიტომ აუცილებლად უნდა გაირკვეს, როგორი იყო სხეულში ელექტროდენის მიმართულება - ეს ექიმს საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ ორგანოს დაზიანება ივარაუდოს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს:
არ შეიძლება დაშავებულთან შეხება, ვიდრე არ შეწყდება დენის წყაროსთან კონტაქტი - შესაძლოა, ელექტროტრავმა დამხმარემაც მიიღოს. დენის წყაროს მოსაშორებლად არ შეიძლება ლითონის საგნის გამოყენება. თუ შესაძლებელია, დენის მიწოდების შესაწყვეტად უნდა გამოირთოს ჩამრთველი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დამხმარე უნდა დადგეს მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (ფიცარზე, რეზინის ან პლასტმასის საფენზე, წიგნის ან გაზეთების დასტაზე) და დაშავებულს დენის წყარო ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით მოაშოროს. შეიძლება თავად დაშავებულის გადაადგილებაც: ტერფებზე ან მხრებზე ისე უნდა შემოვახვიოთ ბაწარი, რომ სხეულზე არ შევეხოთ, უკიდურეს შემთხვევაში, მოვკიდოთ ხელი მშრალ ტანსაცმელზე (თუ ტანზე მჭიდროდ არ აქვს მიკრული) და ასე გავათრიოთ.
თუ დაშავებული უგონოდ არის, უნდა გავუხსნათ სასუნთქი გზები, შევუმოწმოთ სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ სარეანიმაციო ღონისძიებები.
თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქვა და პულსი აღენიშნება, უნდა მოთავსდეს უსაფრთხო ადგილას, დამწვარი ადგილები გაგრილდეს და დაედოს სუფთა ნახვევი.
დროულად უნდა იქნეს გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თუ დაშავებულს ელექტროტრავმის შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანებები და თავს კარგად გრძნობს, უმჯობესია, კარგად დაისვენოს.
მეხით გამოწვეული ელექტროტრავმის დროს ხშირია დამწვრობა, სახისა და თვალების დაზიანება. მეხმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილიც. დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას და პირველი დახმარება ჩაუტარდეს ისე, როგორც სხვა სახის ელექტროტრავმის შემთხვევაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:38 | შეტყობინება # 179
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფილტვის ემფიზემა ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელიც სუნთქვის დარღვევით და ფილტვში აიროვანი ცვლის შეფერხებით ვლინდება. ამ დაავადებას ახასიათებს ბრონქიოლების მეტისმეტი გაფართოება (გაწელვა, გაბერვა), რასაც თან სდევს ალვეოლების კედლის დესტრუქციული ცვლილებები. გაწელვა ფილტვის ქსოვილის მოდუნებით და ორგანოს არქიტექტონიკის დარღვევით არის განპირობებული. ხსენებული ცვლილებების შედეგად ფილტვის ქსოვილში ჩნდება ჰაერის შემცველი ბუშტუკები - ბულები, რომლებიც ზოგჯერ მთელ ფილტვებშია მოთესილი, ზოგჯერ კი ორგანოს ცენტრალურ წილში იყრის თავს. მათი მდებარეობის კვალობაზე, განასხვავებენ ფილტვის ემფიზემის დიფუზურ და ლოკალურ ფორმებს.

ფილტვის ემფიზემის მიზეზებს ორ ჯგუფად ყოფენ. პირველი ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც არღვევს ფილტვის სტრუქტურული ელემენტების სიმტკიცესა და ელასტიკურობას და პირველად, დიფუზურ ემფიზემას იწვევს. ასეთი ფაქტორებია პათოლოგიური მიკროცირკულაცია, სურფაქტანტის თვისებების შეცვლა, ალფა-ანტიტრიფსინის თანდაყოლილი დეფიციტი, თამბაქოს კვამლი, სასუნთქ გზებში მტვრის ნაწილაკების მოხვედრა. ამ დროს ხდება ფილტვების რესპირაციული ნაწილის პათოლოგიური გადაწყობა. ამოსუნთქვისას, როდესაც გულმკერდში წნევა იმატებს, წვრილი ბრონქები და ფილტვები პასიურად იჩუტება, რითაც ზრდის ბრონქების წინააღმდეგობას ამოსუნთქვის მიმართ და ალვეოლურ წნევას. პირველადი ემფიზემის დროს ჩასუნთქვისას ბრონქების გამტარობა არ არის დარღვეული.
მეორე ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ფილტვების რესპირაციულ ნაწილში წნევის მატებას და ალვეოლების, ალვეოლური შესასვლელებისა და რესპირაციული ბრონქიოლების ძლიერ გაფართოებას. ამ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელიც ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს ვითარდება. ეს დაავადება ფილტვების მეორეული ემფიზემის მთავარი მიზეზია და აი რატომ: ჩასუნთქვისას გულმკერდის ღრუში წნევის დაქვეითება იწვევს ბრონქების სანათურის პასიურ გაფართოებას და ამცირებს ბრონქული ობსტრუქციის ხარისხს; ამოსუნთქვისას გულმკერდის შიდა დადებითი წნევა იწვევს ბრონქული ტოტის დამატებით კომპრესიას და აღრმავებს უკვე არსებულ ბრონქულ ორსტრუქციას, რითაც ხელს უწყობს ალვეოლებში ინსპირირებული ჰაერის შეჩერებას და მათ გაბერვას. დიდი მნიშვნელობა აქვს ანთებითი პროცესის გავრცელებას ბრონქიოლებიდან მიმდებარე ალვეოლებში, რასაც თან სდევს ალვეოლიტის განვითარება.
მეორეულ ემფიზემას ახასიათებს რესპირაციული ბრონქიოლების გაბერვა და მათ ახლოს მდებარე ალვეოლების ფორმის ცვლილება (ცენტრალური ემფიზემა). პროგრესირების შემთხვევაში პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს ფილტვის ყველა წილი. ალვეოლები გასქელებულია, შესართავები - გაფართოებული, გლუვკუნთოვანი ქსოვილი ჯერ ჰიპერტროფირდება, შემდეგ კი დისტროფიას განიცდის. ელასტიკური ბოჭკოები გასწორებულია. რესპირაციული ბრონქიოლების კედლები განლეულია, მათში კაპილარებისა და უჯრედული ელემენტების რაოდენობა შემცირებულია. ემფიზემის გვიან სტადიაზე ფილტვების რესპირაციული ნაწილის სტრუქტურული ელემენტები სრულიად ქრება.
პირველადი ემფიზემის დროს ფილტვის წილში (აცინუსში) არსებული ყველა ალვეოლა ზიანდება (პანაცინარული ემფიზემა). ბრონქებში არსებული ანთებითი ცვლილებები ბრონქიოლებზე არ აისახება. შესაბამისად, არ ხდება მათი შეშუპება და ამით გამოწვეული ობსტრუქცია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:38 | შეტყობინება # 180
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მიმდინარეობა და სიმპტომები. ფილტვების ემფიზემისთვის დამახასიათებელია ქოშინი, კასრისებრი გულმკერდის ყაფაზი, სუნთქვისას გულმკერდის მოძრაობის შეზღუდვა, ნეკნთაშუა სივრცის გაფართოება, მკერდის ძვლის მიდამოს ამობურცვა, სუნთქვის შენელება.
ემფიზემის საწყის სტადიაში ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენდება, თავდაპირველად, წესისამებრ, ზამთრობით, მერე და მერე - წელიწადის ნებისმიერ დროს. მოგვიანებით მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც ვითარდება და ბოლოს შესაძლოა მოსვენებისასაც კი იჩინოს თავი. ავადმყოფს, განსაკუთრებით - ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება. სუნთქვისას ისმის სტვენა და ხროტინი. ამოსუნთქვა გახანგრძლივებულია.
პირველად ემფიზემას მეორეულზე გაცილებით მეტად ახასიათებს მძიმე ფორმის ქოშინი. დაავადება სწორედ ამით იწყება. ავადმყოფს ვენტილაციის მოცულობა მოსვენებისასვე მაღალი აქვს, ამიტომ ფიზიკური დატვირთვის მიმართ მისი ტოლერანტობა ძალზე დაბალია. პირველადი ემფიზემისთვის დამახასიათებელ ქოშინის სიმპტომს განაპირობებს აუცილებლობა, ამოსუნთქვისას ბრონქებში წნევა გაიზარდოს და შემცირდეს წვრილი ბრონქების ექსპირაციული კოლაფსი, რომელიც აფერხებს ვენტილაციის მოცულობის ზრდას. პირველადი ემფიზემის დროს სისხლის აიროვანი შემადგენლობა უფრო მეტად არის შეცვლილი.

დიაგნოსტიკა. უნდა ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ფილტვების ჰაერით გადავსებას და დიაფრაგმის დაბლა დგომას. ასევე აუცილებელია ფილტვების ფუნქციონალური კვლევა, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით ადგენენ ამოსუნთქული ჰაერის ოდენობის შემცირებას.

მკურნალობა. პირველადი ემფიზემის მკურნალობა ითვალისწინებს:
სუნთქვით ვარჯიშებს, რომლებიც მიზნად ისახავს სუნთქვით აქტში დიაფრაგმის მაქსიმალურად ჩართვას;
ოქსიგენოთერაპიას (ჟანგბადით მკურნალობას);
ფილტვებზე თამბაქოსა და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების გამორიცხვას;
ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვას;
თერაპიას ალფა 1-ანტიტრიფსინის ინჰიბიტორებით;
ინფექციის თანდართვის შემთხვევაში - ანტიბიოტიკოთერაპიას.

მეორეული ემფიზემის დროს საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა და სუნთქვითი და გულის უკმარისობის საწინააღმდეგო თერაპია, რათა ფილტვების ფუნქცია თანდათან უფრო და უფრო მეტად არ დაირღვეს, არ მოხდეს გულის მარჯვენა ნაწილის გადაძაბვა და არ ჩამოყალიბდეს ფილტვების უკმარისობა ან გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა (ფილტვისმიერი გული).
მეორეული ემფიზემის პროფილაქტიკა ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის პროფილაქტიკას გულისხმობს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz