პარასკევი, 29.03.2024, 16:23
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » მოციქულთა საქმენი(11,12,13,14,15 თავი)
    17:02
    მოციქულთა საქმენი(11,12,13,14,15 თავი)
    თავი მეთერთმეტე

    1. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. 2. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს 3. და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო. 4. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ: 5. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა. 6. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები. 7. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე! 8. მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. 9. მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. 10. ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად. 11. და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი. 12. სულმა მითხრა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს ექვსი ძმა მეახლა და იმ კაცის სახლში მივედი. 13. მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს; 14. ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენცა და მთელი შენი სახლიც. 15. ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად. 16. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით. 17. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს? 18. ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო. 19. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. 20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. 21. და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ. 22. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა. 23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. 24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს. 25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა. 26. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები. 27. იმხანად იერუსალიმიდან ანტიოქიაში ჩავიდნენ წინასწარმეტყველნი. 28. წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი და განაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყანაში, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს. 29. მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის. 30. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.


    თავი მეთორმეტე

    1. იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. 2. და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 3. რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). 4. როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა. 5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. 6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. 7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. 8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. 9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. 10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. 11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი. 12. ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. 13. როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე. 14. პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო. 15. მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო. 16. პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ. 17. ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა. 18. განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო? 19. ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა. 20. ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს. 21. დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ. 22. ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო. 23. მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა. 24. ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ფრთებს შლიდა. 25. თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ.


    თავი მეცამეტე

    1. ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე. 2. უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ. 3. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს. 4. ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს. 5. სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას. 6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს, 7. რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა. 8. მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული. 9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას 10. და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი? 11. აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. 12. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა. 13. პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. 14. ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ. 15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით. 16. წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ! 17. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან. 18. ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. 19. ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა. 20. შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე. 21. მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს. 22. ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას". 23. სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო, 24. ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას. 25. ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე. 26. კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა. 27. ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს. 28. და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი. 29. ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს. 30. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით. 31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. 32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო. 33. როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ". 34. ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს". 35. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას". 36. დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება. 37. ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება. 38. მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება. 39. ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე. 40. ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული: 41. „უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის". 42. იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს. 43. საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში. 44. მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა. 45. ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე. 46. ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ. 47. რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე". 48. ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის. 49. და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელს ქვეყანაში. 50. მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი. 51. ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს. 52. მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.


    თავი მეთოთხმეტე

    1. იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა. 2. მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული. 3. თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს. 4. მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს. 5. მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი, 6. გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს,7. და ახარებდნენ იქ. 8. ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო. 9. ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა. 10. ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო. 11. როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო. 12. ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა. 13. ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი. 14. მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს: 15. რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია, 16. და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ. 17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს. 18. ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი. 19. მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ. 20. მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს, 21. სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდენ. 22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. 23. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. 24. შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ. 25. პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ. 26. იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს. 27. ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი. 28. კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად.


    თავი მეთხუთმეტე

    1. ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო. 2. როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან. 3. ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს. 4. იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად. 5. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. 6. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. 7. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. 8. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა. 9. ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან. 10. მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა? 11. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. 12. დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. 13. როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ: 14. სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით. 15. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: 16. „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას, 17. რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი". 18. ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი. 19. ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას. 20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს. 21. ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში. 22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. 23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! 24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის, 25. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, 26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. 27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. 28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: 29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ! 30. წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს. 31. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. 32. ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები. 33. ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან. 34. სილამ კი იქვე დარჩენა ინება. 35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას. 36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან. 37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი. 38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ. 39. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს. 40. პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. 41. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 995 | დაამატა: SEAMAN | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2024
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz