პარასკევი, 26.04.2024, 06:01
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:41 | შეტყობინება # 196
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
წაშლილი ფორმის დროს კლინიკური სურათი მწირია. ფეხის მეოთხე-მეხუთე თითებს შორის არსებულ ნაოჭებში კანი ოდნავ იქერცლება. ზოგჯერ ჩნდება ზედაპირული ნაპრალები.
სკვამოზურ-ჰიპერკერატოზული ფორმის დროს ფეხისგულებზე, თაღების მიდამოში, ჩნდება მშრალი მოლურჯო-მოწითალო ბრტყელკვანძოვანი ელემენტები. გამონაყარის ზედაპირი, განსაკუთრებით - შუაგულში, მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლით არის დაფარული. კვანძები დაუზიანებელი კანისგან მკაფიოდ არის გამიჯნული. ზოგჯერ ბუშტუკებიც ჩნდება. გამონაყარი შესაძლოა მთელ ფეხისგულს მოედოს. გარდა აქერცლილი კერებისა, შეიძლება წარმოიშვას ზედაპირული ნახეთქებით დაფარული მოყვითალო ჰიპერკერატოზული (ჭარბად გარქოვანებული) უბნები.
ინტერტრიგინოზული ფორმის დროს ზიანდება ფეხის II, IV და V თითებს შორის არსებული ნაოჭები. დაავადებას ახასიათებს ძლიერი სიწითლე, შეშუპება, სისველე და მაცერაცია. ხშირად ამ სიპტომებს ეროზიაც ერთვის. ამ დროს ნახეთქები ღრმა და მტკივნეულია.
დისჰიდროზული ფორმა მრავლობითი ბუშტუკოვანი ელემენტის წარმოქმნით ვლინდება. ისინი უმეტესად ფეხისგულებზე ჩნდება, შედარებით იშვიათად - ტერფის სხვა უბნებზე, თითებს შორის არსებულ ნაოჭებსა და თითებზეც. მათი შეერთებისას წარმოიქმნება მრავალკამერიანი ბუშტუკები, რომელთა გახსნის შემდეგ კანზე რჩება სველი, წითელი ეროზიული ელემენტები. თან დართული ანთების გამო ვითარდება შეშუპება, სიწითლე, რაც ეგზემის მსგავს სურათს ქმნის.

მკურნალობა. საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს გამოიყენება ლორინდენ-ჩ, მიკოზოლინი, განსაკუთრებით მწვავე ფორმის შემთხვევაში - 5-10%-იანი გოგირდ-კუპრის მალამო, ვილკინსონის მალამო და იოდის 2%-იანი ხსნარი.
ტერფების ეპიდერმოფიტიის დროს მწვავე ანთებით მოვლენებს იმავე პრინციპით მკურნალობენ, რომლითაც მწვავე ეგზემას. ინიშნება ფუნგიციდური პრეპარატები (ხსნარები - კასტელანი, ნიტროფუნგინი, მალამოები - მიკოსეპტი, მიკოზოლინი, 5-10%-იანი გოგირდ-კუპრი, ვილკინსონი).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:42 | შეტყობინება # 197
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეპიდიდიმიტი სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებითი დაავადებაა. იგი აღმოცენდება, როდესაც შარდსასქესო სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს ინფექცია თესლგამომტანი სადინარის, სისხლის ან ლიმფის საშუალებით სათესლე ჯირკვლის დანამატში ხვდება.
ეპიდიდიმიტის განვითარებას ხელს უწყობს სათესლე ჯირკვლის ტრავმა, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, მეტისმეტად ხშირი სქესობრივი კავშირი, გაციება. ეპიდიდიმიტით შეიძლება გართულდეს გონორეა, გამოვლინდეს შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი.
ეპიდიდიმიტის ნიშნებია:
დაავადებული ჯირკვლის სათესლე პარკის ტკივილი;
სათესლე ჯირკვლის უკანა ზედაპირის მკვრივი შესივება;
სხეულის ტემპერატურის მატება.

მკურნალობა. ზოგადი ღონისძიებები ასეთია:
ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად სათესლე ჯირკვალზე ყინულის ბალიშის დადება;
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება;
სათესლე ჯირკვლის ფიქსაცია;
ვიტამინოთერაპია.

სპეციფიკური თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია უროლოგთან კონსულტაცია. მწვავე ეპიდიდიმიტს მკურნალობენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით. თუ ბაქტერიოლოგიურმა კვლევამ გამომწვევი გამოავლინა, ანტიბიოტიკი მისი მგრძნობელობის გათვალისწინებით ინიშნება. გამოიყენება ასევე ცეფალოსპორინები, ფტორქინოლონი; ტეტრაციკლინი; ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი. ტუბერკულოზური წარმოშობის ეპიდიდიმიტის შემთხვევაში აუცილებელია სპეციფიკური მკურნალობა.
ანტიბიოტიკოთერაპია საშუალოდ 2 კვირას გრძელდება. თუ მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, პრეპარატის ჯგუფი უნდა შეიცვალოს.
არასწორი მკურნალობის შედეგად ეპიდიდიმიტი შეიძლება გართულდეს სათესლე პარკის აბსცესით, სათესლე ჯირკვლის ინფარქტით ან გაქრონიკულდეს.
ეპიდიდიმიტის პროფილაქტიკა ინფექციური (მათ შორის - სქესობრივი გზით გადამდები) დაავადებების პროფილაქტიკას გულისხმობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:42 | შეტყობინება # 198
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც მოულოდნელი და განმეორებადი გულყრებისადმი მიდრეკილება ახასიათებს.
გულყრა სხვადასხვა ტიპისაა, მაგრამ ყოველი მათგანის საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ნერვული უჯრედების ანომალიური და მეტისმეტად მაღალი ელექტრული აქტივობა. ასეთ აქტივოებას მოსდევს განმუხტვა, რაც სამგვარად შეიძლება დასრულდეს: განმუხტვა შეწყდეს მისი აღმოცენების მომენტში; გავრცელდეს ტვინის მეზობელ უბნებში და დაბრკოლებასთან შეხვედრისთანავე შეწყდეს; გავრცელდეს მთელ ნერვულ სისტემაში და მხოლოდ შემდეგ შეწყდეს.
პირველ ორ შემთხვევაში გულყრას პარციალურს უწოდებენ, უკანასკნელ შემთხვევაში კი - გენერალიზებულს. გენერალიზებული გულყრის დროს ცნობიერება ყოველთვის დარღვეულია, პარციალურის შემთხვევაში კი შესაძლოა შენარჩუნდეს.
ეპილეფსიურ გულყრას იხსენიებენ აგრეთვე ტერმინებით "კრუნჩხვა", "შეტევა".
ეპილეფსიით დაავადებულთა ჭეშმარიტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ბევრმა არც კი იცის, რომ დაავადებულია, ბევრიც ამ ფაქტს მალავს. უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, აშშ-ში ეპილეფსიით 4 მილიონზე მეტი ადამიანია ავად. გარდა ამისა, 1000-დან დაახლოებით 50 ბავშვს ერთხელ მაინც დამართნია გულყრა მაღალი სიცხის დროს. მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ასეთივეა სხვა ქვეყნებშიც, ვინაიდან დაავადება არ არის დამოკიდებული სქესზე, რასაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და საცხოვრებელ ადგილზე.

ეპილეფსიის მკურნალობის რადიკალური მეთოდები არ არსებობს, მაგრამ თანამედროვე მედიკამენტები ასიდან 60-80 შემთხვევაში გულყრების შეწყვეტის საშუალებას იძლევა. დაავადება იშვიათად იწვევს სიკვდილს ან ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ძლიერ შესუსტებას.
ეპილეფსიის კლასიფიკაციას მისი წარმოშობისა და გულყრების ტიპის მიხედვით ახდენენ. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს:
იდიოპათიურ ეპილეფსიას - მიზეზი დაუდგენელია;
სიმპტომურ ეპილეფსიას - განპირობებულია ტვინის განსაზღვრული ორგანული დაზიანებით.

ასიდან 50-75 შემთხვევაში ეპილეფსია იდიოპათიური ტიპისაა.

ეპილეფსიის დიაგნოსტირების თვალსაზრისით მეტად ინფორმაციულია ელექტროენცეფალოგრამა. იგი ავლენს ტვინის პათოლოგიურ ელექტრულ აქტივობას, განსაზღვრავს ამ აქტივობის კერის (ეპილეფსიური კერის) მდებარეობას და მისი გავრცელების ხარისხს. მაგრამ ელექტროენცეფალოგრამაზე ცვლილებები ყველა ავადმყოფს არ აღენიშნება. ასე რომ, ნორმალური ენცეფალოგრამა ეპილეფსიის არსებობას არ გამორიცხავს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:42 | შეტყობინება # 199
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მეტად მნიშვნელოვანია გულყრის ტიპის დადგენა, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული მკურნალობა. ზოგიერთს სხვადასხვა ტიპის გულყრა უვითარდება. ასეთ დროს კომბინირებულ სამკურნალო საშუალებებს უნიშნავენ.
ყველამ, ვისაც კი ერთხელ მაინც გადაუტანია ეპილეფსიური შეტევა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
ეპილეფსიის ჭეშმარიტი მიზეზი დღემდე უცნობია. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს დაავადება მაშინ აღმოცენდება, როდესაც ტვინის განსაზღვრული უბანი დაზიანებულია, მაგრამ ფუნქცია ბოლომდე არ დაუკარგავს. სწორედ დაზიანებული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი უჯრედები წარმოადგენენ პათოლოგიური განმუხტვის და ამის შედეგად აღმოცენებული გულყრის წყაროს. ზოგჯერ გულყრის დროს ტვინის დაზიანებული უბნის მახლობლად ან მისგან მოშორებით წარმოიშობა დაზიანების ახალი კერა - დამატებითი ეპილეფსიური კერა.
დღემდე გაურკვეველია, რატომ არის, რომ ერთი და იგივე დაავადება ზოგ შემთხვევაში გულყრებით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი - არა. კიდევ უფრო მეტი საიდუმლოებით არის მოცული ის ფაქტი, რომ ზოგიერთს გულყრები თავისთავად უწყდება, ზოგიერთს კი საკმაოდ ხშირად უმეორდება. სავარაუდოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას, თუმცა მემკვიდრეობითი გადაცემის ტიპი დადგენილი არ არის. საბოლოო ჯამში, ვარაუდობენ, რომ ეპილეფსიას განაპირობებს მემკვიდრეობითი და გარემო ფაქტორების, მათ შორის - გადატანილი დაავადებების ერთობლიობა.

გულყრის ტიპები
დიდი (გენერალიზებული) კრუნჩხვითი გულყრა. ამ ტიპის გულყრას, ტრადიციულად, აღნიშნავენ ფრანგული ტერმინით გრანდ მალ - დიდი გულყრა. მას კარგად გამოხატული კრუნჩხვები ახასიათებს. გულყრას, წესისამებრ, წინ უძღვის პროდრომული პერიოდი, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. ამ დროს ავადმყოფი გაღიზიანებულია, ადვილად ეგზნება, უქვეითდება მადა ან უჩვეულოდ იქცევა. ზოგიერთს უშუალოდ გულყრის წინ აურა - შეტევის დაწყების მანიშნებელი მდგომარეობა უვითარდება. ის ვლინდება გულისრევით, კუნთების თამაშით ან აუხსნელი მღელვარების შეგრძნებით. გულყრის დასაწყისში ადამიანმა შეიძლება გამოსცეს ყვირილის ან ხროტინის მაგვარი ხმა. იგი კარგავს გონებას, ეცემა, სხეული ეძაბება. უნელდება სუნთქვა, ფითრდება ან სახეზე რუხი, მოლურჯო ფერი ედება. ამას მოსდევს ხელების, ფეხების ან მთელი სხეულის კრუნჩხვა (ტოკვა). ფართოვდება გუგები, არტერიული წნევა იმატებს, სახე წითლდება, კანი ოფლით იფარება, პირიდან დის ნერწყვი. ხშირია უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. გამორიცხული არ არის, შეტევის დროს ავადმყოფმა ენა ან ლოყა მოიკვნიტოს.
მომდევნო ეტაპზე კუნთები დუნდება, სუნთქვა ღრმავდება, კრუნჩხვა სუსტდება. ავადმყოფს ცნობიერება უბრუნდება, მაგრამ ერთხანს თითქოს ძილბურანშია. ძილიანობა და გონების არევა ზოგჯერ მთელი დღე გასტანს.
გენერალიზებული გულყრა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ზოგჯერ ზემოთ აღწერილი ფაზებიდან მხოლოდ ერთი აღინიშნება, ზოგჯერ კი მათი თანმიმდევრობაა განსხვავებული.
ავადმყოფს გულყრა არ ახსოვს. ზოგჯერ მხოლოდ აურას იხსენებს. შეტევის შემდეგ შესაძლოა შეაწუხოს თავის, სხეულის ტკივილმა, რაც გამოწვეულია დაცემით, კუნთების ძლიერი სპაზმით ან უნებლიე მოძრაობების დროს მიღებული ტრავმებით.
გულყრა რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება და თავისთავად გაივლის.
ფებრილური გულყრა. ის გენერალიზებული გულყრის ნაირსახეობას წარმოადგენს. უვითარდებათ ბავშვებს, უპირატესად - 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის პატარებს, მაღალი სიცხის დროს. ამ ბავშვების უმრავლესობას ჰყავს ნათესავები, რომელთაც ბავშვობაში ამგვარი გულყრები აწუხებდათ.
ეს მდგომარეობა ჭეშმარიტ ეპილეფსიად იშვიათად ყალიბდება - ბავშვს უმეტესად ერთი-ორი ამგვარი ეპიზოდი აღენიშნება, შემდგომ კი კრუნჩხვები თავისთავად წყდება. ამის გამო ზოგიერთი სპეციალისტი ფებრილურ კრუნჩხვებს ეპილეფსიად არ განიხილავს.
ფოკალური (ნაწილობრივი) გულყრები. ამ დროს პროცესი სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილს მოიცვას. გულყრა ან მონოტონურია, ან სენსორული და ვლინდება კრუნჩხვით, დამბლით ან პათოლოგიური შეგრძნებებით. შესაძლოა, შეტევამ სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადაინაცვლოს ანდა გენერალიზაცია განიცადოს და მთელ სხეულზე გავრცელდეს. კიდურების კრუნჩხვის შემდეგ მათი სისუსტე (პარეზი) შესაძლოა მთელი დღე გაგრძელდეს. აურა, გონების დაკარგვა და შეტევის შემდეგ ძილიანობა ყოველთვის არ აღინიშნება. ამ ტიპის გულყრის დროს, განსაკუთრებით - ზრდასრულებში, ვლინდება ტვინის ორგანული დაზიანება, ამიტომ ავადმყოფმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:42 | შეტყობინება # 200
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფსიქომოტორულ გულყრას ფსიქოპათოლოგიური და მოძრაობითი გამოვლინებები ახასიათებს. ტიპურ შემთხვევაში იწყება პროდრომითა და აურით, რომლის დროსაც ავადმყოფს პირში უჩვეულო გემო უჩნდება, სცემს უჩვეულო სუნი ან ეუფლება შეგრძნება, თითქოს ის, რაც მის ირგვლივ იმ წუთებში ხდება, ადრეც უნახავს. ამის შემდეგ ავადმყოფი გარემომცველ სინამდვილესთან კონტაქტს კარგავს.
შეტევის დროს აღინიშნება უნებლიე ღეჭვითი მოძრაობები, სიცილი ან ღიმილი, კბილების ჭრიალი, წიხლების სროლა. ზოგიერთიი ტანსაცმელს ან სხვა საგნებს უსასრულოდ აწყობს ერთი ადგილიდან მეორეზე. მოძრაობა კოორდინირებულია, მაგრამ განმეორებადი და სტერეოტიპული. ავადმყოფი ვერ აღიქვამს ირგვლივ მყოფებს.
ხშირად შეტევა ვლინდება ხანგრძლივი შიშით, არარეალურობის შეგრძნებით, ჰალუცინაციით, ძილისმაგვარი მდგომარეობით.
ავადმყოფს შეტევა უმეტესად არ ახსოვს.

მცირე გულყრები (პეტიტ მალ, აბსანსი). აბსანსი განსაკუთრებული ტიპის, ხშირად გაურკვეველი წარმოშობის გულყრაა. იგი, ჩვეულებრივ, სკოლის ასაკში აღმოცენდება და გონების ხანმოკლე დაკარგვით ვლინდება. ბავშვი მოულოდნელად წყვეტს ყოველგვარ მოქმედებას, სახე უშეშდება, უაზრო უხდება, მზერა ერთი წერტილისკენ აქვს მიპყრობილი.
აბსანსი 5-დან 25 წამამდე გრძელდება. შეტევის დასრულებისთანავე ბავშვი ისე უბრუნდება შეწყვეტილ საქმიანობას, თითქოს არაფერი მომხდარა. ასეთი გულყრა ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ვიდრე მისი სისტემატური გამეორების გამო თავს არ იჩენს ცნობიერების შეფერხება ან არევა.
ეპილეფსიის ეს ნაირსახეობა კარგად ემორჩილება ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას. 20 წლის ასაკისთვის აბსანსი, ჩვეულებრივ, გაივლის.

მცირე მოტორული გულყრები. არსებობს ამგვარი გულყრის სამი ტიპი:
აკინეტიკური გულყრა ანუ დროპ-შეტევა (ინგლ. დროპ - დაცემა) - ახასიათებს მოულოდნელად თავის ჩაქინდვრა ან წაქცევა (ადამიანი თითქოს მოულოდნელად გაითიშა ან წინ გადაქანდა);
მიოკლონური გულყრა. მიმდინარეობს ხანმოკლე და უნებლიე მოძრაობებით, როგორიც ჯანმრთელ ადამიანს დაძინების ან გაღვიძების მომენტში აქვს;
ახალშობილთა სპაზმი (ახალშობილთა მიოკლონია). აღმოცენდება წლინახევრის ასაკამდე. ახასიათებს ელვისებური შეტევა, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე წამს გრძელდება, ზოგჯერ ზედიზედ ვითარდება და ხშირად ცვლის ტირილი.

მცირე მოტორული გულყრა ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და უმეტესად თავის ტვინის რეზიდუალურ (ნარჩენ) ან პროგრესირებად დაზიანებას უკავშირდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:42 | შეტყობინება # 201
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეპილეფსიური სტატუსი
ეპილეფსიური სტატუსი გულისხმობს განმეორებით ეპილეფსიურ გულყრებს, რომლებიც გრძელდება 30 წუთზე მეტხანს და წინამორბედის დასრულებამდე აღმოცენდება.
ეპილეფსიური სტატუსის განვითარებას ბავშვებსა და მოზრდილებში სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ბავშვებში მის განვითარებას განაპირობებს უცნობი ფაქტორი (იდიოპათიური ეპილეფსია), მაღალი ტემპერატურა, მწვავე დაავადება (მენინგიტი, ენცეფალიტი, ქალა-ტვინის ტრავმა), ანტიკონვულსიური მედიკამენტების მკვეთრი შეწყვეტა, პროგრესული ენცეფალოპათია. მოზრდილებში კი ეპილეფსიური სტატუსის განვითარება შეიძლება განაპირობოს: ალკოჰოლმა; მედიკამენტურმა ინტოქსიკაციამ; ინსულტმა; მეტაბოლურმა დარღვევებმა; სიმსივნემ; ინფექციამ.
ეპილეფსიური სტატუსი შეიძლება ნებისმიერი ტიპის გულყრით მიმდინარეობდეს, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხეს მხოლოდ გენერალიზებული კრუნჩხვა და სუნთქვის დარღვევა უქადის. თუ ეს მდგომარეობა მეტისმეტად გახანგრძლივდა, 50%-ია ალბათობა, განვითარდეს ტვინის მეორეული დაზიანება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ჭკუასუსტობა გამოიწვიოს. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად გახანგრძლივებული კრუნჩხვის შემთხვევაში ავადმყოფს დახმარება აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გაუწიოს.

მკურნალობა. დღეს ეპილეფსიის მკურნალობისას მთელ მსოფლიოში უპირატესობას მონოთერაპიას ანიჭებენ. იგი გულისხმობს ეპილეფსიური სინდრომის ან თვით დაავადების განკურნებას მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოყენებით.
ბოლო ხანს გახშირდა ეპილეფსიური სინდრომი, რომელიც სხვა დაავადებას უკავშირდება: გულყრების მიზეზია არა უშუალოდ ეპილეფსია, არამედ რომელიმე პათოლოგია, რომლის სინდრომულ გამოვლინებასაც იგი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ფონური დაავადების სამკურნალო საშუალებებთან ერთად ანტიკონვულსიური (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) პრეპარატებიც ინიშნება.
მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია:
გულყრის ტიპი;
გულყრის ხანგრძლივობა;
ინტერიქტალური (გულყრათა შორის არსებული) პერიოდი;
გულყრის სიხშირე;
ფაქტორები, რომლებიც წინ უძღვის გულყრას;
დაავადება, რომელთანაც არის დაკავშირებული გულყრა, თუ ის სხვა პათოლოგიის გამოვლინებას წარმოადგენს და არა ჭეშმარიტი ეპილეფსიის სიმპტომს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:43 | შეტყობინება # 202
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს სამ ჯგუფად ყოფენ: კონვენციურ პრეპარატებად, ახალ პრეპარატებად, არაკონვენციურ პრეპარატებად.
კონვენციური პრეპარატებიდან საქართველოში რეგისტრირებულია და ფართოდ იხმარება კარბამაზეპინი, ტეგრეტოლი (ფინლეფსინი), კლონაზეპამი, ეტოსუქსიმიდი (ზარონტინი), ფენობარბიტალი, ფენიტოინი (დიფენინი), დეპაკინიA(ვალპროის მჟავა). ეს მედიკამენტები ინიშნება ინდივიდუალური შერჩევის გზით.
თუ გულყრა კონვენციური მედიკამენტებით მკურნალობას არ ექვემდებარება, უნიშნავენ ახალი თაობის პრეპარატებს - ლამოტრიჯინს (ლამიქტალს), გაბაპენტინს.
არაკონვენციურია ძირითადად ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა ფორმის გულყრის დროს გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში და მიზანმიმართული ანტიკონვულსიური ეფექტი, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ამ ჯგუფში შედის ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი, ამანტადინი, ბრომიდი.
თუ მონოთერაპიით გულყრების კუპირება ვერ მოხერხდა, ან პრეპარატი უნდა შეიცვალოს, ანდა დაინიშნოს კომბინირებული მკურნალობა.
ეპილეფსიის განკურნება (ხანგრძლივი რემისიის მიღწევა) შესაძლებელია ანტიკონვულსიური თერაპიის საშუალებით. მიიღწევა თუ არა მინიმუმ ორწლიანი რემისია, ელექტროენცეფალოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით მედიკამენტის დოზა ნელ-ნელა მცირდება და ბოლოს პრეპარატის მიღება საერთოდ წყდება. თუ გულყრა იშვიათია, წინასწარ, გულყრის თავიდან აცილების მიზნით მკურნალობას აზრი არ აქვს. მკურნალობა არც მაშინ ინიშნება, როდესაც ავადმყოფს ორი გულყრა მაინც არ ჰქონია 1 წელზე ხანმოკლე შუალედით ან ბოლო გულყრიდან ორ წელზე მეტია გასული.

პირველი დახმარება ეპილეფსიური სტატუსის დროს
ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ მუცელზე და ოდნავ გადავაბრუნოთ გვერდზე. თავი რაც შეიძლება დაბლა უნდა დავადებინოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭის შიგთავსის ასპირაცია (სასუნთქ გზებში გადაცდენა). მოვაცილოთ ყველაფერი, რაც ხელს უშლის სუნთქვას (შევუხსნათ საყელო, ქამარი და სხვა). არ შეიძლება ავადმყოფის ძალისმიერი ფიქსაცია კრუნჩხვის შეკავების მიზნით - ამან შეიძლება დამატებითი ტრავმა გამოიწვიოს. დახმარების მომდევნო ეტაპი კი ექიმმა უნდა განახორციელოს.
ავადმყოფის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის შემდეგ უნდა დადგინდეს ეპილეფსიური სტატუსის მიზეზი, ჩატარდეს მკურნალობა, ავადმყოფი გადაყვანილ იქნეს ანტიკონვულსიურ მკურნალობაზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:43 | შეტყობინება # 203
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ერითემა კაპილარების გაფართოების შედეგად კანზე წარმოქმნილი ძლიერი სიწითლეა და ანთების ერთ-ერთ მთავარ სიმპტომს წარმოადგენს.
მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ერითემას.
ფიზიოლოგიური ერითემა გამოწვეულია მასაჟით, გარეგანი თუ შინაგანი მოხმარების ზოგიერთი ნივთიერებისა თუ პრეპარატის ზედოზირებით. ზოგჯერ სიწითლე რეფლექტორულად აღმოცენდება, როგორც, მაგალითად, რეაქცია სირცხვილზე ან გაბრაზებაზე.
პათოლოგიური ერითემა უკავშირდება ინფექციურ დაავადებებს, სითბურ, ქიმიურ ან სხივურ დამწვრობას, ალერგიას.

ინფექციური ერითემა მოიცავს უცნობი ეტიოლოგიის მწვავე ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს. ამ დაავადებებს ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაციის ნიშნები და კანზე მსხვილი გამონაყარი, რომლის ელემენტები ერთიანდება და ერითემულ ველებს ქმნის.
ინფექციური ერითემის გამომწვევი უცნობია. მისი ზოგიერთი ფორმა: როზენბერგის, ჩამერის, მოულოდნელი ეგზანთემა - მეტწილად ვირუსთან არის დაკავშირებული, კვანძოვანი ერითემა კი ინფექციურ დაავადებათა (განსაკუთრებით - ალერგიული რეაქციებით მიმდინარე დაავადებათა) მთელი წყების (რევმატიზმი, ტუბერკულოზი, ტულარემია, ფსევდოტუბერკულოზი) სიმპტომს წარმოადგენს. ექსუდაციური ერითემა, კერძოდ, მისი მძიმე ვარიანტი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), განპირობებულია ზოგიერთი პრეპარატის, განსაკუთრებით - პროლონგირებული მოქმედების სულფანილამიდების მიღებით.
ინფექციის წყარო და რეზერვუარი უცნობია. დაავადებული გარშემო მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ერითემის ძირითადი კლინიკური ფორმებია:
როზენბერგის ინფექციური ერითემა;
ჩამერის ინფექციური ერითემა;
კვანძოვანი ერითემა;
მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა;
მოულოდნელი ეგზანთემა;
არადიფერენცირებული ერითემა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:43 | შეტყობინება # 204
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
როზენბერგის ინფექციურ ერითემას (Erythema infectiosum Rosenberg) ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მკვეთრი ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: ძლიერი თავის ტკივილი, უძილობა, მიალგია, ართრალგია. მეოთხე-მეექვსე დღეს ჩნდება ჭარბი ლაქოვანი და მაკულურ-პაპულური გამონაყარი, რომელიც მეტწილად კიდურის მსხვილი სახსრების გამშლელ ზედაპირსა და დუნდულებზეა ლოკალიზებული, სადაც ერითემულ ველებს ქმნის. სახეზე გამონაყარი არ აღინიშნება. 5-6 დღის შემდეგ ეგზანთემა ქრება და ტოვებს ქატოსმაგვარ ან ფირფიტისებრ ქერქს. ცხელება 8-12 დღეს გრძელდება. ხშირად დიდდება ღვიძლი და ელენთა. ზოგიერთ ავადმყოფს შესაძლოა სახსრები შეუსივდეს, ზოგს კი მენინგეალური ნიშნები განუვითარდეს.
ჩამერის ინფექციური ერითემის (Erythema infectiosum Tschamer) საინკუბაცო პერიოდი 9-14 დღეა. ემართებათ უმეტესად ბავშვებს. მიმდინარეობს მსუბუქად. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია. დაავადების პირველსავე დღეს სახეზე ჩნდება დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად წვრილ ლაქებს ჰგავს. შემდეგ ეს ლაქები ერთდება და პეპლის ფორმას იღებს. ცალკეული ელემენტები შესაძლოა ტანსა და კიდურებზეც გაჩნდეს.
გამონაყარი გაფერმკრთალებას ცენტრიდან იწყებს. ეგზანთემა (წინწკლოვანი გამონაყარი) დიდხანს, დაახლოებით 2 კვირას რჩება. შესაძლოა, ცხელებამ, გადახურებამ, ფიზიკურმა დატვირთვამ ახალ-ახალი გამონაყარის გაჩენას შუწყოს ხელი. ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების ზომიერი ანთებითი ცვლილებები და კონიუნქტივის შეწითლება, ზოგს კი (უპირატესად - ზრდასრულებს) - სახსრების მეტ-ნაკლები ტკივილი და შესივება.
კვანძოვანი ერითემა (Erythema nodosum) ზოგიერთი ინფექციური დაავადების (მათ შორის - ტულარემიის, რევმატიზმის, ტუბერკულოზის) გამოვლინებაა. ახასიათებს სხეულის ტემპერატურის მატება (თუ ტემპერატურა, ძირითადი დაავადების გამო, მანამდეც არ იყო მომატებული), კიდურებში, განსაკუთრებით - მსხვილ სახსრებში, მტვრევის შეგრძნება და ეგზანთემა. გამონაყარი ჩნდება სიმეტრიულად წვივსა და წინამხარზე, იშვიათად - თეძოებსა და ტერფებზე. გამონაყარის ელემენტები წარმოადგენს 3-5 სმ დიამეტრის მკვრივ და მტკივნეულ კვანძებს, რომლებიც კანის დონეზე მდებარეობს, კანის სიღრმეში კი ინფილტრატი ისინჯება. კვანძის ზემოთ კანი თავდაპირველად წითელია, მოგვიანებით ციანოზური ხდება, ხოლო ინფილტრატის დაპატარავების შემდეგ იღებს მომწვანო-მოყვითალო ელფერს. კვანძები 3 კვირის განმავლობაში რჩება.
მრავალფორმიან (პოლიფორმულ) ექსუდაციურ ერითემას (Erythema exudativa multiform) ახასიათებს ცხელება (39-40 გრადუსამდე) და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები (თავის ტკივილი, სისუსტე, ართრალგია). მეოთხე-მეექვსე დღეს ჩნდება ჭარბი პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც ტანსა და კიდურებს მოიცავს. ზოგჯერ აღინიშნება სიმეტრიული გამონაყარი. გამონაყარის ელემენტები წარმოადგენს ლაქებსა და პაპულებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:43 | შეტყობინება # 205
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია გამჭვირვალე შიგთავსით სავსე ბუშტუკების გაჩენა. ბუშტუკის გასკდომის შემდეგ მის ადგილას ჯერ წითელი ნაჭდევი წარმოიქმნება, შემდეგ - წაბლისფერი ქერქი. გამონაყარის ადგილას აღინიშნება ქავილი და წვა. ერითემის უფრო მძიმე ვარიანტის - სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს კანის დაზიანების პარალელურად ვითარდება პირის ღრუს, ცხვირ-ხახის, სასქესო ორგანოების, ანუსის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა, ჩვეულებრივ, 1-3 კვირას გრძელდება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი კი - 6 კვირაზე მეტხანს. არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგი.
მოულოდნელი ეგზანთემის (Erythema subitum) საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 3-5 დღე. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის სწრაფი მატებით (38-40 გრადუსამდე) და ზოგადი ინტოქსიკაციის შედარებით ზომიერი გამოვლინებით. დაავადების მესამე-მეოთხე დღეს სხეულის ტემპერატურა ნორმამდე ჩამოდის და ჩნდება ეგზანთემა, რომელიც სახეს, ტანსა და კიდურებს მოიცავს. გამონაყარის ელემენტები წარმოადგენს წვრილ, 5 მმ დიამეტრის ბაც ვარდისფერ ლაქებს, რომლებიც ზოგჯერ ერთდება და ემსგავსება წითელას (მაგრამ არცთუ მკვეთრი ფერისაა) ან წითურას. 2-3 დღის შემდეგ გამონაყარი უკვალოდ ქრება. დაავადებას ახასიათებს ცვლილებები სისხლში (თავდაპირველად - ლეიკოციტოზი, გამონაყარის გაჩენის შემდეგ - ლეიკოპენია, ლიმფოციტოზი).
არადიფერენცირებული ინფექციური ერითემა წარმოადგენს გაურკვეველი ეტიოლოგიის ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს. ახასიათებს ცხელება, ზომიერად გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები და ეგზანთემა, რომელიც არც ერთი ცნობილი ინფექციური დაავადებისთვის არ არის ტიპური.
ინფექციური ერითემის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური სიმპტომების მიხედვით. მრავალი სახის ერითემა შეიმჩნევა კანის დაავადებების დროს, თუმცა ცხელებისა და ინტოქსიკაციის ზოგადი სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში კანის ნებისმიერი დაავადების გამორიცხვა შეიძლება. მხოლოდ რამდენიმე ინფექციური დაავადების (ტუბერკულოზური ტიპის კეთრი, კანის ლეიშმანიოზი და სხვა) დროს მიმდინარეობს ერითემული ცვლილებები ტემპერატურის მატების გარეშე.

ინფექციური ერითემის დიაგნოსტირების სპეციფიკური ლაბორატორიული მეთოდი არ არსებობს. ლაბორატორიულ კვლევას უმთავრესად სხვა ინფექციური დაავადებების გამოსარიცხად იყენებენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:43 | შეტყობინება # 206
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ერითრაზმა ზედაპირული ფსევდომიკოზია. მისი გამომწვევია Corynebacterium minutissimum. იგი აზიანებს ეპიდერმის ზემოთა, რქოვან შრეს. დაავადების წყაროა ადამიანი. ინფიცირება შესაძლებელია ნიადაგიდან ფეხშიშველა სიარულის დროს. დაავადების კონტაგიოზურობა დაბალია. ერითრაზმის განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი ოფლიანობა.
ერითრაზმა უმთავრესად ზრდასრულ ასაკში ემართებათ და უმთავრესად - მამაკაცებს. ლოკალიზდება უპირატესად მსხვილ ნაკეცებში, განსაკუთრებით - საზარდულ-თეძოს ნაკეცში. კანის დასნებოვნებულ უბნებზე ჩნდება მსხვილი, მოყავისფრო-მოწითალო ფერის მომრგვალო ლაქები. ლაქების ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ - ქერცლიანი. ავადმყოფს არავითარი სუბიექტური ჩივილი არ აქვს. მეორეული ინფექციით გართულების შემთხვევაში ამ ნიშნებს ერთვის ანთებითი მოვლენები, ქავილი და მტკივნეულობა.
სამკურნალოდ გამოიყენება კლოტრიმაზოლი, 5%-იანი ერითრომიცინის მალამო. ნაკეცები დღეში 2-ჯერ უნდა დამუშავდეს 2%-იანი სალიცილის სპირტით. ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში მიმართავენ ერითრომიცინით თერაპიას. ჰიპერპიგმენტაცია მკურნალობის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:44 | შეტყობინება # 207
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ერითრემია (ვაკეზის დაავადება, ჭეშმარიტი პოლიციტემია) უმეტესად ხანდაზმულ ასაკში გვხვდება. ის ქრონიკული ლეიკემიაა და სისხლის სისტემის კეთილთვისებიან სიმსივნეთა რიცხვს მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია სიმსივნის ჩაზრდა სისხლწარმოქმნის ყველა შტოში, განსაკუთრებით კი ერითროიდულში, რასაც თან სდევს ერითროციტების (ზოგჯერ - ლეიკოციტებისა და თრომბოციტებისაც), ჰემოგლობინის, მოცირკულირე სისხლის მასისა და სიბლანტის, სისხლის შედედების უნარის მატება.

განასხვავებენ დაავადების 3 სტადიას: საწყისს, განვითარებულს (ერითრემიულს) და ტერმინალურს.
საწყის სტადიაში ავადმყოფი უჩივის თავის დამძიმებას, ყურებში ხმაურს, თავბრუხვევას, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას, კიდურების გაცივებას, ძილის დარღვევას. განვითარებულ ანუ გაშლილ სტადიაში კლინიკური სიმპტომატიკა უფრო მკვეთრია. ყველაზე გავრცელებული ნიშანია თავის ტკივილი, რომელიც ზოჯერ შაკიკის შეტევას ჰგავს და თან სდევს მხედველობის დარღვევა. ბევრი უჩივის გულის ტკივილს, რომელიც ზოგჯერ სტენოკარდიის მსგავსია. ასევე დამახასიათებელია ძვლების ტკივილი, ტკივილი ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, გახდომა, მხედველობისა და სმენის დარღვევები, განწყობის ცვალებადობა. კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია კანის ქავილი. შესაძლოა, თითის წვერებში წარმოიშვას შეტევის მსგავსი ტკივილი, რომელსაც თან სდევს კანის შეწითლება.
ავადმყოფის გასინჯვისას ყურადღებას იქცევს კანის მოწითალო-ციანოზური ფერი, რომელიც მუქ შვინდისფერში გადადის. ლორწოვანი გარსები (კონიუნქტივა, ენა, რბილი სასა) წითელია. კიდურების სისხლძარღვთა ხშირი თრომბოზის გამო წვივებზე კანი მუქდება, ზოგჯერ ტროფიკული წყლულებიც კი ჩნდება. ბევრი უჩივის ღრძილებიდან სისხლდენას, სისხლდენას კბილის ამოღების შემდეგ, კანზე ჩალურჯებული ადგილების გაჩენას. ავადმყოფთა 80%-ს ელენთა უდიდდება. განვითარებულ სტადიაში გადიდება ზომიერია, ტერმინალურში კი ხშირად აღინიშნება მკვეთრი სპლენომეგალია. ჩვეულებრივ, ღვიძლიც გადიდებულია.
ერითრემიით დაავადებულებს ხშირად აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა. ლორწოვანი გარსის კვების დარღვევისა და სისხლძარღვთა თრომბოზის გამო შესაძლოა განვითარდეს თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლული.
ერითრემიის კლინიკურ სურათში მნიშვნელოვნი ადგილი უკავია სისხლძარღვთა თრომბოზს. ჩვეულებრივ, ზიანდება ტვინისა და კორონარული არტერიები და ქვედა კიდურების სისხლძარღვები. ერითრემიით დაავადებულებს მიდრეკილება აქვთ სისხლდენისკენ.
ტერმინალურ სტადიაში შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ციროზი, კორონაროთრომბოზი, ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი და სისხლჩაქცევა, მიელოფიბროზი, რომელსაც თან ახლავს ანემია, ქრონიკული მიელოლეიკოზი და მწვავე ლეიკოზი.
ერითრემიის გაშლილ სტადიაში ნაჩვენებია ციტოსტატიკური თერაპია. ყველაზე ეფექტურია იმიფოსი. იგი კუნთებში ან ვენაში სპეციალური სქემის მიხედვით შეჰყავთ. ეფექტისთვის საჭიროა 1,5-2 თვე, რადგან პრეპარატი ძვლის ტვინის დონეზე მოქმედებს. ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ანემია, რომელიც თანდათან თავისთავად გაივლის. იმიფოსის ზედოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სისხლწარმოქმნის ჰიპოპლაზია, რომელსაც პრედნიზოლონით, ნერობოლით, B6 და B12 ვიტამინებით და ჰემოტრანსფუზიით მკურნალობენ. დღესდღეობით რემისიის ხანგრძლივობა 2 წელია. შემანარჩუნებელი თერაპია საჭიროდ არ მიიჩნევა. დაავადების რეციდივის შემთხვევაში იმიფოსისადმი მგრძნობელობა შენარჩუნებულია. ლეიკოციტოზის მატებისა და ელენთის სწრაფი ზრდის შემთხვევაში ინიშნება მიელობრომოლი. სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიკოაგულანტები, ჰიპოტენზიური პრეპარატები, ასპირინი. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. დაავადების ხანგრძლივობა უმეტესად 10-15 წელს, ხოლო ზოგჯერ 20 წელსაც კი შეადგენს. საგრძნობლად აუარესებს პროგნოზს სისხლძარღვოვანი გართულებები, ასევე - დაავადების გადასვლა მიელოფიბროზში ან მწვავე ლეიკემიაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:44 | შეტყობინება # 208
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქრონიკული ერითრომიელოზი ძალიან იშვიათი დაავადებაა. იგი მიეკუთვნება მიელოპოეზის წინამორბედი უჯრედებისგან წარმოშობილი ლეიკემიების ჯგუფს და ძვლის ტვინში ერითროკარიოციტების სახით გვხვდება. ამ დროს, მწვავე ერითრომიელოზისგან განსხვავებით, სისხლსა და ძვლის ტვინში არ არის (ან თითქმის არ არის) ერითრობლასტები და მიელობლასტები.
კლინიკურად დაავადება ვლინდება შეუპოვარი, პრაქტიკულად მკურნალობას დაუქვემდებარებელი მაკროციტული ანემიით და სისხლწარმომქმნელი წითელი შტოს ჰიპერპლაზიით (ორივე ცვლილება უეფექტო ერითროპოეზზე მიუთითებს), მაგრამ, მწვავე პროცესისგან განსხვავებით, ეს მდგომარეობა განპირობებულია არა ძვლის ტვინის შიდა ჰემოლიზით, არამედ სისხლწარმოქმნის წითელი შტოს სიმსივნით. ამასთანავე, ერითროკარიოციტების მორფოლოგია შესაძლოა ნორმალური იყოს, რაც სიმსივნური პროცესის დიაგნოსტირებას ართულებს. ასეთი სირთულეები ქრონიკული მიელოლეიკემიის მრავალი ფორმისთვის არის დამახასიათებელი.
არ არის გამორიცხული ელენთის გადიდება. ელენთის უჯრედების პუნქციის შედეგად შესაძლოა აღმოჩენილ იქნეს მიელოიდური მეტაპლაზიები ერითროკარიოციტების დიდი რაოდენობით. ხშირად სწორედ ასეთი გამოკვლევა იძლევა დიაგნოზის დასმის საშუალებას, ვინაიდან ქრონიკული ერითრომიელოზის ციტომარკერი ჯერ-ჯერობით არ არის ნაპოვნი.
ქრონიკული ერითრომიელოზი, მწვავისგან განსხვავებით, 3-5 წლის განმავლობაში და უფრო მეტხანს მიმდინარეობს. ტერმინალურ სტადიაში პროცესს თან ახლავს ბლასტური ზრდა ძვლის ტვინში, სარკომული ზრდა ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ელენთასა და სხვა ორგანოებში.
ქრონიკული ერითრომიელოზის სპეციფიკური თერაპია ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. ელენთის ამოკვეთა და დასხივება შედეგს არ იძლევა. ყველაზე ხშირად მიმართავენ ერითროციტული მასის განმეორებით გადასხმებს და ერითროკარიოციტების ანტიშრატის შეყვანას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:44 | შეტყობინება # 209
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადამიანის ექინოკოკოზის გამომწვევია ლენტისებრი ჭია. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ექინოკოკით ინფიცირებული ძაღლი, რომელიც განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს კვერცხებს. კვერცხი დიდხანს ძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში. შუალედური მასპინძელი, გარდა ადამიანისა, შეიძლება იყოს შინაური ცხოველი. საჭმლის მომნელებელ ორგანოში დაბინძურებულ საკვებთან ერთად თავდაპირველად კვერცხი ხვდება, რომელიც ლიმფური სადინარისა და სისხლძარღვების გავლით ღვიძლში ან სხვა ორგანოში (ფილტვებში, თავის ტვინში, ძვალში) გადადის. აქ ყალიბდება სითხით სავსე ექინოკოკური ბუშტი (კისტა), რომელიც თანდათან იზრდება და მრავალშვილეულ ბუშტს წარმოქმნის. ექინოკოკური ბუშტის ზრდა ორგანიზმზე მექანიკურ, ტოქსიკურ და ალერგიულ ზემოქმედებას ახდენს და მის საპასუხო რეაქციას იწვევს.
საინკუბაციო პერიოდი თვეობით, წლობით გრძელდება და ექინოკოკის ბუშტის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. თავის ტვინსა და ფილტვებში ლოკალიზაციის დროს კლინიკური ნიშნები უფრო ადრე ვლინდება.
ღვიძლის ექინოკოკოზის საწყის ეტაპზე შეიმჩნევა სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება მარჯვენა ფერდის ქვეშ, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, პერიოდულად - სუბფებრილური ტემპერატურა. ღვიძლი გადიდებულია, ზოგჯერ - საგრძნობლად. დაავადება თანდათან რთულდება. ხშირია კისტის დაჩირქება და გახეთქვა, რასაც პარაზიტების მთელ ორგანიზმში მიგრაცია მოჰყვება. ზოგჯერ კისტის კედელი სქელდება და მასში მოქცეული ექინოკოკები ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს. შესაძლოა, ნაღვლის ბუშტზე ექინოკოკური ბუშტის ზეწოლის გამო სიყვითლე განვითარდეს. თუ კისტა ღვიძლის ზედაპირის ახლოს მდებარეობს, მუცელზე მცირე ზეწოლამაც კი შეიძლება მისი გახეთქვა გამოიწვიოს.
მუცლის ღრუში ექინოკოკების მოთესვაზე მიუთითებს გამონაყარი და ქავილი. არ არის გამორიცხული უფრო რთული ალერგიული რეაქცია, მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი.
ფილტვის ექინოკოკოზს საწყის ეტაპზე არავითარი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს. კისტის გადიდებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ზეწოლის შემთხვევაში თავს იჩენს ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა და ქოშინი. დიდი ზომის კისტამ შესაძლოა გულმკერდს ფორმა შეუცვალოს. არცთუ იშვიათად ვითარდება პნევმონია და პლევრიტი.
კისტა შეიძლება დაჩირქდეს და გასკდეს, ხოლო მისი შიგთავსი ბრონქში გადავიდეს. ამ დროს დიდი რაოდენობით ნახველი გამოიყოფა. არც ის არის გამორიცხული, პარაზიტი ჯანმრთელ ფილტვში მოხვდეს. ექინოკოკური ბუშტის პლევრის ღრუში გახეთქვას თან სდევს ტკივილი, ტემპერატურის მატება, ზოგჯერ - ანაფილაქსიური შოკი.
ექინოკოკების მიერ თავის ტვინის დაზიანებას ავლენს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება. ექინოკოკური ბუშტის ზრდის კვალდაკვალ ეს მოვლენები უფრო ინტენსიური ხდება. შესაძლოა, განვითარდეს დამბლა, პარეზი, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები.
ანამნეზური მონაცემებისა და კლინიკური სიმპტომების საფუძველზე დიაგნოზის დასმა ადვილია, თუმცა მის დასაზუსტებლად ტარდება იმუნოლოგიური კვლევაც.
ექინოკოკოზს უმთავრესად ქირურგიულად მკურნალობენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:44 | შეტყობინება # 210
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ექსჰიბიციონიზმი წარმოადგენს არასქესობრივი ურთიერთობის ვითარებაში სქესობრივი კმაყოფილების მიღწევას საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის გენიტალიების დემონსტრაციის გზით. სექსოპათოლოგები ექსჰიბიციონიზმს (სასქესო ორგანოების დემონსტრირებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) მძიმე სექსუალურ გადახრად არ მიიჩნევენ. ის მძიმე პათოლოგიად მაშინ განიხილება, როდესაც მამაკაცისთვის დაკმაყოფილების ერთადერთ გზას წარმოადგენს.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის სქესობრივი ქმედებების მართვა, მასტურბაციული აქტიურობისა და მასთან დაკავშირებული სექსუალური ფანტაზიების მოთოკვა. მკურნალობის შედეგად დაავადებულს უქრება ექსჰიბიციონური ქცევის მოთხოვნილება. წესისამებრ, ასეთი შედეგი მიიღწევა მამაკაცის სასქესო ჰორმონების ბლოკირებითა და ფსიქოთერაპიით, მაგრამ არ არის გამორიცხული რეციდივი. მეტიც - რეციდივის ალბათობა მაღალია. ამიტომ მხოლოდ მკურნალობის კურსი საკმარისი არ არის. აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებებიც.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz