ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:10
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » მოციქულთა საქმენი(16,17,18,19,20 თავი)
    17:03
    მოციქულთა საქმენი(16,17,18,19,20 თავი)
    თავი მეთექვსმეტე

    1. ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი, 2. რომელსაც ემოწმებოდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები. 3. პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო. 4. ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები. 5. ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად. 6. ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა. 7. მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება. 8. მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ. 9. პავლემ ჩვენება იხილა ღამით: ერთი მაკედონელი კაცი წარუდგა და ვედრებით ეუბნებოდა, მაკედონიაში ჩამოდი და დაგვეხმარეო. 10. ამ ჩვენების შემდეგ სასწრაფოდ გადავწყვიტეთ მაკედონიაში წასვლა, რადგანაც მივხვდით, რომ ღმერთმა გვიხმო, რათა იქ გვეხარებინა. 11. ტროადან გემით გავედით და პირდაპირი სვლით მივადექით სამოთრაკეს, ხოლო მეორე დღეს - ნეაპოლისს, 12. იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე. 13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს. 14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები. 15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია. 16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. 17. პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო. 18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე. 19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან, 20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს; 21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს. 22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. 23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო. 25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს. 27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო. 29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას; 30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე? 31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც. 32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც. 33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად. 34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი. 35. გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო. 36. დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით. 37. მაგრამ პავლემ შეუთვალა მათ: ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, მთელი ხალხის თვალწინ გაუსამართლებლად გაგვჯოხეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი მალულად სურთ ჩვენი გაშვება? ეგრე კი არა, არამედ მოვიდნენ და თვითონვე გამოგვიყვანონ. 38. მსახურებმა ეს სიტყვები მთავრებს გადასცეს, მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელები ყოფილანო. 39. მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, საპყრობილედან გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ. 40. საპყრობილედან გამოსულნი ლიდიასთან მივიდნენ, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და გზას გაუდგნენ.


    თავი მეჩვიდმეტე

    1. ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა. 2. პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან; 3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო. 4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი. 5. მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი. 6. რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან; 7. იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს. 8. აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი. 9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი. 10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. 11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო. 12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი. 13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი. 14. მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. 15. პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ. 16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე. 17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. 18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. 19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს"! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ. 29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას. 30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. 31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი. 32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო. 33. ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.


    თავი მეთვრამეტე

    1. შემდგომ ამისა პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა, 2. სადაც ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმომავლობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, ახლად რომ ჩამოსულიყვნენ იტალიიდან, ვინაიდან კლავდიუსს ებრძანებინა ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი; და დაუახლოვდა მათ. 3. რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ. 4. ყოველ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს. 5. მაგრამ, როცა მაკედონიიდან ჩამოვიდნენ სილა და ტიმოთე, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, რათა ემოწმებინა იუდეველთათვის, რომ სწორედ იესოა ქრისტე. 6. მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ. 7. იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა. 8. სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულითურთ ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო. 9. ერთ ღამეს უფალმა ჩვენებით უთხრა პავლეს: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები, 10. ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში. 11. ერთი წელი და ექვსი თვე დაჰყო იქ და ასწავლიდა იქაურებს ღვთის სიტყვას. 12. ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი. 13. ეს კაცი, ამბობდნენ ისინი, არწმუნებს ხალხს რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანებოდნენ ღმერთს. 14. როდესაც პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: ეს რომ დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, იუდეველნო, მაშინ მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის. 15. მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენვე მიხედეთ: მე არა ვარ ამის მსაჯული. 16. და გამოყარა ისინი სამსჯავროდან. 17. მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე და სამსჯავროს წინ ჰგვემეს, მაგრამ გალიონი სულაც არ შეუწუხებია ამას. 18. ხოლო პავლე კარგა ხანს დარჩა იქ, მერე კი დაემშვიდობა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად გემით გაემართა სირიისაკენ; კენქრეაში თმა შეიკვეცა, ვინაიდან აღთქმა დაედო. 19. ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა. 20. მაგრამ, როდესაც სთხოვეს, მეტ ხანს დარჩიო, არ დათანხმდა, 21. არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ: მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოთ; თუ ღმერთმა ინება, კვლავ დავბრუნდები თქვენთანო; და ეფესოდან გაემგზავრა. 22. კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმს ეწვია, მოიკითხა ეკლესია და ანტიოქიაში ჩავიდა. 23. ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს. 24. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი, 25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო. 26. თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა. 27. აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით. 28. რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.


    თავი მეცხრამეტე

    1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა. 2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა. 3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო. 4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე. 5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. 6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. 7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი. 8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე. 9. მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი, წამოიყვანა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. 10. ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც, ისმენდა უფლის სიტყვას. 11. ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით. 12. ასე რომ, მის ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან. 13. იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. 14. ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე. 15. მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ? 16. ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან. 17. ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი. 18. მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. 19. ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი. 20. ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა. 21. ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო. 22. მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით ასიაში დარჩა. 23. ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ. 24. ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს, 25. მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული. 26. იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფისოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო. 27. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც. 28. ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე! 29. მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ. 30. პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს. 31. ზოგიერომა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო. 32. ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ. 33. იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე. 34. მაგრამ როდესაც გაიგეს, იუდეველიაო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს ყიჟინებდნენ: ერთია ეფესელთა არტემიდე; 35. მწიგნობარმა დააშოშმინა ხალხი და თქვა: ეფესელნო, ვინ არ იცის, რომ ჩვენი ქალაქი მსახურია დიდი არტემიდესი და ცით მოვლენილი ხატისა? 36. რაკი ეს უცილობელია, მოვალენი ხართ მშვიდად იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ. 37. თქვენ კი მოიყვანეთ ეს ხალხი, რომელსაც არც ტაძარი გაუძარცვავს და არც ჩვენი ქალღმერთი უგმია. 38. თუ დემეტრესა და მის თანამოსაქმეებს სურთ ვინმეს უჩივლონ, სამსჯავროც გვაქვს და მსაჯულებიც გვყვანან; ადგნენ და უჩივლონ ერთმანეთს. 39. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც უფლებამოსილმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს, 40. რადგანაც საფრთხე გვემუქრება, რომ ბრალს დაგვდებენ დღევანდელი არეულობის გამო, ვინაიდან ვერავითარი საბაბით ვერ გავამართლებთ ამ თავყრილობას. ეს თქვა და დაითხოვა კრებული.


    თავი მეოცე

    1. შფოთის დაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გასწია. 2. იქაურობა რომ მოიარა და მრავალი სიტყვით ანუგეშა მორწმუნენი, საბერძნეთს ჩავიდა. 3. სამი თვე დაჰყო იქ და სირიაში ხომალდით გამგზავრება რომ დააპირა, იუდეველებმა შეთქმულება მოუწყვეს; ამიტომაც გადაწყვიტა, მაკედონიის გავლით დაბრუნებულიყო. 4. ასიამდე თან ახლდნენ სოპატრე ბეროელი, თესალონიკელთაგან - არისტარქე და სეკუნდუსი, გაიუს დერბელი და ტიმოთე, ასიელები - ტიქიკე და ტროფიმე, 5. რომლებმაც წინ გაგვისწრეს და ტროაში გველოდნენ. 6. ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ხომალდით გავემგზავრეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მათ შევუერთდით ტროაში, სადაც შვიდი დღე დავრჩით. 7. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი. 8. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო. 9. რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. 10. ჩავიდა პავლე, ზედ დაემხო, ხელი მოხვია და თქვა: ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან მისი სული მასშივეაო. 11. მერე კვლავ ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა; კარგა ხანს ისაუბრა, გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი წავიდა. 12. ჭაბუკი კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი. 13. ჩვენ დავწინაურდით და ხომალდით ჩავედით ასოსში, საიდანაც უნდა წაგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თვითონ ფეხით აპირებდა წამოსვლას. 14. ასოსში რომ შემოგვიერთდა, წამოვიყვანეთ და მივედით მიტილენეში. 15. იქიდან ხომალდით გავემგზავრეთ და მეორე დღეს დავუპირისპირდით ქიოსს; მომდევნო დღეს ქიოსს მივადექით, ტროგილიონში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტს მივაღწიეთ. 16. რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში. 17. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო. 18. როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ასიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი. 19. ვმონებდი უფალს მთელი სიმდაბლით, ცრემლთა ფრქვევითა და განსაცდლით, რაც შემემთხვეოდა იუდეველთა ბოროტი ზრახვით. 20. არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის. 21. იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. 22. და, აჰა, აწ სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმს და არც კი ვიცი, იქ რა შემემთხვევა. 23. მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის. 24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას. 25. და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს. 26. ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს არავის სისხლში. 27. რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება. 28. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით. 29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. 30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ. 31. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს. 32. ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად. 33. არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი. 34. თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან. 35. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. 36. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა. 37. ყველანი მწარედ ატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ პავლეს. 38. უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა: ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო, და მიაცილეს იგი ხომალდამდე.

    კატეგორია: ახალი აღთქმა | ნანახია: 992 | დაამატა: SEAMAN | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2024
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz